ახალი ამბები,  ახალი წიგნები

ივლისის ბიბლიოდღიური

ბიბლიოდღიურში ამჯერად მხოლოდ ორი წიგნი მოხვდა, მაგრამ ორივე მათგანის გამოცემა ნამდვილად მნიშვნელოვანი სიახლეა მკითხველებისთვის:

მალხაზ ხარბედია, „შეთხზული „მე“, გამომცემლობა „პალიტრა L”

რატომ და როგორ იწერება ავტობიოგრაფია? რა მიზანი აქვს „მე“-ს შესახებ წერას, თვითრეპრეზენტაციას? არის ეს რეალური ამბავი თუ მწერლის ინტერპრეტაციაა? რა ლიტერატურული და ისტორიული ღირებულება შეიძლება ჰქონდეს „ავტობიოგრაფიულ“ თუ „ავტობიოგრაფიაზე“ დაწერილ ტექსტებსა და მეტატექსტებს? – წიგნში არაერთი შეკითხვა ისმის. მწერლების ავტობიოგრაფიების ანალიზის პარალელურად გვხვდება თეორიული ჩანართებიც (მაგალითად, ვილჰელმ დილთაი და ავტობიოგრაფია, როგორც ჰერმენევტიკა) და, რა თქმა უნდა, ჩნდება თავად ავტორიც.

მალხაზ ხარბედია თითქმის სამი წელი იკვლევდა XIX-XX საუკუნეების 300-ზე მეტი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფიებს, სწავლობდა იმ მოაზროვნეთა, მწერალთა თუ მეცნიერთა ტექსტების სტრუქტურას, სტილს, ისტორიულ კონტექსტს, რომლებიც ჩაუღრმავდნენ საკუთარ „მე“-ს და უმნიშვნელოვანესი საკვლევი მასალა შექმნეს. შესაბამისად, წიგნში შთამბეჭდავად აისახა ჟანრის ევოლუცია _ ნეტარი ავგუსტინედან დაწყებული და რუსოს, დილთაის, ლეჟენის რეფლექსიებით გაგრძელებული.

„ბიოგრაფიამ, უფრო სწორად კი ავტობიოგრაფიამ, ახალი ძალები მოიკრიბა. პირადმა გვერდებმა სოციალურ ქსელში უსასრულო შესაძლებლობები შექმნეს პიროვნების ნაკვთების გამოსაძერწად, მისი ფორმების შესავსებად თუ დასახვეწად. ერთი სიტყვით, „მე”-მ ახალი ძალით ამოიღო ხმა, პირველი პირის ნაცვალსახელები აგუგუნდნენ“ – ვკითხულობთ ტექსტის დასაწყისში და, მართლაც, დასასრულამდე არ წყდება პირველი პირის ნაცვალსახელების ხმაური.

რაინერ მარია რილკე, „საღამო არის ჩემი წიგნი“, გამომცემლობა “პალიტრა L”, მთარგმნელი: ირმა შიოლაშვილი

ცოტა ხნის წინ გამოიცა ავსტრიელი პოეტის, რაინერ მარია რილკეს ლექსების კრებული – “საღამო არის ჩემი წიგნი”

„რილკეს შემოქმედებას წლების განმავლობაში დიდი სიფრთხილითა და დაფიქრებით თარგმნიდა პოეტი ირმა შიოლაშვილი. საბოლოოდ, ამ თარგმანებმა ერთად მოიყარა თავი კრებულში, რომელიც, ლიტერატორ გიორგი ლობჟანიძის შეფასებით, „დიდი ცოდნის, გერმანული და ქართული პოეტური ტრადიციების უფაქიზეს ნიუანსებში წვდომისა და დიდი სულიერი თანაზიარობის შედეგია…

ის ლექსებიც კი, რომლებიც ქართველი მკითხველისათვის, სხვადასხვა და ხშირად გენიალური მთარგმნელების წყალობით, უკვე კარგად ცნობილია, ამ თარგმანებით რაღაცით განსხვავებულად და ახლებურად იკითხება“ – ასე ახასიათებს ახლად გამოცემულ ლექსების კრებულს გამომცემლობა „პალიტრა L“.

© არილი

Facebook Comments Box