ახალი ამბები,  თარგმანი,  ინტერვიუ

ინტერვიუ ანდრეი კურკოვთან – მწერლები უკრაინა-რუსეთის ომზე

ანდრეი კურკოვს, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერალს, ხშირად კომიკოს პროზაიკოსს უწოდებენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ავტორის სიტყვებით, მას „აღარაფერზე ეცინება“.  კურკოვმა ახალ რომანზე მუშაობას თავი ანება და მთელ დროს სატელევიზიო ინტერვიუებს უთმობს, რათა მსოფლიოს აცნობოს თავისი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.

კურკოვის 2018 წლის რომანი „რუხი ფუტკრები“, რომელიც შეერთებულ შტატებში აპრილში გამოიცემა, აღმოსავლეთ უკრაინის 2014 წლის ომს სეპარატისტებსა და უკრაინულ ჯარს შორის ნეიტრალურ ზონაში მცხოვრები ორი მოხუცი კაცის გადმოსახედით აღწერს. ერთი-ერთ მათგანს, როგორც ჩანს, კონფლიქტზე მეტად თავისი ფუტკრების მოვლა უფრო აინტერესებს.

New York Times-თან ინტერვიუში მწერალი „რუხ ფუტკრებზე“, უკრაინულ ლიტერატურაზე ომის სავარაუდო ზეგავლენასა და საკუთარ იმედებზე საუბრობს:

 

კიევში იმყოფებით. ამჟამად ქალაქში რა სიტუაციაა?

ცოტა ხნის წინ თავშესაფარს ვეძებდით. მეზობლებისგან ყვირილი მოგვესმა, რომ საჰაერო თავდასხმა გვიახლოვდებოდა. თავშესაფრის ნაცვლად სასტუმრო „რედისონში“ წავედით და იქ დავრჩით ნახევარი საათი. შემდეგ ჩემი მეგობრის პატარა და არც მთლად საიმედო თავშესაფარში გადავინაცვლეთ. როცა აფეთქებების ხმა შეწყდა, სახლში დავბრუნდით.

სავარაუდოდ, მკითხველთა უმეტესობა თქვენს „რუხ ფუტკრებს“ მიუბრუნდება, ომის წინაპირობებს უკეთ რომ გაეცნოს. რატომ გადაწყვიტეთ თავის დროზე აღმოსავლეთ უკრაინის ომზე დაგეწერათ?

ამ წიგნის დაწერა არ დამიგეგმავს, მაგრამ 2014 წელს კიევში დევნილს შევხვდი დონეცკიდან, რომელიც ყოველთვიურად აკითხავდა და წამლებითა თუ სხვა საჭიროებებით ამარაგებდა ფრონტის ხაზის მახლობლად მცხოვრებ 7 ოჯახს, რომლებსაც არც მაღაზიები ჰქონდათ და არც ელექტროენერგია.

მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ რუსეთისა და უკრაინის ჯარებს შორის ათასობით ადამიანი იყო გაჭედილი, რომლებსაც წასასვლელი არსად ჰქონდათ. სურვილი გამიჩნდა, ამ ხალხისთვის ხმა მიმეცა და მათი ამბები გამეჟღერებინა.

თქვენი წიგნის პერსონაჟებს თითქოს ომი და პოლიტიკა არ აინტერესებთ და მეტად თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე კონცენტრირდებიან.

ადამიანებს მხოლოდ გადარჩენა სურთ. ომს ეგუებიან თუ ეს პირადად არ ეხებათ. ამ დასახლებას სამჯერ ვეწვიე და ვნახე, ბავშვები ხმის მიხედვით გამოცნობანას როგორ თამაშობდნენ, რომელი რაკეტა სად აფეთქდებოდა და რას დაეცემოდა. ომი მათთვის ბანალური ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

როგორც კონფლიქტის ახლო დამკვირვებელი, ელოდით რუსეთის ჯარების შემოჭრას?

ბოლო კვირებამდე არა, არარეალისტურად მიმაჩნდა. შემდეგ შევამჩნიე, რომ უცაბედად პუტინი ძალიან დაბერდა და სტალინივით საუბარი დაიწყო. პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენის ოცნებით ცხოვრობს და ყველა, ვისაც არ უყვარს რუსეთი, მაგრამ ესმის რუსული ენა, მისთვის მოღალატეა. აი, მოღალატეების მოკვლა კი მისი გატაცებაა.

რა გავლენა იქონია 2014 წლის მოვლენებმა ქვეყნის ლიტერატურაზე?

2014 წლამდე უკრაინაში ომის ლიტერატურა არ არსებობდა. ძირითადად იწერებოდა წიგნები სექსზე, ნარკოტიკებზე, როკ-ენ-როლსა და, რა თქმა უნდა, კრიმინალურ ისტორიებზე. ომმა კი შექმნა ვეტერანებისა და მოყვარული მწერლების პარალელური ლიტერატურა. ეს ავტორები, ალბათ, დღეს წინა ხაზზე იბრძვიან.

უკრაინა თუ გადარჩა, მებრძოლი სულისკვეთების ლიტერატურა მომრავლდება, რაც აუცილებლად საერთო ხარისხის გაუმჯობესებას არ ნიშნავს. უბრალოდ, წიგნები მეტად პოლიტიკური გახდება – საბჭოთა ლიტერატურის მსგავსად, მხოლოდ განსხვავებული პროპაგანდითა და პატრიოტული იდეებით.

როგორც ჩანს, ეს გაწუხებთ.

ასეა. რუსი მწერლები ტრადიციულად ხელისუფლებას და მის იდეოლოგიას ემსახურებიან. მაგრამ უკრაინაში ჩვენ ყოველთვის საკუთარი თავისა და მკითხველისთვის ვწერდით. ამდენი წიგნიც, უკრაინის ისტორიის ნაცვლად, სექსს, ნარკოტიკებსა და როკ-ენ-როლსაც ამიტომ მივუძღვენით.

ჟურნალისტებთან საუბრის გარდა, გაზეთებისთვის ესეებსაც წერთ, რათა უკრაინის მდგომარეობაზე სიტყვა გაავრცელოთ. რა გინდათ, რომ New York Times-ის მკითხველებს უთხრათ?

მსურს, ზოგადად აგიხსნათ რა განსხვავებაა რუსებსა და უკრაინელებს, ჩვენს ისტორიას, აზროვნებასა და სამხედრო ძალებს შორის. პუტინი თავისი ამხანაგებით, დღენიადაგ იმეორებს თითქოს ჩვენ ერთი ხალხი ვიყოთ – ძმები, რომლებმაც ერთად უნდა იცხოვრონ. ეს სიცრუეა. ხანგრძლივი ისტორიული გაკვეთილით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ 300 წელი რუსეთის თუ სხვა ნებისმიერი იმპერიისგან უკრაინელი ხალხი დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრობდა.

რა წიგნებს ურჩევდით ჩვენს მკითხველს, რომელიც ცდილობს უკრაინას უკეთ გაეცნონ?

ჩემი საყვარელი მწერლის, მარია მატიოსის წიგნ „ტკბილ დარუსიას“ გირჩევთ, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც უკრაინაში დაწერილა. სიუჟეტი 1920-90-იანი წლების ბუკოვინას ორ სოფელში ვითარდება. საზარელი ამბავია, მაგრამ იმდენად ოსტატურად დაწერილი, რომ ყველა პერსონაჟი შეგიყვარდებათ. ძალიან ემოციური და ძლიერი წიგნია.

ახლა რას იმედოვნებთ, მოვლენები როგორ განვითარდება?

ერთადერთი სურვილი მაქვს, მსოფლიომ პუტინის შეჩერების გზა მოძებნოს. ის უკრაინელებს არ შეგვეშვება, სანამ ჩვენს ქვეყანას არ გაანადგურებს და სახელმწიფო დამოუკიდებლობას არ მოსპობს. ეს თუ მოხდა, მოსახლეობის ნახევარი ქვეყანას დატოვებს, აქ კი ყველაფერს, ბოლშევიკების მსგავსად, მიწასთან გაასწორებენ.

 

უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაზე კომენტარი რუსმა მწერალმა, ბორის აკუნინმაც გააკეთა: „ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ პუტინი ამ აბსურდულ ომს წამოიწყებდა – მოვტყუვდი. ყოველთვის მწამდა, საბოლოოდ გონიერება გაიმარჯვებს-მეთქი, აქაც შევცდი. სიგიჟემ გაიმარჯვა.“

მიმდინარე მოვლენებისადმი შეერთებული შტატების პოზიციას ამერიკელ ავტორი სტივენ კინგი გამოეხმაურა: „უმეტესობა ჩვენგანმა ბავშვობაში სათამაშო მოედანზე ისწავლა, რომ თუ პატარას დიდი ჩაგრავს, გულხელდაკრეფილმა კი არ უნდა უყურო, არამედ მჩაგვრელს ერთი-ორი მუშტი უნდა უთავაზო, სანამ არ გაჩერდება. ესაა სწორი ქმედება.“

© არილი

Facebook Comments Box