Uncategorized,  თარგმანი,  ინტერვიუ

ინტერვიუ ტრუმენ კაპოტისთან

truman-capote-NY-1965-irving-penn

ინგლისურიდან თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

ტრუმენ კაპოტი ბრუკლინ ჰაიტსში ცხოვრობს, დიდ, ყვითელ სახლში, რომელიც სულ ახლახანს დიდი გემოვნებით გაარემონტა და ელეგანტურად გამოაწყო. როცა შინ შევედი, უცნაური სურათი დამხვდა, ტრუმენ კაპოტი ყუთში იყო ჩამძვრალი, სადაც ხისგან დამზადებული ლომის ქანდაკება იყო მოთავსებული.

            “აი”, შესძახა და ნახერხითა და ბურბუშელით სავსე ყუთიდან ლომი ამოათრია. “ამაზე საუცხოო რამე თუ გინახავს ოდესმე? როგორია? ვნახე თუ არა, ეგრევე ვიყიდე. ამის თავს ვეღარავინ წამართმევს!”

            “ამხელა ლომს სად უპირებთ დადგმას?” – ვთქვი მე.

            “ბუხართან, რა თქმა უნდა”, მიპასუხა კაპოტიმ და დასძინა, “ახლა კი წამოდით, სასტუმრო ოთახში შევიდეთ და ცოტა ხანს დამელოდეთ, სანამ ამ ნაგავს ავალაგებინებ.”

            სასტუმრო ოთახი ვიქტორიანულ ყაიდაზე იყო მოწყობილი და სავსე იყო ხელოვნების ნიმუშებით, კაპოტისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთებითა და სხვა განძეულით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალზე მწყობრად და ზუსტად იყო განლაგებული მოხდენილ, კოხტა მაგიდებსა და ბამბუკის თაროებზე, მაინც გრჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს პატარა, ცელქი ბიჭის ჯიბეებიდან ამოფანტულ ნივთებს ათვალიერებდი. მათ შორის იყო რუსეთში ნაყიდი სააღდგომო ოქროს კვერცხი და თუჯის ძაღლი, ფაბერჟეს ზარდახშა, მარმარილოს ბურთები, ლურჯი ფერის კერამიკული ხილეული, პრესპაპიე, ნაირ-ნაირი პატარა ყუთები, საფოსტო ბარათები და ძველი ფოტოსურათები.

            ერთი შეხედვით, კაპოტი მშვენივრად გამოიყურება. იგი დაბალია და ქერათმიანი, თვალებზე კულულებჩამოყრილს მზიანი ღიმილი დასთამაშებს. ახალგაცნობილებთან გულითადია და ყურადღებიანი, მაგრამ ამ გულღიაობის მიუხედავად, ჩანს, რომ მის თვალს მაინც ვერაფერს გამოაპარებ და სიმართლე ითქვას, არც უნდა ეცადო, ასე უკეთესია.

            მალე ფეხის ხმა შემომესმა ჰოლიდან და კაპოტიც გამოჩნდა, წინ მოუძღოდა თავის უზარმაზარ, თეთრსახეგაბადრულ ბულდოგს.

            ასე მითხრა, “გაიცანით, ეს ბენკია”.

            ბენკიმ რაღაც ამოიქშინა, ჩვენ კი ტახტზე ჩამოვჯექით სასაუბროდ.

პატი ჰილი, 1957

– როდის დაიწყეთ წერა?

– ბავშვი ვიყავი, ათი-თორმეტი წლისა. მაშინ ალაბამაში, მობაილ სითის მახლობლად ვცხოვრობდით და შაბათობით ქალაქში დავდიოდი ხოლმე კბილის ექიმთან. ერთხელაც Mobile Press Register-ის მიერ ორგანიზებულ Sunshine Club-ში გავერთიანდი. ამ გაზეთში საბავშვო გვერდიც იყო, სადაც ლიტერატურულ კონკურსებს აწყობდნენ. შაბათს კი უფასო წვენებითა და კოკა-კოლათი გვიმასპინძლდებოდნენ. კონკურსში გამარჯვებულთათვის მთავარი პრიზი პონი იყო, ან პატარა ლეკვი, ზუსტად არ მახსოვს, სამაგიეროდ მახსოვს, რომ ძალიან მინდოდა რომელიმე მათგანი ჩემი გამხდარიყო. ვამჩნევდი როგორ ჯახირობდნენ სხვა კონკურსანტები, სიუჟეტის მოფიქრებაში ათენ-აღამებდნენ, ამიტომ ავდექი და roman a clef-ის ყაიდაზე ერთი რეალური ქალაქური ისტორია დავწერე, სახელად “Old Mr. Busybody” დავარქვი და საკონკურსოდ შევიტანე. მოთხრობის პირველი ნაწილი კვირა დღეს გამოქვეყნდა, ჩემი რეალური სახელი ეწერა, ტრუმენ სტრექფუს პერსონსი. ცოტა ვინმე თუ მიხვდა, რომ ადგილობრივ სკანდალს მხატვრულ ნაწარმოებად ვასაღებდი, თუმცა მეორე ნაწილი აღარასოდეს გამოუქვეყნებიათ და ამიტომ ვერაფერიც ვერ მოვიგე.

– დარწმუნებული იყავით, რომ გსურდათ მწერალი გამხდარიყავით?

– ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა. მაგრამ სანამ 15 წლის არ გავხდი, დარწმუნებული არ ვიყავი. სწორედ ამ დროს ავიღე ხელი ყოველგვარ სინდისზე და ჟურნალებსა და სხვა ლიტერატურულ გამოცემებში მოთხრობების დაგზავნა დავიწყე. რა თქმა უნდა, არც ერთ მწერალს არ დაავიწყდება თავისი პირველი პუბლიკაცია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში რაღაც სასწაული მოხდა. ერთ მშვენიერ დღეს, უკვე ჩვიდმეტი წლისამ, გავხსენი ჩემი საფოსტო ყუთი და აღმოვაჩინე არამხოლოდ პირველი, არამედ ჩემი მეორე და მესამე პუბლიკაციაც კი. ერთდროულად, ერთ დღეს. წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა, კინაღამ გავგიჟდი, თავბრუ დამესხა. ჩემს მაშინდელ მდგომარეობას სიტყვებით ვერც გადმოსცემ.

– თავდაპირველად რას წერდით?

– ნოველებს. ჩემი ამბიციები დღესაც ამ ფორმას უტრიალებს. თუკი სერიოზულად დავუკვირდებით, ნოველა გაცილებით რთული დასაწერია და მეტ დისციპლინას მოითხოვს, ვიდრე პროზის სხვა არსებული ფორმები. წერის მთელ ჩემს ტექნიკასა და მასალის კონტროლის უნარს სწორედ მას ვუმადლი. ნოველებზე მუშაობამ გამივარჯიშა ხელი.

– რას გულისხმობთ “მასალის კონტროლის უნარში”?

– სტილისტურ და ემოციურ მიუკერძოებლობას და სიზუსტეს მასალის გადმოცემისას. გნებავთ დახვეწილობაც დაარქვით ამას და მერე ჯოჯოხეთში გამისტუმრეთ, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ მოთხრობა შეიძლება ხუხულასავით დაიშალოს წინადადების არასწორი რიტმის, აბზაცის ან სულაც პუნკტუაციის გამო. ჰენრი ჯეიმსი წერტილ-მძიმის ოსტატია, ნამდვილი მაესტრო. ჰემინგუეიზე უკეთ ვერავინ აკეთებს აბზაცებს, სმენის, ჟღერადობის თვალსაზრისით კი ვირჯინია ვულფს არასდროს დაუწერია უხეირო წინადადება. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ზუსტად ვასრულებ, რასაც ვქადაგებ. არა, მე უბრალოდ ვცდილობ, ეს არის და ეს.

არ არსებობს წერის მზა რეცეპტი. ყველაზე სწორი ფორმა ნოველისთვის ისაა, რომ თხრობის რაც შეიძლება ბუნებრივ გზას მიაკვლიო. ერთად-ერთი ხერხი არსებობს, რათა დავრწმუნდეთ, მიაგნო თუ არა ავტორმა ბუნებრივ ფორმას: თუკი წაკითხვის შემდეგ შეგიძლია წარმოიდგინო აღწერილი სიტუაცია ანდა როცა წაკითხული სულაც არაფერს დაგიტოვებს წარმოსახვისთვის, ე.ი. ავტორმა საწადელს მიაღწია.

– არსებობს თუ არა რაიმე მექანიზმი წერის ტექნიკაში სრულყოფილების მისაღწევად?

– შრომა ერთად-ერთი მექანიზმია. წერას პერსპექტივის თავისი კანონები აქვს, შუქ-ჩრდილები, როგორც მხატვრობას ან მუსიკას. კარგია, როცა იცი რას გულისხმობს ეს კანონები და თუკი არ იცი, უნდა ისწავლო. შემდეგ უკვე შენს ნებაზე შეგიძლია მოირგო ეს წესები, სურვილისამებრ გამოიყენო. ჯოისი უკიდურესი მეამბოხე იყო, მაგრამ ზედმიწევნით იცოდა ხელობა. “ულისეს” შექმნა იმიტომ შეძლო, რომ მანამდე “დუბლინელები” ჰქონდა დაწერილი. ბევრი მწერალი ამბობს, ნოველების წერა მხოლოდ ხელის გავარჯიშებააო. ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, მართლაც არაფერი დაგვრჩენია, უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი მართლაც მხოლოდ ხელს ავარჯიშებენ. ფიზიკურ ვარჯიშს ვგულისხმობ.

– კიდევ ვინ წაგახალისათ, ვინ გიბიძგათ წერა დაგეწყოთ?

– ო, ღმერთო ჩემო! ყველაფერი რომ მოვყვე, ნამდვილი საგა გამოგივათ. ბავშვობის დიდი ნაწილი ისეთ ადგილებში მომიწია ცხოვრება და ისეთ ხალხთან მქონდა ურთიერთობა, რომლებიც შორს იდგნენ გარკვეული კულტურული ღირებულებებისგან. რაც თავისთავად არ იყო ცუდი, დღევანდელი გადმოსახედიდან. ამ ყველაფერმა გამომაწრთო და მაიძულა დინების საწინააღმდეგოდ მეცურა, გარკვეულ სფეროებში ნამდვილი ბარაკუდას უნარებიც აღმომაჩნდა, განსაკუთრებით კი მტრებთან ურთიერთობის ხელოვნება ვისწავლე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის ცოდნა, თუ როგორ მოექცე მეგობრებს. მაგრამ მოდით, ნათქვამს დავუბრუნდეთ.

ბუნებრივია, იმ ადამიანების თვალში, ზემოთ რომ ვახსენე, ექსცენტრიკოსისა და შერეკილის შთაბეჭდილებას ვტოვებდი, რაც ადვილი ასახსნელი იყო, თუმცა ასეთი შეფასება საკმაოდ მაღიზიანებდა. სკოლას ვერ ვიტანდი (უფრო სწორად კი სკოლებს, რომლებსაც ხელთათმანივით ვიცვლიდი), წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი საშემოდგომო მყვებოდა და განათლება ჩემთვის ზიზღისა და მოწყენილობის წყაროდ იქცა. სულ შატალოზე დავდიოდი და რამდენჯერმე სახლიდანაც გავიქეცი. ერთხელ ერთ ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად “მოვხიე”, რომელიც სხვათა შორის, ჩემზე უფროსი იყო და შემდგომში ძალიან გაითქვა სახელი. საქმე ისაა, რომ ამ გოგომ ექვსი ადამიანი მოკლა და სიცოცხლე სინგ-სინგის ციხეში დაასრულა ელექტრონულ სკამზე. ვიღაცამ წიგნიც კი დაწერა მის შესახებ, სადაც მას Lonely Hearts Killer-ს უწოდებდნენ. არადა მაშინ, ჩვენ მხოლოდ მოგზაურობა და თავგადასავლები გვიტაცებდა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სახლში სკოლის დირექტორი გვესტუმრა და ჩემს მშობლებს განუცხადა, რომ მისი და სკოლის სხვა მასწავლებლების აზრით, მე არანორმალური ვიყავი, გონებრივად ჩამორჩენილი. იგი ფიქრობდა, რომ მისი მხრიდან ეს ჰუმანური აქტი იყო და ჩემებს სთავაზობდა სპეციალურ სკოლაში გავეგზავნე, სადაც ძნელად აღსაზრდელები ჭკუაზე მოჰყავდათ. ოჯახმა კი, რათა დარწმუნებულიყო, რომ ჩამორჩენილი არ ვიყავი, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამაგზავნა, სადაც ჩემი გონებრივი შესაძლებლობები გამოიკვლიეს. იმ კლინიკაში დიდად ვისიამოვნე და სახლში გენიოსის საბუთით დავბრუნდი, ყოველ შემთხვევაში მეცნიერებმა ასეთი დასკვნა გამოიტანეს. არ ვიცი, ვინ უფრო შეძრა ამ დასკვნამ, ჩემი ყოფილი მასწავლებლები, რომელთაც არაფრით სჯეროდათ ეს ამბავი, თუ ოჯახის წევრები, რომელთაც პრინციპულად არ უნდოდად ამის დაჯერება. მათი სურვილი იყო, რომ მე ნორმალური, სასიამოვნო, ზრდილობიანი ბიჭი ვყოფილიყავი (იცინის). მე კი ძაან კმაყოფილი ვიყავი, დავეყუდებოდი სარკის წინ, გავიბღინძებოდი და საკუთარ თავს მივმართავდი ხოლმე, “ძმაო, შენ და ფლობერს…” და ა.შ. ფლობერის ადგილს ზოგჯერ მოპასანი, მენსფილდი, პრუსტი, ჩეხოვი და ვულფი იკავებდნენ, გააჩნია როგორ ხასიათზე ვიყავი.

თავიდან გიჟივით ვმუშაობდი, დღე და ღამე გასწორებული მქონდა და ეს მუდმივი დაძაბულობა დიდხანს გრძელდებოდა. მემგონი რამდენიმე წლის მანძილზე ნორმალურად არც მძინებია. ცოტა ხნის მერე აღმოვაჩინე, რომ ვისკი შვებას მგვრიდა, დაძაბულობას ხსნიდა. მაშინ პატარა ვიყავი, თხუთმეტი წლისა, ამიტომ მაღაზიაში ვისკის არავინ მომყიდიდა. თუმცა მყავდა რამდენიმე უფროსი მეგობარი, რომლებიც მეხმარებოდნენ ამ საქმეში და მალე ჩემი ჩემოდანი ბოთლებით გაივსო. რა სასმელი არ მქონდა შენახული, მოცხარის ბრენდით დაწყებული – ბურბონით დამთავრებული. ჩემოდანს ტუალეტში ვმალავდი. ძირითადად შუადღით ვსვამდი; მერე კევს დავღეჭავდი და სადილად ჩავდიოდი ხოლმე. სასმელი ნელ-ნელა მეკიდებოდა და შიშით ხმას ვერ ვიღებდი, რომ არ “დავმწვარიყავი”. ერთი ჩემი ნათესავი მეუბნებოდა ხოლმე, გათიშული მთვრალივით იქცევიო. ვერაფერს ხვდებოდა. მალე ჩემს ამ კომედიებს (თუ შეიძლება ასე ითქვას) ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვა და სასმელს კარგა ხანს არ გავკარებივარ. თქვენ მეკითხებოდით, ვინ წაგახალისათ, ვინ გიბიძგათ წერა დაგეწყოთო. უცნაურია, მაგრამ პირველი ადამიანი, ვინც მართლა დამეხმარა, ჩემი ინგლისურის მასწავლებელი იყო, კეტრინ ვუდი. მისი ძალიან მადლობელი ვარ. შემდეგ იყო მარგარიტა სმიტი, ჟურნალ “Mademoiselle”-ს პროზის განყოფილების გამგე, მერი ლუიზ ესუელი “Harper’s Bazaar”-იდან და რობერტ ლინსკოტი გამომცემლობა “Random House”-დან. ერთი სიტყვით, მაგრა გამიმართლა.

– რამ უფრო იქონია გავლენა, იმან რომ ფულს გიხდიდნენ თუ კრიტიკული შენიშვნები იყო გადამწყვეტი?

– როცა შენი წიგნები იყიდება, ძალიან კარგია. როცა ვწერ, ყოველთვის ვიცი, რომ ამაში ფულს გადამიხდიან, სხვაგვარად, უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძლებდი მუშაობას. თუმცა იმ ადამიანებისგან, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, რჩევებიც ხშირად მიმიღია.

– ადრე დაწერილიც ისევე გიყვართ, როგორც ახალი ნაწარმოებები?

– დიახ. მაგალითად, გასულ ზაფხულს ჩემი “სხვა ხმები, სხვა ოთახები” გადავიკითხე. ეს რომანი რვა წლის წინ დაიბეჭდა და მას შემდეგ პირველად წავიკითხე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სხვის ნაწერს ვკითხულობდი. მე უკვე გაუცხოებული ვარ ამ წიგნთან. მის ავტორს თითქოს არაფერი აქვს ჩემთან საერთო. ჩვენი მენტალიტეტი და შინაგანი ტემპერატურა ძალზე განსხვავდება. თუმცა, მოუქნელობის მიუხედავად, იგი გასაოცარი ენერგიითა დამუხტული. მიხარია, რომ თავის დროზე დავწერე ეს წიგნი, ახლა ასე ალბათ აღარ დავწერდი. ასევე მომწონს “მინდვრის არფა” და ჩემი რამდენიმე მოთხრობა. “მირიემი” არ მომწონს, იგი მხოლოდ ეფექტური მოთხრობაა და მეტი არაფერი. მირჩევნია “ბავშვები დაბადების დღეზე”, “მასტერ მიზერი”, მოთხრობა, რომელიც არც ისე პოპულარულია და შესულია ჩემს მოთხრობების კრებულში “ღამეული ხე”.

– ცოტა ხნის წინ თქვენ გამოაქვეყნეთ წიგნი “პორგი და ბესის” რუსეთში მოგზაურობის შესახებ, რომელიც სტილური თვალსაზრისით ძალზე საინტერესო იყო, თქვენთვის უჩვეულო და უცხო. ასე უფრო რეპორტიორი დაწერდა, რომელიც მიჩვეულია მიუკერძოებლად წეროს. ვინმეს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ წიგნი ძალიან ახლოა რეალობასთან, სინამდვილესთან, არადა თქვენ მიიჩნევთ, რომ თქვენი ნაწარმოებების უმრავლესობა პირად გამოცდილებას ემყარება.

– სინამდვილეში სტილზე საერთოდ არ მიფიქრია. ეს წიგნი, “მუზების ესმით”, სტილურად აშკარად განსხვავდება ჩემი მხატვრული ნაწარმოებებისგან. შესაძლოა წიგნის შინაარსი და ის ფაქტი, რომ იგი რეალურ მოვლენებს ეხება, ზეგავლენას ახდენს სტილისტიკაზეც. თანაც “მუზები” არსებითად რეპორტაჟია, რეპორტაჟი კი ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს, ზედაპირულიც კი, სადაც კომენტარებს უმნიშვნელო ადგილი უკავია. იგი ისე ვერ წვდება სიღრმეებს, როგორც მხატვრული პროზა. ამ რეპორტაჟის დაწერის მიზეზი ცოტა სხვა იყო, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი სტილისტიკა ჟურნალიზმსაც მიუდგებოდა. თუმცა მგონია, რომ ჩემი მხატვრული ხერხები ძალზე განსხვავდება ამისგან. ემოციები მწერალს კონტროლს აკარგვინებს, მე კი ვცდილობ, ემოციები მოვინელო, დავიმორჩილო და არაფერს დავწერ, სანამ ამ ემოციების ანალიზისა და აღწერისთვის არ ვიქნები მზად. ნამდვილი ტექნიკაც, ჩემი აზრით, სწორედ ასეთი მიდგომით მიიღწევა. თუკი ჩემი მხატვრული ნაწარმოებები ძალიან პრივატული ჩანს, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ჩემს წარმოსახვას ეფუძნება.

– როგორ იმორჩილებთ ემოციებს? რა არის ამისთვის საჭირო? იქნებ აუცილებელია გარკვეული დრო გავიდეს, რის შემდეგაც ამბავი უფრო გამოიკვეთება, თუ სხვა რამეც უნდა მივიღოთ მხედველობაში?

– არამგონია ეს მხოლოდ დროის პრობლემა იყოს. მაგალითად დიკენსი სიცილით კვდებოდა თავისი პერსონაჟების იუმორზე და ცრემლად იღვრებოდა, როცა ისინი კვდებოდნენ. ჩემი მეთოდი კი შემდეგში მდგომარეობს, ავტორმა ყველაფერი კარგად უნდა მოიფიქროს, სანამ რაიმეს დაწერდეს და რაც მთავარია, ცრემლები დიდი ხნით ადრე უნდა შეიმშრალოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელოვნებაში განსაკუთრებული სიღრმეები მხოლოდ გაწონასწორებულობით, ცივ გონებაზე მიიღწევა. მაგალითად, ფლობერის “Un coeur simple” სითბოთია დაწერილი, მაგრამ მოთხრობად იგი მხოლოდ ავტორის ცოდნისა და ტექნიკის წყალობით იქცა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ფლობერი მოთხრობილ ამბავს ძალიან ღრმად განიცდიდა, მაგრამ წერისას დაძლია ეს განცდები. უფრო თანამედროვე მაგალითი თუ გნებავთ, კეტრინ ენ პორტერის გასაოცარ მოთხრობას, “შუადღის ღვინოს” დავასახელებდი. მასში უდიდესი ენერგიაა თავმოყრილი, თუმცა წერისას ეს ენერგია მუდამ კონტროლის ქვეშაა, მოთხრობის შინაგანი რიტმი კი უზადოა, უზუსტესი, ანუ მის პორტერი მუდამ იცავს გარკვეულ დისტანციას თავის მასალასთან.

– თქვენი საუკეთესო მოთხრობები და რომანები შედარებით მშვიდ პერიოდებშია დაწერილი? თუ ემოციურ სტრესების დაძლევისას უფრო კარგად მუშაობთ?

– მემგონი მშვიდი პერიოდი არც არასდროს მქონია, თუ არ ჩავთვლით იმ იშვიათ მომენტებს, როცა ნემბუტალზე ვიყავი შემჯდარი. თუმცა არა, კიდევ იყო ეგეთი პერიოდი, ორი წელი გავატარე სიცილიაზე, მთის წვერზე აშენებულ ვილაში. ძალიან რომანტიკული იყო. ალბათ ამას ჰქვია სიმშვიდე, ღმერთმა უწყის. “მინდვრის არფა” სწორედ სიცილიაზე დავწერე. ისე, უნდა გითხრათ, რომ ე.წ. დედლაინებით გამოწვეულმა პატარ-პატარა სტრესებმა დიდი სამსახური გამიწიეს.

– ბოლო რვა წლის მანძილზე თქვენ საზღვარგარეთ ცხოვრობდით. რატომ გადაწყვიტეთ ამერიკაში დაბრუნება?

– იმიტომ, რომ ამერიკელი ვარ და არასდროს მქონია სურვილი, რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე გავმხდარიყავი. თანაც მე ქალაქები მიყვარს და ნიუ იორკი მსოფლიოში ერთად-ერთი ნამდვილი ქალაქია. ჩემთვის ევროპა ცოდნის წყაროა, ხედვის, პერსპექტივის ხელოვნებასაც აქ დავეუფლე და აქვე მოვმწიფდი როგორც შემოქმედი. თუმცა შემდეგ დადგა დრო (ეს დაახლოებით ორი წლის წინ იყო), როცა ისეთი ნაყოფიერი ვეღარ ვიყავი. ევროპამ ძალიან ბევრი მომცა, მაგრამ რაღაც მომენტში უეცრად მივხვდი, რომ ამ ურთიერთობამ თავი ამოწურა და შინ უნდა დავბრუნებულიყავი. ვიგრძენი რომ გავიზარდე და უკვე მზად ვიყავი მშობლიურ ფესვებს დავბრუნებოდი.

– ბევრს კითხულობთ?

– ძალიან ბევრს. ვკითხულობ ყველაფერს, ეტიკეტებიდა დაწყებული – რეკლამებითა და რეცეპტებით დამთავრებული. ჭკუა მეკეტება გაზეთებზე, ნიუ იორკის ყველა გაზეთს ვკითხულობ (ყოველდღიურებს), საკვირაო გამოცემებსაც არ ვტოვებ და უცხოურ ჟურნალებსაც ვეტანები. რასაც არ ვყიდულობ, იქვე, მეგაზეთესთან ჩავიკითხავ ხოლმე. კვირაში საშუალოდ ხუთ წიგნს ვკითხულობ, საშუალო ზომის რომანს დაახლოებით ორ საათში ვამთავრებ. თრილერები მიყვარს და ოდესმე ალბათ მეც დავწერ ეგეთ რომანს. თუმცა მაინც ნამდვილ ლიტერატურას ვანიჭებ უპირატესობას. ბოლო წლების მანძილზე ძირითადად მიმოწერას, დღიურებსა და ბიოგრაფიებს ვკითხულობ. წერის დროს კითხვა ხელს არ მიშლის, ანუ მწერლის სტილი, რომელსაც იმ დროს ვუზივარ, ჩემს ნაწერებში არ აისახება. ერთად-ერთხელ მოხდა, როცა ჯეიმსის ბიბლიის გავლენით საშინლად გრძელი წინადადებები გამომივიდა.

– რომელმა მწერლებმა მოახდინეს ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე?

– ასეთი გავლენა პირველად მაშინ გავაცნობიერე, როცა რამდენიმე კრიტიკოსმა ფოლკნერს, უელთისა და მაკკალერსს შემადარა. არ ვიცი, შესაძლოა ასეც იყოს. სამივეს ვაღმერთებ; კეტრინ ენ პორტერსაც. თუმცა კარგად რომ დავუკვირდეთ, მათ ერთმანეთთანაც არაფერი აქვთ საერთო, არათუ ჩემთან, გარდა იმ ფაქტისა, რომ ჩვენ ყველანი სამხრეთელები ვართ. ცამეტიდან თექვსმეტ წლამდე ასაკი საუკეთესო პერიოდია თომას ვულფით გატაცებისთვის. მაშინ იგი გენიოსად მიმაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობ, მაგრამ, რომ მომკლათ, სტრიქონს ვეღარ წავიკითხავ მისი ნაწერებიდან. ასევე გამიქრა ყმაწვილური ვნება პოს, დიკენსისა და სტივენსონის მიმართ. მიყვარს მათი გახსენება, მაგრამ ხელახლა წაკითხვის სურვილი აღარა მაქვს. სამაგიეროდ არიან მწერლები, რომლებითაც ყოველთვის აღფრთოვანებული ვიქნები: ფლობერი, ტურგენევი, ჩეხოვი, ჯეინ ოსტინი, ჰენრი ჯეიმსი, ე.მ. ფორსტერი, მოპასანი, რილკე, პრუსტი, შოუ, უილა კეზერი… ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულობამდე შეიძლება, მხოლოდ ერთ ადამიანს დავამატებდი, ჯეიმს ეიჯის, შესანიშნავ მწერალს, ვისი გარდაცვალებაც, ორიოდე წლის წინ, ნამდვილი დანაკლისი იყო. ეიჯიზე, სხვათა შორის, კინომ მოახდინა დიდი გავლენა. მე ვფიქრობ, ახალგაზრდა მწერლების უმეტესობამ ბევრ რამ ისწავლა კინოენისგან. მეც, მათ შორის.

– თქვენ სცენარებსაც წერდით? ამაზე რას გვეტყვით?

– უბრალოდ ვერთობოდი. “Beat the Devil”-ზე მუშაობისას მაგრა ვიხალისე. გადაღებები იტალიაში მიმდინარეობდა და მე და ჯონ ჰიუსტონი სცენარს იქვე ვწერდით. ეპიზოდებისთვის ტექსტებს ზოგჯერ ექსპრომტადაც ვთხზავდით ხოლმე. მსახიობებს თავგზა ჰქონდათ აბნეული, ჰიუსტონიც კი ვერაფერს იგებდა რა ხდებოდა. სცენები თანამიმდევრობის გარეშე იწერებოდა და იყო მომენტები, როცა ფაბულის გარდა არაფერზე ვფიქრობდი. მეშინოდა ერთმანეთში არ ამრეოდა მოვლენები. ძაან სასაცილო იყო. თუმცა პროდიუსერს სულაც არ ჰქონდა სიცილის თავი. ერთი მაგისიც…

ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ მწერალს თავისი რეჟისორი უნდა ჰყავდეს, რომელიც უსიტყვოდ გაუგებს მას, ანდა თავად უნდა იყოს რეჟისორი. მაგალითად, ჩეზარე ძავატინი ჩემთვის ნამდვილი გენიოსია. კარგი იტალიური ფილმების ოთხმოცი პროცენტი მისი სცენარების მიხედვითაა გადაღებული, მაგალითად, დე სიკას ფილმები. დე სიკა არაჩვეულებრივი ადამიანია, მრავალმხრივ დაჯილდოებული, თუმცა მაინც ძავატინის მეგაფონის ფუნქციას ასრულებს, მისი ფილმები თავიდან ბოლომდე ძავატინის ქმნილებებია: ყოველი ნიუანსი, დეტალი თუ წვრილმანი სცენარშივეა გათვლილი.

– რამე განსაკუთრებული ჩვევები ხომ არა გაქვთ? წერისას დაფას თუ იყენებთ ან საბეჭდ მანქანას?

– აბსოლუტურად ჰორიზონტალური ავტორი ვარ. თუ არ წამოვწექი, არაფერი გამომდის. გავიშხლართები ტახტზე, მოვწრუპავ ყავას, სიგარეტს გავაბოლებ და წერას ვიწყებ. შუადღისთვის პიტნის ჩაიზე გადავდივარ, შემდეგ კი ალუბლის ნაყენსა და მარტინიზე. ჯერ ფანქრით ვწერ, შემდეგ ასევე ფანქრით ვასწორებ და საბეჭდ მანქანაზე გადამაქვს ტექსტი. არსებითად, მე ჩემს თავს სტილისტად მივიჩნევ, სტილისტი კი ყოველ მძიმესა თუ წერტილ-მძიმეზე მუშაობს. ეს კი ძალიან დამღლელია.

– თქვენ ერთმანეთისგან განასხვავებთ სტილისტებს და მათ, ვისაც სტილი არ ადარდებთ. რომელ მწერლებს დაასახელებდით ამასთან გაკავშირებით?

– რა არის სტილი? სინამდვილეში არავინ იცის; ჩემი აზრით, სტილი უფრო მეტად გამოხატავს შემოქმედის გრნობებს, ვიდრე შინაარსი. გარკვეული აზრით, სტილი ყველა მწერალს აქვს (თუმცა, ცხონებული რონალდ ფირბენკი უფრო მეტი იყო ვიდრე სტილისტი) და მიუხედავად ამისა სტილით გატაცება ბევრისთვის შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს, უარყოფითად იმოქმედოს მასზე, რასაც ვერ ვიტყვით ე.მ. ფორსტერზე, კოლეტზე, ფლობერსა და მარკ ტვენზე, ჰემინგუეიზე და ისაკ დაინესენზე. მათ პირიქით, სრილყოფილებამდე მიიყვანეს სტილი. დრაიზერს, მაგალითად, ჰქონდა გამორჩეული სტილი, მაგრამ რად გინდა?! იუჯინ ო`ნილსაც. ფოლკნერს არაჩვეულებრივი სტილი აქვს. ყველა ეს მწერალი ჩემთვის ძლიერი, თუმცა ნეგატიური სტილის ტრიუმფატორები არიან, და ისინი ახალს არაფერს მატებენ მწერლისა და მკითხველის ურთიერთობის საქმეს. არიან უსტილო სტილისტებიც – ეს ძალინ რთულია და ასეთი ავტორები ყოველთვის პოპულარულები არიან ხოლმე: გრემ გრინი, მოემი, ტორნტონ უაილდერი, ჯონ ჰერსი, უილა კეზერი, თარბერი, სარტრი (არ დაგავიწყდეთ, რომ შინაარსს არ ვეხებით) და ა.შ. მაგრამ ისინი არც არიან მწერლები, არამედ მბეჭდავები. გაქაფულები მუშაობენ, აუარება ქაღალდს ხარჯავენ და გვერდებს უფორმო და უსახური ტექსტებით ავსებენ. შედარებით ახალგაზრდა მწერლებიდან, ვინც სტილზე მუშაობს, ფ. ჰ. ნიუბაისა და ფრანსუაზა საგანს დავასახელებდი, ასევე ბილ სტაირონსა და ფლენერი ო`კონორს – მას რამდენიმე არაჩვეულებრივი მოთხრობა აქვს. კიდევ ჯეიმს მერილს, უილიამ გოიენს (კარგი იქნება თუკი გოიენი თავს დაანებებს ისტერიკებს), ჯერომ სელინჯერსა და კოლინ უილსონს აღვნიშნავდი.

– თქვენ თქვით, რომ რონალდ ფირბენკი უფრო მეტი იყო ვიდრე სტილისტიო. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მხოლოდ სტილის წყალობით იქცე დიდ მწერლად?

– არა მგონია, თუმცა მეორე მხრივ ძნელი წარმოსადგენია, მაგალითად პრუსტი, მისი სტილის გარეშე. ამერიკელი მწერლები ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ სტილს. ერთ-ერთი პირველი სტილისტი ჰოთორნი იყო, უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე კი ჰემინგუეი ბატონობს. დღეს ასეთი მის პორტერია.

– საინტერესოა, რომ თქვენს ნაწარმოებებს ძალიან აფასებენ საფრანგეთში. როგორ ფიქრობთ, სტილის თარგმნა შესაძლებელია?

– რატომაც არა? მწერალსა და მთარგმნელს ხომ თანაბარი უფლებები აქვთ, ისინი ტყუპებივით არიან.

– როგორც ვიცი, ახალ მოთხრობაზე მუშაობთ, ვნახე თქვენი ხელნაწერი… რა ეტაპზე ხართ?

– ეს მეორე პირია, შემდეგ მანქანაზე გადავბეჭდავ, ყვითელ ქაღალდზე. სხვათა შორის, ბეჭდვითაც ლოგინში ვბეჭდავ, მანქანა მუხლებზე მიდევს. ასე მირჩევნია. წუთში დაახლოებით ას სიტყვას ვბეჭდავ. ნაბეჭდს, ანუ ე.წ. ყვითელ პირს ცოტა ხნით გადავდებ ხოლმე, ერთი კვირით ან ერთი თვით, შესაძლოა უფრო მეტ ხანსაც აღარ მოვიკითხო ტექსტი. შემდეგ კი ვცდილობ ცივ გონებაზე გადავიკითხო, მეგობრებსაც ვაცნობ ხოლმე და საბოლოოდ ვარკვევ თუ რა უნდა გავასწორო ტექსტში ან სად დავბეჭდო (რამდენიმე მოთხრობა და ერთი დასრულებული რომანი გადაგდებულიც კი მაქვს, არსად დამიბეჭდავს). თუკი ყველაფერი რიგზეა, ყვითელი პირს უკვე თეთრ ქაღალდზე გადავბეჭდავ და მორჩა, ნაწარმოები პუბლიკაციისთვის მზადაა.

– სანამ საწერად დაჯდებოდეთ, წიგნი თავიდან ბოლომდე გაქვთ მოფიქრებული თუ წერის პროცესში იკვეთება ყველაფერი?

– შეიძლება ითქვას, ორივე რეჟიმში ვმუშაობ. მე ყოველთვის წინასწარ მაქვს მოფიქრებული დასაწყისი, შუაწელი და ფინალი, მაგრამ წერისას ბევრი სიურპრიზი ხდება ხოლმე. და მადლობა ღმერთს, რადგან ეს სიურპრიზი თუ მოულოდნელობა, ფრაზა, რომელიც უეცრად გაჩნდება საიდანღაც, მწერალს ენერგიას მატებს და უბიძგებს წერა გააგრძელოს. თავის დროზე ბლოკნოტში ვიწერდი ხოლმე მოთხრობის გეგმას, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეს წარმოსახვას მიხშობდა. თუკი იდეა, ჩანაფიქრი შთამბეჭდავია და იგი მართლაც შენ გეკუთვნის, მას ვერაფერი დაგავიწყებს, სანამ არ დაწერ, არ მოგასვენებს.

– რამდენად ავტობიოგრაფიულია თქვენი ნაწერები?

– ჩემთან ძალზე ცოტაა ავტობიოგრაფიული მომენტები. ზოგიერთი ნაწარმოები რეალურ ფაქტებსა და რეალურ ადამიანებს ეხება, ამიტომ, შესაძლოა მათაც ავტობიოგრაფიული ვუწოდოთ. “მინდვრის არფა” ერთად-ერთი ნამდვილი ამბავია, რომელიც კი მე დამიწერია. არადა რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ეს ამბავი გამოგონილია, სამაგიეროდ დარწმუნებულები არიან, რომ “სხვა ხმები, სხვა ოთახები” ავტობიოგრაფიულია.

– სამომავლოდ რაიმე განსაკუთრებული პროექტები ხომ არა გაქვთ?

– დიახ, მაქვს. მინდა ახლებურად, სხვანაირად დავწერო, უფრო ფერადოვანი რომ გახდეს ხელწერა. როცა ხვდები, რომ წერა გიადვილდება, რაღაც უნდა შეცვალო. ჰემინგუეიმ თქვა ერთხელ, პირველ პირში რომანის დაწერა ყველას შეუძლიაო. ახლა ვხვდები რასაც გულისხმობდა.

– ხელოვნების სხვა რომელიმე დარგი ხომ არ გიზიდავდათ როდისმე?

– არ ვიცი ხელოვნებაა ეს თუ არა, მაგრამ წლების მანძილზე სცენის მუშა ვიყავი და სულ ვოცნებობდი სტეპის მოცეკვავე გავმხდარიყავი. ვვარჯიშობდი კიდეც, კინაღამ სახლიდან გამაგდეს ამის გამო. შემდეგ ავიკვიატე გიტარაზე დაკვრას ვისწავლი და ღამის კლუბებში ვიმუშავებ მეთქი. რამდენიმე თვე გიტარის მასწავლებელთანაც დავდიოდი, მაგრამ დიდი წვალების მიუხედავად ერთად-ერთი თემა დავამუღამე, “I Wish I Were Single Again”, ისიც დამწყებების რეპერტუარიდან იყო. ერთხელაც მომბეზრდა მეცადინეობა და გიტარა ვიღაცას ვაჩუქე, არც ვიცი ვინ იყო, ავტობუსის გაჩერებაზე შემხვდა. ხატვაც მიყვარდა, სამი წელი მასაც შევალიე, მაგრამ უშედეგოდ.

– როგორ ფიქრობთ, კრიტიკა გეხმარებათ?

– დაბეჭდვამდე კრიტიკა სასარგებლოა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვისაც ენდობი. მაგრამ პუბლიკაციის შემდეგ მხოლოდ ქებას მოველი. საერთოდაც ეგრეა. ორმოცდაათ დოლარს მოგცემთ, თუკი მიპოვით მწერალს, რომელიც კმაყოფილი დარჩება მიმომხილველის ქედმაღლობით, ანდა გაითვალისწინებს კრიტიკოსის შენიშვნებს. არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს არც ერთი პროფესიონალი კრიტიკოსი არ იყოს ყურადღების ღირსი, უბრალოდ ძალიან ცოტა იწერება კარგი რეცენზია. ყველაზე მეტად ჩემი პრინციპებისა მწამს. შეურაცხყოფა ბევრჯერ მოუყენებიათ, მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არასდროს მიმიქცევია. ერთი სიტყვით, ჩემს შესახებ დაწერილი ამაზრზენი პასკვილების კითხვისას პულსი ყოველთვის ნორმაში მაქვს ხოლმე. ერთი რამაა მთავარი: მაზალო კრიტიკოსს თავი არ უნდა გაუყადრო, არასდროს არ უნდა დაუწერო საპასუხო წერილი, არავითარ შემთხვევაში.

– რაიმე უცნაურობა ხომ არ გახასიათებთ?

– ციფრებზე მაქვს გართულება. მაგალითად არის რამდენიმე ტელეფონის ნომერი, რომელიც ცხოვრებაში არ ამიკრეფია, რადგან თარსი ციფრები ურევია. სასტუმროში ნომერსაც ამ ნიშნით ვარჩევ. კიდევ ვერ ვიტან ყვითელ ვარდებს, საფერფლეში დაგროვილ სიგარეტის ნამწვებს, მონაზვნებთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობას. პარასკევს არანაირ საქმეს არ წამოვიწყებ (ამ დღეს, რაიმე საქმის დასრულებაც არ მიყვარს). უცნაურია, მაგრამ ხშირად მსიამოვნებს ხოლმე ამ ცრურწმენათა მორჩილება.

– ერთხელ ყური მოვკარი, რომ თქვენ ყველაზე მეტად ლაპარაკი, კითხვა, მოგზაურობა და წერა გიყვართ. მართლა ასეა?

– მემგონი მასეა. განსაკუთრებით ლაპარაკი მიყვარს, მსმენელიც კარგი ვარ. ვერ ხედავთ დღესაც რამდენი ვილაპარაკე.

©The Paris Review

N 16, 1957

© “არილი”, N 4, 2005.

Facebook Comments Box