ავტორი: თაკო წულაია
თომას ბერნჰარდი, “დაღმამავალი”, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე
თავიდანვე ვერთჰაიმერზე სურდა წერა-მეთქი, ვფიქრობდი. გლენ გულდი გენიოსი იყო, მაგრამ გენიოსის აუმღვრეველ ბუნებაზე მეტად ის ტანჯვა აინტერესებდა, რომელსაც დაღმამავალი გრძნობდა-მეთქი, ვფიქრობდი. სხვაგვარად ვერც მოხდებოდა-მეთქი, ვფიქრობდი. მათზე უნდა ეწერა და ტექსტში ისე უნდა მიმალულიყო, რომ მისი არსებობა ვეღარც შეგვემჩნია-მეთქი, ვფიქრობდი. მშვენივრად გამოუვიდა, მთელი ტექსტი მისი შინაგანი მონოლოგია, მის უბედურებისგან დეფორმირებულ შინაგან სამყაროში ხეტიალი, მაგრამ მაინც როგორი უჩინარია-მეთქი, ვფიქრობდი.
ვფიქრობდი, როცა თომას ბერნჰარდის „დაღმამავალს“ ვკითხულობდი. რომანს, რომელიც მოგვითხრობს დაღმა სვლის, ჩიხში ყოფნის, გამოუვალი მდგომარეობებისა და სამი სიკვდილის (მესამე სიკვდილი გადავადებულია, შენელებული, მაგრამ მაინც მიმდინარე) შესახებ.
რომანს სამი მთავარი გმირი ჰყავს: მთხრობელი, გლენ გულდი და ვერთჰაიმერი. ისინი ერთად სწავლობდნენ ჰოროვიცთან, მაგრამ მხოლოდ გულდი აღმოჩნდა ნამდვილი მუსიკოსი. მან შეძლო და მსოფლიოში საუკეთესო პიანისტი გახდა, ვერთჰაიმერმა და მთხრობელმა კი მხოლოდ ის მოახერხეს, რომ უბედურ ადამიანებად იქცნენ.
ერთმა – ფილოსოფიის, მეორემ ჰუმანიტარული მეცნიერებების შესწავლა დაიწყო, მაგრამ ვერცერთმა ვერ დაივიწყა გულდი და მისი საშინელი სრულყოფილება.
მათი პირველი შეხვედრიდან წლებია გასული. უკვე ორმოცდაათს გადააბიჯეს. გულდი გარდაიცვალა, მისი გარდაცვალებიდან მალევე კი ვერთჰაიმერმა მოიკლა თავი. მთხრობელი ამ ორი მოსალოდნელი, დიდი ხნის წინ პროგნოზირებული სიკვდილის პირისპირ რჩება და მათ შესახებ თხრობას იწყებს.
ბერნჰარდის მთხრობელი შემოქმედია. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა დაუსრულებელ, გამოუქვეყნებელ ტექსტებსა და შეწყვეტილ მუსიკალურ ნაწარმოებებს მოიცავს. იგი ცდილობს, შემქმნელში დაინახოს მხოლოდ მანქანა, საშუალება, რომელსაც ხელოვნება თავისი თავის გასამჟღავნებლად, ყოფიერებაში შემოსასვლელად იყენებს. თითქოს მუსიკოსი, როგორც პიროვნება, უმნიშვნელოა და მასში მხოლოდ ის არსებობს, რაც უკრავს.
„ფორტეპიანოს იდეალური შემსრულებელი ის არის, ვისაც უნდა, თვითონ იქცეს როიალად“. ამიტომაც ამბობს – „მინდა ვიყო სტაინვეი და არა ადამიანი, რომელიც უკრავს სტაინვეიზე“.
თუმცა, როგორც აღმოჩნდება, ასეთი თავგანწირვისთვის, ასეთი სრული თვითუარყოფისთვის მხოლოდ გლენ გულდია მზად. ნელ-ნელა მასში პიროვნულობის, ადამიანურობის ნიშნები ქარწყლდება და რჩება მხოლოდ მუსიკა. იგი იქცევა ხელოვნების ცოცხალ მანქანად.
50 წელი მიჯნაა, რომლის გადალახვის შემდეგ ადამიანი გავლილი წლების უაზრობას აცნობიერებს. უეცრად აღმოაჩენს, რომ არაფერს, რასაც აკეთებდა, თურმე აზრი არ ჰქონია და თითოეული დღე მხოლოდ სიკვდილის გადავადების მცდელობა იყო, თავის მოჩვენება, რომ ჯერ კიდევ ღირს არსებობის გაგრძელება.
ასეთ თავის მოტყუებაზე ვერთჰაიმერი უარს ამბობს, გლენისთვის კი სიკვდილი თითქოს არც არსებობს – რაკი მასში ადამიანური ბევრი არაფერია, რაკი მთლიანად იმ მუსიკად იქცევა, რომელსაც ასრულებს, გლენს არ შეუძლია, მოკვდეს. ვერთჰაიმერს კი არ შეუძლია, იცოცხლოს.
ვერთჰაიმერი, იგივე დაღმამავალი (როგორც გლენი უწოდებს), თავად ამბობს, რომ ბავშვობიდან ატარებდა სიკვდილს. ოღონდ ვერთჰაიმერთან საკუთარი მოკვდაობის გაცნობიერებით გამოწვეულ შიშთან არა გვაქვს საქმე. მისთვის სიკვდილი ისეთი ჭრილობაა, რომელიც თავად კურნავს თავის თავს, რადგან ვერთჰაიმერს არაფერი აქვს საკუთარი, გარდა ტანჯვისა და უბედურებისა. სხვა ყველაფერი თავსმოხვეული და ნასწავლია – პიანისტობა პროტესტის ფორმაა, გლენ გულდი მისი იდეალების განსხეულებაა, მთხრობელთან მეგობრობა თეორიის პრაქტიკული განხორციელებისას განცდილი მარცხია; მხოლოდ უბედურებაა ის, რასაც ნამდვილად, ეჭვშეუტანლად განიცდის, ამიტომაც ნელ-ნელა მისი იდენტობა მთლიანად უბედურებაზე შენდება, მისი იდენტური ხდება. თუკი უბედურება გაქრება, გაქრება ვერთჰაიმერიც. სიმბიოზური ურთიერთობა ტანჯვასა და დაღმამავალს შორის მხოლოდ მაშინ სრულდება, როცა სიკვდილი ჩნდება („უბედური იყო თავის უბედურებაში, მაგრამ კიდევ უფრო უბედური იქნებოდა, უცებ თავისი უბედურება რომ გამოსცლოდა ხელიდან“). ამიტომაც უცნაურიც კია, რომ მთელი 50 წელი უნდა გავიდეს, სანამ მისი სიკვდილი ფაქტად იქცევა.
გულდისა და ვერთჰაიმერის გვერდით ბერნჰარდის რომანის მთავარი გმირი თითქოს ნაკლებად საინტერესოდ გამოიყურება. საკუთარ ბიოგრაფიაზე წერას გაურბის და ვერ გადაუწყვეტია, გლენზე წეროს თუ ვერთჰაიმერზე, მაგრამ საბოლოოდ ორივე იწყებს წერას და იმას აკეთებს, რასაც თავად აკრიტიკებს:
გარდაცვლილ მეგობრებს ანაწევრებს, ჯიჯგნის, მათ სიტყვებს იპარავს, ამახინჯებს. თითქოს სიკვდილს არ აცლის და უკან, არსებობაში უნდა მათი შემობრუნება. უნდა ვენდოთ მის პერსპექტივას? არა მგონია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თავად არაერთხელ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს. მაგალითად, ხან ცარიელ ამბიციებს მიაწერს ვერთჰაიმერს, ხან კი მის დიდ ნიჭზე წერს. მერე იმიტომ, რომ დიდი ხნის წინანდელ ამბებს ჰყვება, მიუკერძოებელი თხრობის ნაცვლად ვარაუდების გაზიარების ამჯობინებს და მეგობრების პორტრეტებში მხოლოდ იმ ნაწილებს აშუქებს, რომლებიც თავად მიაჩნია საჭიროდ. თან იმის დადგენას ცდილობს, რომელი უფრო რთული პიროვნება იყო – ლამის ზეადამიანური გენია გლენი, თუ ყველაზე ადამიანური ტანჯვის განმცდელი დაღმამავალი, რომელიც მთელი ცხოვრება თავქვე მიექანებოდა და რომელმაც საკუთარ ტანჯვასთან შეხმატკბილებულმა გაატარა 50 წელი.
თუმცა, მეგობრებზე წერაში გართული მთხრობელი საკუთარი თავისგან გაქცევას სულ ტყუილად ცდილობს. იცის, რომ მისმა მეგობრებმა თავიანთი ცხოვრება ამოწურეს, ბოლომდე დახარჯეს, თვითონ კი ჯერ არც დაუწყია. არც ტანჯვის მარაგი დაუხარჯავს, არც ბედნიერების, არც ნიჭის. თავი არაფრისთვის მიუძღვნია. ამიტომ მათზე წერისას ირიბად საკუთარ თავის პოვნის იმედიც აქვს. როცა ვერთჰაიმერის ხასიათს იკვლევს, თავისი თავის კვლევითაა დაკავებული. ოღონდ ეს პროცესი არაცნობიერია. „დავწერ გლენზე და ვერთჰაიმერი თავისით გამიცხადდება-მეთქი“, ფიქრობს, ერთზე წერით მეორეზე ლაპარაკობს, ორივე მათგანის გამოსახვით კი საკუთარ სახეს ქმნის.
უნდა ითქვას ისიც, რომ დაღმამავალის პერსონაჟები არ არიან წარუმატებელი და შეუმდგარი ადამიანები, მაგრამ ეს მაინც დაღმასვლის, რეგრესის რომანია. მეტიც, ესაა შინაგანი მონოლოგი ხეიბარი ადამიანების შესახებ. ხეიბარი ადამიანები კი ყველგან არიან. უფრო სწორად, ყველა ადამიანი ხეიბარია. „რაც უფრო დიდხანს ვაკვირდებით ადამიანს, მით უფრო გვხვდება თვალში მისი ხეიბრობა, ისეთი დასახიჩრებულია, ვერ ვიჯერებთ, რომ მართლა ასეა. მსოფლიო სავსეა ხეიბრებით. ქუჩაში გავდივართ და მხოლოდ ხეიბრები გვხვდებიან“ – ფიქრობს მთხრობელი, რომელიც თავადაც ხეიბარია.
შესტოვის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ტრაგედიას ცხოვრებიდან ვერ განდევნის საზოგადოების სხვანაირად მოწყობა და ალბათ დადგა დრო, არ უარვყოთ ტანჯვა, როგორც რაღაც ფიქტიური სინამდვილე, რომლისგანაც ისე, როგორც ეშმაკისგან, პირჯვრის გადაწერით შეიძლება თავის დაღწევა, მაგიური სიტყვებით „ეს არ უნდა იყოს“. ამის სანაცვლოდ საჭიროა, მივიღოთ ის, ვაღიაროთ ის და იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ჩავწვდეთ“. დაღმამავალის (როგორც პერსონაჟის, ასევე რომანის) მიზანიც ტანჯვაში ბოლომდე განზავება, ტანჯვის, როგორც გარდაუვალი, თავიდან აურიდებელი მოცემულობის მიღება და მისი შიგნიდან გააზრებაა. ამიტომაცაა ვერთჰაიმერისთვის უბედურად დარჩენა ასე ძვირფასი, ხოლო მთხრობლისთვის წერა – ასეთი აუცილებელი. 9 წელი იმიტომ ცდილობს გლენზე მოყოლას, რომ მათი უბედურების ფესვებს მიაგნოს და ამ ფესვებს წლების წინანდელ შეხვედრაში პოულობს – როცა პირველად მოუსმინეს, როგორ უკრავდა გლენი და მიხვდნენ, რომ მათი ცხოვრება დაანგრია მისმა იდეალურმა შესრულებამ.
გლენმა შექმნა თავისი მასწავლებელი, გლენმა შექმნა ორი მეგობარი, რომლებსაც მუსიკაზე ხელი ააღებინა მისმა ნიჭმა, გლენმა შექმნა თავისი ცხოვრება ისეთი, როგორიც წარმოედგინა, ვერთჰაიმერმა და მთხრობელმა კი შექმნის ნაცვლად საკუთარი თავის განადგურება გადაწყვიტეს. როგორც მთხრობელი ასკვნის, მათ თავად არ სჯეროდათ, რომ მათგან რამე გამოვიდოდა. მხოლოდ გლენ გულდი იყო ის ადამიანი, რომელიც ცდილობდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, გლენ გულდი გამოსულიყო. სწორედ ამან გამოარიდა საკეპ მანქანას, რომელშიც დანარჩენებს მშობლები ყრიან, რათა მათში ყველაფერი ღირებული გაანადგურონ.
„ვერთჰაიმერი უბედურ ადამიანად დაიბადა, მან ეს იცოდა, თუმცა, სხვა უბედური ადამიანების მსგავსად, არც მას უნდოდა, შეჰგუებოდა იმ აზრს, რომ უბედურება მისი ვალდებულება იყო“. უბედურ ადამიანადაა დაბადებული მთხრობელიც, ოღონდ ამის აღიარებისთვის გამბედაობა არ ჰყოფნის. გლენისგან განსხვავებით, მას არ შეუძლია, საკუთარი თავი იყოს და არა რომელიმე მეგობრის ანარეკლი ან მშობლების მოლოდინების უარყოფა.
მთხრობელი თავის თავს გაურბის-მეთქი, ვფიქრობდი. სხვის ცხოვრებაზე ფიქრობს, რომ საკუთარი დაავიწყდეს-მეთქი, ვფიქრობდი. ახლა კი, როცა ორივე მკვდარია, როცა ერთადერთია, ვინც უნდა გაუძლოს იმას, რადაც ცხოვრება იქცა, რა ეშველება, როგორ გადარჩება-მეთქი, ვფიქრობდი. ფირსაკრავსა და გლენის დაკრულ ვარიაციებს ვერასოდეს გააჩუმებს-მეთქი, ვფიქრობდი. გლენის გენიალურმა მუსიკამ მხოლოდ სიკვდილი მოიტანა-მეთქი, ვფიქრობდი. ჩვენც ყველანი ხეიბრები ვართ და ამიერიდან ქუჩაში გასვლისას მეც მხოლოდ ხეიბრებს დავინახავ-მეთქი, ვფიქრობდი.
და იმასაც ვფიქრობდი, რომ მთხრობელმა, რომელმაც სხვა ვერაფრით იძია მეგობრებზე შური, მათთვის ენის წართმევა გადაწყვიტა, მათ ნაცვლად ალაპარაკდა, მათ ყველა სიტყვასა და ამბავს თავისი ცნობიერების ფილტრის გავლა აიძულა და გაუჩინარება მხოლოდ ტრიუკია, რომლითაც თავისი ეგოცენტრიზმის შენიღბვა უნდოდა და არ გამოუვიდა-მეთქი.
© არილი