ინტერვიუ

ინტერვიუ მაია ენჯელოუსთან – “რაც სიმართლედ მიმაჩნდა, კვლავ სიმართლეა”

HBR-ის ინტერვიუ

თქვენი ბოლო წიგნი დედათქვენის შესახებაა. რა ისწავლეთ მისგან?

სიმამაცის გამომუშავება. მან ეს საკუთარი სიმამაცით მასწავლა. გავაცნობიერე, რომ ზოგიერთები არ იბადებიან მამაცები. ზოგიერთი ადამიანი პატარა რამეების კეთებით ავითარებს ამ თვისებას – როგორც ვიღაცამ შეიძლება ასგირვანქიანი ტომარა ასწიოს ერთბაშად, სხვამ – ჯერ ხუთგირვანქიანით დაიწყოს, მერე გააგრძელოს ათით, ოცით, ორმოცით, სანამ კუნთებს საკმარისად არ გაიძლიერებს იმისათვის, რომ 100-გირვანქიანი ტომრის აწევა შეძლოს… ასეა სიმამაცის შემთხვევაშიც. ჯერ პატარა გაბედულ რამეებს აკეთებ, რაც გარკვეულ მენტალურ და სულიერ ძალისხმევას მოითხოვს.

დედაც და ბებიაც ბიზნესს უძღვებოდნენ. რა გასწავლეს მათ კარგი მმართველობის შესახებ?

ის, რომ ბრძნულია, იყო სამართლიანი, ტყუილის თქმა კი ბრძნული არაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა თქვა, რაც იცი. უბრალოდ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ რასაც ამბობ, სიმართლეა. ზოგიერთების აზრით, სასტიკად გულწრფელი ვარ, მაგრამ სულაც არ გჭირდება, რომ სასტიკი იყო. ისე შეგიძლია სიმართლის თქმა, რომ მსმენელმა მიიღოს.

ეს ძალიან ჰგავს კონსტრუქციულ კრიტიკას. თქვენ რომელ კრიტიკოსებს უსმენთ ხოლმე?

ისეთ ასაკს მივაღწიე, როცა იმ კრიტიკოსების დიდმა ნაწილმა, რომლებსაც ვაფასებდი, უკვე დაგვტოვა. მაგრამ ვისწავლე, რომ ახალგაზრდებს უნდა მოვუსმინო. ჩემს სტუდენტებს Wake Forest-ში ან სხვებს, ვისაც მსოფლიოს გარშემო ვხვდები. ძირითადად, ამ გადაწყვეტილების მართებულობა დასტურდება ხოლმე. უნდა ითქვას, რომ მათგან ახალს არაფერს ვსწავლობ, მაგრამ ვრწმუნდები – რაც სიმართლედ მიმაჩნდა, კვლავ სიმართლეა.

ჩვენს მკითხველებს ბევრი სმენიათ ამბის თხრობის მნიშვნელობის შესახებ ბიზნესში – ბრენდებისთვის, ლიდერებისთვის. როგორ უნდა შექმნა დამაჯერებელი ამბავი?

არის ერთი ასეთი ფრაზა, რომელიც რომაელ დრამატურგს, ტერენციუსს ეკუთვნის: „მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის“. თუ ეს იცი, თუ ამას აცნობიერებ, მერე შეგიძლია მოჰყვე ამბავს. შეგიძლია, დაარწმუნო ადამიანები, რომ პერსონაჟები მათნაირები არიან. ჯეკი და ჯილი გორაკზე ადიან, ჯერ ერთი ეცემა, მერე მეორეც მიჰყვება. მსმენელი ფიქრობს: „ოჰ, მესმის მათი, მეც წავქცეულვარ“, თუნდაც ნიდერლანდებში ან კოულონში იყოს მომხდარი ეს ამბავი… ადამიანებს შეუძლიათ სხვა ადამიანების გრძნობების გაგება და მნიშვნელობა არ აქვს, სად არიან, რომელია მათი ენა, რომელ კულტურას ეკუთვნიან, რამდენი წლის არიან ან რომელ ეპოქაში ცხოვრობენ. თუ განსხვავებების ნაცვლად მსგავსებების დანახვის ხელოვნებას დაეუფლები, მაშინ ყველა ამბავი გასაგები იქნება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდით და თქვენი თაყვანისმცემლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამბის თხრობის გარდა, კიდევ რა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი სოციალური დანაყოფების შესაერთებლად?

ამერიკელებს სხვა ენები რთულად ეჩვენებათ, შეიძლება, იმიტომ, რომ ასეთ დიდ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მახსოვს, ტურში ვმონაწილეობდი Porgy and Bess-ის მომღერლებთან ერთად, რომლებიც მშვენიერ არიებს ასრულებდნენ, მაგრამ ფრანგულად ან იტალიურად საუბარი არ შეეძლოთ. უნდა დაფიქრდე: „არსებობენ ადამიანები, რომელთა ენის გაგება არ შემიძლია, რამე უნდა ვიღონო“. „როგორ ხარ? კარგად, მადლობა. და შენ? მცივა. მშია. სად ვიპოვი კარგ სასტუმროს? მანქანისთვის საწვავი სად შეიძლება ვიშოვო?“. ხალხი ერთსა და იმავე რამეებს ამბობს ზაგრებშიც და ლიტლ-როკშიც. მე არ მჯერა ადამიანების მიერ გამოგონილი განსხვავებების ადამიანებს შორის. თუ ადამიანები არიან ირგვლივ, თავს სახლში ვგრძნობ. სპილოებთან და ზებრებთან რა ვაკეთო, ეგ არ ვიცი. თუ ადამიანებთან ერთად ვარ, მიუხედავად იმისა, რომელია მათი კულტურა, მე მას პატივს ვცემ. და მინდა, ასე მოიქცნენ ჩემს შემთხვევაშიც.

იმ პროფესიათაგან, რომლებიც გიცდიათ, რომელი იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენთვის?

ლექსების წერა. როცა ვუახლოვდები იმის გამოთქმას, რისი თქმაც მინდოდა, ცას ვეწევი ხოლმე სიხარულისგან. შეიძლება, მხოლოდ ექვსი სტრიქონი დავწერო, მაგრამ მაინც აღვნიშნო. ოღონდ მანამ, ღმერთ ჩემო, ეს სტრიქონები ისე მაწუხებს, როგორც კოღოს ბზუილი ყურში.

ადრე, როცა სხვა საქმიანობით იყავით დაკავებული, წარმოიდგენდით, ვინ გახდებოდით მომავალში?

არა, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ არაფერი გამომივიდოდა. როგორღაც თავიდანვე მქონდა განცდა, რომ თუ რომელიმე ადამიანმა გააკეთა რაღაც, მეც შემიძლია ვისწავლო, ვცადო და გავაკეთო იგივე. და ერთი საქმე მეორეს მიჰყვა. სკოლაში ლათინური რომ არ მესწავლა, ენის სტრუქტურის გაგება ასე არ გამიადვილდებოდა. რომ არ მეცეკვა, ალბათ ვერასოდეს მოვუსმენდი მუსიკას ნამდვილად და ვერ მეცოდინებოდა, რომ რაღაცის შეთხზვა მეც შემიძლია. ხედავთ? მესმის, რომ ყველაფერი, რასაც გავაკეთებდი, შედევრი არ იქნებოდა, მაგრამ ვცდილობდი, რომ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში საუკეთესოდ მეკეთებინა. და მგონია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

მიამბეთ წერის პროცესის შესახებ. სად და როდის იქმნება თქვენი საუკეთესო ნამუშევრები?

მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარ სახლში ვცხოვრობ, სასტუმროს ნომერს ვიღებ და იქ მივდივარ დილით, 7-ის ნახევარზე. სამუშაოდ მიმავალს თან მაქვს ლექსიკონი, ბიბლია, ყვითელი ფურცლების დასტა და კალმები. მომსახურე პერსონალს ვთხოვ, ჩემთან არ შემოვიდნენ, რადგან ოთახს პირველი საათისთვის დავტოვებ და არც საწოლის გამოყენებას ვაპირებ. რამდენიმე თვის შემდეგ ადმინისტრაცია კარქვეშ აცურებს წერილს: „გთხოვთ, გამოგვაცვლევინეთ თეთრეული. ვფიქრობთ, რომ ზეწრები დაობდებოდა“. და მე ვუტოვებ წერილს, რომ ყველაფერი რიგზეა. როცა იქ მივდივარ, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემს სივრცეში ვარ. იქაურობა მე მელოდება და როგორღაც სამყაროს ვტოვებ, სანამ იქ ვარ.

როგორ უმკლავდებით შემოქმედებით კრიზისს?

მე ამას კრიზისს არ ვეძახი. ფრთხილად ვიყენებ სიტყვებს, რადგან ვიცი, ჩემი ტვინი იმახსოვრებს მათ და ერთხელაც თავად შემომიბრუნებს ჩემს ნათქვამს. ზოგჯერ სასტუმროს საწოლზე ვზივარ, ბანქოს ვშლი და სოლიტერს ვთამაშობ, ჩემი „პატარა გონება“ რამით რომ დაკავდეს. ეს ფრაზა ბებიაჩემისაა, რომელიც, როცა რაღაც გააოცებდა, ამბობდა: „იცი, ეს ჩემს ყველაზე პატარა გონებაშიც კი არ გამივლიაო“. მართლა ვფიქრობდი, რომ ადამიანს დიდი და პატარა გონება ჰქონდა და თუ პატარას რამით შევაქცევდი, დიდზე უფრო სწრაფად მოვახერხებდი გადართვას. ამიტომაც ვთამაშობ ბანქოს. ამის შემდეგ ხანდახან მაქვს ორი გვერდი, რომლის ნახვაც ღირს; ხანდახან კი – 20.

წერა გვიან დაიწყეთ, მაგრამ ძალიან ნაყოფიერად. რა არის თქვენი პროდუქტიულობის საიდუმლო, საიდან იღებთ ენერგიას?

მოკლედ, ჩვენ, ყველანი, ენერგია ვართ. ენერგიაა ის, რაც გვაკავშირებს მე და თქვენ. ის ყველგანაა. და მე მიყვარს, რასაც ვაკეთებ. ამიტომაც არ მაწუხებს მუშაობა, არ მაწუხებს არც ბრძოლა. ვალში ვარ მუზასთან, შემოქმედთან. როცა ნამუშევარი კარგი გამოდის, ღმერთო ჩემო, ეს ღვთის წყალობაა. 

© არილი

Facebook Comments Box