1.
ქალბატონ ნათია მასწავლებელს
მას ბაჩი ბაჩი მუნდს ქუმაჩი მე მართლა არ დამიწერია კედელზე დედას ფიცავარ, მეგრული არ ვიცი საერთოდ და რანაირად დავწერდი. დირექტორი რო შემოვიდა თქვენ გაკვეთილზე და რო თქვა რო კოკას დაწერილი იქნება ესო არაა მართალი დირექტორი არ მოიტყუებდა მას მარა, მე იმიტო ვეგონე რო როცა, ჩვენთან ქონდა გაკვეთილი ერთხელ ეზოში დაჭერილი შველა ჩოვუდე შკაფში და მაგის მერე უზდელი ვგონივარ მარა, არ ვარ მას. დედას ჩიყვი ჭირსო ექიმმა და დირექტორისგან რო გეიგოს ეგ ამბავი გაბრაზდება და გამლახავს მას და ამიტო გთხოვთ რო აუხსნათ დირექტორს ქალბატონ მზიას, იმიტო რო მე არ ვყოფილვარ და არ ვიცი მართლა ვინდაწერა ეგ სიტყვები მას.
კოკა აბესაძე
***
ამ ბოლო დროს არც არავინ დადისო, ერთი მაიკოა და თავისი მზახალი, მესამე კიდო შენ და შენი რძალიო, მეტი არავინ საერთოდო, იმ მღვდელმა გაუწყალა ამათ საქმე, იმის ბრალია, იმ წასაგებელისო, კუხნაში არიან დედაჩემი და ნანა, ჩვენი მეზობელი როა გვერდით, კოფეს სვამენ. მე აქეთ ვარ ოთახში, ქართულის წიგნი მაქვს გადაშლილი და ვერაფერს ვერ ვკითხულობ, თავიდან დავჯდები, ვითომ წავიკითხავ, მერე სუ სხვა რაღაცეები მახსენდება და მაგაზე ვფიქრობ, ხან აქეთ ამათ ლაპარაკს ვუსმენ. ღორონთიშით ქიინია მუდგარენ, დარიკო, ღმერთის ნებით იქნება რამეო, ნანა ამშვიდებს დედაჩემს. თენა ვა მწანსია მა, არ მწამს მე მაგისო უკვე კაი ხანიაო, დედაჩემმა, ეშმაკობას და დემონობას მაბრალებს ეგ მღვდელიო, მჩხიბავიაო, ამბობსო, ვიცი მე ეს, მაიკოს მზახალია მაგის მრევლი და ეუბნება თურმეო, ვიცი ყველაფერიო, ერთი ამით ვშოულობ, ამით ვარჩენ ჩემს გაბოს, მოუკვდეს დედა, და მეორე კიდე კი იცი, ყოველ დილით და საღამოს რო მიწევს ზუგიდში ჩასვლა, მატარებლის ლოდინი, პრავადნიკი არაფრით მიშვებს უკვე ზევით, ძა, წინათ ავდიოდი მაინც, ახლა ქვევით ვდგები და ისე ვყვირი, ლობიანი, ხაჭაპური, პერაშკი, მერე გავალ და მთელს ქალაქს დავივლი, ჩვენთან მაინც არავინ ყიდულობს და ზუგიდში დავდივარ, მის მუშოთ ოკო სკან ნაცოდება ხაჭაპურ დო პერაშკ, ძა, ხვალე ბაღანეფ იიდენა, მეტ ვარ.
ზის დედაჩემი და ყვება თავის ამბებს, ვის რათ უნდა ჩემი ნაცოდვილარი საჭმელიო, ბავშვები თუ იყიდიან მარტოო. ნანა ჩუმად ზის და პასუხს არ სცემს, უსმენს, მობეზრდება ამასაც და გავა ალბათ მალე, აბა, ამდენი ხანი ვიღაცის გაჭირვებას რო უსმინო, ვერაა კაი საქმე. არც ნანა დადიოდა ამ ბოლო დროს ხშირად დედაჩემთან სამკითხაოდ, თავისი ბიჭი ჩამოუვიდა რუსეთიდან, ბიზმესმენი თუ რაცხაა მანდო, იქაურ მღვდელებთან მეგობრობს, ეკლესიურია სულ და რაც ჩამოვიდა, დედამისს ეუბნება, შეეშვი მაგ წიკვალ ქალთან სიარულსო, ვა შინერსია, არაა ქრისტიანულიო, მაიკომ უთხრა ეს ყველაფერი დედაჩემს, მაგიტოა რო ნანას კარგად დახვდა დღეს და რამეფრად თავი შევაცოდოო, გადმოულაგა თავისი საცოდავი ამბები.
მე წამით თავს ვანებებ ამათ მოსმენას, წიგნს ვშლი და ისევ ვიწყებ კითხვას.
„და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.“
ვკითხულობ და ვერც ვერაფერს ვგებულობ, მამაჩემი მახსენდება მარტო, სადაა ახლა? საზღვართან რაც გაიტაცეს, არავის გაუგია რამე. აღდგომის დილა იყო, წინა საღამოს მესაზღვრეებმა საზღვრები გადაკეტეს, აღდგომა იყო და მამაჩემის საფლავთან უნდა მივიდეო, აიტეხა, დედამ ვერც გადააფიქრებინა, მე არ გამიყოლა, ჩემი ბიძაშვილები გაიყოლა, უფროსები არიან ჩემზე, ენგურის ხიდს მოუარეს და მავთულებზე რო გადავიდნენ, მაშინ ნახეს მესაზღვრეებმა, სროლით ერთი-ორჯერ უსვრიათ, თუ დაგიჭირეს, ძირს გაგიგდებენ და ცემაში გაგხევენ, გამოეკიდნენ მესაზღვრეები, ესენი გაიქცნენ მავთულებისკენ, მამამ რო ნახა რო ეწეოდნენ და სხვა საშველი არ იყო, ესენი გაუშვა, უკან გამობრუნდა და ამათ შეეჩეხა, ჩემ ბიძაშვილებს დრო რო მიცემოდათ. ისინი გამოიქცნენ, მამა დარჩა, მერე არც არავის გაუგია მაგის ამბავი, აფხაზებს ყავთო ციხეშიო, ჯილაგარმა მოიტანა ამბავი წინათ, ეგ იქ დადის ხოლმე, იქაური პასპორტი აქვს და უშვებენ, პლანი გადმოაქვს ხოლმე აქეთ გასაყიდად, ციხეშია და ორ თვეში უშვებენო, მაგის მერე ორ თვეზე მეტი გავიდა, დედაჩემმა ადგილობრივ პარტიულებსაც მიწერა, სულ იქ დადიოდა, მარა პასუხი არავისგანაა.
მთავარი სათქმელი, მთავარი სათქმელიო, სულ მაგას გვიჩიჩინებდა მზია ფიფია, ახლა დირექტორია და ჩვენ არ გვასწავლის. რა მთავარი სათქმელი უნდა გამოვიტანო, არ ვიცი, მე ვერც ვერასდროს ვხვდებოდი ეგეთებს და ვერც ვიზეპირებდი, მაგის გამო მყავდა სულ ორიანები, დიასკანს ქუწინქიაირფელს, კეტით რექია ოლახარ, დედაშენს ვეტყვი ყველაფერსო, ჯოხითხარ საცემიო, მზია მეუბნებოდა, მე თავს ვხრიდი და გულში სულ დედას ვაგინებდი, ასეთი ქალია, ავი, ავი. მერე ცალკე დედაჩემის ყვირილი უნდა მესმინა სახლში.
„ცვრიანბალახზეთუფეხშიშველა
არგავიარე–რაამამული?!“
თავიდან ვიწყებ კითხვას, წამით დილა მახსენდება, ბავშვები ფეხშიშვლები მინდორზე ფეხბურთს რომ ვთამაშობთ, მე თეთრი შორტი მაცვია, თამაშისას სულ მიმწვანდება ბალახით და ვიცი, დედა გამიწყრება, რეცხვით ამას ვერ ამოვიყვანო. კარგი ლექსია, მარა რაზეა მაინც არ ვიცი, რა ბალახი და რა მამული. სკვამი ნათია გვეტყვის ალბათ შემდეგ გაკვეთილზე, ასე დავარქვით, ამ სემესტრში გადმოვიდა ჩვენთან, რატომ ან რისთვის, მართლა არ ვიცი, მარა პირველ გაკვეთილზე რომ შემოვიდა, ბიჭებს ყველას მოგვეწონა და სკვამი ნათია დავარქვით, ეგ იმიტო, რო მეორე მასწავლებელიც გვყავს ნათია ისტორიის და ეგ ასაკიანია უფრო, ეს კიდევ ლამაზია, ამიტო სკვამი ნათია ერქვას-მეთქი. მაინც რა უნდა ასეთ ლამაზ გოგოს ჩვენს სოფელში არ ვიცი, დედას ეცოდინება.
ძროხა მოვიდოდა და უნდა მოვწველო ახლაო ნანამ, სულ გამომრჩა და უნდა წავიდეო. დედაჩემიც აქოთქოთდა, ჰო, ჰო, მოგაცდინე ნამეტანიო, მეც ქვეყნის საქმეები მაქვსო. ნანამ კოფეს ჭიქა გადადგა გვერდზე, ეს მერე იყოსო. დედამ გააცილა სტუმარი. მერე სახლში დაბრუნდა, „ეს მერე იყოს, ჰმ, დინაფილიშურ,“ ნანას სიტყვები დამცინავად გაიმეორა დედაჩემმა და ბოლოს მიალანძღა. ოთახში შემოყო თავი, ისწავლეო? ჯერ არა, ცოტა დამრჩა-მეთქი, ხო იცი, მალე უნდა ჩამაბაროო, ონჯღორე ვაბძირათ თი ოსურწკუმავა, სირცხვილი არ ვჭამოთ იმ ქალთანო, ახალი მასწავლებელია და თავი უნდა მოაწონოო, სკვამ ნათიაზე ამბობდა დედა.
2.
რაღაც მოხდება და ყველა მაგას გაიძახის – კოკა, კოკაო, სულ მე შეიძლება რო ვიყო შუაში? ვერ გევიგე, სულ მე ყველაფერი რაფერ უნდა დავაშავო? კაი, წინათ იყო რო რაცხა ცუდები გამიკეთებია, გოგოებს ჟუვაჩკებს მე ვაწეპებდი თმებში და მასწების სკამზეც დამიდია, ისიც კაი, ჭავჭავაძის სურათის უკან მე დავდე ტელეფონი, მერე შუა გაკვეთილზე დოვურეკე და, მას, ილიას ურეკავენ, უთხარით აიღოსთქვა, მარა მთელი კლასი ხო გავაცინე, აბა მზია მარტო გვიბღვერდა სულ და რამით ჰო უნდა გამერთო ბავშვები? ახლაც შენ მიაწერე ბაჩი, ბაჩი, მუნდს ქუმაჩი გინდა თუ არაო, მე საერთოდ არც ვიცი მეგრული ნორმალურად, მერე მითხრეს ბავშვებმა, რო მუნდი ტრაკს ნიშნავს და ქუმაჩი კიდევ – მიკბინეს. მე აქაური არც ვარ, ქვიტირიდან ვარ და მანდ არ ვლაპარაკობდით მეგრულად ბავშვები და რანაირად მცოდნოდა? ორი წელია რაც აქეთ ვარ, იმიზა, რო საზღვართან თუ სწავლობ, მერე უფასოდ ეწყობი უნივერსიტეტში და დედაჩემი აქაურია და შენი ამბავი რო ვიცი, ფული მექნება სახდელი შე სასიკვტილეო და გადმოვედით აქეთ მე და დედაჩემი ბაბუაჩემთან და ბებიაჩემთან, თან მოხუცდნენ და მოვუვლიო, დედაჩემმა.
მოვიდა მზია, რაცხა უნდა ეცნობებინა ჩვენთვის, შემოსვლისას ყველა ფეხზე წამოდგა. ნამეტანი ფიცხი ქალია მზია და ეს რო ნახა მიწერილი კედელზე, დოუშვა და დოუშვა, ნათია მასწი გვიტარებდა მაშინ ისტორიის გაკვეთილს, ეს კოკას გაკეთებული იქნება, ამ ახლა შემოთრეულისო და მლანძღა და მლანძღა. ნათია მასწმა, მზია, მე მივხედავ ამ ყველაფერს, ნუ ბრაზდები და ნურც ილანძღები ასეო, შენ ნუ მასწავლი, ქალო, როგორ ვილაპარაკოო, დოუბღვირა ამან, ნათია მასწი გაჩუმდა და ხმა არ გოუცია, მზია მე მომიბრუნდა, ახსნა-განმარტებით წერილს დამიწერ და ხვალ მომიყვან მშობელსო, გავიდა და კარიც გაიჯახუნა. გასვლის მერე ნათია მასწი ჩუმად იჯდა სკამზე, გაბრაზებული სახით იყურა კაი ხანი, პირველად ვნახე ასეთი ნაწყენი. ღიმილიანი და ბუნჩულა ქალია ნათია მასწი, აი, ისეთი, მაგის გაკვეთილზე სულ ხმაური როა, სანამ კლასში შემოვა, ნამეტანს ვხვანცალებთ, შემოდგამს ფეხს და „აბა, ახლა მშვიდად, გაკვეთილი იწყება,“ – გვეტყვის, მარა მომკალი და დამშვიდებით ვეღარ ვმშვიდდებით. ნიშნებსაც ცუდს არ დაგიწერს, ყველას აქებს, მთლა ზედმეტად არა, მარა ყველას რაცხა კარგს უპოვის.
მერე წამოდგა და დროზე გაკვეთილი ჩამაბარეთო, მე მომიბრუნდა და ყველაფერს დაწერ, რაც გააკეთე და ისე მომცემ წერილსო, მე მივუტან დირექტორსო. ვინც მოყვა გაკვეთილი, არცერთის არ მოეწონა, მე ხელს არ ვიწევდი, ჩემი კლასელი ნინოსი არ მოეწონა და ჩემზე მთლად გადაირევათქვა. როგორც ვთქვი, ხელი არ ამიწევია იმ დღეს, გაკვეთილის მერე წერილი დავწერე, ვუთხარი ყველაფერი, დედაჩემმა რო გაიგოს ეს ამბავი, გამლახავს, ექიმებმა დოუდგინეს რაცხა და ისეთი ავანტყოფობაა რო აბრაზებს მაგრა. წერილი ნათია მასწს გადავეცი, სახლში თუ მოახერხეთ გადაავლეთ თვალი, თქვენც იცოდეთ რა მოხდათქვა, თავი დამიქნია და ისე გავიდა რაცხაფრად, აი, ისე, ცივად, ცივად, ნამეტანი ცივად.
***
19 სექტემბერი
დღეს მეოთხე გაკვეთილი ჩავატარე სკოლაში, ჯერ მხოლოდ მეათეკლასელებს ვუტარებ. დირექტორმა დამიბარა და მომავლის გეგმებზე მესაუბრა. ძალიან ბევრი მაქო, შენნაირი ლამაზი და ჭკვიანი ახალგაზრდები გვჭირდება ზუსტად სკოლაშიო, მითხრა, რომ ახალგაზრდა კადრების ნაკლებობა რომ არა, გაუშვებდა ამ მოხუცებს და მათ მოიყვანდა. მერე მკითხა, მაინც რატომ გადაწყვიტე აქეთ ჩამოსვლა, არაა მთლად დაცული ადგილი, კი იცი ახლა შენ ესო. მე ვუთხარი, რომ თუ სოფელზე მეკითხებით, აქაური სიტუაციის შესწავლა მინდა, მინდა გავიგო ხალხი როგორ ცხოვრობს, რა პრობლემები აქვთ და რა ამბების მოყოლა სურთ, ეს მასწავლებლობასაც მინდა შევუთავსო. ჟურნალისტური ინტერესები გამოძრავებსო? არამარტო ეს-მეთქი, მგონია, რომ ბავშვებთან მეგობრობა კარგად გამომდის და როგორც ჩემგან სწავლობენ ბევრს, ორჯერ მეტს მათგან ვსწავლობ-მეთქი. ამაზე გაეცინა, რაებს იტყვით ზოგჯერ ეს ახალგაზრდებიო. უცნაური ქალია, მერე საუბარი კიდევ გამიგრძელა, პირად ცხოვრებაზე მკითხა ბევრი, მაგრამ მე ძალიან ზედაპირულად ვუპასუხე, არ მომწონს, როცა ჩემი პირადით უცნობები ინტერესდებიან. მერე დავემშვიდობე და გამოვედი.
დღეს განსაკუთრებული გაკვეთილი გვქონდა, ძალიან იმოქმედა ამ დღემ ჩემზე. გალაკტიონის ერთ-ერთ ლექსზე უნდა გვესაუბრა. როცა გაკვეთილი დაიწყო, ბავშვებმა ხელის აწევა დაიწყეს, მე მოვყვები, მე მოვყვებიო. მე ვუთხარი, რომ არ არის საჭირო ზეპირად ჩამაბაროთ, უბრალოდ ლექსზე მესაუბრეთ, რა მოგეწონათ, რა ემოციები აღგიძრათ-მეთქი. ყველა გაჩუმდა, სულ შვიდნი სხედან ერთ კლასში და არავის არ აუწევია ხელი. შუა ოთახში ვიდექი, ჩემ გვერდით გაბო იჯდა, დაბალი, ხუჭუჭა ბიჭი, ვკითხე, აბა, შენთვის როგორი იყო ეს ლექსი, რა ემოციები გაგახსენა, ან იქნება საერთოდ არც მოგეწონა-მეთქი. თავიდან ცხვენოდა, მერე ნელ-ნელა დაიწყო. მეო, ფეხბურთის თამაში გამახსენდა დილითო, მინდორში რო ვთამაშობდითო, ყველას სიცილი წასკდა, გაბოს შერცხვა და გაწითლდა. ბავშვები ძლივს დავაშოშმინე, ვუთხარი, რომ საერთოდ არ არის სირცხვილი ლექსმა შენი ცხოვრების დეტალები გაგახსენოს, პირიქით, ლექსი იმისთვისაა, რომ ემოციურად იგრძნო, სიტყვებს ეს ძალა აქვს-მეთქი. მაგალითად, მე ეს მახსენდება,ერთხელ, ერთ ცხელ ზაფხულს, პატარა გოგო რომ ვიყავი, ქალაქიდან სოფელში ჩამომიყვანეს მშობლებმა, მეც მთელი ზაფხული სოფლის მინდვრებზე დავტანტალებდი სულ ფეხშიშველა, ერთხელაც, როცა ეზოში დავრბოდი, ცვარიან სლიპინა ბალახზე ფეხი ამიცდა და შიგ ჩვენი კამეჩის მოსაქმებულში მოვადინე ზღართანი-მეთქი. ექვსივეს სიცილი წასკდა, გაბოს ჯერ ცხვენოდა, მერე ვერ გაუძლო და აყვა კლასელებს. ნელ-ნელა დამშვიდდნენ, მერე ისევ მივუბრუნდი, ახლა მიდი და მოგვიყევი ისევ შენს ემოციებზე, ჩემზე დასაცინს ვიცი ვერაფერს იტყვი-მეთქი და გაბოს გაეღიმა, ცოტა ხანი დაფიქრდა და მერე, როცა ნახა, რომ ყველა მას უყურებდა ინტერესით, დაიწყო თავისი ამბის თხრობა. მოყვა გაბომ, იმ დილაზე ფეხბურთს რომ თამაშობდნენ მეზობლის ეზოში, მოყვა როგორ ცდილობდა თავისი თეთრი შორტი არ დაესვარა, ბალახს რო არ გაემწვანებინა, იმიტომ რომ დედა გაუწყრებოდა, მერე მოყვა გაბომ თავის მეგობარზე, დილით გამთენიისას მეზობლების ცხენების მოსაპარად რომ წავიდნენ, თან თოკი რო მიჰქონდათ, ფეხებს სულ გრილი ცვარი რომ უსველებდათ, ნელა მიეპარებოდნენ ცხენს, წყნარად მოაჯდებოდნენ, მოხვევდნენ თოკს და გააჭენებდნენ ცვრიან ბალახზე და ეს იყო ძალიან სასიამოვნო, ტრიალ მინდორზე ცხენით ჯირითი, ეს იყო ძალიან დიდი თავისუფლება და თქვა გაბომ, რომ აი, ეს არის ალბათ მამულიც და სამშობლოც და ალბათ ამას გძნობდა ეგ კაცი, ამას რომ წერდა, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა ფეხბურთის თამაშია სამშობლო და ცხენის ჭენება ტრიალ მინდორზე დილაუთენია, ისე რომ სახლში დაქანცული და დაღლილი მიხვიდე, მარა დაკარგული მამაც არისო სამშობლო, დაკარგული მოხუცი მამა, საზღვართან რომ დაიჭირეს მშვიდობისმყოფელებმა და ახლა რომ არ იცის სადაა, აი, ამ კაცისთვის მოხუცი მამაა, რომელიც ვენახში დაიარება, ჩემთვის კიდევ ციხეში გამოკეტილი მოხუცი მამა არისო მამული, გაბომ, თვეები რო გადის და მისგან არც არაფერი არ ისმის, დაკარგული მოხუცი მამა არისო სამშობლო, თქვა და ცრემლები ისე წასკდა, ვეღარ ჩერდებოდა, მივედი და ჩავეხუტე, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, უბრალოდ ჩავეხუტე, ბავშვებიც შემოიკრიბნენ, ზოგი აწყლიანებულ თვალებს მალავდა, გაბოს ამშვიდებდნენ.
სახლში საღამოს დავბრუნდი, არაფერი მიჭამია, ოთახში ავედი, ქვედა უჯრა გამოვაღე, ქაღალდი გამოვიღე და წერილის წერა დავიწყე.
„გაბრიელს…“
3.
მზიკო, მზიკო, ჩემო მზიკო, ჩემო საყვარელო გოგო. როდის დაგიძახე ასე ბოლოს, რომ არ მახსოვს? რა ეშველება ამას? როგორ შეიცვალა ყველაფერი, გოგო, როგორ ცუდად შეიცვალა ყველაფერი. შენ გგონია ვბრაზობ ალბათ, შენ ისიც გგონია, მთელი სამასწავლებლო შენზე ბოღმით რომ ვივსებით, ვიცი, ვხვდები მაგას შენი ნათქვამებიდან და შენი გამოხედვიდან. არ ვიცი, მზიკო, არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. გახსოვს, ბოლოს როდის გავუღიმეთ ერთმანეთს, როდის ვეჭუკჭუკეთ ერთმანეთს, როდის მოვესიყვარულეთ. ბაღნობა გაიხსენე, ბაღნობა, ჩვენი ბაღნობა გაიხსენე, მზიკო, ჩემო გოგო, აი, ხო ხედავ როგორ სითბოთი გიხსენებ, იმიტო, რო შენი ბაღნობა არ დამვიწყნია მე და არც ჩემი. როცა გიყურებ იმ ბრაზიან გამოხედვაში, არა, აი, წამით რო გაიღიმებ, მაშინ მახსენდება ის პატარა გოგო, კიკინებიანი, ყვავილებით მოხატული სარაფანათი, ის პატარა გოგო, რომელთან ერთადაც გამოვიარე მთელი ჩემი ახალგაზრდობის წლები. გახსოვს, გოგო? გახსოვს როგორები ვიყავით? ერთ დღესაც რომ არ ვტოვებდით უერთმანეთოდ, შენ რომ ნაბიჯებს დგამდი, მე ვეცემოდი და შენგან ვსწავლობდი. სკოლაც მახსოვს და ჩვენი პირველი სიყვარულიც, მეზობლის ბიჭი, რიჟა ნოდარი რომ მოგვწონდა ორივეს, გახსოვს როგორ ვჭამდით ერთმანეთს? ბოლოს მთლა თმების პუტვით რომ ვამთავრებდით, დედაჩემი რომ გვაშველებდა ბოლოს და ვრიგდებოდით მერე, ჩაბარდა რიჟა ნოდარის ტრფობა პატრონს, მარა ჩვენი დობა არ მოშლილა. გახსოვს სოხუმის წლები? უნივერსიტეტის დღეები. ემზართან რომ გქონდა პირველი პაემანი, ის დღეც მახსოვს გუშინდელივით, რა დამავიწყებს, ჩემი წითელი იუბკა რომ გათხოვე, „ამრაში“რომ დაგპატიჟა ემზარმა, რა ლამაზი დღე იყო მაგი, თითქოს მე მპატიჟებდნენო, ისე მიხაროდა. ვიცი, მზიკო, ჩემო გოგო, ვიცი, არ გინდა ალბათ ემზარის გახსენება, დაგწყვიტავ გულს ალბათ მაგის გახსნებით, ნეტავი ჩემი მტერი მოყოლილიყო მანდ, ნეტავი ჩემს მტერს ჩამოქცეოდა მიწა იმ ჭაში და ოღონდ ემზარის არა, ვიცი, არაფერი იქნება ახლა ჩემი ნუგეში, მარა სიტყვები გვამაგრებს ჩვენ, სიტყვები. უნდა გვაპატიო ყველას, გოგო, უნდა გვაპატიო, რაც გავაკეთეთ, ვიცი, ახლა არ მოგინდება ამის მოსმენა, შენზე ვზრუნავდითო რო გითხრა, მარა ეგრეა, მზიკო, ეგრეა, ჩემო გოგო. უნდა გვაპატიო მე, თინიკოს, მზექალას. თინიკომ მითხრა, არ გამოდის სახლიდან, არაფერს პირს არ აკარებს, გუშინ სახლში მეც არ შემიშვაო, ბაღანა დედამისთან ყავს გაშვებულიო, მონაზვნად უნდა წასვლა მახარიას დედათა მონასტერშიო. რო ამბობენ, ტვინში სისხლი ჩამექცაო, ე, მაშინ ვიგრძენი ეგ, მზიკო, ე, ზუსტად მაშინ ვიგრძენი ეს ყველაფერი. მაგიტომ ავტეხეთ ერთი ამბავი, მაგიტომ ჩავრიეთ დიდი მღვდელობა მაგ ამბავში, აბა ბაღანას ხო ვერ დატოვებდი, მზიკო, ცხოვრება უნდა გაგეგრძელებინა, ჩემო გოგო. ასე არ იყო, რო გითხარი, შენ ნაბიჯს დგამდი, მე ვეცემოდი და შენგან ვსწავლობდი-მეთქი? მაგის მერე რამდენჯერ დავეცი, მზიკო, და რამდენჯერ წამომაყენე, მეც ეგ ვცადე, ეგრე მეგონა, წამოვაყენებ-მეთქი, ფეხი დაუცდა-მეთქი. მაგის მერე ვერ გცნობ და ყოველ საღამოს სულ ამაზე ვფიქრობ, გავიდა მაგის მერე წლები და აჰა, ისევ ერთად აღმოვჩნდით ამ ჩვენს შეჩვენებულ სოფელში, მშობლები ვერ დავტოვეთ, ვერ მივატოვეთ, ისინიც, ჰო იცი, ფეხის გადგმა არ უნდათ სხვაგან, ვერ დავტოვეთ მარტო მოხუცი მშობლები, ამ ჩვენი საცოდავი ხელფასებით უნდა ვარჩინოთ. შევხვდით ისევ, როგორ მეგონა ისევ თუ აქ გადავეყრებოდით, თან ამ სოფელში, ამ სკოლაში, სადაც გავიზარდეთ. როგორ მეგონა, როცა პირველად გნახე, მოვა, დაივიწყებს ყველაფერს და ღიმილით გადამეხვევა-მეთქი, რაფერ ხარ, ნათი? მკითხავს თავისი ცქრიალა ხმით-მეთქი. ამ ბაღნებს რომ ვუყურებ, სულ ჩვენი თავი მახსენდება, გოგო, ჩვენი ბაღნობა მახსენდება. უყურე ამათ ხშირად, ბევრ რამეს განახებენ, ბევრ რამეს გაგახსენებენ, აი, იმ პატარა ბაღანას სიცელქეს და გულწრფელობას გაგიღვივებენ გულში, რომელიც ასე გვიჩლუნგდება, როცა ვიზრდებით.
კოკამ მომცა გუშინ შენთვის გადმოსაცემი წერილი, მთხოვა თვალი გადაავლეთო. მე მწერდა მაგას, შენ ვერ შემოგბედა, მე მომწერა ეგ წერილი. ძალიან მაწყენინე გუშინ, ასე რომ მიპასუხე, ხო იცი, როგორ ვიცი ხოლმე, გავბრაზდი მაგრად, მეგონა წამოვხტებოდი და წავიდოდი ამ სკოლიდან საერთოდ, მარა თავი შევიკავე, მერე მოვლბი, შენი გაბრაზება გაბრაზება არააო, შენ არ მეუბნებოდი? კარგი ბაღანაა კოკა, შენ არ იცი ის ისეთი ბიჭია… ცელქი და ეშმაკი რო ჩანს, მაგას გულში რა უდევს არ იცი. სხვებიც ეგეთები არიან. უნდა ანახო ბავშვებს სითბო და იცი, როგორ გიპასუხებენ ამაზე? ბაღანას სითბოს რომ ანახებ, ასმაგად დაგიბრუნებს მაგას, კოკამ მითხრა ერთხელ, თქვენი გაკვეთილი რო გვეწყება, მას, სულ მგონია, გაკვეთილი არცაა და თან ვისვენებთ და თან ვსწავლობთ ისტორიასო, ის სიმკაცრე გონიათ ამათ მარტო გაკვეთილი, სულ შიშში რო არიან, არიქა მასწავლებელმა რამეში არ ჩამჭრას და მერე არ გამკიცხონ ან არ გამლახონო. მე მაგაზე ვფიქრობ, გოგო, ჩვენ რომ გადავშლით ჟურნალს და რო ვუწერთ ნიშნებს, აი, მაგათ რო ქონოდათ ჟურნალი, ჩვენზე რას დაწერდნენ-მეთქი, შენ თუ გიფიქრია ამაზე? მზია როგორიაო, რას იტყოდნენ? მე სულ ამას ვფიქრობ და ვცდილობ რამე არ შემეშალოს, არიქა, ნიშანი არ გამიფუჭდეს-მეთქი, ნიშანიც ხო ეგაა, მეგობრობა და სიყვარული, თუ ეს იცი, ჩათვალე დანარჩენი მარტივად გამოგივა. ნუ გაუწყრები კოკას და ნურც დედამისს ეტყვი რამეს, არ იცის იმ ბაღანამ მეგრული და ვერ მიაწერდა მაგას, ნურც მაგის გამოძიებას დაიწყებ ვინ მიაწერა, წავშლი მაგას მე, არაა პრობლემა. არ ვიცი, ამას მიიღებ თუ არა ჩემგან, არ ვიცი, გულთან ახლოს მიიტან თუ არა, მარა თუ ის ბაღანა კიდევ არის შენში, ის კიკინებიანი გოგო, გამიგებ და ალბათ ღიმილით, ცრემლმომდგარი დაასრულებ ამის კითხვას, ვიცი მე შენი ამბავი.
შენი ნათი
***
გაბრიელს,
ჩიტები გიყვარს? გადამფრენი ჩიტები, ყოველ სეზონზე ადგილს რომ იცვლიან, ყოველთვის სითბოსკენ რომ მიილტვიან. შენხელა ვიქნებოდი ალბათ, ერთი ძალიან კარგი ამერიკელი მწერლის წიგნი რომ წავიკითხე, ზუსტად შენხელა ბიჭზეა, რომელიც სახლში ვერ ბრუნდება და მთელს შობის წინა დღეებს მარტო ატარებს ნიუ-იორკში, იმიტომ, რომ კოლეჯიდან აგდებენ. კითხვების დასმა ძალიან მიყვარდა იმ დროს, შეიძლება უამრავი კითხვა დამესვა და პასუხს არც დავლოდებოდი. ამიტომაც ამ წიგნიდან სიუჟეტის ერთ-ერთი ნაწილი მქონდა აკვიატებული, ამბავი ასეთია, ბიჭი ტაქსიში ზის და ამ დროს მანქანა ნიუ-იორკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს, ცენტრალ პარკს ჩაუვლის და ბიჭი ტაქსისტს ასეთ უცნაურ კითხვას უსვამს, „სად მიფრინავენ იხვები, როცა ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტბა იყინება?“, საოცარია არაა? თან ისეთი პატარა გოგოსთვის, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს პასუხგაუცემელი, უცნაური კითხვების დასმა. ეს კითხვა ამეკვიატა, დედაჩემს სულ ამას ვეკითხებოდი, ჩემს თანატოლებს ამ კითხვით ვაწუხებდი, ვერავინ ვერ მცემდა პასუხს და მომწონდა, მაგრამ ერთხელაც, როცა ბუნებისმეტყველების მასწავლებელი გადამფრენ ფრინველებზე გვიხსნიდა გაკვეთილს, თავი ვერ შევიკავე და ვკითხე, საით გაფრინდებიან ჩიტები, როცა ამერიკაში ის რომელიღაც ტბა გაიყინება-მეთქი? როგორ არ მინდოდა, რომ პასუხი გამეგო, კითხვა უფრო იდუმალია, როცა პასუხი არ აქვს, ხომ ასეა? და მან იცი რა მიპასუხა? სამხრეთით, ჩემო კარგო, სამხრეთით, იქ, სადაც უფრო მეტი სითბო და ტენიანობა არისო. იმ წამსვე დაკარგა თავისი მისტიურობა ამ კითხვამ, იქნებ არაა მართალი და მაინც პასუხგაუცემელი კითხვაა-მეთქი, თავს ვინუგეშებდი. ამის შემდეგ ჩემმა კლასელმა კითხა, და უკან არ დაბრუნდებიანო, ჩიტები რომ მიფრინავენ ზამთარში, არ დაბრუნდებიან ისევ ჩვენთან უკანო? და მასწავლებელმა უთხრა, რომ აუცილებლად, როგორც კი იმ მხარეში აგრილდება, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან იქ, საიდანაც გაფრინდნენო. იმ წამს თითქოს არც მიმიქცევია ამ პასუხისთვის ყურადღება, მაგრამ, როგორც ჩანს, გონებაში მაინც ჩამრჩა.
მაშინ მე, დედაჩემი და მამაჩემი თბილისში ვცხოვრობდით, ერთ გარეუბანში, დევნილების დასახლებაში, ყოველ დილით მამა სამსახურში დადიოდა, სტამბაში, ამისთვის ჩვენი უბნის ხიდზე უნდა გადასულიყო და ღამით იმავე გზით დაბრუნებულიყო, ქუჩაში ღამით სიარული კი საშიში იყო. ამიტომ ყოველ საღამოს დედა ნერვიულობდა მამაზე, მეც ყოველ საღამოს ამაზე ვფიქრობდი და მაშინ მახსენდებოდა ჩემი ბუნების მასწავლებლის სიტყვები, რომ გადამფრენი ჩიტები აუცილებლად ბრუნდებიან იქ, საიდანაც გაფრინდნენ და ეს მამშვიდებდა, როგორ მარტივი რამეა, არა? მაგრამ მე მჯერა სიტყვების ჯადოსნურობის. როგორ მეშინოდა ხოლმე მაშინ, შიში მთლიანად მიპყრობდა, მაგრამ უმალ გაქრებოდა, როცა ვიხსენებდი, რომ სხვა გზა არ აქვთ გადამფრენ ჩიტებს, უნდა დაბრუნდნენ.
ვიცი, ალბათ მხოლოდ მცირედია ეს ყველაფერი, რასაც გწერ, რაღაც უმნიშვნელო, მაგრამ იქნებ მაშინ, როცა იგრძნობ, რომ სისუსტე გჯაბნის, ამ ყველაფერზე დაფიქრდე.
ისე როგორ ფიქრობ, მართლა მაინტერესებს, გიყვარს ჩიტები?
4.
დღეს პირველი გაკვეთილი ისტორია გვაქვს, კლასში როცა შემოვდივარ, წინა მერხთან წამომჯდარი ნინო მხვდება, ვესალმები და უკანა მერხზე ვჯდები, მალე სხვებიც მოდიან. კატლეტის სუნი ტრიალებს, გვერდით ვიხედები, კოკა გაცხარებული ჭამს კატლეტს პურთან ერთად, „გინდა?“ – მეკითხება პირგამოტენილი. „დატოვე რამე?“ – ვეკითხები და მეცინება. კოკა ტრიალდება და ჭამას აგრძელებს. მე კევს ვიღებ ჯიბიდან და პირში ვიდებ. გვერდით ნინო მიდგას.
– მზია რო შემოვა, ჟუაჩკაზე გაგიწყრება, – მეუბნება.
– არ შემოვა, – ვპასუხობ და თავს ვარიდებ.
– შემოვა, გუშინ თქვა, ჩამოვივლი კლასებსო.
კევი პირიდან გამომაქვს და მერხის ქვემოთ ვაწებებ.
– ფუუფ, – ნინო მიყურებს და იჯღანება.
– კაი, ჰო, კაი, – კევს ვაძრობ სკამს და ნაგვის ყუთში ჩასაგდებად მივდივარ.
კლასი უკვე გაივსო, ყველა ერთმანეთში ლაპარაკობს წყვილებად და ყაყანია, დერეფნიდან ფეხის ხმა ისმის. კარს უახლოვდება და შემოდის.
– ჰე, მშვიდად ახლა, მშვიდად, გაკვეთილი იწყება, –ოთახში ნათია მასწავლებელი შემოდის და თავისი მაგიდისკენ მიდის.
– გაბო, დაჯექი შენს ადგილზე, – მეუბნება ღიმილიანი სახით.
– დიახ, მას, – ვპასუხობ და მერხისკენ მივდივარ.
[1] მოთხრობა დაიწერა კონკურსისთვის, სახელად „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის“
© არილი