„შინ” – ასეთი იქნება მთავარი თემა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა, რომელსაც 9-14 სექტემბერს, ტრადიციულად, მწერალთა სახლი უმასპინძლებს.
ფესტივალი პირველად 2015 წელს ჩატარდა და წლების განმავლობაში ქმნიდა საინტერესო ლიტერატურულ სივრცეს, რომელიც დისკუსიებს, მწერლებთან შეხვედრებს, წიგნების პრეზენტაციებსა თუ პოეზიის საღამოებს მოიცავდა. პროგრამა წელსაც მრავალფეროვანია: ფესტივალი ოფიციალურად 9 სექტემბერს უკრაინელ პოეტთან, ანდრი ლიუბკასთან შეხვედრით გაიხსნება, პირველი დღის ბოლოს პოეტური ღამე „შინ“ გაიმართება, საერთო ჯამში კი თბილისს 11 ქვეყნიდან 14 მწერალი ესტუმრება და მთავარი თემითა და კონცეფციით ფესტივალი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და, ზოგადად, მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას გამოეხმაურება. ხოლო “შინ” გააზრებული იქნება, როგორც “ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი ნაწილი”.
გაგაცნობთ მოწვეულ ავტორებს:
ტარა მაკდაუელი ავსტრალიელი ავტორი და მონაშის უნივერსიტეტის პროფესორია. იგი იკვლევს თანამედროვე ხელოვნებას, ფემინისტურ და ქვიარ სივრცეებს, საგამოფენო ისტორიას და ხელოვნების მხარდამჭერ სხვადასხვა სტრუქტურას. ბოლო წლებში გამოსცა წიგნები: „არტისტი, როგორც…“ (2018) და „სახლის მცველები: რობერტ დანქენი და ჯესი“ (2019), რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
დმიტრი სტროცევი ბელარუსი პოეტია, რომელიც 1963 წელს მინსკში დაიბადა. დღემდე გამოცემული აქვს 17 პოეტური კრებული. იგი ბელარუსის პენ-ცენტრისა და ბელარუსი მწერლების კავშირის წევრია და სხვადასხვა ჯილდოს, მათ შორის ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის „მშვიდობის შემარყევლის პრემიის“, მფლობელი. მისი ლექსები არაერთ ენაზეა თარგმნილი.
ბერნჰარდ შლინკი გერმანელი ავტორია, რომლის წიგნებსაც „ოლგა“ და „წამკითხველი“ ქართველი მკითხველი უკვე იცნობს. აღსანიშნავია, რომ „წამკითხველი“ ბესტსელერი იყო გერმანიასა და აშშ-ში და 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. მიღებული აქვს ეროვნული და საერთაშორისო პრემიები, რომელთა შორისაცაა გერმანული Bundesverdienstkreuz (ღირსების ორდენი).
ანდრეას ფლურაკისი ბერძენი დრამატურგი და რეჟისორია, რომელსაც ოცზე მეტი პიესა ეკუთვნის, რომლებიც მსოფლიოს მრავალი თეატრის სცენაზეა დადგმული. მისი პიესები შეტანილი იყო ისეთი ფესტივალების პროგრამებში, როგორიცაა: HotINK (ნიუ იორკი), ჰელსინკის ფესტივალი, Gi60 (ნიუ იორკი), ოიუნ იაზის ფესტივალი (სტამბოლი), საერთაშორისო მონოდრამის ფესტივალი (პაფოსი, კვიპროსი), კულტურის ოლიმპიადა (ათენი) და სხვ.
ჯონ ო’დონელი ირლანდიელი ავტორია, რომელიც 1960 წელს დაიბადა და 5 პოეტური კრებული აქვს გამოცემული. გარდა პოეზიისა, ცნობილია, როგორც პროზაული ტექსტების ავტორი. მისი სადებიუტო მოთხრობების კრებული 2020 წელს გამოქვეყნდა. არის მრავალი ინსტიტუტის, მათ შორის, ირლანდიის პოეზიის საბჭოსა და ხელოვნების საბჭოს მმართველობის წევრი.
ჯესიკა ტრეინორი დუბლინში, 1984 წელს დაიბადა. გამოცემულია მისი ლექსების ორი კრებული: „ლიფიში ცურვა“ და „სწრაფი“. 2013 წელს „Hennessy New Irish Writer“-მა წლის მწერლად დაასახელა, ხოლო 2014 წელს „Ireland Chair of Poetry Bursary“-ს სტიპენდიატი გახდა.
სერგეი ტიმოფეევი ლატვიელი ავტორია, რომელსაც ცხრა პოეტური კრებული ეკუთვნის. დღემდე ბევრი ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე ყოფილა შვედეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, სლოვენიაში, საქართველოსა და სლოვაკეთში. მისი ლექსები არაერთ ენაზეა თარგმნილი და სხვადასხვა ანთოლოგიაშია შეტანილი. მისი პოეტური კრებული საქართველოშიცაა გამოცემული. ამასთანავე, მულტიმედიური პოეზიის პროექტის, „ორბიტას“ დამაარსებელიცაა.
გრეტა ამბრაზაიტე ლიეტუველი პოეტი, მთარგმნელი, რედაქტორი და გამომცემლობა “Bazilisko ambasada”-ს თანადამაარსებელია. მიღებული აქვს ლიტერატურის ანთროპოლოგიის და კულტურის მაგისტრის ხარისხი ვილნიუსის უნივერსიტეტში. მისი სადებიუტო კრებული „მყიფე საგნები“ 2018 წელს გამოიცა და მკითხველებისა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, 2018 წლის საუკეთესო პოეტური კრებულის წოდებასთან ერთად. ის თარგმნის ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან: ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი და სხვ.
დომინიკას ნორკუნასი ლიეტუველი პოეტი და მთარგმნელია, რომელიც ინგლისური, გერმანული, ჰოლანდიური და ლატვიური ენებიდან თარგმნის. მისი სადებიუტო პოეტური კრებული „სიბნელე არის რვაფეხა“ 2021 წელს გამოიცა და „ზიგმას გელეს“ პრემია მიიღო წლის საუკეთესო პოეტური დებიუტის ნომინაციაში. 2021 წელს იგი ასევე გახდა ლიტერატურის მთარგმნელთა ლიეტუვური კავშირის პრემიის ლაურეატი საუკეთესო მთარგმნელობითი დებიუტისთვის. აღსანიშნავია, რომ გრეტა ამბრაზაიტესთან ერთად ის ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგიების თარგმანებზე მუშაობდა.
იუსტინა ბარგელსკა პოლონელი პოეტი და მთარგმნელია, რომლის დებიუტიც 2003 წელს პოეტური კრებულით „გაცნობის სესიები“ შედგა. 2009 წელს გამოცემულმა კრებულმა „ორი ფიატი“ გდინიის ლიტერატურული პრემია მოიპოვა. მისი პირველი რომანი 2010 წელს გამოიცა, რომელიც 2010-11 წლების საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებად აღიარეს. 2012 წელს გამოცემული პოეტური კრებულისთვის „ბახი ჩემი ბავშვისთვის“ არაერთ პრემიაზე იყო წარდგენილი, მათ შორის ვისლავა შიმბორსკასა და „ნიკეს“ პრემიებზე. 2021 წელს გამოვიდა მისი ფელეტონების კრებული „დალიე ჩემთან ერთად კომპოტი“.
ქშიშტოფ ჩიჟევსკი პოლონელი მწერალი, პოეტი და რეჟისორია, რომელსაც თანამედროვე პოლონურ კულტურაში გამორჩეული ადგილი უკავია. იგი ავანგარდული თეატრალური გაერთიანების „გარჯენიცეს“ თანადამაარსებელი და მსახიობი იყო 1978-83 წლებში. სოლიდარობის წლებში დისიდენტურ მოძრაობებშიც იყო ჩართული და იმ პერიოდში დაარსებულ ჟურნალ „კულტურის დროს“ 80-იანი წლების ბოლომდე რედაქტორობდა. ამჟამად იფარებს და მფარველობს უკრაინელ მწერლებსა და პოეტებს, უძღვება ხალხთა და კულტურათა შორის დიალოგს მსოფლიოს არაერთ რეგიონში. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ოცზე მეტი პრემია.
მარტინ სოლოტრუკი სლოვაკეთიდანაა და რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. მისი პირველი კრებული „ჩუმი ომები“ იყო, რომელიც 1997 წელს გამოიცა და სლოვაკური ლიტერატურული ფონდის ჯილდო დაიმსახურა საუკეთესო დებიუტისთვის. მისი ლექსები სხვადასხვა ანთოლოგიაშია შეტანილი გერმანიაში, ჩინეთში, ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.
არიანე ფონ გრაფენრიდი შვეიცარიელი პოეტი და დრამატურგია. აქვს დოქტორის ხარისხი თეატრალურ მეცნიერებებში. 2005 წელს ჩამოაყალიბა დუეტი „ფიცჯერალდი და რიმინი“ მუსიკოს რობერ აებერჰარდთან ერთად. 2017 წელს გამოსცა „ბაბილონ პარკი“. მისი ტექსტებისთვის ენობრივი საზღვრების გადაკვეთა, სასაცილოსა და საეჭვოს, ფანტასტიკურისა და ფაქტობრივის შერწყმაა დამახასიათებელი. იგი სხვადასხვა ფესტივალის მონაწილე იყო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
ანდრი ლიუბკა უკრაინელი მწერალი და ესეისტია. მას ეკუთვნის რამდენიმე პოეტური კრებული, მათ შორის „ტერორიზმი“, „შიზოფრენიის რვა თვე“. გამოცემული აქვს ლექსების კრებული გერმანულ ენაზე, ავტორია რომანისა „კარბიდი“. იგი ასევე თარგმნის პოლონურიდან, ხორვატიულიდან, სერბულიდან და ინგლისურიდან, უძღვება ორ საერთაშორისო პოეზიის ფესტივალს.
კვირეულის განმავლობაში დაგეგმილია ორი დისკუსია, რომლებიც დაეთმობა ლიტერატურაში მეხსიერების თემას, თუ როგორ აცოცხლებს მხატვრული თუ დოკუმენტური ტექსტი წარსულს და როგორ ხდება მასზე რეფლექსირება. ასევე, გაიმართება შეხვედრები სტუმრებთან, პოეტური საღამოები, მათ შორის ერთი მემორიალური საღამოც, რომელიც რობერტ დანქენის ცხოვრებასა და პოეზიაზე საუბარს მიეძღვნება. 14 სექტემბერს კი ფესტივალი თანამედროვე ქართული პოეზიის მარათონით დასრულდება.
ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, Prohelvetia, პოეზიის პლატფორმა Versopolis, ორგანიზაცია Literature Ireland, გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემია, ორგანიზაცია Latvian Literature.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმეწლიანი ისტორიის მანძილზე ფესტივალმა არაერთ მნიშვნელოვან ავტორს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ ვიქტორ ეროფეევი, დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, იბრაჰიმ ალ-ქუნი და სხვ.
როგორც ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, „ფესტივალს არ აქვს ანალოგი კავკასიის რეგიონში, შესაბამისად, TIFL იმ აქტივობებს შორისაა, რომლებიც თბილისის კულტურულ ცენტრად („ჰაბად“) ქცევას განაპირობებს“.
© არილი