თარგმანი,  ინტერვიუ

ინტერვიუ სერჰი ჟადანთან – რატომ უარყოფს ხალხი სამშობლოს?

ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის 20 თებერვალს, ევრომაიდანის 5 წლის თავზე, ჰოვარდ ამოსის მიერ.

სოფელ სტარობილსკში დაბადებული სერჰი ჟადანი უკანასკნელი წლებია ხარკოვში ცხოვრობს. ქალაქში, რომელიც დაბომბვის მიუხედავად ჯერაც არ დანებებულა რუსეთის ჯარს. თანამედროვეობის ყველაზე დიდი უკრაინელი პოეტის შემოქმედება ძირითადად სამშობლოს, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და უკრაინის ინდუსტრიულ პეიზაჟებს აღწერ, რომლებიც დღეს ერთი მეორის მიყოლებით ნანგრევებად იქცევა.

ინტერვიუში პოეტი საუბრობს რუსულ ენაზე, უკრაინასა და ცვლილებებზე, რომლებიც ევრომაიდანიდან გასულმა ხუთმა წელმა მოიტანა. 2013 წელს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება შეეჩერებინათ, კიევის ქუჩებში გამოსული 100 000-ობით მომიტინგე დაუპირისპირდა, რაც ეტაპობრივად რევოლუციაში გადაიზარდა, რომელმაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვის მმართველობას წერტილი დაუსვა.

 

ევრომაიდანის აქციების დროს რას აკეთებდით?

ხარკოვში მოწყობილ პროტესტში ვმონაწილეობდი. აქციების ორგანიზება ნოემბრის პირველ რიცხვებში დავიწყეთ – მწერლები, ჟურნალისტები და მუსიკოსები მოვიწვიეთ, პროტესტისთვის ინტელექტუალური დასაყრდენი რომ შეგვექმნა. ჩვენი ჯგუფი ერთგვარი გამტარის როლს ასრულებდა – მოხალისეებს ვუშვებდით კიევში, დედაქალაქის აქციებისთვის ფინანსური სახსრებიც გამოვყავით. დღეს ყველას ჰგონია, რომ მაიდანი ერთი ქალაქის, ლოკალური მოვლენა იყო, რეალურად კი მან მთელი უკრაინა მოიცვა: დონეცკი, ლუგანსკი, ოდესა, დნეპროპეტროვსკი და მრავალი სხვა ქალაქი. პროტესტში პირველ მარტამდე აქტიურად ვმონაწილეობდი, სანამ ქუჩის მასობრივ ხელჩართულ დაპირისპირებაში მძიმედ არ დავშავდი. მეგობრებმა ვარშავას სამხედრო საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც 1 კვირა მომიწია ყოფნა. როცა გამომწერეს, უკრაინა შეცვლილი დამხვდა, მაიდანი კი – დასრულებული.

ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?

მაიდანის დროს, სამივე თვე უცნაური შეგრძნება არ მტოვებდა – თითქოს მილიონობით ადამიანი ერთ რიტმში ვსუნთქავდით. მას შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. დაწყებულმა ომმა დროის დინების ტემპი, დღის სტრუქტურა და ხასიათი გადაასხვაფერა.

რატომ გადაწყვიტეთ “ობოლთა თავშესაფრი” დაგეწერათ?

2014 წლის შემდეგ ყველაფერს ომზე ვწერ. ამით ვცხოვრობ, ესღა მანაღვლებს. ბევრი ჩემი მეგობარი ჯარში მსახურობს ან ფრონტის ხაზთან ახლოს ცხოვრობს.  2014 წლის აპრილში ლუგანსკსა და დონეცკში ყოფნისას გამოვაქვეყნე სტატიები, ლექსები და მოთხრობები ომზე. ერთგვარ დღიურს ვაწარმოებდი. ზაფხულში გამიჩნდა იდეა, დამეწერა დიდი პროზაული ნაწარმოები, რომანი. მინდოდა მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ მომეყოლა – კონფლიქტის ზონაში, ქვებსა და მტვერში გადარჩენასა და ომისადმი საკუთარი პოზიციის განსაზღვრას ერთდროულად რომ ცდილობენ.

ბოლო 5 წელში უკრაინული ლიტერატურა თუ დაიხვეწა? 

რაღაც მხრივ, სასაცილოა, ილაპარაკო ლიტერატურის გაუმჯობესებაზე. საფეხბურთო მატჩი ან მოსავალი შეიძლება “გაუმჯობესდეს”. ლიტერატურა კი ცოცხალი ორგანიზმია, ასეთი ტერმინებით ვერ შეაფასებ. ომის შემდგომ სამწერლობო სივრცეში მრავალფეროვნებამ და სიმძაფრემ იმატა. უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს თუ თვალს ადევნებთ, მიხვდებით, ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიდის. უკრაინული კულტურა იცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული პროცესია.

ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ე.წ. ‘ეროვნულ პოეტებზე’ მოთხოვნა გაიზარდა?

ზოგადად, კულტურაზე მოთხოვნა გაიზარდა. უკრაინელები უცაბედად სულიერების სხვა დონეზე არ გადასულან, არც კოლექტიურად წიგნის კითხვა შეჰყვარებიათ. უბრალოდ, კრიზისის პერიოდში საკუთარი თავის სხვა კუთხიდან დანახვა მნიშვნელოვანი გახდა. რის საშუალებასაც ლიტერატურა იძლევა.

საკუთარ თავს მორალურ ავტორიტეტად აღიქვამთ?

კულტურა ხშირად ითხოვს ისეთი რამეს, რისთვისაც მზად არაა. მაგალითად, ფსიქოთერაპიას. ამიტომაც ხალხი ავტორს მორალურ ავტორიტეტად გადააქცევს ხოლმე, რაც საშიშია. მწერალი არაფრით განსხვავდება ტრაქტორის მძღოლისგან ან ჯარისკაცისგან. მეტი არც უნდა მოსთხოვო მას.

რუსულად წერთ?

შემიძლია პატარა სტატია დავწერო გაზეთისთვის, გელაპარაკოთ რუსულად, ბოლო-ბოლო ეს ენა ბავშვობიდან მესმის. მაგრამ ყოველთვის უკრაინულად ვწერ.

თქვენი პერსონაჟები უკრაინულად მეტყველებენ, როცა რეალობაში ადამიანები, რომლებზეც მათ აფუძნებთ, რუსულად საუბრობენ. ეს პრობლემაა?

ამაში არაფერ განსაკუთრებულს არ ვხედავ. მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაზე ხომ არ ვწერ – არაერთი ტექსტი შემიქმნია გერმანიაზე, პოლონეთზე, ამერიკაზე. მათ გერმანულად, პოლონურად და ინგლისურად ხომ არ დავწერდი? მაგრამ, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები. დღეს ჩვენი კულტურის ერთ-ერთი მახასიათებელი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქების რუსულენოვანობა, რაც რუსიფიკაციის ხანგრძლივი პროცესის შედეგია. შესაბამისად, მწერლები არჩევანის წინაშე ვდგებით ავთენტურობასა და შემოქმედებით თავისუფლებას შორის. ჩემი რომანის ეკრანიზაციისას ეს პრობლემა ენათა შერევითა და მონაცვლეობით გადავჭერით.

[…]

2013 წელთან შედარებით ხარკოვი ახლა უფრო თუ აღიქმება “სასაზღვრო ქალაქად”?

ომამდე საზღვარი რუსეთ-უკრაინას შორის მხოლოდ უკრაინელი აქტივისტების გონებაში არსებობდა. მაგრამ ბოლო ხუთ წლებში ის ყველამ შეიგრძნო. მართალია, ქალაქში უმეტესობა რუსულ ტელევიზიებს უყურებს, მაგრამ ზღვარი და მიჯნა ფიზიკურ დონეზე აღიქმება. ხარკოვი რუსოფობიური ქალაქი არასდროს ყოფილა, მაგრამ იმედი გაუცრუა მეზობელმა, რომელიც ოკუპანტი და აგრესორი აღმოჩნდა.

2014 წლამდე რუსეთში ხშირად ჩადიოდით?

დიახ. იქ ბევრი მეგობარი და მკითხველი მყავს.

მაიდანის შემდეგ ყოფილხართ?

ერთგვარ შავ სიაში ვარ. ორი წლის წინ დამაპატიმრეს და მინსკიდან დამადეპორტეს. ბელორუსიას, რუსეთსა და ყაზახეთს სანქცირებული პირების საერთო სია აქვთ. პოლიციამ ამიხსნა, რომ რუსეთის შავ სიაში ვეწერე, როგორც ტერორისტთა თანამზრახველი. ამის მერე რუსეთში ჩასვლის სურვილი არ გამჩენია.

კულტურულ დონეზეც გაემიჯნეთ? რუსული რომანების კითხვას მოუკელით?

არა. რუსულ ახალ ამბებს არ ვუყურებ, მაგრამ, მაგალითისთვის, ახლახან მივუბრუნდი ივან ბუნინს. მისდამი დამოკიდებულება არ შემცვლია. ზოგი უკრაინელი ომს ბავშვური გზებით აპროტესტებს, აღარაფერ რუსულს აღარ ეკარება. ემოციურად ამის გაგება შეიძლება, მაგრამ 45 წლის ვარ და რაღაც პრინციპები მაქვს. ადამიანს თუ ესმის რაც ხდება, მხოლოდ რუსული პასპორტის ქონა მას უკრაინის მტრად არ აქცევს.

რამდენად აკურატულია, ხშირად მემარცხენეთა რიგს რომ მიგაკუთვნებენ?

მემარცხენეს თავს არ ვუწოდებ, მაგრამ მემარცხენეთა გვერდით ვდგავარ. თანამედროვე უკრაინის მემარჯვენე-მემარცხენედ დაყოფა უაზრობაა. უკრაინის მოქალაქე ვარ, ჩემი ქვეყანა მიყვარს და მის დახმარებას ვცდილობ.

‘ნაციონალისტს’ ან ‘პატრიოტს’ თუ უწოდებდით თავს?

ნაციონალისტს არა, პატრიოტს კი. თუმცა ამ უკანასკნელ ტერმინს დღეს უკრაინაში თანამედროვე ევროპისაგან განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. დასავლეთში პატრიოტიზმი კონსერვანტ მემარჯვენებთანაა გაიგივებული. უკრაინაში კი პატრიოტი სინონიმია იმ ადამიანის, რომელიც ჯარისკაცთა მხარდამხარ იბრძვის.

და ნაციონალისტი რატომ არა?

რახან 1980-იანი წლებიდან უკრაინულ ნაციონალისტურ მოძრაობას ახლოდან ვადევნებ თვალს. მისი იდეები და უკრაინის ჩემეული ხედვა ერთმანეთს არ ემთხვევა.

ამჟამად ყველაზე მეტ დროს რაში ხარჯავთ?

2014 წლის შესახებ რომანის იდეა მაქვს. ომის პირველ დღეებზე იქნება, როცა პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი აუცილებლობის პირისპირ დგება – მხარე უნდა აირჩიოს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული კითხვაა – რატომ უარყოფს ხალხი სამშობლოს? რა აიძულებს მათ, ოკუპანტის მხარეზე გადავიდნენ?

© არილი

Facebook Comments Box