ინტერვიუ

ინტერვიუ ციცო ხოცუაშვილთან – „როგორც ავტორი დაწერდა, თარგმანის ენაზე რომ შეექმნა თავისი ნაწარმოები“

ესაუბრა თაკო წულაია

ციცო ხოცუაშვილმა დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი წიგნი თარგმნა და მისი საქმიანობა უფრო მეტ ყურადღებასა და დაფასებას იმსახურებს. „პატარა ქალები“, „დორიან გრეის პორტრეტი“, „სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით“, „ენი გრინგეიბლიდან“ და სხვა, მოზარდებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი წიგნები, მის მიერაა თარგმნილი და მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობაც, ძირითადად, სწორედ საყმაწვილო ლიტერატურას უკავშირდება. წინამდებარე ინტერვიუში ციცო ხოცუაშვილი თავის პროფესიულ დებიუტზე,  საბავშვო ლიტერატურის თარგმნის სპეციფიკასა და კარგი თარგმანის ამოცნობის ხერხებზე საუბრობს. ის ეხება სასწავლო ლიტერატურის გამოწვევებსა და ტერმინოლოგიური ლექსიკონების არსებობის აუცილებლობის თემებსაც.

თქვენს პროფესიულ დებიუტზე საუბრით დავიწყოთ. როდის და რა ტექსტი თარგმნეთ პირველად?

ჩემი პირველი ცდა ოსკარ უაილდის „კენტერვილის აჩრდილი“ იყო, რომელსაც შედეგად ის მოჰყვა, რომ მთარგმნელობითმა კოლეგიამ აირის მერდოკის „შავი პრინცი“ შემიკვეთა. ეს ჩემი მაშინდელი შესაძლებლობებისთვის ძალიან დიდი და ძნელი საქმე გამოდგა და მეგონა, ჩემს სიცოცხლეში აღარ მივეკარებოდი სათარგმნად რომანს. „პრინცი“ რომ ითარგმნა, კოლეგიაც დაიხურა და ოთხმოცდაათიანებში იურიდიულ ტექსტებს ვთარგმნიდი, თუმცა გზადაგზა მაინც შემომეთარგმნებოდა ხოლმე რაღაც-რაღაცები, მაგალითად, „დორიან გრეის პორტრეტის“ პირველი ოთხი თავი. მერე „ბეჭდების მბრძანებელი“ მათხოვეს. კითხვისას ერთი ლექსის თარგმნა ვცადე. ერთს მეორე მოჰყვა, შემდეგ საბავშვო ლექსები. ამ ლექსებით გამიცნეს გია ქარჩხაძემ, თინა მამულაშვილმა და ბაკურ სულაკაურმა და ასე მოვხვდი საბავშვო ლიტერატურაში – მხატვრულშიცა და არამხატვრულშიც, რადგან ენციკლოპედიების თარგმნაც მომიხდა.

ერთი მხრივ, ბატონი და ქალბატონი ჯაჯღანსები და მათი შვილი გააცანით მკითხველს, მეორე მხრივ, „ჯეინ ეარი“, „დორიან გრეის პორტრეტი“ თარგმნეთ. როდის გრძნობთ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, როცა პირველად თარგმნით რომელიმე ავტორს/ნაწარმოებს და თქვენზეა დამოკიდებული, რა წარმოდგენა შეექმნება მკითხველს, თუ მაშინ, როცა უკვე კარგად ნაცნობ და ყველასთვის საყვარელ წიგნზე იწყებთ მუშაობას? რომელი უფრო რთულია ხოლმე?

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საბავშვო და საყმაწვილო ტექსტები სირთულით კლასიკასთან ვერ მოვა, მე მაინც მაშინ უფრო ვღელავ, როცა გზამკვლევი ვარ და მკითხველი მე უნდა ვატარო, ხოლო ნაცნობ და უკვე ნათარგმნ წიგნზე მუშაობისას ალბათ მთარგმნელ-რესტავრატორად გამოვდივარ და გულდინჯად ვმუშაობ.

თქვენი მთარგმნელობითი საქმიანობის განმავლობაში, რომელი წიგნის თარგმნა იყო ყველაზე დიდი პროფესიული გამოწვევა?

ბერნარდ შოუს „ჭეშმარიტი ვაგნერიანელი“ გამოწვევაც იყო და ხელჩართული ბრძოლაც. ამ პროექტის ინიციატორმა და ვაგნერის დიდმა თაყვანისმცემელმა გამამხნევა, ვაგნერი უმძიმესად წერს, მაგრამ შოუ, ხომ იცით, რა მსუბუქიაო, არადა, რამდენადაც მსუბუქია შოუს პიესები, იმდენად მძიმეა მისი პროზა. წიგნში ვაგნერის ციტატებიც არის ჩართული და, ნამდვილად შოუზე უფრო გასაგებად წერს. წესით, იურისპრუდენციის უღრანებგამოვლილს, არ უნდა გამჭირვებოდა, მაგრამ თითქმის ყოველი წინადადებას ალგებრული ამოცანასავით ვხსნიდი, ნაწილებს სხვადასხვა ფერად ვღებავდი, რომ მივმხვდარიყავი, საიდან სად გადადიოდა აზრი. საბოლოოდ, პროექტის ინიციატორი დარწმუნდა, რომ ვაგნერთან შედარებით შოუ მართლაც  გასაგებია. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ავტორს მძიმე სტილი აქვს არჩეული, მთარგმნელმა თავს ტექსტის გამსუბუქების უფლება მისცეს. მძიმე ტექსტი თარგმანშიც მძიმე უნდა დარჩეს, ოღონდ არა გაუგებარი.

თქვენს თარგმანებში საყმაწვილო ლიტერატურა ჭარბობს. რატომ გადაწყვიტეთ თქვენი საქმიანობის ამ მიმართულებით განვითარება? რა სპეციფიკა აქვს საბავშვო ლიტერატურის თარგმნას?

ჯერ ერთი, ამაზე კარგს რას გავაკეთებდი: ბავშვი მომავალია, იმედია და სანამ იგი სუფთა დაფაა, ამ დაფაზე რაც შეიძლება კარგი, ცოცხალი ქართულით დაწერილი ზღაპრები თუ ლექსები უნდა გაჩნდეს, მეორე კი  – თარგმანმა რომ ისეთივე ემოციური ზემოქმედება მოახდინოს ბავშვზე, როგორსაც ორიგინალი ახდენს, შეგიძლია ორიგინალისგან განსხვავებული მხატვრული ხერხები გამოიყენო. აქ მეტი თავისუფლება გაქვს და ალბათ ეს თავისუფლება და გამომგონებლობაც მიყვარს.

საბავშვო ლიტერატურის თარგმნისას მთავარია ისე იფიქრო, როგორც ბავშვი ფიქრობს, მისი ენა და სიმბოლოები გამოიყენო. უნდა ხვდებოდე, რა დააინტერესებს ბავშვს. ბავშვური ხედვა გჭირდება, რათა საინტერესო ზღაპარი თუ მოთხრობა მოსაწყენ საკითხავად არ გადაიქცეს. საბავშვო ლიტერატურას მუდამ ახლავს ზნეობრივი ქვეტექსტი, რომელიც თამაშის ფორმითაა შენიღბული და სწორედ ეს ნოტი უნდა დაიჭირო, თან ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ბავშვობაშივე ეყრება საფუძველი ლიტერატურულ გემოვნებას.

საბავშვო ლიტერატურა მოიცავს როგორც პატარებისათვის, ისე მოზარდებისათვის დაწერილ წიგნებს და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის თარგმნას თავისი თავისებურებები აქვს.

მთლად პატარა მკითხველ-მსმენელისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ჟღერს და როგორი შინაგანი რიტმიკა აქვს ტექსტს. ბავშვი პირველ ზღაპრებსა და ლექსებს ისმენს და ამიტომ ტექსტი სწორად რომ ჟღერდეს, ფრაზები სადა და ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს, რათა იგი იოლად მიჰყვეს ავტორის აზრს. მოზარდებისთვის დაწერილ წიგნებში კი ისეთი ტონი უნდა იპოვო, ისეთი გამოთქმები მონახო, როგორსაც ისინი იყენებენ, რათა „მათიანი“ გახდე, ოღონდ თან ისიც მოახერხო, რომ ჩვენი ენის სიმდიდრეებიც შეაპარო და დაახსომო.

მორის ბლანშო მთარგმნელობით საქმიანობას ღმერთის მეტოქეობას, ბაბილონის გოდოლის აღდგენისკენ სწრაფვას ადარებს. თქვენ როგორ აღიქვამთ თარგმანების გავლენას საზოგადოების ცნობიერებაზე, სალიტერატურო ენის განვითარებასა და ლიტერატურულ პროცესებზე? ზოგადად, რა როლი აქვს მთარგმნელს?

თარგმნილი წიგნი ჩვენი ლიტერატურის ნაწილი ხდება და ცხადია, გავლენას ახდენს მკითხველის ცნობიერებაზე, ხოლო დიდი (დიდებული) თარგმანები -სალიტერატურო ენის განვითარებაზეც. თუმცა, მხატვრულ თარგმანთან ერთად ენის გამდიდრება-განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, არადა, დღესდღეობით სასწავლო ლიტერატურაში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. სტუდენტებს მეტწილად ისეთ თარგმნილ სახელმძღვანელოებს სთავაზობენ, სადაც უცხო სიტყვებია დახვავებული, ტექსტი კი Google Translator-ით ნათარგმნს ჰგავს და ამიტომ ურჩევნიათ პირდაპირ დედანში წაიკითხონ. ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია და  სასწრაფოდ სჭირდება შველა. ჩემი აზრით, ენათმეცნიერების ინსტიტუტს უნდა შეექმნას საიმისო პირობები, რომ ტერმინოლოგიური ლექსიკონები არ გვაკლდეს და მთარგმნელებს ამ დადგენილი ტერმინოლოგიის გამოყენებით მოეთხოვებოდეთ მუშაობა. ალბათ უნდა ისწავლებოდეს კიდეც მეცნიერული, სპეციალური თუ ტექნიკური ლიტერატურის თარგმანი, კონკურსებიც ტარდებოდეს საუკეთესო თარგმანების გამოსავლენად და კარგი მთარგმნელებიც უნდა ფასობდნენ. ეს ძალიან საშური საქმე მგონია.

ხშირად კომპლიმენტად ამბობენ ხოლმე რომელიმე ტექსტზე, თარგმნილის არაფერი სცხიაო. როდესაც ასე აფასებენ, ეს ნამდვილად თარგმანის ღირსებაზე მიანიშნებს თუ პირიქით?

იმასაც ამბობენ ხოლმე, ეტყობა, რომ თარგმნილიაო და პირველ რიგში გულისხმობენ, რომ მთარგმნელს ტექნიკა აკლია, ჩვენი ზმნის პირიანობის, სერია-მწკრივებისა და შვიდი ბრუნვის დიდ შესაძლებლობებს ვერ იყენებს და წინადადებაც ისეთი წყობით გადმოაქვს, როგორც სათარგმნ ენაზე წერია, ხოლო „თარგმნილის არაფერი სცხია“  ალბათ იმას ნიშნავს, რომ ტექსტი ზედმეტად არის გაქართულებული. თარგმნილი ტექსტი  მთლად „ჩვენი“ ან მთლად „სხვისი“ კი არ უნდა იყოს, „არამედ რაღაც სხვა“.

კარგი თარგმანის კრიტერიუმებზე საუბრისას,  რამდენიმეს გამოყოფენ ხოლმე. მაგალითად, აზრობრივი და ემოციური სიზუსტე, სტილისტური დახვეწილობა და შესაბამისობა, დედანთან სიახლოვე, მშობლიური ენის ბუნებრივი გამოყენება…თქვენთვის რა არის მთარგმნელის ოსტატობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი? როგორ ამოიცნობთ კარგ თარგმანს?

ჩამოთვლილიდან ყველაფერი მთავარია და სწორედ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით, ოღონდ „დედანთან სიახლოვეს“ გამოვტოვებდი – მე მგონი, აზრობრივი და ემოციური სიზუსტე და სტილისტური შესაბამისობა სწორედ დედანთან სიახლოვეს ნიშნავს. რაც შეეხება კარგი თარგმანის ამოცნობას, ეს უნარი ალბათ თანდათან, საქმეში მომეცა: ძველად მეგონა, რაც უფრო მეტი ქართულ სიტყვა იყო დახვავებული თარგმანში, თანაც იშვიათად ხმარებული, მით უფრო ღირებულ ნამუშევარს ვკითხულობდი, ახლა კი შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი მაქვს: ტექსტის კითხვისას გზადაგზა არ უნდა ვფიქრობდე, ნეტავი ორიგინალში როგორ  წერია, ამ წინადადებას მე ასე დავწერდი, ამ სიტყვას კი ამით შევცვლიდი-მეთქი. თუ საგანგებოდ თარგმანის შესაფასებლად არ ვკითხულობ ნაწარმოებს, ისიც კი არ უნდა გავიფიქრო, რომ კარგი თარგმანია – თარგმანმა ამაზე საფიქრალად მოცლა არ უნდა მომცეს. ნაწარმოებით უნდა ვტკბებოდე, მწერალს ვიწონებდე და არა მთარგმნელს.

რა ეტაპებს გადიხართ თარგმანზე მუშაობისას? როგორია თქვენი მთარგმნელობითი რუტინა?

პირველი ეტაპი წაკითხვაა და არა მარტო სათარგმნი წიგნის, არამედ ავტორის სხვა ნამუშევრებისაც. ვკითხულობ იმასაც, რაც იმ პერიოდზე დაწერილა, როცა ნაწარმოები შეიქმნა, შეფასებას, კრიტიკას. პირველი წაკითხვისას  ჩავინიშნავ, რაც კარგი შესატყვისი მომაფიქრდება. მერე – თარგმნა და კვლევა-ძიებაა და როცა ეს მთავრდება, მთავარი საქმე იწყება – ნაწარმოების სამყაროში შესვლა, უკვე ორიგინალის გარეშე, და ბოლომდე იქ დარჩენა. მერე კი ისევ წაკითხვა, თანაც არაერთხელ. იქამდე ვკითხულობ, სანამ არცერთ ოღროჩოღროზე არ წავბორძიკდები.

დალი ფანჯიკიძე წიგნში „თარგმანის თეორია და პრაქტიკა“ წერდა: „სინამდვილე მთარგმნელს ეძლევა მხატვრული სინამდვილის სახით, როგორც ნაწარმოების შინაარსისა და ფორმის ერთიანობა, როგორც მხატვრული ნაწარმოების ობიექტური და სუბიექტური მხარის, სახისა და განცდის, ტექსტისა და ქვეტექსტის ერთიანობა და მან უნდა გაიმეოროს ეს სინამდვილე ამავე ერთიანობის შენარჩუნების გზით“. რას გულისხმობს ასეთი ერთიანობა?  შეგიძლიათ, გაიხსენოთ თარგმანები, რომლებშიც ყველაზე ცხადად ჩანს, რომ მთარგმნელმა ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა?

ერთიანობა ალბათ იმას ნიშნავს, რომ ნაწარმოები შენივთდა, პლანეტასავით სფერული ფორმა მიიღო და ორბიტაზე გავიდა. თუ მთარგმნელსაც მოუხერხდა ასეთი შენივთება, მაშინ თარგმანიც გავა ორბიტაზე. ამის სამაგალითოდ, რაკი  საყმაწვილო ლიტერატურაზე ვსაუბრობთ, მაყვალა მრევლიშვილის ნათარგმნ „ულენშპიგელის თავგადასავალს“ მოვიყვან. XVI-XVV საუკუნეების ამბებზე XIX საუკუნეში დაწერილი წიგნის თარგმანი, რომელიც XX-ის შუახანებში შესრულდა, ახლაც თანამედროვეა – ჭაბუკური ენერგიით სავსე, მჩქეფარე, შუშხუნა. ეს წიგნი, სადაც ერთმანეთს ენაცვლება კომიკური ნოველები, პუბლიცისტიკა, დრამატული და ტრაგიკული ეპიზოდები, სადაც ასეთი ცვალებადია სტილი და იმავდროულად ერთიანი, წიგნი, სადაც უხვად არის ანდაზები, ხატოვანი სიტყვა-თქმები, შედარებები, გამოცანები, ისეა გადმოთარგმნილი, რომ ერთდროულად სდევს უცხო და ჩვენებური ელფერი. ეს თარგმანის უმაღლესი პილოტაჟია – წიგნი, რომელზეც არ გაიფიქრებ, ხელახლაა სათარგმნიო, წიგნი, რომელიც სახელმძღვანელოდ გამოადგება ამ ძნელ გზაზე შემდგარ ადამიანს.

როგორ მიიღწევა სტილისტური ადეკვატურობა? ძირითადად, რა სირთულეები იჩენს ხოლმე თავს თარგმნისას? უფრო კონკრეტულად, თქვენ მიერ თარგმნილი ტექსტების (მაგალითად, „პატარა ქალების“) მიხედვით რომ ვისაუბროთ, შესაძლებელია, ორი განსხვავებული ენისა და კულტურის სინთეზი, ენობრივი თუ შინაარსობრივი მახასიათებლების ავთენტურობის შენარჩუნება?

თარგმანში ორიგინალის ხიბლი არ უნდა დაიკარგოს და უსახური ტექსტი არ უნდა მივიღოთ. ყოველ სიტყვას თავისი სტილისტური ელფერი აქვს და ამ ელფერის გადმოტანა უნდა მოხერხდეს, თუმცა თუკი წინადადება მოითხოვს, შეიძლება ერთ სიტყვას მოაკლო შეფერილობა და მეორეს შემატო. დიდი ლექსიკური მარაგი გჭირდება იმისათვის, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში საჭირო სინონიმი შეარჩიო. ამასთან, სიტყვის ზუსტად გადმოცემა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც იმ შთაბეჭდილებისა, რაც მკითხველს ორიგინალის წაკითხვისას ექმნება. ისე უნდა გადმოთარგმნო, როგორც ავტორი დაწერდა, თარგმანის ენაზე რომ შეექმნა თავისი ნაწარმოები. „პატარა ქალები“ ამერიკის სამოქალაქო ომისშემდგომი წიგნია, მოზარდებისთვისაა დაწერილი (გოგონებისთვის, რადგან, რამდენადაც ვიცი, ბიჭები ასეთ წიგნებს არ კითხულობენ და მე თუ მკითხავთ, ძალიანაც ცდებიან). თხრობა დინჯია, აღწერილობითი, ლირიკული და, ამავე დროს, შეუფარავად დიდაქტიკური. პერსონაჟები: მღვდლის, რობერტ მარჩის ოჯახი – დედა (მამა თითქმის არ ჩანს) და ოთხი გოგონა, მოსამსახურე, მეზობელი ბიჭი თავისი პაპითა და პედაგოგით, გოგოების პაპიდა, გერმანელი პროფესორი. დედა  ოდნავ მაღალი სტილით ლაპარაკობს, გოგონები – ხასიათიდან და განათლებიდან გამომდინარე. დებიდან ჯოსა და ემის მეტყველება გამოირჩევა – ჯოს დები საყვედურობენ, ჟარგონებით ლაპარაკობო, ემის უცხო სიტყვები უყვარს და ხშირ-ხშირად მოსდის შეცდომები – ლაპარაკშიცა და წერაშიც. მოსამსახურის მეტყველება, ცხადია, შორს დგას ლიტერატურული ნორმებისგან, პროფესორს ინგლისური ბგერების  გამოთქმა უჭირს. შევეცადე ეს ყველაფერი გადმომეტანა, თან კი მთელი ტექსტისთვის მეცხრამეტე საუკუნის მსუბუქი სურნელი დამეკრა და თუ მკითხველი შინაურულად იგრძნობს თავს მარჩების ოჯახსა და მეზობელ-მეგობრებში, გამოდის, რომ დედანთან შესაბამისობა შენარჩუნებაც მოხერხებულა და  ენობრივ-კულტურული სინთეზიც.

ვილჰელმ ჰუმბოლდტი წერდა, „ყოველი თარგმანი გადაუჭრელი ამოცანის გადაჭრის ამაო ცდად წარმომიდგენია. მთარგმნელი აუცილებლად დაიმსხვრევა ორიდან ერთ წყალქვეშა კლდეზე. მაშინაც, თუ თავისი ხალხისა და ენის გემოვნების ხარჯზე ზედმიწევნით ზუსტად გაჰყვება დედანს და მაშინაც, თუ თავისი ხალხის თავისებურებებს უერთგულებს და დედანს გასწირავს. ამათ შორის რაღაც საშუალო არამცთუ ძნელი მისაღწევია, უბრალოდ, შეუძლებელიც არის“. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? თარგმნა ყოველთვის შეუძლებლის შესაძლებლად გადაქცევის მცდელობაა თუ არც ისეთი რთულია ოქროს შუალედის პოვნა, როგორიც ხსენებულ ენათმეცნიერს წარმოედგინა?

მთარგმნელი მართლაც იმის ცდაშია, რომ აიწონა-დაიწონას ცენტრში მდგარმა წონასწორობა დაიცვას და არცერთ მხარეს არ გადაექანოს. იგი დროებით იმ ავტორად არის გადაქცეული, რომელსაც თარგმნის, რათა მისი ხმით ილაპარაკოს თავის ენაზე, ოღონდ ამ დროს მაინც თავის საკუთარ პოტენციალს იყენებს, თან კი მთლიანად გადართულია ავტორის ესთეტიკურ სისტემაზე, მის სტილზე და მის „სრულუფლებიან წარმომადგენლად“ გამოდის, ხოლო რამდენად ახლოს მივა ზემოხსენებულ ოქროს შუალედთან, ეს მის სმენასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

თქვენ მიერ თარგმნილ წიგნებს შორისაა ჯერომ კ. ჯერომის „სამნი ნავში (ძაღლს თუ არ ჩავთვლით)“. ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მახასიათებელი იუმორია, რაც დიდ სირთულედ შეიძლება იქცეს მთარგმნელისთვის. ერთი მხრივ, ზოგიერთი ხუმრობის კონტექსტი მხოლოდ კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფისთვისაა გასაგები, მეორე მხრივ, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ რამეს მიიჩნევენ სასაცილოდ. როგორ იქცევა ასეთ დროს მთარგმნელი? თქვენ როგორ მოახერხეთ ავტორის სპეციფიკური იუმორის შენარჩუნება და გადმოქართულება?

ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირ გადმოტანილი ხუმრობა გაუგებარი იქნება მკითხველისთვის, სხვა რა გზაა, გასაგებად უნდა იხუმრო. ერთი ასეთი ადგილი დასაწყისშივეა, როცა მთხრობელი ბიბლიოთეკაში სამედიცინო ცნობარს კითხულობს და გზადაგზა ეჩვენება, რომ სათითაოდ ყველა სნეულება სჭირს, გარდა მელოგინის ცხელებისა. ორიგინალში “housemaid’s knee” (მოახლის მუხლი) წერია ანუ მუხლის სახსრის ბურსიტი, რაც ხშირად ემართებოდათ მოახლეებს, რადგან დაჩოქილები ხეხავდნენ და აპრიალებდნენ იატაკს, და ვინაიდან ერთ მხრივ გაუგებარი იქნებოდა, რატომ არ უნდა ჰგონებოდა მთხრობელს, ბურსიტიც მჭირსო, ხოლო მეორე მხრივ წმინდა ქალური დაავადება იყო საჭირო, ამიტომ მოახლის მუხლი მელოგინის ცხელებამ შეცვალა.ზოგადად, ინგლისური იუმორი არც მაინცდამაინც დაშორებული მგონია ჩვენგან: დინჯ, თავშეკავებულ ქართლურ იუმორს მაგონებს, სადაც ხუმრობა სანახევროდ ფარულია და გამგებმა უნდა გაიგოს.

იუმორთან ერთად, ის, რაც ხსენებულ ტექსტს გამოარჩევს, თხრობაში თანამონაწილეობის განცდაა. წაკითხვისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ შენც მათთან ერთად ზიხარ ნავში და მდინარე თემზას მიუყვები. რაკი ამბობენ ხოლმე, რომ მთარგმნელი საუკეთესო მკითხველია, თქვენ, როგორც მისი მთარგმნელი, კიდევ რა მახასიათებლებს გამოყოფდით?  რა გამოარჩევს თქვენ მიერ თარგმნილი სხვა ნაწარმოებებისგან?

„სამნი ნავში“ ტურისტულ ბუკლეტად იყო ჩაფიქრებული, სინამდვილეში კი ჯერომ ჯერომმა არა უბრალოდ აღწერა პერსონაჟების გზა, არამედ ისე აღწერა, რომ წიგნის გამოცემიდან მეორე წელს თემზაზე ნავების რაოდენობამ ერთიორად იმატა, შემდგომში კი ეს მდინარე პოპულარულ ტურისტულ მარშრუტად გადაიქცა. გეოგრაფიასთან ოსტატურად არის გადაწნული ისტორია (კარგ გზამკვლევში ხომ ასეც უნდა იყოს!), თუნდაც ჰენრი მერვისა და ენ ბოლეინის ტრფობის ამბავი, ისე სასაცილოდ მოთხრობილი, რომ არც კი გაგონდება, რა თავისმომჭრელად დასრულდა ამ ორის რომანი. „სამნი ნავში“ იმ სამთო თუ სატყე-ღრეო ლაშქრობებს მახსენებს, ასეთი პოპულარული რომ იყო ჩვენში წინა საუკუნის 70-იან წლებსა და 80-იანების პირველ ნახევარში, როცა ღირსების საქმედ ითვლებოდა ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულის ფეხით შემოვლა და მგონია, რომ არც ჩვენ გვაწყენდა ასეთი სალაშქროდ შემაგულიანებელი წიგნი.

© არილი

Facebook Comments Box