ინტერვიუ

ინტერვიუ ლელა სამნიაშვილთან – “საკუთარ თავებს ვხედავთ, როგორც ანარეკლებს”

ესაუბრა თაკო წულაია

ლელა სამნიაშვილის „ავირეკლოთ“ წლის საუკეთესო პოეტურ კრებულად დასახელდა და პრემია „საბა“ გადაეცა. როგორც ავტორი ამბობს, წერის პროცესი პირდაპირი რეაქციაა იმაზე, რაც გარშემო ხდება, ამიტომ კრებულში ასახულია ის, რაც ეპოქას ახასიათებს. გარდა ამისა, ლელა სამნიაშვილი ინტერვიუში ლაპარაკობს თანამედროვე საქართველოში პოეზიის ადგილისა და სარკის შიგნით და გარეთ ცხოვრების შესახებ.

როგორ შეარჩიეთ ლექსები კრებულისთვის? როგორია კრებულის კონცეფცია?

კრებულში ბოლო ოთხი წლის მანძილზე დაწერილი ლექსებია შესული, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული კონცეფცია აქვს.

თქვენს კრებულში ხშირად გვხვდება სარკეები, ვიტრინები, ეკრანები, ანარეკლები… მრავლადაა საკუთარი თავის რაღაცის გავლით, თითქოს ირიბი და არა პირდაპირი, უშუალო აღქმის შემთხვევები. რით არის გამოწვეული ასეთი გაუცხოება? პანდემიის, ბოლო პერიოდის ჩაკეტილობისა და ურთიერთობების გაციფრულების გავლენა ხომ არაა?

ამ დაკვირვებას სათაურიდან გამომდინარე თუ აკეთებთ, შეიძლება რაღაც კონცეფცია გამოიკვეთოს კიდეც, თუმცა ლექსებში სხვა ბევრი რამეც არის, რაც, უბრალოდ, ჩვენი ეპოქისთვის არის დამახასიათებელი, რაც დღეს, აქ, ჩვენ გარშემოა. ფიქრობენ, რომ პოეზიაში მთავარი ლირიკულობა, პირადი ემოციების გამოტანაა, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის მკაფიოა კავშირი ამ განცდებსა და მათ კატალიზატორებს შორის; წერის პროცესი პირდაპირი რეაქციაა იმაზე, რაც გარშემო ხდება. „ჭვრეტის“, ანალიზის მიღმა ვერ ვტოვებ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, რადგან ლექსები ბოლო წლებშია დაწერილი, პანდემიასაც პირდაპირ ირეკლავს. 

როგორია “სარკის გარეთ” ცხოვრება, რომელიც, როგორც წერთ, ადამიანს არ შეუძლია?

თუ ადამიანს არ შეუძლია, მაშინ ვერც ის ეცოდინება, ასე ცხოვრება „როგორი“ შეიძლება იყოს. განმარტოებისთვის, გაჩერებისთვის, ინფორმაციის ბლოკირებისთვის თანამედროვე ადამიანს, უბრალოდ, დრო არ აქვს. ჩვენ საკუთარ თავებს ვხედავთ, როგორც ანარეკლებს სხვების თვალების, ეკრანების, შეფასებების, დიაგნოზების, იმავე სარკეების და ვიტრინების გავლით, რომლებზეც ახლა ჩვენი ინტერვიუს კონცეფციას ვაგებთ. თუმცა არც ეს არ არის ახლი და მაინცდამაინც ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი. უბრალოდ, ახლა გარშემო ყველაფრის, ჩვენივე თავების ჩათვლით, იმდენი ვერსია და ანარეკლია, რომ კიდევ უფრო მეტად ვიბნევით, ვიკარგებით და მივყვებით ინერციას.

თქვენი ერთ-ერთი ლექსი, “სახელები”, იმის შესახებაა, რომ, სინამდვილეში, ჩვენ გვქვია სახელი იმ ყველაფრისა, რაც გვიყვარს, გვაქვს ან არ გვაქვს, გვაფიქრებს და ა.შ. და არავინ შეჩერდება ჩვენი სრული სახელის მოსასმენად. შეიძლება, რომ სახელი მთლიანად იდენტობის, პიროვნულობის სიმბოლოდ ჩავთვალოთ? თუ ასეა, რა არის ლელა სამნიაშვილის ნამდვილი და მეტნაკლებად სრული სახელი?

ლექსი იმ პარადოქსზეა, რომ სახელს სხვები გვარქმევენ მაშინ, როცა ჯერ საერთოდ არავინ არ ვართ და რაც მერე ჩვენს „პიროვნებებად“ გროვდება, იზრდება, არჩევანის, გრძნობების, გამოცდილებების ნაზავი ხდება, ისევ იმ პირვანდელი, სხვების არჩეული მარტივი სახელის უკან რჩება ყველასთვის. ამ გაგებით ჩემი „სრული“ სახელის ვინმესთვის თავს მოხვევას არ ვაპირებ. ორმოცდახუთი წლის ამბავია და ამდენად, არც ისე მოკლე გამოვა.

ძალიან დასამახსოვრებელი ლექსია “გალაკტიონის ძეგლი ჭავჭავაძეზე”, სადაც წერთ, რომ “ამდენი მტვრისგან პოეზია ვერ განიკურნება”. რა მტვერს გულისხმობთ? რით “ბინძურდება” პოეზია, თქვენი აზრით?

სრულიად ჩვეულებრივ მტვერზეა ლაპარაკი. პოეზიაშიც ის მტვერი შედის, რაც გარეთაა.

ბოლო წლებში გამოცემული პოეტური კრებულებიდან რომლები მიგაჩნიათ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად თანამედროვე ქართული პოეზიისთვის? ვის კითხულობთ ხოლმე? თქვენი დაკვირვებით, როგორია პოეტური ტექსტები, რომლებიც დღეს იწერება?

მგონია, რომ საქართველოში ძალიან კარგი პოეტური ტექსტები იწერება. მხოლოდ რამდენიმეს ვერც კი ჩამოვთვლი. უცნაურია, ამ დროში, ამ პრობლემებით სავსე ქვეყანაში პოეზიამ ამ დოზით რომ გამოაღწია. ალბათ, ესეც თვითგადარჩენის ერთ-ერთი ფორმაა ადამიანებისთვის. გამომცემლობებისთვის პოეზიის ბეჭდვა არც ისე მომგებიანია, მაგრამ ყოველ წელიწადს 5-6 კარგი კრებული იბეჭდება. მათ პოპულარიზაციაზე ბევრს არავინ ზრუნავს, თუმცა ესეც გასაგებია – პოეზია კომერციული „პროდუქტი“ არსად არ არის.

სხვა ფინალისტი ავტორების კრებულებს თუ გაეცანით? რას ფიქრობთ მათ შემოქმედებაზე?

გავეცანი და ვფიქრობ, ძალიან კარგი ავტორების ძალიან კარგი წიგნებია.

ინტერვიუს დასასრულს, იმ შეკითხვას გავიმეორებ, რომლითაც თქვენი კრებული ბოლოვდება: როგორ უნდა აუხსნა ადამიანს, რატომ არის ლექსი ლამაზი?

თვითონ ლექსივე მთავრდება – ამ კითხვაზე პასუხით:

„ … არ უნდა აუხსნა.
თუ სურთ, გამოკრან თითი, დაარღვიონ,
შეუბერონ სული, გაავსონ მტვერსასრუტები.
მოუსვენარია და თავნება.
ყველა ენაში შეაღწია,
ყველა ეპოქაში.
შეაღწევს ყველა ცხოვრებაშიც,
აწეწილშიც და საგულდაგულოდ დალაგებულშიც.
რომელიმე განათებაზე
თვალს მოკრავენ სტრიქონებში
საგანთა ფარულ კავშირს,
საჭირო მომენტში გაიელვებს მახვილი ირონია,
მოსაწყენ გზაზე გონებაში დატრიალდება
ძრავის გუგუნს აცდენილი მკაფიო რიტმი.
თუ არა და, არც არაფერი –
მის გარეშე არავინ მოკვდება,
არც დასნეულდება, არც გაბანკროტდება.
იწრიალებენ საკუთარ ამბებში,
ადამიანები, აუხსნელი გრძნობით,
რომ ყველაფერი თავის ადგილზეა,
მაგრამ არც არის.“

© არილი

Facebook Comments Box