პროზა

ივა ფეზუაშვილი – მარაკანა

marakana-88

#1

არსებობს ეგეთი გამოთქმა – “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი”. სინამდვილეში, ის ვიზეც ამას ამბობენ საერთოდ არ არის ნიჭიერი და რაც არ უნდა თავი დააკლას საქმეს, ვერც ვერასდროს გახდება, ნიჭიერი ხარ ან არ ხარ, ზარმაცის გამოსწორება კიდე შეიძლება, უნიჭოსი არა, ლექსიცაა მაგაზე დაწერილი, წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამაც არ უშველაო… სიტყვასიტყვით ესე არ დაუწერიათ, მაგრამ შინაარსი ეგეთივეა…

ჩვენ დროს კოკლიანზე ამბობდნენ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო. კოკლიანის მამას ჩემს ფეხებს ეტყოდი შენი შვილი ფეხბურთელის გარდა ყველაფერი გამოვაო, იმიტომ რომ კოკლიანის მამა პოლიციის უფროსი იყო, კოკლიანის ბიძა კიდე კანონიერი ქურდი, კოკლიანიც ეგრე გაორებულად უყურებდა ცხოვრებას და ხანდახან თავისი და მეტოქე გუნდის კარიც ეშლებოდა ხოლმე, მაგრამ კოკლიანზე მაინც ამბობდნენ ნიჭიერია, ოღონდ ზარმაციო, იმიტომ რომ მამამისი ბავშვებს ბუცებს გვჩუქნიდა, ტრენერს კი ფულს. ტრენერი ფულს კარგად ირგებდა და აბა ჩვენთვის გეკითხათ რა ჯანდაბად გვინდოდა ქვიშადაყრილ სტადიონზე ბუცები. ეს ქვიშა ვითომ იმიტომ დაყარეს, რომ კუნთებს ამაგრებსო, სინამდვილეში კი სკოლის დირექტორმა ხელოვნური ბალახის საყიდელი ფული შეჭამა, მაგრამ ეგ მერე, კოკლიანის ბიძისგან გავიგეთ, რომელიც თურმე სკოლას კრიშავდა. იმ პერიოდში ბევრი ისეთი რაღაც გავიგეთ, რაც არ უნდა გაგვეგო, მაგრამ დრო იყო ეგეთი.

სტადიონს კი, სადაც ვვარჯიშობდით, ერქვა მარაკანა, ყოველშემთხვევაში ტრენერები ასე ეძახდნენ, ეძახდნენ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი სავარჯიშო სტადიონი იყო ქალაქში და მარაკანა იმიტომ, რომ მაშინ მარაკანაზე დიდი სტადიონი წარმოდგენილი არ ქონდათ და ეგ კიდევ იმიტომ, რომ ფეხბურთი ბოლოს გაზეთში ქონდათ წაკითხული და ეგ კიდევ იმიტომ, რომ… ეგ კიდევ იმიტომ, რომ კოკლიანის მამისნაირები პოლიციის უფროსები იყვნენ და კოკლიანის ბიძის ნაირები კრიმინალური ავტორიტეტები.

“ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი” – არ მეგონა თუ ამ გამოთქმას მეც ვიხმარდი, მაგრამ დირექტორმა გამიტრაკა, ახოსპირელის მამას არ აწყენინო, ხო იცი როგორი კაციაო. არ ვიცი საიდან უნდა ვიცოდე? საიდან უნდა ვიცნობდე ახოსპირელისნაირებს, და საიდან უნდა ვიცოდე რომ ახოსპირელებისნაირს არ უნდა აწყენინო, იმიტომ რომ რაღაცნაირი კაცები არიან? ადამიანი ჯიგრულად დავიბარე, შენი შვილი ფეხბურთიდან გაიყვანე, ტყუილად კლავ ამ საცოდავ ბავშვს და ტყუილად იხარჯები შენც-მეთქი, უნდა მეთქვა, და თურმე ჩემი ფეხები, ეგეთების თქმა ახოსპირელებისნაირებისთვის არ შეიძლება, იმიტომ რომ ახოსპირელის შვილები უნიჭოები ვერ იქნებიან, ზარმაცები კი, მაგრამ უნიჭოები არა!

რისი თქმა გინდოდათო – მამა ახოსპირელმა.

არაფერი ისეთი, ცოტა უნდა მოუმატოს, ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ზარმაცი-მეთქი.

ამ ახოსპირელმა კიდე შემომხედა, მიყურა-მიყურა და უცებ მომიხია, შენ რომ არ იყავი ზარმაცი იმიტომ ტრენერობ ხომ ოცდათოთხმეტი წლის ბიჭიო.

ასაკი როგორ გაარტყა ამ ჩემისამ-მეთქი ეგ გავიფიქრე პირველი, მერე კიდე ნერვები მომეშალა, აი ახოსპირელს ვინ ეკითხება მე რატომ ვტრენერობ? რამოდენიმე კარგი გინების კომბინაცია დავალაგე ტვინში, მაგრამ ამ დროს ჩამოიარა დირექტორმა და ეგრევე მომტეხა

ეგ ყლე-მეთქი!

ეგ ყლე იცი ვინ არისო, დირექტორმა მკითხა

ვახ შენ რას შემეცი, არ ვიცი, არ ვიცნობ ახოსპირელისნაირებს-მეთქი

აი ეგეთი ხასიათი რომ არ გქონოდა ხომ ითამაშებდი ეხლაცო

ხასიათი რა შუაშია, შუა სტადიონზე მესროლეს და კაციშვილმა არ დარეკა პოლიციაში, პოლიციას ვინ ჩივის სასწრაფოში მაინც დაერეკა რომელიმეს-მეთქი

წადი, ამას მე მივხედავო

წამოვედი!

აი იმ დღეს, თექვსმეტი წლის წინ, კოკლიანის უბნელებს მაზიანზე სათამაშოთ რომ არ გავყოლოდი, შუა თამაშის დროს ვიღაცას რომ არ ვეცნე, ესაო ბიჭო, ესა ჩემიდედაშევეცი ფეღბურთელია, გვასიაფანდებენ ამათ მოუტყან სუყველაფერიო, რომ არ დაეყვირა გაღმელ ჩეჩენას და მერე იმ ორს რომ არ ესროლათ, ან რომ ესროლათ მაგრამ ხელში, მუცელში ან რავი სადაც გინდა იქ რომ დავჭრილიყავი და არა მაინცდამაინც ფეხში და მაინცდამაინც კუნთში, ან ჯანდაბას ესროლათ ფეხშიც, კუნთშიც, მაგრამ კოკლიანი რომ არ მდგარიყო ეგრე სირივით და სასწრაფოში რომ დაერეკა, ახლა სად ვიქნებოდი?

ჩვენი იმ დროინდელი გუნდიდან ყველაზე წარმატებული ჯაში გამოდგა, ბუნდესლიგაში ითამაშა საკაიფოდ, ეხლა ჰოლანდიაშია. ზუგდიდსკი მოსკოვებს და როსტოვებს მიაწვა, შოტლანდიაში იყო, მაგრამ ვერ გაუქაჩა, რუსეთიდანაც გამოქცევაზეა, ამასწინათ ველაპარაკე, რაღაც თანხა უნდა მოვხოდო და მერე ვაფშე დავანებებ თამაშს თავს ამის დედაც მოვტყანო. ბერძენა თურქეთშია, მაგრამ სკამზე ზის, კოკლიანმა თავისით დაანება ფეხბურთს თავი და ეხლა მამამისის დაწყებულ ბიზნესს აგრძელებს. უფროსმა კოკლიანებმა შენობების პრივატიზებით და მერე გაყიდვით საკაიფო ფული იშოვეს, ეხლა სამშენებლო კომპანია აქვთ და ნახევარი ქალაქი ჰყავთ გადაგდებული, მაგრამ კოკლიანის დედა პარლამენტში იყო, წინასაარჩევნოდ ფულები ჩაიტანა და დროებით აპატიეს.

“სამისნახევრიანები” მოვიდნენ, ყველაზე პატარები და საკაიფო ბავშვები, იმ ასაკში არიან, მასწს რომ გეძახიან. მეცინება, ტრენერობა ბოლომდე მასწავლებლობა არ არის რა, მასწავლებლის პასუხისმგებლობის პონტს არ იღებ ბოლომდე შენ თავზე, თან არავინ გთხოვს დამრიგებლურ ტონს და სიბრძნეების ჩამოთლას. მე ვერც მასწავლებლობაშიც ვხვდები მაგ ორის დანიშნულებას, ბავშვებთან მთავარია მართალი იყო და საერთოდ ცხოვრებაშია მთავარი, რომ მართალი იყო და თუ მართალი ხარ, შენი სიმართლე ყველას ესმის, მითუმეტეს ბავშვებს. თუ იტყუები, ისინიც იტყუებიან გინდა პროფესიაში გინდა ადამიანობაში და სადაც გინდა.

ჩვენს დროს ტრენერი ის კაცი იყო, რომელსაც პირში სასტვენი ქონდა გაჩხერილი და ყოველ შეცდომაზე დედის ტრაკს გვაფარებდა, ჩვენ კი ყველანი ის ბავშვები ვიყავით, რომლებსაც ფეხბურთელობა და კაიბიჭობა ერთად გვინდოდა, მაგრამ ტრენერისგან გინება მაინც გაგვდიოდა. სხვებს არ გადავწვდები, მაგრამ ჩემი გუნდიდან, ეგ ორი რამე ვინც ერთად ცადა, არავის გამოუვიდა, არავის არაფერი გამოუვიდა, არც ერთხელ, არსად… აგერ მე ვარ ნათელი მაგალითი, გამხვრიტეს მუხლს ზემოთ და მეტის ღირსიც ვიყავი… ალბათ…

ეს ახალი ბავშვები თითქოს ჩვენნაირები არ არიან, მაგრამ თან არიან, იმიტომ, რომ ამათი მამები არიან ჩვენნაირები და ამათი მამები კიდევ ის ხალხია, ვინც ასე თუ ისე რაღაცას მიაღწია ცხოვრებაში და რახან მიაღწია, გონია, რომ სწორად იცხოვრა და რა იცხოვრა ეგ აღარ ახსოვს, ან აღარ უნდა რომ ახსოვდეს.

“სამისნახევრიანები” პატარები არიან, ამათთან ფეხბურთიც ადრეა და საერთოდ ყველაფერი ადრეა, მოდიან, ცოტას წავავარჯიშებ და მერე ვათამაშებ ხოლმე, თამაში კიდე ყველა ბავშვს უყვარს, ხოდა თუ ხშირად ათამაშებ, მერე შენც უყვარხარ, ხოდა “სამისნახევრიანებს” ვუყვარვარ, შეიძლება იმიტომ, რომ ბუცებით და ფორმით თამაშის უფლებას ვაძლევ. ჩემს დროს ფორმით ვინ გათამაშებდა, ერთი გვქონდა და ჯანმრთელობაზე მეტად ვუფრთხილდებოდით, ბუცებით თამაშზე კიდე ხომ ვთქვით უკვე.

სამუშაო დღეს “სამისნახევრიანებით” ვამთავრებ, შესაბამისად, ახოსპირელებისნაირებმა როგორც არ უნდა მომიჯვან განწყობაში, დღის ბოლოს მაინც კარგ ხასიათზე გამოვდივარ სამსახურიდან, მარაკანას ვტოვებ, ხო, მეც მარაკანაზე ვავარჯიშებ ბავშვებს, რთულია იმ ადგილის დატოვება, სადაც ათი წელი ვარჯიშობდი და რაღაცა მოგონებებიც გაქვს, თან ყველაზე მეტად შემდგარი და წარმატებული თუ არა ნიჭიერი, და იმედის მომცემი მაინც იყავი, აქ და ახლა თუ არა, აქ და მაშინ მაინც, ხოდა ვიღაც რომ იყავი და იმ ვიღაცის აჩრდილი რომ ეხლა უკვე ხელოვნურ ბალახგადაკრულ მინდორზე დარბის, ეგეც საქმეა, პატარა, მაგრამ მაინც საქმეა. მოკლედ, მარაკანას ვტოვებ და ჩვეულებრივ ქალაქში გამოვდივარ, სადაც უფრო მეტი ახოსპირელი და უფრო მეტი ჩემი სკოლის დირექტორისნაირები დადიან. დაე იარონ!

#2

საღამოს ზუგდიდსკიმ დარეკა, ბიჭო ფული რამდენი გაქვსო?

ცოტა-მეთქი

ხვალამდე რამდენს დაითრევო?

რავი რაში გჭირდება-მეთქი

შოტი ვიცი ხვალინდელი, უეჭველი დაჯდება, პროსტა ბლომად უნდა დადო რო საკაიფოდ გავიყოთო, ხოდი მაქ გამიგე აქა გაყიდულ იგრებზე და კიდე გავაძრობ რაღაცეებსო

ერთი ბრატი მყავს, ვესესხები-მეთქი

ტრი და ვოსემია კუში ათას ლარამდე მოუყარე როგორღაც თავიო

უეჭველი ბაზარია-მეთქი?

დიშვილსვფიცავარო

ორი საათის მერე კიდე დამირეკა

დაიკოა მანდ ჩემი, დვეტიში სჩემტას მაგიც მოგცემს ეგეც შეაგდეო

კარგი-მეთქი

თათეშკასთან არ წამოგცდეს, მაგი, დაიკოს ამბავიო

ეგრე მიცნობ მეთქი

ზუგდიდსკის გაძრობილი დაიკო როგორი იქნებოდა, ზუსტად ვიცოდი, ასე რომ კაფეში მისულს არც დამირეკავს ეგრევე გვერდით მივუჯექი, ზუსტად თათეშკასნაირი იყო, აწყობილი, ხელოვნური, მაგრამ ზუგდიდსკისთვის იდეალური

მაგას შიგ ხომ არ აქვსო

ბოდიში-მეთქი?!

ყველაფერი დამალომბარდებინა რაც გამოგზავნილი ქონდაო

დაგიბრუნებს, რაღაც საქმე გაჩარხა-მეთქი

მკიდიაო, სამი თვე ველოდები, ორი დღე მნახულობს, თუ ცოლს უნდა დაახარჯოს ეს ფული ჩემკენ აღარ გამოიხედოს უთხარიო

არა, არა გასამაზად ჭირდება-მეთქი

ვითომო?

კი ეგრეა, უეჭველი ვიცი-მეთქი

და შენ ვაფშე ვინ ხარ, შენც ფეღბურთელი ხარო

არა, უფრო სწორად აღარ-მეთქი – რაღაცნაირად გაიღიმა, რაღაცნაირად ისე რომ მივხვდი ზუგდიდსკის სად დაერხა ამ ქალთან ურთიერთობაში…

ჩვეულებრივ გიორგას დავურეკე – ფულს ვერ გასესხებ, მაგრამ სესხს გაგიკეთებ ერთ დღეშიო. ჩვეულებრივი გიორგა კლიჩკიდანაც ხომ ჩანს როგორი კაცია? ჩვეულებრივი. უნივერსიტეტში ჯგუფელები ვიყავით… რომ მესროლეს, მერე ექიმებმა მითხრეს, რომ ვერ ვითამაშებდი, ხოდა თუ ვერ ვითამაშებდი, მაშინ უნდა მესწავლა, იმიტომ რომ ეგ დაუწერელი წესივითაა, თუ თამაშობ ვერ სწავლობ და თუ აღარ თამაშობო, კეთილი ინებე და ისწავლე მაინცო, ეგრე მითხრეს ოჯახში. ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა, რაღაცეებს ვჯახირობდი, ცოტა წავიკითხე, ცოტა აზრზე მოვედი, მაგრამ მათემატიკა იმენა არ იყო საჩემო და არც მე ვიყავი სამათემატიკო. ჩვეულებრივი გიორგა კიდე ზედგამოჭრილი იყო ციფრებისთვის, მე უფრო ლიტერატურა მომწონდა და ჩემთვის ეგეც საკმარისი იყო, დიპლომის ასაღებად კი სამწუხაროდ არა. გიორგამ დიპლომიც აიღო და მგონი საერთოდ მესამე კურსიდან მუშაობდა, თავიდან ვიტრინაში რომ სხედან, ეგ კაცი იყო, მერე ვიტრინიდან უკან და ცოტა გვერდით გადაინაცვლა საკუთარ მაგიდასთან, ცოტა გვერდიდან კი კიდევ უფრო უკან, კაბინეტში. ბანკი ხომ ეგ ადგილია, სადაც რომ ჩანხარ უფრო ცუდია, ვიდრე რომ არ ჩანხარ. ხოდა, ჩვეულებრივი გიორგა აღარ ჩანდა, საკრედიტო ოფიცერი გახდა თუ რაღაც უფრო მაღალი წოდება მიიღო, ისეთი მაღალი, რომელიც ჩეულებრივმა კლიენტებმა არ იციან და არც უნდა იცოდნენ.

ბანკში რომ შევედი, ჩვეულებრივი გიორგას გვარი დამავიწყდა, კონსულტანტები კიდე ზედმეტსახელით არ იცნობდნენ, მერე როგორც იქნა გავიხსენე გვარი და უი ბატონ გიორგიზე ამბობთო? სადღაც ჯურღმულში შემიყვანეს, დარწმუნებული ვარ იმ შენობის ნახაზი რომ მოგეთხოვა, სადაც ბანკის ფილიალია, იმ ოთახს ვერ იპოვიდი, ესე იგი ბატონი ჩვეულებრივი გიორგა ნამეტანი დიდი კაცი გამხდარა.

რამდენი გჭირდებაო?

რავი რამდენი შემიძლია-მეთქი

ხელფასი რამდენი გაქვსო

ამდენი-მეთქი

მაგდენით, ამდენს გაიტანო

იყოს მაგდენი-მეთქი

ხო არ გამშარავო

რა სისულელეა, ხვალვე მოვიტან-მეთქი

ხვალვე არ გვინდა, დავიწვებით და თან საპირგამტეხლო შეგეტენებაო

მეორე კურსიდან გამაგდეს რა სიტყვებით მელაპარაკები შეჩემისა-მეთქი

თვის ბოლოს პროცენტი შემოიტანე და მერე ნელ-ნელა დაფარეო

კარგი-მეთქი…

სანამ განცხადებას ვავსებდი, ჩვეულებრივმა გიორგამ არაჩვეულებრივი რაღაც მოიფიქრა –

ბიჭოო

ხო-მეთქი

ჩვენთან უნდა დაიწყო მუშაობაო

რა-მეთქი?

ახალი წლების მერე, კომპანიებს შორის მინიფეხბურთის ტურნირია და მაგრად დაგვეხმარებიო, ხო კიდე თამაშობო

რავი, შენზე უკეთ კი-მეთქი

ხოდა ძალიან კარგი, გადაწყვეტილი ამბავიაო. სამი თვე ტრუხაზე აიღებ ხელფასს და თუ კარგად ითამაშებ, ბონუსიც ჩაგერიცხებაო

მეღადავები-მეთქი?

არა შენძმობასვფიცავარ, ერთხელაც არ მოგიწევს სამსახურში მოსვლა, მთავარია ტურნირი ითამაშოო. ხო ხვდები კომპანიის იმიჯია, ყველაფერში პირველები უნდა ვიყოთ, თან შარშან კონკურენტ ბანკთან ჯომარდობის ტურნირი წავაგეთო

ეგ რა მითხარი-მეთქი

ათას ლარიანი ხელფასი გექნებაო

რაღა უნდა მეთქვა?

თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივედი ტოტალიზატორში

თქვენო, ისეთ თანხას დებთ მენეჯერს უნდა შევუთანხმდეთო

შევუთანხმდით

მენეჯერმა – შენ რაღაც ისეთი ხომ არ იცი რაც არ უნდა იცოდეო. ვითომ ორაზროვნად მკითხა

ვიღაცაში გეშლებით-მეთქი. ფსონი მიიღო, მე კიდევ იქვე დარბაზში ჩამოვჯექი და ლუდი შევუკვეთე. მეოთხმოცე წუთამდე არ ჯდებოდა ზუგდიდსკის შოტი, მეოთხმოცეზე გაათანაბრეს, მერე მეორეც შეაგდეს ოთხმოცდამერვეზე, ისეთი სიაფანდი პენალი დადეს, მე კი არა ბავშვი მიხვდებოდა, რომ გაყიდული თამაში იყო, მერე მე რა რო? არც არაფერი!

მოგებულ ფულს დღეს ვერ გაიტანთ, ხვალ უნდა გამოიაროთო რომ მითხრეს, ზუსტად იმ მომენტში დარეკა ზუგდიდსკიმ

ხო გითხარიო

მალადეც-მეთქი

რამდენი მევიგეთო?

ბლომად-მეთქი

მაგ ფულს ხელი არ ახლო, ხვალინდელიც ვიციო

აქ ტოტალიზატორში კითხვები დამისვეს დღეს-მეთქი

ხუთი ათასს ზემოთ იწყებენ მაგენი კითხვების დასმას, სხვადასხვა კლუბებში დადე, ხუთზე ნაკლებიო

ხო არ ღადაობ მაგდენ ტოტალიზატორს რა მოივლის-მეთქი

შეჩემისაო… აღარ გავაგრძელებინე, მართალი იყო.

#3

ზუგდიდსკიმ ზამთრის შესვენებამდე კიდევ ორი თამაში დასვა. თითონ ოცდაშვიდში ჩამოვიდა, ბანკის ვალი და დაიკოსთვის დასაბრუნებელი ფული გადავდეთ, დანარჩენი პაპალამ გავიყავით. ოცდაათ-ოცდაათი გამოვიდა, ლარში.

ზუგდიდსკიმ, მე ჩემებთან უნდა წავიდე რაიონში და ორ დღეში დავბრუნდებიო, მერე მთაში გავგაზოთ სასტუმროში, ჯაში არ ვიცი და ბერძენა ოცდაათში ჩამოვა და შევიკრიბოთ ძველებურად, რამდენი ხანია ახალ წელს ერთად არ ვყოფილვართო, ოღონდ კოკლიანიც უნდა დავპატიჟოთ, რაღაც საქმე მაქ გასაჩარხიო.

კოკლიანის ნერვები არ მაქვს-მეთქი.

შენ არც ტოტალიზატორეში სირბილის ნერვები გქონდა, მაგრამ ხომ ვიშოვეთ რაღაცაო, ოცდაათი ათასი რო გეშოვნა რამდენი ხანი უნდა გემუშავა ტრენერად თუ კაცი ხარ მითხარიო.

ტვინში გადავთვალე და სამი წელი და რაღაც გამოვიდა.

ცუდი როდის მიქნია შენთვის, ამ ერთხელაც დამიჯერე, საჭირო ხალხი გავიცანი რუსეთში, ჩვენთან მშენებლობაში უნდათ ფულის ჩადებაო.

რუსებისგან შენ რამე კარგი გახსოვს ამ ქვეყანაში გაკეთებული-მეთქი?

აი ეხლა ნუ შემცემ ამ ტრუხა პატრიოტიზმითო, ის მითხარი აქ მოსაწევის ამბავი როგორ არის, ისევლე იჭერენო?

კი, და ვაფშე რა მოსაწევი შეჩემისა, ორ კვირაში ვარჯიშები გეწყება-მეთქი,

ნურც ეგეთებით შემცემ, სამეგრელოდან ჩამოვიტან ცოტას, ვინ რას გაიგებსო, არა ბიჭო არყით გაჭყეპვა ჯობიაო

არაყი რა შუაშია, დაისვენე, ცოტა ჯანზე მოდი, მთელი სეზონია წინ-მეთქი

ძმობას გაფიცებო რა, თამაშზე სუ რომ მთვრალი მივიდე მაგათზე კარგად მაინც შევუბერავო

ეგეთი მენტალობის ბრალია ტრაკში რომაა ჩვენი ფეხბურთი-მეთქი

შენ ბებიაშენისამ ანგელოზი იყავი და იმიტომ წყვეტ ეხლა ციდან ვარსკვლავებს ხომო?

სამაგიეროდ, არ ვეწეოდი და არ ვსვამდი -მეთქი

ძღნერს ხო კარგად ჭამდიო

ძღნერს კი-მეთქი,

ხოდა თავი დაანებე მორალის კითხვას და ეგეთებსო.

რა უნდა მექნა?

მარაკანაზეც საახალწლო შესვენებაა, მთელი დღეები სახლში ვზივარ და ოცდაათის მოსვლას ველოდები. ბიჭები მომენატრნენ, მაგრამ ცალ-ცალკე, ყველანი ერთად არა, ერთად აუტანლები არიან, ამას დაუმატე ცოლები და კააროჩე, ცუდი აჯაფსანდალი გამოდის, უფრო სწორად მშვენიერი პონტია, მაგრამ მე ვარ ამოვარდნილი, ვერც ბოლომდე ფეხბურთელი დავრჩი და ვერც ვინმე სხვა გავხდი, რაღაცეებში მესმის ჩემი ბიჭების და რაღაცეებში მაგრად მერხევა. სამი დღით მივდივართ და ზუსტად ვიცი გაბმული სმა იქნება, მერე იქ ვიღაც იცნობს ჯაშს ან ბერძენას და მთელ ქვეყანას მოსდებს, ნაკრების ბიჭები სვამენ ოცდაოთხი საათიო და მართალიც იქნება, პროსტა ეგ ამათ ტვინში არ შედის.

ჯაშმა რაღაც მინივენივით იქირავა და იმით გამოგვიარა მე და ბერძენას, ორივეს ცოლები ყავდათ და ნორმალური ადგილები მაგათმა დაიკავეს. მე უკან, პატარა გასაშლელ სკამზე მომიწია მთელი გზა ჯდომა.

ჯაშმა, კოკლიანი ერთი საათის გასულია, ფასანაურში უნდა შევხვდეთ, ხინკლებს ჩააყრევინებს და რომ მივალთ ცხელი დაგვხვდებაო

მარიშამ, ჯაშის ცოლმა, ყოველ ჩამოსვლაზე ფასანაურის ხინკალი რა უბედურებააო

ქეთაშკამ, რას ერჩი, მაგრად მომენატრა ხინკალი, გული მერევა თურქულ საჭმელებზეო

ბებიაშენისამ, შენც სუ თურქულებს არ ჭამდე, ნახევარი ხელფასი რესტორნებში მეხარჯებაო, ბერძენამ

მერე რა ჯანდაბად გინდა ეგ ფული თუ არ დახარჯეო

მანქანა ხო კარგად გინდაო

აუ კიო

მარიშამ, აუ გოგო კოკლიანმა უყიდა ახალი მანქანა თავის ცოლსო

რა მანქანაო ქეთაშკამ

წითელი მინი, თეთრ დისკებზე და ორი წითელი ხაზითო

არ გადამრიოო, აუ ბერძენ შენც ხომ მიყიდიო

ისიც მოუყევი მარიშ მერე რა უქნა კოკლიანის ცოლმა მანქანასო, ჯაშს სიცილი აუტყდა,

ცენტრიდან სახლამდე გზაში დაამტვრია, კიდე კაი მაგის ბრალი არ იყო ბოლომდე და დაზღვევამ დაუფარაო.

ჯაშმა, კარგი ბიჭია კოკლიანი, სახეს იხევს, ბევრს მუშაობსო

კოკლიანის კარგი ბიჭობა არ გაიშვა-მეთქი

შენ ნუ გჭამს ძველი ბოღმებიო

გამოქლიავებულია ეგ შენი კოკლიანი, გოგოებო თქვენთან დიდი ბოდიში-მეთქი

მარიშამ, გამოქლიავებულია აბა რა არის, მაგ გოგოს რომ ცოლად მოიყვან კაციო

კოკლიანის ცოლის მერე ჩემს უცოლობაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მარიშამ რა კარგი გოგოები გეტოლებოდნენ და შენ კიდე რა ქენი, ხელიც არ გაანძრიეო, ქეთაშკამ მეც დაგასიე ჩემი მოდელები და ჰა? ჩემი ფეხებიო, ზუგდიდსკიმ მოიყვანა ბიჭო, ცოლი, ზუგდიდსკიმო და შენ რა გჭირსო, ბერძენამ შემომიტია. როგორ გინდა აუხსნა, რომ ამათი მოდელი ცოლების მოდელ დაქალებს მე, ბავშვების ტრენერი მაგრად ფეხზე ვკიდივარ და ბერძენას, ჯაშის და ჯანდაბას ზუგდიდსკისნაირი ტიპები ურჩევნიათ, ურჩევნიათ და ჭირდებათ კიდეც, სტაბილური ხელფასით და კარგი შეკრული წითელი მინი მანქანებით, წელიწადში ორჯერ მოგზაურობით და ა.შ. ისე კოკლიანია ერთადერთი ბიჭებში, ვინც მოდელი ცოლი არ მოიყვანა, ქბ კოკლიანი ნიტო იურისტია, ნიტო პროკურორი ან რაღაც მაგასთან ახლოს.

თუ გამოგიჭირეს დაგერხევათო, ქბ კოკლიანმა, ციხეა გაყიდულ თამაშებზე, ამდენი და ამდენი წელიო. პროკურორი აღმოჩნდა, ხინკალი კი ნაჭამი გვქონდა უკვე.

ამას ვინ გამოიჭერსო ზუგდიდსკიმ ჩემზე უთხრა და მე თუ გამომიჭირეს კი ვიცი ვისაც უნდა დავადო ხელიო, ჯაში! რამე გექნება ჩამოტანილი გოლანდიიდან, ზუგდიდში მწარე გალიაკი იდგაო. ჯაშს გაეცინა, სასტუმროში მივიდეთ და განახებ ევროპა სადაა წასულიო

კაი შეჩემა, სასტუმრომდე რა მოითმენსო, ზუგდიდსკიმ. ჯაშმა ჯიბიდან ელექტროსიგარეტი ამოიღო

ეს რა ჯანდაბააო, ზუგდიდსკიმ

ელექტროსიგარეტში შეკეთებულ-შელამაზებული მოსაწევიო

ღადაობო

ჰა და გასინჯეო

ზუგიდსკიმ ნაპასის დარტყმა ცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, მეღადავები შეჩამაო

დამჯდარია ეტყობა, გზაში დავტენი და საღამოს მოვცხოთ, თან ხო იცი რა პონტიცაა, სუნი ამას არ აქვს და სადაც მოწევა არ შეიძლება იქაც კი მოწევო

მაღადავებო ზუგდიდსკიმ

მარიშასთავსვფიცავარო ჯაშმა

ბერძენამ, ძაანაც თავზე ნუ გადაიჯვამ საქართველოა ბოლო-ბოლოო.

კლიჩკიდანაც ხომ ჩანს ზუგდიდსკი როგორი კაცია? ბერძენა და ჯაში  კიდე გამოსული ტიპები იყვნენ, უბნელები, ბაღელები, სკოლელები, გუნდელები, მაგათი საყვარელი საქმე ბავშობიდან ზუგდიდსკის აგდება იყო, კოკლიანსაც საკაიფოდ უსრულებდნენ, მაგრამ კოკლიანი არაფერში ვარგოდა, იუმორში მითუმეტეს, აი ზუგდიდსკი კიდე რომ მიხვდებოდა მეღადავებიანო, აქეთ უტრიალებდა პონტს. მე სამივესთან ბავშობიდან ვბრატობ, ერთადერთი კოკლიანი ვერ მივიღე ვერაფრით, რაღაცნაირია, გამოქლიავებული, ვამბობ და არ ჯერათ.

კოკლიანმა, ტრაკი არ აგტკივდა ბაგაჟნიკში ჯდომით, ჩაჯექი ჩვენთან საკაიფოდ ჩაეტევიო. გზაში გაირკვა რომ თათეშკა და ზუგდიდსკი ნაჩხუბრები არიან, მგონი დაიკოს ამბავი გასკდა…

კოკლიანისთვის რომ გეკითხათ მეორე აღმაშენებელია, ხო არის გამოთქმა, კაცმა ხე უნდა დარგოს, სახლი ააშენოს და ბავშვი გააჩინოსო… ხოდა რაც მე სახლები ავაშენე, ხე რომ არ დავრგო და ბავშვი არ გავაკეთო უკვე მეპატიებაო.

ხო, ოღონდ სახლებს რომ აშენებდი და ხეებს ჩეხავდი ეგ როგორი ამბავია-მეთქი.

რას იზამ ძმაო, პროგრესი და ეკონომიკა თუ გინდა ორი სამი ხეც უნდა შეწიროო. ზუგდიდსკი, შენ რა საქმე გქონდა აღარ იტყვიო?

აშენება მინდა მეც რაღაცის, რუსები მყავს დათრეული, რომ ჩავალთ მერე კარგად მოგიყვებიო.

#4

მთაში წამომიყვანეს, მყინვარის სანახავად და ჩემი ოთახის ფანჯრები კიდე საპირისპირო მხარეს, ხევს უყურებს. ვინ დაჯავშნა ნომრები? კოკლიანმა! არა რა, მართლა გამოქლიავებულია. აქაურობა ხედის გამო თუ ვარგა და მე კიდე ხევს ვუყურებ, ხევს!

მაგიდაც თითონ აარჩია, მაინცდამაინც იმ ადგილას, სადაც უზარმაზარი ტელევიზორი ეფარება მყინვარს. პრემიერლიგიაა დღესო, იდიოტია აბა რა არის?

გოგოებმა აუ ბასეინი აქვთ და ჩავიდეთო რაო

ორი ლუკმა მაჭამეთო ზუგდიდსკიმ, ბასეინი და ვარჯიში იქაც მეყოფა, ჰე, ჰე ჰეო

ჭამა კარგი და რა დავლიოთო? ბერძენამ. სასმელებს გადავხედე და ხომ არ ღადაობენ ესენი, ფასები ნახეთ მეთქი

ზუგდიდსკიმ ნუ ხარ შენ ბიჭო კრიჟანი, რამდენი ფული მოგაგებინე დახარჯე ნუ გენანებაო

შეჩემისა შენ სკამზე ჯდომაში გიხდიან თვეში იმდენს რამდენსაც მე წელიწადში ვშოულობ და რა გენაღვლება-მეთქი

არ გებლატავა ბავშვობაში ეხლა უფრო მეტი გექნებოდაო, კოკლიანმა

შე უნამუსო, შენ ბრატებს გავყევი თუ გახსოვს მეთქი

რა გინდა მერე ხომ შეგარიგა ბიძაჩემმაო – რა გინდა რომ უპასუხო? ზუგდიდსკიმ რა ქენი ჯაში ვერ დატენე ის რაღაცაო

ჯაშმა ზემოთ დამრჩა და ჩამოვიტან მერეო, მარიშამ მე ვარ ასასვლელი კუპალნიკი უნდა ჩავიცვაო

ჯაშმა, ტრაკს ნუ ათამაშებ ეხლა, ვიღაც იდიოტები იქნებიან აუზზე და არ მინდაო…

შენ არ გინდა მე მინდაო

ნუ შემცემო ჯაშმა, მარიშას გაუტყდა, ჯაში მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და ხვალ პახმელიაზე ჩავხტეთ ყველა ერთადო, მარიშამ არაფერი უპასუხა, მაგრამ სახეზე ეწერა რასაც ფიქრობდა

მიმტანმა, რას მიირთმევთო

სნექი და ვისკიო ბერძენამ

ქართულად ილაპარაკე გირჩევნიაო, ზუგდიდსკიმ

ტრენერი ხომ ესპანელი გყავს როგორ გაგებინებს რა უნდაო

ჯაშმა, რა ემჩნევა რომ რამე ესმისო, ძროხასავით დგას სტადიონზე და ბალახს ცოხნისო

აღარაა ეგ შუტკა სასაცილოო, ზუგდიდსკიმ

კოკლიანს ისევ ეცინებაო, ჯაშმა

სანამ საჭმელი და სასმელი მოვა სუფთა ჰაერზე გავალ-მეთქი, თათეშკამ გამოგყვებიო, სიგარეტი ხომ გაქვსო

კი-მეთქი.

ილიას აქვს მყინვარი და თერგი შედარებული, რომელიღაც მოთხრობაში, მახსოვს სკოლაში აუცილებელი საზეპირო იყო და მერე თავისუფალ თემებსაც გვაწერინებდნენ, ოღონდ რაღაც სათაურის ქვეშ და ეგ შენი თავისუფალი თემა აღარ გამოდიოდა ისეთი თავისუფალი, როგორც მასწავლებლებს წარმოედგინათ და ეგრე საზეპიროებით რომ გვასწავლეს ყველაფერი, იმიტომ არ გვასწავლეს არაფერი და იმიტომ არ მახსოვს რა მოთხრობაა და იმიტომ არ მახსოვს საერთოდ რაზე იყო ბაზარი, მაგრამ მართლა ძალიან ლამაზია ეს ოხერი. აქაურები რაღაცნაირად, მორიდებით მოიხსენიებენ მყინვარს და ქალბატონს ეძახიან. ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში, ეგეთი თემაც მაქვს დაწერილი, უფრო სწორად გადაწერილი. როგორც მყინვარი არ შეცვლილა ილიას მერე, ისე არ შეცვლილა სკოლაში არაფერი, ერთადერთი ის, რომ ჩვენ დროს მეოთხე სართულზე, მიტოვებულ დერაფანში იყო გარჩევები, ეხლა კიდე მანდატურები დადიან ყველგან და კიდე ის შეიცვალა, რომ ჩვენ დროს ფეხებში დარტყმა არ იყო მოსული, ქურდულში ან ქურდულად არ იხსნებოდა. „სპორტსმენს მაფუჭებ ძმაო? მოგეთხოვება“. ნიჟე პოისას პონტი იყო, ეხლა კიდე სადაც უნდათ იქ ურტყამენ, მთავარია მანდატურმა არ დაგინახოს. ეგაა ძმაო თავისუფლება, ბევრჯერ ვადარებ ჩვენ დროს და “სამისნახევრიანების“ დროს ერთმანეთს და განსხვავება ისაა, რომ ჩვენ კი ბატონო, ხულიგნებიც ვიყავით, კაი ბიჭებიც და კიდე რავი რა აღარ, მაგრამ თან სპორტი გვიყვარდა, გვიყვარდა ბოლომდე, ეხლანდელი ბავშვები კიდე პირველ მანქანას რომ იყიდიან, ყველაფერს ფეხებზე იკიდებენ. ჩვენ რაღაც პროფესიონალიზმი მაინც გვქონდა, ამათ  – არაფერი, ზუგდიდსკის გართულებული ფორმა არიან.

ვიცი არც შენ მეტყვი არაფერს, მაგრამ მაინც უნდა გკითხოო

მივხვდი საითაც მიდიოდა ბაზარი, მაგრამ არ ვიცოდი თავი როგორ

დამეძვრინა. რა ხდება-მეთქი?

დაიკოზე გავიგეო

ვიზე-მეთქი?

თავს ნუ ისულელებ, ისიც ვიცი ამის გამოგზავნილი პადარკების ფული შენ რომ მოგაწოდაო

ვახ ჩემი-მეთქი გავიფიქრე, როგორ უნდა გამოძვრე ამ სიტუაციიდან, ზუგდიდსკის არაფერი უთქვამს ჩემთვის და რა პასუხი გავცე? გავჩუმდი…

ჩემზე უკეთესიაო? თათეშკამ

ვაპროს ს პადვოხამ, უკეთესიაო ვერ იტყვი, უარესიაო თქვა და თვითშეფასება უფრო უკან წაუვა

შენ როგორ გგონია-მეთქი? მგონი იმ ინტონაციით და იმ დოზის იუმორით დავსვი შეკითხვა, როგორითაც უნდა დამესვა, იმიტომ რომ თათეშკას გაეღიმა

იდიოტია ამხელა კაციო

ბავშვობიდან-მეთქი

კიდე აპირებთ მაგ აფიორის გაგრძელებასო?

რავი, რატომაც არა, ვშოულობთ, პროსტა მეშინია ამას არ დაერხეს-მეთქი

მეგრელია გამოძვრებაო

ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ, როგორ გამოიჭირე-მეთქი?

მათემატიკაო, მითხრა. ვიცოდი რამდენიც დადო და რა კუშზეც და ნაკლები რომ მოიტანა, მერე ნელ-ნელა დავაფქვევინე ყველაფერი, მეგობრის ოქროები მქონდა დალომბარდებულიო, მერე მეგობარი გავარკვიე, მერე ის, მერე ეს და ეგრე…

ჭკვიანი ქალი ხარ-მეთქი

მოდელის კვალობაზეო – იმანაც ზუსტად იმ ინტონაციით მითხრა, როგორითაც უნდა ეთქვა და მეც ზუსტად გავიგე მისი ცინიზმი და თვითირონია

შევალ მეო,

შედი-მეთქი.

თათეშკა თვალებით გავაცილე და ბიჭებზე ფიქრს გაყვევი, სამივეს ცოლი ისე მაგრად გავს ერთმანეთს, რომ სადღაც ეჭვიც კი გაგიჩნდება, დები ხომ არ არიანო, ერთნაირი დოზით მაკიაჟი, ჩაცმულობის სტილი, ლაპარაკის მანერა, ინტერესები, სიმაღლე და წონაც კი, არადა სამივე სხვადასხვა ასაკში და სამივე სხვადასხვა სამოდელო სააგენტოდან არის. ეგ არის ქალთა სახეები ჩემს საძმაკაცოში, მარტივი საზეპირო, არც თუ ისე საინტერესო თემა, ყველაზე კომუნისტი მასწავლებელიც კი ვერ დაწერდა მათზე ერთ გვერდზე მეტს, არადა თემები მინიმუმ გვერდ-ნახევრიანი უნდა ყოფილიყო, ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი და ა.შ. რამდენი სისულელე, რამდენი სისულელე და რამდენი დაკარგული დრო, ტრენერის დონის მასწავლებლები და კრიმინალებზე უხეში ტრენერები – შაშუბეში ხარ იობანა ვროტ? დაეჯვი სკამზე და შემდეგ თამაშზე კოკლიანს რომ დავაყენებ მერე მიხვდები პასი როგორ უნდა გააკეთო.

ხო ვითომ სტერეოტიპია, რომ სპორტსმენი კაცი და მოდელი ცოლი და მთელი ამბავია ატეხილი, ყველა ამათზე ღადაობს, დამიჯერეთ, ბევრ სხვა “იდეალურ” წყვილზე იდეალური წყვილები არიან, ერთნაირი მუღამებით და ერთნაირი აზროვნებით, ცხოვრობენ მარტივად და ლაღად და არ უნდათ რა ეს შენი სიღრმეები და რაღაცეები, ვის უნდა? მე მინდა, მაგრამ ჩემი ფეხები! ინტელექტი არ მყოფნის, ესენი კიდევ ჯიგრები არიან, მართლები არიან, როგორც ხედავენ ისე აღიქვამენ. არარსებულს არ ეძებენ და მაგ ძებნაში არც თავს იღლიან და არც სხვებს ღლიან. ცუდია? კარგია! მთავარია მართალი იყო შენ ზედაპირულობაში და შენ სიღრმეშიც მართალი იყო და მთავარია ძალიან ღრმად არ გქონდეს, სხვა დანარჩენს ეშველება.

მომიკიდეთ თუ შეიძლებაო, სადღაც ხვეულ თმებში ჩაკარგული სევდიანი თვალები იყო, აჭრილი სახით და ღაწვზე გულის ფორმის პატარა ხალით, ვერ გავიგე რა მკითხა და ბოდიში-მეთქი, სანთებელა გაქვსო? ხმა უკანკალებდა. ააა, აა კი-მეთქი. სიგარეტზე მოკიდება მურტალი მომენტია, არ იცი სანთებელა მიაწოდო თუ შენთითონ მოუკიდო. ჯენტლმენურ ამბავში მოკიდება ვცადე, მან კი ხელზე ხელი მომკიდა რომ ქარს ცეცხლი არ ჩაექრო, ძალიან ცივი და ცახცახა ხელები ქონდა, ძლიერი ნაპასი დაარტყა და მადლობო, ხომ მშვიდობაა-მეთქი? ყველაზე მეტად სევდიანია ტრუხა ღიმილი და ყველაზე სევდიან ტრუხა ღიმილებში, ყველაზე ტრუხაზე გამიღიმა, თავი დამიქნია და წავიდა, ოდნავ მოშორებით მოაჯირს მიეყრდნო და ნერვიულად გააგრძელა მოწევა, ამ დროს ზუგდიდსკი გამოვიდა ვერანდაზე და გამომძახა – მოდი შეჩემა მოიტანეს დასალევიო

ეს გოგო ფიქრებში ჩამყვება-მეთქი, გავიფიქრე.

#5

რაა ბიჭო ეს, ნამცხვირს გემო აქვს ამასო

ეგეთია ეგ ელექტროსიგარეტებიო, ჯაშმა

რას ბიჭო, პლანს ნამცხვირს გემო როგორ უნდა ქონდესო, ნუ გადამრიეო

პლანი და ჩიზქეიქია ერთადო

მე მაგიჟებ თუ შენ გადეირიე? ამას როგორ ეწევი დიშვილსვფიცავარ, ამას როგორ ეწევი? ნამცხვარს როგორ ეწევი არ გადამრიო ეხლაო

ნაკლებად მავნეაო

რა ბიჭო ნამცხვარიო?

ჩიზქეიქია რაო

ჩიზქეიქი არა ისა, მეც სულელი ვარ რომ დაგიჯერეო

გოგოები მაინც ჩავიდნენ აუზზე, ჩვენ კიდე ვისხედით ცოტას ვსვამდით და ისტერიულად ვიცინოდით. ზუგდიდსკი მიხვდა, რომ ჯაში მთელი გზა უჩალიჩებდა, მიხვდა და სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება ცადა

ახლა თქვენ ვითომ მე მაშაყირებთ და შენთითონ რაღაცა სალამურზე რომ უკრავ ეგ არაფერიო ხო?

სალამური ვახ ჩემიო, ბერძენა ვეღარ სუნთქავდა

რობოტის ჭუჭუსავით რაღაცას კოცნი ბიჭოო, დღეში რამდენჯერო და იქიდან კიდე ჩიზქეიქის პარს უშვებსო, ბიჭოო და მე მაღადავა ამან გაიგეო, არა ბიჭო გოლანდიაში რომ მიდიოდი კი მეშინოდა მეტრაკე არ გამხდარიყავი მარა, ესაო, ამასო, ამას მეტრაკეობა არ ჯობია, რობოტის ჭუჭუს ლოღვნას მეტრაკეობა არ ჯობია, კოკლიანი თუ კაცი ხარ მითხარიო

კოკლიანი სავარძლიდან კინაღამ გადაყირავდა

მიმტანმა უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში, ცოტა ჩუმათ თუ შეიძლებაო

დაიკო, მომისმინეო, ზუგდიდსკიმ, არც მე მინდოდა ასე ხმამაღლა, მარა ამ კაცს ხომ უყურებ, ნაკრების ფეღბურთელია რომ კითხო და ნახე რას შვებაო, ჯაში აჩვენე როგორ უკრავ მაგ სალამურზეო

ჯაშმა დიდი ნაპასი დაარტყა

რა ქვია ბიჭო მაგ ნამცხვარსო

ჩიზქეიქი

ჩიზქეიქი გაქვთ მენიუშიო?

კიო, მიმტანმა

ათი ცალი მოუტანეთ ჯაშს დაანებოს მაგ რობოტს თავი თორე გალურჯდა უკვე, აღარ შეგიძლია ხომ ხედავო

მართლა მოვიტანო ათი ჩიზქეიქიო

რავი, ჯაში ათს გაუქაჩავო?

მაზიანს გააჩნიაო

მაზიანი ეგეთი იყო – ჯაში წაგების შემთხვევაში ელექტროსიგარეტს გადააგდებდა, თუ ათივეს შეჭამდა და ზუგდიდსკის ოდესმე ეღირსებოდა გოლის გატანა და მერე აღნიშვნა, საკლუბო ფორმის შიგნით მაისური უნდა ჩაეცვა წარწერით “სალამურა”. ჯაშს მეცხრე ჩიზქეიქმა აბრატკა კინაღამ მისცა, ზუგდიდსკიმ მოიგო

კაი ჩათლახი ხარ ისე შენო, კოკლიანმა

რა გინდა არაფერი მისიაფანდიაო ზუგდიდსკიმ

გოლი როდის გაიტანე ბოლოსო

კრაის მცველი ვარ შეჩემისა რაის გამტანი ვარ, ბოლოს სამი წლის წინ შევაგდე, კვიპროსზე რომ ვთამაშობდიო

ბერძენა პირდაპირი მნიშვნელობით ვეღარ სუნთქავდა

სადაა ის გოგო რატომ აღარ გვეკარებაო, ზუგდიდსკიმ მიმტანი მოიკითხა

წავალ მე მოვიტან ცოტა ფეხს გავშლი-მეთქი

რომელი საათია ბიჭო ტელევიზორი ჩავრთოთ იგრა არ გამოგვრჩესო, ზუგდიდსკიმ

ბარმენმა ჰა რა მოხდაო, მთელი სასტუმრო ჩართული იყო მაზიანში

წააგო ჯაშმა-მეთქი

მეც ეგრე მეგონაო

გადავრიეთ ხომ ის გოგო, აღარ გვეკარება-მეთქი, იგივეს დავლევთ თუ შეიძლება-მეთქი

ისევ მთელი ბოთლიო

კი და ერთ ჭიქას აქ დავლევ-მეთქი

არსებობს ეგეთი ადგილები, სადაც რომ ზიხარ, არ ჩანხარ და შენ კი ყველაფერს ხედავ, ხოდა ზუსტად ეგეთი ადგილი ვიპოვე ბართან. ჩამოვჯექი, ერთი ჭიქის წყნარად დალევა მინდოდა.  ბევრს არ ვსვამ ხოლმე, მაგრამ დღეს რაღაცნაირად გაიტანა. მართალია, ვისკის ისე ვსვამდით როგორც არაყს, მაგრამ მაინც, ეხლა ცოტა პროცესის გაწელვა და ფიქრების გადაყრა მინდოდა. ნელ-ნელა ვწრუპავდი როდესაც –

ძალიან ხმაურობენ შენი მეგობრებიო, ვერანდის გოგო იყო, თმაზე უფრო აბურდული ფიქრებით

ვინმეს ემალები-მეთქი? რომ გამოგიჭერენ იმ თვალებით შემომხედა. ეს ადგილი ეგეთი ადგილია, ხედავ და არ ჩანხარ-მეთქი

ხოო, გაეღიმა, ამჯერად ყალბად არა, მართლა გულით. შეჭამა ათივეო?

ვერა-მეთქი

ეგრეც ვიცოდიო, ათი ჩიზქეიქის ჭამა მარტო დეპრესიაში მყოფ გოგოებს შეუძლიათო. ამაზე მე გამეღიმა

რა კამანდა ხართ საერთოდო

სპორტსმენები-მეთქი, ეგ ვინც მაზიანი წააგო ნაკრების ფეხბურთელია-მეთქი

საწყენია არა, ნაკრების ფეხბურთელი რომ ხარ და კაციშვილი ვერ გცნობსო?

რას გულისხმობ-მეთქი?

ახლა აქ რომ მორაგბეები მჯდარიყვნენ, მთელ სასტუმროს მინიმუმ ერთი სელფი მაინც ექნებოდა გადაღებულიო

ხოო, საწყენია-მეთქი

მაგრამ, თქვენი ბრალია, თქვენ თითონვე გაიფუჭეთ სახელიო

მე თავი დამანებე, აღარ ვარ ფეხბურთელი, ბავშვების ტრენერი ვარ-მეთქი

ტრენერი ქართულად როგორ არისო

მწვრთნელი-მეთქი

მერე ეგრე თქვიო

ცოტა უხეშად მოგივიდა-მეთქი

ბოდიში ნერვებზე ვარო

გემჩნევა, ერთსაც დალევ-მეთქი?

რას სვამო

ვისკის-მეთქი

გაზავებულსო? – ისე შემომხედა, რომ შემრცხვა, ხო რა, რა მოხდა მერე-მეთქი

მე გაუზავებელს დავლევ. მოწევა არ გინდაო?

ჭიქები ავიღეთ და ვერანდაზე გავედით. ციოდა. მყინვარი რაღაცნაირად, თითქოს უსინათლოდ, მაგრამ მაინც ანათებდა, კარგად არ ჩანდა, მაგრამ თითონ გხედავდა, არ ჩანდა ისე, როგორც ჩვენ არ ვჩანდით, იქ, შიგნით, ათას მაგიდას და ათას ქართველ თუ უცხოელ ტურისტს, ზუგდიდსკის, ელექტროსიგარეტის გლიცერინიან ორთქლს, პრემიერლიგის თამაშს, ჩვენგან შეშინებულ მიმტანს და სამზარეულოში შეკეტილ მზარეულებს შორის.

ის უკვე დაწნულ სავარძელში იყო მოკალათებული, პლედით, ვისკის ჭიქით, ხელში მოუკიდებელი სიგარეტით, მყინვარზე დარჩენილი მზერით და ფიქრებით. ჩემზე პატარა უნდა ყოფილიყო წესით, ხუთი-ექვსი წლით, შეიძლება მეტითაც, ოცს ზემოთ ნამდვილად იქნებოდა. სანთებელა მივაწოდე და მის გვერდით დაწნულ სავარძელში ჩამოვჯექი

პლედი მოიხურე შეგცივდებაო. მოვიხურე, სანთებელა გადმომიგდო და მეც მოვუკიდე

სკოლაში თერგის და მყინვარის შედარებაზე თემა დაწერილი გაქვს-მეთქი. გაეცინა და

კი ეგეც და ხევისბერი გოჩას დახასიათებაცო

ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში-მეთქი

ჰაჰა, კი ეგეც, რამ გაგახსენაო

მყინვარმა-მეთქი

ავსულვარო

სად-მეთქი

მყინვარზე, ბოლომდეო

რა ქვია მაგას, ალპინისტი ხარ მეთქი

არა ისე უბრალოდო – ნი ხუია სიბე ისე უბრალოდ მყინვარზე ასვლა-მეთქი გავიფიქრე

შენ ხომ სპორტსმენი ხარ არ გაგიჭირდება ასვლაო

ჩემი მონგრეული ფეხით მყინვარზე კი არა, მეორე სართულზეა ჩემი ნომერი და იქამდეც კი ლიფტით ავდივარ მეთქი

ფეხზე რა გჭირსო

გრძელი ისტორიაა, შენ რა გჭირს ეგ მითხრა ჯობს-მეთქი

ეგ უფრო გრძელი ისტორიაა დამიჯერეო

კარგი, მაზიანზე ვთამაშობდი კოკლიანის ბრატებთან ერთად და ფეხში მესროლეს მეთქი

კოკლიანი ვინ არისო

გამოქლიავებულია და რომ ვამბობ არ ჯერათ ხოლმე, მაგრამ კოკლიანზე საინტერესო ვერაფერი ნახე ჩემ მონაყოლში-მეთქი

ვერ მივხვდი რატომ გესროლესო

უბანი-უბანზე იყო თამაში და ფეხბურთელების დამატება არ შეიძლებოდა-მეთქი

რამდენი წლის ხარო

ოცდათოთხმეტის-მეთქი

მაგის გამო მოგიწია თავის დანებებაო

ეგრე გამოვიდა-მეთქი

სამაგიეროდ მოდელი ცოლი არ გყავს ეგეც საქმეაო

ვახ, რას გადაეკიდეთ ამ მოდელ ცოლებს რა გინდათ, რას ერჩით-მეთქი

მოიცაო რა ეგეთი ბანძი მერჯერის არ მჯერაო. ან თავი უნდა დამეწვა, რომ ეგ სიტყვა არ ვიცოდი რას ნიშნავდა, ან უნდა გავჩუმებულიყავი, გაჩუმება ვარჩიე

შენ, შენ რამ დაგაღონა ახალგაზრდა გოგო-მეთქი

ბიჭს დავშორდი დილითო

ამ ახალ წლებზე-მეთქი

ეგრე გამოვიდაო – რატომ გიღიმიან ისე რომ, მერე სხვა არაფერი არ გინდა და სხვა არაფერი გახსოვს ამათი ღიმილის გარდა, რა ჯადო აქვთ ეგეთი რომ გაგიღიმებენ და მანდ მთავრდება ყველაფერი. მერე ამას ალკოჰოლი დაუმატე და კააროჩე, ცხოვრების ბოლომდე იჯდები დაწნულ სავარძელში, პლედშემოხვეული, მყინვარის ფონზე.

ბიჭი სად არის მეთქი

თბილისში ალბათ, მაგრამ ბევრ შეკითხვებს სვამ უკვეო

სასმელიც თავდება-მეთქი. თავისი მომაწოდა, ჩემი დალიეო

შენ-მეთქი?

მე მეყოფა დღეისთვისო. მერე ცოტა ხნის მერე

შენ რატომ არ გყავს ცოლიო – როგორ ხვდებიან? ბეჭდით? არა! რამდენ ცოლიან კაცს არ უკეთია ბეჭედი…

ეგრე გამოვიდა მეთქი – რათქმა უნდა ზუსტად ისე ვერ გავუღიმე, მაგრამ ვცადე ყოველშემთხვევაში

მაინც, მაინცო

რავი… ალბათ იმიტომ, რომ მე ის კაცი ვარ საწოლში ნაცვამ მაისურზე რომ შეუძლიათ კაპიშონკის შემოგდება და მთელი დღე ეგრე სიარული-მეთქი. ეგეთები კიდე დიდად არავის არ მოწონს-მეთქი

ეხლაც ეგრე გაცვიაო?

დილით ეგრე მეცვა, აქ რომ ჩამოვედით გადავივლე-მეთქი – ამჯერად, ხმამაღლა გაეცინა. ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა, ის თავისას ფიქრობდა, რაღაცას უფრო ძნელს და უფრო რთულს, ვიდრე მე, იმიტომ რომ მე არაფერს ვფიქრობდი, უბრალოდ ვუყურებდი… ხოდა სანამ მე ვუყურებდი და ის ფიქრობდა, ვერანდის კარი გამოიღო და ქალთა სახეები გამოლაგდნენ, იქითკენ გავიხედე, შემამჩნიეს

მიდი მიხედე გოგოებსო, იმან, სახელი რომ არ ვიცი

ახალ წელს აქ ხვდები-მეთქი

ეგრე გამოდისო

მაგიდასთან რომ მივედით, ქეთაშკამ ესაო, ეს უნდა ნახო იქ ვიღაც გოგო დაუთრევიაო, არავინ მიაქცია ყურადღება, იმიტომ რომ ფეხბურთში იყვნენ ბოლომდე ჩართულები, ერთადერთი კოკლიანმა გამომხედა, სად მოასწარიო, მერე მანჩესტერის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, კერძოდ ფელაინიმ რაღაც სისულელე გააკეთა, რაზეც ჯაში გაცეცხლდა და წამოხტა, ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა, რატომღაც ბოლომდე გავსებული

ესაო, ეს ყლეო, მე თუ ამაზე კაი აპორნი არ ვიყო ჩემიდედაშევეციო, თქვა და ვისკი სულმოუთმელად ჩაცალა. მთვრალი იყო? კი! მაგრამ არ იტყუებოდა, ჯაშზე ამბობდნენ რომ ესო, ეს არ ვიცით რა გაიზრდებაო, მსოფლიო დონეო, ესაო, ისაო, მაგრამ აი ვისკის ეგრე ჩაცლა რომ უყვარდა მთელი ცხოვრება და იმიტომ, რომ მენტალობა ქონდა იდიოტური და ქონდა იმიტომ, რომ აქ დაიბადა, აქ და თან იმ წლებში, იმიტომ რომ იმიტომ, რომ იმიტომ… ეხლა ჯაში ჰოლანდიაში საშუალოზე ცუდ კლუბში, ფელაინიზე ათჯერ დაბალ ხელფასზე თამაშობს.

#6

ზუსტად ვიცოდი რომ თავს ვერ აწევდნენ, აუზზე ჩასვლას ვინ ჩივის, საუზმეც გამაზეს. ვიჯექი და მარტო ვჭამდი, თვალებით, სახელი რომ არ ვიცი იმ გოგოს ვეძებდი, მაგრამ დილით გაღვიძებასთან ეტყობა მასაც პრობლემები ქონდა. რა მექნა? მარტო გავპლაყუნდი აუზზე, სასტუმროს ქართველ კლიენტებს აშკარად ძინავთ, თორემ არც ერთი ქართველი არ გამაზავდა უფასო აუზზე, ზამთარში, კუპალნიკით დაჩექინების პონტს, უცხოელებს კი მაგრად ეზარებათ აუზში ჭყუმპალაობა როცა ირგვლივ ამდენი რამე აქვთ სანახავი, გერგეთით დაწყებული სნოთი დამთავრებული. ქალბატონი კი დილიდან მკაცრად იყურება, ნისლია.

რამდენჯერმე გავცურ-გამოვცურე აქეთ-იქით, ერთიორჯერ პახმელიისგან საკაიფოდ შემაძაგძაგა, მაგრამ გადავაგორე და გავაგრძელე, აუზიდან ამოსვლას რომ ვაპირებდი ზუსტად მაშინ შემოიღო კარი და ის შემოვიდა. შემოვიდა და

ჰეიო

დილამშვიდობის-მეთქი

დილამშვიდობისო

კარგ ხასიათზე ჩანხარ-მეთქი

ვგიჟდები ცურვაზეო – ზედა გაიხადა… და ხო, კარგად შევათვალიერე და არაფერი არ არის იმაში ცუდი რომ შევათვალიერე, თვალი რა მურტალი ტიპია, გარბის თავისით, მე არაფერ შუაში ვარ და არც იმასთან ვარ რამე კავშირში, რომ მაინცდამაინც მისი ტატუსკენ გაიქცა და არც ისაა ჩემი ბრალი, რომ უცნაური ფორმის მცენარე ქონდა დახატული რომლის ყვავილებიც საცურაო კოსტუმს ზემოთ, ჭიპთან მთავრდებოდა ხოლო საწყისი… საწყისი დამალული იყო.

ას მეტრზე თავისუფალი სტილითო

დავაი მეთქი.

მოვუგე.

ადრე ბევრად მაგრად ვცურავდიო

ვიცი, რომ ქალებს ასაკს არ ეკითხებიან, მაგრამ რამდენი წლის ხარ მეთქი

სახელით რომ დაგეწყო აჯობებდაო

არის რაღაც მიმზიდველი იმაში, რომ სახელი არ ვიცი-მეთქი

შენი ნებააო, ოცდასამი წლის ვარ ისეო

შეზლონგებზე ერთმანეთის პირისპირ ჩამოვჯექით

არც ისეთი დანგრეული ფეხები გაქვს როგორიც სხვა ფეხბურთელებსო. გამეღიმა, მერე ჭრილობაზე შემომხედა, საკაიფოდ დიდი შრამი მაქვს დარჩენილი

საერთოდ ვერ მოასწარი ნორმალურად თამაშიო

ვერა-მეთქი

ძაან გაგიტყდაო

დღემდე არ ვპატიობ კოკლიანს-მეთქი

კოკლიანი ვინ არისო, აა, აა გამახსენდაო, გამოქლიავებული როა ეგ ხომო

ეგაა-მეთქი. შენ რას აკეთებ ცხოვრებაში-მეთქი

წელს დავამთავრე ფინანსები, მაგრამ ისე შორს ვარ მაგ სფეროდან, რომ აზრზე არ ვარო რა უნდა ვაკეთოო

მეც ფინანსებს ვსწავლობდი-მეთქი

მერეო?

მეც კაი შორს ვიყავი და მეორე კურსიდან შევეშვი-მეთქი

და იმის მერე მწვრთნელი ხარო

არა, ცოტა ხანი სახლში ვიჯექი არაფერს ვაკეთებდი, ტრენ… მწვრთნელობა ხუთი წელია რაც დავიწყე-მეთქი

მოგწონსო?

ხან კი ხან არა… ბავშვები ასწორებს, მაგრამ რომ გაიზრდებიან მერე აღარ-მეთქი

სად ასწავლიო

მარაკანაზე-მეთქი

ეგ რა არისო

იდეაში სტადიონია ბრაზილიაში, მაგრამ ჩვენსასაც ეგრე ქვია-მეთქი

ლამაზი სახელიაო

ხო-მეთქი

მერე ცოტა ხანი ჩუმათ ვიყავით, იმიტომ რომ ზედაპირული პონტი ამოვწურეთ და თემა უნდა შეგვეცვალა, უნდა დაგვესერიოზულებინა, სერიოზულ თემებს კიდევ სერიოზულად ლაპარაკი უნდა, სერიოზულად ლაპარაკის კი ყოველთვის მეშინოდა, ყოველთვის მატორმუზებდა და ყოლველთვის ეგრე ზედაპირზე გამოკიდებული ვრჩებოდი.

რა მოხდა შენს ბიჭთან-მეთქი

არ გინდა მაგაზეო – მკაცრად და ორი სიტყვით – ახალი წელია დღესო, პირველი ახალი წელია, რომელსაც მარტო ვხვდებიო, შეყვარებულის ამბავში კი არა ზოგადად, მეგობრების გარეშე, მაგრამ ნაღდად არ მაქვს ქალაქში ჩასვლის და მილიონ კითხვაზე პასუხის გაცემის თავიო, ტელეფონიც გამორთული მიგდიაო.

შემოგვიერთდი, საღამოს კონცერტისავით რაღაც იქნება, ბენდი ყავთ ჩამოყვანილი, ერთად გავერთობით-მეთქი

ძალიან ბევრნი ხართ და შენი მეგობრებიც ძალიან ბევრ კითხვებს დამისვამენო

კი, ეგ არ შეეშლებათ-მეთქი

მოდი შენ შემომიერთდი თუ კაიაო – შენი დედა ვატირე, როგორ გამიღიმა.

კოკლიანმა, საღამოსთვის ადგილები დავჯავშნე და მანამდე შეგვიძლია გავისეირნოთ, სხვაგან, ვჭამოთ აქ ერთი კაი ადგილი ვიციო.

აუ ისევ ხინკალი უნდა ვჭამოთო, რომელიღაცამ

პახმელიაზე მისწრება იქნებაო, ზუგდიდსკიმ

ხინკალს რომ მოვრჩით, ზუგდიდსკიმ, ეხლა მე მომისმინეთო – კოკლიანი, შენ ხო მშენებლობაში ხარო

კიო კოკლიანმა

აბა იდეა შემიფასეო

გისმენო

ზუგდიდში უნდა თავის სახელობის სტადიონის გახსნა უეჭველიო, ბერძენამ

ზუგდიდს იკადრებს ამხელა კაციო, ჯაშმა? ზედ ბარნოვზე დაგვაშენებს თავზე, აგერ შენ და აგერ მეო

და ასაკობრივი ჯგუფები ეყოლება, ნორჩი ზუგდიდელი და რამეო

ე, ბიჭო მისდღემჩი ღადაობა არ გამიგია მეო, ზუგდიდსკიმ, სერიოზულად ვლაპარაკობ, მომისმინეთ იქნებ თქვენც დაგაინტერესოთო

აცადე ბიჭო ორი წუთ რა დაგემართათო, კოკლიანმა

მოკლედო, ზუგდიდსკიმ, სპორტსკოლის აშენება მინდაო

რისი სპორტსკოლისო კოკლიანმა

ჭოკით ხტომის, რისი სკოლის აშენება მენდომება, შეჩემისა ნუ გადამრიეო

უცებ დავიბენიო, კოკლიანმა

ბიჭოო, ჯაშმა, არ არის ეგ ცუდი იდეაო

ცუდი კი არა ერთადერთი კაი იდეაა რაც ოდესმე მომსვლიაო, ზუგდიდსკიმ

მარა, მაგას მაყუთი უნდაო, ბერძენამ

იქაური ქართველები მაფინანსებენ, მეც მაქვს ცოტა და თუ ინტერესში ხართ, თქვენც შემოდით წილშიო, ოღონდ ისეთი სიაფანდი სკოლა არ უნდა იყოს, შენ როგორშიც ასწავლიო, ევროპული, ნაღდი, კარგი, მოწესრიგებული, დუში რომ მუშაობდეს და სტადიონზე შპრიცები რომ არ ეყაროს ისეთიო

აქ ფედერაციაში ებაზრე ვინმესო? კოკლიანმა

მოაშორე იქით თუ კაცი ხარ, მაგათი გაკეთებული საქმე არ გაიშვაო, მარა იქაურ ამხანაგს ვთხოვე ნახაზების გაკეთებაო. ზუგდიდსკიმ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და კომპიუტერული ნახაზები გვაჩვენა. საწყის ეტაპზე სამი პატარა და ერთი დიდი სტადიონი აშენდებაო, აგერ ა, ეს სამსართულიანი შენობა რომ დგას, ეგ იქნება კლუბიო, პირველი სამი წელი მარტო ბოვშვებს ვავარჯიშებთ და მერე უკვე ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას ავიღებთო, ჩვენივე გაზრდილ ბავშვებს ვათამაშებთ, სხვას კაციშვილს არ დავიმატებთო. ხოდა ა, დიდ სტადიონთან რომ ადგილია დატოვილი, იქ დაიდგმება ტრიბუნები, ამათ რომ ევასებათ ოციათასიანი სტადიონი, ეგრე არ გამოვა ბიძიკო, აქ თავიდან ორი, სამი ათასი კაცისთვის იქნება სკამი, მერე თუ რაღაც წარმატება იქნა და ევროპაში გავძვერით ან რაღაცა, მერე მოვიფიქროთ ადგილების დამატებაო.

შენ არ ხუმრობ ხომ იციო, კოკლიანმა

სად მაქვს საქმე სახუმარო, ოცდათოთხმეტის ვარ, ხვალ ზეგ კარიერა უნდა დავამთავროო, შენ ჯაში რამდენ ხანს გაქაჩავ კიდევო, რამდენით ხარ ჩემზე პატარაო

სამი წლითო, წელს თუ დაიწყებ მაგის მშენებლობას, კარიერას შენ კლუბში დავამთავრებო

დავიწყებ რა, ერთად დავიწყოთ, ცოტას მე დავდებ, ცოტას შენ, ცოტას ბერძენა, კოკლიანმა მიწა და ბრიგადა გვიშოვოს იაფად და ამას კიდეო, ჩემზე უთხრა, ბოვშვების ტრენერად ავიყვანთ, ფული ამას არ აქვს, ჩვენი სათრევია, მთელი ცხოვრებაო

კოკლიანმა, შენ წარმოიდგინე, ვიცი ერთი ადგილი, სადაც იაფი დაგვიჯდება, მაგის აშენებაო

ქალაქში უნდა იყოს, ცენტრში მთლად უკეთესი, მდიდარი მშობლების ამბავი ხო იცი, ცხრა მთას იქით არ წეიყვანენ ბოვშვს სავარჯიშოთო

ხო გეუბნებოდი ბარნოვზე უნდა აშენებაო ჯაშმა.

სუ არ ვიცი სადაა ეგ თქვენი ბარნოვიო, ზუგდიდსკიმ

ბერძენამ, ბიჭო აქაც შეიძლება სპონსორების დათრევა, მთავარია საქმეს სერიოზულად მოვკიდოთ ხელიო

მოაგვაროს კოკლიანმა მიწის პრობლემა, ნახაზები-შმახაზები და იქაურ ქართველებთან მე მოვაყომარებ, საწყის ეტაპზე რაც იქნება გადმოსარიცხი, კისერს დავდებ, უპრობლემოდ გადმოვარიცხინებო

ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა, ზუგდიდსკის ნახაზები საიდანღაც მეცნობოდა, რაღაცას ვამსგავსებდი, მერე უცებ გამახსენდა რასაც და ზუგდიდსკის ვკითხე:

ეს იდეა საიდან მოგივიდა-მეთქი

გაეღიმა, ბიჭოო, დამცინებ რომ გითხრაო

უკვე ვხვდები საითაც მიდიხარ და აღიარო ჯობს-მეთქი

ბიჭოო, ტელეფონში კლუბის მენეჯერი როა იგრა, იმას ვთამაშობდი და იქ თუ ავაშენე, რეალურ ცხოვრებაში რატომ ვერ უნდა ავაშენო-მეთქი გავიფიქრე

ბერძენას სიცილი აუტყდა, ჯაშმა, ძმობას გაფიცებ შენი თავი ნაყიდი გყავდა მენეჯერის თამაშის დროსო

ზუგდიდსკიმ, კი აბა, დაჟე შენ და ბერძენაც გიყიდეთ, მაგრამ ზამენაზე მეჯექითო.

მე ვთამაშობდი ფლეისთეიშენზე მენეჯერს და ბერძენა გავხადე ბომბარდირიო, რაც შენ ვარჯიშებზე სქილ ფოინთები დავხარჯე, კარში დარტყმა რომ მესწავლებინა დამაწყდა ნერვები-მეთქი.

ა, კაციო ბერძენამ, სკამიდან ამაყენა, ბომბარდირი გამხადა, შენ რა დაგიშავე ზუგდიდსკი ტელეფონის თამაშშიც რომ ზამენაზე დამსვიო.

#7

ისეთი ბენდი უკრავდა, თავისი რომ არაფერი დაუწერია და სხვისას რომ ძალიან ცუდად ასრულებს, მაგრამ სხვისი იმდენად ცნობილია, რომ ცუდი ინგლისურის პირობებშიც კი სიმღერის ტექსტი იცი და სიმღერის ტექსტი თუ იცი და თუ ახალი წელი დგება და თუ ნასვამიც ხარ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ბენდი უკრავს თუ სადღაც ვიღაცის აიფონშია სიმღერა ჩართული, მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ ის, ვისაც ელოდებოდი, არ ჩანს, გეკითხა სახელი, გვარი და რესეფშენში იკითხავდი, მოკიდებდი ერთ ბოთლ ვისკის ხელს და მიაკითხავდი, ბამბანერკასაც იშოვიდი, ახალგაზრდობის გახსენების ამბავში…

ბენდმა მოღვაწეობა დაამთავრა და ადგილი დიჯეის დაუთმო. კლუბურ მუსიკაში ჩემი გემოვნება ნოლს ქვემოთაა, მაგრამ ეს დიჯეი რომ ცუდი დიჯეია, ჰაბიტუსზეც ეტყობა, რაღაცნაირი ჯანმრთელი ფერი აქვს, ცოტა ტუნტულაცაა და მთელი მისი დიჯეობა იმაში გამოიხატება, რომ ოთხმოცდაათიანების დაბადებისდღეების ვეშებს უკრავს და იმ მომენტში უწევს ხმას, როდესაც დარწმუნებულია, რომ მთელმა სასტუმრომ, ყაზბეგმა, რეგიონმა და საზღვარს იქით მთელმა რუსეთმა იცის მისამღერი. მთავარია ვერთობით, იგივენაირად გავერთობოდით ნებისმიერ ადგილას, უფრო იაფად, გვაგოიმებენ და ვგოიმდებით, მაგრამ ეგ არაფერი, ახალი წელია, უფრო სწორად, ორ საათში იქნება.

პირველად ვხედავ რომ ცეკვავო, თათეშკამ

მე კი არა შენი ქმარიც ცეკვავდა-მეთქი

ხო, ვიღაც ტურისტთან და ამოვა ეგ ნომერში, მაგას გონია ის ამბავი გადახარშული მაქვს და ოი როგორ ცდება ნეტა იცოდესო

ახალი წელია თავს ნუ იგრუზავ-მეთქი

შენი ტურფა სად არისო

ჰაჰა, არ ვიცი, სახელიც არ ვიცი, რომელ ნომერშია ეგეც არ ვიცი, იდიოტი ვარ მეკითხა-მეთქი

იდიოტი ხარ აბა რა ხარ, თუ გინდა გაგირკვევ რომელ ნომერშიაო

როგორ-მეთქი, თვალი ჩამიკრა და მაგიდიდან ადგა. ცოტა დავიძაბე, პირველი გააზრებული, დაგეგმილი შეხვედრა გვექნება, მე კი ისიც კი არ ვიცი რა ქვია, ისიც კი არ ვიცი, უნდა თუ არა ჩემი ნახვა, მაგრამ თითონ არ შემომთავაზა, ერთად გავატაროთ ახალი წელიო? მერე ისე გამიღიმა, რომ ეხლაც მაჟრიალებს, ხოდა მივაკითხავ! არ მოუნდება ჩემთან ერთად დროის გატარება და გამომაგდებს, დემოკრატიაა ბოლო-ბოლო, ნუ ბოლომდე არ არის, მაგრამ ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ არის? ვამბობთ! ხოდა მივაკითხავ! თუ ვერ მივაკითხავ? არ ვიცი მაქვს თუ არა მაგდენის ტრაკი, არასდროს გამირისკავს, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა გარისკო, ხოდა რატომ არ არის დღეს ვითომ ეგ დღე? თან ახალი წელია, ისიც მარტოა და მეც, ის ვიღაცას დაშორდა, მე კიდე, მე სულ მარტო ვარ და სულ მარტო ვიყავი, მაგრამ მარტოობას აქვს თავისი პლიუსები, მინუსებიც აქვს, მაგრამ მინუსებზე არ მინდა, ახალი წელია.

მყინვარს გავხედე, ამისგან ხომ ვერაფერს გაიგებ, იმიტომ, რომ ესეც ქალია, ქალები კიდე რთულები არიან, მთებზე უფრო რთულებიც კი, მთაზე ის მაინც იცი, რომ მზიან ამინდში შეიძლება ღრუბლები უცებ შეიყაროს, ქალებზე კი ეგეც არ გაქვს გათვალისწინებული, ქალის ტვინში რა ამინდი დგას, ვერ გაიგებ, სითბოდან ყინვაში როგორ გადახვალ, ვერც კი შეამჩნევ. მთამსვლელობაში მარშრუტები არსებობს, ერთი და იგივე მწვერვალზე სხვადასხვა სირთულის მარშრუტით შეგიძლია ასვლა, პირველ ცდაზე მარტივი მარშრუტით ახვალ, მერე ნელ-ნელა გაუთამამდები და შემდეგს სხვანაირად ცდი, უფრო რთულ გზას აირჩევ. ჩემს მწვერვალზე კი ერთადერთი და ჯერ კიდევ გაუვლელი გზა მიდის.

სამასხუთშიო თათეშკამ. სულმოუთქმელად გამოვცალე სავსე ჭიქა და ჯერ ბარისკენ წავედი სასმლის საყიდლად, შემდეგ კი ლიფტისკენ, მწვერვალებზე ასვლაზე ვფიქრობ და მესამე სართულზე კიდე ლიფტით ავდივარ-მეთქი, გამეღიმა. ძალიან ვნერვიულობდი, სიმთვრალე სადღაც გაქრა და მთელ ჩემს შიშებთან მარტო დამტოვა, არაფერში რომ არ გაგიმართლებს კაცს.

ბოთლიდან მოვსვი და კარზე, ძალიან, ძალიან ხმადაბლა დავაკაკუნე, რამოდენიმე წამში კარი გაიღო, თეთრი ხალათი ეცვა და სველი თმა ქონდა, გამიღიმა, ოღონდ ისე შემზარავად აღარ, უბრალოდ, ადამიანურად.

ვიცოდი, რომ მომაგნებდიო

თათეშკა დამეხმარა-მეთქი

კოკლიანის ცოლიო?

არა, კოკლიანის ცოლი პროკურორია, ეს მოდელია-მეთქი

გასაგებიაო

შენი ფანჯრიდან მყინვარი ჩანს-მეთქი

კიო

მგონი ჩემი ოთახის გარდა ყველა ფანჯრიდან ჩანს-მეთქი

დიდხანს აპირებ ეგრე დგომასო? კარი უფრო ფართოდ გამოაღო და შევედი. ოთახში შამპუნის, სუნამოს და რაღაც ქალური ნივთების სასიამოვნო სუნი იდგა, საწოლზე კი ათამდე სხვადასხვანაირი ფორმის, ზომის და ფერის ფლაკონი ეგდო, წარმოგიდგენია, სამი-ოთხი დღისთვის რომ ათამდე ფლაკონს მოათრევენ, რეალურ ცხოვრებაში რამდენ ნივთს და მოწყობილობას ხმარობენ? მე არ წარმომიდგენია, შეამჩნია რომ საწოლზე მიყრილ ნივთებს ვათვალიერებდი.

რომ მცოდნოდა მოხვიდოდი დავალაგებდიო

არეულობა არა, უფრო რაოდენობა მიკვირს-მეთქი

გაეღიმა, ეს რა არისო? უბრალოდ, სამგზავრო კოსმეტიჩკაში მეტი არ ჩაეტიაო

ეხლა ვხვდები რა მარტივად ვცხოვრობ ერთი დეზადორით-მეთქი

უცებ ჩავიცვამ და გამოვალო

მიდი-მეთქი. ჭიქები ვერ ვიპოვე და ვისკი ისევ პირდაპირ მოვიყუდე. იმედია აბაზანის შემდგომი პროცედურები დამთავრებული აქვს, თორემ ახალ წლამდე მომიწევს ლოდინი. რა მაწუწუნებს? ოთახი შევათვალიერე, ორი საწოლი ერთმანეთთან იყო შეერთებული, რაღაცნაირად მეუხერხულა და მომერიდა, თავი სხვის ტერიტორიაზე ვიგრძენი, მგონი არასწორად ვიქცევი, ორი დღეა რაც შეყვარებულს დაშორდა, საწოლები კი ჯერ ისევ არ დაუშორებია ერთმანეთთან, მე კიდე აქტიურად ვჯახირობ, ნაბიჯებს ვდგამ და მე თითონაც არ ვიცი რა მიმართულებით, მაგრამ რაც არ უნდა ნასვამი ვიყო, ზუსტად ვიცი, მისგან რომ არ წამოსულიყო რაღაც ნიშნები, ნაბიჯის გადადგმას კი არა, მისკენ გახედვასაც ვერ გავბედავდი. კიდევ კარგი მალე გამოვიდა აბაზანიდან, თორემ ფიქრებს ძალიან ღრმად გავყვებოდი.

ჭიქები ვერ ვიპოვე და პირდაპირ მოვიყუდე, იმედია ზიზღიანი არ ხარ-მეთქი, თავი უარყოფის ნიშნად გაიქნია და ვისკი გავუწოდე.

სპირტი ბაქტერიებს კლავსო, მითხრა და მოიყუდა, მოწევა მინდა და აივანზე გასვლა მეშინია სველი თმითო. ჯიბიდან ჯაშის ელექტროსიგარეტი ამოვიღე, იმედია არ დამჯდარა მეთქი

ეს რა არისო?

ელექტროსიგარეტი ჩიზქეიქის გემოთი, ყველგან შეიძლება ამის მოწევა-მეთქი სიგარეტი გამომართვა

არასდროს მომიწევიაო

ცადე-მეთქი. რამოდენიმე ნაპასი უგემურად დაარტყა

ამას ისევ მენინგიტი ჯობსო

უი, ქუდი მაქვს, თუ გინდა-მეთქი. დაიხურა.

მადლობო

გიხდება-მეთქი

ხომო? რათქმაუნდა სარკეში გადაამოწმა. დიდად არა მაგრამ აქაურობის კვალობაზე წავაო. აივანზე გავედით და მოვუკიდეთ

ქვემოთ რა ხდებაო?

ბავშვების დაბადების დღეზე რომ დიჯეები ყავთ ეგეთი დონის კაცი უკრავს-მეთქი

მაგრად ცვლი სპორტსმენებზე ჩემს წარმოდგენასო

რა მხრივ-მეთქი

ჩემს დაქალს ყავდა ფეხბურთელი შეყვარებული და… ხომ ხვდებიო

წიგნით ხელში რომ ვერ ივარჯიშებ მაგას შენც ხომ ხვდები-მეთქი

ნუ კი, მაგრამ… უნდა გენახა რაო

არასპორტსმენი და დებილი არ გინახავს მეთქი

ჭკვიანი დებილიც მინახავს შენ წარმოიდგინეო

აბა, ამ სპორტსმენებს რას გადაგვეკიდე-მეთქი

გუშინ რომ გეკითხა არ იყავი სპორტსმენიო. გამეღიმა, გამომიჭირა

სპორტსმენს და რაღაცას შუაში ვარ, ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ-მეთქი

ძნელია ეგრეო

არ არის ადვილი-მეთქი. ბოთლი გამოვართვი და მოვსვი. ოთახში შევედით, ცენტრალური განათება გამორთო და პატარა აბაჟურის სინათლის შუქზე დავრჩით, საწოლზე წამოწვა, მაისური ჭიპს ზემოთ აუვიდა და ის უცნაური ტატუ კვლავ გამოუჩნდა

რა გახატია-მეთქი. წამოიწია და ტატუს დახედა

ათასფრთიანი წერო რომელსაც საკურას ხის ტოტი მიაქვს პირითო

ზედმეტად რთულია ჩემთვის, ჩემთვის წეროს ორი ფრთა აქვს, ათასი ნამეტანია-მეთქი

კავაბატას წიგნს ქვია ეგრე, ათასფრთიანი წეროო

ალბათ არ გაგიკვირდება რომ გითხრა წაკითხული არ მაქვს-მეთქი. გაეღიმა, საწოლში გადმოტრიალდა, სახით ჩემსკენ მუცელზე დაწვა, ხელი გამომიწოდა და ბოთლი მივაწოდე, ოღონდ ისე, რომ მისი აღება გაჭირვებოდა, გაიწელა და მაინც აიღო ბოთლი

ამდენს არ ვსვამ წესით, მაგრამ ამ პანსიონატში სხვა რა უნდა გავაკეთო ვერ ვხვდებიო

ჩამო, ქვემოთ ვიცეკვოთ, დამიჯერე პირველად ვთავაზობ ვინმეს-მეთქი

არ ცეკვავო?

არა-მეთქი

რატომო?

კომპლექსების ამბავია ალბათ-მეთქი

მე კიდე მიყვარს ცეკვაო

მითუმეტეს-მეთქი

მეზარება ხალხიო

რა არ გეზარება-მეთქი

ესე, წყნარად შენთან ერთად ჯდომაო

მეეჭვება ეგეთი საინტერესო ვიყო-მეთქი

რაღაცნაირი ხარო, სანდოო. – ბოთლი გამომიწოდა, ოღონდ ისე, რომ ბოლომდე ვერ მივწვდენოდი, გავიწელე, მაგრამ ბოთლი უკან წაიღო, წამოჯდომა მომიწია რომ მივწვდენოდი, მაგრამ ბოლო მომენტში ამაცალა ხელიდან, უფრო ახლოს მივედი, მან კი მაისურზე ხელი მომკიდა, მიმიზიდა და მაკოცა, ორი წამი გავჩერდით, თვალებში ჩავხედე, გამიღიმა და მეც ვაკოცე, ვისკის ბოთლი ჯერ ისევ ხელში ეჭირა

არ დადებ მაგ ბოთლს-მეთქი? ისევ მაკოცა, მერე ჩამეხუტა, თავი მხარზე დამადო და ცალი ხელით თმაზე დამიწყო მოფერება

ამაზე მეტი დღეს არ გვინდა, კარგიო? – მისი სახე ხელებში მოვიქციე და ნაზად ვაკოცე, კოცნაზე კოცნით მიპასუხა. თვალებში ჩავხედე, რაღაცნაირი ბედნიერი და თან სევდიანი იყო, მე კიდე მთვრალი ვიყავი, მაგრამ იმდენად არა, რომ აზროვნების უნარი მქონოდა დაკარგული და რაიმე ზედმეტი მექნა, მეგრძნობინებინა ან თუგინდ გამეფიქრა. დიდხანს ვუყურე, ისევ მაკოცა და წამოდგა

ჩამო, ჯანდაბას შენი თავი ჩავიდეთ ვიცეკვოთო.

მგონი ბედნიერი ვარ, ყოველ შემთხვევაში ეგრე ვფიქრობ, ვფიქრობ რომ ბედნიერი ვარ ან ბედნიერი ვარ და ვფიქრობ. ბედნიერად ვფიქრობ. მთავარია, რომ ჩემს ტვინში ბედნიერება და ფიქრები გვერდიგვერდ დგას და ეგ უკვე კარგია, კარგია რომ ალკოჰოლი კომპლექსებს გავიწყებს და რომ ცეკვა შეგიძლია, კარგია რომ ცეკვავ, ტანს და ტვინს აფხიზლებ ყოვლად უაზროდ, ყოვლად უაზრო მუსიკაზე და უყურებ მას, რომელიც შენს წინ ცეკვავს და არის რაღაც მომაჯადოებელი მის ცეკვაში, არის რაღაც პირველყოფილად აუხსნელი ცეკვაში, არის რაღაც მისტიური საცეკვაო მოედნის განათებაში და არის რაღაც ბედნიერების მაგვარი ჩემს ფიქრებში, მაგრამ გასარკვევია, ვფიქრობ რომ ბედნიერი ვარ თუ ბედნიერი ვარ და ვფიქრობ

დაროო

რა-მეთქი? – ხმაურში ვერ გავიგე რა მითხრა

დარო მქვიაო – გავუღიმე

ლამაზი სახელია-მეთქი

უცნაურია, შენი სახელი პირველივე დღეს გავიგე, ერთ-ერთმა მეგობარმა დაგიძახა, მაგრამ აქამდე სახელით არ მოგმართავდი, უხერხულია ადამიანს დაუძახო ისე, როგორც არ გაგცნობია

სახელს რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი

რა შემთხვევაშიო

ზოგადად, როდესაც რაღაცას სახელს ვარქმევთ, მაშინ ფუჭდება ყველაფერი-მეთქი

მე კიდევ ბავშვობაში უსათაურო ლექსებს და მოთხრობებს არ ვკითხულობდიო

მე კიდე ბავშვობაში საერთოდ არ ვკითხულობდი-მეთქი, მაგრამ ერთხელ სამასოცდარვაჯერ ავკენწელე ბურთი-მეთქი

ყოჩაღო

მერე კიდევ იყო რაღაცეები, დარო ბიჭებს გავაცანი, უფრო სწორად ბიჭებმა გაიცნეს დარო, ზუგდიდსკიმ ამ გოგოს სადღეგრძელო განსხვავებულით უნდა დავლიო, ორ დღეში მოგვტაცა ძმაკაციო. ალბათ სიმთვრალის ბრალი იყო ან განწყობის, მაგრამ დარო ძალიან ადვილად გაიხსნა ბიჭებთან, ჯაშის და ზუგდიდსკის კამათში გადასარევად ჩაება, ჩაება იმდენად, რომ ზუგდიდსკის კიდევ ერთი ქამ ბექი დაადებინა ჯაშის წინააღმდეგ, ჯაშმა არ ყოფილა ეს გოგო დასაკარგიო. მერე დიჯეიმ

დეარ გესთს, ლედის ენდ ჯენლთმენსო – ჯაში ზუგდიდსკის არ შეეშვა და დიჯეის ტექსტებს სინქრონში უთარგმნიდა, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებოო, ე ბიჭო, მაგდენი კი ვიცი, მერე რა თქვაო. რას იტყოდა შეჩემისა, ახალი წელი მოდისო. ზუგდიდსკიმ საათს დახედა – ხუთ წუთშიო ბიჭოო. ბერძენამ – ესეც მაგას ამბობს სხვას კი არაფერსო, ახალ წელს აქ შევხვდეთ და მერე ვერანდაზე მოგვიხმო ყველა, განსაკუთრებული სიურპრიზი გვაქვს ყველასთვის და ერთ-ერთი თქვენგანისთვის კი განსაკუთრებულად განსაკუთრებულიო. ზუგდიდსკიმ – უეჭველი რაღაც სისულელეს გაათამაშებენ და მე კიდე ბედი არ მაქვს არაფერშიო. დაელოდე და გაიგებო, ბერძენამ.

დიჯეიმ რაღაც საახალწლო შეუბერა, ჩვენ ცეკვა გავაგრძელეთ, ბოლო ათი წამი ერთად დავითვალეთ და ეგ არის, ორიათასთექვსმეტია. დარო მთელი საღამოა იღიმის, მეც რაღაცნაირი, მსუბუქი და მარტივი ვარ. ვერანდაზე გიგანტური შუშხუნები აინთო და ცაზე რამდენიმე ფეიერვერკი გასკდა, ლამაზია ხომ იცი შენ, გავიფიქრე, დიჯეიმ კი – აბა გავედით ყველანი ვერანდაზეო, ჯაშმა ზუგდიდსკის გადაულაპარაკა – ვერანდაზე გვეპატიჟებაო, მესმის შეჩემა ქართულად თქვაო, ზუგდიდსკიმ, მე სასმელებს ავიღებ და დაგეწევით-მეთქი, დარომ შემომხედა, გადი, გადი მოვალ ორ წამში-მეთქი, ცა რამოდენიმეჯერ კიდევ განათდა, ხალხი ვერანდისკენ დაიძრა, მე ბართან მივედი, ფეიერვერკები სულ უფრო და უფრო ხშირდებოდა, მთელი ბოთლი ვისკი ავიღე და კარისკენ გავიქეცი, როდესაც დინამიკებში დიჯეის ხმა გავიგე – ეხლა კი დაპირებული სიურპრიზიო, ფანჯრებთან ორი წამი გავჩერდი და…

და ვერანდაზე ამწეკრანის კალათით ვიღაც ტიპი ამოიწია. შორიდან სახეს კარგად ვერ ვხედავდი, თან ამწეს კალათაზე დამაგრებულ შუშხუნებში რას გაარჩევდი? უცებ დიჯეიმ მუსიკა შეცვალა და საახალწლოდან საქორწილო განწყობაზე გადაგვიყვანა. ტიპი ამწის კალათიდან ვერანდაზე ჩამოხტა და ხალხში რამოდენიმე მეტრი გაიარა, მეც ვერანდაზე გავედი, ტიპს ვეძებდი თვალებით, მაინტერესებდა სად და ვისთან მიდიოდა და…

და დაროს ფეხებთან დაჩოქილი დავინახე, ხელში გულის ფორმის კოლოფში ჩადებული ბეჭედი ეჭირა, დარო მას გაოცებული უყურებდა, ბიჭი კი ყურებამდე გაღიმებული იდგა.

#8

ბუ მუხბეო

რა-მეთქი

ბუ მუხბეს ეძახიანო

ერთად თუ ცალ-ცალკე-მეთქი

რა ერთად თუ ცალ-ცალკეო?

სახელს ბუ მუხბე თუ ბუმუხბე-მეთქი

რავიცი შეჩემისაო

ნორმალური თუ ხარ, ვიღაც კაციჭამია მაზავშიკთან მიშვებ და ბუმუხბე გინდა ვეძახო-მეთქი

შენ ეძახო რა, სხვებიც ეგრე ეძახიანო

ხომ არ უბერავ, ისედაც ტრაკი მიკანკალებს და ვაფშე არ წავალ-მეთქი

კაი მოიცა დამელოდე, გადმოგირეკავო

ტოტალიზატორებში ზედმეტად ბევრი კითხვის დასმა დაიწყეს, ბოლოს ფსონებსაც კი აღარ იღებდნენ, არადა ახალი წლის შემდეგ მარტო ორი თამაში დავსვით. სხვა ვარიანტების მოძებნა დაგვჭირდა და მაზავშიკებს მივაკითხეთ. ამ ქალაქში კიდე, დიდ კუშზე სულ ხუთი კაცი თამაშობდა და ზუგდიდსკიმ მაინცდამაინც ისეთი იპოვა, რომელსაც ბუმუხბე თუ ბუ მუხბე ერქვა, ბედი ხომ გინდა…

რა გიყო შეჩემა ბუმუხბეს ეძახიანო

ნამდვილი სახელი ვერ გაიგე შეჩემისა-მეთქი

ნამდვილ სახელს და პირადობის მონაცემებს გეტყოდნენ კიდეო, მიდი მოკლედ, დღეს შვიდზე გელოდებიანო, მიდი ოღონდ კუში ჩემიაო არ უთხრა, არაფერ შუაში არ ვარ, პასრედნიკი ვარო უთხარი, გამიგე? შარი არ მოგდონ რამე

ფოსტალიონი ვარ ვუთხრა ჩემი პირით-მეთქი?

ისე მებაზრები გეგონება დღე დღეზე იგვარებდე შეჩემისა, მიდი რასაც გეუბნები ის გააკეთეო

რო დამაგდონ-მეთქი

მოეშვი გალივუდის ყურებას, მიდი ფული წამოიღე, ისეთი ხალხი მყავს აქედან ჩარეული, თმის ღერი რო ჩამოგივარდეს, ბუმუხბეა თუ ვიღაც, დედას მოუტყნავენო

მართლა იმ დღის დედამოვტყან ამაზე რომ დაგთანხმდი-მეთქი

ნუ ხარ ბიჭო შენ ისტერიჩკა, რამ დაგაჩმორაო

გავუთიშე…

მართლა ვნერვიულობდი, როგორია – სადღაც გადაკარგულში, ვიღაც ბუმუხბესთან უნდა მივსულიყავი და ორმოცდარვაათასი უნდა წამომეღო, ბუმუხბესნაირებს კი დარწმუნებული ვარ საერთოდ არ უყვართ როცა აგებენ, მითუმეტეს არ უყვართ, როდესაც ამდენს აგებენ და მითუმეტეს არ უყვართ, როდესაც ეს ფული არა მოთამაშეს, არამედ პასრედნიკს, ფოსტალიონს მიაქვს. რამდენ ფოსტალიონს წამოუღია დიდი კუში და რამდენი ვერ მისულა ადგილამდე? დოხუია! მოთამაშე თავნის წამოღებისას უფრო დაზღვეულია, არც ერთი მაზავშიკი არ შეეხება, რეპუტაციის საქმეა. ფოსტალიონებს? ფოსტალიონი ყველას არ კიდია? მაგრამ მეორეს მხრივ ზუგდიდსკისი მესმის, ჩემივე უსაფრთხოებისთვის აკეთებს ამ ყველაფერს, ზედმეტი კითხვები რომ არ დამისვან და სადღაც არ გამომიჭირონ, ან არ ჩამჭრან. ამ მაზავშიკების ვერ გავიგე, ახალი თაობის ჰიბრიდულ-გენმოდიფიცირებული კრიმინალები არიან. ამასწინათ რაღაც გადაცემა ვნახე, ჰიბრიდული არაფერი ვარგაო ვიღაც ამტკიცებდა, ეკლესიაც მაგას არ ამბობს, ერთმანეთზე დამყნობილი ვაშლი და კიტრი და ზოგადად გენმოდიფიცირებული პროდუქტები არ ჭამოთო? ან რაღაც ეგეთს ამბობს, ზუსტად არ მახსოვს. მოკლედ, ჰიბრიდული არაფერი ვარგა.

ბუმუხბემ – თუ ვისქესე რომ რაღაცა ტრუხას აქვს ადგილი, ტვაიმუ ბრატუ ნე პაზდაროვიტსაო

მე არაფერ შუაში ვარ, კუშის წასაღებად ვარ მოსული-მეთქი

ხელის ჩარტყმაც არ შეგიძლია, ჩაბარდა თუ არაო?

არა-მეთქი

კაი, ვიდეოქოლით დავრეკავ შენ ბრატთანო – ახალი თაობის კრიმინალები, რომლებიც ტექნიკაშიც ერკვევიან, სკაიპიც აქვთ, ფეისბუქიც და ვაფშე ყველაფერი რომ აქვთ და ყველგან რომ არიან მოდებულები, ბევრად უფრო საშიშები არიან, ვიდრე ჩემი ბავშვობის კრიმინალები. აი ეს ის კამანდაა, ვისაც პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ ქოქავენ და უბანში ძველ ბიჭებს ამუშავებინებენ ხმებზე, მერე რაღაცნაირად გვარდებიან, ამათ კაციჭამია ბრატებს ვდრუგ შეწყალება შეეხებათ ხოლმე, რამოდენიმე დაჭრილ სხვა კლანის კაი ბიჭებზეც ხუჭავს პოლიცია თვალს და ა.შ.

ზუგდიდსკი სკაიპში ვიღაც იქაურ ძველებთან ერთად იჯდა, ბუმუხბე ერთ-ერთს იცნობდა, მგონი სვანურად საუბრობდნენ ერთმანეთში, თბილი მოკითხვის შემდეგ ერთმანეთს ლაიქი დაუწერეს, ერთმანეთის პოსტები გადააშეარეს

და შეთანხმდნენ, რომ თავანი ჩაბარებული იყო.

თავისუფალი ხარ ძამიკოო

კაცურად, სანამ წავალ სახელი მითხარი თორე ხო ნახე მთელი საღამო დავიტანჯე, ყველანაირად ვცდილობდი სახელის თქმას ავცდენოდი-მეთქი

დამეკარგე ახლა აქედანო!

დავეკარგე!

ზუგდიდსკის ხოდებით იმ ოცდაათს, რაც გვქონდა, სამოცდარვა დავამატეთ ზემოდან, უფრო მეტი უნდა გვეშოვნა მაგრამ იმ თანხას რასაც ვთავაზობდით, არც ტოტალიზატორი მოყვებოდა და არც ბუმუხბე გამოყვა. ბუმუხბე საერთოდ უნამუსო გამოდგა, სამი და ექვსიანი კუში ორი და ოთხზე ჩამოიყვანა, თან პირველ ჯერზე ოციათასზე მეტი არ გაგვიმაზა, ეგეც მარტო იმ ხალხის სახელის გამო, რომელმაც თქვენთან დამაკავშირაო. ბუმუხბეს, რომელიც ესე კბილებით იყო ჩაფრენილი ამ ფულს და გეგონება მამამისის ქონება წავართვით, სინამდვილეში თეთრიც არ წაუგია, ჩვენი ფსონი გადაზღვეული ექნებოდა რომელიმე უცხოურ ტოტალიზატორში ან ვინმე სხვა მაზავშიკთან, ეგრეა, დიდი იგროკები იმიტომ ხდებიან დიდი იგროკები, რომ ყველა ნაბიჯი გათვლილი აქვთ.

ამხელა ფულს სახლში მუთაქის ქვეშ ვერ შევინახავდი, ბანკშიც ვერ წავიღებდი, იმიტომ რომ როდესაც ფული გაქვს, უნდა ანახო საიდან გაქვს და როგორ გაქვს და თუ რაღაც თანხაზე მეტი გაქვს, სახელმწიფოს უნდა გადაუხადო პროცენტი, მარტო იმიტომ, რომ სახელმწიფოა და მარტო იმიტომ, რომ იმაზე მეტი გაქვს ვიდრე საჭიროა, სამაგიეროდ მერე პატრული დაგიცავს, ჯარი გეყოლება და კაროჩე, რაღაც პონტში უნდა გადაუხადო კიდეც, მაგრამ მარტო გადახდა არ არის პრობლემა, პრობლემაა დამტკიცო, რომ ეს ფული არ მოგიპარავს, გიპოვნია და ახლა შენია, მაგის დამტკიცების ტრაკი კიდევ მე არ მაქვს, ვერავის დავუმტკიცებ, რომ ტოტალიზატორს და ბუმუხბეს მოვუგე, ამიტომ ჩვეულებრივი გიორგას დახმარებით, ჩვეულებრივი სეიფის გვერდის ავლით რაღაც სპეცკლიენტებისთვის განკუთვნილ სეიფში ვინახავ, თუ ესე გავაგრძელე მალე ოფშორებში დავიწყებ ფულის გათეთრებას და მერე ხუივოზნაეტ, შეიძლება პოლიტიკაშიც მოვიდე, არც პირველი სპორტსმენი ვიქნები და არც უკანასკნელი, ჩემზე ბევრად უჭკუო ხალხი ზის ბოლო-ბოლო პარლამენტში.

ჩვეულებრივმა გიორგამ, ხომ გახსოვს კვირის ბოლოს ჩემპიონატი იწყებაო – რათქმა უნდა არ მახსოვდა, იმდენად არ მახსოვდა, რომ ძუნძული რომ ძუნძულია, ეგეც კი არ დამიწყია.

კი, კი როგორ არა, ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში-მეთქი.

ფორმაზე გამახსენდაო – სპორტული ჩანთა მომაწოდა – ამაშია ფორმა, ბოტასები და ეგეთი რამერუმეებიო.

სახლში მისულმა ფორმა ჩავიცვი, ბავშვობის მერე არც ერთხელ არ მცმია არც ერთი კლუბის თუ ნაკრების მაისური, პრინციპი მქონდა ეგეთი. ეხლა კი, როდესაც ეს რაღაც მეცვა და სარკის წინ ვიდექი, რაღაც უცნაური და მურტალი ბურთი მომაწვა კისერში, ის დღე გამახსენდა, როდესაც პირველად ჩავიცვი ჩვიდმეტწლამდელთა გუნდის ფორმა, ჩვეულებრივი წითელი სინთეტიკური ნაჭერი, რომელიც თამაშის დროს კანს გიწვავდა, გაოფლიანებულს კი ტანზე გეგლისებოდა, მერე კი ისე ყარდა, გეგონება ორი კვირა გადაბმულად გეცვა, მაგრამ მაინც მიყვარდა და ყოველ ჯერზე მიხაროდა, ყოველ ჯერზე ვამაყობდი.

არ ვიცი, ეხლაც რომ მეთამაშა როგორი ვიქნებოდი, შეიძლება ზუგდიდსკისნაირი, შეიძლება ჯაშივით რაღაც წარმატებისთვის მიმეღწია, შეიძლება უფრო წარმატებულიც კი ვყოფილიყავი, იმიტომ რომ უფრო ნიჭიერი და შრომისმოყვარე ვიყავი, შეიძლება. ჩემი ნიჭი მარაკანას არ გაცდენია და რა უცნაური და სიმბოლურია, რომ კომპანიებს შორის ჩემპიონატიც მარაკანაზე იმართებოდა, ისევ იქ, ისევ იქ, სადაც დავიწყე, უფრო სწორად, უნდა დამეწყო.

აუ მასწ ჩვენც მოვალთო რა – “სამისნახევრიანებთან” წამომცდა რომ მარაკანაზე ვითამაშებდი.

არ შეიძლება, ჩუმად ვარ დამატებული, რომ გაიგონ ყოფილი ფეხბურთელი ვარ, გამომაგდებენ-მეთქი

ჩუმად გიბალეშიკებთო

აუ მარაკანაზე მეც მინდა თამაში, ჩვენ როდის გადაგვიყვანენ მანდო

შენხელა რომ ვიყავი მეც მინდოდა მარაკანაზე თამაში, ეგ კი არა ყველაზე დიდი სტადიონი მეგონა-მეთქი

რა ყველაზე დიდი მასწ, ნოუ კამპია ყველაზე დიდიო

ნოუ კამპი არა ის, ბერნაბეუა ყველაზე მაგარიო

იმიტომ მოგიგეთ ოთხით ნოლი ბერნაბეუზეო

კაი, კაი, ნუ ჩხუბობთ!

ეს არ მევასება რა, მოგიგეთ, შენ რა მომიგე, შენ გაიტანე გოლი თუ მე გამიტანეო

გამოთქმაა ეგეთი შე დებილოო

აბა! აბა სიტყვები მეთქი!

დებილო ვუთხარი მასწ რა მოხდა ხომ არ შევაგინეო

დავაი კედელთან და პასებს მიხედე ეგეთი ლაპარაკის გამო-მეთქი

აუ კაი რა მას რა! რამდენჯერ უნდა ვიდგე ამ კედელთანო

სანამ ნორმალურად ლაპარაკს არ ისწავლი-მეთქი

თამაშით ხომ მათამაშებთო?

სადისტი არ ვარ ტრენერი ვარ-მეთქი

ტრენერს რა ქვია ქართულადო – დაროს ხმა მომესმა ზურგს უკნიდან და უცებ მუხლებში ისე მოვიკეცე, გეგონება კანტონამ მომცელა ორი ფეხით.

#9

ბავშვებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი, ამიტომ ორ გუნდად გავყავი და ვათამაშე. დაროსთან მივედი, გაღიმებული სახე უცებ შეეცვალა, წარბები შეკრა და მხარში ძლიერად ჩამარტყა.

სად ჯანდაბაში წახვედი იმ დღეს? ახალ წელს გოგოს მიტოვება კაცური საქციელი გგონიაო

გათხოვებას თუ აპირებდი უნდა გეთქვა აუზზე თუ არა ნომერში მაინც, კოცნამდე თუ არა კოცნის მერე მაინც-მეთქი

შენც სხვა სპორტსმენებივით იდიოტი ხარო

შენი ბიჭი ხოა ძაან ორიგინალური, ამწეკრანით რომ მოგაკითხა-მეთქი

ამწეს და კრანს ერთ სიტყვად მაინც არ ხმარობსო

ხოდა იყავით ერთად ტკბილად და ბედნიერად სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ-მეთქი

ჰაჰა ძაან გამეცინაო

რას მესწერვები ნორმალური თუ ხარ მე უნდა ვიყო შენზე გაბრაზებული, ჩემს

თვალწინ გათხოვდი-მეთქი

ორი წუთი დამლოდებოდი იქნებ რას ვეუბნებოდიო

ნომერში რომ ახვედით მაშინ უნდა დაგლოდებოდი თუ მეორე დღეს-მეთქი?

რა უნდა მექნა? საჯაროდ, მილიონი კაცის თანდასწრებით მეთქვა უარიო

მოიცა, უარი უთხარი-მეთქი – არ ვიცი რამ წამოუარა, მაგრამ მუშტებით

შემდგა, რამოდენიმეჯერ ძალიან ძლიერად ჩამარტყა, ერთ-ერთი თვალშიც კი მომხვდა

ტრენერ, ხომ არ დაგეხმაროთო – ერთ-ერთმა სამისნახევრიანმა

თქვენ საქმეს მიხედეთ და ცალი თვალით გიყურებთ ნუ უხეშობთ-მეთქი

აააა, ცალი თვალით უყურებო არა? მე რა ცარიელი ადგილი ვარ? ორი კვირაა

ყოველდღე სამისნახევარზე აქ ვარჭივარ და ცალი თვალით უყურებ არაო

დასვენება იყო დღეს დავიწყეთ ვარჯიშები-მეთქი

კაი ნუ გაატრაკე, მაგდენს მეც მივხვდი, მაგრამ ცალი თვალით ყურებას მოგცემ ეხლა მე შენო – და ისევ მუშტების დარტყმა დამიწყო

ერთ წამს, ერთ წამს დამშვიდდი, დაწყნარდი-მეთქი – რომ არ დამშვიდდა ხელში ავიყვანე და ტრიბუნებისკენ წავიყვანე, სკამზე ჩამოვსვი

შეგიძლია დაწყნარდე, ბავშვები გადაირივნენ-მეთქი

ხოდა მიხედე შენს ბავშვებსო – წამოდგა, ქუდი მომიგდო

საერთოდ არ მიხდება, შენი ხათრით მეხურა იმ დღესაცო – წასვლა დააპირა, ხელი მოვკიდე, მოვაბრუნე და ვაკოცე

ეეე ტრენერი გოგოს კოცნის შეხედეთო – პირველმა მაინცდამაინც მეკარემ გამოგვხედა, რომელსაც მაინცდამაინც იმ მომენტში მოხვდა თავში ერთ-ერთი ბავშვის ძლიერად დარტყმული ბურთი და მაინცდამაინც ძელთან ახლოს იდგა და…

ექიმმა – სამი ნაკერი დავადეთ, მაგრამ კარგად იქნებაო, ბავშვის მშობლებმა კი პატარა ისტერიკა მომიწყვეს. დარო ეუბნებოდა ჩემი ბრალიაო, მერე დაროსაც შედგნენ, შენ საერთოდ ვინ გეკითხებაო. მოკლედ, ძალიან მაგრად გამოგვლანძღეს, მაგრამ ბავშვი რომ ჯანზე მოვიდა –

მასწ გიყვართ ეს გოგოო

მგონი კი-მეთქი

აბა, რატომ გეჩხუბებოდათო

იდიოტი ვარ-მეთქი

მართლა იდიოტი ხარ ამხელა კაციო – დედამისმა

ვარ-მეთქი – ბავშვი წაიყვანეს, მე და დარო კი მისაღებში დავრჩით.

ესე იგი უარი უთხარი-მეთქი – დარომ გამიღიმა და მაკოცა

გენაცვალე აქ საავადმყოფოა, ხვევნა-კოცნა თუ გინდათ სახლში წაბრძანდითო – ერთ-ერთმა პაციენტმა

წავბრძანდით

დივანზე ვეყარეთ, დარომ სიგარეტი მომაწოდა

აღარ ვეწევი-მეთქი

როდის მერეო

ორი დღეა, მაზეგ კომპანიებს შორის ჩემპიონატი იწყება და ერთ-ერთი ბანკის გუნდში ვარ-მეთქი

უნდა ითამაშოო? – დივანზე გადმოტრიალდა, თვალები გაუბრწყინდა და თავი მკერდზე დამადო

ხო, რავი-მეთქი

რამდენი ხანია არ გითამაშიაო?

საუკუნეა-მეთქი

ნერვიულობო?

არა, რა სისულელეა-მეთქი – წამოიწია და თვალებში ჩამხედა

ჰა ჰა როგორ არა, ნერვიულობო

ხო, ცოტა ვნერვიულობ-მეთქი

ფეხბურთი ველოსიპედის ტარებასავით არ არისო?

რა ამბავში-მეთქი

თუ ერთხელ ისწავლე, მერე არ დაგავიწყდებაო

არა, რა სისულელა, აზრზე არ ვარ როგორ ფორმაში ვარ, ბავშვებთან ერთად რასაც ვვარჯიშობ ეგ არის და ეგ-მეთქი

აბა არს აპირებო?

რავი ჩვეულებრივმა გიორგამ ისე მომიყომარა დაფიქრება ვერც მოვასწარი-მეთქი

ეგ ვინ არისო

ჩემი კურსელი იყო ეხლა იმ ბანკში მუშაობს რომლის ფორმითაც მე უნდა ვითამაშო-მეთქი

სხვები რას შვებიან, ზუგდიდსკი როგორ არისო

რავი, კოკლიანმა გაუჩალიჩა და ჩვენ სკოლას ყიდულობს, გარემონტება და ნორმალური პონტის მოხოდვა უნდა-მეთქი

გადაწყვეტილი ამბავიაო?

რავი, კი, ამ დღეებში უნდა მოაწეროს ხელი, ღადაობ, მე დამპირდა სკოლის დირექტორად დაგნიშნავო – გაეცინა – იცინე, იცინე და ამათზე კარგად ნაღდად მივხედავ საქმეს-მეთქი

კოკლიანს რა ხეირი აქვს-მაგ საქმიდანო

კოკლიანის კომპანია ააშენებს მერე მაგ ყველაფერს-მეთქი

სახელს ხომ იგივეს დაუტოვებენ, მარაკანა ლამაზი სახელიაო

იმედია-მეთქი

საბალეშიკოდ რომ ვიარო ხო არ დაკომპლექსდები, მაინტერესებს როგორ თამაშობო – გავუღიმე და ვაკოცე

არსებობს მანდრაჟის ფენომენი და თუ დამანდრაჟდი მტრისას, ყველა კუნთი ერთიანად გიკანკალებს, მინდორზე გამოსვლა გესიკვდილება და ერთადერთი რაც გინდა, ისაა, რომ საკუთარ კარადაში შეიყუჟო, მაგრამ ჩემი ფეხები, ბანკმა სამი თვე უნდა მიხადოს ხელფასი ამ ჩემპიონატის გამო და კარადიდან კი არა იმის იქიდან გამომაძვრენენ.

ჰა, ხო ხარ მზადო – ჩვეულებრივმა გიორგამ.

ბიჭო, ჯერ თავს არ დავიწვავ და ცალი ფეხით ვითამაშებ-მეთქი – ჩვეულებრივმა გიორგამ თვალი ჩამიკრა, მე კიდე ცალი ფეხით კი არა, მთელი გულით რომ მდომოდა თამაში, მაინც არაფერი გამომივიდოდა.

არც გამომივიდა! გუნდის მწვრთნელმა, რისკების დეპარტამენტის უფროსმა,  თუ ვინც იყო, ესო, ეს რას მომიყვანეთ, ამას აიტიშნიკი ლადო ჯობიაო, ეეე ჩემი ძმა-მეთქი, რა ჩემი ძმა, რა ჩემი ძმაო? ორჯერ ააცილე ერთი-ერთზეო. ეგრე უნდა, თავს არ ვიწვავ-მეთქი. დარომ რომ დამინახა, გაწევ-გამოწევაში ვიყავი, რამოდენიმე მაყურებელს გადმოაბიჯა და სკამთან მოვიდა

რა ხდებაო

მანდრაჟი მაქვს-მეთქი

გემჩნევა, ნუ ნერვიულობ კარგი, რაც იქნება-იქნებაო

არ მინდა რომ ჩავიჯვა-მეთქი

ესე თუ გააგრძელებ აუცილებლად ჩაიჯვამ, ამიტომ დაიკიდე ეგ შენი მანდრაჟი, ხალხი გასართობად თამაშობს და შენც ისიამოვნეო

ბავშვები მიყურებენ, სხვა ტრენერები და როგორ დავიკიდო-მეთქი

ხომ ხვდები რომ ხელს გიშლის ეგ ყველაფერი და ამიტომ დაივიწყე, ითამაშე ისე, როგორც გისწორდებაო – ერთი ძალიან მაგრად მაკოცა და –

ჩემთვის ითამაშეო

რა თქმა უნდა არც მეორე ტაიმში მომიწყვეტია ვარსკვლავები, მაგრამ მობილიზება, თავის ხელში აყვანა და ორი გოლის შეგდება მოვახერხე, ერთი საგოლე პასიც გავაკეთე და საბოლოოდ სადაზღვევო კომპანიას ექვსით ორი მოვუგეთ.

სამისნახევრიანებმა ორივე გოლის დროს დაანგრიეს იქაურობა, ჩემი სკოლის დირექტორიც კმაყოფილი იყურებოდა, მერე დარომ მითხრა, კინაღამ თვალები დავთხარე, შენზე ამბობდა რა კარიერა დაინგრია ამ სირმაო. კომპლიმენტია ეგ, არ გაბრაზდე ეგეთებზე, თან ორი დღე აქვს დარჩენილი კაცს, მერე მე გავხდები დირექტორი და ნახე მაგას რა ვუქნა-მეთქი – ჩავეხუტე.

ამჯერად ზუსტად ვიცი, რომ ბედნიერი ვარ. ბედნიერებაზე კი არ ვფიქრობ, არამედ ვგრძნობ და რასაც გრძნობ, ის ყოველთვის რეალურია. არ მიყვარს რაღაცეებისთვის რაღაცეების დარქმევა, მაგრამ მგონი დარო მიყვარს და მგონი დაროსაც ვუყვარვარ და მგონი ყველაფერი გამოვა, ყოველშემთხვევაში ხელს არაფერი მიშლის, რაც მჭირდება ყველაფერი მაქვს და მაქვს ისიც, რაზეც არასდროს მიფიქრია – ფული მაგალითად. კოკლიანმა თვის ბოლოს გადმოვიფორმებთ სტადიონსო, ზაფხულამდე მარტო რემონტს დავიწყებთ, რომ ბავშვები არ დავკარგოთ, ზაფხულში კი არდადეგებზე მინდვრებს და ტრიბუნებს მივხედავთო. ნახაზებიც მაჩვენა და შ.პ.ს-ც დამარეგისტრირებინა ჩემს სახელზე. ზუგდიდსკი ამბობს, რომ ბედნიერებაა, როცა ქალი გყავს და ფული გაქვსო, მე ზუგდიდსკის პარამეტრებითაც კი ბედნიერი ვარ. ვარ და მორჩა!

#10

მაგრამ ხანგრძლივად ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა – ლექსია ეგეთი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ეგეთი სტროფია, იქამდე კი ავტორი ბედნიერებაზე ლაპარაკობს, როგორც მე ვლაპარაკობ და ვდრუგ ძალიან ცუდი და მოულოდნელი რაღაც ხდება, მაგრამ მგონი იმ ლექსში ისეთი საშინელებებიც არ მომხდარა, როგორც ჩემს თავს ხდება ეხლა. ჯერ იყო და ზუგდიდსკის დაიკომ დამირეკა –

აუ ძალიან ძალიან დიდი ბოდიში, ძალით არ მინდოდა, თავიდან ვაფშე ვერ მივხვდი რა უნდოდათ, მე მეგონა ჩვეულებრივი ბიჭი იყო და რა ვიცოდი პოლიციელი რომ იქნებოდაო – ჯერ ამოისუნთქე, აზრები დაალაგე და წყნარად მომიყევი რა ხდება-მეთქი.

აუ რაო და ბიჭი გავიცანი ბარში, აქეთური-იქითური, ძააან კაი ბიჭი იყო რას ვიფიქრებდიო…

ეეეეე ბიჭო მეთქი – ტელეფონში დავუღრიალე, აღარ იტყვი რა მოხდა-მეთქი.

შენ საერთოდ შენი თავი ვინ გგონია, გასაფრთხილებლად დაგირეკე და შენ კიდე რას მიყვირიო – მივხვდი, რომ ისედაც აჭრილი სიტუაცია უარესად ავჭერი და ტონი შევიცვალე, მოვეფერე, დავამშვიდე და ეხლა მითხარი ორი სიტყვით რა მოხდა-მეთქი.

რა ვერ გაიგე დებილი ხარო? ვიღაც ბიჭი გავიცანი ბარში… აა ეგ ხო გითხარიო, ხოდა ამ ბიჭმა ზუგდიდსკის ნაჩუქარ საყურეებზე მკითხა, მერე სამაჯურზე, მერე მძივზე, მერე მე ვუთხარი ერთი ლოხი მყავს გამოჭერილი, ფეღბურთელია-მეთქი, იმან ვინო, ვინო, ვინ და ესა და ეს-მეთქი, იმან ეგო, ეგ იქ გაყიდულ თამაშებზე ჩალიჩობსო, ხო, ხო, შენ რა იცი-მეთქი, რა ვიცი და წამოეთრიე განყოფილებაშიო და ყველაფერი მათქმევინეს – ისევ ტირილი აუტყდა. ვახ ჩემი, მგონი მაგრად გავიშარე –

რა მოუყევი უფრო ზუსტად ვერ მეტყვი-მეთქი

რა მოვუყევი და ყველაფერი, ვაფშე ყველაფერი, ხოდა ეხლა იმიტომ გირეკავ რომ გაგაფრთხილო, შენც მოგდგებიან და ჯობია გაიქცეო.

ძალიან დიდი მადლობა, ჯიგარი ხარ-მეთქი – ცინიკურად ვუთხარი, იმან კიდევ –

ხო, ვიცი, ყველაფერი ჩემი გულის ბრალიაო.

რა შენი გულის, რა შენი გულის შენი… – ტელეფონი გავუთიშე. დარო გაოცებული მიყურებდა

რა მოხდაო

ზუგდიდსკის აფიორა გასკდა-მეთქი

მერეო?

მოიცა უნდა დავურეკო-მეთქი – ტელეფონი ავიღე, ნომერი ავკრიფე და იქიდან თათეშკამ მიპასუხა, ტიროდა და ეგრევე ყველაფერს მივხვდი – უკვე-მეთქი?

კი, დღეს დილით დაიჭირეს, მთელი ინტერპოლი ჩალიჩობდა მაგ ამბავსო

ინტერპოლი-მეთქი?

აბა რა გეგონა იტალიის გაყიდულ თამაშებზე რომ დებდიო

ეხლა რა უნდა ვქნათ-მეთქი

ფული მჭირდება რომ გამოვიყვანო, გამომიგზავნე რამდენიც გაქვსო

ჩემი ფული-მეთქი

შენი ბებიაშენისამ, სუ შენი შრომითაა ნაშოვიო

მართალი ხარ, მართალი ხარ, ბოდიში, უცებ ავიჭერი, რამდენს გთხოვენ-მეთქი

ამდენს და ამდენსო

უშველის-მეთქი

მიწყნარდება ეს ინტერპოლი და გამოუშვებენ აბა რას იზამენ, რუსეთიაო

კაი, გეხვეწები არ ინერვიულო, გამოგიგზავნი მაგ ფულს და ბიჭებსაც შევაკრებინებ რაღაცას-მეთქი

ყველა მე მირეკავს, ყველას ეხლა გაახსენდა, რომ ფული გვაქვს მისაცემიო

რა ფული, ვინ გირეკავს-მეთქი

ვიღაც მშენებლები, შენს ქმარს სპორტსკოლის ფული მივეცით და უკან გვინდაო

უკან უნდათ რა, ბნელა, კოკლიანმა იყიდა უკვე სკოლა

ბნელა, აბა არ ბნელა, რუსეთია, ფეხებზე არ კიდიათ

კაი, ნერვებს არ აყვე, ვიზამთ რამეს – მეთქი

სად გადაეკიდა იმ ყლექალას, მაგრამ ყლეა ესეც, ღირსია მივაგდო, მაგრამ ჩემი გულის ამბავი ხომ იციო – რა გული, რა გული, რეებზე მებაზრებიან დღეს მთელი დღეა, დარო აქედან ხელებს მიქნევს, რა ხდება-მეთქი

ნახევარფინალზე გაგვიანდებაო

ვახ ჩემი, თათეშ უნდა გავიქცე აუცილებელი საქმე მაქვს და საღამოსვე გამოვაგზავნი რაც მაქვს ყველაფერს-მეთქი – რა დროს ფეხბურთია, კი არადა რა დროს ციხე და რუსული მაფიაა, რა ინტერპოლი, რა ხდება ვაფშე? ძლივს რაღაც აეწყო ცხოვრებაში, სპორტშიც დაჟე, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ვარ, ფინალი რომ მოვიგოთ, ტელეფონს მაჩუქებენ. რა ტელეფონი, რეებზე ვფიქრობ, ტელეფონის დედა არ ვატირე, ვახ ჩემი, რა უნდა ვქნა ეხლა რომ ციხეში ჩამსვან, დაროს, დაროს რა ვუყო? რის გამო? რა მოხდა ცოტა ფული მოვიგეთ, ასთვრამეტი ათასი ეგეთი ბევრია დავიჯერო? დარო? დაროს შანსი არაა არ დავკარგავ.

დარო, რა უნდა ვქნათ-მეთქი, ზუგდიდსკი დაიჭირეს, ჩემზე ხმას არ ამოიღებს, მაგრამ ამ იხვნისკარტამ ჩამაბოზა, ქართული პოლიცია არ მომადგეს-მეთქი.

ძაან ტრაკში ვართო

ძაან-მეთქი

მომისმინე, ყველა ვარიანტში უნდა წახვიდე და ითამაშო, მაგ კონტრაქტის დარღვევა მაინც არ შემოგტენონო

არა რა უნდა ვითამაშო, ესე როგორ ვითამაშო-მეთქი

რა უნდა ვითამაშო? მოედანზე რომ გავედი არაფრის განწყობა არ მქონდა, მაგრამ როგორც კი ბურთი მივიღე, ისეთი თავისუფლება და ენერგია ვიგრძენი, რომ ზუგდიდსკის დაიკოზე, ზუგდიდსკიზე, ინტერპოლზე, რუსულ მაფიაზე და საკუთარ თავზე დაგროვილი მთელი ბოღმა ამოვანთხიე. მეტოქე გუნდის მეკარეს ისეთი სიძლიერით ვურტყამდი, რომ ბოლოს წამომეჯგიმა – ძმაო გასართობად ვართ აქ მოსული თუ საკაჩაოდ? რამ გაგამწარა ჩემიდედაშევეციო – დიდი სიამოვნებით გავფლეთდი იქვე, მაგრამ მუშტების და წიხლების ქნევას გოლების გატანა ვამჯობინე. ისეთ ჯანზე ვიყავი, რომ ყველა და ყველაფერი დავიწყებული მქონდა, ამიტომ მიყვარდა ეს სპორტი, მიყვარდა იმიტომ, რომ ყველაფერს მავიწყებდა, მავიწყებდა რომ სახლში შუქი არ გვქონდა, რომ გაზი არ გვქონდა, რომ ნავთიც შეიძლება არ გვქონოდა თუ მამაჩემი ვერ იყოჩაღებდა და პენსიონერ ქალებს თუ არ დაუკბენდა ხელებს, თუ არ იჭიდავებდა, არ იომებდა, თუ ვინმეს არ წაართმევდა და არ შეატოვებდა ყინვას და სიცივეს. მავიწყდებოდა, რომ მთელი კვირა ლობიოზე და მჭადზე ვიყავით იმიტომ, რომ პურის და ნავთის რიგს ერთად ვერ უქაჩავდა საცოდავი მამა, მავიწყდებოდა, რომ სამყარო ჩემს ირგვლივ დანგრეულია, რომ კოკლიანის მამა პოლიციის უფროსია და წესით თავის ძმისნაირებს უნდა იჭერდეს და ამის მაგივრად კოკლიანის ასნავნოიში ჩასაყენებლად ტრენერს ფულს უმაზავდა, მავიწყდებოდა რომ ბურთს და კარს იქით რამე არსებობს და ზუსტად ვიცი, რომ თავდავიწყების ეგ ინსტინქტი ყველგან და ყოველთვის გამყვებოდა და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მაგარი ვიქნებოდი, მაგრამ… მაგრამ მესროლეს და უნდა ესროლათ, იმიტომ, რომ მაშინ გოლის გატანა კი არა ადამიანის სიკვდილი იყო ყველა კითხვაზე პასუხი, იმიტომ რომ მაშინ ამხანაგურ თამაშში გატანილ გოლს და ადამიანის სიცოცხლეს ერთი ფასი ქონდა… ეგეთი დროიდან მოვდივართ, მაგ დროის დავიწყებას ვცდილობთ და ვერ ვივიწყებთ… და ამიტომაა, რომ დაიკოსნაირი გოგოებს გადავეკიდებით ხოლმე, იმიტომ, რომ მაშინ დაიკოსნაირები მარტო ავტომატიანი კაცების ქალები იყვნენ, ეხლა კიდევ როდესაც ავტომატი აღარ ჭრის, უკვე ჩვენც გვაქვს დაიკოსნაირების დათრევის შანსი და ვითრევთ და გვიხარია. დრო შეიცვალა, ჩვენ შევიცვალეთ, მაგრამ დაიკოსნაირები არ იცვლებიან, როგორც მაშინ შეეძლოთ კაცის გაშარვა, ჩემს ბავშობაში, ისევ ისე შეუძლიათ დღესაც. განსხვავება ისაა, რომ დღეს პოლიცია მოგაკითხავს ეგეთების გამო, ადრე კი მხედრიონი და თეთრი გიორგის საძმო, შავი მერაბას კლანი და ათასი ეგეთი მოგაკითხავდა.

ცხრით ნოლი, ფინალში ვართ. თქვენი დედაც მოვტყან, თქვენი ყველასი, ვინც ბავშვობის ქაოსიდან ამოხტებით ხოლმე და ეხლაც, ზედ სტადიონზე ჩემი წარმატების პიკში, როდესაც თანაგუნდელებს ხელში ვყავდი აყვანილი და მილოცავდნენ, ტრიბუნებზე ჩემი ბავშვობის სამი ჰიბრიდული აჩრდილი დავინახე – ბუმუხბე თავის ორ მოხეულ ტიპთან ერთად. ამანაც გაიგო.

რამდენი ხანი მცემდნენ არ მახსოვს. გასახდელიდან ბოლო გამოვედი, რაც მოსახდენია მოხდეს-მეთქი. დაროს მესიჯი მივწერე – გეხვეწები შენ წადი, მე შემაგვიანდება-მეთქი, დარო კიდევ პირიქით გასახდელში შემომივარდა

სად ხარ ამდენი ხანი, ყველა წავიდაო

ყველა არა, ტრიბუნაზე სამი კაცი უნდა იჯდეს-მეთქი

შენ რა იციო

გემუდარები წადი-მეთქი

მითხარი რა ხდებაო

მაზავშიკები არიან, გაიგეს რომ სიაბანდზეა ეგ ფული მოგებული და უკან მომთხოვენ-მეთქი

არ დაგტოვებ არარსებობს, პატრულში დავრეკოთო

მაინც მომაგნებენ და რა აზრი აქვს-მეთქი…

ფეხში არ მესროლოთ ხვალ ფინალი მაქვს სათამაშო-მეთქი

რა ფინალი, რა ფინალი შე განდონოო – და დაროს თვალწინ მცემეს სტადიონზე, დაროს კი არა, რომ დასჭირვებოდათ ან ნდომოდათ, მთელი მსოფლიოს თვალწინ მცემდნენ, დაროს ხელი არ ახლოთ-მეთქი მაგას ვყვიროდი, მერე დაროს ხავილი მახსოვს, მერე რამოდენიმე წიხლი და მეტი აღარაფერი.

თვალები რომ გავახილე, პირველი დაროს ცრემლიანი სახე დავინახე, მინდორზე იჯდა, მე კი თავი მის ფეხებზე მედო

ისევ მარაკანაზე ვართ-მეთქი? – დაროს ცრემლები წამოუვიდა – ნუ ტირი გეხვეწები-მეთქი – იცი ამ სტადიონზე ადრე ქვიშა ეყარა, ვითომ კუნთების გამაგრების ამბავში, მაგრამ სინამდვილეში დირექტორმა შეჭამა ხელოვნური ბალახის დასაგები ფული-მეთქი – დარო გაკვირვებული მიყურებდა, მე კიდე გავაგრძელე – ხოდა ეხლა იცი რას ვფიქრობ? ქვიშიდან უფრო ადვილია სისხლის კვალის მოშორება ვიდრე მინდვრიდან და იქნებ მაგიტომაც იყო ქვიშა დაყრილი, წარმოიდგინე რამდენი რაზბორკა და სისხლი უნახავს ამ სტადიონს-მეთქი.

ადგომა შეგიძლიაო

ალბათ-მეთქი – დარო წამოდგა და მეც წამომაყენა, ფეხზე ძლივს ვიდექი, ცხვირი უეჭველი და ზემოდან მგონი რამოდენიმე ნეკნი მქონდა გატეხილი

რა დაიბარეს-მეთქი?

სამოციო

არ მოგვიგია მაგდენი-მეთქი

მორალური ზიანისთვისო

ღადაობ-მეთქი?

სიტყვასიტყვით ეგრე მითხრეს და მითხრეს შენც ეგრე გადაეცი, ერთ კვირაში გამოგივლითო

მაგათი მორალის დედა ვატირე-მეთქი

გაქვს მაგდენიო?

კი, მაგრამ ზუგდიდსკისთვისაც გასაგზავნი მაქვს-მეთქი

დაგრჩება რამეო?

ბანკის ვალი-მეთქი

ცხვირზე გიფსით და დაბინტული ნეკნებით ვიწექი მთელი კვირა, რუსეთში გადარიცხვებზე დარო დარბოდა, ბანკის ვალი მომაშორებინა და მაზავშიკებისთვის მისაცემ სამოცს იქით რაც დამრჩა, ყველაფერი ზუგდიდსკის გადავურიცხეთ. ბიჭებმაც შეუგროვეს რაღაც თანხა, თათეშკას დაიკოსთვის შეუთვლია – თუ არ გინდა მანდ რომ ჩამოვალ თმით გითრიო, რაც გაქვს ზუგდიდსკის ნაჩუქარი, ყველაფერი დაალომბარდე და ფული გამომიგზავნეო, შეშინებულმა დაიკომ მეორეჯერ აღარ დაარეკინა თათეშკას და მგონი თავისი ნივთებიც ლომბარდს მიაყოლა. პოლიციამ რატომღაც დამიკიდა, სამაგიეროდ ბუმუხბეს ბიჭები მოვიდნენ თავის დროს, ხილი და ფორთოხლის წვენები ამომიტანეს, თვალებს არ ვუჯერებდი, სად არის ჩვენი ფულიო. დარომ მიაწოდა, გადათვლა ჭირდებაო, ზუსტადაა და ეგ არის რაც დამრჩა-მეთქი. რომ მოგვატყუო წვენებით აღარ ამოვალთ ხომ იციო. ვიცი-მეთქი. წავიდნენ. დავრჩით მე და დარო

ყველაფერი დამთავრდაო

იმედია-მეთქი…

სინამდვილეში არაფერი დამთავრებულა

კოკლიანი მოვიდა, რაღაც დოკუმენტები გამიშალა ცხვირწინ და შენი ხელმოწერა მჭირდებაო

რაზე უნდა მოვაწერო ხელი-მეთქი

რომ ჩვენი შპს უარს ამბობს სტადიონზეო

რატომ-მეთქი

რა რატომ? აბა რა ჩემს ფეხებად გვინდა ეგ სტადიონი, ფული მაინც არ გვაქვს და ვეღარაფერს ავაშენებთ, პლიუს ამას რუსები მაწვებიან გაყიდე და ფული დაგვიბრუნეო

რუსები ყლეს ვერ მოგვჭამენ-მეთქი

ზუგდიდსკი გაიშარებაო

არ გაიშარება, ოფიციალურად ხომ ყველაფერი წესრიგშია-მეთქი

კი, რაც გადმორიცხეს ყველაფერი გახარჯული მაქვს და ყველაფერზე საბუთი მაქვსო

აბა რა გინდა-მეთქი – კოკლიანმა მურტლად შემომხედა, აშკარად რაღაც ჩათლახური ქონდა მოფიქრებული და ეგონა ადვილად გამაცურებდა, ჩემი ფეხები!

ძმობას გაფიცებ მომიწერე ხელი, დირექტორი შენ ხარ და შენი ხელმოწერა უეჭველი მჭირდებაო

რატომ-მეთქი – პაუზა აიღო, აწონ-დაწონა ღირდა თუ არა ყველაფრის ბოლომდე თქმა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ უნდა ეთქვა –

ხახვივით შეგვრჩება ეგ სტადიონი და რატომ, როცა შეგვიძლია, მაგ ადგილას საკაიფო კორპუსი წამოვჭიმოთ, ფული გავტეხოთ, ხუთ პროცენტს მოგცემ, იცი რამხელა კუშზეა ბაზარიო

რა ხუთ პროცენტს, მარაკანა გინდა დაანგრიო-მეთქი

ტოჟე მნე მარაკანაო

რა ტოჟე მნე, რეებს მებაზრები-მეთქი

რამდენი გინდა პირდაპირ თქვიო

რა რამდენი მინდა შენ შიგ ხომ არ გაქვს-მეთქი

ნუ გაართულებ ძმობას გაფიცებო

რომელ ძმობას მეფიცები, მთელი ცხოვრება სადაც მაქვს გატარებული იმ სტადიონის დანგრევა გინდა და კიდევ ძმობას მეფიცები-მეთქი

მაგრად ატრაკებ ეხლა, მომიწერე ხელი გეხვეწები, სასამართლომდე ნუ მიიყვან საქმესო

რა სასამართლომდე ხომ არ უბერავ-მეთქი

ხო იცი რომ მაინც მოვიგებო

ყლეს ვერ მომჭამ-მეთქი, ძაან გადაიჯვით ბიჭო უკვე თავზე, ხომ არ უბერავთ-მეთქი, წამოვუხტი და ყვირილი დავუწყე, ეს ქვეყანა თქვენი გგონიათ, რაღაცას მიაღწიეთ და გგონიათ, რომ ყველაფერი შეგრჩებათ-მეთქი, ჩემი ფეხები, გინდა სასამართლოში იჩივლე და რაც გინდა ის ქენი, მთელი მამაშენის მაფია და ბიძაშენის კრიმინალები რომ დამახვიო თავზე, ყლეს ვერ მომჭამ გაიგე-მეთქი? არაფერზე ხელს არ მოგიწერ და ეხლავე გააჯვი აქედან-მეთქი.

კოკლიანი ცივად ადგა და წავიდა. დარო გაკვირვებული მიყურებდა.

ეგრე არ გამოვა-მეთქი, კოკლიანის მამის და ბიძისნაირებმა ბავშვობა დამინგრიეს და ეხლა მაგათ შვილებს უნდათ გადარჩენილი ნანგრევების წაღება. ეგრე არ გამოვა, ძმაო, ეგრე არ გამოვა, არაფრით. მაგათი არ არის ეს ქვეყანა. არა, ქვეყანა შეიძლება იყოს, მაგრამ მარაკანა არა, მარაკანა ჩემია, ჩემი! მე ვცხოვრობ მარაკანათი და მე ვარ მარაკანა, მარაკანას თუ დაანგრევენ მეც დამანგრევენ და მე მეყო ნგრევა-მეთქი. იდეები გვქონდა გესმის, ოცნებები, რაღაცის, რაღაც კარგის გაკეთება გვინდოდა ბავშვებისთვის, რომ ჩვენნაირები არ გამოსულიყვნენ, ჩვენნაირი მახინჯები და ამან კიდე, ამ იმბეცილმა, კორპუსი ავაშენოთო! კორპუსიო! ვისთვის? ისევ კოკლიანისნაირებისთვის, ახოსპირელისნაირებისთვის, ბუმუხბესნაირებისთვის, ვიღაც განდონებისთვის, რომლებმაც ჩვენი ბავშვობა წაიღეს, წაიღეს და ისეთი დამახინჯებული დაგვიბრუნეს, როგორიც ჩემი სახეა ეხლა! ეგრე არ გამოვა-მეთქი ამათი დედა მოვტყან! ეგრე არაფრით არ გამოვა, ქვეყანას ხომ ანგრევენ, მაგრამ მარაკანას ვერა, ვერ დაანგრევენ, ვერ წაიღებენ, ვერ დამალავენ-მეთქი

დარო მომიახლოვდა და ჩამეხუტა – მე შენ გვერდით ვარო და ძალიან მიყვარხარო, მეც მიყვარხარ-მეთქი, ხომ ფეხებს ვერ მოგვჭამენ-მეთქი

ფეხებს ვერ მოგვჭამენო

მარაკანას ვერ დაანგრევენ-მეთქი

ვერაო…

© არილი

Facebook Comments Box