ახალი წიგნები,  ინტერვიუ

ინტერვიუ ცოტნე ავსაჯანიშვილთან: ტექსტი ჩემი ტრიბუნაა

ესაუბრა გუგა მგელაძე

გამომცემლობა ,,ინტელექტი’’ ახალგაზრდა პროზაიკოსის, ცოტნე ავსაჯანიშვილის  სადებიუტო კრებულს ,,ბავშვები კორტესარის  მთიდან’’ გამოსცემს. წიგნი აერთიანებს  ,,არილში’’, ,,ელექტროლიტში’’ და ,,ლიტერატურულ  გაზეთში’’ გამოქვეყნებულ  მოთხრობებსა და ერთ მცირე რომანს. ცოტნე  ავსაჯანიშვილი რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის პრიზიორია. 2019 წლის ,,შემოდგომის ლეგენდაში’’ პირველი პრემია აიღო.

ამ მწერლის პოეტიკის თავისებურება მდგომარეობს გროტესკისა და ირონიის, როგორც  რეალობაზე დაკვირვების და მისი შეფასების ინსტრუმენტების, მეტად ორიგინალურ სინთეზში. სტილი გამჭირვალე, ლაღი და ,,უბორძიკოა’’.

წინამდებარე ინტერვიუში ცოტნე ავსაჯანიშვილი კრებულის შედგენის თავისებურებებზე, მოთხრობის წერის სპეციფიკაზე, ლიტერატურული კონკურსების ფუნქციაზე, სამომავლო გეგმებსა და თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებზე გვესაუბრება.

 

როდის გაჩნდა ლიტერატურულ პერიოდიკაში  გამოქვეყნებული მოთხრობების ერთ წიგნად დაბეჭდვის სურვილი და რა პრინციპით ხელმძღვანელობდით კონკრეტული მოთხრობების გადარჩევისას?  

თავის დროზე, გამომცემლობას როცა დავუკავშირდი, კრებულზე საერთოდ არ ვფიქრობდი.  ჩემი მიზანი  იყო, რომ ამ კრებულის მოცულობით ყველაზე დიდი ტექსტი-„ბავშვები კორტესარის მთიდან“  გამოეცათ, მაგრამ უკვე განხილვის პროცესში ზვიად კვარაცხელიამ შემომთავაზა-მოთხრობების კრებული გავაკეთოთო. მეც ძალიან მინდოდა, რომ პერიოდიკაში მომობნეული ტექსტები გამეერთიანებინა და ასე გამოცხვა კრებული. გადარჩევის პრინციპი მარტივი იყო. კრებულში,ძირითადად, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაწერილი ტექსტები მოხვდა ანუ ის ტექსტები, რომლებიც ახლაც მომწონს.  დრო რომ გადის, ძველი ტექსტები ძალიან ნერვებს მიშლის ხოლმე. ეგ თუ განვითარებას ნიშნავს, კარგია.

კრებულის სათაურად თქვენი მცირე რომანის სახელია გატანილი. მისი მეორე ნაწილი აშკარად საქართველოს უახლესი წარსულის კრიზისულ ფაზებს ასახავს, ოღონდ  სიუჟეტი გამოგონილ ქალაქში ვითარდება. ამ ტექსტის ჟანრულ თავისებურებებზე დაკვირვებით, ის პოლიტიკურ სატირადაც შეგვიძლია აღვიქვათ.  თანამედროვე ქართული ლიტერატურის მკითხველი  კარგად იცნობს აკა მორჩილაძის მიერ მოგონილ სანტა ექსპერანსას, რომელიც, რეალურად, ალტერნატიული საქართველოს მოდელია.  უფრო ადრე დაიწერა ნოდარ წულეისკირის ,,აფთრები’’ ( თენგიზ აბულაძის ,,მონანიების’’ ლიტერატურული წყარო), რომლის სიუჟეტი ფანტასმაგორიულ ქალაქში ვითარდება.  მანამდე ჯემალ ქარჩხაძემ მოიგონა სოფელი სანაკლიო, ხოლო ვოვა სიხარულიძემ კი სოფელი საბალახო.  როგორ და რატომ გაჩნდა ქალაქ მონტელუს შექმნის იდეა?    

თავდაპირველად, ბავშვების სასაცილო ბალადაზე ვფიქრობდი. გამოგონილი ქალაქი იმ მიზნით მჭირდებოდა, რომ ამ ბავშვების ქმედებები შეზღუდული არ ყოფილიყო. მაგალითად, გამოგონილ ქალაქში ტიპებს შეუძლიათ იფრინონ, რადგან არავის უთქვამს, რომ იმ ქალაქზე ფიზიკის ის კანონები ვრცელდება, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე. რაღაც ზღაპრული სიუჟეტის მუღამიც მქონდა. რამდენიმე გავლენა აირია ერთმანეთში,თუმცა ტექსტის პირველი ნაწილი საბოლოოდ ისე სრულდება, რომ სასაცილო საერთოდ არ არის. ეგ ერთ-ერთი მახასიათებელია, რის გამოც ვრცელი ტექსტები მიყვარს. დასაწყისში წარმოდგენა არ გაქვს ბოლოში რა მოხდება და წერის პროცესიც სერიალის ყურებას ჰგავს. მერე ისე გამოვიდა, რომ  ეს ბავშვები ძალიან საინტერესო ბავშვები აღმოჩნდნენ და ვიფიქრე, რომ დიდობაშიც მოახერხებდნენ რაიმეს გაფუჭებას. თან ძალიან მიყვარს გლობალური ამბების, თუნდაც პოლიტიკური პროცესების რეალური, ზოგჯერ ძალიან პატარა, ვიწრო ადამიანურ და ზოგჯერ ძალიანაც სენტიმენტალურ ჭრილში ჩაკეტილი დაფარული მიზეზები. აქაც ეგრე ხდება. პოლიტიკური ლიდერები ხდებიან ის ბავშვები, რომლებიც საერთო,  ძალიან პატარა და კოლორიტულ სივრცეში გაიზარდნენ, ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს და ეს დაპირისპირებები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს სახელმწიფოს სტაბილურობაზე და მიაქვს ადამიანების სიცოცხლეები, რეალურად,დიდი ხნის წინ დაწყებული, ტუტუცი ბავშვების კინკლაობის გაგრძელებაა…

მე არ ვიტყვი იმას, რომ მონტელუში მიმდინარე აჯანყება რაიმე პოლიტიკური პროცესის შეგნებული კარიკატურაა, მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორიაზე დაკვირვება  ჩემთვის არა მხოლოდ ინტერესის სფერო,  მგონი მთავარი ჰობიცაა… აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით,მაგ პროცესების ანატომია ცნობიერებაში ღრმად მაქვს დალექილი და მონტელუშიც ცნობიერებამ ამოხეთქა.

ჩემი დაკვირვებით, თქვენი მოთხრობების  პერსონაჟები, ტექსტების პოეტიკიდან გამომდინარე, კომიკური ჯოჯოხეთის ბინადრებად შეგვიძლია აღვიქვათ. ხშირ შემთხვევაში, ისინი ე.წ. გვერდითი მოვლენები არიან. ამბები ტრაგიკულია, თუმცა ხედვის კუთხეა ირონიული.  როგორია თქვენი დამოკიდებულება  პერსონაჟების მიმართ?    

მიყვარს პერსონაჟები. მათი სამოქმედო არეალიდან და სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე შანსი არ აქვთ, რომ ორდინალურები და მოსაწყენები იყვნენ. მუდმივად სისულელეების კეთება უწევთ საიმისოდ, რომ არსებობდნენ. შესაბამისად, მათი ქცევები მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადია. მეცოდებიან კიდეც, რადგან ძალიანაც უნდათ, რომ ადამიანებივით იცხოვრონ.ზრდასრული პერსონაჟებიც კი, მათი სურვილით, ან გარემოს ზეგავლენით სამუდამო ბავშვებად რჩებიან, რაც ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან მაგარია, რადგან  სხეულის დაბერების ფონზე, რომელიც გარდაუვალი და უსამართლო პროცესია,  ადამიანებმა არაფრით არ უნდა დაუშვან სულის დაბერება.

კიდევ არის ერთი მიზეზი, რის გამოც ჩემი პერსონაჟები მიყვარს. ხშირ შემთხვევაში, იმიტომ,  რომ ჩემი მოგონილები არიან, ზუსტად ისე ფიქრობენ, როგორც მე. სოულმეითები ყველას უყვარს.

 რა ნიუანსობრივი სხვაობა არსებობს რომანისა და მოთხრობის წერის სპეციფიკას შორის? 

რომანში ავტორს ლავირების და არაერთი სტილის და სტრუქტურის გამოცდის შესაძლებლობა აქვს. მოთხრობა ამის ფუფუნებას არ იძლევა. რომანში ავტორი თავისუფალია. ამბის მოყოლაც უამრავი პერსპექტივიდან შეუძლია და რაღაც ეტაპამდე სიუჟეტის ბუნდოვანებაზეც ვერავინ ეტყვის საყვედურს.  მოთხრობას ლაკონური თხრობის სტილი სჭირდება და კითხვის ნიშნებიც ძალიან მალე უნდა გაქრეს. აუცილებელია, რომ ამბავი საინტერესო იყოს და უნდა ეცადო, რომ ეს საინტერესო ამბავი მცირე მოცულობის ტექსტით მოყვე.

მოთხრობაში ავტორი ბეწვის ხიდზე დადის. თუ ამბავი არაფრად ევარგება, მოთხრობაც გადასაგდები იქნება. არავის სჭირდება იმის წაკითხვა, რამდენი ჭიქა ყავა დალია ავტორმა დილით ან როგორ უყვარს წვიმის წვეთები, რომელიც ფანჯარაზე იგლისება.

მაქს ფრიში ამბობდა: ,,ვწერ, რათა ცხოვრება გავხადო ასატანი’’.  თქვენთვის რა არის წერის პროცესი?   

რამდენიმე ნიუანსია. პირველი ის არის, რომ წერის პროცესი ჩემთვის ისეთივე სიამოვნებაა, როგორიც ვიღაცისთვის თევზაობა, ან ატმის პლანტაციის მოვლა. მერე მაგ პროცესს მეორე სიამოვნება მოჰყვება, როცა ტექსტს ასრულებ, რამდენიმე დღის მერე კითხულობ და ძალიან მოგწონს. შენსავე ხუმრობებზე იცინი და ამბობ-საღოლო. ეგ იმას ჰგავს, შვილი რომ ოქსფორდში მოეწყობა და შენი დამსახურება გგონია. მე არ ვიცი,შვილის ოქსფორდში მოწყობა რა გრძნობაა, მაგრამ ვვარაუდობ, რომ კაი ტექსტის დაწერა მაგას ჰგავს. ბოლოს მაინც იქ მივდივარ, რომ ხშირად და ბევრ რამეზე მეშლება ნერვები. ტექსტი ჩემი ტრიბუნაა, პლატფორმაა, რომელიც ემოციების სწორი მიმართულებით გაგზავნაში მეხმარება.  არაადეკვატური ფეისბუქ სტატუსების წერას კაი მოთხრობის დაწერა სჯობს.

ჰყავს თქვენს პერსონაჟებს კონკრეტული პროტოტიპები?   

ზოგჯერ კი. განსაკუთრებით იმ მოთხრობებში, რომელსაც ჩემს „ამარკორდს“ ვეძახი ხოლმე.  ეგ მოთხრობები ძირითადად არი სკოლის მოგონებები ან რაღაც სხვა ეპიზოდები ბავშვობიდან ან თინეიჯერობიდან, რომელიც სრული სიზუსტით არ არი მოყოლილი, მაგრამ ემოციურად სრულად პირადი გამოცდილებით არის ნასაზრდოები,თუმცა პროტოტიპები მხოლოდ ტექსტის საწყის ფაზაში ინარჩუნებენ ხოლმე ამ სტატუსს, რადგან პროცესში პერსონაჟი მეტამორფოზას განიცდის, თვითმყოფადი ხდება და საბოლოოდ სულაც აღარ ჰგავს ხოლმე იმ ტიპს, ვის კლონადაც იყო ჩაფიქრებული. მაგალითად, უამრავ ტექსტში მყავს ხოლმე ლამაზი და თავქარიანი თინეიჯერი თამთა სირაძე, რომელიც თავის დროზე, როცა მეც ახლანდელ ცოტნეზე უფრო თავქარიანი და თინეიჯერი ვიყავი, ვიღაც გოგოზე გაბრაზებულმა მოვიგონე, მაგრამ მერე ისე განვითარდა და გაიზარდა თამთა, რომ  იმ გოგოზე გაცილებით საინტერესო ცხოვრება აქვს. ყოფილი პროტოტიპი საერთოდ აღარ მახსოვს. აღარც ხმა, აღარც ხასიათი… საერთოდ არაფერი. თამთაზე  ყველაფერი ვიცი.

თქვენი სტილის თავისებურებებსაც რომ  შევეხოთ. ირონიულები არიან არამარტო პერსონაჟები, არამედ მთხრობელიც.  რა დატვირთვა აქვს თქვენთვის სიცილს? და აქვე, სად გადის ზღვარი  მთხრობელსა და ავტორს შორის?  

მე ვფიქრობ, რომ ავტორი არ უნდა გამოვიდეს მთხრობელის პოზიციიდან.  მთხრობელი გათამაშებული მიზანსცენების ორგანული ნაწილი უნდა იყოს. პროზა არ უნდა დაემსგავსოს სამეცნიერო ლიტერატურას, სადაც ყველაფერი რაფინირებული და მოსაწყენია. ამიტომ, მთხრობელი თავადაც პერსონაჟივით უნდა იქცეოდეს. მათსავით იცინოდეს, მათზე იცინოდეს, უყვარდეს, ამცირებდეს, იგინებოდეს… ავტორმა საკუთარ თავს ყველაფრის უფლება უნდა მისცეს. პროზაული ტექსტი ის პლატფორმაა, რომელზეც  რეგულაციები არ მოქმედებს და ამ პლატფორმის არ გამოყენება გონებასუსტობა მგონია.

რაც შეეხება კონკრეტულად სიცილის და ირონიას… პათეტიკა ნებისმიერი ხასიათის ტექსტში შეიძლება გაჩნდეს. ირონია კი პათეტიკას ძალიან მარტივად ანეიტრალებს. ის ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, რომლის გამოყენებაც, ყველაზე უარეს ვარიანტში, კიჩს მოგვცემს, რაც ,ვფიქრობ,სულაც არ არის ურიგო რამ.

ისე, უფრო მარტივი პასუხის გაცემაც შემეძლო… უბრალოდ, დეგენერატი მასხარა ვარ და ღადაობის გარეშე არაფრის კეთება არ შემიძლია.

რა ეტაპზეა თანამედროვე  ქართული პროზა? რა ტენდენციებს  ამჩნევთ თანამედროვე ავტორების  კითხვისას?  მეჩვენება, რომ ქართული რომანის  სამოქმედო არეალი თანდათან ფართოვდება და კითხვისას აღარ გვრჩება ერთგვარი კლაუსტროფობიის განცდა.  

ეს პასუხი ეძღვნებათ დილეტანტებს, რომლებიც თანამედროვე ქართველ ავტორებს საერთოდ არ იცნობენ, სკოლის მერე არაფერი წაუკითხავთ  და მარტო კომენტარებში ბოდავენ-ეგენიც არ იყვნენ ილია ჭავჭავაძეებიო… ის, რაც თანამედროვე ქართულ პროზაში ჩემთვის უპირველესად თვალშისაცემია,არის სტილების და ჟანრების მრავალფეროვნება. საუბარი მაქვს ჩემ თაობაზე და ოდნავ უფროსებზე. აი,მაგალითად, ივა ფეზუაშვილი უახლეს ისტორიას რეფლექსირებს,  ბექა ადამაშვილი ლიტერატურულ ჯოჯოხეთს იგონებს, ილია ჭანტურია კი დროის მანქანაში ჩაჯდა და 1905 წლის აჯანყების ამბებს გვიყვება. ეს ტექსტები ძალიან ინფორმაციულია და მხოლოდ ცნობიერების ნაკადზე არ არის ჩამოკიდებული. რაც მთავარია, თანამედროვე ქართულ რომანებში არის ამბები. დღიურების არც მოსმენა აინტერესებს ვინმეს და წაკითხვა მითუმეტეს. მკითხველს ამბები უყვარს. მოკლედ, ცინიკოსო დილეტანტებო, წაიკითხეთ თანამედროვე ქართული პროზა და გაეცანით მის განვითარებას.  თუ არ  წაიკითხავთ, მაშინ დაუმსახურებელ ტალახს მაინც ნუ ესვრით.

ნობელის კონტექსტში თუ მოიაზრებთ  რომელიმე თანამედროვე  ქართველ მწერალს? 

,,ჯო კოკერი, ჯო კოკერი დუმდა მარეკ სუგაევისადმი სოლიდარობის ნიშნად…“ -შარშან ვისაც მისცეს ნობელი, ის ტიპი იგონებს ესეთ წინადადებებს?

ლიტერატურულ  პრემიებსაც რომ შევეხოთ.  როგორია მათი პოლიტიკა?  ჩემი დაკვირვებით, ხშირ  შემთხვევაში,მწერლის  ტექსტზე მეტად მისი  სახელი  იმარჯვებს ხოლმე. საერთოდ, რას ნიშნავს მწერლისთვის კონკურსში გამარჯვება?   

მგონი ლიტერატურული კონკურსის მნიშვნელობა ავტორისთვის ასაკთან ერთად იცვლება.  როცა ძალიან პატარა ხარ, ლიტერატურულ კონკურსს საკრალური მნიშვნელობა აქვს. სანამ გამარჯვებულს გამოაცხადებენ გული გაქვს აჩქარებული და შეიძლება ისე მოკვდე, ვერც გაიგო ვინ მოიგო. მერე ეგ ყველაფერი იცვლება. მატერიალური ფაქტორი ხდება მნიშვნელოვანი. მე მგონია, რომ სუბიექტური ჟიურის გადაწყვეტილება საერთოდ არ წყვეტს იმას, მაგარი ხარ თუ უნიჭო. თუ ვინმემ შენ ტექსტს მოაგებინა, ეგ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანის გემოვნებას მოერგე. ამიტომ, ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის მთავარი მოტივატორი ფული მგონია, რომელსაც გამარჯვებულს აძლევენ.

რაც შეეხება სახელის გამარჯვებას…ჟიურის ამპლუიდან ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ აზრზე არ ვარ მაგ ამპლუის, მაგრამ  არაფერს გამოვრიცხავ. შეიძლება, ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა.

ხუთი საუკეთესო  ქართული  მოთხრობის ანთოლოგიის  შედგენა რომ გთხოვონ, რომელ  ტექსტებს შეარჩევდით?    

მოდი ძაან სუბიექტური ვიქნები ამ პასუხში, თორემ ფარისევლობა გამომივა. მოკლედ,  „ტერცო მონდო“ -აკა მორჩილაძე, „გიტარას შვიდი სიმი ჰქონდა“ – გურამ რჩეულიშვილი, „მენდელეევის გაკვეთილები“ -ილია ჭანტურია, „ისროდნენ მასწ“ – ლუკა ბაქანიძე, „უდაბნოს გლახები“ -აკა მორჩილაძე.

კრებულში ასახულ კომიკურად დეფორმირებულ რეალობასაც რომ შევეხოთ. აღქმის, განწყობის, პერსონაჟთა ქცევისა და სიტყვის ემოციური ენერგიის გათვალისწინებით, თქვენი მოთხრობების სამყარო პიკასოს  კუბისტური  პერიოდის ტილოებს  მაგონებს.  რა განაპირობებს ამ ტიპის  დეფორმაციებს: ავტორის ხედვა, გროტესკის ეფექტი თუ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, კომპონენტები?   

ქაოსში პროცესის მართვა შესაძლოა რთულია, მაგრამ ქაოტური გარემო საშუალებას გაძლევს, რომ უმართავ პროცესს პერიოდულად პლასტელინივით მოექცე და ფორმები უცვალო. ეს ფორმები გამართულ სისტემაში ფუნქციას ვერ იპოვიდნენ და გაქრებოდნენ.  ქაოსში კიდევ  ფუნქციები საერთოდ არ არსებობს და ყველაფერს შეუძლია არსებობის უფლების მოპოვება. თანაც, ლამაზი ფორმებია. სხვა ფორმებს არ ჰგავს და არც დაძაბული ხარ მათი ძერწვისას: ვაიმე.ეს ისე არ ვქნა, ეს ესე არ ვქნაო…სწორედ ამ ფორმების გამო იქნება ქაოსი. ამიტომ, თუ ქაოსს და დეფორმირებულ რეალობას ერთ პრიზმაში დავინახავთ გამოდის, რომ დეფორმაციებს ავტორის ხედვა განაპირობებს. ეგ არი ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ისე იმოქმედო, როგორც გინდა. ბრაზილიურ ფეხბურთში მაგას ერქვა „ჯინგა“. ველურებივით თამაშობდნენ, უაზროდ დაფრინავდნენ ჰაერში, მაგრამ თან ლამაზი იყო. ეგ დეფორმაცია თავად ქმნის გროტესკს და არა პირიქით. დეფორმირებულ გარემოში იქმნება გროტესკი. გროტესკიც ხო მოქმედების თავისუფლებაა… აღრევა, გაზვიადება, დაცინვა, ატირება, გამოგონება… ამდენ თვითმყოფად რამეს ვერ მოახერხებ კარგად დაპროგრამებულ, გამართულ სისტემაში.

თანამედროვე  სამყაროში რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ლიტერატურა და სააზროვნო სივრცე, ზოგადად. ვგულისხმობ იმ მომენტს, როცა  ავტორის ტექსტში უხეშად იჭრება მედია ქაოსი და ასევე იჭრებიან  სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ  უხეში და მათი აზრით, შეურაცხმყოფელი  დამოკიდებულებების და რეპლიკების გამო ავტორის  გასამართლებას. გავიხსენოთ, მაგალითად, მიშელ უელბეკის ან  სალმან რუშდის შემთხვევა. როგორ ხსნით ამგვარ ინტერვენციას? არის ეს ცენზურის ერთგვარი მოდელი?  

ზემოთ ვთქვი და აქაც ვიტყვი, რომ  პროზაული ტექსტი სივრცეა, რომელზეც რეგულაციები არ ვრცელდება. ავტორმა თუ იმაზე იფიქრა ვინმე არ გავანაწყენოო-პოლიტკორექტული, ემოციებისგან დაცლილი, ჩასვრილი წარმონაქმნი გამოუვა. ტექსტში ნებისმიერი გარე ხელის ფათური ცენზურაა. ხელოვნება ყოველგვარი ცენზურისგან თავისუფალი უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ცენზურა სახელმწიფოს მოგონილი იქნება,  საზოგადოების თუ ენჯეოების. ფაქტია, რომ ის თემა, ან რეპლიკა, რომელიც ვინმესთვის ან რაიმე გაერთიანებისთვის შეურაცხმყოფელია, ბუნებაში არსებობს. რაც არსებობს ყველაფერზე შეიძლება წერა. რაც არ არსებობს-იმაზეც. პროზაიკოსის მხატვრული რეფლექსიების კონტროლი ხელოვნების შეურაცხყოფაა. ყველა ასეთი მცდელობა იმის ილუსტრაციაა, რომ უვიცებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც ტვინების ნაცვლად  მექანიკური დანადგარები უდევთ და ახლოსაც არ გაუვლიათ ლიტერატურასთან. საერთოდ, ცარიელი თავების გრძელი ცხვირები ყველაზე მეტად ვნებს სამყაროს ჰარმონიულ განვითარებას.

ახლა რაზე მუშაობთ?       

 ჰეჰე, ახლა ფინალურებს ვწერ. ჩემი ბოლო ტექსტი რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა „ელექტროლიტში“. „ნორჩი ბიჩოკების რომანსი“ ჰქვია. თოთხმეტი წლის ბიჭის საზაფხულო  ლავსთორია. თინეიჯერების ტყავში შესვლა მაგრად მიყვარს. ყველაზე უკომპრომისოდ და სამართლიანად ფიქრობენ და ბრაზდებიან.

© არილი

Facebook Comments Box