ახალი ამბები

საქართველო ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე

მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 6-9 მარტს საქართველო ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და პროგრამით წარდგება.

ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე 7 ქართველი გამომცემელი (გამომცემლობა ელფი, დიოგენე, ინტელექტი, არტანუჯი, სულაკაურის გამომცემლობა, შემეცნება და გამომცემლობა პალიტრა L) მიიღებს მონაწილეობას. ქართველი გამომცემლების გამოცემულ წიგნებთან ერთად სტენდზე გამოიფინება მწერალთა სახლის ხელშეწყობით სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურა და კატალოგები ქართველი ავტორებისა და საქართველოში მოქმედი გამომცემლების შესახებ.

ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობას უკვე 60 წლიანი ისტორია აქვს და საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა. გამომცემლები, ილუსტრატორები, გრაფიკული დიზაინერები, ლიტერატურული აგენტები, ავტორები, მთარგმნელები და საბავშვო ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანები ყოველ წელს მოუთმენლად ელიან ბოლონიის წიგნის საბავშვო ბაზრობას. წლევანდელი ბაზრობა დაჯილდოების ცერემონიებს, საერთაშორისო კონფერენციებს, მასტერკლასებს, პირდაპირ ჩართვებს, პრეზენტაციებსა და ვორქშოფებს მოიცავს და, ტრადიციულად, უამრავი ქვეყნიდან უმასპინძლებს სტუმრებს.

„ჩვენი დიდებული თავგადასავალი 1964 წლის აპრილში დაიწყო. ეს იყო არა მხოლოდ განსაკუთრებული წიგნის ბაზრობის, არამედ ურყევი მეგობრობის დაბადება ბოლონიასა და გლობალური საბავშვო წიგნების საზოგადოებას შორის. ბოლონიის საბავშვო წიგნის ფესტივალი ტარდება ისტორიულად უნიკალურ, სიცოცხლით სავსე და მეგობრულ ქალაქში, რომელიც დიდი ხანია ინარჩუნებს შესაძლებლობას, იყოს საბავშვო განათლებისა და კულტურის ეპიცენტრი.

60 წლიანი არსებობის მანძილზე, ბოლონიის წიგნის საბავშვო ფესტივალი ზრდას განაგრძობს, უამრავ ახალ პროექტს იწყებს და უფრთხილდება შემოქმედებითობასა და ენერგიას, რომელიც მას დასაწყისიდანვე გამოარჩევდა“ – წერს ოფიციალურ გვერდზე ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობის გუნდი.

ბოლონიის ბაზრობის ფარგლებში მთავარი საბავშვო ლიტერატურული პრემიების, ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ლაურეატებსაც გამოავლენენ. წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოდან წარდგენილები არიან გიორგი ჯინჭარაძე, ირმა მალაციძე და ნიქოზის ხელოვნების სკოლა.

არილი ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობის შესახებ ესაუბრა ილუსტრატორ თათია ნადარეიშვილს, რომელიც ბაზრობის დამთვალიერებლებისთვის საქართველოს ეროვნულ სტენდზე სამი დღის განმავლობაში ვორქშოფებს გამართავს.

 „ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა ძალიან მნიშვნელოვანი ყოველწლიური მოვლენაა ამ სფეროში, შეიძლება ითქვას, ყველაზე მთავარიც. ბაზრობის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი კონკურსი ტარდება, გაიცემა ჯილდოები როგორც გამომცემლობებისთვის, ასევე ილუსტრატორებისა და მწერლებისთვის. განსაკუთრებით წინ არის წამოწეული ილუსტრაცია და უამრავი საინტერესო გამოფენა ეწყობა. ქართული საბავშვო ლიტერატურისთვის ამ მოვლენის ნაწილად ყოფნა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ეს არის ინფორმაციის გაცვლის ადგილი, იყიდება ლიცენზიები, იგეგმება თარგმანები. საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების ნაწილი ხდება ქვეყანა, ამ შემთხვევაში, კი ჩვენი ქვეყნის საბავშვო ლიტერატურა. მოლოდინებს რაც შეეხება, სტენდზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში გამოცემული საბავშვო წიგნები, ეს კარგი შანსია უცხოელი გამომცემლების დასაინტერესებლად, ასევე შესაძლებელია, ჯერ გამოუცემელი ნამუშევრებიც მოექცეს მათი ინტერესის არეალში, ფიზიკურად იქ ყოფნა სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი – დაუგეგმავადაც შეიძლება გაიბას კავშირები, რომლებსაც საბოლოოდ კარგი შედეგი მოჰყვება. ბაზრობის ფარგლებშივე იგეგმება პორტფოლიოების განხილვები და ვორქშოფები, პროფესიონალებისგან რჩევების მიღება განვითარებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.“

თათია ნადარეიშვილს მისი ვორქშოფებისა და საქართველოს ეროვნული სტენდის კონცეფციის შესახებაც ვკითხეთ:

„ჩემი ვორქშოფების თემა ქართული ანბანი და ჩემი საყვარელი ტექნიკა – მონოპრინტია. მონაწილეებს შეეძლებათ, აირჩიონ სიტყვა, მე კი დავეხმარები ამ სიტყვის ქართული თარგმანის დაწერაში შესაბამის გამოსახულებასთან ერთად. ასეთი ტიპის აქტივობებს ყოველთვის ბევრი ჰყავს მონაწილეობის მსურველი.

სტენდის კონცეფცია ბოლონიის წიგნის ბაზრობის წლევანდელ ფოკუსს – კომიქსს მოვარგე. თან მინდოდა, მთავარი თემა ქართული ყოფილიყო, ამიტომ სტენდზე იქნება ქართული ხალხური ზღაპრების რამდენიმე პერსონაჟი, ფრაზები, რომლებსაც ისინი ზღაპრებში ამბობენ, კომიქსის სტილში აქვთ მიწერილი. ამ გზით ჩვენს პერსონაჟებსაც გამოვსახავთ, ქართულ დამწერლობასაც ვაჩვენებთ და წლევანდელ თემასაც გამოვეხმაურებით.“

© არილი

Facebook Comments Box