ახალი ამბები,  ახალი წიგნები

თებერვლის ბიბლიოდღიური

წაიკითხეთ ჩვენი ბიბლიოდღიური, სადაც თებერვალში გამოცემული წიგნების შესახებ მოგიყვებით:

ბესიკ ხარანაული, „უძებნი შვილი“, გამომცემლობა ინტელექტი

„უძებნი შვილი“ ბესიკ ხარანაულის მეტაპოეტური წიგნია, რომლითაც პოეტი დიდ ოდისეაში გვეპატიჟება. ამ მოგზაურობაში მკითხველს წინამძღოლობას სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი გაუწევს და გასაკვირი არაა, რომ ნაწერიც ჯორის ფლოქვების ხმას მიჰყვება.

ამ წიგნში გვერდიგვერდ ცხოვრობენ ჰიპერბოლა და მეტაფორა ანუ შეუძლებელი და შესაძლებელი; ღმერთის შვილი, რომელსაც სამყაროს შემოქმედი ძებნის დასასრულს ნაგავსაყარზე პოულობს და არსად სხვაგან და მთავარი – უძებნი შვილი, რომელიც კონკრეტულობას, ვინმედ ან რამედ ყოფნასა და სინამდვილედ ქცევას გაურბის („ვერაფერი ძლებს, რომ თავი არ აღნიშნოს, უძებნი შვილის გარდა“).

მედეა, გამომცემლობა ინტელექტი, მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი

მედეა, ცნობილი მითოლოგიური გმირი, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე უფრო შთამბეჭდავ მხატვრულ სახედაა აღიარებული. ის დღესაც აგრძელებს თავის ლიტერატურულ სიცოცხლეს და მართლაც, რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული მხატვრული კულტურის სხვადასხვა სფეროში მსოფლიოს მასშტაბით მედეას არაერთი გამორჩეული სახე იქმნება.

მედეას მხატვრულ ფენომენში ჩასაწვდომად, აწმყოსა და მომავლის მედეათა გასაგებად, დაგვეხმარება ლევან ბერძენიშვილის მიერ თარგმნილი და ერთ კრებულში წარმოდგენილი ავტორების პიესები – ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე.

წიგნში შესულია მედეასა და არგონავტების მითისადმი მიძღვნილი ტრაგედიები, პოემები, ოდები და ფრაგმენტები (ჰომეროსი, ჰესიოდოსი, პინდაროსი, ჰეროდოტოსი, ევრიპიდე, ნეოფრონი, პუბლიუს ოვიდიუს ნასო, ლუკიუს ანეუს სენეკა, პიერ კორნელი, ჟან ანუი).

ტონი მორისონი, „სულა“, გამომცემლობა ინტელექტი, მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე

ტონი მორისონი (1931-2019) აფროამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია − პირველი აფროამერიკელი ავტორი ქალი, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ის ასევე პულიცერის პრემიის მფლობელია.

„სულა“ 1973 წელს გამოიცა და მასში ავტორი ფერადკანიანთა ერთ პატარა დასახლებას გვაცნობს, სადაც სრულიად საპირისპირო გარემოში აღზრდილი ორი გოგონა − სულა და ნელი − ერთმანეთს უმეგობრდება და ამ განსაკუთრებულ ურთიერთობასა და სულიერ სიახლოვეს საბოლოოდ ღალატიც კი ვერ ერევა.

ტონი მორისონი პერსონაჟების დაუვიწყარ პორტრეტებს ხატავს, მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი კი, რა თქმა უნდა, სულაა. სულა, შესაძლოა, ალეგორიადაც აღვიქვათ – იმ ადამიანების სახედ, რომლებზეც წარსულმა წარუშლელი კვალი დატოვა. წიგნში სულას ზრდას ვადევნებთ თვალს, მისი პირველი გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ვკითხულობთ და თანავუგრძნობთ. ამის პარალელურად კი საზოგადოებასა და მის მანკიერებებსაც ვადევნებთ თვალს.

ჩარლზ ბუკოვსკი, „ბუტერბროდი ჭვავის პურით”, გამომცემლობა “პალიტრა L”, მთარგმნელი: ზაალ ჩხეიძე

ბუკოვსკის „ბუტერბროდი ჭვავის პურით“ ჰენრი ჩინასკის ბავშვობისა და მოზარდობის შესახებაა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებსა და განცდებზე მოგვითხრობს.

ეს წიგნიც, მწერლის სხვა წიგნების მსგავსად, სევდითა და იუმორითაა სავსე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონფორმიზმის პერიოდში ბუკოვსკი წერდა გარიყულებზე, ეგოისტებზე, შეშლილებზე, მარტოსულებზე – ისეთ ადამიანებზე, რომელთა შემჩნევა არავის სურდა და იმ თემებზე, რომლებიც სხვებს აშინებდა, მისთვის კი აქტუალური იყო.

ბუკოვსკი შეულამაზებლად აღწერს ადამიანების ცხოვრებას, სავსეს ნაკლით, პრობლემით თუ მწარე გამოცდილებით. ტექსტში ასახულია ჩინასკის შინაგანი ბრძოლაც და სირთულეები, რომლებსაც ბავშვობისა და მოზარდობისას გადის.

© არილი

Facebook Comments Box