3-7 ივნისს თბილისში ჩატარდა მერვე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ქალაქს 16 ქვეყნიდან 22 ავტორი ესტუმრა.
„წლევანდელი ფესტივალის თემაა „ერთი მომავალი“. დიახ, ერთი მომავალი, რომელიც ასე საერთოა ყველასთვის, მთელი პლანეტისთვის, განურჩევლად განსხვავებებისა, წარმომავლობისა, იდენტობისა თუ კულტურული კუთვნილებისა. ჩვენ, ყველანი, საჭიროა თანაბრად ვიაზრებდეთ ერთსა და იმავე გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. ეს განსაკუთრებით აჩვენა ბოლო წლების გამოცდილებამ (პანდემია, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ასე შემდეგ), ამიტომაცაა, რომ ასე გვჭირდება თანამშრომლობა საზღვრებისა და მიკუთვნებულობის გარეშე, გვჭირდება მრავალფეროვნება, ინოვაციების, განსხვავებულობის მიღება, ამ ყველაფერთან ცხოვრება და კულტურული ადაპტაცია. და რას, თუ არა სიტყვას, აქვს ყველაზე მეტად ამისი ძალა. და დიალოგს ყველაზე განსხვავებულთანაც კი, ისევ ჩვენი ერთიანი თანაცხოვრებისთვის“ – ასეთი იყო კონცეფცია ფესტივალის, რომელიც მწერალთა სახლში 3 ივნისს გაიხსნა.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი პროექტია, რომელსაც უკვე მერვედ ვმასპინძლობთ. ამ ლიტერატურულ დღესასწაულს წლიდან წლამდე ელის ჩვენი საზოგადოება“ – ღონისძიებების დაწყებამდე მიმართა სტუმრებს მწერალთა სახლის დირექტორმა, ნატა ლომოურმა.
პირველი საფესტივალო დღე მცირე და გაქრობის პირას მყოფი ენების შესახებ საუბრით დაიწყო. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ბობ ჰოლმანი, ინგა გაილე და საიმონ ო ფუელაინი, მოდერატორი კი პაატა შამუგია იყო.
გარდა ამისა, პირველი დღე მოიცავდა შეხვედრას იაცეკ დენელთან, მაგდა ნოვაკოვსკასთან ერთად; პანელურ დისკუსიას „დრო თხრობაში – „ამბები წარსულიდან და ამბები მომავალზე“ (მონაწილეები: დანიელ ვისერი, ნაიელ გრიფითსი, გრეის პინსი), როგორ განსაზღვრავს ადამიანს დროისა და ამ დროში საკუთარი თავის აღქმა; ფრანგ პოლინ პიკოსთან შეხვედრას, სადაც პოლინ პიკომ თავისი შემოქმედების შესახებ ილაპარაკა. დღე დასრულდა ღონისძიებით „ცოცხალი ლიტერატურა და მუსიკა“.
მეორე საფესტივალო დღე დაიწყო დისკუსიით ტექსტისა და იდენტობის შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ნანა აბულაძე, პოლინ პიკო, კარმინ მიხელსი. ავტორებმა ილაპარაკეს იმაზე, თუ როგორ აისახება მათ ტექსტებში მათი იდენტობები, რამდენად მნიშვნელოვანი და შესამჩნევია ასეთი გავლენა.
პოლინ პაკომ მისი მგრძნობიარე ბუნებისა და პოეზიის, მისი ემოციურობისა და მისი ტექსტების კავშირზე ილაპარაკა. ნანა აბულაძემ, ერთი მხრივ, ქართველი მწერლის იდენტობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მეორე მხრივ კი, ქალის იდენტობას, რომლის ნაწილია შიშები, რომელთა დაძლევაც სურდა თავის პირველ რომანში „აკუმი“.
ივა ფეზუაშვილის, ნევა ლუკიჩისა და იან ბაკეს საუბრის თემა იყო „ამბავი და თხრობა. როგორ ცვლის მულტიმედიურობა ლიტერატურას?“. დისკუსიის მოდერატორი ხათუნა ცხადაძე გახლდათ. დისკუსიის დასრულების შემდეგ მკითხველები შეხვდნენ ინგა გაილეს, რომელმაც თავის შემოქმედებით გზაზე, მისი სტილისა და პოეზიის განვითარებაზე ილაპარაკა – როდის და როგორ დაიწყო წერა, რამ გადააწყვეტინა მწერლობა და რა ადგილი აქვს პოეზიას მის შემოქმედებაში.
მეორე საფესტივალო დღის ნაწილი იყო შეხვედრა რატი ამაღლობელთან და იან ბაკესთან. ასევე, უნდა აღინიშნოს დღის განსაკუთრებული დასასრული – ქართველმა ავტორებმა დავით წერედიანი გაიხსენეს და მისი თარგმანები წაიკითხეს.
მესამე საფესტივალო დღე დიმიტრის ცეკურასთან შეხვედრით დაიწყო. წარადგინეს მისი რომანის „კარი“ თარგმანი. „კარი“ პირობითი მკითხველისადმი ასეთი მიმართვით იწყება:
„მოხარული ვიქნები, თუ ამ წიგნს ასაკში შესული ადამიანები წაიკითხავენ. ისინი, ვინც გარკვეულწილად აღარაფერს ელიან, თუმცა არა იმის გამო, რომ ცხოვრება ამაოებაა, არამედ იმიტომ, რომ თითქმის ყველაფერი უნახავთ და იციან, რა ხდება აქ.
ასევე, უფრო მეტად გამიხარდებოდა, თუ ამ წიგნს წაიკითხავდნენ ადამიანები, ვისაც ძალიან ბევრი წაუკითხავთ.
ვფიქრობ, ამ წიგნს თითქმის არაფერი აქვს სათქმელი ახალგაზრდისთვის.
ვფიქრობ, ამ წიგნს თითქმის არაფერი აქვს სათქმელი მისთვის, ვისაც ცხოვრების უმეტესი დღეები არ მიუძღვნია კითხვისთვის და იმ ყველაფრისთვის, რაც მას შედეგად მოჰყვება.
სულ ესაა.“
ეს წიგნი იმ ადამიანის ისტორიაა, რომელმაც საკუთარ სახლს ჩამოხსნა კარი. მთავარი გმირი შუახნის ინტელექტუალია, რომელიც წიგნებით სავსე სახლში ცხოვრობს.
ფესტივალი 7 ივნისს დასრულდა. ბოლო საფესტივალო დღე დაეთმო ჯერ კეი ოკამოტოსთან, შემდეგ კი დანიელ ვისერთან შეხვედრას.
დანიელ ვისერი ავსტრიელი მწერალი და მუსიკოსია. მას რომანისთვის „მთის დედოფალი“ 2018 ავსტრიის უმაღლესი ლიტერატურული პრემია მიენიჭა.
მისი წიგნის მთავარი გმირი 45 წლის რობერტ ტურინია, რომელსაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი 27 წლისას დაუდგინდა. იზოლირებულ გარემოში გატარებულმა წლებმა და სრული ფიზიკური დაუძლურების აშკარა და გარდაუვალმა პერსპექტივამ რობერტ ტურინი ე. წ. „ბედნიერ სიკვდილზე“ დააფიქრა. გეგმის განხორციელებას წინ უამრავი დაბრკოლება ეღობება, მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ევთანაზია ავსტრიაში კანონით იკრძალება. რომანი ქართულად მზია გალდავაძემ თარგმნა.
„ამ წიგნს სჭირდებოდა ახალი ენისა და თხრობის ფორმის მონახვა. დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ შემიძლია, დავწერო ადამიანზე, რომელსაც აქვს დაავადება, რომელიც მე არ მაქვს და სიკვდილის სურვილზე, რომელიც ასევე არ გამაჩნია“ – აღნიშნა დანიელ ვისერმა „მთის დედოფალზე“ საუბრისას.
ბოლო ღონისძიება კი იყო ვერსოპოლისის პოეტებთან – ეკა ქევანიშვილთან და კარმინ მიხელსთან შეხვედრა. ვერსოპოლისი პოეზიის პლატფორმაა, რომელიც ევროპელ პოეტებს აერთიანებს. იგი მათ შესაძლებლობას აძლევს, რომ საკუთარი თავი და შემოქმედება წარმოაჩინონ; ერთმანეთთან აკავშირებს ავტორებს, გამომცემლებსა და ლიტერატურულ აგენტებს.
„ის საერთო მახასიათებელი, რომელიც ამ ორი პოეტის შემოქმედებაში ვიპოვე, ისაა, რომ მათი ლექსები გვესაუბრებიან დღევანდელობაზე და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ლექსები მოგვითხრობენ სილამაზეზე და ასევე სევდაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ყოველდღიურ ყოფასთან“ – აღნიშნა ნუკა ღამბაშიძემ.
პოეტებმა თავიანთი შემოქმედებითი იმპულსების შესახებ გვიამბეს:
„დავხეტიალებდი რვეულით ხელში სადგურებზე, მეტროში და ვცდილობდი, ყური დამეგდო სრულიად უცხო ადამიანებისთვის და გამეგო, რაზე საუბრობდნენ. ასე ვიპარავდი იდეებს ჩემი რომანებისთვის და პოეზიისთვის. ვფიქრობ, ენა ხელოვნური კონცეპტია და ასეთი სახით ენის აღება საინტერესოა შემოქმედებით პროცესში“ – კარმინ მიხელსი.
„17 წლამდე პატარა ქალაქში ვცხოვრობდი და იქ იმდენად არაფერი ხდებოდა, რომ გვიწევდა ყველაფრის წარმოდგენა და გამოგონება. ამიტომ მაშინ რასაც ვწერდი, ყველაფერი იყო გამოგონილი, ნაოცნებარი და ნანატრი. მერე, როცა დიდ ქალაქში დავიწყე ცხოვრება, აქ იმდენი რამე ხდებოდა, თან რეალური ამბები, რომ არაფრის გამოგონება აღარ მჭირდებოდა და მე ეს ნამდვილი ამბები შევიყვარე და ამ ამბებზე დავიწყე წერა“ – ეკა ქევანიშვილი.
© არილი