ესე,  პოეზია,  პროზა

თინათინ ხუტურიძე – ერთი დღე, როგორც მთელი ცხოვრება

პანდემიის პირველი ტალღა. 1 მაისი

დღეს კარგად თბილოდა. მიუხედავად იმისა, რომ ადრიანად ინათა,  გვიან გავიღვიძე. თითქმის ერთი კვირაა პედრო ალმადოვარის ფილმებს ვუყურებ, -ალმადოვარის დღეები მაქვს. ფილმების ყურება ღამე მიყვარს, თანაც ეს ესპანელი ისეთია, – ღამე, როცა გრძნობები უფრო მძაფრია, ფერები და საგანთა კონტურები უფრო მუქი და ელვარე, ღია ფანჯრიდან გაზაფხულის მსუბუქი საღამოს მრუმე სიჩუმეში – სახლის მოაჯირზე, მოაჯირიდან სახურავზე ახვეული ველური ვარდების, იასამნის და ჟასმინების მკრთალ სურნელ გრძნობ – ესაა ალმადოვარი. გმირების საოცარი ტრაგიზმის გადმოცემის იშვიათი ხერხები, არასტანდარტული ცხოვრების „ჩარჩოებში“ აგებული ადამიანური ურთიერთობები, ისტორიები, გარეგანი/შინაგანი განცდების თავბრუდამხვევი გამოხატულება, მეორეხარისხოვან გმირთა სევდა, ღალატი(ღალატიც კი ისეთი გრძნობებითაა გადმოცემული, რომ მოღალატე გმირი მხარდაჭერას იმსახურებს მაყურებლისგან). და აბა, გეკითხებით, როგორ დავიძინებდი?!

დილით თბილოდა, შუადღეს უკვე გვარიანად ჩამოცხა. სამსახურის და საოჯახო საქმეების მოთავების შემდეგ ველოსიპედით გავდივარ. უკვე ერთ კვირაზე მეტია მთავარ გზატკეცილზე ვბედავ სრბოლას. მანქანები მომრავლდა, მაგრამ უკვე აღარ მეშინია. მანძილი და სიჩქარე გავზარდე და  მარშრუტიც შევიცვალე,- ხიდზე გადავედი, უცხო ჩიხები შევათვალიერე და დავასკვენი, რომ ხშირტოტებიან ხეს ჰგავს ეს ქუჩა, – მთავარი გზატკეცილი ხის ტანია, შედარებით ვიწრო ქუჩები და ამ ქუჩებიდან უფრო ვიწრო ჩიხები, იმ ჩიხებიდან საცალფეხო გზები, – უზარმაზარ, ხშირტოტება მუხას მაგონებს. თანაც სულ უცხოა, მე კი ეს უფრო მაინტერესებს – უცნობი ქუჩების თვალიერება, უცნობი ხეების, ჭიშკრების, სახლების, გალავნების, ადამიანების, უცხო უბნის ძაღლების თუ კატების.

მთავარი ქუჩიდან რატომღაც მესამე (და არა პირველივე) ჩიხში შევდივარ. დამრეცი, ვიწრო ქუჩა ჩადის. მივყვები. აქეთ-იქით ერთ/ორ სართულიანი, ძველი სახლები დგას (იშვიათად თანამედროვე, სტანდარტული) ერთმანეთის მიჯრით. ზოგს საერთო კედელი აქვს. ძირითადად ქვით ან აგურითაა ნაშენი, კედლები უფრო ჩაშავებულ-ჟანგისფერია. უკვე მორყეული ხის კარ-ფანჯრები, ჟანგიანი კიბის/აივნის მოაჯირები. ჭიშკრებიც ყურადღებას იქცევს, – საღებავგადაცლილი, ძველი ორნამენტებით გაფორმებული. ზოგ ეზოს ისევ ხის ღობე გასდევს, ოდესღაც შაბიამნისფრად შეღებილი. ჭიშკარზე ხშირად მხვდება საფოსტო ყუთები (წარსულში ალბათ ყოველ დღე ამოწმებდა სახლის პატრონი, ახლა უკვე მივიწყებულ ფოსტას). ერთ-ერთ, ერთსართულიან, ძველისძველი სახლის შიდა ეზოს მანქანის ჟანგიანი, მოღრეცილი კარები აქვს მავთულით შებმული, მომცრო ტანის ძაღლი წკმუტუნით ახტება და ფხაჭნის.ეზოები ხეებს გადაუფარავთ, – ძირითადად კომშის, დაფნის, ბროწეულის, ლეღვის და ალუბლის ხეები სჭარბობს. იშვიათად – კაკლის და ალვის ხეები, ისინიც გიგანტურები, – სქელი, დაგრეხილი ტანით და ცადაწვდილი უშველებელი ტოტებით. სულ ცოტა, ნახევარი საუკუნის იქნებიან ალბათ. აქ ყვავილობა უკვე ჩავლილია, – ღობეების ძირში, ქარისგან ჩამოცვენილი კომშის და ალუბლის ყვავილის ფურცლები და ოდნავ შემხმარი ფოთლები ყრია. მხოლოდ დაფნა ყვავილობს – ნაზი ყვითელი, ოდნავ მკრთალი, მკვრივი ყვავილი აქვს და ფოთლები ჩამუქებულ ზურმუხტისფრად ბზინავს.

ძალიან ნელა მივუყვები ქუჩას. თითქმის ყოველი 200 მეტრის დაშორებით ვიწრო ჩიხები შედის, ზოგი აღმართზე ადის, ზოგი დამრეცია, ზოგი სხვა ქუჩაზე გადის, ზოგიერთი სიღრმეში მდგარ სახლთან წყდება. რაც უფრო ყველა ჩიხში შედიხარ, მეტად იკარგები ლაბირინთში. მზე უფრო აჭერს, ძაღლები ნებიერად მიწოლილან ღობეების ძირში და სთვლემენ. მხოლოდ ერთმა გაახილა ზანტად თვალები ჩემ დანახვაზე, დააკვესა და ისევ ძილს მისცა თავი. ბავშვები ქვიშაში თამაშობენ, – პატარა ვედროებით წყალი მოაქვთ და ქვიშის აუზს ავსებენ. რამდენიმე კაცს ცემენტით სავსე ვედროები შემოუდგამს მხარზე,- აგურით და ბლოკით აშენებულ მომცრო სახლს ლესავენ.

მთავარი ქუჩის მესამე ჩიხიდან მეორე ჩიხში გავდივარ. აქ უკვე სრული სიჩუმეა, – გზაზე არავინ ჩანს. სახლები უფრო ძველი, პატარა და თითქმის ყველა ერთმანეთზე გადაბმულია. ეზოებშიც უფრო მეტი ხეები ჩანს და მინიატურულ სახლებს მთლიანად ფარავს. ჭიშკრები საგულდაგულოდაა ჩაკეტილი. აქა-იქ თუ დაიყეფებს ძაღლი, ყვითელი კატა კნავილით კვეთს ქუჩას და გალავანზე ხტება,- თავსზემოთ დამყურებს. აქ არაფერი ხდება ოდნავ მოძრავი სიჩუმის გარდა. ამიტომ ვტოვებ და მთავარი ქუჩის პირველ ჩიხში ვუხვევ. და ამ მოხვევის დროს საჭე მსუბუქად მიტრიალდება ხელში, საბურავი უადგილოდ გამოჩრილ ბორდიურის წაწვეტებულ ქვას ედება და მთელი ძალით ვეცემი. მუხლი და წვივი გადამეყვლიფა. ცოტა მეწვის. ველოსიპედზე ვჯდები და პირველი ჩიხისკენ მივდივარ. მაინტერსებს რა ხდება პირველ ჩიხში.

მაგრამ პირველი ჩიხი, ჩიხი კი არა, ქუჩა აღმოჩნდა, – იმდენად განიერია. აქ ძველი სახლები გაუთანამედროვებიათ, – ფანჯრების ჩარჩოები, სახურავები, ჭიშკრები შეუცვლიათ, შეუღებავთ.  სახლები ერთმანეთისგან დაშორებით დგას, ეზოები ფართოა და ნათელი – მეჩხერი ხეხილით, დაბალი, მწვანე მოლით, მოლზე გაბნეული გვირილებით, ეზოში მოფუსფუსე ადამიანებით, ქუჩაში მოსეირნეებით და ხმამაღალი გადაძახილ-გადმოძახილით. ველოსიპედზე ამხედრებულებიც ხშირად მხვდებიან, უფრო პატარა გოგო-ბიჭები. ფერადი, საზაფხულო მაისურები აცვიათ, მხიარულად საუბრობენ და იცინიან.  აქა-იქ ძველი, ქვით და აგურით ნაშენი, მაღალი ორსართულიანი სახლებიც დგას, დამრეცი ჩაშავებული სახურავებით და სქელი ბუხრის მილებით. ფანჯრებიც მაღალი და თაღოვანია. სადარბაზოს კარები ხისაა, ჟანგიანი ანჯამებით. ყველას აქვს საფოსტო ყუთი, კარებზე მიკრულ რკინის ფირფიტაზე სახლის  მაცხოვრებელთა გვარ-სახელი წერია გვერდზე ზარის ღილაკებით. ერთ-ერთი სართულის ფანჯარა ღიაა და ფარდა გადაწეული. კარგად ჩანს ოთახის მაღალი ჭერი, ფანჯრის რაფაზე თეთრი ბალბა და სავარძლის საზურგეზე მიფენილი ტანსაცმელი (მგონია რომ სარეცხის თოკიდან ახალი ჩამოხსნილია, მზის სუნი ასდის და საყელოზე მსუბუქი ობობა მიცოცავს). კედლები კრემისფრადაა შეღებილი და სქელჩარჩოიანი ნახატები ჰკიდია.  მაგიდასთან ქალი ზის, ფინჯანს ხელში ატრიალებს და ვიღაცას სახლის ტელეფონით ხმამაღლა ესაუბრება, – ოთახის სიღმიდან ბოლომდე გამოჭიმული, სპირალურად დახვეული ყურმილის შნური ჩანს.

ქუჩას უფრო ნელა მივუყვები. ძველი სახლი მთავრდება და უზარმაზარი, ბებერი ხეები იწყება. თითქოს ეზოა, მაგრამ ღობე არ აქვს (აქ ყველა ეზოს აქვს ღობე, ზოგს მაღალი, ზომაზე მაღალიც კი, საიდანც მხოლოდ ხის კენწეროებს თუ მოჰკრავ თვალს, ზოგს მხოლოდ – მავთულხლართების, მთავარია ყველას აქვს/აუცილებელია ჰქონდეს).  იქვე სახლი დგას, მუქი, ჩანესტილი კედლებით, ძველისძველი სახურავით, ჩაშლილი ბუხრის მილით და მორყეული ფანჯრებით. სავარაუდოდ, ეს ბებერი ხეები ამ სახლისაა, სახლის წარმოსახვითი ეზოსი, რომელსაც ღობე არ აქვს, ან არ შემოავლეს, – ვერ ნახეს ამის საჭიროება. კარები ორმაგია და ღია, მის სიღმეში საგნები არ ჩანს, მხოლოდ ბრმა და ყრუ სიბნელეა, ჩქამიც არ ისმის. ველოსიპედს ვაჩერებ, კედელზე ვაყუდებ და სახლში შევდივარ. იატაკი ბრტყელი ქვისაა, ოთახის შუაში დიდი, მორყეული მაგიდა და ერთი სკამი დგას. სამზარეულოში რამდენიმე, ძვირფასი ხისგან ნაკეთი კარადა, ძველებური მაცივარი და კრანია. გაურკვეველი სუნი, მაგიდაზე პურის ნატეხი, ნამცეცები და წყლიანი ჭიქა დგას. ოთახს სამხრეთის მხარეს დიდი, თაღოვანი ფანჯარა აქვს. მივდივარ და ვაღებ. ლამაზი ხედი იშლება, –  ჯმუხი ხეებით სავსე ბაღი, დაბლა მდინარის კალაპოტი, ნაპირზე თხელი ჭალის ხეებით, უფრო შორს – ხიდი, ხიდზე მატარებელი და დასავლეთით ქალაქის კონტურები. ბაღს უფრო ყურადღებით ვაკვირდები და ახლაღა ვამჩნევ ბებერ ხეებს შორის ძველ საფლავებს.  ჯვრის და თაღის ფორმის ქვის სვეტები გაფერმკრთალებული წარწერებით. გვერდზე გადაქანებულნი, ნაპირჩამოცვეთილი კუთხეებით და ჩამორეცხილი ფასადებით. ამიტომ არაა შემოღობილი ეს ბაღი, – სასაფლაო ყოფილა. უეცრად, სადღაც შორიდან კვნესა მესმის. ალბათ გვერდითა ოთახის სიღრმიდან. ფრთხილად შევდივარ, სიბნელეში გვიან ვარჩევ საწოლს, –  ფანჯარა დასავლეთს უყურებს და დღის შუქი არაა საკმარისი სივრცის გასანათებლად. ოთახში მხოლოდ ძველი, მოჩუქურთმებული ხის კარადა და მძიმერიკულებიანი რკინის საწოლი დგას. საწოლზე იმდენი ლეიბები, საბნები და ბალიშებია, ზედ მწოლიარე მოხუც ძლივს ვამჩნევ. ქალს მთლიანად თეთრი თმა, თხელი, ჩამოქნილი სახე და შავი თვალები აქვს. წყალს მთხოვს. მისაღები ოთახის მაგიდაზე მდგარი ჭიქა მომაქვს და ვასმევ. გვიან ვამჩნევ კედელზე გაკრულ გახუნებულ ფოტოებსაც, რომელზე გამოსახული ადამიანები რაღაც მრავლისმეტყველი მზერით მიყურებენ. ქალი მათზე იწყებს მოყოლას, – ისე ხმადაბლა ბუტბუტებს, სიტყვებს ვერ ვიგებ, თან თავის დამდნარ ხელს მაჯაზე მიჭერს, თითქოს გრძნობს რომ მალე უნდა წავიდე და მაკავებს, – ამბავი ბოლომდე უნდა მომიყვეს.  ოთახში უფრო ბნელდება, ფანჯარაზე ჩამოფარებულ ფარდას ვწევ. რძისფერი ტილოს ფარდაზე, სხვადასხვა ფერის ძაფით გამოსახული ნაქარგები იქცევს ჩემს ყურადღებას. ფარდას ისევ უკან ვწევ და ვჭიმავ, უფრო კარგად რომ შევათვალიერო. მარცხენა ნაპირს, თითქმის მთლიანად ფარავს მსხვილი აგურისფერი ვარდები, ნაცრისფერი ქვის სვეტზე ახვეულნი. სვეტის დაბოლოვებაზე უცხო ფრინველი ზის, ფრთები ოდნავ გაშლილი აქვს და ნისკარტით ზეთისხილის რტო უჭირავს. სვეტის ძირში რამდენიმე წაწყვეტილი წითელი ვარდი, გადაშლილი წიგნი და დახეული წერილი გდია. ფარდის ზედა ნაწილში დამშრალი შადრევანია, შუაში აქაც სვეტი დგას თავზე სუროშემოხვეული მრგვალი დისკოთი. შადრევნის კიდეზე ქალი ზის, ლურჯი ატლასის გულამოღებული, ბანტიანი გრძელი კაბა აცვია, ოქრისფერი თმები კეფაზე აქვს აწეული, ჩამოქნილი, თხელი მხრები, მაღალი კისერი და ნატიფი სახე აქვს(თითქოს ამ სახლის ბინადარ ქალს ჰგავს, ახლგაზრდა ალბათ ასეთი იქნებოდა). ცალი ხელი უდარდელად გადაუდვია იქვე მდგარ  სკამის საზურგეზე, გრძელ და თხელ თითებში სინათლე გასდის და მკაცრად, მაგრამ უღონო მზერით უყურებს ბაღის კუთხეში მდგარ წყვილს. ქალი და მამაკაცი  მოშორებით, ძველი გალავნის კუთხეში განმარტოვებულან. წელშიგამართული ქალი ქვის სკამზე ზის, ნაღვლიანი რბილი თვალები, თხელი ტუჩები და სქელი, უკან შეკრული წაბლისფერი თმა აქვს. ხელში გადაშლილი წიგნი უჭირავს და გულდასმით კითხულობს, – პარტნიორს ყურადღებას არც კი აქცევს. კაცი საზეიმოდ გამოწყობილა,- ფრაკი აცვია და თავზე  შეპუდრული პარიკი ადევს. ქალს რაღაცას ეჩურჩულება, ყურში კი არა, ტუჩები თითქმის ქალის ყელზე აქვს მიდებული და თითქოს ყელში ეჩურჩულება. მათ თავსზემოთ ტოროლა მიფრინავს. ფარდის მეორე ბლომდე ქვის მოკირწყლული ბილიკი მიდის. ბილიკს ხშირი ბუჩქნარი, ველური სურო, სუროში გადახლართული  მაღალი ყვითელი და მეწამული ფერის ვარდები და  დაბრეცილტანიანი, ხმელთაშუაზღვის ფიჭვის – პინუს-პინიას  ხეივანი მიუყვება. ბილიკის ბოლოში ორი ახმახი ჩხუბობს. ორივეს ტყავის, მოკლე ჟილეტი აცვია, დეზებიანი, მოკლეყელიანი უხეში ჩექმები, ვიწრო შარვალი და გახუნებული პერანგები სხეულზე შემოტმასნიათ. შედარებით დაბალი, უფრო ახმახს ყელში ხელებს უჭერს. სახე საშინლად დაღრეჯვია და მეჩხერი კბილები ავად უელავს. ახმახს მოკლეტარიანი დანა უჭირავს, დაკუნთული და გაძაგრული ხელით მკერდისკენ უმიზნებს და არაფრისმთქმელ სახეზე ტუჩის ცალი კუთხით იღიმება.  მაღალი გალავნის თავზე, იქ სადაც სუროს გრძელი ბოლოები ვეღარ სწვდება, ორი გაჩეჩილი თავი და ორი წყვილი შეშინებული თვალი ჩანს. ძნელი გასარკვევია, სოფლის ღარიბი, ტურტლიანი ანცი ბავშვები არიან თუ გზადმოხეტიალე მათხოვრები. ფარდის სულ ზედა კუთხეში, ნახევრად ჩანს ძველი სამრეკლო, გუმბათზე ამოსული ბალახით, გადახრილი ჯვრით და თითქმის ჩამონგრეული სვეტებით.

ფარდას უკანვე ვწევ და ქალისკენ ვბრუნდები,  ამოქარგული სცენების შესახებ რომ ვკითხო, მაგრამ წყება-წყება ლეიბ-საბნებში ჩაკარგული მისი სიფრიფანა სხეული ოდნავღა იძვრის, – მშვიდად ფშვინავს. გარეთ გამოვდივარ. შემოსასვლელ კარში, კუნაპეტ ღამესავით შავი მწევარი დგას და მომჩერებია. ყელზე ძვირფასი საყელური უკეთია, – პატარა, ოქროსფერი კლიტეებით და კლიტეებზე გამოსახული, მხატვრულად გაფორმებული ლათინური ინიციალებით. ნუთუ ამ ქალბატონის მწევარია? – ვფიქრობ. მაგიდაზე დაყრილ გამხმარ პურის ნაჭრებს, ქვაბში ჩამშრალ გამოხრულ ძვლებს და წვნიანის ნარჩენს ვპოულობ და კარების ზღურბლთან ჯამით ვუდგამ.  ერთხელ კიდევ ვავლებ თვალს ბებერ ბაღს და საფლავის სვეტებს. რატომღაც მგონია, რომ ამ სახლის ქალბატონის ცხოვრების ეპიზოდებია იმ ფარდაზე ამოქარგული. შეიძლება თავად დაქარგა, ანდა მოსამსახურეს ამოაქარგვინა. და ეს ბაღიც, ამ  ძველი საფლავებით (ალბათ ოჯახის წევრები განისვენებენ ), ეს მწევარიც – ამ ქალის, როგორც უკანასკნელი მოჰიკანის ბოლო ნავმისადგომია. სახლს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს. მეორე სართულის ფანჯრების ყველა დარაბა დახურულია, ჩამონგრეულ საკვამურზე ბოლოქანქარა ზის და კუდს უდარდელად აქნევს.

ველოსიპედზე ვჯდები, ქუჩას ისევ აღმა მივყვები და სავარჯიშო მოედანზე ვჩერდები. დიდხანს ვვარჯიშობ, გადაქლერტილი ფეხი ყრუდ მიფეთქავს. მთავარ ქუჩაზე ავტომობილები დიდი სიჩქარით მოძრაობენ, საფეხმავლო გზაზე ხალხი სეირნობს. ახალგაზრდა კაცი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მოდის და ისიც ვარჯიშობს. უკვე ძალიან დავიღალე, მგონი მეტისმეტად ბევრი ვივარჯიშე, – კუნთები მითრთის და სახლში მზის ჩასვლისას ვბრუნდები. შხაპს ვიღებ და ნატკენ ადგილებზე იოდის ბადეს ვიკეთებ. ჩემს პატარა გოგონას ვაწვენ და ზღაპარს ვუყვები, ჩემს მოგონილ ზღაპარს, – ეს მისი კატეგორიული თხოვნაა უკვე რამდენიმე წელია (რაც საუბარი დაიწყო, მას მერე). მალევე იძინებს. მინდა ალმადოვარის მორიგ შედევრს ვუყურო, მაგრამ ამდენი ვარჯიშის და ემოციურად დატვირთული დღის ბოლოს ძალიან დაღლილი ვარ და ძილს ვირჩევ. გართ სუსტი ქარი უბერავს და წვიმას იწყებს. გაბრუებულს გვიან მეძინება. ხვალინდელი დღე დატვირთული მექნება, – არ ვიცი რამდენად შევძლებ გარეთ გასვლას ველოსიპედით. ან იქნებ შევძლო კიდეც?!

 

სიზმარი მეგობარს

პანდემიის პირველი ტალღა. 27 აპრილი

რადგან ღამის სქელ ფარდას აღარ ვაფარებ, ამოსვლისთანავე მზე პირდაპირ სახეზე დამნათის და დღეს დილით ამიტომ უცებ მეღვიძება. მეღვიძება და წამსვე ვიხსენებ ნანახ სიზმარს. მეგობარი ვნახე. რაღაც სიურეალისტური კადრები იყო. აი, დაახლოებით სალვადორ დალის ნახატებისმაგვარი (ზოგადად სიზმარა ვარ,- ჩემი ღამეები იშვიათადაა უსიზმრებო). მაშინვე აბაზანაში გავრბივარ, პირს ვიბან და სანამ ჩემი ტვინი სრულ გამოფხიზლებას დაიწყებს და სანამ სიზმრის შინაარსი სრულად მახსოვს, მეგობარს ვწერ:

  • გამთენიისას სიზმარში გნახე. კადრი იყო ზემოდან, ზემოდან დავყურებდი. მზე ჩადიოდა საშინელ წითელ-ცეცხლისფრად. სოფელში იყავი და შენი სახლისკენ მიდიოდი. ზღვის ტალღები იმ ბილიკამდე აღწევდა, რომელზეც მიდიოდი. და ტალღები იყო ძალიან თხელი და სუსტი – თითქოს ძალიან შორიდან მოდიოდნენ, ზღვა კი არსად ჩანდა. ნაპირი იყო შლამით დაფარული და ყველაფერი თვალისმომჭრელ ოქროსფერში გახვეულიყო. აქა-იქ სოფლის ბავშვები მიმორბოდნენ ფერადი ფრანით. მერე უცებ მთის ბილიკს აუყევი (აქ უკვე კადრი დაბლა ჩამოდის) და მე და შენ, შენი სახლის ხის ვიწრო აივანზე, მაგიდასთან ვსხედვართ და მეუბნები: შენ თუ თვლი, რომ დედაჩემს ოპერაცია უნდა გავუკეთო, გავუკეთებ! არადა მე საერთოდ არაფერი ვიცი და ავნერვიულდი, ძალიან შევწუხდი, თან შემრცხვა რომ საქმის კურსში არ ვარ დედაშენის ავადმყოფობასთან დაკავშირებით და გკითხე თუ რა დიაგნოზი აქვს. შენ ამოიოხრე და თითქმის ჩურჩულით მითხარი: მძიმე მოგონებები. ის-ის იყო უნდა მეთქვა, რომ ამის ოპერაციას არავინ გაუკეთებს, – გამომეღვიძა.

ძალიან მინდოდა ძილის შებრუნება და სიზმრის გაგრძელება, მაგრამ თითქოს ჩემს ჯიბრზე მზე უფრო მეტად აჭერდა და ერთბაშად გამოვფხიზლდი.

ახლა გზადაგზა მახსენდება კადრები, – შენ გქონდა მხრებზე დაყრილი თმა, გეცვა ძალიან გამჭვირვალე, გრძელი ბოლოკაბა და თეთრი ზედა. იმ ტალღებს შორის რომ მიდოდი, ბილიკზე მიათრევდი კაბის ბოლოებს და შლამის უწვრილესი ნაწილაკები იმ საშინელ ოროსფერში ათასფერად ბრწყინავდა. საგნები, ადამიანები, ჩრდილები იყო გაწელილი და მკრთალი, ალბათ დაისი რომ იყო, იმიტომ.

მეგობარი: ვაახ… სამოთხეში ხომ არ ვიყავი გოგო, ხო არ მოვკვდი?

მე: ღმერთმა დაგიფაროს ( ან რატომაა ცუდი ვითომ სიზმარში სამოთხე). ალბათ შენი გუშინდელი ფეისბუქპოსტები ჩამყვა ძილში და ამიტომ გნახე.

მეგობარი: რაც ეს კორონობა დაიწყო, თვალი მითამაშებს. ბებიაჩემი ამბობდა: არ უნდა გაამხილო, თვალმა თქვა, მე ამდენ საიდუმლოს გინახავ და შენ ერთი ვერ შემინახეო?!. თვალის თამაში ცუდი ამბის ნიშანია და სულ დაძაბული ვარ.

მე: არა, არ აჰყვე მაგ ცრუშეგონებებს, გაგტანჯავს.

მეგობარი: ხოდა თავს ვიმშვიდებ, რომ თვალის ანთება მაქვს უბრალოდ.

მე: მასე ჯობია,- თვალის ანთება, ვიდრე ცუდზე ფიქრი.

ვსაუზმობ, – შვრიის ფანტელით და ერთი ცალი მოხარშული კვერცხით, თან ისევ იმ სიზმრის კადრები მახსენდება. მერე სპორტულად ვიცვამ და ველოსიპედით სავარჯიშო მოედანზე ავდივარ( უკვე ფრანგულ წონაზე ერთი ნიშნულით ნაკლებს ვიწონი და მიხარია. კიდევ 4 კილო და იდეალურ რიცხვს მიჩვენებს სასწორი). სრული დატვირთვით ვვარჯიშობ, მერე ცოტახანს ვისვენებ და ველოსიპედით მთელ დასახლებას რამდენიმე წრეს ვუვლი.

გზაში, ჩემი ტვინის რომელიღაც უჯრედი აქტიურდება და უცებ, როგორც დენი გარტყამს – მახსენდება ბავშვობის სათამაშო – დაწნული თევზი. სლიკინა, მონაცრისფერო-რუხი რეზინისმაგვარი მასალით დაწნული. ხშირად მახსენდება ბავშვობის ამბებიდან უმნიშვნელო დეტალები, საგნები, საგანთა ფერები/დანიშნულება/ნაცნობ-უცნობი ადამინების უმნიშვნელო მოძრაობები… ოჯახურ შეკრებებზე ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს თუ რამის გახსენება უნდა, მე მიხმობენ, – იციან რომ ზუსტად გავიხსენებ. მაგალითად, ერთხელ ბებიაჩემის ძმის ძაღლზე რომ საუბრობდნენ, გავიხსენე კონკრეტულად რა ადგილას ჰქონდა ვარსკვლავი (ჭრელი ძაღლი იყო) , ან ის ამბავი – ბიძაჩემი სტაფილოსფერი „მოსკვიჩით“ რომ მოვიდა ჩემს წასაყვანად მოხეტილაე ცირკში, რა ფერებში ეცვა კუბოკრული პერანგი. სოფლის შემოსასვლელში, მდინარის პირას გაშლილ მინდორზე იყო დაბანაკებული მოხეტიალე ცირკი. გარდა იმისა, რომ იყო დიდი, მბრუნავი კარუსელი ცხენებით, მასხარები საპნის უზარმაზარ ბუშტებს უშვებდნენ ცაში, ცირკში მონაწილეთა შვილები ფერად-ფერად საწუწნ მამალო კამფეტებს და ბამბის ნაყინებს ყიდდნენ, – ტირის თოფებით მიზანში სროლა შეგვეძლო, ოჩოფეხებზე შემდგარი მსახიობები სასტვენებით უსტვენდნენ და მერე ჩვენ გვესროდნენ, სასტვენების მერე ჯიბიდან „დონალდოს“ და „ოქროს მონეტების“ საღეჭ რეზინებს აბნევდნენ ჩვენს ფეხებთან. სწორედ აქ იმართებოდა დიდი აურზაური, – ვინ უფრო მეტის დატაცებას მოასწრებდა. და მახსოვს, ის ბავშვი, ვისაც არც ერთი საღეჭი რეზინა და სასტვენი არ შეხვდა, რა  საცოდავად აბუზული იდგა დიდი, მბრუნავი კარუსელის ახლოს და ქვითინებდა. მახსოვს, რა ფერის რეიტუზი, ფეხსაცმელი და ქურთუკი ეცვა. ამ ყველაფრის ცოტა მოშორებით, ხის მრგვალი ავანსცენა იყო მოწყობილი, გარშემო ხის კიბეებით. კიბეებზე ასულები საოცარი სანახაობის მოწმენი ვხდებოდით, – ჩვენს წინ,როგორც უზარმაზარი ძაბრი, ისეთი ფორმის ხის ორმო გვხვდებოდა. ძაბრის ძირში, მოტოციკლეტზე ამხედრებული ჩაფხუტიანი ბიჭი იდგა. მაყურებლებში მდგარი მასხარა სასტვენში ჩასტვენდა თუ არა, მოტოციკლეტისტი ადგილს მოსწყდებოდა და ამ ძაბრის კედელზე იწყებდა თავბრუდამხვევ რბოლას. აბა, ის იყო რაც იყო… ხალხი სხვა ყველაფერს თავს ანებებდა, – კარუსელის ცხენები თავდახრილები უძრავად იდგნენ, მამალო/ნაყინის გამყიდველები მოწყენილი სახეებით აკნატუნებდნენ მზესუმზირას, ტირის თოფების ტკაცუნი აღარ აყრუებდა არე-მარეს, ოჩოფეხებზე მდგარი მსახიობები ქვის მაღალ გალავანზე შემომჯდარები, იმ ოჩოფეხი-ფეხზე გადადებულები სიგარეტს აბოლებდნენ და თან ბოშური ცეკვების ულამაზეს მოცეკვავე გოგოს ეარშიყებოდნენ, რომელიც ძალზე გრძელ, ტალღოვან შავ თმებს მკლავზე იხვევდა.

მოტოციკლეტისტი კი, უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს, – ძაბრს მთელ სიმაღლეზე აჰყვებოდა და ჩაჰყვებოდა. ძაბრი ამ სიჩქარისგან ძაგძაგებდა და მთელი ეს ხის კონსტრუქცია მაყურებლებიანად საშინლად ჭრიალებდა. ბოლოს, როცა ისევ ძაბრის ფსკერზე ეშვებოდა, ხალხი ერთბაშად შვებით ამოისუნთქავდა და კიდევ დიდხანს ჩაჰყურებდა ამ საოცარ რაღაცას. მერე, როცა ნელ-ნელა იშლებოდნენ და შთაბეჭდილებებს ერთმანეთს გაოცებულები უზიარებნენ, იქით გავრბოდი სადაც მოტოციკლისტი ბიჭი მეგულებოდა. მინდოდა მენახა ახლოდან როგორ გამოიყურებოდა და ერთხელ ვნახე კიდეც. ხიდთან ახლოს პატარა კარავი ჰქონდათ, სადაც მსახიობები იცვლიდნენ და თავის ნივთებს ინახავდნენ. იმ კარვის შესასვლელთან იდგა და თერმოსიდან წყალს სვამდა (ალბათ წყალს, მაშინ ასე გავიფიქრე). შავი ტყავის შარვალ-მოსაცმელი და შავი, მკერდზე ჩახსნილი პერანგი ეცვა. სახეზე ოფლის წვეთები ეყარა, მარცხენა ყვრიმალიდან ნიკაპამდე ნაიარევი გასდევდა და მარჯვენა ხელის არათითზე დიდი, ზურმუხისთვლიანი ბეჭედი ეკეთა. მე გაოცებული  დიდხანს მივჩერებოდი, ის კი ყურადღებას არ მაქცევდა, – ალბათ მიჩვეული იყო ცნობისმოყვარეთა ასეთ მზერას. წყალი დალია, რაც თერმოსში დარჩა თავზე დაისხა, – სველ სახეზე უდარდელი ნეტარებით ჩამოისვა ორივე ხელი და კარვის კუთხეს ხელი აჰკრა – გაუჩინარდა მის სიბნელეში. მე ცოტა ხანს ისევ იმ ადგილას ვიდექი, გამოფხიზლებულმა შვნიშნე, – კარავს ჭრელი ფარშევანგები ეხატა მთელ სიგანეზე, მას ზემოთ ოქროსფერი სპილოები, სულ მაღლა კი, მწვანედ მოხასხასე პალმის ტოტები.

ამასობაში, სახლში მოსული  ჩემი და-ძმასთან დარეკვას ვცდილობ, – მინდა გადავამოწმო ჩემი თავი,  ნამდვილად გვქონდა თუ არა ის დაწნული თევზი. ჯერ ჩემ დასთან ვრეკავ, რომელიც ვერ მიდასტურებს, მაგრამ მაიმედებს, – თუ მე მახსოვს, ესე იგი ნამდვილად გვქონდა. იმედად მხოლოდ ჩემი ძმა მრჩება, მაგრამ ჩემი ტელეფინის ზარს არ პასუხობს. ამიტომ რძალთან ვრეკავ, ის კი მეუბნება, რომ ჩემი ძმა თუშეთში, ცხვარშია წასული, ტელეფონი ვერ იჭერს ფიჭურ სიგნალს და ამიტომ  დარეკვას აზრი არ აქვს.  ისევ ჩემი ტვინის იმ უჯრედის იმედად ვრჩები, რომელსაც ახსოვს ის დაწნული თევზი.

საღამოს, სანამ მზე ჩავა და სანამ ჩემი ემოციები მეგობარზე სიზმრის მივიწყების საშუალებას მომცემს, ლექსს ვწერ და ვუგზავნი:

 

სიზმარი მეგობარს

არსად ჩანდა ზღვა,

მხოლოდ ტალღები,

უსასრულოდ გაწელილი თხელი ტალღები

ბოლოში ქაფის არშიებით,

შლამიან ნაპირს ისე ნაზად ეხებოდნენ, მოცურავდნენ, მოსრიალებდნენ,

როგორც პირველ შეყვარებულთა ცხელი ხელები

ერთმანეთის ვნებით სავსე, ნორჩ სხეულებზე.

მზე ჩადიოდა – ბლანტი დისკო

და ისეთ საშიშ ოქროსა და ცეცხლისფერში ხვევდა ყველაფერს,

თითქოს ხანძარმა,

პერსეპოლისში ავარდნილმა ავმა ხანძარმა –

სიძვის დიაცმა,

დიონისურ ზარხოშების მოტრფიალე ქორფა თაისმა,

ანთებული ჩირაღდანი სიძულვილით ისე ისროლა

ამ ნაპირამდე მოაღწიაიმ ავი ხანძრის  ნაპერწკლებმა, –

ხარბად ლოკავდა ცეცხლის ალი თხელ ტალღებს და ქაფის არშიებს,

იქვე ბავშვები,

ფერადი ფრანით მორბენალი სოფლის ბავშვები პატარა ლოდს მიაგორებდნენ,

იმათი ფეხის ნატერფალებს მიჰყვებოდა გამხდარი ქალი,

ნაზი თვალებით, თხელი მხრებით, ყელზე ქარებით

და კაბის ბოლოს უსველებდა ქაფის არშია…

შორს კი, მთებს იქით, კონტურებიც ელავდნენ სადღაც, –

არსად ჩანდა ზღვა, – ქარს მოჰქონდა იოდის სუნი, –

არც იალქანი, არც თოლია, არც ნაპირზე გამორიყული

გვამი ადამის – არაფერი არ ჭაჭანებდა,

მხოლოდ სერავდა ამ სიჩუმეს

პერსეპოლისში, პასაგარდის ქვის ველ-მინდვრებზე

ქსერქსეს ქანდაკის მსხვრევისა და ზარხოშის ხმები,-

მაკედონელმა ათენისთვის  შური იძია!

 

ქროლვა ლაბირინთებში კამიუს თანხლებით

პანდემიის პირველი ტალღა. 15 აპრილი

წუხელ ღამის სქელი ფარდა ბოლომდე გავაფარე (როგორც წესი მთლიანად არ ვაფარებ, ასე, ნახევრ მეტრს ვტოვებ ღიად  რომ ლამპიონის შუქი შემოვიდეს,- უფრო მისტიკური სურათივით მინდა იყოს ჩემი ოთახი,- მრუმე ჩუქ-ჩრდილები, სარკეში ბუნდოვნად არეკლილი საგნები, მოჩვენებითი ლანდები, ჩქამი…) და ამიტომ ვერ გავიგე როდის გათენდა. განთიადის მოწმე მინდა ვიყო ყოველთვის. ფანჯარაც აღმოსავლეთს უყურებს და როცა კარგი ამინდია, დილის შუქი, მზის სხივები ოთახს და საწოლოს ეცემა და ეს რაღაც ახალი ძალით, ჩემს დღეებს ენერგიით და ექოს ხმებით ავსებს.

რაც ეს ვერაგი ვირუსი მძვინვარებს, რა თქმა უნდა დღის (ღამისაც) რეჟიმი მკვეთრად შემეცვალა. პანიკაში არ ვარ, თუმცა გარდაცვლილ და ავდმყოფ ადამიანებზე ვდარდობ, სიახლეებს და მოსაზრებებს ვირუსის შესახებ ვეცნობი, ნორმის ფარგლებში ვფრთხილობ, ვისაც გამხნევება სჭირდება ვამხნევებ და გამონთავისუფლებულ დროს პრაქტიკული მიზნებისთვის ვიყენებ.

ადგომისთანავე დილის მსუბუქ ვარჯიშებს ვასრულებ, ვიწონები (-3 კილო ვარ) და წიწიბურას ვხარშავ მთელი ოჯახისთვის. დაგვიანებული დილის რიტუალის შემდეგ (რადგან გათენება გამომეპარა ბოლომდე გაწეული სქელი ფარდის გამო) მალევე ვიდეოგაკვეთილს ვიწყებ IX და შემდეგ მიყოლებით  VIII კლასებთან. მერე კიდევ ნახევარ საათს ვანდომებ ელექტრონული აღრიცხვის ჟურნალის შევსებას. ამ სამუშაოს დასრულებისთანავე სასწრაფო ვიცვამ ბოტასებს და ველოსიპედით რამდენიმე წრეს ვარტყამ ახლო-მახლო ქუჩებს და ჩიხებს. ველოსიპედის ტარება ჩემმა შვილმა მასწავლა წინა კვირას. საკმაოდ კარგად ვმართავ, -ჩიხებში მოხერხებულად ვძვრები და მუხრუჭი და მოხვევაც უკვე შემიძლია. მხოლოდ ეგაა, ცენტრალურ გზატკეცილს ვუფრთხი – მანქანები ჯერ კიდევ აქტიურად მოძრაობენ და სიფრთხილეს თავს არ ვატკივებ 😉 მომწონს ეს ქროლვა,- თავისუფალების შეგრძნებას მიმძაფრებს, სხვა განზომილებები იშლება ჩემს თვალსაწიერში და ჰორიზონტს მიღმა, უცხო, წახნაგებით უფრო მეტად დატვირთული საგნები ჩნდებიან ნელ-ნელა…

სახლში დაბრუნებული სულს ვითქვამ და სავარძელში ჩაფლული  ალბერ კამიუს „ქორწინება ზაფხული“ კითხვას ვაგრძელებ. ეს წიგნი 2004 წლის 10 დეკემბერს მიყიდია.  მახსოვს ის შეგრძნებები, რაც პირველად წაკითხვისას მქონდა. ეს იყო მწიფე კომშის და გადამწიფებული ალუბლის სურნელი, ღრმა ნირვანა და მწველი მზე ლოდებზე ,სადაც მტვრის ბუღისგან დადებული მტვერი არ იძვრის. 46-ე გვერდზე („ქორწინება“) რამდენიმე წინადადების ქვეშ ხაზი გამისვია კიდეც (ალბათ ნირვანაში ჩაძირულმა ვქენი ეს, ამიტომ  არ მახსოვდა) : „ამ ადამიანებს სიცოცხლის წინაშე არავითარი ცოდვა არ მიუძღვით, რადგან თუ ამაზე მიდგა საქმე, ცოდავს არა ის, ვინც იმედი გადაიწურა, არამედ ის, ვისაც იქაური სიცოცხლის იმედი აქვს და აქაურ სიდიადეს არ ცნობს…“ ან ეს: „ ამქვეყნიური უბედურებებით სავსე პანდორას ყუთიდან ბერძნებმა ყველაზე ბოლოს კაცობრიობის უსაშინლესი მტერი, იმედი ამოუშვეს. ამაზე ამაღელვებელი სხვა სიმბოლო მე არ ვიცი, რადგან იმედი, საყოველთაოდ აღიარებული აზრის საწინააღმდეგოდ, მორჩილებას გულისხმობს, სიცოცხლე კი სულაც არ გახლავთ მორჩილება“.  და ასევე მოვუხიბლივარ წიგნის დასაწყისში წამძღვარებულ სტენდალის სიტყვებს „პალიანოს ჰერცოგი ქალი“-დან: „ჯალათმა კარდინალი კაფარა აბრეშუმის თოკით დაახრჩო. თოკი გაწყდა. ჯალათი ხელმეორედ მიუბრუნდა საქმეს. კარდინალმა ჯალათს ახედა, მაგრამ სიტყვა არ დასცდენია“.

კამიუ მხიბლავს (არ მიყვარს,მხიბლავს!) თავისი დრამატიზმით, ბუნების აღწერით, სამყაროს მისეული შეცნობით,-იმ სიღრმეებში ჩასვლით, რაც სხვას არ შეუძლია, რასაც აბსურდს უწოდებენ და სწორედ ეს აბსურდია ჩემთვის ყველაზე მომხიბლავი რამ („აქ გაზაფხულის მოსვლას ყვავილების კალათები გაუწყებთ, მოვაჭრეებს რომ მოაქვთ გარეუბნიდან. აქ გაზაფხული ბაზარში იყიდება“,  ან ეს: „ცხოვრების თავიდან დაწყებისთვის, სულაც არ არის საჭირო ბედნიერი იყო“)!

საღამომდე ვკითხულობ.ახალ თავს – „ნუშის ხეები“,  ფურცლის კუთხის ჩაკეცვით ვნიშნავ, სპორტულად ვიცვამ და ველოსიპედით ჩიხების ლაბირინთებს გავდივარ, ისევ გავდივარ, უკან ვბრუნდები. ერთიდაიგივე მარშრუტი მბეზრდება და სხვა, უფრო ვიწრო ჩიხს ვირჩევ სრბოლისთვის. უეცრად, ერთ-ერთი ეზოს აყვავებული კომშის ხიდან ჩიტების გუნდი ფრინდება ჩემს ცხვირწინ და მუხრუჭი გამირბის. ეზოში, ხეების თეთრადშეღებილი ძირები ერთმანეთში ირევა და ჩიხის კუთხეში მკვეთრად ვეღარ ვუხვევ დიდი სიჩქარის გამო. გალავანს ვეჯახები, კინაღამ თითებს ვიმტვრევ, მერე ისევ უკან ვბრუნდები და აღმართს თავიდან სამჯერ, რთულად, მაგრამ მაინც ვძლევ.

ამასობაში ერთი საათი გადის. სახლში ვბრუნდები და სოციალურ ქსელში მეგობრების გაზიარებულ ახალ ამბებს და კომენტარებს ვეცნობი. მეც ვაკომენტარებ. რამდენიმე მეგობრის გაზიარებულ ბმულს ვკითხულობ პედრო ალმადოვარის იზოლაციის ერთ დღეზე. მერე ჩემ შვილს ვუთმობ კომპიუტერს და სამზარეულოს საქმეებს ვაგვარებ.  დაძინებამდე ისევ სოციალურ ქსელს ვჩხრეკ. პედროსთან ინტერვიუს წაკითხვა მინდა ხელახლა, მაგრამ ვეღარ ვპოულობ და ფეისბუქმეგობრებს თუ ნაცნობებს ვთხოვ, რომ ლინკი ჩამიგდონ თუ არ შეწუხდებიან.

დაძინებამდე ამერიკულ სერიალ „სამშობლოს“ ვუყურებ. მითრევს და რამდენიმე სერიას ზედიზედ ვუყურებ. ყველას სძინავს. კომპიუტერს ვთიშავ და ცოტა ხანს სავარძელში ვზივარ,- სახლის სიჩუმეს ვუგდებ ყურს. დღეს ისე თბილოდა, ახლა რომ სოფელში ვიყო ალბათ ჭრიჭინობელას ხმები გადაფარავდა სიჩუმის ხმებს, გომურში ძროხა გვერდს მოიფხანდა ქვის კედელზე და იქვე მდგარ ვედროს გაჰკრავდა კუდს. კატის გაწელილი ჩრდილი კი ეზოს გადაკვეთდა და მეზობლის ჭიშკრის გავლით ღამის ბინდს შეერეოდა. სადღაც, სოფლის ბოლოდან ბებერი ძაღლების ღონემიხდილი ღავღავი სუსტად, მაგრამ მაინც მოაღწევდა ჩვენს სახლამდე.

მოულოდნელად ამოვარდნილი ქარი, თოკზე გაფენილ სარეცხს ერთმანეთში ხლართავს და ქალაქის შორეული უბნებიდან ხმებს თითქოს აქეთ ერეკება. ფანჯარას სქელ ფარდას არ ვაფარებ, საერთოს არ ვაფარებ,- ქარით გათამამებულ ჩრდილებს უფლებას ვაძლევ თამამად და მკვეთრად იმოძრაონ, გადაადგილდნენ სიბნელესა და ლამპიონის შესქელებულ ოქროსფერს შორის. თანაც მინდა განთიადის სხივები მთლიანად შემოვიდეს არა პატარა ღრიჭოდან, – მორიდებით და სუსტად, არამედ მთელი თავისი დიდებულებით, – მკვეთრი შუქით და ხმაურით.

© არილი

Facebook Comments Box