თარგმანი,  ინტერვიუ,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

ინტერვიუ აირის მერდოკთან – ფიქციის ხელოვნება No 117, ნაწილი პირველი

ესაუბრა ჯეფრი მაიერსი, 1990 წ.

აირის მერდოკი 1919 წლის 15 ივლისს დუბლინში დაიბადა, გაიზარდა ლონდონში. საშუალო განათლება ბრისტოლში ბადმინტონის სკოლაში მიიღო, ხოლო 1942 წელს ოქსფორდში სომერვილის კოლეჯი წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ მუშაობდა სახაზინოში; ინგლისში, ბელგიასა და ავსტრიაში გაერთიანებული ერების დახმარებისა და რეაბილიტაციის ადმინისტრაციაში. 1947–1948 წლებში კემბრიჯში, ნიუნჰემის კოლეჯში  განაგრძო ფილოსოფიის შესწავლა, შემდეგ კი წმ. ანას კოლეჯის თანამშრომელი და მომდევნო წელს უნივერსიტეტში ფილოსოფიის ლექტორი გახდა.

პირველი წიგნი სარტრის შემოქმედების შესახებ 1953 წელს გამოსცა („სარტრი: რომანტიკოსი რაციონალისტი“), ხოლო 1954-ში მისი სადებიუტო რომანი „ბადის ქვეშ“ დაიბეჭდა. მას შემდეგ 24 ტრადიციული რომანი დაწერა, მათ შორის: „სასახლე ქვიშაში“ (1957), „ზარი“ (1958), „შავი პრინცი“ (1973), „სიტყვა ბავშვი” (1975), „ზღვა, ზღვა“ (1978), რომლისთვისაც ბუკერის პრემიით დაჯილდოვდა, „მონაზვნები და ჯარისკაცები“ (1980), „ფილოსოფოსის მოსწავლე“ (1983) და „გზავნილი დედამიწისთვის” (1989).

1956 წელს ინგლისური ლიტერატურის პროფესორზე, ჯონ ბეილზე იქორწინა და 1986 წელს ოქსფორდში გადასვლამდე ოქსფორდშირის მახლობლად, სოფელ სტეპლ ასტონში ცხოვრობდა. 1963 წელს წმ. ანას კოლეჯის საპატიო პროფესორად დასახელდა და მომდევნო 4 წელი ლონდონის ხელოვნების სამეფო კოლეჯშიც ასწავლიდა.

[…]

მერდოკი და მისი ქმარი ჩრდილოეთ ოქსფორდში ცხოვრობენ. კომფორტულად მოუწესრიგებელ ოთახებში წიგნები თაროებზე ვეღარ ეტევა და იატაკზე მაღალ სვეტებადაა დახვავებული. აბაზანაც კი სხვადასხვა ენის გრამატიკის სახელმძღვანელოებითაა სავსე. პირველ სართულზე მისაღები ბაღში გადის. გვერდზე სასმელებით სავსე ბარია – ყვავილების ნახატებითა და გობელენებით, ხელოვნებაზე წიგნებითა და ჩანაწერებით, ქოთნებითა და ძველი ბოთლებით გაფორმებული. დივანზე მოქარგული ბალიშები ალაგია. მეორე სართულზე მერდოკის კაბინეტია, ცხენებისა და ბავშვების ნახატებით დამშვენებული. აღმოსავლურ ხალიჩებზე კი უამრავი ფურცელია მიმოფანტული.

 

შეგიძლიათ, თქვენს ოჯახზე მოგვიყვეთ?

მამაჩემი პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, როგორც ცხენოსანი. ახლა დაუჯერებლადაც ჟღერს, რომ პირველ მსოფლიო ომში კავალერია ჰყავდათ. თუმცა, უეჭველია, ცოცხალი ამის წყალობით გადარჩა – ცხენოსნები წინა ხაზზე არ იბრძოდნენ. ამ თვალსაზრისით, შედარებით უსაფრთხო ომი გამოიარა. დედაჩემიც ამ დროს გაიცნო.

მამაჩემის პოლკი დუბლინთან იყო ახლოს. შვებულებაში ყოფნისას, ეკლესიაში მიმავალი მამაჩემი დედაჩემს შეხვდა. გზა საერთო ჰქონდათ – დედა ეკლესიის გუნდში მღეროდა. ძალიან ლამაზი სოპრანოს ხმა ჰქონდა, ოპერის მომღერლობისთვის ემზადებოდა და, შეიძლება, ეს საქმე ძალიან კარგადაც გამოსვლოდა, მაგრამ თავის ამბიციებზე უარი თქვა და დაქორწინდა. როგორც მოყვარულმა მთელი ცხოვრება გააგრძელა სიმღერა, თუმცა მისი შესანიშნავი ხმის პოტენცია ბოლომდე ვერ რეალიზდა. ლამაზი, სიცოცხლით სავსე და მახვილგონიერი ქალი იყო. მშობლები ერთად ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ. ერთმანეთი ძლიერ უყვარდათ; მეც მიყვარდნენ, იმათაც ვუყვარდით. ასე რომ, ყველაზე ბედნიერი სამეული ვიყავით.

როდის გააცნობიერეთ, რომ გინდოდათ გეწერათ?

ადრეული წლებიდანვე ვიცოდი. ანუ, ბავშვობიდანვე მწერლობა მსურდა. მაგრამ ომმა მომავლის გეგმები არევ-დარია. როგორც კი ბაკალავრი დავამთავრე, როგორც ყველა, მეც გამიწვიეს. არადა, ძალიან მინდოდა ოქსფორდში დავრჩენილიყავი და სადოქტორო ხარისხისთვის სწავლა გამეგრძელებინა. მაგრამ ყველას საკუთარი სურვილები ომისთვის უნდა შეეწირა. საჯარო სამსახურში, სახაზინოში ვიმუშავე რამდენიმე წელი. ომის დასრულების შემდეგ გაეროს დახმარებისა და რეაბილიტაციის ასოციაციაში წავედი და ევროპის სხვადასხვა კუთხეში ლტოლვილებთან ვმუშაობდი.

კომუნისტური პარტიის წევრი იყავით, არა?

დიახ, მცირე პერიოდი სტუდენტობის დროს, დაახლოებით 1939 წელს. სხვების მსგავსად, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს წარმოქმნილი აზრის გამო გავწევრიანდი, რომ ევროპა მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის სახიფათოდ იყოფოდა. ჩვენ კი მემარცხენეთა პოზიცია მხიარულად გვეჭირა. სოციალური სამართლისთვის გვენთო გული. გვჯეროდა, სოციალიზმს მცირე დროში სამართლიანი და კარგი, სიღარიბისა და კონფლიქტისგან დაცლილი სოციუმის შექმნა შეეძლო. თუმცა მალევე გამოვერკვიე ამ ოპტიმისტური ილუზიიდან, ამიტომაც წამოვედი.

ერთი მხრივ, კარგი იყო მარქსიზმზე შიგნიდან დაკვირვება – კარგად დავინახე  რა ძლიერი და საშინელი იდეოლოგიაა, ყოველ შემთხვევაში, როცა ორგანიზებულ სახეს იღებს. თუმცა მასთან ჩემს ასოციაციას შედეგებიც მოჰყვა. ერთხელ ვასარის კოლეჯიდან სტიპენდია შემომთავაზეს.  ამერიკაში წასვლა ძალიან მინდოდა – საოცარი თავგადასავალი იქნებოდა, ომის შემდეგ კი ინგლისში სული მეხუთებოდა. ისეც, ვის არ სურს მოგზაურობა და მსოფლიოს ნახვა. მაგრამ მაკკარანის აქტმა ხელი შემიშალა და ვიზა არ მომცეს. ბერტრან რასელი და მოსამართლე ფელიქს ფრანკფურტერი ჩაერივნენ, ცდილობდნენ გადაწყვეტილების უაზრობა ეჩვენებინათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. დღემდე მოქმედებს, სპეციალური მოწმობა უნდა მოვითხოვო, შტატებში ჩასასვლა თუ მომინდა.

ახლაც?

სიგიჟეა. საჯარო მოხელე მეკითხება ხოლმე, შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ კომუნისტური პარტიის წევრი აღარ ხართ?

ალბათ, ამის გაკეთება ძალიან რთულია.

უზომოდ! მას მერე თითქმის 50 წელი გავიდა!

შეგიძლიათ, მითხრათ, როგორ იწყებთ რომანის წერას, კომპოზიციის აგების რა მეთოდი გაქვთ?

ვფიქრობ, პირველი წინადადების დაწერამდე საჭიროა დეტალური გეგმის გაწერა. ზოგს ჰგონია, უნდა დაწერონ „ჯორჯმა გაღვიძა და მოაგონდა, რომ გუშინ რაღაც საშინელება მოხდა“ და შემდეგ შეხედავენ ამბავი როგორ განვითარდება. მე კი სანამ დავიწყებ, ყველაფერს დეტალურად ვგეგმავ. ზოგად სქემას ვაგებ და ბევრ რამეს ვინიშნავ. თითოეული თავი გაწერილია, ყველა დიალოგი – დაგეგმილი. თავისთავად, ეს პირველი ეტაპია – როგორც წესი, შიშის მომგვრელი, რახან უკან დასახევ გზას არ გიტოვებს. ვგულისხმობ, რომანის წერა დროში გაწელილი სამუშაო და თუ ცუდად დაიწყე, მოგვიანებით ძალიან ინანებ.

მეორე ეტაპზე უნდა გაჩუმდე და აცადო ამბავს თავი თვითონ შეთხზას. ერთ წარმოსახულ დეტალს მეორე მოჰყვება. რაღაც სიტუაციაზე ფიქრობ და უცებ მისი უჩვეულო მახასიათებლები გამოიკვეთება. ყველაფერი მნიშვნელოვანი სიღრმიდან ამოიზრდება და ერთმანეთს უკავშირდება. მათი შერწყმით კი ახალი ელემენტები იბადებიან – გმირები სხვა პერსონაჟებს ქმნიან. ამ დროს მოთმინება უნდა გამოიჩინო და დაიცადო რამდენადაც შეგიძლია. თავისთავად, ამ ყველაფრის ფურცელზე გადასატანას კიდევ სხვა სახის წარმოსახვა და უნარი სჭირდება.

ძალიან ნაყოფიერი რომანისტი ხართ, როგორც ჩანს წერა დიდად გსიამოვნებთ.

დიახ, ნამდვილად, თუმცა, როგორც ყველა სხვა ხელოვნების დარგში, აქაც არის მომენტები, როცა თავდაჯერებულობას კარგავ და სიცარიელეში იჭედები, რაც საშინელებაა. ვერაფერზე ფიქრობ. თუმცა თვითონ წერა ჩემთვის რთული არაა. აგონია ამბის შეთხზვაა.

რომანის დაწყებისას შეუზღუდავი თავისუფლება გაწუხებს. თითოეული არჩევანი სხვა შესაძლებლობებს გიზღუდავს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს რა განწყობაზე ხარ, ყურადღებას რაზე გაამახვილებ. წიგნს თემა უნდა ჰქონდეს. სათაურებს გულდასმით ვარჩევ – ამ თემას უნდა მიემართებოდეს და მის არსს სიღრმისეულად უნდა იტევდეს. სახელებიც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წესი, ჯერ პერსონაჟის გარეგნობა და ხასიათი გამოიკვეთება ხოლმე და შემდეგ უფლის წყალობას უნდა ელოდო, რომ სახელიც გეწვიოს. დიდი დრო ფანჯარაში ცქერაში უნდა გაატარო და უთავბოლო ჩანიშვნები წერო, რომელთა უმეტესობა არც გამოგადგება. მოთმინებით უნდა ელოდო განცდას, რომ  სწორ გზას ადგახარ – მიხვდე, ვისზე და რაზეა წიგნი და როგორია მისი დინამიკა. ასე ჯდომამ და იდეებზე თევზაობამ, შეიძლება, დიდი დრო წაიღოს, ერთი წელი შეიძლება გავიდეს სანამ ფორმას აღმოაჩენ.

შემდეგ უკვე მეორე ოპერაციას – ყველა თავისა თუ დიალოგის დეტალური სინოფსის წერას ვიწყებ.

პირველი რომელი გაფიქრდებათ – სიუჟეტი თუ პერსონაჟები?

მგონი, ერთდროულად. როგორც წესი, თავიდან ორი ან სამი ადამიანი ჩნდება საერთო პრობლემით. შემდეგ შემოდის ამბავი, განსაცდელები, კონფლიქტები, ილუზიიდან რეალობისკენ სვლა, და სულ ესაა. არა მგონია, ავტობიოგრაფიისკენ ვიყო მიდრეკილი. ერთ რომანსაც ვერ ვიხსენებ, რომელიც საკუთარ ცხოვრებაზე დავწერე.

ხელით წერთ?

ოჰ, დიახ, დიახ, დიახ.

კომპიუტერს არ იხმართ?

არა

და შემდეგ მიგაქვთ გამომცემელთან, რომელსაც, ალბათ, გულს უხეთქავს მხოლოდ ერთი ეგზემპლარის არსებობა?

დიახ, დაბეჭდვამდე მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს. ვიცი, ზოგს ტექნოლოგიებთან მუშაობა ურჩევნია, მაგრამ მე პროცესში ძალიან შესწორებას ვაკეთებ. ხოლო ეკრანს რომ ვუყურებდე, ასე მგონია, მასზე სიტყვების ხილვა იმდენად განმაცვიფრებდა, რომ არაფრის შეცვლა მომინდებოდა!

თქვენი ყოველდღიური წერის რუტინა როგორია?

მომწონს მუშაობა და ვმუშაობ, როცა კი დრო მაქვს. მაგრამ სხვა საქმეებიც მაქვს, სარეცხს უნდა მივხედო, პროდუქტები ვიყიდო. საბედნიეროდ, საჭმელს ჩემი მეუღლე ამზადებს. ზოგჯერ ლონდონში მიწევს წასვლა ან მეგობრებს ვნახულობ. სხვა მხრივ, სულ ვმუშაობ. ადრე ვიძინებ და ადრიანად ვიწყებ წერას. მთელი დილა ასე გადის, შემდეგ მაღაზიაში მივდივარ და წერილებს ვპასუხობ. ამას თითქმის მთელი შუადღე მიაქვს. შემდეგ ისევ ვწერ დაახლოებით ოთხის ნახევრიდან 7-8 საათამდე. ასე რომ, სტაბილურად ვმუშაობ თუ თავისუფალი ვარ. და როგორც წესი, ვარ.

დღეში დაახლოებით რამდენ სიტყვას წერთ?

სიტყვების დათვლაზე არც მიფიქრია. ჯობს, არ ვიცოდე.

ცოტა ხსნის წინ პერსონაჟების სახელები ახსენეთ. როგორ ირჩევთ?

თავად ირჩევენ, მე ველოდები. შეცდომა თუ გამეპარა, შეიძლება, ძალიან დავზარალდე. გმირმა თავისი სახელი თვითონ უნდა გამომიცხადოს. მე სიას ვადგენ, ხშირად ახალ გვარებს ვთხზავ. ერთხელ მოვიგონე გავენდერი. მეგონა, ასეთი გვარი არც არსებობდა. შემდეგ ამერიკიდან წერილი მივიღე, ჩვენს ოჯახზე საიდან გაიგეთო. გვარების მოფიქრება სახალისოა. სახელები ძალიან მნიშვნელოვანია, რახან ატმოსფეროს უმეტესად ისინი ქმნიან. რას დაუძახებენ გმირს სხვა პერსონაჟები, ასევე არსებითია.

სხვადასხვა საქმიანობის შესახებ სპეციფიკურ დეტალებს როგორ იგებთ? მაგალითად, ბრუნოსა და მისი ობობას შესახებ, თქვენი ნოველიდან.

ობობები ძალიან მაინტერესებს. ჩემი მეგობრები არიან. ამიტომ მათზე არაერთი წიგნი წამიკითხავს. ასე რომ, ჩემი გატაცება წიგნშიც აისახა.

მაგრამ როცა ღვინის ვაჭრებსა და ჯარისკაცებზე წერთ?

ჩემს ღვინის ვაჭარ მეგობრებს ვთხოვ დახმარებას. ჯარისკაცს რაც შეეხება, ჩემი მაზლი ჯარისკაცია. იარაღების შესახებ ინფორმაციით ჩემი მეუღლე მამარაგებს. მისი გატაცებაა და ადრეული ბერძნული საბრძოლო იარაღებიდან დაწყებული, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით დამთავრებული, ყველაფერი იცის. მეგობრებს შეუძლიათ დახმარება, თუმცა ამის მიღმა წიგნებსაც ჩავხედავ ხოლმე.

ყველაზე რთულ რა ტექნიკურ პრობლემას წასწყდომიხართ?

როგორც ცოტა ხნის წინ ვახსენე, წერის დაწყებას – როგორ და როდის დავიწყო რომანის სტრუქტურის აგება. რთულია, შეუზღუდავი თავისუფლებიდან ვიწრო გალიამდე სვლა – რა ტემპით უნდა იარო და როდის შეჯერდე, წიგნში მთავარი რაა. ამ დროს გიწევს გაითვალისწინო, როგორები არიან პერსონაჟები, რას საქმიანობენ, რისი სწამთ, სადაურები არიან, ერთმანეთთან რა აკავშირებთ და ასე შემდეგ. საწყის წერტილზე უსასრულო შესაძლებლობებში იძირები, ათასგვარად შეგიძლია მათი გამოძერწვა: რა სირთულეებს გადააწყდებიან, ვინ გაიმარჯვებს, ვინ დამარცხდება და ვინ მოკვდება. რაც მთავარია, კარგად უნდა გაერკვიო მათ ღირებულებებში, მორალსა და მორალურ დილემებში. ღირებულებების გარეშე რომანი არ იწერება. ტრადიციულ რომანში პერსონაჟებს მორალური პრობლემები აქვთ, რისი ხორცშესხმაც ყველაზე რთულია.

თქვენ თქვით, რომ „ადამიანი ლიტერატურული პერსონაჟებიდან გამუდმებით იღებს შთაგონებას, რამაც  შეიძლება რეალურად შეცვალოს მისი ქცევა“. შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითი გვითხრათ?

ასე ვთქვი? ღმერთო ჩემო, კონტექსტი სულ არ მახსოვს. თავისთავად, ადამიანს გამოგონილი პერსონაჟები უყვარდება, მათდამი სიახლოვეს გრძნობს. ჩემი ორი საყვარელი პერსონაჟი აქილევსი და მისტერ ნაითლია. რაც აჩვენებს, რამდენად რთულია იმ პერსონაჟთა დასახელება, რომლებიც ზემოქმედებენ პიროვნებაზე. შეიძლება დიკენსის, დოსტოევსკის, ტოლსტოის პერსონაჟებს ვირეკლავდე. პირველ რიგში, ეს მწერლები გამახსენდა – ბრძენი მორალისტი მწერლები, რომლებმაც ასახეს მორალის კომპლექსურობა და თუ რაოდენ რთულია, კარგ ადამიანად ყოფნა.

„სახელმწიფოში“ პლატონი ამბობს, რომ ცუდი პერსონაჟები ცვალებადი და საინტერესოები არიან, კარგები კი – უსიცოცხლო და თითქმის არ იცვლებიან. ეს, რა თქმა უნდა, ლიტერატურულ პრობლემაზე მიუთითებს. რეალურ ცხოვრებაში რთულია იყო კარგი, ხელოვნებაში კი – ასახო სიკარგე. შეიძლება, სიკარგეზე ბევრი არც არაფერი ვიცით. ცუდმა პერსონაჟებმა მხატვრული ლიტერატურიდან, შესაძლოა მათით მოხიბლული ადამიანები გარყვნან. იშვიათი და რთულია კარგმა პერსონაჟმა შთაგაგონოს, მაგრამ მაინც არსებობს ალიოშა „ძმები კარამაზოვებიდან“ და პრუსტის რომანში ბებია. ვფიქრობ, ადამიანზე გავლენას ახდენს ლიტერატურული ნაწარმოებების მთელი მორალური ატმოსფერო, ისევე როგორც ჩვენზე, რომანისტებზე – შექსპირი, რომელიც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იკვლევს მორალურ დილემას, სიკეთესა და ბოროტებას – მათ შორის განსხვავებასა და ბრძოლას. მჯერა, რომ ღრმად რელიგიური მწერალია. თავის პიესებში რელიგიას უშუალოდ არ ასახავს, მაგრამ სულიერების, სიკარგის, თავგანწირვის, შერიგებისა და მიტევების კვალი მის ტექსტებში უდავოდაა. ჩემი ხედვით, ეს საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოვყვეთ ამბები – გამოვიგონოთ პერსონაჟები და გამოვთქვათ  რაღაც დრამატული, თუმცა ამავდროულად  ღრმა სულიერი აზრის მატარებელი.

[…]

© არილი

Facebook Comments Box