გამომცემლობა ,,კალმოსანმა’’ თემურ ჩხეტიანის ახალი კრებული ,,ორადი სახე’’ დაბეჭდა. წიგნი ბოლო წლებში დაწერილ ლექსებსა და თარგმანებს აერთიანებს. აქ შეხვდებით: მარინა ცვეტაევას, ოსიპ მანდელშტამის, რობერტ ფროსტის, ჩარლზ ბუკოვსკის, გოეთეს, ნიცშეს, აიხენდორფის, ბრეხტის, ჰიუგოს, რემბოს, აპოლინერის, უელბეკის, ტონინო გუერას, ტკაბაჰიგასი ჰეკიგოუს და სხვათა პოეზიას.
წიგნის რედაქტორის, ირაკლი ცხვედიანის დაკვირვებით: ,,თემურ ჩხეტიანის პოეზია ქვეტექსტების პოეზიაა – მისი ლექსების გარეგნული სისადავისა თუ „სიმარტივის“ მიღმა უაღრესად ღრმა სათქმელი, რთული და მრავალნიშნადი ქვეტექსტები იმალება. მათთვის ნიშანდობლივია პოეტური მეტყველების მაღალი კულტურა, რაც ზომიერებასა და თავშეკავებულობაში, ზუსტ და ლაკონიურ პოეტურ სახეებში, ძლიერი ტრაგიკული განცდის ობიექტივიზაციაში, ინტიმურ-პერსონალური ემოციის ერთგვარ იმპერსონალიზაციაში გამოიხატება. ჩხეტიანის პოეტური განცდები არასდროს არაა გულისამაჩუყებლად თუ „მომაყირჭებლად“ სენტიმენტალური.’’
უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაც თემურ ჩხეტიანს გამოარჩევს სხვა პოეტებისგან – სიჩუმის მუსიკად ქცევის მაგიაა, ოღონდ ჩხეტიანისეული სიჩუმე (გნებავთ, დუმილი) მარტოობაზე მეტად, მედიტაციის, ხედვის ფოკუსის შიგნით, საკუთარ თავში ჩაბრუნების სიგნალი უფროა.
© არილი