ახალი წიგნები,  რეცენზია (თარგმანი)

მარგარეტ ეტვუდის “მწველი კითხვები” – სიბრძნე და საოცრება

ავტორი: შაჰიდა ბარი

როგორ უნდა აარიდო თავი გამძვინვარებულ ნიანგს? მარგარეტ ეტვუდის თქმით, ზიგზაგზე სირბილით. როგორც ჩანს, ნიანგებს უჭირთ კუთხეებში ნავიგაცია. ამ სიბრძნეს მწერალი თავის უახლეს ესეების კრებულში გვიზიარებს. სიმართლე ითქვას, „მწვავე კითხვები“ ნიანგებს ნაკლებად ეხება და მეტად პასუხებს ეძებს პრობლემებზე, რომელთა წინაშე საუკუნეა რაც ვდგავართ: კლიმატის ცვლილება, დოვლათის უთანასწორო გადანაწილება და დემოკრატიის ეტაპობრივი დასუსტება. და მაინც, ნიანგებზე მსჯელობა საუკეთესოდ გამოხატავს წიგნის ხასიათს: მშრალ იუმორსა და თვითდამცირების ინსტინქტს, რომლებიც ნამუშევარს მედიდურობისა თუ პათეტიკის ბრჭყალებიდან გამოიხსნის.

ბოლო პერიოდში რომანისტების მიერ დაწერილი ესეების კრებულები მომრავლდა. ზედი სმითი და სალმან რუშდი ეტაპობრივად აქვეყნებდნენ მსგავს ნამუშევრებს, მაგრამ მაინც არ გვაქვს მიზეზი მხატვრული ლიტერატურის ავტორებისგან ამა თუ იმ ფაქტზე კვალიფიცირებულ კომენტარებს ველოდეთ. მიმდინარე მოვლენებზე რამდენ გონიერ დამკვირვებელ მწერალსაც არ უნდა მივაკვლიოთ, იმდენივეს ვიპოვით თავმოწონებით ამაოებაზე მოსაუბრეს. ეტვუდის ესეები, საბედნიეროდ, ამას თავს არიდებენ, მაგრამ მოგებაზე ორიენტირებული გამომცემლის ხელი მათაც ამჩნევიათ. მაინც, სახალისო თამაშივითაა, როგორ ზრდილობიანად ემადლიერება ეტვუდი კარლტონის ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციის სკოლაში მასპინძლებს „ჩარლზ საურიოლის გარემოსდაცვითი სადილზე“ და „სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ასწლეულზე“ სასაუბროდ მიწვევისთვის და როგორი კეთილგანწყობილი ირონიულობით საუბრობს ამ მოვლენათა დიდებულებაზე.

1960 წლიდან მოყოლებული „მწველი კითხვები“ ეტვუდის ესეების მესამე კრებულია. მოიცავს 2004-დან 2021 წლამდე შესრულებულ ნამუშევრებს. მწერალი საუბრობს 09/11-ის ტრაგედიაზე, ობამას წლებზე, ფინანსურ კრიზისზე, ტრამპის ხანაზე, #MeToo მოძრაობასა და პანდემიაზე. მართალია, სიტყვა არ წერია 2019 წლის ბუკერის პრემიაზე, მაგრამ მრავლადაა პირადი რეფლექსიები „მხევლის წიგნის“ სატელევიზიო ადაპტაციასა თუ მეუღლის სიკვდილზე.

ყველაზე საინტერესო ესეებს შორისაა ნარკვევები სხვა მწერლებზე – ბიოლოგ რეიჩელ კარსონსა და მის გარემოსდაცვით წიგნ „ჩუმ გაზაფხულზე“, რომელსაც ეტვუდი დიდ პატივს სცემს; ლუსი მოდ მონტგომერის რომანზე, რომლის განხილვისას ავტორი მეტ ყურადღებას არა ენნზე მწვანე სახყრავებიდან, არამედ მის დედობილ მარილაზე ამახვილებს; 2008 წელს ელის მანროზე შესრულებული ესეი საუკეთესოა, რაც ნობელის ლაურეატ კანადელ მწერალზე ოდესმე დაწერილა: „მურნო ჩეხოვი კი არა, სეზანია,“ -განმარტავს ეტვუდი. „ხატავს და ხატავს ვაშლს, სანამ ესოდენ ნაცნობი საგანი სრულიად არ გაუუცხოვდება.“ აი, ასე.

მაგრამ ხანდახან ეტვუდი სცენარს არ მიყვება. PEN International-ის კითხვამ მწერალზე, როგორც პოლიტიკურ აგენტზე, ჩააფიქრა, რადგან არ მიაჩნდა, რომ ამ ორს შორის აუცილებლად დაისმის ტოლობის ნიშანი. ასეთი რამის დაჟინება, მისი თქმით, „მწერალსა და მკითხველს შორის კავშირს წყვეტს.“ მაგრამ მწველ კითხვათა შორისაა, თუ როგორ უნდა ვწეროთ ლიტერატურა კლიმატური კატასტროფის წინაშე.

პირველი ესეების კრებულის გამოცემიდან 60 წლის შემდეგ, ეტვუდი, როგორც ჩანს, ხელს უშვებს მართვის სადავეებს. „მე სახედ, სიმბოლოდ ვიქეცი. ამიტომ პრაქტიკულად მკვდარი ვარ და ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, პარკში ჩუმი დგომაა, ბრინჯაოდ ქცევა, სანამ მტრედები მხარზე გაზიან და გასკინტლავენ”. ამ მშრალი რეპლიკით ავტორი ხელკეტს შემდეგ თაობას გადასცემს და იმედოვნებს, რომ „თავიანთ ძალას გონივრულად გამოიყენებენ.“ მანამდე კი, ეტვუდი გულწრფელ, პატიოსან და სასიამოვნო კამპანიას გაგვიწევს.

© არილი

Facebook Comments Box