* * *
აგრილდა.
ბავშვები გარეთ გაცვივდნენ,
ჩემს ტვინში კი
მატარებელი დაგრიალებს
და მოჰყავს ნაცნობ-უცნობი.
სკამს მოაჩოჩებენ,
პულს მისინჯავენ,
კარგად იქნები! – მპირდებიან.
მე კი ვუყვები მდინარეზე,
კალაპოტი რომ დაეკარგა
და უგზო-უკვლოდ მიედინება,
ქაღალდის ცაზე ბრინჯივით
მიმოფანტულ წეროებზე
და ბრინჯაოს ანგელოზებზე.
რომ გაიზარდნენ ჩემი თევზები,
პირს აღებენ და გასაქცევს ეძებენ,
რომ აქედან ყველაზე ადვილია დაბრუნება:
თოვლის დერეფანი
და უკვე სახლში ხარ,
მერე რა, რომ ეს არ არის
ნამდვილი იგლუ,
ჩემი დარდიც არ არის ნამდვილი,
მზისაგან წაღებულ სახლებზე.
რომ შევძლებ და
უდაბნოს ამ უცხო ყვავილს
მოვიშინაურებ და დავარქმევ
ჰაერივით გამჭვირვალე
სახელს – ალცჰაიმერს
და დავივიწყებ,
კრიალა გზებივით,
ცა რომ ირეკლება
და ცაში არეკლილი მდინარე,
ერთხელ ჩემთანაც რომ შემოეხეტა.
* * *
როგორ გახუნდა,
როგორც შალი დიდედაჩემის,
ან გობელენზე ამოსული
წყლის შროშანები,
მაინც ჩემია, მაინც ვჩემობ,
ისე ვით მწერი,
ოქროს წვეთში გაქვავებული.
ჭკნება წარსული –
ყვავილები თიხის ლარნაკში,
მე კი წყალს ვუსხამ
წამება რომ გავუხანგრძლივო
და დღეც ზოგჯერ ისე ვიწროვდება,
ვეჭვობ, რომ გავაღწევ
მის ღრიჭოდან.
ესაა ჩვენი უმისამართო ბავშვობა –
თოვლში მგლის ნაკვალევს
მივყვებით და გვიყვარს
ეს მგელი, ეს თოვლი, ეს ზამთარი.
და ისე უბრალოდ,
როგორც ბრმა ფურცლებს
ვჩუქნით სინათლეს,
ან ვით კაქტუსი წამოიყვირებს
კაშკაშა ყვავილს
და ისე ფრთხილად, უხმაუროდ
როგორც მზე ჩადის –
ბრუნდებიან ხეები, ხმები.
დაბრუნება
ცა, დასერილი თოლიებით…
ვათვალიერებ –
მოხუც მებადურს, ზღვით გამომშრალს,
ვერ მოატყუებ,
ოქროს თევზი ცრუ არის, იცის.
ვიღაცას ეძებს მისი მზერა გაორებული,
მშვიდად იცილებს
გრძნობებს, შეგრძნებებს, მოგონებებს
და იმეორებს:
ცივია წყალი და მძიმეა ჩემი სხეული,
ცივია წყალი და მძიმეა ჩემი სხეული.
ვფურცლავ –
მგზავრია, მობარბაცე ქარივით, მღერის:
არაფერია შენს მიწაზე თბილი და ბნელი,
სამშობლოვ ჩემო, მე ღალატი არ მიფიქრია,
მაშინ, როდესაც მზეს თაკარას
ვარჩიე ჩრდილი,
მაშინ, როდესაც გემს გავყევი ჩრდილოეთისკენ.
სამშობლოვ ჩემო, მე ღალატი არ მიფიქრია,
ხელს რომ ვუქნევდი ეშაფოტზე ჩამოკიდებულ
გვამებს და ხეებს, ჩემს თვალწინ რომ ანაფოტებდნენ.
ვფურცლავ –
წყვილები, მარტოობა, წყლული, სიცივე,
ძირსდამხობილნი ლოცულობენ, იწყევლებიან.
დატოვა სულმა სხეული და წყნარად ციმციმებს,
მიწა კი მიწას ემატება და მტვრით ივსება
თვალების ბუდე.
იქნებ შენ იცი ის ნაპირი, სად ვუბრუნდებით
ჩვენ, ჩვენს სიყვარულს და ბავშვობას
და ვიბადებით.
ალეპო
ხმებით სავსე ჩემს ქალაქში,
ზოგჯერ ცისკენაც ვიხედები.
ცივი და ბასრი ხმა მუეძინის
ჰაერს ორად კვეთს…
ნურაფერს მეტყვით სიკეთეზე,
ნიჟარები ვართ –
ზღვის ხმა დამშრალი,
თუ კეთროვნები.
მხოლოდ ქარი, ერთადერთი,
სახეს არ მალავს
და ყველაფერს ყვება ალალად,
ჩამოქცეულ შენობებს შორის,
თუ ნანგრევებში მოყოლილი.
ვინ უშველოს ბავშვებს – ჩიტისძვლებას,
გასაფრენად რომ ემზადებიან,
ან უცაბედად ჩაძინებულ ადამიანებს?
ხმებით სავსე ჩემს ქალაქში,
ზოგჯერ ცისკენაც ვიხედები,
მომწყდარ ვარსკვლავებს,
სურვილები რომ მივაწყევლო.
* * *
თენდება დილა,
ჩამონგრეულ სანგართან ვდგებით,
მოკლულები და დაჭრილები,
როგორ ვუშველო?!
და შენი მხრები,
შვილო, შენი მოხრილი მხრები,
ნელა იშლება, იმართები,
დროა მოვშორდეთ – ამ წყეულ მიწას,
ამ დამშეულ, თეთრ მდინარეებს,
თუმცა მათზე ფიქრს
მე ვერასდროს ვერ მოვიცილებ,
როგორც სიცივეს,
ჩემს ტანში რომ გაიდგა ფესვი
და ვეღარ შველის გადამდები შენი სიცილი.
არის ტკივილი, რაზეც გინდა ილაპარაკო
დაუსრულებლად –
სიყვარულზე… სიკვდილზე… ძმაზე…
გზებზე, რომლებიც უფსკრულებთან წყდებიან, გზებზე,
რომლებიც გაბრუნებენ
სიმარტოვეში, ბავშვობაში, შენიანებთან.
ერთ დღესაც ადგნენ და წავიდნენ ჩემგან ხეები,
გაჰყვა ჩიტების მოწკრიალე და ლაღი ხმები,
ვარწევდი დილას ძალმილეულს გათენებამდე,
ვარწევდი დილას, ვით ავადმყოფ ბავშვს მიძინებულს.
არის ტკივილი, რაზეც გინდა ილაპარაკო
დაუსრულებლად…
თითქოს ყინულს ამტვრევ კბილებით,
თითქოს თოვლია, სიცივისგან რომ ვერ გიფარავს,
გადაიხარე ყვავილივით ჩუმად მიწისკენ.
მინდა ცა იყოს, ვით უდაბნო მიტოვებული,
ლურჯ ბილიკებზე არ დარბოდნენ ცელქი ბიჭები,
მინდა ბიჭები მდინარეში თევზებს იჭერდნენ,
ციცინათელებს ღამეებში, გუბეში მთვარეს.
არის ტკივილი, რაც ქვად გაქცევს
და გაქცევს თევზად.
* * *
როცა სიმღერა უბრალოა და არ უმღერის
დიდ გამარჯვებებს,
ქალაქებში ზეიმით შესვლას,
როცა სიმღერა უბრალოა და არ უმღერის
გზებს ხმაურიანს
და ამ გზებზე მოსიარულე
მგზავრებს, სიმღერა უბრალოა – ჰაერი, ცეცხლი
და გეშინია ნაცრად ქცევის, ცაზე დაცემის
და შენი მზერა მზეს წვდება და უდაბნოს ერწყმის
და სიზმრების წინ თმებს ივარცხნი – წყალმცენარეებს.
გატყდა უღრანი – სავარცხელი და ჯადოც გაქრა,
გამოქვაბული გადაიქცა უბრალო ღრიჭოდ,
სადაც ქარივით შეძვრები და ამოისუნთქავ
შენს შიშს, თუ ეჭვებს და ხავსივით მოეჭიდები
სათქმელს, რომელიც სულ არ არის შენი ნაპირი
და არც ფსკერია, რომ იჯდე და დუმილს ამბობდე.
ასეა, როცა ერთმანეთი აღარ გვჭირდება,
ასეა, როცა ვშორდებით და აღარ ვაპირებთ,
უკან დავბრუნდეთ და წავშალოთ ჩვენივე ხელით
მიწაზე კვალი და წყალივით უკვალოდ, დაღმა.
როცა სიმღერა უბრალოა და არ უმღერის
წყალსა და თოვლში დაღამებულთ…
წყალსა და თოვლში.
* * *
თემურ ჩხეტიანს
უწინ მეგონა,
წიგნიდან გადმოსული მახარებლები
ისეთი მაღლები იყვნენ,
ქააბას ქვასავით
ყოველი მხრიდან
შეიძლებოდა მათი დანახვა.
და არა ასე –
შენიღბული სინათლე.
სიტყვებს რომ ახარებს ყვავილებივით
და ბალახის საშიში სიმაღლიდან
დაჰყურებს ქვეყნიერებას.
© არილი