პოეზია

თემურ ჩხეტიანი – ხის უძრავი სკამები და სხვ. ლექსები

temur chxetiani 4343

სადღეგრძელო

შენ გაგიმარჯოს,
ჩემო სიკვდილო,
მოთმინებით რომ მელოდები
მთელი სიცოცხლე!..

ვერსიები
თუ გიყვარს და მას არ უყვარხარ,
მარტო ხარ სამყაროს წინაშე
და უფლება გაქვს, ამ სამყაროს
ჭექა-ქუხილი უგზავნო;

თუ ვინმეს უყვარხარ
და შენ გულგრილი ხარ,
მარგინალი ხარ – განაპირებული
და სამყაროს დუმილი გაყრუებს;

თუ გიყვარს და მასაც უყვარხარ,
სამყაროსეულ სტიქიის ცენტრში ხართ –
ერთად ხართ და მხრებზე გაცვივათ
ღმერთისგან
ლოდები.

გაბრაზება

გავბრაზდი ჩემს თავზე,
გავბრაზდი ჩემს სიზარმაცეზე
და ეს, უქმად ჩავლილი დღეები
კუთხეებში დავაყენე
არაფრისმაქნის მოწაფეებივით.

ვუთხარი: არ შემობრუნდნენ,
ჩემკენ აღარ გამოიხედონ,
ხმა არ გაიღონ,
მე კი საქმის დაწყება ვცადე
და მაგიდასთან ქაღალდები ავაშრიალე.

ვუთხარი, მაგრამ მიჯერებენ?..
დრო და დრო ჩემკენ იჭყიტებიან,
ერთმანეთსაც ანიშნებენ რაღაც-რაღაცებს
და ფხუკუნებენ – ისევ დამცინიან.

ვყვირი: „გაჩერდით!..“
ჩერდებიან, შეშდებიან თავიანთ ადგილზე,
მაგრამ ეს ცოტა ხნით,
მერე კი ისევ აგრძელებენ ცელქობა-ცუღლუტობას –
არ ისვენებენ
და არც მე მასვენებენ.

ვცდილობ, საქმეს მივუბრუნდე
და ვერ ვახერხებ – არ მაცდიან,
ვერც გარეთ გავყრი…

ახია ჩემზე ! –
დღეებო, არაფრის მაქნისებო,
თქვენს ჭკუაზე არ უნდა მევლო,
თქვენს ნებაზე არ უნდა მიმეშვით.

კედლის  მხატვრობა

– ნუ დაუშლითო, – თქვა ჭაღარა ექიმმა…

ბიჭუნა რვა-ცხრა წლის იქნებოდა,
გამხდარი იყო და ცისფერთვალება –
მარტო იწვა პატარა პალატაში, სადაც დღეში რამდენჯერმე
შედიოდა ან ექთანი, ან დამლაგებელი.

დილით, როცა პირს დაბანდნენ და ასაუზმებდნენ,
რაღაც წამლებსაც აყლაპებდნენ,
ნემსის ჩხვლეტამდე კი ამხნევებდნენ,
ისიც თითქოს თავს იკავებდა,
მაგრამ ზოგჯერ ეტყობოდა – ცრემლებს ყლაპავდა.

მერე, თითქმის სადილობამდე, საწოლში წამომჯდარი
ან ფანჯარას გაჰყურებდა,
საიდანაც ჩანდა ხის ტოტები და ცის ნაწილი,
ან მუხლებზე დადებულ რვეულში ხატავდა.
ხატავდა თორმეტი ფერადი ფანქრით.

ერთ დღესაც ზედ საწოლთან,
თეთრ კედელზე დაიწყო ხატვა.
დატუქსეს და წაუშალეს –
დამლაგებელმა მისი ნახატი
სველი ჩვრით გააქრო.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა,
მესამე დღესაც –
უშლიდნენ და მაინც ხატავდა –
ხატავდა ხეებს, სახლებსა და ავტომანქანებს…

ორშაბათის შემოვლაზე მთავარმა ექიმმა
ბიჭუნა გასინჯა,
მერე თვითონვე შეუკეცა პატარას საბანი
და წუთით  თვალი კედელს გაუშტერა.
არაფერი უკითხავს და მაინც მოახსენეს
ბიჭუნას ახირებაზე თუ სიჯიუტეზე…

კართან მისული ისევ შემობრუნდა:
– ნუ დაუშლითო, –
გაიმეორა და ისე გავიდა.
მას უკან მიჰყვნენ
ექიმები, ექთნები და სანიტარები.

ხის  უძრავი სკამები

ჯადოქარი მწყემსი გახლავთ იანვრის ქარი –
მომნუსხველად უკრავს თავის სალამურებზე;
უკრავს და მისგან წამოსული ზღაპრული ბგერები
ედებიან და ავსებენ ქალაქის ქუჩებს.

მაგრამ ვის ესმის ეს მუსიკა? მხოლოდ მოხუცებს,
მხოლოდ მათ, ვისი დაღლილი სმენაც
მზადაა ამისთვის, ვინც უკვე იციან,
საიდან მოდიან ეს ხმები და საითკენ უხმობენ.

სწორედ ისინი, მოხუცები, ხანდაზმულები
გრძნობენ ამ ხმებს და ამ მუსიკას –
ჯადოქარი მწყემსის – ქარის სხვაგვარ მუსიკას
და მიჰყვებიან საგანგებოდ მორთულნი და შემზადებულნი.

ჩვენთვის ეს მხოლოდ იანვრის ქარია –
ზამთრის ქარი, ცივი, უსიამო
და მათ, ვისთვისაც ეს ცივი ქარი, სხვა რამეს ნიშნავს,
უფრო გვიან მოვისაკლისებთ.

გვიან, ანუ გაზაფხულზე, ანუ სითბოში,
როცა სახლების წინ  ხის უძრავ სკამებზე,
არავინ იჯდება,
არავინ – მხოლოდ მზე, თითქოსდა ვიღაცის მომლოდინე.

 

ყინვიანი  იანვარი

დღისით
გასაშრობად გაკიდული ზეწრები
ღამით
გაიფშიკნენ და თეჯირებად იქცნენ.

გადასწიე თეჯირი, ძვირფასო
და შემომიგორდი –
ჩვენ ხომ ჯერ კიდევ თბილები ვართ !..

 

თებერვლის  ლეპტოპი

ოჰ, თებერვალო, მე რა ვთქვა
შენი გართობის ჟინისა? –
სულაც ფეხებზე გკიდია
რისხვას იწვევ თუ ღიმილსა:
ჩაკეცე ქარის ფაილი,
გახსენ ფაილი წვიმისა.

 

ზ ა ფ ხ უ ლ ი

ღამეები ისე დაპატარავდნენ,
რომ მთვარე ღამეში აღარ ეტევა
და ცაზე დღისითაც ჩანს;

ღამეები ისე დაპატარავდნენ,
რომ სასურველი  სიზმრის ხილვას
ვეღარ ასწრებ –
თენდება, გეღვიძება…

და მაინც, რა კარგია ეს დილის მზე,
ნაშუადღევის ქარი და ღრუბლები,
ეს ჭექა-ქუხილი და ცის ჩამოქცევა!..

რა კარგია ეს ყველაფერი
და რამდენად უკეთესი იქნებოდა
ეს ყველაფერი,
რომ დღისით კისერზე არ გეკიდოს
და ღამით გულზე ლოდივით  არ გედოს
ეს ერთი სიტყვა,
ასე დამძიმებული სიტყვა:
„სამშობლო“…

 

***

რას ვგრძნობ?
რა გითხრა?.. ისეთს არაფერს –
ცხელა და ფიქრი ოფლად მდინდება.
ჩემი ყოფა ხომ ამათ წარმართეს:
ამ დღეებმა და ამ ამინდებმა.

იყო ცის გრგვინვაც და იყო წვიმაც;
იყო თოვლიც და ქარიც – მკვნესავი…
ჰო, ბევრჯერ იყო და ახლა კი ვარ
ხმობაში შესულ ბებერ ხესავით.

არც საითმე მაქვს უკვე საჩქარო
საქმე და ავსაც ნუ დამამუქრებ.
იქნებ შევიძლო და მეც დავყარო
ორიოდ ღერი – შეშა – საბუხრე.

 

 ჰაიკუს მცდელობა

1.***

ანათე, მზეო! –
იხარონ ყვავილებმა,
გუბე კი დაშრეს.

2.***
დღის მზიანი გზა…
იებით სავსე ეზო
ცარიელ სახლთან.

3.***
ბაცი ყვითელი –
პირველი პეპელა წელს,
ჩემგან სულ ახლოს.

4.***

რა მცირე დროა
ბაბუაწვერას ყვავილიდან
მის ჭაღარამდე.

5.***
ლურჯი გაზქურა…
მხოლოდ ფიქრში მესმის შენი ხმა:
„ – ყავა თუ ჩაი?..“

6.***

ვერავინ შესწვდა…
ისევ ჩუმად ჩამოჭკნა
მთვარე ცის ტოტზე.

7. ***

თქვი: „არ მეგონა…“

და თავი დაუხარე,

ვიდრე წამოხვალ.

8.***

ყვითელი ფოთლები
ლურჯი მანქანის სახურავიდან
გზაში ჩამოცვივდნენ.

© “არილი

Facebook Comments Box