ახალი ამბები

„პალიტრა L”-ის კონკურსის „გახდი ბესტსელერი ავტორი“ 2022-ის გამარჯვებულები ცნობილია

 

ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2017 წლიდან ტარდება.  მისი მიზანია ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა, რათა მისცეს მათ წარმატებულ სამწერლო კარიერაზე ოცნების რეალობად ქცევის შესაძლებლობა.

გასულ წლებში „პალიტრა L”-ის ლიტერატურულმა კონკურსმა წარმატებისკენ გზა არაერთ საინტერესო მწერალს გაუხსნა, რომელთა ნაწარმოებებიც დღეს ბესტსელერებია და ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა. წელს მსგავსი შანსი ახალ ავტორებს ეძლევათ.

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2022-ის მონაწილეებმა ნაწარმოების წარდგენიდან გამარჯვებამდე დიდი კონკურენცია გამოიარეს. გამოცდილი და კომპეტენტური ჟიურისთვისაც რთული აღმოჩნდა 15 ფინალისტს შორის საუკეთესოს ამორჩევა. მინდა მადლობა გადავუხადო ჟიურის ყველა წევრს და წარმატება ვისურვო კონკურსის თითოეულ მონაწილეს.“ – ანა ჯოჯუა, გამომცემლობა “პალიტრა L” – ის მარკეტინგის მენეჯერი.

  ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია:

 

„კონკურსმა მომცა შანსი გამომეყენებინა შესაძლებლობა და დამებეჭდა ჩემი პირველი წიგნი „დასაწყისის დასასრული“. მაღალი კონკურენციის ფონზე აღნიშნული გამარჯვება კიდევ უფრო სასიამოვნო და დასაფასებელია ჩემთვის. ჯერჯერობით ცოტა უხერხულადაც ვარ მწერლის სტატუსთან და მომავალში, ალბათ, მკითხველი გადაწყვეტს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში ჩემს ადგილს,“-  ირაკლი არიშვილი, მკითხველის რჩეული.

„ალბათ, ყველაზე გულწრფელი სიმართლე ისევ წიგნებშია, იმ პერსონაჟების ენით მოყოლილი, რომლებიც მწერალმა შექმნა. მგონია, რომ წერას ყოველთვის გავაგრძელებ. მოსაყოლი ამბების მეტი რაა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ამბებს მსმენელი, მკითხველი ჰყავდეს, რისი შესაძლებლობაც „პალიტრა L”-ის  კონკურსმა მომცა. ამ ეტაპზე მოლოდინში ვარ, რომ ,,მანიტუ” მალე იქცეს ნამდვილ წიგნად,“ – ოლანი ბიწაძე, ჟიურის რჩეული. მისმა ნაწარმოებმა ლიტერატურათმცოდნეთა სიმპათია როგორც სტილურად დახვეწილი და მაღალმხატვრული ენით, ისე ორიგინალური, უცნაური ამბით დაიმსახურა.

„ეს სამი თვე იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და, ამავდროულად, სასიამოვნო პერიოდი. გარშემო უამრავი უცხო თუ ნაცნობი ადამიანი დაინტერესდა ჩემი რომანით „წუთით კოსმოსში“. წაიკითხა, ემოციები გამიზიარა, დამეხმარა და გვერდში დამიდგა. პირადად ჩემთვის, არ არსებობს ამაზე სასიამოვნო გრძნობა. ამას დაემატა ჟიურის რჩეულობაც. როდესაც ხვდები, რომ შენი ნაწერი ძალიან კომპეტენტურ ადამიანებს მოსწონთ, არარსებული ძალა და რწმენა გემატება. დაუვიწყარი გამოცდილება იყო ეს კონკურსი. იმედი მაქვს, სამომავლოდ შევძლებ ლიტერატურულ სივრცეში რაღაც ახლის, ან უკვე ძველის ახლებურად, თქმას.“ – ანუკი შატაკიშვილი, მკითხველის და ჟიურის ერთობლივი არჩევანი.

გამარჯვებულთა მიღმა კონკურსმა არაერთი საინტერესო ახალი მწერალი აღმოაჩინა: ვანო ამირბეგოვი რომანით „მუხის ხმელი ფოთოლი“, რომელმაც ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა; ამირან ფაჩუაშვილი მოთხრობების კრებულით და სანდრო მეტრეველი ახალგაზრდული სულისკვეთების ტექსტით. „მსურს რაღაცნაირად აღინიშნოს ეს ავტორები, რათა წავახალისოთ და მივცეთ განვითარების საშუალება,“ – თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი, ჟიურის წევრი.

კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რე­ბი იყ­ვნენ:

დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი – მწე­რა­ლი;

თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი – მწე­რა­ლი;

ლექ­სო დო­რე­უ­ლი – ლი­ტე­რა­ტუ­რის­მცოდ­ნე, ფი­ლო­სო­ფო­სი.

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია თავისი ფორმატით. ყველაზე მძაფრი, დატვირთული, ხმაურიანი, რადგან მასში ჩართულია თვითონ ხალხი, მკითხველი. გამომცემლობა კი ზრუნავს აღმოჩენილ ადამიანთა სახელების გაჟღერებაზე, მთელი წლის მანძილზე ყველგან ჩანს მათი წიგნები და ახალ სახეებს ეცნობა სრულად საქართველო.

კონკურსმა აჩვენა ახალი ტალღა, ახალი ჰაერი ქართულ ლიტერატურაში. ყოველთვის მიხარია, როცა ვხედავთ ამდენ საინტერესო, განსხვავებულ ხმას, იდეებს, თემატიკებსა თუ სტილს, რაც მაძლევს იმედს, რომ ქართულ თანამედროვე ლიტერატურას კარგი ახალი თაობა ეყოლება,“ – თეონა დოლენჯაშვილი.

გამარჯვებული კონკურსანტების ნამუშევრებს გამომცემლობა „პალიტრა L“ 2022 წლის შემოდგომაზე გამოსცემს.

 

© არილი

Facebook Comments Box