ახალი ამბები,  რეცენზია (თარგმანი)

თომას მანი – გერმანიიდან ამერიკაში და უკან ევროპაში

“მე ამერიკელი ვარ”, – გახარებულმა განაცხადა 1940 წლის ინტერვიუში გერმანიის დატოვების შემდეგ 7 წლიანი გაუთავებელი მიგრაციით დაღლილმა თომას მანმა. მოქალაქეობაჩამორთმეული მწერალი ჯერ შვეიცარიაში ცხოვრობდა, შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში. 30-იანი წლების მიწურულს ჰიტლერის პოლიტიკამ  კი ცხადყო, რომ ევროპაში დარჩენა აღარ შეიძლებოდა და 1939 წელს ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ 64 წლის თომას მანმა შეერთებულ შტატებს მიაშურა.

ამერიკაში მწერლის პირველ სახლად პრინსტონის უნივერსიტეტი იქცა. სტენლი კორნგოლდის ახალი წიგნი „დევნილი გონება: თომას მანი პრინსტონში“ (The Mind in Exile: Thomas Mann in Princeton) მანის ამერიკული ცხოვრების სწორედ ამ ხანმოკლე, თუმცა მნიშვნელოვან ეტაპს მიმოიხილავს.  კორნგოლდის მიზანია შექმნას „კულტურული მეხსიერება თომას მანის პრინსტონში მოღვაწეობის შესახებ“, მაგრამ მეტსაც ახერხებს: ზედმიწევნით აღწერს მწერლის მრავალშრიან მოღვაწეობას და სრულყოფილად ხატავს მის პორტრეტს.

პირველ რიგში, წიგნი მიმოიხილავს მანის აკადემიურ საქმიანობას: პრინსტონის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საჯარო ლექციებს კითხულობდა და უფრო სპეციალიზებულ სემინარებსაც ატარებდა. სალექციო კურსი მოიცავდა როგორც გოეთეს „ფაუსტსა“ და ვაგნერის „ნიბელუნგის ბეჭედს“, ისე „ჯადოსნურ მთას“. ირონიულად, მწერალი ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის დაფასებულ ლექტორად იქცა, როცა გერმანული საშუალო სკოლის დიპლომიც კი არ ჰქონდა.

პარალელურად თომას მანი ლიტერატურულ მოღვაწეობას განაგრძობდა: პრინსტონში ყოფნისას დაასრულა „ლოტე ვაიმარში“, „ინდური ამბავი“, ასევე „იოსები და მისი ძმების“ პირველი თავები. თუმცა მის ყველაზე შრომატევად საქმიანობად საჯარო ინტელექტუალური აქტივიზმი იქცა: პოლიტიკური ესეისტი წერდა ისეთ გამოჩენილ პუბლიკაციებში, როგორიცაა New Republic, Atlantic და Nation. ასევე მთელ ქვეყანაში კითხულობდა საჯარო ლექციებს სხვადასხვა თემებზე, ხოლო 1940 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე უძღვებოდა ყოველთვიურ რადიო გადაცემას, რომელიც გერმანიაშიც გაავრცელა BBC-ის საშუალებით.

შედეგად, თომას მანი ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ და გავლენიან „მებრძოლ ჰუმანისტად“ იქცა, რომელიც ჰიტლერის რეჟიმს საზღვარგარეთიდან ებრძოდა. თუ 1914 წელს მწერალს გერმანიის საბრძოლო მოქმედებები სამართლიანად და საჭიროდაც მიაჩნდა, 40-იან წლებში ნაცისტურ მთავრობას გაუმართლებელი ომის წამოწყების გამო შეუბრალებლად აკრიტიკებდა. რეჟიმისადმი გერმანელი ხალხის შემწყნარებლურმა დამოკიდებულებამ კი სამშობლოსადმი სირცხვილის გრძნობით განაწყო და მოისურვა თავის შემოქმედებაში ახალი გერმანია შეექმნა, რომლითაც ყველა იამაყებდა: „ჩემი სამშობლო ნამუშევრებშია, რომლებსაც თან დავატარებ… ესაა ჩემი ქვეყნისა და ხალხის ტრადიციაში აყვავებული გერმანული ენა და აზროვნება. სადაც მე ვარ, გერმანიაც იქაა.“

ომის შემდეგ ამერიკაში ცხოვრება მწერლისთვის იმედგაცრუებებით სავსე აღმოჩნდა – ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ უბადლოდ გამოყენებული „მებრძოლი ჰუმანიზმი“ ახლა ცივი ომის პერიოდის ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ განაწყობდა. „75 წლის გავხდი, უცხო ქვეყანაში ვიცხოვრე, რომელიც სახლად მექცა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯადოქრებზე მონადირეებს ჩემთვის საჯაროდ მატყუარა ეწოდებინათ,“ – განაცხადა 1951 წლის ინტერვიუში, ხოლო მომდევნო წელს ევროპაში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე კონტინენტი აღარ დაუტოვებია.

სტენლი კორნგოლდის წიგნი „დევნილი გონება: თომას მანი პრინსტონში“ ამ წლის 8 მარტს გამოიცემა.

© არილი

Facebook Comments Box