კრიტიკა,  რეცენზია

თემურ ჩხეტიანი – ბუდე

ანდრო ბუაჩიძე
პროვინციის რუტინა და მერცხლები
თემურ ჩხეტიანი. ბუდე. რედაქტორი ზვიად რატიანი, მხატვარი დავით ხიდაშელი. “მერანი” 2003 წ. ლექსები.

თემურ ჩხეტიანის ლექსების წაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მან იცის რა თქვას და როგორ თქვას. ეს კი შინაგანი გამოცდილების, სულიერი წვრთნის და რუდუნების ნაყოფია. თემურ ჩხეტიანი ძალდაუტანებლად ეძებს იმ ტონალობას, რომლითაც ლექსის შეფერილობა უნდა შექმნას. ყოველივე ეს ბუნებრივად ხდება. ამ ბუნებრიობის თავი და თავი კი პოეტის არსებაში ღრმად განფესვილი სათქმელია. ეს მეტაფორა ამ შემთხვევაში ზუსტად გადმოსცემს რეალურ ვითარებას: ნათელი დარდი თუ სევდა, თემურ ჩხეტიანის ლექსებიდან რომ გამოსჭვივის, თითქოს ფესვების მეშვეობით მართლაც სიღრმიდან არის ამოტანილი და წვეთიწვეთ გამოჟონილი. ლექსების რიტმი და ინტონაცია უჩვეულოდ თანაბარია, ამიტომაც ფიქრობ ერთი და იგივეს: ეს ლექსები შთაგონების უეცარმა აფეთქებამ თუ გაელვებამ კი არ წარმოშვა, არამედ ნელმა წვამ, იდუმალმა და უწყვეტმა პროცესმა.
მეორე, ყველაზე უფრო საგულისხმო ნიშანი თემურ ჩხეტიანის ლექსებისა არის აზრის ნატიფი მოძრაობა. მასთან აზრი მართლაც ნატიფია და ამავე დროს შეუმჩნეველი, როგორც ქვიშაზე დარჩენილი ნაკვალევი. ასეც უნდა იყოს ლექსში, მხოლოდ ინტონაციურ სტრუქტურაში ორგანულად ჩაწერილი აზრი იქცევა პოეტურ აზრად, სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი რიტორიკა შეგვრჩება ხელთ. ამ მხრივ სანიმუშოა ერთი ასეთი ლექსი: “რაღაც წაიღო გაზაფხულმა / და ბევრი რამ / გააყოლა ხელს ამ აგვისტომ, / მაგრამ მე მაინც, / მაინც მრჩება ფიქრისთვის დრო და / მრჩება რაღაც / – შემოდგომის მოწყენისათვის. / ჩემში ჩარჩა შენი გამოხედვა; / ჩემში ჩარჩა შენი ღიმილი; / ჩემში ჩარჩა სითბო შენი პატარა ხელისა… / ჩემში ჩარჩა ეს ყველაფერი, / როგორც მინდვრის ყვავილები / თიხის ლარნაკში. / მე თიხისა ვარ, / მე გამძლე ვარ, / და მე ისევ უხმოდ განვიცდი / ყვავილთა ჭკნობას”.
ეს ფიქრი, ეს შემოდგომის მოწყენა, პოეტის არსებაში ჩარჩენილი ღიმილები და გამოხედვანი, ეს უხმო განცდა ყვავილთა ჭკნობისა თემურ ჩხეტიანისეულია, ყველაფერს მისი მკაფიო ინდივიდუალობის კვალი ატყვია. თემურ ჩხეტიანი არ უფრთხის იმას, რაც მრავალგზის ნახმარია და გაცვეთილი, მოარული და კიდეებშემოფლეთილი პოეზიაში; ფრთხილად იღებს ხელში, მტვერს აცლის, ახალ სულს შთაბერავს და აცოცხლებს. თემურ ჩხეტიანს საკუთარი ლირიკული არსების სიღრმიდან დაძრული სათქმელი საამისო ძალას ანიჭებს. ამ სათქმელისავე მეშვეობით კრებულის ავტორი ირიდებს დღევანდელ მწერლობაში დაგროვილ ბალასტს, სტერეოტიპებს, რომლებიც ლიტერატურული ფლირტის და ესთეტიკური უგემოვნობის შედეგია.
პირადად ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს თემურ ჩხეტიანის ის ლექსები და ფრაგმენტები, სადაც კონკრეტულ-ყოფითი და ამავე დროს ლირიკული დინებები ერწყმის ერთმანეთს. ამ ლექსებში ყოველდღიურობის ელფერი ტრიალებს, პროვინციის მონოტონური და მოსაწყენი ცხოვრების მაჯისცემაა დაჭერილი: “რამდენი რამე ხდება სხვაგან: / ახალიც და საინტერესოც, / კარგიც და ცუდიც, / საკვირველიც, / ღიმილისმომგვრელიც, / შემზარავი ამბავიც – ხდება!.. / საუკუნე ფინიშზე გადის: / სრბოლა, / ხმაური, / ინტრიგები, სკანდალები, სენსაციები… / რამდენი რამ ხდება სხვაგან… / მაგრამ აქ? / აქაც ხომ უნდა ხდებოდეს რამე? / სარკმელთან ვზივარ. / გარეთ ისევ თოვს. / დიახ ისევ თოვს / – გულუხვია წელს თებერვალი. / სარკმელთან ვზივარ / და ვკითხულობ: მავან-მავანნი / და ე.რეინიც ბროდსკის შესახებ; / ვკითხულობ “არილს” ჰენდელის ფონზე / (კარგად მუშაობს ჩემი KANZAI), / ვკითხულობ სხვასაც – ინტერვიუს / : ფრანგები ახლა / თურმე დაკარგულ სივრცეს ეძებენ… / გარეთ ისევ თოვს, მახსენდები და ვფიქრობ შენზე / და მსურს გითხრა: ისევ ისა ვარ / – არცთუ კარგად,/ არც ისე ცუდად / (მაპატიე, ბევრჯერ ნათქვამს თუ ვიმეორებ)… / გარეთ ისევ თოვს / და ისევ ვფიქრობ, / და სულ ეს არის, რაც აქ ხდება, / რაც ჩემთან ხდება / – სწორედ აქ და არსად სხვაგან!”
ამ ლექსში მთავარი ფრაზა სწორედ ესაა: “აქ და არსად სხვაგან!” გარემოს მონოტონურობას და მოსაწყენობას პოეტის შინაგანი მდგომარეობაც უერთდება და ყველგან ერთნაირი აუმღვრევლობა და აუღელვებლობა ისადგურებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სხვაგან როგორი კატაკლიზმებიც არ უნდა მოხდეს, აქ ფოთოლიც კი არ შეირხევა. ეს უდრტვინველობა შემაშფოთებელია და შემზარავი. ეს თითქოს მშფოთვარე საუკუნის ფონია, რომელიც კონტრასტულია და ამქვეყნიურობას მოწყვეტილი. აქ მაცხოვრებელი ადამიანი ეძებს ძალას, ღრმა შინაგანი მოძრაობის უნარს, რათა გაარღვიოს დუმილის წრე და გავიდეს სიცოცხლის წრეში.
პროვინციული პატარა ქალაქის თუ სოფლის სურათები თემურ ჩხეტიანის პოეზიაში თითქოს ფილოსოფიურ, განზოგადებულ ასპექტს იძენს. ეს ის სივრცეა, ანუ ის ადგილსამყოფელი, სადაც გლობალური ქარტეხილები ვერ აღწევს, მაგრამ სიცოცხლის იდუმალი კანონები ხორციელდება და ამიტომ არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს პოეტის დაკვირვებულ თვალს. ამ ნიშნით მეტად მიმზიდველი და საინტერესო ლექსია “ბუდე”. ვრცელ ლექსში ვარიაციულად გაშლილმა და მხატვრულად არაერთგზის განხორციელებულმა ე.წ. პროვინციის თემამ კიდევ ერთხელ შეისხა ხორცი, თუმცა, ამჯერად, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო სრულყოფილად, ვიდრე სხვა დროს. საგანთა და მოვლენათა დეტალურმა დანაწევრებამ, ზუსტად მიგნებულმა ინტონაციამ (ამგვარი ინტონაცია სხვა ლექსებშიც იყო, მაგრამ აქ უფრო ძლიერად გამჟღავნდა), გამჭვირვალე ფაბულამ, ზომიერმა პროზაულ-თხრობითმა კილომ, რომელმაც საუბრის განწყობილება შექმნა, და საერთოდ, ყველაფერმა ერთად წარმოქმნა ბედნიერი სიმბიოზი და დაბადა ეს შესანიშნავი ლექსი. ამ ლექსში არაჩვეულებრივად ხელშესახებად ირეკლება პოეტის პიროვნება, მისი ზნეობრივი სინათლე და სისუფთავე, სიწრფელის ჭარბი ხარისხი და მარტოობა, ურომლისოდაც პოეზია არ იქმნება.
თემურ ჩხეტიანი არასდროს არ ახდენს ზეწოლას ე.წ. პოეტურ-მეტაფორულ თხრობაზე, მაგრამ ამ ლექსში მიგნებული მისი მეტაფორები იმდენად ზუსტია, რომ მთელ ლექსს თავისებურ ელფერს ჰფენს: “უკვე კარგად შებუმბლული ბარტყები – ოთხნი, / პირდაღებულნი ერთი გუნდის მომღერლებივით / და ბუდეზე ჩამომჯდარი დიდი მერცხალი, / ძალზე რომ ჰგავდა… ფრაკიან ლოტბარს!.. /”.
ოთახის კუთხეში აშენებული მერცხლების ბუდე მოულოდნელად დაინგრა, ბარტყები დაიხოცნენ. უაღრესად მახვილგონივრულია ეს ფრაზებიც: “თურმე ხდება და პატარა ჩიტსაც / შეიძლება თავს დაატყდეს მართლა დიდი უბედურება”. ზის ლექსის ლირიკული გმირი ოთახში და მთელი არსებით გრძნობს იმ სიცარიელეს, რომელიც ჩამორღვეული ბუდის ადგილას გაჩნდა: “კედელი ახლა ცარიელია, მხოლოდ ისღა ეტყობა, რომ აქ რაღაც იყო, / რაღაც იყო და აღარ არის”. მაგრამ ისევ მოფრინდებიან მერცხლები და ახალ ბუდეს ააშენებენ. პოეტს გაკვირვების გამომხატველი სიტყვები დასცდება: “ღმერთო ჩემო, ნუთუ ახალ ბუდეს იწყებენ!..” და იქვე დასძენს: “მეღიმება და ამ ღიმილს ჩაის უკვე გაგრილებულ ბოლო ყლუპს ვაყოლებ”.
ამ ლექსში რომ მხოლოდ მერცხლების ამბავი იყოს მოთხრობილი, ცხადია, შიშველ ტრივიალობასთან გვექნებოდა საქმე. მერცხლების “ყოფა” პროვინციის რუტინით თავგაბეზრებული და ხელჩაქნეული კაცის ცხოვრებასთან ერთად იძენს აზრს. ეს ლექსი სხვა ლექსებთან ერთად კრავს კრებულს, აგვირგვინებს იმ სათქმელს, რომელიც თემურ ჩხეტიანის ერთი შეხედვით მცირე, მაგრამ უაღრესად ტევად კრებულშია ჩატეული.
და კიდევ: ამ ბოლო დროს თემურ ჩხეტიანმა გამოაქვეყნა დაახლოებით იგივე მოტივებზე დაწერილი ლექსი “ფოთლების პასიანსი”. ვფიქრობ, ეს სრულიად ახალი ეტაპია მხატვრული თვალსაზრისით პოეტის შემოქმედებაში. ლექსი მძაფრი ემოციური მუხტით არის აღბეჭდილი და, ამასთანავე, ოსტატურადაა გათამაშებული ბანქო, ფოთლები, ქარი, ამაოება, რუტინა და ყოველივე ამას თან ერთვის რილკესეული სიტყვები, როგორც პოეტური ციტატი – “ყველანი ვცვივით”.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box