ესაუბრა თაკო წულაია
თემო რეხვიაშვილი წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში პრემია „საბას“ ლაურეატია. გამარჯვებული წიგნი „კურიერის ამბები“ რეალური ადამიანებისა და მოვლენების შესახებ მოგვითხრობს და ავტორის პერსპექტივით გვიჩვენებს სინამდვილეს. წინამდებარე ინტერვიუში თემო რეხვიაშვილი საუბრობს მის ცხოვრებაში ხელოვნების როლსა და ყხდპ-ს შესახებ. გვიამბობს იმასაც, რა ნიშნითაა შერჩეული რომანში მოთხრობილი ამბები და როგორი რეაქცია ჰქონდათ მის მეგობრებს, რომლებიც ტექსტში ვერ მოხვდნენ.
თქვენს პოეტურ ჯგუფზე საუბრით დავიწყოთ. როგორ შეიქმნა “ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული პოეზია”?
თავდაპირველად მე და გვანცა ენუქიძე ვერთობოდით და გავაკეთეთ დახურული ფეისბუქ ჯგუფი, მაგრამ ჩვენ ყხდპ არ შეგვიქმნია, ყხდპმ შეგვქმნა ჩვენ.
“ყხდპ” რომანში მოთხრობილ ამბებს შორის გვხვდება ჩანართებად. რა ფუნქცია აქვს ამ ლექსებს, როგორ მოხვდა “კურიერის ამბებში”?
თავიდან, როცა „კურიერის ამბები“ ბლოგებად ქვეყნდებოდა, უბრალოდ მინდოდა, ერთ-ერთ ნაწილში ყხდპზე მომეთხრო და რაღაც ლექსები გამესაჯაროებინა. შემდეგ, როდესაც წიგნად გადამუშავება დავიწყე, მომეჩვენა, რომ ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ ამბებს კიდევ „რაღაც“ ჭირდებოდა, რაც უფრო შეკრავდა წიგნს.
ამიტომ თავებს შორის „კურიერის ამბებამდე“ ბევრად ადრე დაწერილი, ყხდპს ლექს-სერიალი ჩავსვი, რომელიც მახათასმთელი მიხეილ მახათელის ცხოვრებაზეა და რომელსაც დასაწყისი და დასასრული აქვს. ვიფიქრე, რომ ასე შედარებით გამართული იქნებოდა თხრობა.
ამ ლექსებზე ამბობთ, რომ ცდილობდით, “გადაუპრანჭავი” და “ხელმისაწვდომი” ტექსტები გეწერათ. თქვენი რომანის ენაც ასეთია – მეტაფორებისგან დაცლილი და იოლად გასაგები ნებისმიერი მკითხველისთვის. რატომ გადაწყვიტეთ ასე წერა? თემატიკამ და სათქმელმა განაპირობა თქვენი არჩევანი თუ წერის სტილია, რომელსაც სხვა ტექსტებშიც შეინარჩუნებთ?
სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია, ალბათ, იმან განაპირობა, რომ მთხრობელი კურიერად მომუშავე მსახიობია. შესაბამისად, ვცდილობდი, დაახლოებით ისე დამეწერა, როგორც მე თვითონ ვლაპარაკობ. ერთადერთი, რასაც ვითვალისწინებდი, სიტყვების რაოდენობა იყო. ლაპარაკის დროს, როდესაც ისტორიას ჰყვები, უამრავ ისეთ რამესაც ამბობ, რაც წერისას უკვე ზედმეტია და არ გჭირდება ანდა პირიქით, ზოგჯერ ისეთი რამე უნდა დაწერო, რაც ზეპირი მოყოლისას საჭირო სულაც არ არის. სხვა ტექსტებში არ ვიცი, რას და როგორ გამოვიყენებ, ალბათ ყველაფერი ერთად განაპირობებს წერის სტილს.
თქვენს რომანში რეალური ადამიანები მოხვდნენ თავიანთი სახელებით, ისტორიებითა და დიალოგებით. მეგობრებისა და ნაცნობების პერსონაჟებად ქცევა რა პროცესია, როგორ ინარჩუნებთ მათი სახეების ავთენტურობას? თავად რა რეაქცია ჰქონდათ, როცა წიგნის გმირებში საკუთარი თავი ამოიცნეს? |
წიგნში ბევრი ჩემი ნაცნობი თუ მეგობარია, თავიანთი სახელებითა და გვარებით. ზოგი მათგანის ხსენება ამბის თხრობას სჭირდებოდა, ზოგიერთის დასახელება კი, ერთი შეხედვით, თითქოს არც იყო საჭირო, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს. წიგნში ხსენებით მათი სახეების ავთენტურობის შენარჩუნებაზე ან პერსონაჟებად ქცევაზე საერთოდ არ მიფიქრია, პირიქით, მათ ვიყენებ ქალაქის ავთენტურობის შესანარჩუნებლად. ქალაქი მარტო ქუჩები და შენობები ხომ არ არის, ქალაქს ასევე იქ მცხოვრები ადამიანები გამოხატავენ. შესაბამისად, ადამიანები თბილისის აღწერისთვის „დამჭირდნენ“. ყველას სხვადასხვა ემოცია ჰქონდა, უფრო ჩემი იმ მეგობრების ემოციები მახსოვს, რომლებიც წიგნში ვერ მოხვდნენ – მე რა პონტში არ მახსენეო.
რომანში წერთ, ძალიან ბევრი სიძულვილი დაგვიგროვდა ყველასო. რა არის ამ სიძულვილის წყარო? დაჯილდოების ცერემონიაზეც და რომანშიც ხაზი გაუსვით სოციალურ პრობლემებს, კიდევ რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ რეალობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც “კურიერის ამბების” მთხრობელს სიძულვილით ავსებს?
ახლა ერთი რამე გავიფიქრე, თემურ ჩხეიძე ხშირად გვეუბნებოდა ხოლმე ლექციების დროს, მგონი, თუ არ ვცდები, ჩეხოვს უთქვამს რაღაც ასეთი (სიტყვასიტყვით ვერ ვციტირებ), რომ სევდა სიხარულის მოთხოვნილებააო, სევდიანი იმიტომ ხარ, რომ ძალიანაც გინდა, ბედნიერი იყო, მაგრამ ვერ გამოგდისო. ჰოდა, ეგ გავიფიქრე, რომ სიძულვილით სიყვარულის ნაკლებობა გვავსებს ხოლმე. დანარჩენს, როგორც აღნიშნეთ, რომანშიც და ცერემონიაზეც ხაზი გავუსვი.
რამდენად ტრანსფორმირდა რეალური დიალოგები ტექსტში? მაგალითად, მოპედის მოპარვის შემდეგ დაკითხვის კომიკურ ეპიზოდში, სად მთავრდება დოკუმენტური სიზუსტე? ცოტა უცნაურია, რომ მთხრობელი სადაც უნდა მივიდეს, პოლიციელი იქნება თუ ხელოსანი, ყველა ფილმებსა და თეატრზე ელაპარაკება და ამავე დროს, ძალიან გემოვნებიანიცაა.
მადლობა ამ შეფასებისთვის.
უცნაურია? არ ვიცი. მსახიობობა ხომ ჩემი პროფესიაა, ჩემთვის ბუნებრივია, რომ სადაც მივალ, თეატრზე ან კინოზე მესაუბრებიან. მეც ხშირად ვეკითხები ხოლმე ახალგაცნობილ ადამიანებს თავიანთ პროფესიებზე.
რეალურ დიალოგებს თუ ზუსტად, სიტყვასიტყვით გადმოიტან ტექსტში, არაბუნებრივი გამოდის. ის ოდნავ უნდა შეცვალო, რომ სინამდვილეში როგორც იყო, ის სიტუაცია დაიჭიროს. დაკითხვის ეპიზოდი კი სინამდვილეში ბევრად უფრო აბსურდული იყო, ვიდრე ტექსტშია. პირიქით, რაღაც დიალოგები, რაც მართლა იყო, ტექსტში არ დავწერე, დაუჯერებელი გამოვიდოდა, არადა სინამდვილეში მოხდა. მოკლედ, ძალიან რთული და საინტერესო პროცესია.
კურიერისა და მსახიობის მრავალფეროვანი ცხოვრებიდან, როგორ შეარჩიეთ კონკრეტული ამბები? ისინია მოთხრობილი, რომლებიც საკითხავადაა საინტერესო თუ ის ამბები, რომლებიც თქვენს სათქმელს უკეთ გამოხატავს?
არც ერთი და არც მეორე. სპოილერი გამომდის, მაგრამ წიგნის ბოლოს ნიკ ქეივი მღერის სიმღერას „weeping song”, ამ სიმღერაში ის სვამს კითხვას, რატომ ტირიან ადამიანები? ამბებიც ამ ნიშნითაა შერჩეული – ცრემლებით. თითქმის ყველა თავში მთავარ პერსონაჟს სხვადასხვა მიზეზით ცრემლები მოსდის, ბოლოს ამ ამბებს ერთი დიდი ტირილი აერთიანებს, სიმღერის ფონზე. ჰამბურგში გადამხდარი ამბავი კი იმ ნიშნით არის შერჩეული, რომ ადამიანი შენობას ეძებს და უჭირს მიგნება, ეს ამბავი ჩემთვის ყველაზე მეტად „კურიერულია“.
კურიერობა და მსახიობობა – რა აქვს საერთო ამ პროფესიებსა და გამოცდილებებს?
ისე, ზოგადად, ყველა პროფესიას დააკავშირებ ერთმანეთთან, მსახიობობას მითუმეტეს. ახლაც რომ მოვინდომო, რამეს მოვიფიქრებ, მაგრამ პრანჭიაობა იქნება და მეზარება. ორივე საქმიანობა რთულია ნამდვილად.
როგორც დაჯილდოებისას აღნიშნეთ, საქართველოდან მიდიხართ. რა გეგმები გაქვთ შემოქმედებითი კუთხით? კიდევ უნდა ველოდოთ თქვენგან წიგნებს? გარდა სოციალური პრობლემებისა და დოკუმენტური ამბებისა, რომელი თემები გაინტერესებთ, როგორც ავტორს? რაზე წერა მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად?
უკვე წასული ვარ და რამდენიმე თვეში დავბრუნდები და ჩემი შემოქმედებითი გეგმებიც თეატრალურ კომპანია „ჰარაკს“ დაუბრუნდება. წიგნებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი იდეა მაქვს და ბევრი რამის წერა დაწყებული და შუა გზაზე მიტოვებული. ვფიქრობ, ეს იმიტომ მემართება, რომ სულ „კაი დასაწყისის“ მოფიქრებისკენ მქონდა ტვინი მიმართული. ახლა ვცდილობ, ჯერ ფინალი მოვიფიქრო, როგორი იქნება („კურიერის ამბების“ შემთხვევაში გამიმართლა და პირველივე წინადადებიდან ვიცოდი) და წერას მერე დავიწყებ ან, შეიძლება, მანამდეც დავიწყო, ვინ მიშლის. ყველა თემა მაინტერესებს, თუ ამბავი საინტერესოა და წერაც ნებისმიერ თემაზე მნიშვნელოვანია, უბრალოდ, მთავარია – როგორ.
ზოგადად, რას ფიქრობთ ლიტერატურის ფუნქციაზე თანამედროვე სამყაროში? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ავტორის თვითგამოხატვა, რეფლექსია აწმყოზე თუ გამოცდილებების გაანალიზება? რა როლს ასრულებს ტექსტები პირადად თქვენთვის? რომელ ავტორებს აქვთ განსაკუთრებული გავლენა, ვისი შემოქმედება და სამყაროს აღქმაა ყველაზე ახლოს თქვენთან?
თანამედროვე სამყაროში რა ფუნქცია აქვს, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, ჩემთვის კი ლიტერატურას, სპექტაკლებისა თუ ფილმების ნახვას, მუსიკის მოსმენას, გამოფენებზე სიარულს და, საერთოდ, ხელოვნებით არსებობას, პირველ რიგში, გადარჩენის ფუნქცია აქვს. აუცილებლად მჭირდება.
არ ვიცი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წერისას. ვერც ამაზე გიპასუხებთ.
ავტორებს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში რაც წავიკითხე, ქეთი ნიჟარაძის „ავტოპორტრეტმა“ იქონია ჩემზე განსაკუთრებული გავლენა და სიახლოვე ვიგრძენი მის აღქმასთან. ცოტა ხნის წინ გამოსცა გამომცემლობა „მელანმა“ მისი წიგნი და ჰარაკში პერფორმანსი და პრეზენტაციაც გავმართეთ.
© არილი