თარგმანი,  ინტერვიუ

ჯუმპა ლაჰირი – უცნაური და დამაბნეველი

როდის გააცნობიერებთ, რომ მწერალი იყავით?

ეს ისეთი რამ იყო, რასაც სულ ვაკეთებდი, რაზეც სულ ვფიქრობდი და ყოველთვის მინდოდა. მკითხველი ვიყავი და წაკითხულის აკომპანემენტის, რეაქციისა თუ პასუხის მაგვარ რამეს ვწერდი.  ნიუ-იორკის კოლეჯში ვსწავლობდი, საგამომცემლო სფეროს ცენტრალურ ქალაქში. სტუდენტობისას იმ ადამიანებით ვიყავი გარშემორტყმული, რომლებიც წერაზე იყვნენ ფოკუსირებულნი და ამ საქმეს სერიოზულად უყურებდნენ. მე უფრო ვყოყმანობდი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როცა ბოსტონში ვცხოვრობდი და ოც წელს გადავაბიჯე, უკვე გამოვჩნდი, როგორც მწერალი. რაღაც იყო იმ გარემოში ისეთი, რამაც გააძლიერა ჩემი გაუბედავი შემოქმედებითობა. უფრო და უფრო დიდ დროს ვუთმობდი ამბების გამოგონებასა და წერას. როცა 30 წლის გავხდი, უეცრად მივხვდი, რომ ეს რაღაც არ მშორდებოდა. წერა არ იყო ჰობი. მინდოდა, დიდი დრო დამეთმო წერისთვის, რათა ეს საქმე უკეთ გამომსვლოდა.

ხომ არ გრძნობდით, რომ „წვეულებაზე დაიგვიანეთ“?

ცოტათი. უამრავ ადამიანს ვიცნობ, ვინც ბევრ რამეს აკეთებდა და მერე დაჯდა და ლამაზად წერა დაიწყო. სტუდენტები, რომლებსაც ახლა ვასწავლი, მწერლის კარიერისკენ ისწრაფვიან. მაგრამ მე ასე არასოდეს მიფიქრია და არც ახლა ვფიქრობ.

თუმცა გინდოდათ, რომ დაბეჭდილიყავით. რამდენად რთული იყო პირველი წიგნის გამოცემა?

საკმაო დრო დასჭირდა. ჩემი პირველი მოთხრობის გამოქვეყნება უკავშირდება საზაფხულო წერის კურსს, რომელიც ჰარვარდში გავიარე და არაჩვეულებრივ კაცს, სახელად სტრატის ჰავიარსს. მან გამოაქვეყნა ჩემი მოთხრობა Harvard Review-ში. შემდეგ დიდი დრო გავიდა. დროდადრო ვგზავნიდი ჩემს მოთხრობებს სხვადასხვა ადგილას და უამრავ უართან ერთად დადებით გამოხმაურებებსაც ვიღებდი. საბოლოოდ, კრებული შევკარი და რამდენიმე აგენტს გავუგზავნე. უფრო მეტი უარი მითხრეს. შემდეგ, როცა Fine Arts Work Center-ში, პროვინსთაუნში წავედი, იქ კიდევ ერთ აგენტს შევხვდი. მისგანაც იმავე რეაქციას ველოდი: „საინტერესო მოთხრობებია, მაგრამ მათი გაყიდვა არ შემიძლია ან არ მაქვს სურვილი, ვცადო“. მაგრამ მან მითხრა: „ვნახოთ, თუ შევძლებ მათ გაყიდვას“ და შეძლო.

როცა ამ წიგნმა პულიცერის პრემია მიიღო, როგორი გრძნობა იყო?

უცნაური და დამაბნეველი. ძალიან ნაადრევი. ვწუხდი, არასწორი წიგნი ხომ არ აარჩიეს-მეთქი, რადგან საერთოდ არ ველოდი გამარჯვებას. თხელყდიანი გამოცემა იყო, იაფფასიანი. მე უცნობი ავტორი ვიყავი. არც წიგნის ტური დაგვიგეგმავს და ცნობადობის ხარისხიც დაბალი იყო. მერე კი კრიტიკოსების ყურადღება მიიქცია და თქვეს: „ჰმ, შესაძლოა, ტურზე გაგიშვათ“. წიგნი მაისში თუ ივნისში გამოიცა და მთელი ზაფხული არაფერი მომხდარა. მერე კი, შემოდგომას, მოულოდნელად აღმოვჩნდი თვითმფრინავებსა თუ მატარებლებში, ღონისძიებების ჩასატარებლად სადღაც მიმავალი. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს წიგნი ისეთ ყურადღებას მიიპყრობდა, როგორიც პულიცერის პრემიის მიღების შემდეგ, წლის მიწურულს მიიპყრო.

მოთხრობებიდან რომანზე გადახვედით და მერე ისევ მოთხრობებს დაუბრუნდით, ახლა კი იტალიურად წერთ. რატომ არ აგრძელებთ იმის კეთებას, რამაც უკვე კარგად იმუშავა?

მე უბრალოდ შთაგონებას მივყვები. წერა ძახილია. არასოდეს ვფიქრობ – იქნება წარმატებული? მოეწონებათ ადამიანებს? ბევრი ხალხი წაიკითხავს? კარგად გაიყიდება? ჩემი გამომცემლები და აგენტი ფიქრობენ ასეთ რამეებზე, ეს მათი საქმეა. ჩემი საქმე განსხვავებულია. ჩემი საქმე საქმეც კი არ არის. იტალიური იყო ის ენა, რომელმაც მომიხმო ერთხელაც და მერე – მოულოდნელად, მაგრამ ეჭვშეუტანლად – იქცა ჩემი შემოქმედებითი გამოხატვის ენად, სულ მცირე, ამ ეტაპზე მაინც. იტალიურად ვწერ, რადგან ასე მჭირდება. ირაციონალური რამეა.

თქვენს ახალ წიგნში წერთ, რომ ახალი ენა საშუალებას გაძლევთ „ექსპერიმენტი ჩაატაროთ სისუსტესთან“.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის არ აკონტროლებდე ყველაფერს და კომუნიკაცია გქონდეს შენს იმ ნაწილთან, რომელიც ისევ ეჭვობს და ცდილობს, საგნებსა და საკუთარ თავში გაერკვეს. განსაკუთრებით ხელოვანებისთვისაა მნიშვნელოვანი. მწერლები, რაღაც მხრივ, ყოველთვის ბავშვები არიან. მათ გარშემო ხდება რაღაცები, ისინი კი დაუცველები, დაკვირვებულები და მგრძნობიარეები არიან ამ ყველაფრის მიმართ. განსხვავებული ენა საშუალებას გაძლევს, გაიგო, რას იღებ ძალისხმევის გარეშე და რისი გაკეთება არ შეგიძლია იმის გამო, რომ არასახარბიელო მდგომარეობაში მუშაობ. ასეთ დროს გადააფასებ ყველაფერს, რასაც ამბობ, რაც სულაც არ არის ცუდი.

როგორ ზემოქმედებს თქვენს ქმნილებაზე ენა, რომლითაც წერთ?

ისე არაა, თითქოს განსხვავებული ადამიანი ხარ, მაგრამ გაქვს განსხვავებული ხედვა. განსხვავებულად ხედავ, განსხვავებული სული გაქვს, განსხვავებული ცნობიერება… როცა იტალიურად ვწერ, ვგრძნობ რომ სხვანაირი ურთიერთობა მაქვს რეალობასთან.

რა ისწავლეთ, როცა თქვენს ან სხვების ტექსტებს თარგმნიდით?

ენის შესწავლას ვაგრძელებ, იმას, რაც ყველაფერზე მეტად მიყვარს: ფიქრს სიტყვებსა და მათ წარმოშობაზე, იმაზე, თუ როგორ იცვლებიან, რას აკეთებენ ან რისი გაკეთება არ შეუძლიათ, ასევე კავშირებზე ან კავშირების ნაკლებობაზე ენებს შორის. როგორც მწერლისთვის და მკითხველისთვის, ჩემთვის ეს ყოველთვის საინტერესო იყო. თარგმნა კი ამაზე დაკვირვების საშუალებას მაძლევს, ბევრ რამეს მასწავლის წერაზე. საუკეთესო გზაა იმის სასწავლად, როგორ უნდა იყო მწერალი.

აუტსაიდერის გამოცდილება – ჯერ როგორც ინდოელი იმიგრანტების შვილი აშშ-ში, მერე კი როგორც ამერიკელი ემიგრანტი რომში – თქვენი ნაწარმოებების თემაა. ამ გრძნობასთან გამკლავება ისწავლეთ თუ უპირატესობად აქციეთ?

უფრო მეტად მეორე. სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის აუტსაიდერად ვგრძნობ თავს და ამის კვლევას ცხოვრებასა თუ შემოქმედებაში ვაგრძელებ. თარგმნა ამის ხაზგასმაა, რადგან ყოველთვის ტექსტის გარეთ ხარ ამ დროს.

 […]

© არილი

Facebook Comments Box