პროზა

ივა ფეზუაშვილი – ცა

iva fezuashvili 28827

პირველი თავი

სახლიდან გასვლის წინ ტრუსიკი ტრაკზე შემომეხა. ძალიან უცნაური და საშიში მომენტი იყო, სავარძელში ვჯდებოდი და ნაჭრის გახევის ხმა გავიგე, რაღაცნაირი ირაციონალური შიში დამეუფლა, გული ამიჩქარდა და პანიკაში ჩავვარდი. ორი-სამი წამი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ არაფერი საფრთხე არ ან აღარ მემუქრებოდა და რომ ყველაფერი ჩემი გასუქების ბრალი იყო… მაგრად გავსუქდი, როგორ მოვახერხე არ ვიცი. თითქმის ერთი წელია რაც არ ვმუშაობ და უფულოდ დავხეტიალობ, მამიდაჩემის კისერზე ვარ და მისი გადამკიდე ისეთ უმსგავსო საჭმელებს ვუმუღამებ, როგორიც ხორციანი ბორში და მწვანე ლობიოა. მოკლედ რომ ვთქვათ, გავსუქდი და ტრუსიკი ტრაკზე შემომეხა, არადა, ერთ არც თუ ისე კარგ, მაგრამ პოპულარულ ტელევიზიაში გასაუბრებაზე უნდა მივსულიყავი და ამ ტრუსიკის თუ სიმსუქნის გადამკიდე ვაგვიანებდი. მამიდაჩემს გავძახე და ტრუსიკის მოტანა ვთხოვე. არ ეცალა, სადილს აკეთებდა, მგონი ბადრიჯანს ან ყვავილოვან კომბოსტოს ან რამე ეგეთ უგემურს, მამიდის კმაყოფაზე მყოფი კაცი რომ შეჭამს მხოლოდ…

მეთვითონ მომიწია ტრუსიკზე გატანტალება. იტალიურ ეზოში ვცხოვრობ, აქ ფანჯრებთან ჩავლა სახუმარო საქმე არ არის, ფანჯრების თვალთვალი მოხუცი მეზობლების ერთ-ერთი საყვარელი გასართობია, ისეთი ინტერესით და დაჟინებით უყურებენ ეზოს ფანჯრებს, რომ ჰიჩკოკის პერსონაჟებსაც შეშურდებოდათ. მოკლედ, ამათ ვერაფერს გამოაპარებ და თუ რაიმე ცუდის გაკეთებას აპირებ, ჯობს რომ ფანჯარას მოშორდე თორემ მეორე დღეს ყველას ეცოდინება შენი “ვაჟკაცობის” შესახებ. იტალიურ ეზოში ფანჯრები  ტრაკშიშველი კაცის მეორე მტერია (პირველი სიმსუქნეა).

ფანჯარასთან ფეხაკრეფით ჩავლას ვაპირებდი, როდესაც ეზოში რაღაც ახალი და ძალიან უცნაური შევნიშნე, ისეთი უცნაური, რომ მეზობლებს ჩემი სიშიშვლე გამოეპარათ. ეზოს ცენტრში მდგარი დახვეული კიბისკენ, რომელიც ჩემი სართულის აივანზე ამოდის, აზიური გარეგნობის კომპაქტური და სეზონისთვის შეუფერებლად ჩაცმული სამი გოგო მოდიოდა, უკან კი მუშა ტიპები მოყვებოდნენ. ეს მუშები ამ ქალებისთვის ძალიან დიდ და უხეშ თეთრ ავეჯს მოათრევდნენ.

ამ აზიელებიდან ერთ-ერთი ულამაზესი, ძალიან გამხდარი და გრძელ, შავთმიანი გოგო იყო. მისი სახე შევათვალიერე, ესეთი ლამაზი გოგო მგონი ცხოვრებში არ მყავდა ნანახი. მითუმეტეს ჩემს მეზობლად და მითუმეტეს აზიელი. ჩემი მეზობლებიც ამ გოგოებს უყურებდნენ, რაღა მოკლავთ?! ამ დღეებში ძალიან ბევრი სალაპარაკო ექნებათ, მთელ უბანს ააწიოკებენ ამ ახალი ამბით. ამ აზიელების გადამკიდე მეც დამავიწყდა ჩემი სიშიშვლე, გრძელთმიანმა გოგომ პოეტურად რომ ვთქვათ, მომაჯადოვა… რაღაცნაირად გავბედნიერდი და ბედნიერმა დავიწყე ტრუსიკის ძებნა.

ტრუსიკი როგორც იქნა ვიპოვე, როგორც იქნა ჩავიცვი და სახლიდან გავედი. აივანზე მუშებს წავაწყდი, გოგოების ვინაობა ვკითხე, გავარკვიე, რომ ჩინელელები იყვნენ.

– ეგენი უეჭველი მასაჟისტები იქნებიან – ერთ-ერთმა მუშამ მითხრა და თვალი ჩამიკრა.

– კაი შეკრული მასაჟისტი მეზობლები გეყოლება –  მეორემ დაამატა.

– ეეჰ, ჩინელი “მასაჟისტები” არ ვიცი მარა, ადრე იყო ვიეტნამური მაზები და ის უნდა გენახა, ყველაფერს არჩენდა – გინდა კუნთის დაჭიმულობა, გინდა ფაღარათი.

– ჩვენს საქმეში კიდე ორივე ძალიან ხშირია, მოგეხსენება, ან კუნთი უნდა დაგეჭიმოს, ან უნდა გაგძვრეს…  – ჰე, ჰე, ჰეო  – ესე გაიცინა. ეს ისევ ის პირველი მუშა იყო.

უცნაური ხალხი იყვნენ, გავუღიმე და წამოვედი, თან ამ ჩინელელებზე ფიქრი არ მასვენებდა. რა ჯანდაბა უნდოდათ ამ ქალაქში? ტაქსი გავაჩერე.

ტაქსისტმა,

– ეგენი, წინა პრეზიდენტმა ჩამოიყვანა, იმას მოვუტყან სუ ყველაფერი, ეგენი? ჩვენ… ვის? მაგათი დედამოვტყან, ინდოელები მიწებს ყიდულობენ კახეთში…

– ესენი ჩინელელები არიან-მეთქი, ვუთხარი,

– ვინ ეგენი? ჩვენ? გადაგვყლაპავენ!… ეგენი ჩინურ სამასაჟოებში ტყნაურობენ, ეგ რა არის, ჩინელ ბოზებს რა უშავთ, შენ ის უნდა ნახო, ინდური და ერაყული დისკოტეკები რო გამიმართეს ჩემს ქალაქში, ქართველობას გვართმევენ და ქართველებს შიგნით არ გვიშვებენ, ქართველ ქალებს უცხოელებს ატყვნევინებენ გესმის შენ…? – მერე რწმენაზე ილაპარაკა, მერე კიდე მითხრა, რომ თითონაც დადიოდა ამ ჩინელებში… მაგათო, მოჭერა აქვთ მაგარიო, ქართველ ქალებს ფათახი არ უვარგათო…

ბილწი ტაქსისტი იყო, არც მე ვარ ანგელოზი, მაგრამ ბილწი ტიპები არ მიყვარს, რა თქმა უნდა, ხუთიანის ხურდა არ ჰქონდა და ის ლარიც მიითვისა…

დედაც ვატირე… ტრუსიკი და ლარიანი ვიზარალე…

ტაქსიდან გადმოვედი და მამიდაჩემმა დარეკა, რეჰანი უნდოდა… რა საშინელებებს მაჭმევს ეს ქალი? ან რატო ვსუქდები? მამიდაჩემის მერე ბანკიდან დამირეკეს, დავალიანების გადაუხდელობის გამო დამატებითი პროცენტი დამაკისრეს. სამსახურის დაკარგვის შემდეგ ვალს ვეღარ ვიხდი, ყოველ დაგვიანებაზე და გადაცილებულ დღეზე კი ვალი მემატება და მემატება, მგონი თავდაპირველ თანხაზე ათჯერ მეტი მაქვს გადასახდელი. არ ვიცი რა საშინელება უნდა შემომთავაზონ არც თუ ისე კარგ ტელევიზიაში, რომ არ დავთანხმდე. ისე, სამსახური რომ დავკარგე ჩემი ბრალია, მორალურ პრინციპებს გავყევი და ამიტომ მაქვს ამდენი ვალი.

ოცდათერთმეტი დეკემბერი იყო… სამსახურში ვიყავით, გადაცემის მონტაჟი გვქონდა. ჯერ მემონტაჟეს, მერე კი ჟურნალისტს დაურეკეს და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აუწყეს… მემონტაჟე ორმოცს გადაცილებული კაცი იყო, ოთხი შვილის მამა, წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდა? ჟურნალისტი ერთი გაზულუქებული მდიდარი მამიკოს გოგო იყო, საშუალო განათლებით და აწყობილი ფიზიონომიით, დაბერილი ტუჩებით და აპრეხილი თვალებით, გასართობად მუშაობდა, მაგრამ მანაც მწარედ განიცადა დათხოვნა, ალბათ იმიტომ, რომ ოცდათერთმეტი დეკემბერი იყო და ყველა რაღაცას, კარგს ველოდებოდით და არავითარ შემთხვევაში სამსახურდან გაგდებას. თან როდესაც საქმეში ვიყავით და საღამოსთვის გადაცემა გვქონდა გასაშვები… ძალიან უცნაური გრძნობა დამეუფლა მაშინ. თან ამათზე ვნერვიულობდი და თან იმაზე მეფიქრებოდა, ვაიდა მეც დამირეკონ და მეც გამიშვან-მეთქი… ბუნებრივია რომ ვნერვიულობდი, მაგრამ ამ ნერვიულობასაც განვიცდიდი, თან თაფლის წასმა მინდოდა და თან ვნერვიულობდი, რომ კოღოები დამკბენდნენ (თუ რამაც დაკბინეს)… მოკლედ, რამდენიმე წუთში მეც დამირეკეს და მითხრეს, რომ როგორც კარგ პროდიუსერს, სამსახურს მინარჩუნებდნენ, ახალ გადაცემასაც მიმატებდნენ და ხელფასს სამასი ლარით მიმცირებდნენ. ჩვენს დირექციას ცინიზმი მოაწვა საახალწლოდ… ცივად დავკიდე ტელეფონი და დავფიქრდი, რამდენიმე საათში გადაცემა უნდა გასულიყო ეთერში, ჟურნალისტს და მემონტაჟეს ვთხოვე, რომ გადაცემის ბოლომდე დამონტაჟებაში დამხმარებოდნენ, ჟურნალისტს ერთი გემრიელი ტექსტი დავუწერე, დაახლოებით დადა მანიფესტის სტილში და რვა საათის მოსვლას დაველოდეთ. ისე მოვახერხეთ, რომ გადაცემა ბოლო წამს მივაწოდეთ საეთეროს, რედაქტორებმა შემოწმება ვერ მოახერხეს და ჩვენი მანიფესტი “პრაიმ ტაიმში” გაჟღერდა… ესე მივულოცეთ ახალი წელი სამსახურს.

“თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ…”

ამ ინციდენტიდან ერთი წელი გავიდა და არცერთ ტელევიზიაში სამუშაოდ აღარ მიღებდნენ. ეხლა კი რაღაც ახალ და გრანდიოზულ პროექტს გეგმავდა ერთ-ერთი, არც თუ ისე კარგი, მაგრამ ძალიან პოპულარული ტელევიზია და ჩემი, როგორც ექსცენტრიკული პროდიუსერის დამხარება სჭირდებოდათ, რამდენადაც ტელეფონზე გავარკვიე, ძალიან კარგ ხელფასსაც მთავაზობდნენ და ჩემი უშუალო უფროსი ჩემი ყოფილი თანამშრომელი იქნებოდა…

კი! ჩემი ახალი უფროსი ჩემი ყოფილი თანამშრომელი იყო. ბებერი წოდი, “სწერვა” სახით, დაბერილი ძუძუებით და ალბათ ყველაზე დიდი სექსუალური გამოცდილებით. ჩემს წინა სამსახურში ამბობდნენ “ტელევიზიონშიკი” პატარა ბიჭები ამ ქალთან ვაჟკაცდებოდნენო. ეხლა კი მარტო უფროსობას აძლევსო…

ჩემი ყოფილი თანამშრომელი ვიზუალურად ძალიან შეცვლილი იყო, ძველებურად აღარ ნაშობდა. საერთოდ, ეს ძველებური ნაშობა უკვე მოდაში აღარ არის, ეხლა რაღაც მოჰიპსტერო ნაშები გაჩნდნენ… მე ჩემდათავად ეს მოჰიპსტერო გამხდარი, უმკერდო და მოკლეთმიანი გოგოები მაგრად არ მიზიდავს, ისევ ის ძველებური სტანდარტული ნაშები მირჩევნია, გამომწვევად ჩაცმულები და ძუძუებამოყრილი დეკოლტეებით. ამ ახალი თაობის ნაშებს ვერ დავუმუღამე, შეიძლება ჩემი ბრალია, იმიტომ, რომ ჩემი საუკეთესო ძმაკაცი ესეთებთან ყოველ პარასკევს ატარებს და მეუბნება, რომ ძველი სტანდარტული ნაშებისგან განსხვავებით ეს ჰიპსტერი ნაშები ბევრად სექსუალურები არიან. ალბათ ეგრეცაა, რას გაიგებ. მე ვერ გავიგე.

ჩემს ძველ თანამშრომელს და მომავალ ჩემსს უფროსს დავუბრუნდეთ. იმ პერიოდმა, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, ორივე ძალიან შეგვცვალა – ჰიპსტერი ნაშების მიმართ ჩემი ანტიპათიის მიუხედავად, ჩემი ახალი უფროსი უფრო უკეთესობისკენ იყო შეცვლილი, ვიდრე მე. ვიზუალურადაც უფრო კარგად გამოიყურებოდა და ჩემზე უკეთესი სამსახურიც ჰქონდა. ბოლობოლო ეგ იყო უფროსი და არა მე.

სტანდარტული ტექსტებით, პირდაპირ მელაპარაკა. მითხრა, რომ გავსუქდი, რომ არ მიხდება გასუქება, რომ ბევრს ვეწევი და რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მაშინდელი გამოხტომის და სითავხედის გამო მიყვანდა სამსახურში, აქ ეგეთები არ გამივიდოდა. მითხრა, რომ ახალ, გრანდიოზულ შოუს იწყებენ, სადაც ადამიანებს საკუთარი ნიჭის ან უნიჭობის წარმოჩენა შეეძლებათ. ეს რომ მითხრა, გულწრფელად გამიხარდა, წარმოვიდგინე რამდენ ადამიანს გავუხსნიდი გზას, მაგრამ ოცნებებიდან მალე გამომარკვია, ნიჭისთვის ფართო გზის მიცემა ჩემი წილი არ იყო, მე უფრო შერეკილი ტიპები უნდა მეპოვა, რომლებიც ათას სისულელეს გააკეთებდნენ პოპულარობის ან თუგინდ მხოლოდ ტელევიზორში გამოსვლის სანაცვლოდ. შემეძლო ვირუს ვიდეოებს ჩავჯდომოდი და ინტერნეტის გმირები მიმეყვანა შიდა ქასთინგზე. თუ მისი უდიდებულესობა ჩემი უფროსი და მისი “იობარი” მეგობარი, რომელიც ასევე ჟიურის წევრი იყო, გადაწყვეტდნენ, რომ მონაწილე საკმარისად შერეკილი და ყველაფერზე წამსვლელია, მას შოუში მოვახვედრებდით. მოვახვედრებდით და ხალხი იცინებდა, შოუს რეიტინგი ექნებოდა, მე კი თითო მოყვანილ სუპერშერეკილზე კარგი ბონუსი. ხმის ამოუღებლად ვუსმენდი და ვერ ვხვდებოდი, რატომ არ უნდოდა მართლა აღმომეჩინა ტალანტები. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე მეგობარი მყავს, მაინც დიდი სანაცნობო წრე მაქვს და შემეძლო კარგი ტიპების პოვნა. როცა ჩემი ფიქრები გავუმხილე, მითხრა, რომ მე მაგაზე არ უნდა მეზრუნა. ტალანტი არ დაიკარგებოდა და თავისით მოაგნებდა ქასთინგს, ესეთი შერეკილი ტიპები კი თავისით არ მოვიდოდნენ. მერე დაამატა, თან როგორ გგონია, მაყურებელს რომელი უფრო მოეწონებაო, საშუალოდ კარგი მომღერალი, რომელიც ამ ქვეყანაში ვედრო ლარად ყრია თუ ვინმე ისეთი ტიპი, როგორიც ჯერ არავის არ უნახავსო? “ტელევიზიონშიკებს” მაყურებლით თავის გამართლება რომ არ შეეძლოთ, ალბათ არცერთ კითხვაზე არ ექნებოდათ პასუხი. შენადა, ქალბატონო პროდიუსერო, რატომ ვაკეთებთ ესეთ ყლე გადაცემებს, სადაც წამყვანები პირდაპირი მნიშვნელობით თავზე გვასხედან ან ყალბად და პათეტიკურად განიხილავენ ჩვენს სატკივარს, სვამენ იდიოტურ კითხვებს, ქმნიან თავიანთ ანიმაციურ კლონს. ერთსა და იმავე გადაცემაში გვიყვებიან ომში დაღუპულ გმირზე და მერე ანეკდოტებს აყოლებენ ყოვლად არაესთეტურ ტიპებს, რომლებმაც ვერ გაიგებ, როგორ და რანაირად ან რა ვითარებაში ან რისი წყალობით მიაღწიეს პოპულარობას. მოკლედ, ეს “ტელევიზიონშიკები” ძალიან დიდ მარაზმში არიან გადავარდნილები და თან გიმტკიცებენ, რომ ამ მარაზმს უყურებს ხალხი. ხალხი კი ძალაუნებურად უყურებს იმას, რასაც აწვდიან, აბა რა ქნან, არაფერს არ უყურონ?

არ ვიცი რატომ გამიცრუვდა იმედი ჩემი ახალი უფროსისგან წამოსულს. ყველაფერი ხომ ესე ნაცნობი და მარტივი იყო, პრინციპში ადრეც იმავეს არ ვაკეთებდი? იმავეს, ანუ არაფერს აზრიანს და სასარგებლოს… ეს ცხოვრება ძალიან უცნაური კომპრომისია, მახსოვს ჩემი წინა სამსახურიდან ერთი ბიჭი იმიტომ გაუშვეს რომ ზედმეტად ინტელექტუალიაო. რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო აპარატი ერქმევა თუ ტელევიზიის ბორდი, ყველაფერი რაღაც არასწორ სისტემაზე დგას და ამ სისტემაში იმ ადამიანების ადგილი უბრალოდ არ არის, რომლებიც ფიქრობენ… არადა, ბანკის ვალი მოაზროვნეებს და ერთუჯრედიანებს ერთნაირად აქვთ და ერთნაირად გვჭირდება მუშაობა. ერთს იმისთვის, რომ იარსებოს ან უკეთეს შემთხვევაში იცხოვროს, მეორეს იმისთვის, რომ “ბენვეტროიკას” ვალი დაფაროს… რაღაც გავაგრესიულდი.

ქუჩაში მოვდიოდი, გაწვიმდა და ის რაღაც კარგი სუნი დადგა წვიმას რომ მოყვება. ისე კარგი იყო ქუჩაში, რომ აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო ვინმე ნაცნობი და ვინმე ნაცნობიც ისე კარგად ჩამოხტა ავტობუსიდან, რომ ამ საღამოს დალევის გარეშე კაცი ვერ გადააგორებდა.

თან წვიმდა და თან ცოტა კონიაკი იდგა სამზარეულოს მაგიდაზე.

– თბილისი იყო ურთიერთობა –  ვთქვი და გამეცინა, დავლიეთ და ვილაპარაკეთ, ახალი ამბავი ვუთხარი. ვუთხარი, რომ მართლა შემეძლო ნიჭიერი ხალხის პოვნა და მართლა შემეძლო კარგი საქმის კეთება, ეხლა კი ისე გამოდის-მეთქი, რომ ფულის გამო ყველაფერს ვაკეთებ-მეთქი. არაფრის კეთებას რაღაც აკეთო ეგ მაინც ჯობსო. როდემდე გინდა მამიდაშენი გარჩენდესო და თან ხომ ხედავ, ეს ბანკიც ხვალ ან ზეგ აუქციონზე გაგიტანს ბინასო. ეს ჩემი მეგობარი თავის მხრივ ახალგაზრდა გეოგრაფი იყო და გიდად მუშაობდა ტურისტულ კომპანიაში. მე შემომხედე საერთოდ რას ვგავარო და შენ ხომ არ იცი კიდე რეების ატანა მიწევსო. რა იყო, რა მოხდა-მეთქი, ვკითხე.

– მოკლედ, ამასწინათ ებრაელების ჯგუფი მყავდა მცხეთაში, ერთ-ერთ ფრესკაზე ვუყვებოდი და საუბარში პარალელები გავავლე იუდაიზმთან და ასტროლოგიასთან, ხოდა ეს ჩემი ლაპარაკი მესანთლე ქალმა გაიგო  და მამაოსთან ჩამიშვა; ხოდა მომივარდა ეს მამაო და კაჩაობა დამიწყო, როგორ ბედავ და მართლმადიდებლურ ტაძარში იუდაიზმზე ლაპარაკობო. მე და ჩემი ტურისტები ერთიანად გაგვყარა ტაძრიდან. ამ ტურისტული ჯგუფის თარჯიმანი გადაირია, რა უფლებით გვყრით ტაძრიდანო, გარეთ ხალხი მომმვარდა, შენო ბიჭო, აქ, ამ ტაძარში, ვინ ებრაელები მოგვითრიე, მაგათ კი არ ვერჩით, ქრისტეს დედა ებრაელი იყო, მარა შენ ხარ მოსაკლავი, ეს სულელები, ეს გაუნათლებლები ცოდნას ებრძვიანო, ქვები გვესროლეს და ისე გამოგვყარეს ტაძრიდანო. მე ჩემს მეგობარზე მოვუყევი განათლებულობის გამო რომ გამოუშვეს სამსახურიდან, რაღაცნაირად მწარედ ჩაგვეცინა და დავლიეთ.

ცხოვრება უცნაური კომპრომისია. იმდენი თემაა სააზროვნოდ, იდმენი რამეა დასაწერი და სათქმელი, მე კი ტალანტების შოუსთვის უნიჭო ხალხის პოვნა მევალება, რომ გადაცემის რეიტინგი ავამაღლო…

კონიაკს ვსვამდით და რაღაცნაირად ოთკუთხედად და მრუმედ ვიგრძენი თავი… დავთვერი…

მეორე თავი

მე არაფერი განსაკუთრებული ნიჭი არ გამაჩნია, მუშტსაც კი ვერ ვიდებ პირში. სპორტში და ტექნიკურ საგნებში ბავშვობიდან უნიჭო ვარ, სკოლაში არც ბუნტისთავი ვიყავი და არც შატალოებზე დავდიოდი, არც ბავშვებს არ ვახტუნავებდი ხურდის გაჩხრიალების მოლოდინში გარინდული, ვითარცა ვინმე ძველი ბიჭი, უბრალოდ,  ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი. ვამბობდი, რომ მასწავლებლები კარგ ნიშნებს მხოლოდ მაშინ გიწერენ, როდესაც მათთან კერძო გაკვეთილებზე ან უარეს შემთხვევაში “წრეზე” დადიხარ, ვამბობდი, რომ ქართულის მასწავლებლის ლექსების კრებულის მეოთხე ტომს აღარ ვიყიდდი იმიტომ, რომ ძვირი იყო და იმიტომ, რომ წინა სამზე გული მერეოდა, ვამბობდი, რომ მესამე სართულზე ამოყრილი პარკეტი მარტო იმიტომ უნდა ჩააჭედონ, რომ… ა. ბავშვებმა აღარ იჩხუბონ ამ ლურსნებიანი ცივი იარაღით და ბ. იმიტომ, რომ ბიოლოგიის მასწავლებელმა არ მოხიკოს ნაომარი პარკეტები და თავის კაბინეტში თვითნებურად დადგმულ ფეჩში არ შეუკეთოს. სხვათაშორის, ეს ის ბიოლოგიის მასწავლებელია, სექსზე არაფრის დიდებით რომ არ გველაპარაკებოდა. მეო, ქმარი ოცი წლის წინ მომიკვდაო, არგუმენტი ჰქონდა ესეთი. მოკლედ, ჩემი სამართლიანობის წყალობით სამჯერ თუ ოთხჯერ მომიწია სკოლის შეცვლა და საბოლოოდ ნაცნობობა-ახლობლობით დავამთავრე. უნივერსიტეტში კინოსარეჟისოროზე ვსწავლობდი, ოთხი წლის განმავლობაში კამერა თვალით არ მქონდა ნანახი, ჭორის დონეზე დადიოდა, უნივერსიტეტს კამერა აქვს, მაგრამ ქორწილების გადასაღებად აქირავებსო – არ იყო გამორიცხული. ერთხელ სტუდენტებმა ლექტორებს დავცხეთ კამერასთან დაკავშირებით, დაგვპირდნენ, ამ დღეებში ჩაგიტარებთ კამერასთან ლექციასო. მესამე თუ მეოთხე დღეს მართლა მოიტანეს კამერა, ოღონდ ფურცელზე ამოპრინტერებული… იმ დღეს პირველად შევაგინე ბაბუის ტოლა კაცს… სწავლის დამთავრების მერე როგორღაც გამიმართლა, რაღაც ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადავიღე და იმის მერე ტელევიზიაში ვმუშაობ. ჩემზე არავის უთქვამს, რომ ნიჭიერი რეჟისორი ვარ, რომ ყველაფერი წინ მაქვს, ჩემზე და ჩემს ფილმზე ერთი ბანალური ფრაზაც კი არავის დაუწერია. ცხოვრებაში ხეირიანად მგონი მხოლოდ წიგნების კითხვა და მსჯელობა გამომდის. ხო, კიდევ, ერთხელ ჩემი ყოფილი მეგობარი გოგოს მაგივრად ჩავატარე ხელოვნების გაკვეთილი და საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მოსწავლეებმა კი მითხრეს, რომ ხელოვნებაში მხოლოდ ფერთა გამას და მხატვრული მიმდინარეობების დასახელებებს სწავლობენ და რომ ჩემი მონოლოგი ეტრუსკებიდან – ბენქსიმდე, კულტურულად რომ ვთქვათ, ფეხებზე ეკიდათ.

მოკლედ, არაფრის ნიჭი არ მქონია, ან რაღაცეები მქონდა და დავკარგე. მგონი ტალანტი იმ გაგებით, როგორც ამ მეგა შოუს აწყობს, ძალიან უცნაური რამეა, ან უნდა მღეროდე, ან უნდა ცეკვავდე ან მართლა მუშტს “იდვავდე” პირში.

მე როგორც იცით, მუშტის პირში ჩამდებთა მოძებნა დამევალა. ეგ კიდევ არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა, ამ ქალაქში  ყველა გიჟი და გადარეული უპრობლემოდ გახდა პოპულარული და ეხლა ცხვირს მიბზუებდნენ. ზოგიერთი ტელეფონზე მხოლოდ მაშინ მპასუხობდა, როცა რომელიმე  თანამშრომელი გოგოს “სვეცკი” ნომრიდან ვურეკავდი. გადაგრევს ეს ხალხი…

სამსახურში ვზივარ, მთელი დღე ინტერნეტში დავძვრები და ახალ გმირებს ვეძებ. ინტერნეტთან ხშირ კონტქატზე საშინელი არაფერი ყოფილა, რა წყნარად ვცხოვრობდი აქამდე, როდესაც ამდენი რამის წაკითხვა, ნახვა, “დალაიქება” და “დაჰაიდება” არ მიწევდა, აქამდე არც ვიცოდი თუ ამდენი ინტელექტუალი მეგობარი მყავდა, რომელთაც ნებისმიერ მოვლენაზე თავიანთი კომპეტენტური აზრი აქვთ და ამ აზრს  სოციალური ქსელების საშუალებით დღეში რამდენჯერმე გამოხატავენ.

მართლა არასდროს არ მიმეგობრია ინტერნეტთან ესე ხშირად და ამ დოზით, საინფორმაციო სააგენტოებმა საერთოდ გადამრიეს. მათ ვებგვერდებზე ჩვეულებრივი პათოლოგი მომხმარებლები არიან დარეგისტრირებული, რომლებსაც ვერ გაიგებ საიდან აქვთ ინტერნეტზე წვდომა და ვერ გაიგებ, ვინ ან რამ გააბოროტა ესე. ცხოვრება ინტერნეტში უფრო რეალური და ნიღბებჩამოხსნილია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.  ფსევდონიმებს ამოფარებული ხალხი ისეთ რაღაცეებს წერს, რომ თავი საგიჟეთში გეგონება და ვერც წარმოიდგენ, თუ ესენი ქუჩაში გიჟის პერანგის გარეშე დადიან. ინტერნეტი ის სივრცე გამოდგა, რომელიც ტურისტებს არ უნდა ვანახოთ და ზემოდან მწვანე ნაჭერი შემოვახვიოთ “მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები”.

მოკლედ, ტალანტს ვერც ჩემს თავში და ვერც ინტერნეტში ვერ ვპოულობ. ამ ქალაქის ყველა გიჟმა და გადარეულმა როგორღაც უკვე მიაღწია პოპულარობას, ვინც შოუბიზნესში ვერ მოხვდა, პოლიტიკაში წავიდა, მე კი არავინ აღარ დამრჩა. ამიტომ ქალაქგარეთ მომიწია წასვლა. ამასწინათ ვიღაც დასავლეთელი ტალანტი მყავდა შიდა ქასთინგზე მოყვანილი… ძალიან შეურაცხადი გამოდგა, თან არცერთი სიმღერის ტექსტი არ იცოდა, ვერც ბოთლებს ჭამდა… მოკლედ, სრულიად უნიჭო იყო. გადაცემის ეთერში გასვლამდე სამი თვეა დარჩენილი. ჩემმა კოლეგა პროდიუსერებმა უკვე საკაიფო ბონუსებს მოუყარეს თავი, მე კიდე შეიძლება ხელფასიც ვერ ავიღო. ეს გამომუშავების სისტემა საშინელი რამეა.

კიდევ ერთ ტალანტს გადავაწყდი, ნუჩაგოს ირტყამდა პრესში. ისიც მოვიყვანე კასტინგზე, სხვათაშორის მოეწონათ, მაგრამ განვითარება არ გაქვსო, უთხრეს. პირველ ტურში კაი, ნუჩაგოს ჩაირტყამ, მაგრამ მეორეში რას იზამო?  მეორეში ორ ნუჩაგოს ჩავირტყამო, ნუჩაგოებით პინგ-პონგის თამაშიც შემიძლიაო. ოხ, პინგ-პონგს ვერ ვიტანო, ჩემი უფროსის “იობარმა” მეგობარმა თქვა. რა არ მოწონდა პინგ-პონგში ვერ გავიგე, საერთოდ ყველაფერს ეგრე წყვეტდა, რაც თვითონ მოსწონდა და რაც თვითონ არ მოსწონდა. მე აშკარად არ მოვწონდი, ჩემზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, შენო, უნიჭოების ძებნაში მაგარი უნიჭო გამოდექიო.

ქუჩაში მოვდიოდი. რაღაცნაირი ყავისფერი დღე იყო და მეც საშინელ ხასიათზე ვიყავი. აი ისეთზე, არაფერი რომ არ გახარებს და ბევრი ფიქრი რომ დაგაქვს. ეს ქალაქი რაღაცნაირი რთული და ოთკუთხედია, ერთი დიდი განაშენიანებული სივრცე, უსულო და უმუღამო. ალაგ-ალაგ წვიმა უხდება ხოლმე, მაგრამ ეხლა ეს ქალაქი არ მიყვარს, იმდენად არ მიყვარს, რომ აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ვინმე ნაცნობი და ვინმე ნაცნობიც ისე მოწყენილი ჩამოხტა ავტობუსიდან რომ საღამოს დალევის გარეშე კაცი ვერ გადააგორებდა.

ორი კაცი ჩუმად რომ სვამს კონიაკს და ყველაფერი რომ ისედაც გასაგებია, ეგაა ყველაზე რთული მომენტი. ჩემს მეგობარს ჩემთვის ორი სიახლე ჰქონდა. პირველი: ხერხემალზე რაღაც პრობლემები შემექმნა გადაღლილობისგან და სტრესისგან მთელი ზურგი დაჭიმული მაქვსო, ექიმმა მასაჟები დამინიშნა, მაგრამ ვიღაც ბეხლეწი ტიპები რომ მსრესავენ დიდად არც მომწონს და ვერც მშველისო. გავიკითხ-გამოვიკითხე, იოგა და აზიური მასაჟი შემომთავაზესო. ცოტა დავლიოთ და გავიდეთო. მერე პაუზა ჩამოწვა. მეორე-მეთქი, მეორეო, ჩაფიქრდა, მეორე, სამსახურიდან გამომიშვესო… სამსახურიდან გამოუშვეს, მისი უფროსისთვის ვიღაცას ენა მიუტანია, რომ თურმე ჩემი მეგობარი მართლმადიდებლობას აკნინებს, არადა, მე ჩემს მეგობარზე მორწმუნეს არავის ვიცნობ. წინა ინციდენტის დროს, როდესაც ებრაელები ტაძარში არ შეუშვეს და ქვები ესროლეს, საკუთარი თავის დადანაშაულება დაიწყო, იქნებ მართლა რამით გავაღიზიანე ეს ხალხიო. მოკლედ, ჩემი მორწმუნე მეგობარი ფარისევლებმა ურწმუნობაში დაადანაშაულეს. უფროსს ჩემი მეგობრისთვის უთქვამს, შენო ტურისტებს ეუბნები, რომ ქრისტეს უნდა დავემსგავსოთო, მაგას როგორ ბედავო? შენ თავი ვინ გგონიაო. ჩემი მეგობარი ძალიან გაკვირვებული იყო, ქრისტიანი ადამიანი ქრისტეს თუ არ დაემსგავსა აბა ვის უნდა დაემსგავსოსო? ვერ აუხსნი მაგათ ვერაფერს, დაიკიდე-მეთქი… ეეჰო, მითხრა და იმის მერე ჩუმად დავჯექით, ვსვამდით და მე ხანდახან ფანჯარაში ვიყურებოდი. ფანჯარაში ქალაქია, რომელიც სავსეა ტალანტებით და მე უნიჭო ხალხს ვეძებ, ჩემმა მეგობარმა სამსახური დაკარგა, მე ბანკის ვალი მაქვს გადასახდელი და მამიდაჩემმა სადილად ფხალს დაგახვედრებო.

ფხალს!

მე და ჩემი მეგობარი ცოტა შევთვერით. ქალაქში გავედით, ჩემს მეგობარს წელი საშინლად სტკიოდა. ვიღაცისგან კაი სამასაჟოს მისამართი ჰქონდა გაგებული. ავტობუსში ჩავსხედით. ეს ავტობუსები ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ჯერ ერთი რომ ძალიან მახინჯია, მეორეც უკვე სასწაულად მორყეული და მონჯღრეულია, ფანჯრებზე რეკლამები ისეა გაკრული, რომ გარეთ რა ხდება ვერაფერს ვერ დაინახავ, ვითომ დახვრეტილია ეს რეკლამები, მაგრამ არაფერს არ შველის, თვალს გიჭრელებს და თავს გატკივებს. ნახევარზე მეტ ავტობუსში სალარო აპარატი არ მუშაობს, არადა, ეს ავტობუსები ხუთი-ექვსი წლის წინ არის ნაყიდი. ქალაქის მერი იდიოტია.   ავტობუსში ასვლამდე მასაჟი თუ არ გჭირდება, ჩამოსვლისას აუცილებლად დაგჭირდება.

ჩემი მეგობრის ნაქები სამასაჟო ჩემს სახლთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. შებინდებულზე ჭრელაჭრულა განათებებიც აენთოთ, თვალს ახარებდა, შიგნით შევედით. მისაღებში ვიღაც აზიელი დაგვხვდა, ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა, რაღაცეები ქართულ-ინგლისურად გველაპარაკა – “მასაზი? მასაზი – ოლმოცი ლალი, ოლმოცი ლალი”. ფული მივეცით და ქვემოთა სართულზე ჩაგვიყვანა, სხვადასხვა ოთახებში შეგვიშვეს. ოთახებში რბილი, დაბალი განათება და მასაჟის დივანი იდგა, გავიხადე, პირსახოცი შემოვიხვიე და დივანზე დავწექი, რამდენიმე წამში ოთახში ულამაზესი, გამხდარი, შავ, გრძელთმიანი აზიელი გოგო შემოვიდა. სახეზე მივაშტერდი ჩემი მეზობელი იყო. იმანაც დიდხანს მიყურა და მიცნო, გამიღიმა. ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს.

მესამე თავი

შაბათია, დასვენების დღე. აივანზე ვზივარ და ვმუშაობ, ანუ ინტერნეტში ვიქექები და ტალანტებს ვეძებ. ხო, სამსახურმა ნოუთბუქი მომცა, ძალიან კარგი ფირმის, უახლესი მოდელი, თაჩსქრინით, მრავალფუნქციური და ძალიან კომფორტული. ამ ნოუთბუქმა ადამიანის ხარბ ბუნებაზე დამაფიქრა, ადრე მის გარეშეც ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, ეხლა კი უცებ დამოკიდებული გავხდი ამ ნივთზე, მომწონს და მამიდაჩემს სიამაყით განვუცხადე, რომ სამსახურმა ახალი ნოუთბუქი მომცა, რაღაც მომენტში თავი დაფასებულად ვიგრძენი, არადა, ესეთი ნოუთბუქი ჩვენი შოუს ყველა პროდიუსერს მისცეს, ჩემი უფროსის “იობარ” მეგობარს საერთოდ მოოქრული ტელეფონი აჩუქეს, ეგ ისეთივე დონის მარაზმია, როგორც ახალდანიშნული მაღალჩინოსნების მიერ ახალ-ახალი და ძვირიანი ტელეფონების ყიდვა. პრინციპში “იობარი” მეგობარი იმ ბობოლებისგან განსხვავებით კიდევ წესიერი კაცია, კერძო კომპანიამ აჩუქა და  აიღო, მსუქანი ბიუროკრატები ჩემს და “იობარი” მეგობრის ფულს იდებენ ჯიბეში და დეპოზიტზე. ჩვენთვის, უბრალო პროდიუსერებისთვის, ეს ნოუთბუქები არცკი უჩუქებიათ, რომ გავაფუჭო ორჯერ მეტს გადამახდევინებენ, მაგრამ მე მაინც რაღაც უაზრო სიამაყით ვივსები, “სამსახურში ნოუთბუქი მომცეს, თაჩსქრინი აქვს”. ჩვეულებრივი იდიოტი ვარ, რომელსაც სამსახური და ნოუთბუქი სადღაც გულის სიღრმეში მაინც სოციალური სტატუსი ჰგონია. ამ ნოუთბუქის მთავარი პლუსი ის არის, რომ მეორე ნოუთბუქი გამომითავისუფლდა და რომ გავიჭედები, და აუცილებლად გავიჭედები,  შემიძლია დავალომბარდო და ბანკის ვალი დავფარო ხოლმე. ეგრეც მოვიქეცი, უკვე დავალომბარდე და ბანკის პრონცენტი გადავიხადე.

მოკლედ, აივანზე ვზივარ და ინტერნეტში ტალანტებს ვეძებ, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. წამოვდექი და ყავა მოვსვი, ეზოში დავიწყე ყურება, ეზოშიც არაფერი არ ხდება. მეზობლები რატომღაც სახლებში არიან შეყუჟულები. შაბათია, ისინიც ისვენებენ. ერთმანეთისგან. ერთადერთი აზერბაიჯანელი ქალი ფენს სარეცხს, მიყვარს ეს ქალი. ტკბილ ფლავს რომ ხარშავს ჩემთანაც ამოაქვს ხოლმე, ნამდვილი შავი ჩაიც პირველად მასთან დავლიე. სამზარეულოს კედელზე ჭრელი ნოხი აქვს ჩამოკიდებული, ძალიან ლამაზი. ბავშვობაში ტკბილეულს მაჭმევდა, მე ამ ნოხის თვალიერება მიყვარდა, ნოხს კარგად თუ დააკვირდებოდი, აბსტრაქტულ ფიგურებში ათასნაირი სურათის დანახვა შეგეძლო. მეც ვუყურებდი და ვუყურებდი. მეზობლები ამბობდნენ რომ ეგ ქალი კუდიანიაო. კუდიანი კი არა, ყველაზე კარგი ქალია-მეთქი, ვეუბნებოდი. მამიდაჩემს ამ ქალის არ ეშინოდა, პირიქით ემეგობრებოდა. მამიდაჩემმა მომიყვა, როგორ უმკითხავა ამ ქალმა ახალგაზრდობაში ღრუბლებზე, ღრუბლებზე-მეთქი, ვკითხე. ხო, ღრუბლებზე მკითხაობა შეუძლიაო. ამოირჩევ ღრუბელს, რამეს მიამსგავსებ და იმის მიხედვით გმკითხაობსო, მაშინ მართლა მჯეროდა, რომ ამ ქალს ღრუბლებზე მკითხაობა შეეძლო. ეხლა აღარ ვიცი მჯერა თუ არა, ეხლა იპოთეკის და უნიჭო ტიპების უფრო მჯერა, ვიდრე ღრუბლების.

ჩემი მეზობელი ყველაზე კარგი ქალი სარეცხს ფენდა. არის რაღაც ჯადოსნური ოდნავ ნიავში თოკზე გაფენილ აშრიალებულ სარეცხში. ზუსტად რა არის ჯადოსნური არ ვიცი, შეიძლება ხმა. უცებ რომ დაიტკაცუნებს გახამებული თეთრეული და ვიღაცის ღამის სიზმარი გატყდება თეთრ ზეწარზე. ეს სარეცხის გასაფენი თოკები ეზოს ერთი ბოლოდან მეორეზე დრამატურგიულადაა გადაჯაჭვული, ერთ თოკს ერთი ოჯახის ისტორიის მოყოლა შეუძლია. ადამიანზე სარეცხის თოკზე გაფენილი ტანსაცმლით უფრო მეტს გაიგებ, ვიდრე სტანდარტულ რეზიუმეთი.

იტალიურ ეზოში ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ სარეცხის თოკზე ტანსაცმლის გაფენას თავისი წესები აქვს. სარეცხის თანმიმდევრობა ყოველთვის დაცულია და ასაკის მიხედვით არის ჩამოკიდებული. ბავშვებით იწყება და მოხუცებულებით მთავრდება. თოკზე ვერსად ვერ ნახავთ გაფენილ ქალის თეთრეულს. ჩვენს ეზოში ეგეთი ფაქტი ერთადერთხელ მოხდა, მეორე სართულზე ჩემ პირდაპირ ქირით ცხოვრობდა ერთი ოჯახი და იმის დიასახლისი ფენდა ხოლმე თავის თეთრეულს, რითიც მამიდაჩემის გაბრაზებას იწვევდა, მამიდაჩემისთვის მამიდამისს მოუყოლია, ადრე, სოფელში, აბრაგების დროს, ეზოში საცვლებს მარტო “ისეთი” ქალები ფენდნენო. ჩამოაკონწიალებდნენ თოკზე წითელ ფოხანს და აბრაგები ამით ხვდებოდნენ, რომ აქ ღამის და ფიქრის დასაკავებელი ადგილი იყო. მამიდაჩემი მოსიარულე ფოლკლორის ენციკლოპედიაა.

აივანზე ვდგავარ, ვეწევი. ამ დროს მოპირდაპირე ბინიდან ჩინელები გამოდიან, უფრო სწორად, ჩემი, ლამაზი ჩინელი. ერთმანეთს ვუყურებთ, ვუღიმით. იმ დღის მერე ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ცა ჰქვია. ვუთხარი, ქართულად ცა რასაც ნიშნავს. ლამაზი სახელი გქვია-მეთქი, ვუთხარი. თბილისი დავათვალიერებინე და მილიონი კითხვა დავუსვი. ძალიან გვიჭირს კონტაქტი, ცამ არც ინგლისური იცის და არც ქართული ხეირიანად. თბილისში დასთან და დედასთან ერთად არის ჩამოსული, ჩინეთში რას აკეთებდა არ ვიცი, აქ ბიძამისის რჩევით ჩამოვიდნენ, ბიძამისს მაღაზია აქვს გახსნილი. ჩვენ რახან ქალები ვართ, ამიტომ მასაჟის ცენტრი გავხსენითო, მასაჟი ბებიაჩემმა გვასწავლაო, ბებიაჩემს ბიოდენები ჰქონდა და კიდევ ათასნაირი მკურნალობა იცოდაო. ცა და მისი ოჯახის სამასაჟო კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ამ ქალაქში მასაჟის ცენტრების უმრავლესობაში ბორდელია-მეთქი გახსნილი, ვუთხარი. გაუკვირდა და ეწყინა. მე ჩვენს გარდა აქ ჩამოსულ სხვა ჩინელებს ბევრს არავის ვიცნობო.

ცას ღაწვთან ხალი აქვს და სულ იღიმის. ეხლაც გამიღიმა და სარეცხის გასაფენად გავიდა. ცას სარეცხის თოკის მაგივრად წვრილი ტროსი აქვს გაბმული. ვუყურებ, მაინტერესებს გაფენს თუ არა საცვლებს, უცნაური განზარახვა მაქვს ვიცი, მაგრამ თვალს ვერ ვარიდებ. ამ დროს აივანზე მამიდაჩემი გამოდის. შემო, თევზი ვჭამოთო. ვერ ვიტან თევზს… მამიდაჩემი ჩინელებს, ესენი წაგვლეკავენო, მეუბნება. ვპასუხობ, რომ მისი შიში ირაციონალურია. შენ მასწავლე ჩემი შიშებიო,

– აი, ამასწინათ ხომ ვამბობდი თაგვია ბინაში, თაგვია-მეთქი.

– კი ამბობდი.

– ხო აღმოჩნდა რომ მართლა არის?

– აღმოჩნდა.

– ეძახე ეხლა ჩემს შიშს ირაციონალური. ირაციონალური შიში შენ გაქვს თაგვების. – რა ვქნა, მეშინია, ზოგს ძაღლის ეშინია, ზოგს კატის, მე თაგვის მეშინია… იმდენად არ მეშინია, რამდენადაც მეზიზღება, არ ვიცი რა უნდა ვუქნა, როგორ უნდა მოვიგერიო. რაღაცნაირი პატარა და მღრღნელია. ღრღნის. ბინაში შევდივარ. ვერ დავინახე გაფინა თუ არა საცვალი ცამ.

ნავახშმევს ჩემს მეგობარს დავურეკე. რაღაც ფული მომრჩა ნოუთბუქიდან და გამო თითო ლუდი დავლიოთ-მეთქი. გამოვიდა. ერთ საშუალოდ “ტრაკში პერო” ადგილას წავედით, დამავიწყდა რომ შაბათი იყო და მთელი ქალაქი გარეთ იქნებოდა. დასაჯდომ ადგილს ვინ ჩივის, დასადგომიც არ იყო, მაგრამ მე და ჩემი მეგობარი რატომღაც მხიარულები ვიყავით, თან უამრავ ნაცნობს შევხვდით, მილიონი თემა წამოვჭერით და დავხურეთ. ყველაზე ხშირად უმუშევრობაზე გვიწევდა ჩვენს ნაცნობებთან ლაპარაკი. აღარ ვნერვიულობ, ყველა უმუშევარიაო, სად ჯანდაბაში უნდა ვიშოვო სამსახურიო. ტაქსაობა დაიწყე-მეთქი, შევთავაზე, ვიფიქრე მაგაზეო, მაგრამ ქუჩები ეგრე კარგად არ ვიციო. ისწავლი ნელ-ნელა-მეთქი. ისე, იცი რა მაინტერესებსო? რა აბა-მეთქი? აი, ამათ თუ სამუშაო არა აქვთ, ლუდის ფულს სად შოულობენო. გამეცინა. აგროვებენ-მეთქი. შენ იცინე, იცინე და, არ არის გამორიცხული ამხელა მოზვერები ოჯახს ართმევდნენ ფულს, მთელი კვირა აგროვებდნენ და პარასკევ-შაბათს ლუდში და არაყში უშვებდნენო. მე მყავს მეზობელი-მეთქი, ვუთხარი, მგონი ოცდაათის არის-მეთქი, თავს ონლაინპოკერის თამაშით ირჩენს-მეთქი. ირჩენს რა, ისიც ეგრე პარასკევამდე აგროვებს რომ მერე ორ დღეში დახარჯოს-მეთქი. ბართან ადგილი გათავისუფლდა, ჩამოვჯექით. არაყი ხომ არ დაგველია-მეთქი, ვკითხე. დავლიეთ. ჯერ ერთი, მერე მეორე. მერე მესამე, ლუდს ვაყოლებდით, მერე მეოთხე შევუკვეთეთ, მერე მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ერთად შევუკვეთეთ, მერე იქაურობა მთვრალი და ხმაურიანი ხალხით აივსო და სხვა ადგილას წავედით. ლაპარაკის მუღამში ვიყავით და იქ, იმ ახალ ადგილას უფრო სიწყნარე გვეგულებოდა. ჩემი ფეხები!  ალტერნატიული მუსიკის ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, მუსიკის ალტერნატივის მსგავსი ხმაურის საღამო დაგვხვდა, ამ მომღერლებს რაღა ჭირთო? ამდენი თემაა რაზეც შეუძლიათ იმღერონ, სოციალური პონტი მოხოდონ, გაერთიანდნენ და შეუბერონ ჯიგრული, სოციალური რამე, თუგინდ ორაკორდიანი, მაგრამ საჭირო და სწორი, რა ჯანდაბა დაემართათ გასულობაზე რომ მღერიანო! არ ვიცი-მეთქი. არ ვიცოდი და რა უნდა მეთქვა. მე და შენ ხომ არ გავხდეთ რეპერები და სოციალური თემები წამოვწიოთ-მეთქი? გაეცინა. ორი ლუდი ავიღეთ და კუთხეში დავდექით, მიუხედავად იმისა რომ მომღერლები ჩვენი თაობის ტიპები იყვნენ, ბევრ ნაცნობებს მაინც არ გადავყრილვართ, აუდიტორია ძირითადად სტუდენტებისგან შედგებოდა. ჩემი თაობის ტიპები ამათი მუსიკის ასაკიდან გამოვიდნენ ან მუღამები შეეცვალათ, ჩემი თაობის პანკროკერების უმრავლესობა დღეს ბანკებში, ან ბევრად უფრო მურტალ კაპიტალისტურ დაწესებულებებში მუშაობს. ბევრ ისეთ ტიპს ვიცნობ, ვინც ამ ჯგუფს ეხლა არც აფურთხებს, არადა, ხუთი-ექვსი წლის წინ გიჟდებოდნენ ამათზე. ჩემს მეგობარს გავუზიარე ჩემი ფიქრები. ცოტა შეთვრა. მეფსიაო, მეც მაგრად მეფსმოდა და ტუალეტისკენ წავედით.

ტუალეტის ცოცხალ რიგში ქალი, კაცი, ბავშვი და მოხუცი ერთად ვიდექით.  უცებ ვიღაცამ მოსაწევი გადმომაწოდა, რაღაცნაირად ირიბად გამიხარდა, ნაფაზი დავარტყი და ჩემს მეგობარს გადავაწოდე, იმანაც მოწია და სხვას გადააწოდა. ზუსტად თორმეტი წამი დამჭირდა, რომ მუხლებში მოვკეცილიყავი, ისეთი ძალით დამარტყა, რომ ძლივს გავსწორდი. პირველმა შოკმა რომ გადაიარა, ტვინი სიკეთისგან ამევსო. ჩემს მეგობარს გადავხედე და კეთილად მიღიმოდა. მერე ჩემს წინ მდგომს ვკითხე, რა მოვწიეთ-მეთქი, იმან მის წინ მდგომს ჰკითხა და ესე მივედით მოსაწევის პირველწყარომდე. “პირველი ხელი” ჩვეულებრივი ჯანქი ტიპი გამოდგა, დაბალი, გამხდარი, ჩავარდნილი თვალებით და გაზეპილი თმით, ეს რა მოგვაწევინე-მეთქი. ბიო მოსაწევიაო, ხოდა მეც ჩემი პრიპასები დავუმატეო, რა პრიპასები-მეთქი? ბიოფხვნილში ჩაი და ყელის ტკივილის წამალი მაქ ჩაყრილი გემოს პონტშიო. დიმედროლიანი აეროზოლი მომაწევინა ამ ჩემისამ, ჩემს მეგობარს გავხედე გესმის-მეთქი? არ ესმოდა. ძალიან შორს და კარგად იყო, ვიღაც ჰისპტერ ნაშას ეჭუკჭუკებოდა. შევხედე, გამეცინა და მეორეჯერ ჩავიკეცე. ძალიან ჩავიკეცე.

მერე ტუალეტის რიგში გაცნობილ ჰიპსტერ ნაშასთან და მის ასევე ჰიპსტერ მეგობართან ერთად კიდევ სხვა კლუბში მოვხვდით, ამჯერად ელექტრომუსიკის პონტში აღმოვჩნდით. ვცეკვავდი, უფრო სწორად ტანს უაზროდ ვაქნევდი, არ მიყვარს ცეკვა, მაგრამ სიმთვრალე კომპლექსს მიხსნიდა. ჰიპსტერა გოგომ ჯიბიდან რაღაც აბი ამოიღო, ძალიან ცუდად გამიღიმა და აბი ენის წვერზე დამიდო(ამერიკული ფილმების გავლენა). მერე მახსოვს, რომ ცოტა ხანი ვიცეკვე, მერე აღარ მახსოვს თუ ვცეკვავდი, მერე მახსოვს ტუალეტი და როგორ ერეოდა ვიღაც ტიპს გული. მახსოვს რომ მტკვრის პირას თავად ტრიპერთან მქონდა დაუცველი სექსი, მერე ცოტა რომ გამოვფხიზლდი, ეს ტრიპერი ის ჰიპსტერი გოგო აღმოჩნდა, მერე ჯენლტმენობა და სიფხიზლე მეყო და ეს გოგო სახლში ტაქსით გავუშვი, ალისა ვარ ალტრუისტი და სოციალურ ქსელში დამამატეო.

მე სახლისკენ წამოვედი. ქუჩა იყო იმდენად ცარიელი და დილისკენ მიმავალი, რომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო რამე სასწაული. ცაში ავიხედე, ღრუბლის ნაგლეჯიც კი არ ემჩნეოდა. მაგრამ სასწაულს რატომღაც მთელი ტანით ვგრძნობდი. ეზოში შევედი და კიბისკენ ჩვეული მექანიკური მოძრაობით წავედი. ცაზე ავიხედე, სასწაულის მოლოდინში ისევ ღრუბელს ვეძებდი, ღრუბელი არა, მაგრამ ცის ფონზე ცა მართლა დავინახე, ხელში წონასწორობის შესანარჩუნებელი გრძელი ჯოხი ეჭირა და ეზოს ერთი ბოლოდან მეორეში სარეცხი თოკივით გაბმულ ტროსზე გადი-გამოდიოდა. მერე ეს ჯოხი ქვემოთ მდგომ დედამისს გადმოუგდო და თითონ სალტოების კეთება დაიწყო. ყბა ჩამომივარდა, ძალიან მთვრალი და ბედნიერი ვიყავი. ამ სანახაობას ჩუმად ვუყურებდი, ვერც ცას დედა და ვერც მისი და ვერ მხედავდნენ. ცამ სალტოების კეთება დაამთავრა და ჩემდაუნებურად ტაში დავუკარი. სიჩუმეში ტაში ისეთი ხმამაღალი იყო,  ცა ტროსიდან კინაღამ ჩამოვარდა.

მეოთხე თავი

ცას ბეწვის ხიდზე გავლა ბებიამისმა ასწავლა, ბებიამისს – ბებიამისმა, ბებიამისის ბებიას იმისმა ბებიამ და ესე… ბეწვის ხიდზე გავლის და ცეცხლთან თამაშის ცოდნა ცას ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ქალაქ პეკინის გარეუბანში ძალიან პატარა და არც თუ ისე პოპულარულ ცირკში გამოვდიოდითო, ცამ მომიყვა… ბავშვობაში მახსოვს, დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი, მერე და მერე კი მაყურებელი ნელ-ნელა გვაკლდებოდაო. ბოლოს იქამდე მივედით, რომ ცირკი საერთოდ დაიხურაო. სხვა ცირკში არსად არ მიგვიღეს. ბიძაჩემს თბილისში პატარა ბიზნესი ჰქონდა აწყობილი და აქეთ წამოსვლა შემოგვთავაზაო. აქ რომ ჩამოვედით, აღმოჩნდა, რომ ამხელა ქვეყანას ცირკი საერთოდ არა აქვსო. ხო, დაიხურა რამდენიმე წელია, მარა ისევ აღდგება-მეთქი.  რამდენიმე წელი ვერ დაველოდებით და ისევ სამასაჟო გავიხსენეო.

დაახლოებით ორი დღე ვეხვეწებოდი ცას ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე, რომ შოუში გამომყოლოდა. ცა მიხსნიდა, რომ ცირკი პეკინში დატოვა და სულ რომ გულით მოენდომებინა, კარგად მაინც არ გამოუვიდოდა.

აქ ტროსზე რომ დადიხარ-მეთქი? აქ უბრალოდ ვერთობი და ამდენი ხალხის წინაშე მაინც სულ სხვააო. გადასარევი გასართობი გაქვს-მეთქი. გაეცინა.

ორდღიანმა ხვეწნა-მუდარამ გაჭრა და ცა ქასთინგზე მივიყვანე. ჩემი უფროსი და მისი “იობარი” მეგობარი ჯერ იმაზე გადაირივნენ სამი ჩინელი რომ დაინახეს და მერე ამ სამმა ჩინელმა ტროსებზე რომ სირბილი დაიწყეს, ამან საერთოდ გამოაქლიავათ. ეს რა მაგარი ხალხი გიპოვიაო, ჩემი უფროსი გადარეული იყო და სილიკონიანი ტუჩებით ტაშს ურტყამდა. მისი “იობარი” მეგობარი კი საეჭვოდ ჩაფიქრებული იჯდა. ყოჩაღო, მერე მითხრა. ძალიან მაგარ რაღაცას მიაგენი, ესენი შეიძლება შოუს ვარსკვლავები და რეიტინგის დედოფლები გახდნენო.

მოკლედ, აქეს და ადიდეს ეს ჩემი ჩინელები, ლამის კერძო ცირკის  მოწყობას და რავიცი რას აღარ დაპირდნენ, მეც მეფერებოდნენ, ბონუსებს მპირდებოდნენ. ეს ჩემი უფროსის “იობარი” მეგობარი ზედმეტად დაინტერესებული ჩანდა ამ ჩინელებით, მათ შესახებ ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლა. ცას ოჯახის ისტორიას რომ ვუყვებოდი ჭკვიანური სახით მისმენდა და თავს მიქნევდა, სადაც საჭირო იყო, შეწუხდებოდა, როცა გასაცინი იყო – იცინოდა. მოკლედ, იმდენად სწორად იქცეოდა, რომ მარტო მაგით მაინც უნდა გამჩენოდა ეჭვი, მაგრამ ხომ ვამბობ, ყველაფერი სწრაფად მოხდა. პირველი ქასთინგის მერე ცხენებივით ავმუშავდით, დეკორაციები, რეპეტიციები, კოსტუმები, გრიმი, ახალი ბიოგრაფიის მოგონება, ვითომ ჩვენს ჩინელებს ქალაქ პეკინის გარეუბანში საგვარეულო ცირკი დაეწვათ და გაკოტრებულები აქ ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ ინტერნეტში ჰქონდათ ნანახი აქაური მეგა შოუს რეკლამა. მოკლედ, ჩვეულებრივ ტყუილს ვაცხობდით, რომელიც ჩვეულებრივ მაყურებელს ჩვეულებრივად უნდა დაეჯერებინა. ამ პატარ-პატარა საქმეებმა გამფანტეს და გულწრფელად დავიჯერე, რომ სამ ნიჭიერ ადამიანს ვეხმარებოდი.

გადაცემის ჩაწერის დღემ მოაღწია. ჩინელები პირველი დღის ქასთინგზე ვითომ შემთხვევით შებოდიალდნენ, ვითომ შემთხვევით, გადაცემის ჟურნალისტებმა მათთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერეს და ტელევიზიასაც ვითომ შემთხვევით აღმოაჩნდა მათზე წინასწარ მომზადებული სიუჟეტი, სადაც ჩინელები ჩემ მიერ დაწერილ ბიოგრაფიას ყვებოდნენ. ამ ისტორიამ ტელევიზორთან მჯდომ მაყურებელს უეჭველი მოულბო გული და ზოგმა შეიძლება იტირა კიდეც.

მოკლედ, ქასთინგის პირველი დღის გმირები ჩინელები იყვნენ. დარბაზში მათ აპლოდისმენტებით შეხვდნენ, აბა რა იქნებოდა, დარბაზში სპეციალური მონიტორებია დაკიდებული, სადაც იწერება რა დროს რა უნდა ქნა, სად ტაში უნდა დაუკრა, სად “ფუუ” იძახო და სად გააკუო.  ჩემმა მეგობარმა მაჩუქა ბრეჟნევის ერთ-ერთი გამოსვლის ბეჭდური ვერსია, იქაც მითითებული იყო სად უნდა დაგეკრა ჩვეულებირივი ტაში და სად მხურვალე. მოკლედ, უბრალო ხალხს, უბრალო ინსტრუქციებით გვაცხოვრებენ.

გადაცემის პროდიუსერმა და მისმა “იობარმა” მეგობარმა მეც მომცეს ინსტრუქციები. ცა და მისი ოჯახი, პირველი გამოსვლის შემდეგ, ჟიურიმ აიყვანა. შემდეგი ტურისთვის კი ბევრი რამე გვქონდა მოსაფიქრებელი. ხო ხედავო არა, რა ხალხი მოვიდაო, ამათი ოთხმოცდაათი პროცენტი საშუალოდ ნიჭიერიც კი არ არისო, ის ათი პროცენტი კი ამ შოუს უცხოური ანალოგებიდან იპარავს რამეს და ამგზით უნდათ გაძვრომაო, არავინ გვყავს ვისაც ჩავეჭიდებით, არადა, წელს მაინც არ გვინდა, რომ ვინმემ დაუმსახურებლად მოიგოსო. გავქაჩოთ იქნებ ეს ჩინელები, თუ არადა, ის მომღერალი ბავშვი ხო გვყავსო, არა. მეთქი ამ ჩინელებს ვინ დაუმესიჯებს-მეთქი. ოო, მაგაზე მინდა მეც შენთან ლაპარაკიო. რა ხდება-მეთქი. მოკლედო, ძალიან მაგარი შოუ უნდა დავუდგათ, ძალიან მაგარი შოუ კიდე სექსუალობის გარეშე არ გამოდისო. მივხვდი საითაც უბერავდა.

საბოლოოდ მაინც ეგრე მოხდა, ცამ კი იჭიჭყინა, მაგრამ კონტრაქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი და მოუწია თითქმის გამჭვირვალე კოსტუმით ბეწვის ხიდზე გავლა. ამას სპეცეფექტები, მუსიკა და განათება დაემატა და შოუ მართლა შთამბეჭდავი გამოდგა. ამ ყველაფრის კულმინაცია კი ჟიურის დილემის წინაშე დაყენება იყო, მათ ან ჩინელი აკრობატები უნდა აერჩიათ, ან ჩვენები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადგმული ამბავი იყო, ჩვენი აკრობატები რა დასამალია და, ძალიან  უნიჭოები იყვნენ, მაგრამ ხალხი მაინც ბოლომდე დავძაბეთ, დარბაზი ყვირილით და შეძახილებით ქართველებს გულშემატკივრობდა, გულის სიღრმეში კი ერთი სული ჰქონდათ, შემდეგ ტურში ნახევრად შიშველი ცა ენახათ. ვერც ვერაფერს ვერ იტყვი, ცა იმდენად ლამაზი და ეფექტური იყო სცენაზე, რომ თვალს ვერ მოწყვეტდი.

ვერც ვწყვეტდი…

სამი დღე გადაბმულად თათბირები გვქონდა. გადაცემაზე ძალიან დიდი ფული დაიხარჯა, მაგრამ რეიტინგს ვერა და ვერ დებდა. ცას გარდა განსაკუთრებული ნიჭის პატრონი არ გვყავდა, ისეთი ტიპებიც ვერ იპოვეს, რომ მაყურებელს დიდხანს ეცინა, ორი სამი “ჩუდაკი”, ერთი-ორი კვირა პოპულარულები იყვნენ და მერე გაქრნენ. არადა, ნახევარფინალი ახლოვდებოდა. ერთ მხარეს ცა და უნიჭო აკრობატები იდგნენ, მეორე მხარეს მგალობელთა ანსამბლი და პატარა მომღერალი გოგო. ფინალისტები აშკარა იყო. პატარა გოგო და ცა ერთმანეთს ფინალში შეხვდებოდნენ, მაგრამ ტელევიზიის მეპატრონეები ყველაფრით უკმაყოფილო იყვნენ, საერთოდ ყველაფრით. რეიტინგით, შემოსული ზარებით, ჩემი უფროსით, მისი “იობარი” მეგობრით ხომ მითუმეტეს, მას იმდენი ხანი ლანძღავდნენ, რომ თავმოყვარე კაცი ფანჯრიდან გადახტებოდა. მოკლედო, ტელევიზიის დირექტორმა თქვა, რამე მოიფიქრე თორე მოგიტყნავ დედის ტრაკსო, შენო კიდე, შე იხვნისკარტა, რას ჩამომიჯექი სვეცკი მუტელივით, ადე ააჯვი რეიტინგი დადეო.

სამი დღე ვისმენდი, როგორ აგინებდნენ ჩემს უფროსებს მათი უფროსები, სამი დღე ვერ გამოვდიოდი ტელევიზიიდან. ჩემი უფროსები როცა არ აგინებდნენ, ოთახში ისხდნენ და ფიქრობდნენ შემდეგ კვირამდე საიდან მოეტანათ რეიტინგი. სამი დღე ამ ყველაფერს გავუძელი, მეოთხე დღეს დასაბანად გავეთავისუფლე და სახლში წამოვედი.

მამიდაჩემი სახლში არ დამხვდა. სხეული ისეთი დანგრეული მქონდა, რომ საწოლზე წოლა კუნთებს მტკენდა. ფეხზე ავდექი და სიგარეტს მოვუკიდე, კარზე დააკაკუნეს. ცა იყო. სუფთა მეზობლური ინტერესები ჰქონდა, შაქარი უნდოდა, მაგრამ ჩემს დანახვას არ ელოდებოდა. ხალათი ოდნავ შეხსნილი ჰქონდა, ძალაუნებურად მისი მკერდისკენ გამექცა თვალი. უცებ გამოვფხიზლდი და ბინაში შემოვიპატიჟე, საშაქრე ცარიელი დამხვდა. მამიდაჩემი შაქარს ზემოთა თაროზე ინახავს, სკამზე აძვრომა მომიწია, კარგად მაინც ვერ ვწვდებოდი და ხელი რომ გავშალე კარადის გამოსაღებად ისე საშინლად დამეჭიმა კუნთი და ისე მეტკინა, რომ კინაღამ ჩამოვვარდი. ცა ჩემი შემხედვარე შეწუხდა, დივანზე წამომაწვინა და მასაჟის კეთება დამიწყო. მერე მე გავუკეთე ჩაი ცას, მერე ცოტა ხანი ვისხედით, შოუზე ვლაპარაკობდით. ცა ვერაფრით ვერ ხვდებოდა, რატომ ერქვა შოუს ტალანტების შოუ, როცა მასში მონაწილე ხალხს არაფრის ტალანტი არ ჰქონდა. ეგ მეც არ ვიცი-მეთქი, ვუთხარი. დივანზე ვიყავი წამოწოლილი და ჭერს ვუყურებდი, ცამ ჩაი დალია, შაქარიც ჰქონდა, მაგრამ წასვლას აჭიანურებდა. მხარი როგორ გაქვსო მკითხა. შევამოწმე, შედარებაც არ არის-მეთქი, ვუპასუხე. კაი მაშინ, წავალო, დაიძინე, უკვე გვიანი არისო, ისეთი გადაღლილი ვარ და ტვინი ისე მაქვს აღგზნებული, რომ ესე ადვილად არ დამეძინება, თუ გინდა დარჩი არ შემიშლი, პირიქით გამიხარდება-მეთქი. დაიმორცხვა და კაი, დავრჩებიო. ჩაი კიდე გინდა-მეთქი, არა, არა, არ ადგე, იწექიო. მოდი რა განახო-მეთქი. ჩემს გვერდით დავაჯინე, ზემოთ აიხედე-მეთქი, აიხედა. ჭერზე მფრინავი თეფშის მაგვარი რაღაც იყო ჟანგისფრად გამოსახული, ჩემს ბავშვობაში სახურავიდან წყალმა გამოჟონა და ეს ნახატი დაიხატა-მეთქი. ჭერის სხვა ნაწილი შევათეთრეთ და ეს დავტოვეთ-მეთქი. ცამ გამიღიმა, მე კიდევ ვაკოცე, ძალიან ლამაზი იყო და ვერ მოვითმინე, თავიდან ძალიან გაუკვირდა, მერე ლოყაზე მომეფერა და თვითონაც მაკოცა.

მეხუთე თავი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იშვიათად მახსოვს მომენტი, როდესაც რამეზე არ ვფიქრობდე ან არ ვღელავდე. რატომღაც სულ შეშფოთებული ვარ. ცალკე ბანკის კრედიტი, ცალკე სამსახურის უაზრო პრობლემები, ნიჭიერი და უნიჭო ხალხი, ცალკე ყოველდღიური საფიქრალი, პლუს ამას, ბავშვობიდან გამოყოლილი ნერვოზი, რამდენიმე ნერვული წიკი და გაღვიძებიდან ოც-ოცდახუთ წუთში უკვე ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე… დღეს კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა, დასვენებულმა და ვნებადაცლილმა გავიღვიძე, სიგარეტის მოწევაც კი არ მომდომებია.

ცას გავხედე, მშვიდად ეძინა, ვიფიქრე, სანამ გაიღვიძებს წამოვდგები და  ჩაის მოვამზადებ-მეთქი, მაგრამ საწოლში მირთმეული ჩაი ზედმეტად ბანალური მეჩვენა, ისევ კოტრიალი ვარჩიე. მზე რომ იყოს კარგი იქნებოდა, მაგრამ არ არის, რაღაცნაირად უჟმური ამინდია, საწოლში წოლა რომ უხდება ისეთი. ბანალურობა იქეთ იყოს და ჩაის კი დალევდა კაცი. ვდგები და სამზარეულოში გავდივარ, გაზქურაზე ჩაიდანი დავდგი, რა უცნაურად უჟმური და ნაცრისფერი დღეა. ჭიქები ჩამოვიღე და მაშინ გავიგე პირველი შეძახილი – “დაიხუროს ცოდვის ბუდე, დაიხუროს ცოდვის ბუდე” – ეზოდან რამდენიმე ათეული ადამიანის ხმა შემოდიოდა. ფანჯარასთან მივედი, ფარდა შეშინებულმა გადავწიე და ეზოში მდგარი “ფანატიკოს მშობელთა კავშირი” დავინახე. ფანატიკოსებს ხელში პლაკატები ეჭირათ, სადაც იმ ტელევიზიას, რომელშიც მე ვმუშაობ, ლანძღავდნენ და ტალანტების მეგა შოუს დახურვას მოითხოვდნენ, “ქართველობას ვერ წაგვართმევთ, დაიხუროს ცოდვის ბუდე, დაიხუროს ცოდვის ბუდე”. ამ ყველაფერს გაოგნებული ვუყურებდი, ფანატიკოსი მშობლების ყველა მოთხოვნა გასაგები იყო მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდებოდი ტალანტების მეგა შოუს დახურვას ჩემს ეზოში რატომ მოითხოვდნენ. ხმაურზე ცამ გამოიღვიძა, გაკვირვებული იყო, მეგონა ცუდი სიზმარი მესიზმრებოდაო. არა ცუდი სიზმარი ეხლა იწყება-მეთქი. რა ხალხია, რა აყვირებთო, ჩვენი ტალანტების შოუს დახურვას მოითხოვენ-მეთქი, რა უცნაურია, აქ რატომ მოითხოვენო? ეტყობა გაიგეს, რომ შენ აქ ცხოვრობ-მეთქი. მე რა შუაში ვარო? არ ვიცი, მაგრამ ამ ხალხის აქ მოსვლის ერთდერთი მიზეზი ეგ უნდა იყოს-მეთქი. ტელევიზორი ჩავრთეთ, ჩემი სამსახურის წინაც აქციები იყო, მაგრამ იქ ბევრად მეტი ხალხი იდგა და მოთხოვნებიც სხვა ჰქონდათ. ტელევიზიასთან მდგომი ხალხი “სიძვის ჩინელის” გაგდებას მოითხოვდა. ხელში ცას  და მისი სამასაჟოს  ფოტოსურათები ეჭირათ. გაოგნებულმა გადავხედე ცას, ის შეშინებული მიყურებდა. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ცოტა ხნის ფიქრის მერე, ბანერებზე და მოთხოვნებზე დაკვირვებით დავასკვენი, რომ აქციის მონაწილეებს ადგილები აერიათ, ტელევიზიასთან მდგარი ფანატიკოსი მშობლები ჩემს ეზოში უნდა მდგარიყვნენ და ჩემს ეზოში მდგარი ფანატიკოსები კი ტელევიზიასთან. სრული იდიოტები არიან-მეთქი, ცას ვუთხარი. კი მარა ჩემი ფოტო რატომ უჭირავთო? არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ზუსტად ამ დროს ტელევიზორში ფანატების ლიდერის ინტერვიუ დაიწყო, ის ცაზე ამბობდა, “საქართველოში ჩინელი ბოზების ადგილი არ არის, მაშინ როდესაც იმავე შოუში დგას მგალობელთა გუნდი, მე არ მესმის რატომ უნდა იყოს იქ ბოზი აკრობატი, ეს არის დაცინვა, ამ ევროპელებს უნდათ, რომ ქართველობა წაგვართვან…” ცას ცრემლები წამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული კარგად არ იცოდა ყველაფერს მიხვდა, თან მეც მქონდა ახსნილი სამასაჟოების არასანდო რეპუტაციის ამბავი. ცა ტიროდა და მე რაღაც უცნაურად მეკუმშებოდა გული. გოგოებმა არ უნდა იტირონ, ყოველშემთხვევაში, კაცის თანდასწრებით. ცა რომ ტიროდა, მეგონა ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, მე რომ არა, ივლიდა ცა სარეცხის ტროსზე აქეთ-იქით და იქნებოდა ყველაფერი მისტიური და ლამაზი. მე ჩავრთე ცა ამ მარაზმში, რომელიც უმართავი გახდა და აქამდე მივიდა. ვიღაც ფანატიკოსების ჯგუფი ცას იმიტომ აგინებდა, რომ ჩინელი იყო და რომ სამასაჟო ჰქონდა და რომ სცენაზე მგალობელთა გუნდის წინააღმდეგ იდგა.

ცა ტიროდა და მე არ ვიცოდი რა მექნა. ფანატიკოსები არაფრის დიდებით არ მიდიოდნენ. მინდოდა გადავმდგარიყავი და მათთვის მეგინებინა, მეგინებინა მათი გაუნათლებლობის და უმეცრებისთვის, სიბრმავის და ჩემი რელიგიის არასწორად გაგებისთვის… ზუსტად ვიცი, რომ ესენი არიან ის ხალხი, ვინც ინტერნეტში საშინლად იგინება, ვინც ავტობუსის ბილეთს არ იღებს, გაჩერებებს ლეწავს სიმთვრალეში, ვინც მიწისქვეშა გადასასვლელებში ფსამს და მანქანას არასწორად აპარკინგებს, ვინც სტალინის კულტს ამართლებს და რუსეთს დიდ ძმას ეძახის, ვინც თავს იწამლავს და შვილებსაც წამლავს ცრურწმენებით და გაუნათლებლობით.

სამსახურიდან დამირეკეს, ჩემი უფროსის “იობარი” მეგობარი იყო, ესეთი და ესეთი ამბავიაო, მეც ვუთხარი ჩემს ეზოში რაც ხდებოდა, მოიცა, მანდაც გამოვუშვებთ გადამღებ ჯგუფსო. ხო არ გადაირიეთ, აღარასდროს არ წავლენ აქედან-მეთქი, საიდან გაიგეს სად ვცხოვრობთ-მეთქი? თბილისია, რა უნდა მაგის გაგებასო… ეხლა რა ვქნათ-მეთქი? რა უნდა ვქნათ, საღამოს ნახევარფინალის ჩაწერა გვაქვს და როგორმე უნდა მოხვიდეთ რეპეტიციაზეო. ეხლა რომ გარეთ გამოვიდეთ ცოცხლად შეგვჭამენ, ისეთ რაღაცეებს ყვირიან-მეთქი. მოიცა, დაცვის ბიჭებს გამოვუშვებო. დაცვის ბიჭები ტელევიზიებთან ერთად მოვიდნენ. ცა უარზე იყო, არ უნდოდა წამოსვლა, განადგურებული იყო, ცრემლებს ვერ იკავებდა, ცას შემხედვარეს გული მიკვდებოდა. ცას დედა და დაც ტიროდნენ, როგორი ამბავია, ათობით კაცია შეკრებილი და ბოზს გეძახის, შენი შოუდან და ქვეყნიდან გაგდება უნდათ და საშინელი სიტყვებით გლანძღავენ. ცამ შოუში გამოსვლაზე უარი განაცხადა, ძალიან დიდხანს ვუხსნიდი, რომ კონტრაქტი ჰქონდა დადებული და შოუში მონაწილეობაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა, რომ თუ ნახევარფინალში არ გამოვიდოდა, ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუწევდა. ცა ტიროდა, ცას დედა და დაც ტიროდნენ, დაცვის ბიჭები გაოგნებულები იყვნენ, მართლა ბოზები არიანო, ერთ-ერთმა მკითხა, ისეთი სახით გავხედე, რომ ეგრევე ბოდიში მოიხადა. “ძირს ჩინელი ბოზები!” ისმოდა გარედან. ეტყობა, ბანერები და სლოგანები გადაცვალეს, ერთუჯრედიანები, ამებები, ამათი  დედა მოვტყან! ამათ მართლა ოყნა ჭირდებათ! ქართველებს აგინებ ამ ჩინელი ბოზის გამოო, ერთ-ერთმა მცველმა მითხრა. ცამ გაიგონა, ვერ მოითმინა, წამოხტა და მცველს მუშტები დაუშინა. მცველმა ცა მოიქნია და კედელს მიანარცხა, მეც იგივე ბედი მეწია. მერე როგორღაც სხვა მცველებმა გაგვაშველეს. ცა და მისი ოჯახი მუდარით დავითანხმე, თან ვუხსნიდი, რომ ტელევიზიაში უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით.

ცა დამთანხმდა. ჭიდაობა-ჭიდაობით “ბო ზე ბო, ბო ზე ბოს” ძახილით გაგვაცილა ხალხმა, რამდენიმე მათგანმა ქვებიც დაგვიშინა. ჩემი წყნარი ცხოვრება ამ უბანში დამთავრდა…

ტელევიზიის შესასვლელთან უარესი ხდებოდა. კიდევ კარგი იქ პატრულის თანამშრომლები დაგვხვდნენ, თორემ დიდი ალბათობით ფანატიკოსი მშობლები თავიანთი შვილების უკეთესი მომავლისთვის ცოცხლად შეგვჭამდნენ.

სტუდიაში რომ შევედით ქანცი გვქონდა გაწყვეტილი. პროექტის ყველა მონაწილე ჩვენ შემოგვეხვია, ცა ტიროდა და ყველანი მის დაწყნარებას ვცდილობდით… მგალობლების გუნდმა ბოდიში მოგვიხადა, არ გეგონოთ ჩვენ ამ იდიოტებთან რამე გვაკავშირებდესო.

მოსაღამოვდა და ფანატიკოსი მშობლებიც დაიშალნენ. ეტყობა სახლებში წავიდნენ ჩვენი შოუს საყურებლად. დღის განმავლობაში ყველა საინფორმაციო გამოშვებაში და ინტერნეტ პორტალზე, ჩვენზე ლაპარაკობდნენ. შოუს რეიტინგმა ერთ დღეში ათჯერ მოიმატა. რეიტინგების მიხედვით, შოუს დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, თითქმის მილიონამდე ტელევიზორი იყო გადართული ჩვენს არხზე.

ცა შედარებით დაწყნარებული იყო, მაგრამ თვალებში მაინც ვერ ვუყურებდი. საგრიმიოროში ვიყავით, შოუს დაწყებამდე ოცი წუთი იყო დარჩენილი, შემომიტრიალდა, ხელი ხელზე მომიჭირა და მითხრა, რომ არ მენერვიულა, რომ ჩემზე გაბრაზებული არ იყო. მაკოცა. ვაკოცე. ცას დამ თვალი აგვარიდა და ჩაიღიმა. ცუდი ხალხი იყოო, საშინელი-მეთქი, ვუპასუხე.

დარბაზი და ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია გადაჭედილი იყო. დარბაზში მცველების რაოდენობა სამჯერ გავზარდეთ. ცა ქართველი აკრობატების შემდეგ უნდა გამოსულიყო და გვინდოდა, რომ შოუს ექსცესების გარეშე ჩაევლო. მცველები შემომსვლელებს საგულდაგულოდ ამოწმებდნენ, რომ მათ შორის რომელიმე ფანატიკოსი არ შემოპარულიყო.

პირდაპირ ეთერში ვიყავით, ჟიურის წევრებმა დღის განმავლობაში მომხდარი ამბების გამო შეშფოთება გამოთქვეს, შეშფოთება ამ ბოლო დროს მოდური გახდა და უშფოთველობა ცუდ ტონად ითლებოდა. გადაცემის წამყვანებმა პირველი გამომსვლელი გამოაცხადეს, აკრობატი ბიჭები სცენაზე გამოვიდნენ, რაღაცეები იჯახირეს, საშუალო დონის სანახაობა მოაწყვეს… ჟიურიმ შეაქო და კულისებისკენ გაუშვა. წამყვანებმა სარეკლამო პაუზა გამოაცხადეს, მუშებმა ცას დეკორაციის შეტანა და დამონტაჟება დაიწყეს, ძალიან ვნერვიულობდ და გული რატომღაც ცუდს მიგრძნობდა. თან ცა დაზღვევს გარეშე გამოდიოდა, თან ძალიან რთული ნომერი ჰქონდა შესასრულებელი.

რეკლამიდან დავბრუნდით, კულისებში ვიდექით, ცას ხელი მაგრად მოვუჭირე და ფრთხილად იყავი-მეთქი, ვუთხარი. ნუ ნერვიულობო. წამყვანებმა ცას ნომერი გამოაცხადეს. ჟიურიმ ცას ქართველი ხალხის სახელით მოუბოდიშა. ამას დარბაზის უკმაყოფილება და სტვენა მოჰყვა, ცა კიდევ ატირდა, მცველებმა როგორღაც მოახერხეს ხალხის დამშვიდება. სცენაზე შუქი ჩაქრა და ცამ ნომრის შესრულება დაიწყო. ათი მეტრის სიმაღლეზე გაჭიმულ ტროსზე უნდა გასულიყო და რამდენიმე ილეთი გაეკეთებინა, არც ჩაბმული იყო და არც დამცავი ბადე იდგა ტროსს ქვემოთ. გული თითქმის გაჩერებული მქონდა…

კულისებში ვიდექი, საშინლად ვნერვიულობდი. უცებ ჩემმა პროდიუსერმა შემოირბინა, სახეზე ფერი არ ედო. რა მოხდა-მეთქი. ცა დაზღვევის გარეშე გავიდაო? ხო-მეთქი, კი მარა, ტროსი რომ უნდა გაწყდესო? რა უნდა მოხდეს-მეთქი? ზუსტად იმ მომენტში გაწყდა ტროსი…

მახსოვს საზარელი ხმა, მერე ყვირილი, ისტერიკა, მახსოვს რომ სცენაზე შევვარდი და ვილანძღებოდი, მახსოვს, რომ ექიმებმა საკაცეზე დააწვინეს ცა… მახსოვს რომ სცენაზე ტროსის ნაგლეჯი ეგდო და ჩემი უფროსის “იობარ” მეგობარს ამ ტროსით ვახრჩობდი. მერე უკნიდან ვიღაცამ ჩამარტყა და მეტი არაფერი არ მახსოვს.

ყველაფერი ჩაწყობილი იყო, “ფანატიკოსი მშობლებიდან” ტროსის გაწყვეტამდე, ყველაფერი ჩემმა  უფროსმა და მისმა “იობარმა” მეგობარმა დადგეს, უბრალოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, ცას მართლა ჰქონდა ტალანტი და ტალანტების შოუსთვის მართლა რთულ და ექსტრემალურ ნომრებს დგამდა.

ცას ცხოვრების ბოლომდე ეტლით მოუწევს სიარული, ჩემი უფროსი და მისი “იობარი” მეგობარი დაიჭირეს.

გადაცემის ნახევარფინალი პირდაპირ ეთერში თითქმის მილიონმა მაყურებელმა ნახა, ხოლო ცას ჩამოვარდნის ვიდეოს მილიონნახევარი ნახვა ჰქონდა.

“ფანატიკოსი მშობლების გუნდს” ქალაქის ინტელიგენცია რამდენიმე დღე ლანძღავდა, ისინიც ცოტა ხანი მიიმალნენ. ორი სამი დღის შემდეგ კი, ალბათ, ისევ ისე  წყნარად და მშვიდად დაიწყეს ცხოვრება, ისევ ისე ფსამდნენ მიწისქვეშა გადასასვლელებში და ისევ ისე არ იღებდნენ ავტობუსში ბილეთებს.

მე არ ვიცი რა დამემართა. ალბათ არც არაფერი. სირაქლემასავით დავიმალე, თავი სმაში ჩავრგე და ვფიქრობდი, რომ აღარ ვფიქრობდი, არ ვშფოთავდი, რომ ვშფოთავდი. ბოლო წლებში ჩემს ყველაზე წყნარ დილას ვიხსენებდი და მეტირებოდა, გოგოსავით ვტიროდი, ვტიროდი, ვსვამდი და არ ვფიქრობდი…

ცასთან საავადმყოფოში ვერ დავდიოდი, მერიდებოდა, არ შემეძლო დედამისის და მისი დის დანახვა, არც საწოლს მიჯაჭვული ცას ნახვა მინდოდა. ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებდი და ალბათ იმიტომ ვსვამდი, ალბათ იმიტომ არ მინდოდა ცას დანახვა. გოგო რომელიც ბეწვის ხიდზე დადიოდა, ჩემ გამო მიწაზე ვეღარ გაივლიდა… ვსვამდი…

ძალიან მთვრალი დავბრუნდი სახლში. ყველანაირ განსჯის უნარს ვიყავი მოკლებული, ინერციით ავედი კიბეზე და ცას სარეცხ ტროსთან გავჩერდი. მოაჯირზე აძვრომა მინდოდა, როცა ჩემი მეზობლის ხმა გავიგე – უღრუბლო ამინდია, სასწაულებს არ უნდა დაუჯეროო. თქვენ რომ კედელზე ნოხი გაქვთ, ეგ ხომ მფრინავი ხალიჩაა-მეთქი? თუ გჯერა კიო! მჯერა რომ აქ თუ გავივლი, ცაც  გაივლის-მეთქი… ღრუბლები რომ იყოს, გეტყოდი, მაგრამ უღრუბლო ამინდია და სასწაულების არ უნდა დაიჯეროო.

გავივლი-მეთქი

სცადეო

ვცადე…

© “არილი

Facebook Comments Box