მაშო სამადაშვილი
ნათია მიქელაძე – გოეთეს ინსტიტუტის თბილისის კულტურული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი, მთარგმნელი. თარგმნილი აქვს აკა მორჩილაძის ”სანტა ესპერანსა“, ნაწყვეტები ”ვენერას სიზმრიდან“, ”ბათუმი“ (მოთხრობა), თამთა მელაშვილის ”გათვლა“, მოთხრობები; ზურაბ ლეჟავას ”დიდი, შავი კატა“, ლაშა თაბუკაშვილის ”ასტეროიდი“ და სხვა. ნათია მიქელაძემ 2013 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია ”საბა“ ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანისთვის, ხოლო ამავე წლის 11 ოქტომბერს საუკეთესო ახალგაზრდული წიგნის (თამთა მელაშვილის რომანი ”გათვლა“) თარგმანისთვის დაჯილდოვდა გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურული პრემიით.
– ნათია, მოდი, მცირე ისტორიული ექსკურსით დავიწყოთ და შევაჯამოთ, გერმანულ ენაზე თარგმნის რა ტრადიცია გვაქვს და პირიქით -ვისაუბროთ გერმანულიდან ქართულად თარგმნის ტრადიციაზეც.
– მთარგმნელობითი ტრადიცია 1970-იანი წლებიდან იწყება. ჩვენ ძალიან ძლიერი გერმანისტები გვყავდა და, საბედნიეროდ, ბევრი რამაა თარგმნილი გერმანულიდან, შედგენილია არაერთი ანთოლოგიაც. რამდენიმე წლის წინ ლალი ქეცბამ შეადგინა ანთოლოგია, რომელშიც შესულია ინფორმაცია თითქმის ყველა თარგმანის შესახებ და მინდა გითხრათ, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია. პრობლემა არის ქართულიდან თარგმნა. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს არსებობდა ურთიერთობები გერმანელ ავტორებთან, ხორციელდებოდა ერთობლივი პროექტები, ქართველი მთარგმნელები აკეთებდნენ ლექსების ბწკარედებს, რომელთაც შემდეგ გერმანელი პოეტები ამუშავებდნენ. რამდენად კარგად იკითხება დღეს ეს თარგმანები, საკამათოა, ამბობენ, რომ არც ისე კარგად და თავიდან უნდა ითარგმნოს, თუმცა ესეც ისტორიაა. დღეს გერმანიაში ორი ქალბატონია, რომელიც ქართულ ლიტერატურას თარგმნის: კრისტიანე რიშტენფელდი და შტეფი ხოტივარი-იუნგერი მეუღლესთან ერთად. ისინი უფროსი თაობის მთარგმნელები არიან, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ლიტერატურის თარგმნაში. საეტაპო მნიშვნელობისაა 1990-იან წლებში ნაირა გელაშვილის მიერ შედგენილი ქართული ლიტერატურის ანთოლოგია – ”XX საუკუნის ქართული მოთხრობები“, რომელიც ”ზურკამპმა“ 2000 წელს გამოსცა. მაშინ მეც მომმართა ქალბატონმა ნაირამ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მაინც დავთანხმდი და გიორგი მაისურაძისა და დათო ჩიხლაძის მოთხრობები ვთარგმნე, დანარჩენები გერმანისტებმა თარგმნეს. შემდგომ პერიოდში ვხედავდით, რომ თარგმანის ხარისხის პრობლემა გადაუჭრელი რჩებოდა და ორი წლის განმავლობაში, გერმანელ მთარგმნელ როზმარი ტიტცესთან ერთად, გოეთეს ინსტიტუტში ვატარებდით ვორკშოპებს ახალგაზრდა და გამოცდილი მთარგმნელებისთვის. ამ ვორკშოპის ფარგლებში გვქონდა სავარჯიშოები და მათგან ერთ-ერთი სწორედ ეს ანთოლოგია იყო. ამ თარგმანების ხელახლა წაკითხვისას მივხვდით, რომ ის სუსტი და ნაჩქარევი რედაქტირებით იყო გამოცემული. უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა თარგმანს ჰყავდეს კარგი და მცოდნე რედაქტორი გერმანული მხრიდან, რომლის გარეშეც წიგნი არ გამოიცემა. რაღაცის ჩქარა გაკეთებას, სჯობს ხარისხზე გაკეთდეს აქცენტი. თუ თანამედროვე პერიოდზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მანანა თანდაშვილის დიდი წვლილი, რომელიც ფრანკფურტში ცხოვრობს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქართული წიგნი გამოიცეს გერმანულად. ორი ანთოლოგია უკვე გამოიცა მისი ხელშეწყობით, ახლა ცდილობს პიესები ითარგმნოს. სულ ახლახან გერმანიაში გამოვიდა ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობების კრებული ”მე მარგარიტა“, რაც ძალიან მახარებს, თუმცა ვიცი, რომ თარგმანთან დაკავშირებით აქაც პრობლემა იყო, მოკლედ, ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია და შრომასთან ერთად, თარგმნას დროც დიდი სჭირდება.
– მუდმივად საუბრობენ ქართველი მთარგმნელების დეფიციტზე, მათ კვალიფიციურობაზე და მთარგმნელობითი სკოლის არარსებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა უნივერსიტეტში არსებობს გერმანისტიკის ფაკულტეტი. ამ პრობლემის გადაჭრის გზას როგორ ხედავთ? როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ ამა თუ იმ ენის სპეციალისტები პროფესიონალ მთარგმნელებად?
– ძალიან კარგი იქნებოდა სპეციალური კურსის ჩატარება. ჩემი აზრით, ამის გაკეთება ორ ადამიანს შეუძლია – ალეკო კარტოზიას და ანა კორძაია-სამადაშვილს, ისინი თავადაც ამ სფეროში მოღვაწეობენ და გამოცდილებაც დიდი აქვთ. გერმანულიდან ქართულად თარგმნაც პრობლემაა, არათუ პირიქით. გოეთეს ისტიტუტში უკვე სამი წელია ტარდება ორენოვანი ვორკშორები მთარგმელებისთვის და ურიგო არ იქნება, თუ ისინი გაფართოვდება და უმაღლესი სასწავლებლების კურიკულუმში შევა. გერმანელებისთვის, რომლებიც ქართველოლოგიას აქ სწავლობენ, ძალიან სასარგებლო იქნებოდა კურსის მოსმენა ქართული ენის სპეციფიკის შესახებ.
– ქართული ენის სპეციფიკა ახსენეთ, რითი გამოირჩევა ქართული ენა სხვა ენებისგან, რა განსაკუთრებული თავისებურებები ახასიათებს?
– პირველ რიგში – ზმნის სირთულე. ქართული წინადადების წყობაც რთულია, განსხვავებული; ასევე ნაცვალსახელები. როდესაც გერმანულიდან ქართულად თარგმნი, სირთულე ისაა, რომ გერმანულ ენაში მამრობითი, მდედრობითი და საშუალო სქესი არტიკლებით ერთმანეთისგან განსხვავდება, ქართულ ენაში კი ეს განსხვავება არ არის. თან იცით, მხოლოდ გრამატიკაზეც არ არის, თუ აქ არ ტრიალებ და რეალობასთან შეხება არ გაქვს, ქართულ ტექსტში ბევრ რამეს ვერ გაიგებ. მე თვითონ ყველა თარგმანს შიშით ვიწყებ, იქნებ ვერ მოვერიო, იქნებ ვერ დავძლიო… ეს განცდა მუდმივად მაქვს.
– ხშირად ქართული ლიტერატურის პრობლემა ზუსტად ისაა, რომ ადგილობრივ რეალობას ვერ სცდება და ჩაკეტილ წრეში ტრიალებს. როგორ გგონიათ, რამდენად საინტერესოა ეს ეგზოტიკა ევროპელი მკითხველისთვის?
– ეს ნამდვილად პრობლემაა, რომ ჩაკეტილები ვართ და ხშირად ჩვენთვის ბუნებრივი რამ გერმანელ მკითხველს საკმაოდ უცნაურად ეჩვენება. სწორედ მთარგმნელმა უნდა განსაზღვროს, რამდენად ბუნებრივად შეიძლება ჟღერდეს რაღაც, ისეთი ფორმა უნდა მოიგონოს, რომ ევროპელ მკითხველს ჩვენთვის ძალიან მშობლიური დეტალი მისთვის გასაგებად მიაწოდოს. თამთა მელაშვილის ”გათვლა“ სწორედ იმიტომ გაიგეს ასე კარგად, რომ ის უნივერსალურია, ომთან დაკავშირებული განცდები ყველასთვის ნაცნობია. თამთა, როგორც ავტორი, ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, რომ ამბავი არ მიაბა კონკრეტულ ადგილს და დიალექტს, რისი ადაპტირებაც, ზოგადად, სერიოზული პრობლემაა. ძალიან მინდა ვთარგმნო კოტე ჯანდიერის ”გლობალიზაცია“ და ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გასაღები მოვძებნო. ის კახური დიალექტი, რომელზეც აწყობილია მთელი ეს მოთხრობა, სოციოლექტით არის გადასატანი გერმანულში, რადგან ვერცერთ კონკრეტულ დიალექტს ვერ აირჩევ, არაბუნებრივი გამოვა. გადავწყვიტე სოციოლექტი მოვიფიქრო, რომელშიც გამოჩნდება, რომ მოქმედება პროვინციაში ხდება და რომ ეს ადამიანი არ საუბრობს სალიტერატურო ენით; თუმცა, ვფიქრობ, მოთხრობის მთავარი სათქმელი იმდენად გლობალურია, მკითხველი მას აუცილებლად სწორად გაიგებს. როდესაც ”სანტა ესპერანსას“ ვთარგმნიდი, საქმე მარტივად იყო, იმის გამო, რომ დიალექტი თავად წიგნშიც გამოგონილია, მეც გერმანულად გამოვიგონე დიალექტი, ცხადად ჩანს, რომ დიალექტია, მაგრამ მოგონილი.
– თქვენ მუდმივად ეცნობით თანამედროვე ევროპულ ლიტერატურას და იცით, რა მოთხოვნებს უყენებს თანამედროვე მკითხველი მხატვრულ ლიტერატურას. როგორი უნდა იყოს ქართული წიგნი, რომ დღეს ევროპულ ბაზარზე ადგილი დაიმკვიდროს?
– ძალიან რთული კითხვაა, რომელსაც ბოლო დროს ხშირად სვამენ. ვფიქრობ, კარგი ლიტერატურა არის ის, რომელიც არ არის ლოკალური, თუმცა ლოკალური შეიძლება იყოს, მაგრამ საკუთარ თავში არ უნდა იხარშებოდეს, ოთხ კედელს შუა არ უნდა იყოს გამოკეტილი. კარგი ლიტერატურა უნივერსალური ლიტერატურაა, რომელიც აზროვნებისკენ გიბიძგებს, შენზე შინაგანად მოქმედებს, რაღაცით გამდიდრებს.
– ვის თვლით მსოფლიო ლიტერატურიდან ისეთ ავტორად, რომელიც ყველგან შიძლება ერთნაირი წარმატებით წაიკითხონ?
– მე თვითონ ბოლო დროს ძირითადად არამხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ და ამ ჟანრის ლიტერატურიდან ჯოან დიდიონია ისეთი ავტორი, რომლის ქართულად თარგმნასაც ვისურვებდი. აუცილებლად უნდა ითარგმნოს მისი ესეები, თუ გვინდა, რომ რამე გავიგოთ 1960-1970-იანი წლების ამერიკაზე. ასეთივე ავტორია ლარს გუსტავსონი და აუცილებლად ხორხე ლუის ბორხესი, ის ნამდვილად უნივერსალური მწერალია.
– ქართველი ავტორებიდან რომელ ავტორებს თარგმნიდით გერმანულ ენაზე? თქვენს სამუშაო მაგიდაზე ვისი წიგნები დევს?
– მე დიდი დასტა მიდევს, თუ გავაკეთებდი ჩემს ანთოლოგიას, XIX საუკუნის ავტორებიდან მოვყვებოდი. ამ ანთოლოგიაში აუცილებლად შევიდოდა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები, კლდიაშვილი და ლორთქიფანიძე, ილიას და ვაჟას მოთხრობები; ვაჟა ძალიან ორიგინალური მწერალია, ცოტა უნდა დავმწიფდე, რომ მისი მოთხრობები ვთარგმნო, იქნებ ოდესმე გამომივიდეს, ვნახოთ. თანამედროვე ავტორებიდან – კოტე ჯანდიერი, მის მოთხრობებს ვთარგმნიდი და ვისურვებდი, რომ საერთოდ მეტი წეროს. აკა მორჩილაძის ”ობოლე“, ”ძველი გულებისა და ხმლისა“, ანა კორძაია-სამადაშვილის ”ვინ მოკლა ჩაიკა“, გოგი გვახარიას ”ცრემლიანი სათვალე“. ბარათაშვილის ერთი-ორ ლექსზეც მოვსინჯე თავი და არ არის გამორიცხული კიდევ ვცადო. აი, ეს არის ჩემი პროგრამა მინიმუმი. საერთოდ, რაღაც არის შენი და რაღაც არა, რასაც გრძნობ და მოგწონს, მხოლოდ ის შეიძლება თარგმნო კარგად.
– ვინ არიან ის ავტორები, რომლებსაც, თქვენი აზრით, აუცილებლად უნდა იცნობდნენ საქართველოში?
– ასეთი ავტორია ახალგაზრდა გერმანელი მწერალი იუდიტ შალანსკი ან თუნდაც გიუნეტერ ონემუსი, რომელიც 2013 წელს ლიტერატურის გრძელი ღამის მონაწილე გახლდათ. ეს არ არის ძალიან დიდი სახელები, მაგრამ ორივე საინტერესოდ იკითხება და, ვფიქრობ, ქართველ მკითხველს მოეწონებოდა. შეიძლება სუბიექტურობაში ჩამითვალოთ, მაგრამ მეტად საინტერესო სტილის ავტორია შტეფან ვაკვიცი, რომელიც ამჟამად გოეთეს ინსტიტუტის დირექტორია. ის წერს არამხატვრულ ლიტერატურას. მისი პერსონალური ესეები განსხვავებულად გადმოსცემს რეალობას, ის სეირნობს და თან აკვირდება და აღწერს გარემოს; თანაც ეს არაა უბრალოდ სეირნობა, ეს არის გასეირნება ფილოსოფიაში, არქიტექტურაში, ისტორიაში; ეს შემეცნებითი ლიტერატურაა, რომლის წიკითხვისას დიდ სიამოვნებას იღებ. მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც აღწერილია თბილისში, ბაქოსა და ერევანში მოგზაურობა, თებერვალში თბილისში გაიმართა. წიგნში შესულია ესეები თბილისის არქიტექტურაზე, 17 მაისის მოვლენებზე, ერთი ესე 1920-იანი წლების საქართველოზეა. ეს ტექსტები ალბათ ძალიან დააინტერესებდა ქართველ მკითხველს.
– ბოლოს მინდა გკითხოთ, როგორ უყურებთ პერპექტივას, რომ ძალიან მალე, სულ რამდენიმე წელში, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა იყოს?
– შიშით, რომ რამე არ გამოვიდეს ცუდად. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი შანსი, რომელსაც თუ ხელიდან გავუშვებთ, დიდი ხნით გავუშვებთ. როდესაც კონტრაქტს ხელი მოეწერება, როგორც ვიცი, ეს თებერვალში უნდა მოხდეს, მაშინვე უნდა დაკომპლექდეს ბორდი, კულტურის სამინისტრომ უნდა აიყვანოს ადამიანები, რომლებიც სამინისტროსთან ერთად იმუშავებენ კონცეფციაზე. საერთოდ ყველაფერს მოევლება, ყველაფერი შეიძლება კარგად გაკეთდეს, გარდა ლიტერატურის თარგმნისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ყველაზე დიდი დრო სჭირდება და, ვფიქრობ, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს დღეს უკვე უნდა ჰქონდეთ მონახაზი იმისა, რა და რამდენი უნდა ითარგმნოს. ლაშა ბაქრაძეს ჰქონდა იდეა, რომელიც მეც მომწონს, რომ რაც უკვე თარგმნილია, უნდა მოიძებნოს და კარგი რედაქტირება გაუკეთდეს, თარგმანები არ უნდა დაიკარგოს. შესადგენია იმ ადამიანების სია, ვინც დამოუკიდებლად თარგმნის, ვისაც ტანდემში შეუძლია მუშაობა. გეგმა ძალიან სკრუპულოზული უნდა იყოს და შემდეგ გამოჩნდება, რა ტემპით უნდა ვიმუშაოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო საქმე სწორედ თარგმნაა, ვერ წარმომიდგენია, რომ გოეთეს ინსტიტუტს თავი უნდა დავანებო; შემიძლია ღამის 10 საათზე დავჯდე და 2 საათამდე ვთარგმნო, დილით კი 6 საათზე ავდგე. თუმცა სამუშაოს პარალელურად ახლა თარგმნას 24 საათს ვეღარ მივუძღვნი. ”სანტა ესპერანსას“ რომ ვთარგმნიდი, ერთი წელი ვიმუშავე ამ რეჟიმში – დილით 4 საათზე ვდგებოდი, 6 საათამდე ვთარგმნიდი, მერე მთელი დღე სამსახურში ვიყავი; მეეჭვება, ვინმემ 5 წელი გაუძლოს ასეთ დატვირთვას, ეს ძალიან რთული იქნება. მოკლედ რომ ვთქვათ, სწრაფად გადაწყვეტილების მიღება, გეგმის დასახვა და მუშაობა, მუშაობა და მუშაობა – აი, ესაა ჩვენი ამოცანა.
© “არილი”