ესე (თარგმანი),  კრიტიკა

ივ ანსელი – ორმაგ ჩიხში შესული განვითარებადი ქვეყნები და ჰუმანიზმი

20 camus

1945 წლის შემდეგ[1] სარტრი თავის ნაწერებში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს კოლონიალიზმთან ბრძოლას. 1954 წლის 1-ლი ნოემბრის “წითელი ყველაწმიდა”[2], – როდესაც ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ფრონტმა (FLN)[3] ფრანგულ კოლონიებს შეუტია და ამით ალჟირის ომის დაწყება აღინიშნა, – სარტრს ჩაითრევს კონფლიქტში, რომელსაც, იმისთვის, რომ სიტყვა “ომი” არ ეხსენებინათ, გაუგებარი მიზეზების გამო, “მოვლენები” უწოდეს. 1956 წელს “ლე ტან მოდერნი” აქვეყნებს სარტრის ერთ-ერთ მიტინგზე გამოსვლის ტექსტს, რომელშიც იგი ალჟირში მშვიდობის დამყარებას მოითხოვს: “კოლონიალიზმი სისტემაა”. მკაცრი, ციფრული მონაცემებით გამყარებული ტექსტის ძირითადი დებულება დასაწყისიდანვე ცხადია: “არ არსებობებს კეთილი და ბოროტი კოლონიზატორი. არსებობს კოლონიზატორი და მორჩა”. სარტრისთვის კოლონიალიზმი პიროვნული საკითხი არ არის და კეთილი და ბოროტი ადამიანებით არ წყდება. მისთვის კოლონიალიზმი სისტემაა, ეკონომიკური, პოლიტიკური და იურიდიული სისტება, რომელსაც ვერ გადააკეთებ. რადგან, როგორც კაპიტალიზმის “ზნეობრივ ჩარჩოში” მოქცევაა შეუძლებელი (იგი დგას მოგებაზე, სარგებელსა და კონკურენციაზე და აქედან გამომდინარე უზნეოა), სარტრისთვის ასევე შეუძლებელია (როგორც არ უნდა შეეცადონ “ნეოკოლონისტები” ეს დაგვაჯერონ) “ჰუმანურად” აქციო სისტემა, დაფუძნებული ექსპლუატაციაზე, რასიზმსა და ძალადობაზე.

ნელ-ნელა “ალჟირის მოვლენები” თავის ჭეშმარიტ სახელს ირქმევს: ესაა “ბინძური”, დაუნდობელი ომი, სადაც კონტინენტის საფრანგეთი ყველა საშუალებას იყენებს, ოღონდ კი გაიმარჯვოს. სარტრიც ნელ-ნელა უფრო და უფრო შეურიგებლად და მწვავედ ეწინააღმდეგება მას. როცა სარტრი საფრანგეთის კომუნისტური პარტიის დამცველად გამოდის, მან მშვენივრად იცის, რაც ხდება საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამაზე ხმას არ იღებს, რათა მემარჯვენეების წისქვილზე არ დაასხას წყალი, არ დააბნელოს “აღმოსავლეთის სინათლე”, “სასოწარკვეთილებაში არ ჩააგდოს ბიანკური”. მაგრამ როცა ხმალამოღებული იბრძვის ალჟირის დამოუკიდებლობისთვის, წამების წინააღმდეგ და 1960 წელს ხელს აწერს “121-თა მანიფესტს”[4] დაუმორჩილებლების მხარდასაჭერად, დასამალი არაფერი აქვს. შეუძლია ჯიქურ იბრძოლოს. ამიტომაც “ბინძური ხელების” ავტორი იმ რადიკალურ დებულებებს გაიზიარებს, რომელსაც ფრანც ფანონი წარმოადგენს წიგნში “ბედკრულნი ამა ქვეყნისა” და ამ განვითარებადი ქვეყნების სოლიდარობის ბიბლიას წინ თავის წინასიტყვაობას წარუმძღვარებს, სადაც სხვადასხვა მკვეთრ ფრაზას შორის ამასაც შეხვდებით: “ევროპელის მოკვლით ორ კურდღელს იჭერ: ანადგურებ მჩაგვრელსაც და ჩაგრულსაც. შედეგად იღებ მკვდარ ადამიანს და თავისუფალ ადამიანს”.

 

კამიუს სიჩუმე

 

ალჟირის საკითხში, რა თქმა უნდა, კამიუ ვერაფრით გაიზიარებდა სარტრის შეხედულებას, რადგან იგი ძირეულად წინააღმდეგი იყო ადამიანის მოკვლის (მთელი მისი შემოქმედება ბოროტმოქმედების დაკანონების წინააღმდეგაა მიმართული), და კიდევ იმიტომ, რომ თვითონვე სულით ხორცამდე ჩართული იყო ამ კონფლიქტში და არ შეეძლო მტკიცე და ცხადი პოზიცია დაეკავებინა. კამიუს არ შეეძლო ეთქვა, რაც იცოდა, რადგან მისთვის წარმოუდგენელი იყო დამოუკიდებელი ალჟირი. ალაგ-ალაგ უნდა ეცრუა, მოკიბ-მოკიბულად ემსჯელა, თვალი დაეხუჭა კოლონიალურ ძალადობაზე, ძალაუფლების გადაჭარბებაზე – “მემარცხენე” ჟურნალისტი დუმილით უპასუხებს 1945 წლის მაის-ივნისში ფრანგული არმიის მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას სეტიფსა და გუელმაში – იმისთვის, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩააგდოს ბელკური, ალჟირელი ფრანგების პოპულარული კვარტალი. ხშირად გამეორებული ოფიციალური ვერსიის მიუხედავად (როგორც მიშელ ონფრე წერს: “კამიუ ახალგაზრდობის წლებიდანვე ანტიკოლონისტი მოაზროვნე იყო და ასეთი დარჩა სიცოცხლის ბოლომდე”), “კაბილიის სიღატაკის” ავტორი მუდამ ასიმილაციის “ჰუმანისტური” პოლიტიკის მიმდევარი იყო. მისთვის ფრანგული კოლონიზაცია წარმოადგენდა ფაქტს, რომელიც ფაქტადვე უნდა მიგეღო და მასთან ერთად გეცხოვრა. ახალგაზრდობაში კამიუ გაშმაგებით იცავდა 1936 წლის ბლუმ-ვიოლეტის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა არჩევნებში ხმის უფლება მიენიჭებინათ მუსლიმი უმცირესობისთვის. ეს მორიდებული პროექტი უარყოფილ იქნა. კამიუ მიხვდა, რომ კონსენსუსის პოვნის აბსოლუტური უარყოფა ხელს შეუწყობდა “სეპარაციის” მიმდევრებს და გარდაუვალს გახდიდა შეიარაღებულ კონფლიქტს. საჭირო იყო ადგილობრივ მცხოვრებთა სტატუსის გაუმჯობესება, რათა მათ აღარ ჰქონოდათ ნაციონალური ხასიათის მოთხოვნები. “ალჟირული მოვლენები” მისთვის ბოლომდე დარჩა ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართ გამოჩენილ უდიდეს უსამართლობად. ეს კამიუსთვის მიუღებელი იყო, ოღონდ არა იმიტომ, რომ კოლონიური სისტემა იყო უსამართლო. ფრანკო-ტუნისელი მწერლის, ალბერ მემის გამონათქვამი რომ გავიმეოროთ, იგი “კეთილი ნების კოლონიზატორია”, რომელიც “არაფერს ნანობს” (“უცხოს” გმირის, მერსოს პოზიცია) და არ შეუძლია, გადასინჯოს კოლონიალიზმის საკითხი. ომის დაწყების შემდეგ კოლონიზატორებსა და კოლონიზებულებს შორის “დაძმობილების” იდეა ქიმერული გახდა. კამიუ გაჩუმდა, რადგან მის სიტყვას გამგონე აღარ ჰყავდა, იმიტომ, რომ იარაღი უფრო ხმამაღლა ჟღერს, ვიდრე სიტყვები. კამიუს ისღა დარჩენოდა, ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, გაეკიცხა “ბრმა ტერორიზმი” (იმ ეპოქის კლიშე რომ გამოვიყენოთ).

ამ “უსახელო ომში” სარტრი, უდავოდ, უფრო სუფთა და პატიოსანი იყო, ვიდრე კამიუ. იმსჯელო ძალადობის დაკანონებაზე ერთია და აღიარო მისი საჭიროება ზოგიერთ ისტორიულ გარემოებაში – მეორეა. ალჟირში, სადაც კოლონიზატორები სულაც არ აპირებდნენ თავიანთი პრივილეგიების დათმობას, ძალადობის პასუხად ომი მივიღეთ. ამ თვალსაზრისით “უცხო”, სადაც ერთი უბრალო თეთრკანიანი ერთ უსახელო და უსახო “არაბს” კლავს ტერიტორიისთვის – ადგილისთვის ჩრდილში, და “პირველი ადამიანი”, საიდანაც ჩანს, თუ რაოდენ ტერორისტულ ხასიათს ატარებს კოლონიზაცია, ის მხატვრული ნაწარმოებებია, რომლებიც უფრო მეტად სიმართლის მთქმელნი არიან, ვიდრე კამიუ-ჟურნალისტის ბუნდოვანი სტატიები. საბოლოო ჯამში, პიესაში “მართალნი” ავტორის პოზიცია თითქოს სუსტია, არარეალისტური, უსამართლო. მაგრამ ასევე იდეალისტურია ის, რასაც სარტრი გვთავაზობს: განთავისუფლებისთვის საკმარისია კოლონიზებულმა გაანადგუროს კოლონიზატორი. დამოუკიდებლობისთვის წარმოებულმა ვერცერთმა ბრძოლამ ჯერჯერობით ვერ შეძლო “თავისუფალი” ადამიანებისა და ქვეყნების შექმნა.

ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხოსრუაშვილმა

© “არილი


[1] © Le Magazine littéraire. სტატია გამოქვეყნდა 2013 წლის ოქტომბერში.

[2] Toussaint rouge – ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ფრონტმა 1954 წლის 1 ნოემბერს დაიწყო თავდასხმები ალჟირის ფრანგულ კოლონიებზე, კომისარიატებზე და სხვა დაწესებულებებზე. თავდასხმების ამ კამპანიამ მიიღო “წითელი ყველაწმინდის” სახელწოდება, რადგან კათოლიკური ეკლესია 1-ელ ნოემბერს ყველაწმინდის დღესასწაულს აღნიშნავს (მთარგ. შენ.).

[3] FLN – Front de Libération National – ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი, პოლიტიკური პარტია ალჟირში, რომელიც იბრძოდა ალჟირის დამოუკიდებლობისთვის (მთარგ. შენ.).

[4] 121-ის მანიფესტი (Manifeste des 121) – 1960 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებული “დეკლარაცია ალჟირის ომში დაუმორჩილებლობის უფლების შესახებ”, რომელსაც ხელს აწერდნენ ფრანგი ინტელექტუალები, უნივერსიტეტის პროფესორები და ხელოვანები (მთარგ. შენ.).

Facebook Comments Box