პოეზია

ნიკა ჯორჯანელი – ლექსები

მთები

 

მთები და მთები. არაფრისგან მთები არ გვიცავს.

საყურადღებო არაფერი მთაში არ გველის.

დიდ მონატრებას თუ არ ჩავთვლით ისევ ბარისას,

როგორიცაა – გამწირველის, სევდის დამრგველის.

 

ნუ ეძებ მთებში ნავსაყუდელს ღრუბელ-ნისლივით.

ბარის წამალი მის კუზებზე არ იშოვება.

მთებისგან რამე სახეირო თუ გსურს, ისინი

ისევ დაბლიდან საცქერია და თან შორიდან.

 

მათ იქით, მუდამ იქით ხოლმე, სანამ არიან,

ოცნების მტვრისგან მოქსოვილი სინამდვილეა,

ტკბილი, უტკბესი, და ამ კუთხით გასახარია,

რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში მთა არ ილევა.

 

მათ იქით ჩვენი დღეებია, თვალებნალურსმნი,

უარყოფილნი, თავიანთით მსუნთქავნი ხარჯით,

ბევრად ჩუმები მიყრუებულ ქუჩის ხმაურზე

ცარიელ სახლში ერთადერთი დახშული ფანჯრით.

 

მათ იქით თითქოს რა სიზმრები შენი და რა შენ

და სივრცეს რაღაც ჭრილობა აქვს დროის მიხვედრით,

რომელიც მუდამ ღია არი და მხოლოდ მაშინ

მოუშუშდება, სანახავად შენ თუ მიხვედი.

 

* * *

 

ქალაქთან ერთად კიდევ რაღაცა

გადაბმულად ხმაურობს დღისით,

უხილავი და შეუცნობი,

და ქალაქის მოგუდულ გუგუნს

საფუძვლიანად ვერ ეფარება.

 

ღამე მიმოსვლის აკრძალვის მოხსნას

ოვაციებით აღარავინ შეჰგებებია.

მხოლოდ ისევე აშიშინდნენ

და აღრინდნენ ღამეში ქუჩები,

როგორც დრაკონის ახალი თავები,

დაგვიანებით ამოსულები.

 

ლამპა. ნაკლული წყლიანი ჭიქა.

წიგნთა ყუები, მცირეოდნად აბჟუტებული.

დიდი ფარვანა ჭერის კუთხეში.

სიცარიელე რისი სიცარიელეა,

თუ ინვენტარი არ ებადა.

იგი სწორედაც საკუთარი

ინვენტარით წარმოადგენს სიცარიელეს.

 

ძალიან გვიან ღამის სიჩუმეს

ბღუილი კვეთს მიმქროლი მანქანის.

აშკარად ერთი და იმავესი.

წუთია ისმის, წუთ-ნახევარი.

სმენის არიდან არ ქრება.

არადა, მიქრის ის მანქანა

და, წესით, ისე შორს უნდა იყოს უკვე,

რომ ვეღარ აღწევდეს მისი ხმა ჩემამდე.

 

*  *  *

 

დრო, რასაც ვერ ნთქავს, იმას ლოკავს, ხრავს.

შენ უკვე ჰგავხარ ჩემს ხსოვნაში ერთგვარ

ჩრდილს. არყოფილი რაღაცისას. რაც,

ვერ დავუშვებდი, როდისმე რომ მეთქვა.

ეს ჩრდილი მაინც თვალწინაა სულ

და უშენობას სიმკვეთრეს სძენს ციფრულს.

მას მთელი ჩემი ნამდვილობა სძულს

და, რა ქნას, მეც რომ ჩრდილად ვიქცე, ფიქრობს.

ის თავზე ადგას იმ ღრმა გრძნობის ლეშს,

და ხანძარს უჩენს დოფამინის საწყობს,

და ცხადის ხედებს ფარდებივით გლეჯს,

და კიბერპანკურ პეიზაჟებს ცხადყოფს.

და შენზე დარდი ბევრისბევრი ხნის

ჩემს თითოეულ კაპილართან მისვლით

ზღვარს როცა იგრძნობს, წამოგაწევს ნისლს.

ნისლს, ჩემგან შექმნილს. და შეგავსებს მისით.

 

შორი გადაზიდვების მძღოლები

 

ვის არ უნახავს,

როგორ ქაფდება ზღვა ორი საზღვაო ქვეყნის საზღვართან,

ვინც იქ ყოფილა.

როგორც კუსტოს და კონრადის დაუწერელ ლექსებში, ისე;

ოღონდ ნაპირზე არც ვენერა არ გამოდის

და არც თამარა.

 

იმდენჯერ უნახავთ გაკვრით ეს აქაფება შორი გადაზიდვების

მძღოლებს, რომ მისი ერთი უხანგრძლივესი

ყურება დაუგროვდათ;

და, როცა ისინი რეისის შემდეგ შინ ბრუნდებიან

და ღამით შუქჩამქრალ ოთახში

ტელევიზორის ეკრანთან ეყვინთებათ,

იქიდან გადმოცემულ მთელ ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ

კოწიაწთან დაკავშირებით სულ ბოლო ფიქრი,

ჩაძინებამდე თავში რომ მოსდით,

ასეთია:

შიგ ხომ არა აქვთ.

 

ეს ფიქრი ერთხანს ჩაეჭედებათ ხოლმე ცნობიერებაში

და მერე, როცა უკვე სძინავთ,

ნარნარით სიზმრად გარდაექმნებათ,

სადაც ისევე ზღვის ქაფია,

ამდენჯერ თვალმოკრული,

ახლა კიდევ სრულიად თვალთახედვის მომცველი.

 

მათ ქალთევზები ესიზმრებათ,

რომლებიც ნახევრად განათებულ სცენაზე ზღვის ქაფში წვანან

და მიკროფონების ნაცვლად წვენის ფერად საწრუპავებში

სელინ დიონის ხმაზე მღერიან:

ცხოვრება ქაფია

მხოლოდ ქაფია ქაფი

და ეს ქაფი რამაც მოიგდო მარტო ჩვენ ვიცით

მაგრამ ჩვენს ფეხებს გავუმხელთ ვინმეს.

 

ერთ-ორ დღეში კი უთენია

ძველებურად საჭის ბორბალს ატრიალებენ.

რა სჯობია მაგისტრალურ გზებზე

მისაბმელიანი მანქანით გრიალს,

როდესაც სულ გზაში ხარ

და დრო ვერც ერთი მხრიდან წესიერად ვერ მოგდგომია,

როდესაც ისეთი რამეები გადაგაქვს,

რაც ნებისმიერ შემთხვევაში

სხვა რაღაცების გადატანაზე უმჯობესია.

მკერავი კერავდეს, ბლანდავდეს,

ეპიდემიოლოგი მიკრობებს დევნიდეს,

მღვდელი ღვთისმსახურებას ასრულებდეს,

შორ გადაზიდვათა მძღოლნი კი

ავტოსტრადებს ბოროტისგან წმენდდნენ

უკანა ხედვის სარკეებზე

მოქანავე ჯვრებით.

 

და სადმე გზის პირზე ჩანჩალით ლუდზე მიმავალი მეთევზე,

რომელსაც მაზუთიანი თევზები დაუჭერია და ეს წამია

გრძელმა ტრაილერმა ჩაუქროლა,

მთელი სულით და გულით ხვდება,

რა საქმესაც მიჰყოფდა ხელს,

რომ სცოდნოდა, როგორ წავიდოდა

ცხოვრება.

 

*  *  *

 

ვერ ავუვედით უჩვენობით

დანაღმული გზა-კვალის გავლას.

და დაგვტირიან გულჩვილობით

ნეკერჩხალი, თელა და ალვა.

 

რას იზამს ღამე ჩვენ გარეშე,

ვინ გაუთბობს დაორთქვლით სხეულს

და იტყვის წუთთა ანგარიშით,

აყოვნებდეს ახალი დღეო.

 

დილა ღამეზე პირქუშია,

გაცრეცილა ნაკვთების შრემდე.

და სიყვარული იკუმშება,

როგორც ბედი სიკვდილის შემდეგ.

 

ობლობის ზღვრული დონეებიც

ვერ არღვევენ გარემოს ყუჩილს,

როგორც მხურვალე თონეები

ვერ ათბობენ გათოშილ ქუჩებს.

 

განცდილთან სიტყვის მასალაა –

მეტი არც რა – ეს სტრიქონები.

მათზე, ასე ვთქვათ, გამსჭვალავი

და ნათელი ვერ ვიქონიე.

 

დრო გულებს ჯერაც უნარჩუნებს

არსებობის ნიშან-თვისებებს,

თუმც იძენს ისეთ უნარ-ჩვევებს,

რომლებითაც უკეთ გვიმსხვერპლებს.

 

დღე გადის უხმოდ, უთარიღოდ,

ძლივს ემთხვევა საკუთარ ტაატს.

არ ვიცი, დობა როგორი აქვთ:

სიყვარული სიკვდილის დაა.

 

ნისლში ჩანს მთები უთავებო.

უშავდება ლოდინს ყვავილი,

როგორც სველ თოვლზე დატოვებულ

მოკვეთილ თავს – ღია თვალები.

 

გაგვყვეს ფარულმა კბილანებმა.

ორ სხვადასხვა ამბად გავიპეთ.

სიო ნებივრად იკლაკნება

კმაყოფილი გველეშაპივით.

 

* * *

 

ზამთარს ჯერაც ერთად ვიყავით.

გაზაფხულზე კი,

როცა უკვე დავშორებოდით,

სითბო რაც უფრო მატულობდა,

მით მეტ ყინვას ვეწირებოდი.

 

ერთად ყოფნისას

სიყვარულზე მინდოდა მეწერა –

და ვერ ვწერდი, მიძნელდებოდა.

მერე კი, როცა გავცალკევდით,

აღარ მინდოდა სიყვარულზე წერა,

მაგრამ თავისით ეწყობოდა.

 

ორი-სამი დღით ადრე,

სანამ დავიშლებოდით,

თითი გამეჭრა კარგა მაგრად.

და მერე, როცა დავიშალეთ,

რაც უფრო მეტად ხორცდებოდა განაჭერი,

მით მეტ სიმწარეს განვიცდიდი.

 

 

ჯერ სიტყვები, მერე მუსიკა

 

გაუხეშებულ ჰაერში ჩამტყდარი ფრთა.

ცეცხლისმფრქვეველი ტყე.

ასე უსხლტება დროს უიმედობის ზრდა

გინდა მრგვალ, გინდა ბრტყელ

თავის ნაკვეთზე – აქ, – აპოხიერებს ეგ

სადაც ნაცარს და კვამლს,

სადაც ისედაც დღეს, და თუ დღეს არა – ხვალ,

და თუ ხვალ არა – ზეგ.

 

კვლავაც სიყვარულს ირჩევენ გმირები, ბედს

კვლავ არ უხრიან ქედს;

გადასარევად ხედავენ ფინალის ცულს,

დამაშორებელს ღრმად;

მიუხედავად ამისა, იწევენ წინ,

ეწაფებიან იმ

ერთიმეორის მხრებს, ერთიმეორის გულს.

ჰოდა, დიდება მათ!

 

სადღაც მიმავალ შარაგზას სხეული სტეხს,

უნდა როგორმე ხსნა –

წინადადების პირს, შეუდარებელ ტექსტს

გადაცდენილი ზმნა.

ნატრობს ზურგის ქარს თან; გაუწევია სად,

თანაც არ იცის თვით;

ან თუ იპოვის ჩრდილს; ან რას მოიწევს გზად

თავის თავზევე სვლით.

 

სტკივა დღეები სულს, ბზარებს უჩენენ მის

საფირონისფერ ბროლს.

შესაფერისით რაღათი სუნთქავდეს ის

უვიწროესად ვრცელ

გასასვლელებში, რომელთა სიგრძეს და განს,

სიბოროტეში მწოლს,

თუ რამ სიკეთე ჯერ კიდევ შემორჩა, ჩანს,

როგორც დაღვრილი რძე.

 

წუთისოფელი არ კმარობს საკუთარ ძუნწ

გამოვლინებებს: წუნს

წუნზე გიძებნის. როდესაც, თავად რომ ყუნწს

ჰგავს უფირფიტოს, არც

შეუმჩნევია ვისიმე წინაშე ეს.

ვგავარ გაძარცულ ხეს.

მოუხელთებელს, ლიპს, ოროსანივით ვსრეს

ბედნიერების ცარცს.

 

ბედნიერია ის, ბედნიერია ვინც.

არაფერია სხვა.

ძვირად უჯდება უხილავ ნარგავთა სხვლა

გადადუღებულ ტვინს.

მასწავლებელო, არ ვიცი, რა ხდება: ვარ.

მაგრამ ვერ გაწვდენთ ხმას.

ბოლო მერხზე ვარ, ყველაზე ბოლოზე. არ

უგულებელმყოთ, მას.

 

 

 

* * *

 

გული წვრილ-წვრილად დაისერა. მეასედებად.

სანამ ტკივილი ფიზიკურად შიგ არ გამოჩნდა.

ასე ხდებოდა, ასეც ხდება,

ასეც მოხდება ცოცხლისათვის გულის ამოჭრა.

 

თვალთახედვა გადამიწითლა

უშენოდ სუნთქვამ; და ეს, ალბათ, სივრცის ზურგია.

ერთია ჩვენი სკალპელები – დედამიწელთა.

მაგრამ არსებობს სხვა დანებიც, სხვა ქირურგია.

 

ამ აუტანელ განსაცდელში ყველა მოლოდინს

გადავაჭარბე არსებული

ნებისმიერი მნიშვნელობით, ბევრი ტოლობის

და უტოლობის უკუგდებით გადავსებულმა.

 

უქმი ლოდინის ვაბათილე გამოცდილება,

დრო ვაკოწიწე, შენი მოსვლის წინამავალი,

რწმენით, რომ მოხვალ. და შენ მოხვალ აუცილებლად.

შენ არ იცი, რწმენა რა არი.

© არილი

Facebook Comments Box