ახალი ამბები,  ესე

ქართული ლიტერატურის წითელი სუდარა

ელენე ფილფანი

„მათი დახვრეტა ეს არის სურვილი და მოთხოვნა ქართველი ხალხისა, ჩენი ქვეყანა იწმინდება გარეწრებისა და მზაკვრებისგან.“ (1937 წლის მწერალთა აქტივის კრება)

 

ლიტერატურას ძალუძს ტოტალიტარულ რეჟიმს ძირი გამოუთხაროს, საზოგადოებას გულაგებიდან დღის სინათლეზე გამოტანილი სიმართლისთვის თვალის გასწორება აიძულოს და ლამაზ ტყუილში ცხოვრება შეუძლებელი გახადოს. მაგრამ რა შეუძლია მხოლოდ იარაღს, როცა დახვრეტილი ჯარისკაცები მიწაზე ყრიან ან სუსხიან ციმბირში იყინებიან.

101 წლის წინ საქართველოს ხანმოკლე სუვერენობას თან გაჰყვა ქართული სიტყვა – უფლება, ჩვენი ამბავი და ისტორია მოგვეთხრო. ჯერ კიდევ როცა სულ ახალი დაწყებული გვქონდა მოდერნული სახელმწიფოს შენება, წითელმა არმიამ საძირკველშივე შეგვიკრა ხელ-ფეხი და არ გვაცადა თანამედროვე ქართველის იდენტობა შემოგვეწერა. მის ნაცვლად თავს ფსევდო-ნაციონალური იდეები მოგვახვია, გაგვაყალბა, გაგვამარტივა, დაგვამახინჯა. ხოლო ხალხი, რომელსაც შეეძლო სიმართლის მოყოლა, სასიკვდილოდ გაწირა.

მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე, განსაკუთრებით პირველ რესპუბლიკაში, ქართული კულტურული ცხოვრება და მასთან ერთად მოდერნული ლიტერატურა ნელ-ნელა ფეხს იდგამდა. მულტიკულტურული თბილისი ეტაპობრივად კავკასიის, და არა მარტო, ავანგარდის ცენტრად ყალიბდებოდა, სადაც სხვადასხვა ეროვნების მწერალი, მხატვარი თუ მუსიკოსი იკრიბებოდა. „ძველად ამბობდნენ, ყველა გზა რომში მიდისო. ახლა ეს ანდაზა უნდა შეიცვალოს, რადგან დღეს ყველა გზა საქართველოში მოდის,“ – წერდა გაზეთი „ეშმაკის მათრახი“.

„თბილისი გახდა პოეტების ქალაქი. კაფე „ინტერნაციონალში“ იგი კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. კიდევ მეტი: გაიძახოდნენ – პოეზია მარტო თბილისშიაო. პაოლო იაშვილი სწორედ ამ ხანებში თავს დაეცა ტფილისს, როგორც არტურ რემბო პარიზს. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა მან, რომ ტფილისის აღება ბოჰემით და ლექსით უფრო ძნელია, ვიდრე პარიზის… ქვეყანა მართლაც იქცეოდა და მხოლოდ ტფილისი იყო ერთადერთი ქალაქი, რომელიც ასეთ „ქცევას“ პოეტური მღერით ხვდებოდა… ტფილისი შეიქმნა ფანტასტიკური…“ (გრიგოლ რობაქიძე)

25 თებერვალს კი პოეზიის სიმღერა ტყვიის ხმამ გადაფარა, ხოლო 1937-38 წლებში გააყრუა და დაამუნჯა ქართული ინტელიგენცია. მწერლები იქცნენ „მოღალატე ჯაშუშებად“, „ფაშისტებად“, „დივერსანტებად“, „ტროცკის დამქაშებად“, „კლასობრივ მტრებად“, „ტერორისტებად“… ჩანაწერების მიხედვით, ქართული საზოგადოება ლიტერატურულ სალონებში მათ ლექსებს კი არა, ლავრენტი ბერიას გამოსვლებზე დახვრეტის ბრძანებას უკრავდა ტაშს. გადაასახლეს, „შეიპყრეს, გაანადგურეს და მოსპეს.“ თვითმკვლელის სულიც არ მოასვენეს – „პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტრის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი…“ (საქართველოს კომუნისტური პარტიის ბიუროს სხდომა 23 ივლისი, 1937წ)

„საბჭოთა მწერალი, პირველ რიგში, ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს საბჭოთა ხელისუფლებას, სოციალისტურ სამშობლოს, ლენინისა და სტალინის პარტიას მიუძღვნის. მას უნდა უყვარდეს საბჭოთა ხალხი, საბჭოთა სამშობლო და ღრმად სწამდეს მისი ძალა და ძლიერება. ის მართალი და გულწრფელი უნდა იყოს თავის შემოქმედებაში, მან უნდა განამტკიცოს და გააფართოოს კავშირები მუშათა ფართო ფენებთან.“ (1937 წლის საქართველოს კომუნისტური პარტიის X ყრილობა)

საბჭოთა წარსულგამოვლილები დღესაც ბოლომდე ვერ გადავეჩვიეთ ყალბ გულწრფელობას, ნელ-ნელა ვიშორებთ თავსმოხვეულ ფსევდო-ნაციონალურ იდენტობას, თუმცა სრულად ჯერაც ვერ გავუთამამდით საკუთარი ისტორიების თხრობას. ძალადობით შეჩერებული საქმე ახლა გრძელდება. თვითგამორკვევის გზაზე კი, აუცილებელია, კარგად გვესმოდეს, რა წაგვართვა წითელმა ტერორმა, რომ ვეღარავინ ვეღარ დაგვწამოს, თითქოს ტაშს ვუკრავთ გარეწრობასა და ავაზაკობას.

კოლექტიურ მეხსიერებაში ამ პერიოდის შესახებ ცოდნის გაღრმავებას ემსახურება „რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმიც“, რომელიც მალე მწერალთა სახლში გაიხსნება და იმ ხალხის ისტორიებს მოჰყვება, რომელიც თავის დროზე არ შეუშინდა ქართული სიტყვა გაეჟღერებინა.

© არილი

Facebook Comments Box