პროზა (თარგმანი)

დიდიე დენინქსი – ორი ნოველა

Didier-Daeninckx-né-en-1949

ფრანგულიდან თარგმნა მანანა ბოსტოღანაშვილმა

დიდიე დენინსი (დაიბ. 1949 წ. 27 აპრილს ქ. სენ-დენიში) თანამედროვე ფრანგი მწერალი და სცენარისტი, 30-მდე რომანის, მრავალი ნოველის და საბავშვო წიგნის ავტორი.

მისი შთაგონების წყაროა ოჯახური გარემო, სადაც ანარქიული, ანტიმილიტარისტული და კომუნისტური განწყობა სუფევდა. მშობლების დაშორების შემდეგ დიდიე დედამისთან ერთად ცხოვრობდა ობერვილიეში, პარიზთან ახლოს, სადაც საფრანგეთის ახალგაზრდა კომუნისტთა მოძრაობას შეუერთდა 1963 წ. სწავლობდა ლე-კორბუზიეს ტექნიკურ ლიცეუმში, მაგრამ 16 წლისამ სწავლას თავი დაანება. 1966 წლიდან მუშაობდა, 12 წელი სტამბის მუშად, შემდეგ კი კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორად და ბოლოს ჟურნალისტად, ახალი ამბების განყოფილებაში; “დანაშაულებათა ქრონიკამ” გაზეთში უდიდესი მასალა მისცა რომანებისთვის. 1977 წ. უმუშევრობის დროს დაწერა თავისი პირველი რომანი, “სიკვდილი პირველ რაუნდში”, რომელშიც გამოჩნდა ინსპექტორი კადენის ნევროტული პერსონაჟი. ათმა გამომცემელმა დაიწუნა ეს რომანი, თუმცა ბოლოს “ედისიონ დიუ მასკმა” გამოაქვეყნა 1982 წ., მაგრამ შეუმჩნეველი დარჩა. მეორე რომანის “მკვლელობები სამახსოვროდ” (1984 წ.), ყურადღების ცენტრში, ჯერ კიდევ მორის პაპონის სასამართლო პროცესამდე, მოექცა 1961 წ. 17 ოქტომბერს ალჟირის განმათავისუფლებელი ფრონტის სისხლიანი მანიფესტაციის და 1940 წ. კოლაბორაციის ამბები. “შავი სერიის” გამოცემული ეს რომანი ძალიან კარგად მიიღო მკითხველმა. მას პოლ ვაიან კუტურიეს პრემია (1984 წ.) და დეტექტიური რომანების გრან-პრი (1985 წ.) მიანიჭეს. 1984 წ. “გალიმარში” გამოცემულმა რომანმა “დაუსრულებელი გოლიათი” “საუკეთესო რომანის ტროფე 813” პრიზი მოიპოვა 1984 წ. და “რომან ნუარის” პრიზი 1985 წ. პოლ ფევალის პოპულარული ლიტერატურის პრემია მიანიჭეს 1994 წ. მთელი შემოქმედებისთვის. 2012 წ. მიიღო გონკურის პრემია ნოველებისთვის. მისი რომანები ოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

დიდიე დენინქსი

ჯიუტი ადამიანები ბესედიდან

ლითონის მეორე გაჩხაკუნებაზე ტელეფონს ხელი დავაფარე, რომ ჩემი გაღიზიანება მოსაუბრისთვის არ გადამედო.

– შეგიძლია, სანთებელას თავსახურით გართობას შეეშვა? ვმუშაობ და ფიქრს მიშლის…

– მაპატიე, ნერვიულია… მას მერე, რაც მოწევას თავი დავანებე, თავს ვერ ვერევი, ხელები რამით უნდა დავაკავო.

ოცი წუთის წინ მოვიდა მოულოდნელად, თავისი ფოტოების ყუთამოიღლიავებული; 20 სანტიმეტრი 30-ზე ფოტოები გაშალა საწერ მაგიდაზე, კომოდზე, ასლგადამღებზე. მერე კი, როდესაც გასაფენად ყველა მიწისზედა საშუალება ამოწურა, იატაკზე მოფინა. წვერებიანი სახეები, შავ-თეთრში. როდესაც ტელეფონმა დაიწკრიალა, ტუჩებს შორის სიგარეტგაჩრილი თავისი “ზიპოს” თავსახურს ათამაშებდა, უმიზნოდ ანთებდა, მოჩვენებითი დაუდევრობით. კლიკ, კლაკ, გმადლობ, კოდაკ… დროდადრო რომელიმე სურათს გადავდებდი ხოლმე დოკუმენტის ასაღებად, და როგორც კი ნაჯღაბნ ფურცელს ადგილზე ვაბრუნებდი, ის კვლავ ზემოდან აფარებდა. საუბარი შევწყვიტე და ყურმილი დავკიდე.

– რა სცენა მოაწყვე, ბერტრან? არ შეგიძლია, მშვიდად მოიცადო? საბავშვო ბაღიდან გიცნობ, მაგრამ პატარა ბავშვივით კი არ უნდა მოიქცე!

ბოლოს ჩამოჯდა, ბარძაყით სავარძლის სახელურს ჩამოეყრდნო.

– ახლა არ მითხრა, რომ განსაკუთრებული საქმეა… რა, ლოთ ქმარს რქები დაადგეს?

– ეგენი მარჩენენ და არა ვარ უმადური. რაკი სიყვარული ბრმაა, მე ეჭვიანთა თვალი ვარ. ეს შენი მომავალი გამოფენაა?

ღიმილმა გაუნათა ნაკვთები.

– ჰო… სინამდვილეში, შენზეა დამოკიდებული, მიშელ…

– შეგეშალა, სხვა კარზე დააკაკუნე, ყველაფერი ვარ მეცენატის გარდა. კარგად თუ მოვჩხრიკავ, შეიძლება ჩაქუჩი და ლურსმნები მოვძებნო სურათების ჩამოსაკიდებლად.

ბერტრანი დაიხარა ერთ-ერთი პორტრეტის ასაღებად და თვალწინ ამიფრიალა. მქრქალ ფოტოქაღალდზე აღბეჭდილმა მზერამ გამჭოლა. გადმოკარკლული თვალები, მსგავსი მსახიობ პიტერ ლორისა, რომელსაც ბატონი ლე მოდი სდევნიდა, ჭვარტლით გაშავებულ ჩაშავებულ სახეზე მკვეთრად მოჩანდა და უნებურად აგაფორიაქებდა მათში ჩაბუდებული სევდა. უკანა პლანზე, მდელოდან ამომავალ სქელ ბურუსში სახურავამძვრალი ავტოამწის აჩრდილი მოჩანდა.

– მჭირდება, რომ მოძებნო…

– და როგორ გადამიხდი? მისი წონა ანტიდეპრესანტებით?

ფოტო საწერ მაგიდაზე დამიგდო.

– ძალიან სერიოზულად გეუბნები, მიშელ. მას მერე, რაც ექვსი თვის წინ ეს ბედშავი ჭაპანწყვეტა გადავიღე, ვერ ვიშორებ. თავი არასოდეს მიმაჩნდა გენიოსად, მაგრამ ასეთ მძლავრ ფოტოს ორს ვერ გადაიღებ ცხოვრებაში. ეს ჩემი გამოფენის უმთავრესი სურათია, რომლის გარშემოც აიწყობა ყველაფერი. პრობლემა ის არის, რომ ყველა დანარჩენის გამოყენებისთვის წერილობითი და ხელმოწერილი ნებართვა მოვიპოვე, ამისი კი არ მაქვს. ეს ბიჭი გადაღებაზე კი დამთანხმდა, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი იყო, აზრადაც არ მომსვლია კითხვარის ამოღება… ერთი კვირის წინ ჩამოვედი. და აქ მაცნობეს, რომ რამდენიმე კვირის წინ უგზო-უკვლოდ გამქრალა.

ფოტო მივაბრუნე, რომ მეც რამე არ დამმართნოდა.

– ტყის კაცი გეგონება… არა მგონია, რომ VI არონდისმანის მოდურ გალერეაში გამოგეცხადოს და დავიდარაბა აგიტეხოს… რას რისკავ?

– აქ სხვა ამბავია. მინდა ეს კატალოგის ყდაზე დაიბეჭდოს, რომ  ნეგატივი პრესას სტატიებისთვის მივაწოდო, რომ ინტერნეტით გავრცელდეს, მთელმა მსოფლიომ იხილოს… იატაკქვეშეთში კი არ ვიმალები. გალერეის დირექტორი უარს ამბობს გარისკვაზე და გასაგებიც არის. სამი წელი გაუჯანჯლდა პროცესი იმისთვის, რომ ტატუს ფოტო დაბეჭდა, – მეომარი პეპელა უცნობის მხარზე. სასამართლომ მკაცრად დააჯარიმა ისიც და ფოტოგრაფიც და აღიარა, რომ ნემსის ხმარების მანერა არტისტული საკუთრებაა. ამ შემთხვევამ ძალიან დააზარალა. აღარ ვიცით, კადრში რა მოვახვედროთ. ყველა თავის წილს ითხოვს შემოსავლიდან – ქოხების მფლობელები, არქიტექტორები, გზაჯვარედინების დამგეგმავები… ხალხის სურათისთვის უნდა გადაიხადო. იშვიათად გთხოვ დახმარებას, ბერტრან. გამიწიე ეს სამსახური…

სულაც არ სჭირდებოდა შეხსენება, თუ როგორ ვიყავი მისგან დავალებული. ოდესღაც იმდენს ვსვამდი, თვალებში ვეღარ ვიყურებოდი. თითები გადავიტყავე მის კარებზე კაკუნით, იმიტომ კი არა, რომ არ მიღებდა, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ვაკითხავდი. ცალი ფეხი წუმპეში მედგა, მეორეს კი კვალდაკვალ მივათრევდი. ყველამ, ჩემმა ანარეკლმაც კი, ზურგი მაქცია, და მარტო მიშელმა გამომიწოდა ხელი. ინფრაწითელობიექტივიანი აპარატით აღჭურვილი თვეების განმავლობაში თან დამყვებოდა ღამის ბარებში საცოდავად წანწალისას. თანდათანობით კლიენტებმა ისევ გამომიცხადეს ნდობა. მე, ვინც ფრჩხილებითღა ვეპოტინებოდი სიცოცხლეს, მისი წყალობით ისეთ წარმატებას მივაღწიე, რომ ჩემი სახელი საფლავის ქვაზე კი არა, სულ სხვა დაფაზე მიაწერეს. ერთხანს იმასაც ცდილობდა, ჩემს ვაჟიშვილთან შევერიგებინე, თუმცა ამას დიდი შედეგი არ გამოუღია. ღრმად ამოვიოხრე.

– გაგიმართლა, შვებულების რამდენიმე დღე დამრჩა. სად არის ეგ შენი მაკიაჟის სკოლა?

საფრანგეთის რუკა გაშალა და სამხრეთზე მიმითითა.

– აქ!

მეორე დღეს, ნაშუადღევის 2 საათზე იქ ვიყავი. ბერტრანმა მომიმზადა პატარა ალბომი იმათი სურათების ასლებით, ვინც რეგიონში რეპორტაჟის მომზადებისას ფოტოების გადაღების ნება დართო. მინდვრებზე ყოველი მათგანის გასწვრივ კოორდინატები მიეწერა. მანქანა პატარა ქალაქის გზაზე, ყოფილი ციხესიმაგრის ძირას დავაყენე, ძარით ნოზის ველისა და შავმიწა ნიადაგიანი  პერიგორის უღრანი ტყეებისკენ. სექტემბრის შუა რიცხვები იდგა, მაგრამ ტურისტების ჯგუფები მაინც ლაშქრავდნენ ციცაბო ბილიკებს, გაფაციცებულნი ეწაფებოდნენ გალექსილი გიდის სიტყვებს: “ქალაქი ბელვესი ჰგავს ულამაზეს, ჰაეროვან თაიგულს, რომელიც ხეების ზემოთ ირხევა…” ცოტა ხანი მათ მივყვებოდი, ერთადერთი მიზნით, რომ ექვსასი კილომეტრის მანძილზე მანქანაში დაბუჟებული ფეხები ამემოძრავებინა. მათ ვიწრო ქუჩაზე შეისვენეს, შექუჩდნენ ქვაში ჩამაგრებულ ძველ რკინის ჩუქურთმასთან, დაჭყეტილი თვალებით დაიხარნენ პაწაწინა დაფისკენ, რათა ამოეკითხათ ქება-დიდება მეცნიერი კინკეტისა, რომელმაც აქ სამი საუკუნის წინ გამოიგონა ქუჩის განათება, და მას თავისი სახელი მიანიჭა. გადახურული ქუჩის ერთმანეთზე გადაბმულ გასასვლელებს გავუდექი, ის არმის მოედანს უერთდებოდა, სადაც ცენტრში ბაზრის საბჯენები აღემართათ. აქ, “კრედიტ აგრიკოლის” სააგენტოს თავზე, ცხოვრობდა გაუჩინარებული მენახშირის, ბორის აშელარის და. კიბეზე ასვლამდე ხის სვეტებიან ფასადსა და რკინის ჭედურ აივნებს შევავლე თვალი. დაღლილსახიანმა ბიგუდებიანმა ქალმა იქამდე გამიღო, სანამ მის კარზე დაკაკუნებას მოვასწრებდი. ტუჩაბზუებულმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა.

– თქვენ არ გელოდით. რა გნებავთ?

– თქვენს ძმას ვეძებ. დოკუმენტის ხელმოწერა დაავიწყდა… ვერ მეტყვით, სად ვიპოვი?

წინსაფრის წინა ჯიბიდან ასანთის და სიგარეტის დიდი კოლოფები ამოიღო და თითო ღერი ამოაძვრინა.

– მხნეობას გისურვებთ… უკვე სამი თვეა, მისგან აღარაფერი მსმენია. ალბათ, ტყეში ლოცულობს.

უკან დავიხიე, კვამლის ღრუბლისთვის რომ თავი ამერიდებინა.

– სამი თვე ტყეში? დროდადრო მაინც ხომ უნდა გამოვიდეს, თუნდაც საყიდლებზე…

სასადილო ოთახისკენ გაემართა და მანიშნა, გავყოლოდი.

– ზოგი მთელ ცხოვრებას ატარებს ბესედის ტყეში, რომელიც სოფლის ქვემოთ, კადუინის ზეგნამდეა გადაჭიმული. კარგად იციან ყოველი მუხა,  ნაკადული, ცხოველთა ჩვევები. ამბობენ, ომის დროს ვიღაცები სამი წელი იმალებოდნენ ტოტებქვეშ ისე, რომ ტყის მიჯნას არ გადმოსცდენიანო. ძალიან საჩქაროა თქვენი ქაღალდი?

– საკმაოდ… წესით, ხვალ საღამოს უნდა გავემგზავრო…

ყავა დურალექსის ორ ფინჯანში ჩამოასხა.

– ბოლოს, როდესაც კრიზისი ჰქონდა, ექვსი თვე არ გვინახავს; მხოლოდ დიდმა ყინვებმა აიძულა, მოსულიყო.

ორი კოვზი შაქარი ჩავიყარე.

– როგორი კრიზისები აქვს?

– გარწმუნებთ, სახიფათო არაფერია. თავი უფესვო ხე ჰგონია.

ფორის ქუჩაზე, ბისტროში ღორის ხორცით დამზადებული მთელი თეფში ძეხვეული გადავსანსლე გემრიელად, მერე კი ვილფრანშ-დიუ-პერიგორის რამდენიმე კილომეტრიან გზას გავუდექი. მარჯვნივ გზა მონდოსკენ, ეგრეთ წოდებული ლარზაკის კომუნისკენ მიიკლაკნებოდა. მანქანის მართვისას ბლოკნოტი ჟან-მიშელის ფოტოზე გადავშალე, რუხი, ანტრაციტისფერი ულვაში, ნახშირისფერი თვალები, თავზე ქერელის ტილოს მოთელილი შლიაპა. ქვაზე ჩამომჯდარი მელოდა თავისი ფერმის წინ, მის ფეხებთან ნაგაზი გაწოლილიყო. სამზარეულოში დავსხედით ბუხარსა და ტელევიზორს შორის, რომელშიც “ნოველას” ადევნებდა თვალს გალიაში უმოძრაოდ ჩამოსკუპებული წყვილი თუთიყუში. მისი ცოლი მინდორში გაჰყვა გადასახადების კონტროლიორს, რომელსაც უნდა შეემოწმებინა, ზედმეტი თამბაქოს ნერგი ხომ არ დაერგოთ. ჟან-მიშელმა უალკოჰოლო პასტისი ჩამოასხა.

– ნამდვილიც გვაქვს, თუ გირჩევნიათ…

თავი შევიკავე. ჭიქები მივაჭახუნეთ: მოტკბო გემო ჰქონდა, ჩემი ბავშვობის ანტეზიტიანი სასმელის მსგავსი.

ფოტოები დაათვალიერა, თავისაზე ღიმილით შეყოვნდა.

– ვერ ვხვდები, ასე რატომ წვალობთ ბორისის მოსაძებნად. წერა-კითხვაც კი არ იცის წესიერად. ერთი ჯვარი იკმარებდა და კაციშვილი ვერაფერს გაიგებდა… სულმთლად პაწაწინა უკვე ტყეში დარბოდა პაპამისთან, იგორთან ერთად…

ბრაზილიური ჩხუბის შემყურე თუთიყუშები შეფრთხიალდნენ.

– აქ სახელები კი არ არის მთავარი…

– მენახშირის საქმე იმდენად მძიმეა, რომ ბევრი მოხალისე არ არის. ყელში უნდა გქონდეს წაჭერილი, ამას რომ ხელი მოკიდო. მე წლის დასაწყისში შევწყვიტე, რაკი ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ვმუშაობდი მაროკოელებთან, პორტუგალიელებთან, ესპანელებთან, ალჟირელებთან… ბორისი უფრო დიდი ხანია, აქ არის: რუსი ჯარისკაცები, 14-18 წლის ომის მერე აქ დარჩნენ, როდესაც აღარავინ უვლიდა მინდვრებს. როგორც ჩანს, დეზერტირები იყვნენ ან მეამბოხეები. ყოველ შემთხვევაში, ტყეს კარგად იცნობდნენ. მოხუცები უფროსების ბრძანებებს ვერ იტანდნენ, დამოუკიდებლად მუშაობდნენ. როგორც კი ბავშვმა ფეხი აიდგა, პაპამისმა მისი მფარველობა იკისრა. უღრან ტყეში შევიდოდნენ, მოძებნიდნენ მდელოს ან რამე ადგილს ნაკადულთან ახლოს და ქოხმახს აგებდნენ. მერე ხეებს ჭრიდნენ, მუხებს, და ნახშირის მისაღებად კოცონს აჩაღებდნენ. ერთი კაცი ხუთი მეტრი სიმაღლისას ანთებდა. თითქმის ერთი კვირაში ექვს-შვიდ ტონა ნახშირს იღებდნენ. მარტო იმით განსხვავდებოდნენ ჩვენგან, რომ ტომრებში კი არ ყრიდნენ, პირდაპირ, გადარჩევის გარეშე მიჰქონდათ გასაყიდად.

– მის დას ვესაუბრე. რაღაც ამგვარი მითხრა, ბორისი ცოტა ვერ იყო თავის ჭკუაზეო…

ქიშმიშით სავსე სამურაბე გამოაჩოჩა ჩემკენ.

– ინებეთ ყურძენი, ტკბილია. ახლა კარგად არის მოწეული, არ მაგრდება. მუსკატის ათიოდე ძირი დავრგე ბეღელთან… მწარმოებლიდან მომხმარებლამდე! არაფერს ვუმატებ. იცით, ბორისს თავისი აკვიატებები ჰქონდა, ისევე, როგორც ყველას. შესაძლოა, საშუალოზე მეტად ველური იყო, უფრო ჩაკეტილი საკუთარ თავში… აქ ვამბობთ ხოლმე, ცეცხლი სულში უფრო ხშირად ბჟუტავს, ვიდრე კერიაშიო. არ დაგავიწყდეთ, რომ კრო-მანიონის ოლქის შუაგულში ვართ, სადაც გრან-როკის, კარპე-დიემის, ბარა-ბაჰოს გამოქვაბულებია, პრუმეისაკის უფსკრული, ბევრნაირი თავშესაფარია, სადაც პირველყოფილი ადამიანები ხეს ხეზე უხახუნებდნენ ნაპერწკლის მისაღებად. ყველაფერი ძველებურად შთამბეჭდავია. წყლის დინების ცქერა დამღლელია, მაგრამ მოცეკვავე ალისა, რომელიც სამყაროს ნთქავს – არასოდეს.

ჯიქურ შევხედე თვალებში.

– მცირეოდენი წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, სად შეიძლება იმალებოდეს?

– გულწრფელად თუ გინდათ, არა. ყველაზე ხანგრძლივად მაშინ ვესაუბრე, როდესაც იმ ადგილებზე მიამბობდა, სადაც პაპამისთან ერთად დაბანაკებულა ოდესმე, ბესედაში. საოცარი სიზუსტით ახსოვდა. შეეძლო, აღეწერა ხე, რომლის ძირშიც ოცი წლის წინ ეძინა… თუ მოგონებებში ჩაიძირა, ვერავინ მოძებნის.

 

უკანა გზაზე, ბელვესთან ახლოს, რუხი ნისლი ჩამოწოლილიყო. მთელი სიჩქარით შევიჭერი შიგ. ხალხი მყისვე გაქრა. მუხრუჭის პედალს დავაჭირე მკვეთრად, მაგრამ წინ მიმავალი ტრანსპორტისთვის არიდება ვერ მოვახერხე – მაშინღა შევამჩნიე, როდესაც ვეჯახებოდი. საავარიო ფარები ავანთე, გზის პირას გადავაყენე და გადმოვედი, რათა ზარალი დამედგინა. ამორტიზატორი დაზიანებულა, ფარა გატეხილა, თუნუქი შეჭყლეტილა. გლეხი თავისი ტრაქტორიდან ჩამოვიდა. აწეულ ფარცხს ფეხი ორჯერ მიარტყა.

– ერთხელაც ვინმე მოკვდება მათი მიზეზით! უკვე ათი წელია, ვთხოვთ, თავიანთი ნახშირი უფრო შორს, ტყის სიღრმეში დაამზადონ… თუ გინდათ, რამე დოკუმენტი შევადგინოთ… უფრო თქვენთვის, თორემ ჩემსას არაფერი დამართნია…

მოშორებით, ფერმაში ცხოვრობდა, მისი ტერასიდან პატარა ქალაქის გალავანი მოჩანდა. ოქმი შევადგინეთ, თან სახლში დამზადებულ, ალუბალზე დაყენებულ აპერიტივს ვწრუპავდით. დეკლარაცია დავკეცე და საფულეში ჩავდე რუხ, მწვანე და ლურჯ ბარათებს შორის.

– უცნაური იდიოტობა იქნებოდა ბარბექიუს გამო სიკვდილი!

– ერთადერთი პრობლემა ის არის, როგორც ახლახანს გეუბნებოდით, რომ ისინი გზასთან მეტისმეტად ახლოს არიან. როგორც კი ხეები ოდნავ დაუსველდებათ, მაშინვე კვამლის ფარდა ჩამოწვება ხოლმე! ამ რეგიონში ყოველთვის იყვნენ მენახშირეები, ათასწლეულების განმავლობაში, ანუ ბარბექიუს გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე. ჯერ კიდევ ჩემი წინაპრების ხელსაწყოებს ვიყენებ, ნახშირის დახმარებით რომ გამოჭედეს… ასე დაიწყო მეტალურგია. ქალაქელებს, აქაურებსაც კი, აღარ ახსოვთ, რომ მჭედელი მას ყურადღებით არჩევდა, რომ კარგად მბჟუტავ მუხაზე საუკეთესო ფოლადი იწრთობოდა… რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ხის ნახშირი უფრო მეტ სითბოს გამოსცემს, ვიდრე შეშა ან ქვანახშირი… ლითონი უცებ წითლდებოდა! რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ოდესღაც მანქანებსაც ატარებდნენ ამ საწვავით…

ჩემსას გადავხედე, საცოდავად რომ გამოიყურებოდა ბზარებზე მიკრული წებოვანი ქაღალდით.

– ხის საწვავით?! დარწმუნებული ხართ?

– აბა, რა გგონიათ, რაზე მუშაობდნენ გაზოგენერატორები ომის დროს? ხის ნახშირისგან დამზადებული საწვავი ამოქმედებდა დგუშებს და მექანიზმს ატრიალებდა. შეიძლება ითქვას, ეს გათხევადებული ნავთობის საწვავის წინაპარი იყო…

ერთმანეთს მაშინღა დავშორდით, როდესაც მზე დამალობანას ეთამაშებოდა ბელვესის შვიდ სამრეკლოს. ნისლი გაფანტულიყო, მხოლოდ მოლურჯო ზოლს გაეკვალა გასასვლელი ხეთა კენწეროებს შორის. იმ მხარეს გავეშურე.

გაყვითლებული, დაშორიშორებული ფიცრებით აგებული ბარაკების ბანაკთან მივაყენე მანქანა. ერთი კაცი ზურგით იდგა ჩემკენ. ჩამოსხმულ სხეულზე ამერიკული უნივერსიტეტის გერბიანი მაისური ეცვა, ნაჯახის რკინის პირზე თოკს ახახუნებდა გადასაჭრელად. მის წინ ერთგვარი ქანი გაშლილყო, მიწის, ბურბუშელას, ნაცრის ნარევი, ნაწვიმარით ატალახებული. დაზიანებულძრავიანი სატვირთო მანქანა მიინჯღრეოდა ოღროჩოღრო გზაზე და ამწეს შემართული რვილი პეიზაჟს ისე წმენდდა, როგორც უზარმაზარი მინის საწმენდი. ერთ-ერთ ჩაშავებულ ავზთან შეჩერდა. მძღოლმა მანქანის ხორთუმი სახურავის ცენტრთან მიიტანა და ასწია. ცოტაოდენი ნახშირი გადმოიბნა და ქარმა გააქროლა. მეორე მუშამ მრუდე (მოღრეცილი) კიბე მიადგა უზარმაზარ თუჯის ქვაბს, მერე, ხელში შლანგით, საფეხურებზე აძვრა, ალის უკანასკნელი ენების ჩასაქრობად. მეორეც მიეხმარა ნიჩბებით, რათა ხის ნახშირი ამოეღო და ყუთები აევსო. ავერიდე მუქ გუბეს, რომელშიც მრგვალი თუ ოთხკუთხედი ავზების მთელი რიგი ირეკლებოდა. სატვირთოს საფეხურზე ჩამომჯდარი მძღოლი სიგარეტს ახვევდა. თავი დამიქნია და მეც ვუპასუხე.

– არც ისე ადვილი სამუშაოა…

– მთავარია, გქონდეს… უფროსის ნახვა გინდათ?

ქურთუკის ჯიბიდან ბერტრანის რვეული ამოვიღე.

– არა, მე იმ ფოტოგრაფის მეგობარი ვარ, ვინც ამ ადგილებში რამდენიმე კვირა გაატარა შარშან… კაბინაში მჯდომს გადაგიღოთ… აი, აქ თქვენ ხართ…

მის თვალწინ გადავშალე, თან რეაქციას ვაკვირდებოდი. ცხვირი დახარა, განზე გაიხედა, როდესაც ბორის აშელარის სახეზე შევყოვნდი.

ჯიქურ არ შემიტევია.

– ავზები ძველს ჰგავს… ისევ გამოსადეგია?

– ერთ თვეში ყველაფერს ბითუმად გაყიდიან, უამრავი რაღაცით აღჭურვილ ახალ ავზებს მოგვიტანენ. ხელის განძრევა მაინც დასჭირდება… ნახშირის დამზადება არ არის ძნელი… ყოველ ბაკს ყელამდე ვტენით, ოთხიდან ხუთ ტონამდე ეტევა, ხის სიმკვრივის მიხედვით, მერე კი ცეცხლს შევუნთებთ. მთავარია, ზუსტად იცოდე როდის ჩააქრო, ყველაფერი რომ არ ჩანაცრდეს. ჯერ ქვედა ხვრელებს და ხუფს ვკეტავთ, მერე კი ჰერმეტულად ვავსებთ სუფთა მიწის ტალახით. მეორე დღეს, იმავე დროს, თავსახურს ვხდით: ამოღებაღა რჩება…

მესამედ მოუკიდა თავის სიგარეტს.

– ბორისი სად მუშაობდა? ჭრიდა, ყრიდა თუ იღებდა?

გაკრული ასანთი ანთებული ეჭირა თითებს შორის.

– სულ ბორისზე რატომ მეკითხებით? თუ გინდათ რამე ჰკითხოთ, ის მოძებნეთ. ტყეში წავიდა. მისი ძიძა კი არა ვარ!

გავემართე ფარდულისკენ, რომლის სიბნელეშიც წყვილი თვალი ბრწყინავდა. სატვირთომ გადამისწრო და მარჯვნივ ღრანტეში ჩაეფლო. საძაგელი წებოვანი ტალღა მომაწუწა შარვალსა და ქურთუკის ქვედა ნაწილზე. ჩრდილში მიმალული ქალი ჩემკენ წამოვიდა. თავით ფეხებამდე გამურულიყო და მომეჩვენა, რომ ჩრდილი თან სდევდა.

– არ გეწყინოთ… ახალ ღუმელებს რომ დადგამენ, შეიძლება სამსახურიდან გაუშვან. ყველა გაღიზიანებულია.

მისი ფოტოც მქონდა უბის წიგნაკში. კერიასთან მიბრუნდა, რომ ხის ნახშირი გადაერჩია, მერე ტომარაში ჩაეყარა და იმ თოკით შეეკრა, ვიღაც ტიპი ნაჯახის პირით რომ ჭრიდა ჩემი მოსვლისას. დროდადრო ყველაზე დიდ ნაჭრებს ჯოხით ამტვრევდა.

– ერთი კვირაა, ნაძვებს ვჭრით. უფრო იაფი და უფრო რთული დასამუშავებელია. თანაც, რაკი წვენით არის სავსე, კონვეიერზე აალდება ხოლმე. ერთი მიჯახება და მთელი ქოხი ჩაიფერფლება. უკვე ოცდამეხუთეს ვავსებ ამ დილიდან…

ნაწყვეტ-ნაწყვეტად მეტყველებდა, ყოველი სამი ან ოთხი სიტყვის მერე სულს ითქვამდა. ფარდულში ჯერ თხუთმეტი წუთიც არ გამეტარებინა, მაგრამ ნახშირის მოფარფატე მტვრით გაღიზიანებული ყელი უკვე მექავებოდა. დავრჩი და ვუყურე, როგორ ავსებდა ოცდამეექვსე ტომარას, სანამ სხვა მენახშირეები რიგრიგობით შხაპს იღებდნენ მეორე ბარაკში. საკუთარ თავზე გავბრაზდი, ასეთი საძაგელი მახე რომ დავუგე, თან წინასწარ ვიყავი დარწმუნებული, რომ მასში გაებმებოდა.

– ბორისი როდის გარდაიცვალა? გახსოვთ?

ოცკილოგრამიანი ზოლებიანი ტომარა შემოდო გროვაზე.

– იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულის წინა დღეს…

იმწამსვე წამოცდენილი სიტყვების დაბრუნება მოინდომა.

– მე არაფერი მითქვამს თქვენთვის… არაფერ შუაში ვარ. უკვე იცოდით…

თავი ისე დავიჭირე, ვითომ მართლაც ასეც იყო, ვიცოდი, რომ ეს დაამშვიდებდა. ისიც ვიცოდი, რომ ასე უფრო მომენდობოდა.

– ჰო, დღეს, ნაშუადღევს მისი და ვნახე, ის, კაციც, ადრე რომ ნახშირს ამზადებდა, ახლა კი თამბაქო მოჰყავს. აქ იყავით, როდესაც ეს მოხდა?

– არა. ღამღამობით აღარ მძინავს, ისე უსტვენს ჩემი ფილტვები. დავწვები თუ არა, ვიხრჩობი. კაჰორის საავადმყოფოში რენტგენი გადავიღე ფილტვებზე. მეორე დილით გავიგე, როცა ჩამოვედი. მრგვალ ბაკს ხელით ავსებდა, ოცდამეოთხე გროვაზე იყო, როდესაც გულმა უმტყუნა. ამხანაგებს უცდიათ მანქანაში ჩასმა, მაგრამ უარი უთქვამს. თურმე მიხვდა, დიდი დღე აღარ დარჩენოდა და სურდა, ხეების ცქერისას მომკვდარიყო. გარდაცვალების წინ ყველას პირობა ჩამოართვა, რომ არ დაკრძალავდნენ. დალპობა არ უნდოდა. თვალებზე ლიბრი გადაჰკვროდა, როდესაც მათ სთხოვა, მორზე დაეწვინათ, 24-ე გროვაზე… იმ ნახშირს სულ ბღავილით ვახარისხებდი. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ჯოჯოხეთში კი არ იწვის, სამოთხეში ანათებს.

ღამით დავბრუნდი, მანქანის ობოლი ფარი წყვდიადს შთანთქავდა. 8 საათიც არ იყო, როდესაც ბერტრანის ატელიეს კარზე დავრეკე. ფეხშიშველამ გამიღო, რომაელი იმპერატორივით თეთრ ზეწარში გახვეულმა.

– შენ ხარ? უკვე დაბრუნდი?

– ჰო. ყავა გაქვს?

სამზარეულოსკენ მიბიძგა.

– უბრალოდ ღილაკს დააჭირე. ჩუმად მელაპარაკე, მარტო არ ვარ.

ფინჯანი გამოვცალე, თან ვუამბობდი ყველაფერს, რაც ბესედელი მუშებისგან გავიგე ბორისზე.

– მათ დავპირდი, რომ მხოლოდ შენ გაგანდობდი. რას იზამ გამოფენაზე?

პირდაპირ ლაბორატორიისკენ გაემართა და იქიდან ბორისის პორტრეტები გამოიტანა. მაგიდიდან ზიპო აიღო, სახურავი ახადა და ცერა თითი კვესზე ჩამოჰკრა. თავი მივაბრუნე, როდესაც მენახშირის თვალებში ალი აცეკვდა.

 

უტვინო თოვლის პაპა 

როდესაც საუბრისას უბანში ვინმე შემთხვევით ახსენებდა ფრანსუას მამას, მას მხოლოდ “მებაღეს” ან “მეყვავილეს” უწოდებდა. თოვლის პაპას – არასდროს.

და მაინც, ფრანსუა ყვირილს იწყებდა. ფრანსუა ვარდის ნიშნის ქვეშ დაიბადა, ისეთ ქარიშხალსა და თავსხმაში, ბასტილია რომ აღარ მოჩანდა.

ზღვარგადასულად რომ გაბიჟვინდებოდა, “მწეველი ძაღლის” პატრონი მის სამოქალაქო მდგომარეობას შეახსენებდა ხოლმე:

– რაკი შენს დაბადების დღეს წვიმდა, დამბალმა კი არ უნდა გაატარო დარჩენილი ცხოვრება!

ფრანსუა დაბნეულ ღიმილს სჯერდებოდა. სანიმუშოდ სათნო ტიპი იყო. ყველაფერს ერთი და იმავე ღიმილით იღებდა, გარდა იმ საუბრებისა, რომლებიც წლის ბოლოს პროგრამებსა და აუცილებელ, წითლებში ჩაცმულ კაცს ეხებოდა. საჭირო ხდებოდა მისი შეკავება, რათა ქუჩაში პირველივე განიერ დათბილულ ლაბადას არ მივარდნოდა, წიხლებით არ გაეფანტა სათამაშოები მისი დიდი კალათიდან, ფოტოები რომ არ გამოეგლიჯა ბავშვთა ფოტოგრაფების ხელიდან.

ამაოდ ეძია თავის მოგონებებში, და თუმცა “მებაღეს” ან “მეყვავილეს” უწოდებდნენ, თავისი “გამნაყოფიერებლის” ვერავითარი პასტორალური ან ალერსიანი სურათი ვერ ამოუტივტივდა ზედაპირზე. სინამდვილეში, მას კარგად არც იცნობდა: მამამისს იმდენიც არ უცოცხლია, რომ მოსწრებოდა, როდის გახდებოდა 7 წლისა ის ადამიანი, ვისაც მონათვლისას სახელი უბოძა.

 

მის უკანასკნელ დღეს, უფრო ზუსტად, დედამიწაზე მისი არსებობის უკანასკნელ წამს ეკავა შვილის მეხსიერების მთელი სივრცე. დანარჩენი კი აზროვნების “მკვდარ სივრცეში” გამქრალიყო.

როდესაც იგი მის გონებაში შემოიჭრებოდა, ვინმეს მოუხეშავი ფრაზა რომ გაახსენებდა, ფრანსუა თვალებს ისე ხუჭავდა, როგორც კბილებს აკრაჭუნებენ, როცა იმწამიერი ზმანების გაქრობა უნდათ, მაგრამ ვერ ახერხებენ. საღამოს სიწყნარეში ხშირად ცდილობდა, მოეგონებინა რამდენიმე მშვიდი სცენა ჟემიეს რაიონის სამი გადატვირთული ოთახისა, რომელთა ფანჯრებიდან “საკრე-კერი” ქათქათა ბეზესავით მოჩანდა მონმარტრის ბორცვზე. იცოდა, რომ მოგონებები იქ იყვნენ, მეხსიერების მისაწვდომზე, მაგრამ ვერაფერს ხდებოდა: გრიგალივით იჭრებოდა ყვირილი, და ვერ ახერხებდა იმის გარკვევას, ტელევიზორიდან მოისმოდა თუ მისივე პირიდან ამოდიოდა. ვიღაც ღრიალებდა.

მან არ იცოდა, რას აკეთებდა მისი შემქმნელი, ანდა რა ხდებოდა იმ მარადიულ ღამეს, რომელშიც მისი არსებობა ჩაძირულიყო. მას მომუშავეს ხედავდა მხოლოდ მცენარეების აღმოცენების ან ყვავილების გაფურჩქვნის დროს. მამამისის ორიოდე მეგობარმა უამბო, რომ წლის დასაწყისში ნოტრ-დამ-დე-ვერტუს ტაძართან ბაძგს ყიდდა, მერე კი  მოთმინებით ელოდა აღდგომას, რათა ეს მცენარე ბზობის კვირას გამოეტანა კვლავ გასაყიდად, სენ-დენისის სამეფო ბაზილიკის წინ, სანამ ფურისულები დაეუფლებოდნენ ორი-ლა-ვილის მიდამოებს გაზაფხულის პირველი სხივების მოფენისას. სამი კვირის განმავლობაში სახლში ნარგიზების ღეროები ეწყო შეფერილ ხსნარში, რომელიც ყვავილების ფურცლებს და გვირგვინებს ცისარტყელას ფერებით, ლურჯად, მწვანედ, იისფრად, სისხლისფერ წითლად აელვარებდა. გადაქანცული სულს ოდნავ მოითქვამდა, მერე კი მტკიცედ უნდა ებრძოლა მერიის მოედანზე, 1 მაისს, რათა ასფალტის თავისი წილი მოერთო სურნელოვანი შროშანებით, რომლებიც სანადირო დაცულ ტყეში, სენლის მხარეს იზრდებოდა; ყვავილებს ღამით იპარავდა. ხანდახან სოკოებსა და კურდღელსაც გამოაყოლებდა ხელს მორტფონტენში ექსპედიციებიდან. ამის მერე “მეყვავილე” ისვენებდა, – გაანდეს მას.

საქმეს მხოლოდ ნოემბერში შეუდგებოდა, მოპარულ ქრიზანთემებს მალულად ასაღებდა ღამით, პარიზის პანტენის სასაფლაოზე, რათა ნაადრევად დაეწყოთ ნათესავებს, რომლებიც ჩქარობდნენ ტუსენის მოლიპულ გზებს გაჰყოლოდნენ. ზამთრის დადგომისთანავე “მეყვავილე” დღითიდღე უფრო მეტად უჭვრეტდა გასაღებით ჩაკეტილ კარადას, რომელშიც ეწყო ბოტები, გოდორი, ყალბი წვერი, დათბილული ლაბადა. მაგრამ ცდუნებას უძლებდა და ნაფტალინით დათოვლილ სათამაშო ნაკრებს მხოლოდ შობის წინა ღამეს გამოალაგებდა ხოლმე.

ფრანსუას არასდროს უნახავს უსხეულო სამოსი საკიდზე. აკვირდებოდა რა წითლებში გამოწყობილ კაცს, ბინაში რომ რაღაცით დაკავებულიყო, პირველი ხუთი წლის განმავლობაში მას სჯეროდა, რომ თოვლის პაპა ოჯახის წევრი იყო, როგორც ბიძია ანრი, დივანზე რომ იწვა ხოლმე, ფლერი-მეროჟიში, თავის მეორე სახლში წასვლამდე. არც ის აკვირვებდა, თეთრწვერა მოხუცი ხელს რომ ჩაჰკიდებდა და ფერაგუსუს ქუჩაზე მიჰყავდა, იაფი უნივერმაღის წინ, სადაც მათ ტაბურეტი და ტარზანი ელოდა, მამამისის ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც ფოტოგრაფიაში ასე თუ ისე ერკვეოდა. როდესაც ბრბო აღარ აქცევდა ყურადღებას, წვერებიანი წინაპრის მუხლებზე მოკალათდებოდა, რათა მოყიალეთათვის სურათის გადაღების სურვილი აღეძრა, და მკვეთრი შუქიც გაიელვებდა.

არავის შეუმჩნევია, 1986 წლის 24 დეკემბერს, საღამოს 5 საათზე, ორმა კაცმა როგორ გადაკვეთა ვარსკვლავებით მოჭედილი ქუჩები, როგორ შევიდნენ ბანკის ფილიალში, თან სახეებზე ნიღბები ჩამოიცვეს, მერე ბანკის თანამშრომლებს მიუშვირეს იარაღი… საჭირო გახდა, მჭიდები კედლებზე მიეცალათ, რათა ურჩ მოლარეს განგაშის ღილაკზე დაეჭირა, თავები რომ აეწიათ, თვალები რომ გადმოეკარკლათ. ერთი წუთის მერე ყაჩაღები ტროტუარზე გამოცვივდნენ, უნივერმაღის წინ, ნადავლი ამძიმებდათ და სირბილი უჭირდათ, უქნარა პოლიციელები კი პოზიციებს იკავებდნენ თევზის მაღაზიის წინ, ზურგით ეყუდებოდნენ დახვავებულ ხამანწკებს, კიბორჩხალებს, ოხრახუშიანი კარაქით ამოვსებულ ლოკოკინის ნიჟარებს. პირველმა ტყვიამ ხამანწკა ზუსტად იმ წამს დაამსხვრია, როდესაც დახელოვნებული ფოტოგრაფი განათების ღილაკს აჭერდა, და კადრში თოვლის პაპა და მისი შვილი მოაქცია, ხალხისთვის რომ მოეჩვენებინა, თითქოს საქმე დალხენილად მისდიოდა.

ერთ-ერთი პოლიციელი უნებლიეთ შემობრუნდა შუქისკენ, რომელიც ერთ-ერთი დამქაშის გასროლილი ეგონა. სამი ტყვია გაისროლა, ერთი ტარზანს მოხვდა ყელში, ორმა კი წითლებში ჩაცმულ კაცს თავის ქალა აუფეთქა. სისხლი თითქოს შეიწოვა ლაბადის ფერმა, სანამ ფრანსუა თბილი და თეთრი ნივთიერების დინებას იგრძნობდა.

და პირიდან ამოუშვა ღრიალი, რომელიც აღარასოდეს შეწყვეტილა.

© არილი

Facebook Comments Box