პროზა

 თეკლა ერემეიშვილი – პური და სანახაობა

 „დიდება შენდა უფალო, ჩემსავით თავისუფალო“                                                     ერეკლე დეისაძე

ანაფორიანი მძიმედ დააბოტებს პურის ყანაში და თავისივე ჯიპივით შავი ბათინკებით მსუბუქ თავთავებს თელავს. საკმეველიან ხელს აქეთ-იქით იქნევს და გაუგებრად ბუტბუტებს. ჯგუფ-ჯგუფად დგანან თანასოფლელები. სამოცდაათ წელს მიტანებულ ამირანს თითები ისე აქვს ერთმანეთზე გადაჯვარედინებული, მისი მარცხენა ხელის ცერა თითზე ამოსვირინგებული ჯვარი რომ გამოჩნდეს, თან საკმევლის კვამლს აყოლებს თვალს…
„ვინ დაგვწყევლა,მიწამ უყოს პირი იმასო“, „ეშმაკშიც წასულა აქ დაბუდებული ეშმაკიო“ – წყევლაში აზავებენ თავსაფრიანი ქალები მღვდლის ლოცვას და დასავლეთის ქარს ატანენ. აქ ოცდახუთი წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მფლობელმა ხელი აიღო ადგილის პატრონობაზე, წლების შემდეგ კი მიტოვებულ მიწას სხვა დაეპატრონა. მას შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდებოდა სოფელში, მიწის პატრონიც ის ხდებოდა იმ წელს. დაამუშავებდა და მოსავალსაც მოიყვანდა. ახლა თვითონ მიწას უჭირს.  სოფლის ერთობლივი გადაწყვეტილებით მღვდელი მოიყვანეს და აკურთხებენ აზიური ფაროსანებისგან „განსაწმენდად“. სპეციალურმა წამალმა ვერ უშველა და იქნებ ნაკურთხმა წყალმა უშველოსო.  „აქამდეც უნდა გვეკურთხებინა, ის უბედურება რომ დატრიალდა მაშინო“- ჩემს გვერდით მდგარი ქალი ეჩურჩულება მეორეს. „მაშინ მღვდლები სად იყო ქალო, ვინ იცოდა ანდა კურთხევაო“- იხსენებენ ოცდახუთი წლის წინანდელ ამბავს. თან ფაროსანებს იგერიებენ  ხელით და  ჩუმი აგრესიულობით იძახიან ცალყბად: „ჭირმა გაგწყვიტათო!“.  მოკლედ, სანახაობა არის და პურიც იქნება ალბათ…

*   *   *
მაშინ, ოცდახუთი წლის წინ, უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ფილოლოგიის ბოლო კურსზე ვიყავი და პრაქტიკაზე გამიშვეს ჩემი სოფლის სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად. როცა შენი ექვსი-შვიდი წლით უმცროსი მეზობლები ოჯახივით პატარა, ნავთის სუნით გაჟღენთილ სკოლაში „მასწით“ მოგმართავენ, არის ამაში რაღაც რომანტიკული. ჩხუბები და გარჩევები ყოველი დღის ნაწილი იყო; მოზარდი ბიჭები ერთმანეთის ცემის გარდა თავის თავს ვერაფერში გამოხატავდნენ. ნიკო საბაურისა და ილია ბერიძის მარადიული ქიშპობა კი არ გავდა უბრალო ცემა-ტყეპას. ამაში მაშინ დავრწუნდი,როცა ნიკო სკოლის უკანა კედელზე აკრულ დამფრთხალთვალებიან, სხეულაცახცახებულ ილიას დანას უღერებდა. ნიკომ შემამჩნია ფანჯარაზე მინის მაგივრად გაკრული ცელოფნის ჭუჭრუტანიდან რომ ვიხედებოდი. ილიას ხელი გაუშვა და დანა დემონსტრაციულად ჩაიდო ჯიბეში, ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. მეამბოხე მოზარდისთვის და საერთოდაც 90-იანებისთვის დამახასიათებელ „ხულიგნურ“ მუხტზე გაცილებით საშიში რამ ჩანდა ნიკოს თვალებში. ყველა გაურბოდა მასზე ლაპარაკს, მათ შორის სკოლის დირექტორიც, რომელთანაც მივედი და მოვუყევი რაც მოხდა. დაბნეულმა კარისკენ გაიხედა, ხომ არავინ გვისმენსო, მერე  მომიახლოვდა, პირზე ხელი ამაფარა, საკუთარი საჩვენებელი თითი ცხვირზე მიიდო და თვალებგაფართოებულმა მითხრა: იცოდე, არაფერი დაგინახავსო! მერე კი ნაკლებად მკაცრი ტონით, უფრო შიშნარევი, გაბზარული ხმით დაუმატა: ნიკოს ბიძა იცი ვინ არისო?- კანონიერი ქურდი ტარიელ ხეთაგურიო. თან ისე გამომხედა, მაგრძნობინა, ეს თემა სამუდამოდ დაიხურაო. იმის შემდეგ, როცა შემთხვევა მიეცემოდა, ნიკო განგებ მიყურებდა ხოლმე თვალებში. გაფრთხილებას ჰგავდა მისი გამომეტყველება…
*    *    *
სკოლის დირექტორის მოთხოვნის მიუხედავად, შეუძლებელი იყო მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე მეკონტაქტა  მოსწავლეებთან. სკოლის გარეთ მათთვის უბრალოდ ექვსი წლით უფროსი თანასოფლელი გოგო ვიყავი. პატარა სოფლის მცხოვრებლებს მდინარე გვქონდა საერთო და ნავთისსუნიანი ღამეები. სკოლიდან დაბრუნებულები გადავივლიდით იმ მინდორს, სადაც ახლა პურის ყანაა და შუა სექტემბერში მდინარის პირას მოპარული, ჩამობერებული საზამთროს ჭამით გაგვყავდა დრო. ოღონდ ჭამაზე მეტად დაჭრის რიტუალი გვართობდა. ნიკოც თუ შემოგვიერთდებოდა ხოლმე, მაშინვე დაძაბულობა და უარყოფითი მუხტი მოჰქონდა. არავის უყვარდა,მაგრამ ამას აშკარად ვერავინ გამოხატავდა. ალბათ იმ ფარული შიშის გამო („იცით მაგის ბიძა ვინ არის?“ ). მხოლოდ ილია იყო, ვინც ეპასუხებოდა და მის ახირებებს მხარს არ უბამდა.

ერთხელაც, მდინარის მეორე ნაპირას სათევზაოდ გადასულ ბიჭებს გაგონილი ხმამაღალი ლაპარაკი და ჩვეული გინება არაფრად ჩაუგდიათ, მოგვიანებით, როცა იმ ადგილისკენ წავიდნენ, სადაც ნიკო და ილია დატოვეს, იქ არცერთი აღარ დაუხვდათ, მხოლოდ გადახსნილი, ფერდებდამტვრეული, ნაჭრილობევი საზამთრო ეგდო დანის გარეშე. იმ დღიდან გაჩნდა (შე)თქმულება, ამ ადგილს ბოროტი ძალა დაეპატრონაო. მომხდარიდან მხოლოდ ორი დღის განმავლობაში თუ შეამჩნევდით სისხლის კვალს მდინარისა და სოფლის მაკავშირებელ მდელოზე. ორი დღის შემდეგ ისიც გაქრა, როგორც თავად ილია ბერიძე, რომლის დაკარგვასაც ავ სულებს აბრალებდნენ.

ვერაფერი გამოვნახე მაშინდელი ბნელი დროსავით ბნელი ამბის კლანჭებიდან თავდასახსნელად. კარგა ხანს გარეთაც ვერ გამოვდიოდი. სკოლას აღარ გავკარებივარ. რაც ქვეყნიდან თავისუფლად გასვლა შევძელი, მას შემდეგ მხოლოდ ახლა, პირველად დავუბრუნდი სოფელს. ვდგავარ ადგილას, რომელსაც ოცდახუთი წლის წინ გადაუწყვიტეს, რომ დაწყევლილია და  წყევლის გასანეიტრალებელ რიტუალს ახლა ატარებენ. (ისე, საკრალურობისა რა გიხრათ, მაგრამ  მაგიური რიტუალი კი გამოვიდა).

მღვდელი თავს არ იზოგავს,რომ პურიც გვქონდეს და სანახაობაც. გზადაგზა შემხვედრ ფაროსანებს გამეტებით ურტყამს ფეხს და იქვე კლავს. თითზე ჯვარმიხატული ამირანის თვალში სიმპათიას იმსახურებს.  ბუტბუტს აგრძელებს და აღარ მიყურებს ისე დაჟინებით, როგორც ნიკო საბაური, არამედ, ხანდახან ცალი თვალით გადმომხედავს ხოლმე, უკვე, როგორც მამა ნიკოლოზი.

© არილი

Facebook Comments Box