ინტერვიუ

ინტერვიუ  კატია ვოლტერსთან – ენდეთ „მგრძნობიარე მთხრობელს“

ესაუბრა თაკო წულაია

ნობელიანტი მწერლის, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა“ პირველად 2014 წელს გამოიცა. პოლონურიდან ქართულად კი კატია ვოლტერსმა თარგმნა 2021 წელს. 2022 წელს კატია ვოლტერსი წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში სწორედ ამ რომანისთვის დაჯილდოვდა და პრემია „საბა“ გადაეცა. მასვე ეკუთვნის ტოკარჩუკის მოთხრობების კრებულის „შოტლანდიური თვე“ თარგმანი.

წინამდებარე ინტერვიუში მთარგმნელი საუბრობს იაკობ ფრანკზე, ისტორიულ პირსა და რომანის მთავარ გმირზე; თანამედროვე მკითხველისთვის ამ რომანის მნიშვნელობაზე; განმარტავს, რატომაა „წიგნები იაკობისა“ თარგმანების შესახებ და გვიზიარებს, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვისა და თარგმნის პროცესში მისთვის, როგორც მთარგმნელისა და მკითხველისთვის. ინტერვიუში წაიკითხავთ იმასაც, რა თავისებურებებით გამოირჩევა ამ რომანის სხვა ენაზე შესრულებული თარგმანი და რა უნდა გაითვალისწინოს მკითხველმა, რომელიც მის წაკითხვას აპირებს. ინტერვიუს დასასრულს გაიგებთ, ამჟამად რაზე მუშაობს კატია ვოლტერსი და ოლგა ტოკარჩუკის რომელი ნაწარმოებების თარგმანებს უნდა ველოდოთ ახლო მომავალში.

რის შესახებ მოგვითხრობს ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა“? ვინ არის რომანის ცენტრალური ფიგურა და როგორია ისტორიული ვითარება, რომელშიც მას ვეცნობით?

რომანის მთავარი გმირი ერთობ სადავო ისტორიული პირი იაკობ ფრანკია. ის 1729 წელს დაიბადა პოლონურ კოროლუვკაში და ერთთათვის ახალი მესია იყო, ხოლო მეორეთათვის – შარლატანი და ერეტიკოსი. ებრაელმა იაკობ ფრანკმა რამდენჯერმე გამოიცვალა რწმენა. ის ჯერ მუსულმანი გახდა, შემდეგ კი, მის მიმდევრებთან ერთად, კათოლიკურად მოინათლა. თავისი ცხოვრების მანძილზე მან მოიარა ოსმალეთისა და ჰაბსბურგების იმპერიები, ბოლოს გერმანიაში, მაინისპირა ოფენბახში დაფუძნდა და იქვე გარდაიცვალა და დაიკრძალა. იაკობ ფრანკი ის ადამიანია, რომელსაც გამუდმებით საზღვრების გადალახვა უწევს კულტურებს, ენებსა და სარწმუნოებებს შორის. მისი საყვარელი სიტყვაა „უცხოობა“ ან „უცხო“. თავისი ცხოვრებით, მიღებული გადაწყვეტილებებითა და ჩადენილი ქმედებებით ის აცვიფრებს არა მარტო მის თანამედროვეებს, არამედ დღევანდელ მკითხველსაც.

მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ერთი ადამიანი იშვიათად აკეთებს დიდ საქმეს. მის უკან ხილულად თუ უხილავად ყოველთვის დგას სხვა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. ჩვენს შემთხვევაში იაკობ ფრანკის ისტორია მის მიმდევართა, ფრანკისტთა ისტორიაცაა და ასევე ორთოდოქსი ებრაელებისა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, ფრანკისტებს გაემიჯნონ. რომანი მოგვითხრობს პოლონელ დიდგვაროვნებზე – შლიახტაზე და კათოლიკურ კლერუსზე/სამღვდელოებაზე, ქალებზე – ცოლებზე, დებზე, ქალიშვილებზე, ნათელმხილველებსა და პოეტებზე.

რომანის მოქმედების დრო XVIII საუკუნის მეორე ნახევარია – 1772 წელს პოლონეთის პირველ დაყოფამდე და მის შემდგომ. თხრობა 1750 წელს იწყება და  XIX საუკუნის დასაწყისში მთავრდება. მკითხველი რომანის გმირებთან ერთად მოგზაურობას იწყებს რეჩ-პოსპოლიტაში, სახელმწიფოში, რომელიც 1569 წელს პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი სამთავროს გაერთიანების შედეგად შეიქმნა და შესაბამისად ამ სახელმწიფოსა და მასში მიმდინარე პროცესებს, ძირითადად, მისი ებრაელი მოსახლეობის გადმოსახედიდან აკვირდება. რომანი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ებრაელების ხვედრზე მოგვითხრობს და ამ თხრობას ფონად გასდევს მათი უკვე მერამდენედ გაცამტვერებული სამყაროს სურათები. ეს რომანი მხოლოდ ისტორიული რომანი არ გახლავთ. მისი ავტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ოლგა ტოკარჩუკი იაკობ ფრანკისა და ფრანკისტების ცხოვრების აღწერით დღევანდელ სამყაროს თავის ისტორიულ სარკეში ახედებს. რომანი, მართალია, XVIII საუკუნის მოვლენებს აღწერს, მაგრამ ის დღესაც ძალიან აქტუალურია და საერთოდ, ალბათ, გაცილებით უფრო აქტუალური, ვიდრე ის გამოქვეყნების დროს, კერძოდ კი, 2014 წელს იყო.

იაკობ ფრანკი ძალიან საინტერესო და წინააღმდეგობრივი ფიგურაა. თქვენი, მთარგმნელის დაკვირვებით, მაინც ვინ არის ის და რით გამოირჩევა, როგორც ლიტერატურული ქმნილება და არა ისტორიული პირი?

კითხვაზე, თუ ვინ არის ჩემთვის, მთარგმნელისთვის, იაკობ ფრანკი, როგორც ლიტერატურული გმირი, არ გიპასუხებთ და, რა თქმა უნდა, დავასაბუთებ – რატომ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ იაკობ ფრანკი ძალიან საინტერესო და წინააღმდეგობებით, ურთიერთგამომრიცხავი უკიდურესობებით აღსავსე გმირია. ავტორმა განიზრახა და ზედმიწევნით კარგად გაართვა თავი დავალებას (მისი ლიტერატურული ნიჭის ერთ-ერთი გამოვლინებაც სწორედ ეს გახლავთ), შეექმნა იაკობ ფრანკის იმდენად მრავალწახნაგოვანი და ამავდროულად ენიგმატური პორტრეტი, რომ თითოეულ მკითხველს საშუალება მისცემოდა, თავისებურად აღექვა ის, ყველას თავისი აზრი შეჰქმნოდა იმაზე, თუ ვინ იყო ეს ადამიანი და რა როლი ითამაშა მან არა მარტო ებრაელი ერის, არამედ ევროპისა და არანაკლებად – კაცობრიობის ისტორიაში. მოგეხსენებათ, ეს დიდი ლიტერატურის ერთ-ერთი მახასიათებელია. კარგი მწერალი მკითხველს იშვიათად აძლევს ამა თუ იმ გმირისა თუ მოვლენის შემეცნებისთვის მზა ფორმულას. მკითხველს ასეთი წიგნიდან გამოაქვს იმდენი, რამდენის აღქმა და გამოტანაც შეუძლია.  მე არ მსურს, წინ გადავუდგე ავტორის ჩანაფიქრს, მკითხველს ჩემი თვალით დანახულ იაკობ ფრანკზე მოვუთხრო და პირველაღმომჩენის აღტაცებით მოგვრილი სიამოვნება წავართვა მას.

რა განაპირობებს იმას, რომ ეს წიგნი სხვადასხვა ეროვნების მკითხველისთვის არის საინტერესო? კონკრეტული ისტორიული პერიოდის შესახებ წერა როგორ იქცევა უნივერსალური გამოცდილებების ამსახველ პროცესად? ეს პროცესი მხოლოდ მხატვრული თვალსაზრისით არის ღირებული თუ შემეცნებითიცაა?

ამ წიგნზე მუშაობის პროცესში, ოლგა ტოკარჩუკსაც მრავალჯერ დაუსვამს კითხვა საკუთარი თავისთვის – ზედმეტად ლოკალურ ამბავს ხომ არ აღწერდა და რამდენად დააინტერესებდა ის მკითხველთა ფართო მასებს, მაგრამ როდესაც წერა დაასრულა, აღმოჩნდა, რომ მან დაწერა წიგნი ისეთი ზოგადსაკაცობრიო გამოცდილებების შესახებ, როგორებიცაა: გადაადგილება, ემიგრაცია, გაქცევით თავის შველა, ახალ საცხოვრებელ გარემოსთან ასიმილაციის აუცილებლობა და სხვ. და, ზოგადად, თუკი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ დედამიწაზე მცხოვრები ხალხების ისტორიას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ყველგან გხვდება ძველის ნებაყოფლობით თუ იძულებით დატოვებისა და ახალთან შეგუებისა და უცხოობის ასპექტები. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი პოდოლიელ ებრაელებზე მოგვითხრობს, მასში შეიძლება მოიაზრებოდეს სამყაროში არსებული ყველა ლტოლვილი და ემიგრანტი. დღეს კი, როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს, როდესაც თუნდაც ამ ქვეყნიდან უამრავი ლტოლვილი მიაწყდა მათთვის უცხო ქვეყნების საზღვრებს, „წიგნები იაკობისა“ განსაკუთრებით აქტუალური გახდა. როგორ დავიმკვიდროთ თავი ახალსა და ჩვენთვის უცნობ საზოგადოებაში, როგორ შევინარჩუნოთ მასში ჩვენი ენა, ჩვენი რწმენა და ღმერთი, მოვახერხებთ თუ არა ამას და რის ფასად დაგვიჯდება ეს ასიმილაცია, სწორედ ეს,  დღესდღეობით ყველაზე აქტუალური თემებია ნობელიანტი მწერლის ამ რომანში განხილული.

ეს წიგნი, როგორც ყველა ღირებული ლიტერატურული ნაწარმოები, მასში განხილული ზოგადსაკაცობრიო თემებითაც არის აქტუალური. რომანზე მუშაობისას, ამბობს მწერალი, ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს, გვგონია, თითქოს სრულიად განვსხვავდებით მათგან, ვისაც სხვა ისტორიულ ეპოქაში ან სხვა ტერიტორიებზე მოუწიათ ცხოვრება, ვხვდებოდი, რომ განსხვავებული რწმენისა და ეროვნების ადამიანთა მიკროკოსმოსის აღწერით რაღაც ძალიან დიდსა და ეგზოტიკურს შევეჭიდე და მეშინოდა, რომ გამიჭირდებოდა მასთან გამკლავება, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ლიტერატურულ სივრცეში ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ – უბრალოდ, ადამიანები.

მწერალს უნდა, რომ მისი რომანის გმირები, იქნებიან ეს პოდოლიელი ებრაელები, პოლონელი დიდგვაროვნები თუ სასულიერო პირები, მკითხველისთვის ახლობელ ადამიანებად იქცნენ თავიანთი ნაკლითა და ღირსებით.

შეუძლებელია არაფერი ვთქვათ რომანის შემეცნებით ღირებულებაზე. არა მარტო ქართველმა, პოლონელმა მკითხველმაც ცოტა რამ იცოდა რომანში აღწერილი ტერიტორიის, კერძოდ კი პოდოლიეს, მაშინდელი აღმოსავლეთ პოლონეთისა და დღევანდელი დასავლეთ უკრაინისა და მისი ისტორიის შესახებ. მართალია, ამის თაობაზე ინფორმაციას კიდევ ერთი პოლონელი ნობელიანტის, ჰენრიკ სენკევიჩის ნაწარმოებებშიც ვხვდებით, მაგრამ სენკევიჩი აქაურ მრავალეროვან მოსახლეობაზე მხოლოდ გაკვრით საუბრობს, იაკობის წიგნებში კი ჩვენ  „უხილავ“ მოსახლეობას, მათ ყოველდღიურობას და ზნე-ჩვეულებებს დაწვრილებით ვეცნობით. როგორც წიგნის გარეკანიდანვე ვიგებთ, ჩვენ ვმოგზაურობთ შვიდი ქვეყნის საზღვართა გავლით ხუთ ენასა და „მცირეთა“ ჩაუთვლელად სამ რელიგიაში. თუ გოეთეს დავუჯერებთ, გონებაგახსნილი ადამიანი საუკეთესო განათლებას სწორედ მოგზაურობის დროს იღებს. იაკობის წიგნები მხოლოდ ჩვენს გეოგრაფიულსა და ისტორიულ ცოდნას არ აღრმავებს. ჩვენ მასში ვეცნობით თუნდაც კაბალას – ებრაელთა ეზოთერულ ცოდნისა და პრაქტიკის, მათეულ კოსმოგონიის საფუძვლებსა და არა მარტო ებრაელების, არამედ რამდენიმე სხვა, ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ერის უამრავ კულტურულ თავისებურებას, რომლებიც წიგნის ავტორმა ყურადღებით გამოიკვლია, შეისწავლა და საინტერესოდ მოგვაწოდა.

გარდა იმისა, რომ „წიგნები იაკობისა“, მე-18 საუკუნის პოლონეთს და მაშინ მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს ეხება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა რომანი თარგმნის შესახებ. მკითხველისთვისაც გასაგები რომ გახდეს, განვმარტოთ, რატომაა ასე.

რა არის თარგმნა? თარგმნაც საზღვრების გადალახვაა. სხვისი მონათხრობის ერთი ენიდან მეორეში გადატანის, ერთი ისტორიული კულტურის მეორისთვის გასაგებად ახსნის მცდელობა. თარგმანი ტრანსგრესიის (ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში ბიოლოგიური, პიროვნული საზღვრების, საზოგადოების მიერ დაწესებული საზღვრების, საზოგადოებრივი, უპირველეს ყოვლისა კი, მორალური ნორმების დარღვევა) ერთ-ერთი ხელსაწყო-იარაღია.

თავად ოლგა ტოკარჩუკი, რომელმაც თარგმანს, მის არსსა და მნიშვნელობას, რამდენიმე სერიოზული ესე მიუძღვნა, არ აღიქვამს მას, ნაწარმოების მხოლოდ ერთი ენიდან მეორეში გადატანის პროცესად. ის მას ერთი ჩამომავლობის, ეპოქის, კულტურის ადამიანთა გამოცდილების სხვა ადამიანთათვის მიტანის მცდელობად მიიჩნევს. აქ მინდა გავიხსენო ჩემი გერმანელი კოლეგის, ლოთარ კვინკენშტაინის, ძალიან სწორი მიგნება, როდესაც ერთ-ერთი საუბრის დროს მან გაგვახსენა, რომ პოლონურ ენაში ზმნებს „თარგმნას“ (przetłumaczyć) და „ახსნას“ (tłumaczyć) ერთი და იგივე ფუძე აქვს. სწორედ ამიტომ, ოლგა ტოკარჩუკს არ ეშინია, რომ უცხო ენაზე თარგმნისას მისი რომანი „რამეს დაკარგავს“. პირიქით, ის მომხრეა, „წიგნები იაკობისა“ გარკვეული ენისა და კულტურისთვის ისე იყოს თარგმნილი, რომ მკითხველს გაუჩნდეს განცდა, თითქოს ეს წიგნი სწორედ მის მშობლიურ ენაზე დაიწერა.

თავად რომანის გმირებს შორისაც ვხვდებით რამდენიმე მთარგმნელსა და თარჯიმანს. თუნდაც იაკობის მიმდევართაგან ერთ-ერთ უმთავრესს – ბუსკელ რაბინს ნახმან ბენ ლევისა და ერთობ საინტერესო და მრავალწახნაგოვან ფიგურას – ანტონი კოსაკოვსკის, იგივე მოლივდას, რომელიც, შეიძლება ითქვას, სამყაროების, კულტურებისა და ენების გასაყარზე ცხოვრობს. გავიხსენებ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სცენას წიგნიდან, როდესაც საეკლესიო ინკვიზიციის მიერ გამართულ სასამართლო პროცესზე ანტონი კოსაკოვსკი იაკობ ფრანკის (რომელიც ძალიან ცუდად ფლობს პოლონურს) ლაპარაკს თარგმნის. ინკვიზიტორები ფრანკს უსვამენ კითხვებს, რომლებზე გაცემულმა პასუხებმაც მისი ბედ-იღბალი უნდა გადაწყვიტოს. ეს სცენა მთელი სიცხადით გვიჩვენებს, თუ რამხელა ძალა აქვს კარგი თარჯიმნის მიერ ნათარგმნ სიტყვას.

თქვენ რით მოგხიბლათ ამ წიგნმა? რა იყო თქვენთვის, როგორც მთარგმნელისთვის, ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი მასში?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ წიგნმა ყველაფრით მომხიბლა. თუნდაც ტოპოგრაფიით. შიგნით შესულს, გიჭირს მისი მდიდრული, მრავალშრიანი წიაღიდან უკან გამოსვლა. ის ნამდვილი სეზამის მთაა, ენით აუწერელი საგანძური – სოციალური ფენების, ენების, რელიგიური მსოფლმხედველობის, კოსმოგონიის, ზნე-ჩვეულებებისა და სხვა კულტურული ნიუანსების მრავალფეროვნებით სავსე. ერთ ინტერვიუში ჩასატევად ეს ძალიან ვრცელი თემაა.

რომანის ჩემთვის მნიშვნელოვან ერთ-ერთ ღირსებათაგან ხაზს გავუსვამდი მის პოლიფონიურობას. რაში მდგომარეობს ეს პოლიფონიურობა: რომანს ჰყავს რამდენიმე მთხრობელი. ერთი მათგანი თვით ავტორია, მეორე – განსაკუთრებული პერსპექტივის მქონე მთხრობელი – მის ერთ-ერთი გმირი, იენტა, მესამე – მისი კიდევ ერთი გმირი – თავისებური ენისა და ხელწერის მქონე ნახმან ბენ ლევი, მეოთხე კი – ძირითადად დიდგვაროვანთა და კლერუსის მიერ არქაულ პოლონურზე წარმოებული მიმოწერა. რომანის პოლიფონიურობას თავისი მიზეზი აქვს: ავტორმა რომანში აღწერილი ვრცელი და მრავალგანზომილებიანი ამბის ერთ ხმაში თხრობა შეუძლებლად მიიჩნია, რადგან წერის პროცესში სიუჟეტი გართულდა და მას, როგორც მთხრობელს, გაუჭირდა ინფორმაციის სრულყოფილად გადმოცემა.  მწერალმა კარგი ხერხი მოძებნა და დასახმარებლად იაკობ ფრანკის თანამედროვეს, მის თანამოაზრესა და ფრანკისტების მემატიანეს, ნახმანს „უხმო“, მაგრამ ზღვა მასალისა და, მოქმედი, ხშირ შემთხვევაში ისტორიული პირების სიმრავლემ, ის კიდევ ერთხელ მოაქცია ჩიხში. ამ დროს მწერალს უკვე „შეეშველა“ იენტას ხმა, განსაკუთრებული, პანოპტიკური ხედვის მთხრობლის ხმა, რომელსაც „მეოთხე პირში მთხრობელი“ უწოდა. ეს არის მთხრობელი, რომელიც თვით ავტორსაც კი ხედავს. დამეთანხმებით, რომ ასეთ მთხრობელს მსოფლიო ლიტერატურაში პირველად ვხვდებით.

გარდა პოლიფონიურობისა, რომანში ჩემთვის აღმოჩნდა კიდევ ერთ გამოწვევა, რომელთან ჭიდილმაც განსაკუთრებული სიამოვნება მომანიჭა. ეს გახლდათ ისტორიული, კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, ფილოსოფიური და თეოლოგიური კონტექსტების სიმრავლე. მათი სიღრმისეული ცოდნის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ლიტერატურულ ფიქციასა და ისტორიულ ფაქტებს შორის საზღვრის გავლება. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნო კიდევ ერთ ფაქტი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა იქონია ჩემზე, ჩემს პიროვნულ და სულიერ განვითარება-განათლებაზე. რომანში დიდი ადგილი ეთმობა კაბალას – ებრაულ მისტიკურ სწავლებას. ვისაც ამ თემაზე დაწერილი  თუნდაც ერთი წიგნი აუღია ხელში, მან იცის, რომ მისთვის „ფიქრთა ოკეანეში“ ჩაძირვა სრულიად გარდაუვალია. ალბათ გახსოვთ ბრუნო შულცის მოთხრობა „გაზაფხული“, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად აღწერს კაბალისტური აზროვნების განზომილებებს და რომლის მეათე თავიც მთავრდება წინადადებით: „ღმერთი განუზომელია“. თარგმნის დროს მეც არაერთხელ ვიგრძენი, თუ რას ნიშნავს ამ „განუზომლით“ გატაცება. ორიენტირად გერშომ შოლემი მყავდა, კერძოდ კი მის მიერ დაწერილი შაბთაი ცვის ვრცელი ბიოგრაფია, „ებრაული მისტიკა და მისი მთავარი მიმდინარეობანი“, „კაბალა და მისი სიმბოლიკა“ და სწორედ მას ვუმადლი, რომ არათუ გამოვიგნე გზა ამ „განუზომლიდან“, არამედ იმდენი ცოდნაც წამოვიღე, რამდენის ზიდვაც შევძელი.

რამდენ ენაზე ითარგმნა „წიგნები იაკობისა“? თქვენ თუ გაეცანით სხვა ენებზე მის თარგმანებს და თუ კი, რა თავისებურებები შენიშნეთ მათში?

ოლგა ტოკარჩუკის რომანი „წიგნები იაკობისა“ მსოფლიოს 37 ენაზე ითარგმნა და ეს რიცხვი კიდევ იზრდება, რადგან ჩემი რამდენიმე კოლეგა მისი თარგმნის პროცესშია. მე თვითონ „წიგნები იაკობისა“ პოლონურად, გერმანულად, ინგლისურად და ნაწილობრივ ებრაულად წავიკითხე. ვფიქრობ, ძალიან გაუმართლათ რომანის გერმანელ მთარგმნელებს ლიზა პალმესსა და ლოთარ კვინკენშტაინს და ამ ფაქტს არც ისინი მალავენ. შევეცდები, აგიხსნათ, თუ რატომ:

ჯერ, ალბათ, იმიტომ, რომ მათ ხელი მიუწვდებოდათ გერმანულ ენაზე არსებულ აურაცხელ ლიტერატურაზე, რომელიც რომანში აღწერილ ეპოქას ასახავს და რითაც მათ (და ამ შემთხვევაში მეც) შეძლეს ამ ეპოქის შესახებ ისტორიულ-ეთნოგრაფიული ცოდნის გაღრმავება. ისარგებლეს ეპოქისთვის შესაფერისი ლექსიკური მარაგით, რისი ფუფუნებაც, გასაგები მიზეზების გამო, მე არ მქონია. მათ ასევე შეეძლოთ ესარგებლათ ლექსიკონებით, თუნდაც ძმები გრიმების მიერ შედგენილი გერმანული ენის განმარტებითი ლექსიკონით, რომელიც არათუ სიტყვის შინაარს გიხსნის, არამედ ათარიღებს კიდეც მას და მაგალითებსა და ფრაზეოლოგიურ ნიმუშებსაც გთავაზობს.

კიდევ ერთი თავისებურება, რომელმაც გერმანულ თარგმანში ძალიან მომხიბლა, არის ებრაული წარმოშობის გმირების სასაუბრო ენის იდიშით შეფერადება, რაც ორიგინალში არ გვხვდება, მაგრამ ასეთი ჩანართები გერმანულ თარგმანს განსაკუთრებულ ელფერსა და დამაჯერებლობას სძენს. ამის სურვილი მეც გამიჩნდა, რადგან მეც თითქმის სრულყოფილად ვფლობ იდიშს, რომელსაც, მოგეხსენებათ, შუა მაღალი გერმანული უდევს საფუძვლად და გერმანულენოვანი მკითხველისთვის იდიშის არცოდნის შემთხვევაშიც გასაგებია მისი შინაარსი, რასაც ქართველ მკითხველზე ვერ ვიტყვით. ამაზე მართლა ძალიან დამწყდა გული.

რას ნიშნავს თქვენთვის მთარგმნელობითი საქმიანობა? თქვენს სამუშაო პროცესს როგორ აღწერდით?

ჩემთვის ეს არის პროფესია, რომელსაც არა მხოლოდ სიამოვნებით ვემსახურები, არამედ უდიდეს სიხარულსაც ვიღებ მისგან. ამ პროფესიისთვის მოწყენილობა და რუტინა სრულიად უცხოა, რადგან თითოეული წიგნით მე და ჩემს კოლეგებს სრულიად სხვა სამყარო, სულ სხვა მიკროკოსმოსი გვიღებს კარს, რომელშიც ჯერ თავად მოგზაურობ, დაწვრილებით ეცნობი მის კულტურას, მსოფლმხედველობას, ფილოსოფიას, იფართოებ შემეცნებით ჰორიზონტს, შემდეგ კი ცდილობ, „ნანახი და გაგონილი“ შეძლებისდაგვარად ზუსტად, სრულყოფილად, უდანაკარგოდ მიიტანო სხვა ადამიანებამდე. როდესაც იშვიათი ენებიდან თარგმნი, შენს საქმიანობას დამატებითი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ ენებზე შექმნილ ლიტერატურაზე ყველას არ მიუწვდება ხელი. მხიბლავს ისიც, რომ, როგორც მთარგმნელი, ალბათ, ყველაზე ინტენსიურად ვეცნობი ლიტერატურულ ნაწარმოებებს და ყველაზე მეტად ვსარგებლობ მათი ღირებულებებით, რადგან, მერწმუნეთ, არავინ კითხულობს წიგნს ისე დაკვირვებით, როგორც მთარგმნელი და რედაქტორი. ჩვენ ვუტრიალებთ უცხო ენაზე დაწერილ წინადადებებს, ვცდილობთ, ისინი მშობლიური ენის სინტაქსს მოვარგოთ, მის მელოდიაზე ავაჟღეროთ, რათა მკითხველსაც იგივე სიამოვნება მივანიჭოთ, რომელიც თავად განვიცადეთ წიგნის კითხვისას. ამ პროფესიის ჯადოსნობაა ისიც, რომ დროებით წიგნის ავტორიც ხდები, ცდილობ, ბოლომდე ჩასწვდე სხვის ნაფიქრს, შეძვრე მის ტყავში, ამოიცნო მისი დამოკიდებულება ამა თუ იმ გმირისადმი.

მუშაობის პროცესი? მე აქ რომანის გმირს, ნახმან ბენ ლევის დავიხმარებ, რომელმაც საუცხოოდ თქვა, თუ რა გზას გადიან სიტყვას შეჭიდებული ადამიანები: „მე ჩემს ხელს, ჩემს თავს, ჩემს ხმებს, გარდაცვლილთა სულებს, დიად ქალწულს, ასოებს, სეფიროტს ვაძლევ უფლებას, რომ მმართონ. ისე ფრთხილად გადავდივარ ერთი წინადადებიდან მეორეზე, როგორც ბრმა მუშაითი აბიჯებს თოკზე, და, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, წინ რა მელოდება, მოთმინებით ვაგრძელებ გზას, არ ვკითხულობ საფასურს, რომლის გადახდაც მომიწევს და არც ჯილდოდ ვითხოვ რამეს. ჩემი მეგზური და მეგობარი სწორედ ის მიმდინარე წუთი, საათი, ის ჩემი ძვირფასი დროა, როდესაც სიტყვა მიჭრის და გონება და ხელიც მემორჩილება…“

არა პროფესიონალი მთარგმნელის, არამედ, უბრალოდ, მკითხველის თვალით თუ შეხედავთ, რა არის თქვენთვის ახლობელი ისტორიულად თუ გეოგრაფიულად ამდენად შორეულ ამბავში?

ბევრი, ძალიან ბევრი რამ, მყავს რამდენიმე გმირიც, რომლებთანაც განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ, მაგრამ ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მაინც არაერთი საზღვრის გადალახვის, გამუდმებული სიუცხოვისა და ერთდროულად რამდენიმე ენასა და რელიგიაში ცხოვრების გამოცდილებაა. 

ამის ასახსნელად ჩემთვის რომანიდან ეს მცირე ამონარიდიც იკმარებდა: „იაკობი ახლა უწინდელივით თავს აღარ წარადგენს იანკელ ლეიბოვიჩად. ამბობს, იაკობ ფრანკი ვარო. დასავლეთიდან მოსულ ებრაელებს აქ ასე ეძახიან. ფრანკი, ფრენკი, უცხოს ნიშნავს. ნახმანმა იცის, რომ ეს იაკობს ძალიან მოსწონს. უცხოელი ხომ ის არის, ვინც საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლის. ნახმანსაც ამას ეუბნება, ახალ ადგილას თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყებაო. იყო უცხო, ნიშნავს, იყო თავისუფალი“. მე ამ სიტყვების მნიშვნელობა ძალიან დიდი ხნის წინ გავიგე.

რას ურჩევდით მათ, ვინც ჯერ არ იცნობს ამ ტექსტს? რა უნდა ვიცოდეთ, სანამ იაკობთან ერთად სამოგზაუროდ გავემართებით?

ნუ დაგაფრთხობთ ნურც წიგნის მოცულობა და ნურც მისი უცხო და რთული შინაარსი. მოქმედ გმირთა სიმრავლე, არაქრონოლოგიურ და არათანმიმდევრულ თხრობასთან ერთად, თავდაპირველად დიდ ნებისყოფას მოითხოვს. ნუ დაიძაბებით, თამამად შეცურეთ და მიენდეთ თხრობის დინებას. ვერც იმას გეტყვით, მშვიდად იცურებთ-მეთქი, თუმცა გპირდებით, ამ დიდი მოგზაურობისას განცდილსა და ნანახს მრავალფეროვნებით ტოლს ბევრი ვერაფერი დაუდებს. ამ მოგზაურობიდან სულ სხვანაირები დაბრუნდებით  და თან გზადაგზა აკრეფილ და შეგროვებულ განძს ჩამოიტანთ. ენდეთ „მგრძნობიარე მთხრობელს“, შეეცადეთ, თქვენც აღმოაჩინოთ მისი „ყოვლისმჭვრეტელი თვალით“ დანახული სამყარო.

თქვენთან ერთად ნომინირებულ სხვა თარგმანებზე რას ფიქრობთ? რომელ მათგანს გამოარჩევდით?

ჩემთვის საკმაოდ იოლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. აი, გასული წლის საიუბილეო „საბას“ ჟიური კი, დარწმუნებული ვარ, ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა, როდესაც (მხოლოდ ნომინირებულ თარგმანებზე რომ ვთქვა) ოცი გამორჩეული მხატვრული ტექსტის უბადლო თარგმანიდან (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას) ერთი უნდა ამოერჩიათ. მინდა აქვე უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩემი არაჩვეულებრივი ქართველი კოლეგების მიმართ, რომელთა თავგანწირული შრომისა და პროფესიონალიზმის წყალობით თანამედროვე ქართველ მკითხველს აქვს საშუალება, მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს გაეცნოს.

თქვენი გეგმების შესახებ მოგვიყევით. ახლა რაზე მუშაობთ? ოლგა ტოკარჩუკის სხვა წიგნების თარგმნასაც ხომ არ აპირებთ?

გამომცემლობა „ინტელექტი“, რომელთანაც უკვე მრავალწლიანი და ნაყოფიერი  თანამშრომლობა მაკავშირებს, უახლოეს დროში გამოსცემს ოლგა ტოკარჩუკის კიდევ ორ ცნობილ რომანს სახელწოდებით: Bieguni (რომლის ქართულ სათაურზე ჯერ კიდევ ვფიქრობ და რომლის დაწერისთვისაც მისცეს მწერალს ნობელის პრემია) და „ემპუსიონი“. ამჟამად სწორედ ამ თარგმანებზე ვმუშაობ. უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ბევრი არა მარტო ქართული, არამედ უცხოური გამომცემლობისგან განსხვავებით, „ინტელექტი“ არ შეუშინდა „წიგნები იაკობისას“ მოცულობას და სირთულეს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველ მკითხველს ეს საუცხოო რომანი მშობლიურ ენაზე წაეკითხა. „ინტელექტმა“ გამოსცა ასევე ოლგა ტოკარჩუკის მოთხრობების კრებული „შოტლანდიური თვე“ და ჩემი კოლეგის, ახალგაზრდა მთარგმნელის, თეონა მჭედლიშვილის თარგმნილი ესე „თოჯინა და მარგალიტი“. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე თქვენს არაჩვეულებრივ ჟურნალ „არილს“, რომლის უდიდესი დამსახურებაა, რომ ქართველი მკითხველისთვის ოლგა ტოკარჩუკის ნაწარმოებები, და ზოგადად თანამედროვე პოლონური ლიტერატურა, ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.

© არილი

Facebook Comments Box