ახალი ამბები

მარია კოდამას სიკვდილის შემდეგ – ვის გადაეცა საავტორო უფლებები

ხორხე ლუის ბორხესის ნამუშევრების საავტორო უფლებები მარია კოდამას ძმის, ხორხე კოდამას შვილებს გადაეცათ.

ბორხესის ცოლმა, მარია კოდამამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბორხესის მემკვიდრეობის დაცვას მიუძღვნა, გარდა ამისა, 1988 წლის 24 აგვისტოს დააარსა ფონდი მისი სახელით (ფონდი ინახავს ბორხესის კოლექციებს, ჯილდოებს, მის პირველ გამოცემებს, ხელნაწერებს, წიგნებს, ფონდის ნაწილია ბორხესის მუზეუმიც, რომელიც 2009 წელს გაიხსნა. ფონის დაარსების მიზანი, ცხადია, ბორხესის მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და დაცვა იყო), სწორედ ამიტომ არგენტინის ლიტერატურულ წრეებში ბევრი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ მარია კოდამამ არც ანდერძი დატოვა და არც მითითებები, რა უნდა გაეკეთებინათ მისი სიკვდილის შემდეგ და ვის უნდა აეღო მის მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლობა.

ანდერძის არარსებობამ საავტორო უფლებების საკითხი გაურკვეველი დატოვა, მაგრამ ბუენოს-აირესის სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ საავტორო უფლებებს მიიღებს კოდამას ხუთი ძმისშვილი, რომლებმაც სასამართლოს განცხადებით მიმართეს.

ბორხესი 1986 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა და ერთადერთ მემკვიდრედ თავისი ცოლი, კოდამა დატოვა. კოდამაც 86 წლის ასაკში გარდაიცვალა რამდენიმე თვის წინ. შვილები კი არ ჰყოლიათ.

ფერნანდო სოტომ, რომელიც კოდამას ადვოკატი იყო წლების განმავლობაში, თქვა, რომ აპრილში მიმართეს სასამართლოს კოდამას ნათესავებმა, რათა მის საკუთრება, მათ შორის ბორხესის ტექსტების საავტორო უფლებები და ძალიან ღირებული ხელნაწერები მიეღოთ მემკვიდრეობით.

აღსანიშნავია, რომ კოდამა ოჯახისგან განცალკევებით ცხოვრობდა და ოჯახის წევრებთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. სოტოს თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო, როცა კოდამას ძმისშვილების არსებობის შესახებ შეიტყო, თუმცა, ამავე დროს, დიდი შვებაც იგრძნო, რადგან არ სურდა, კოდამას მთელი საკუთრება სახელმწიფოს ხელში აღმოჩენილიყო (არგენტინის კანონების მიხედვით, თუ არ არსებობს ანდერძი და არც მემკვიდრეები ჰყავს გარდაცვლილს, მისი საკუთრება სახელმწიფოს ხელში გადადის). ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს გადაეცემოდა ბორხესის ბიბლიოთეკა, ხელნაწერები და სამომავლოდ მისი ნაწარმოებების ბედის გადაწყვეტის უფლებაც.

სოტომ ისიც აღნიშნა, რომ კოდამას ამ საკითხებზე საუბარი არ მოსწონდა და თავს არიდებდა საკუთარ სიკვდილზე ლაპარაკს. ერთხელ ჰკითხა კიდეც კოდამას, რა ბედი ეწეოდა ბორხესის ტექსტების საავტორო უფლებებს მისი სიკვდილის შემდეგ. კოდამამ კი უპასუხა, რომ ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა. სოტომ გაიხსენა კოდამას სიტყვები, რომ დაურეკავდა უნივერსიტეტებს იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა ეზრუნათ ბორხესის ნამუშევრებზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მაინც რომელ მათგანთან აპირებდა დაკავშირებას.

კოდამა ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა პროცესებში, რომლებიც ბორხესის წიგნების გამოცემას ეხებოდა. ზოგიერთ გამომცემელს აუკრძალა კიდეც ბორხესის წიგნების ბეჭდვა და არაერთ გამომცემლობასა თუ მწერალთან მოუწია დაპირისპირება. უნდა ითქვას ისიც, რომ კოდამას არ სურდა, ყოფილიყო ბორხესის მემკვიდრე. როგორც 2021 წელს ჩაწერილ ინტერვიუში ჰყვება, ბორხესმა ადვოკატი გააფრთხილა, თავის სიკვდილამდე არ გაემხილა მისთვის, რომ სწორედ ის იქნებოდა ერთადერთი მემკვიდრე, რადგან იცოდა, რომ კოდამა არ დათანხმდებოდა.

მარია კოდამამ თავისი მეგობრების სიტყვებიც გაიხსენა: „ბორხესმა კარგად იცოდა, ვის უნდა დაეცვა მისი ნამუშევრები. შენ იაპონელი ხარ და თუ გაქვს პასუხისმგებლობა, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც რომ დაგიჯდეს, მაინც შეასრულებ“.

კოდამა მარტში გარდაიცვალა, გარდაცვალებამდე კი ყოველთვის ბორხესზე ლაპარაკობდა. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხულობთ:

„ბორხესი სულ მეუბნებოდა, რომ მრავალი წინა ცხოვრება გვქონდა ერთად გატარებული და უნდოდა, დავპირებოდი, რომ შემდეგ ცხოვრებაშიც შევხვდებოდით. მე ვუპასუხე: „ჰო, ჰო, ბორხეს, ჰო, მაგრამ მომავალ ცხოვრებაში მე მეცნიერი უნდა გავხდე“. ბორხესმა მითხრა: „ამას ნუ მეუბნები, რადგან მე შემდეგ ცხოვრებაშიც მწერლობა მინდა, ისევ მწერალი მინდა ვიყო“ და მერე მე ვუთხარი – „ნუ ღელავ, უსასრულობაში პარალელური წრფეებიც კვეთენ ერთმანეთს, ამიტომ ჩვენც შევხვდებით, ნებისმიერ შემთხვევაში“.

© არილი

Facebook Comments Box