ესე,  კრიტიკა

თამარ შანიძე – ჰაქსლი, ორუელი, დისტოპიები და თანამედროვეობა

orwell-478893

ოლდოს ჰაქსლიმ და ჯორჯ ორუელმა ერთმანეთი 1917 წელს გაიცნეს იტონში. ჰაქსლი პედაგოგი იყო, ორუელი, მაშინ ჯერ კიდევ ერიკ ბლერი – სტუდენტი. ჰაქსლი ორუელს ფრანგულს ასწავლიდა. გაივლის დრო და ორივე დისტოპიური ჟანრის ყველაზე ცნობილ ავტორებად მოევლინება მსოფლიოს – ჰაქსლი 1932 წელს გამოაქვეყნებს „საოცარ ახალ სამყაროს“, ორუელი კი 1948 წელს – „1984“-ს. ორივე დახატავს მომავალი ტოტალიტარული სამყაროს ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ წარმოსახვით სურათს, რომელთა მიმართ ინტერესი არასოდეს განელდება.

„საოცარი ახალი სამყაროს“ მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში ჰაქსლი წერდა: „ეს არის წიგნი მომავალზე, და როგორიც არ უნდა იყოს მისი მხატვრული თუ ფილოსოფიური ღირებულებები, წიგნი მომავლის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაშია საინტერესო, როდესაც მასში გამოთქმულ წინასწარმეტყველებას ახდენა უწერია“. ამ ორი ზეპოპულარული რომანის მხატვრული ღირებულების გარდა, უდიდეს ინტერესს მათში ნაწინასწარმეტყველები მომავალი იწვევს. დღეს მათში ასახული ორი სხვადასხვა საზოგადოების თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროსთან შედარება, მათ შორის არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების ძიება, არაერთი საინტერესო ნაშრომის, სტატიის და წიგნის, მათ შორის მხატვრული ნაწარმოების, თემა გახდა. ამ სტატიებსა თუ წიგნებში დისტოპიური საზოგადოების შედარება დღევანდელ დინამიურ და სწრაფად ცვალებად სამყაროსთან ხდება ერთმანეთის საპირისპირო, ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი ხერხებით, რაც ხშირად კარგად ნაცნობი კლასიკურ ნაწარმოებების სხვა კუთხიდან დანახვის საშუალებას გვაძლევს. წინამდებარე სტატიაში ამ ნაშრომებიდან რამდენიმეს განვიხილავ, რადგან მათში გამოთქმული მოსაზრებები თემას არაერთმნიშვნელოვნად და შეძლებისდაგვარად ამომწურავად პასუხობს.

ორ დისტოპიურ სამყაროს შორის არსებულ განსხვავებას, და მსგავსებას მათში გამოთქმულ წინასწარმეტყველებას და თანამედროვეობას შორის პირველად თავად ჰაქსლი შეეხო. 1948 წელს ორუელმა ჰაქსლის „1984“-ის ახლად გამოსული პირველი გამოცემა გაუგზავნა. ჰაქსლის ორუელისადმი მიწერილ 1949 წლის 21 ოქტომბრით დათარიღებულ საპასუხო წერილში ვკითხულობთ:

ძვირფასო მისტერ ორუელ,

გმადლობთ, თქვენს გამომცემლებს ჩემთვის თქვენი წიგნის ეგზემპლარის გამოგზავნა რომ სთხოვეთ.

 როდესაც წიგნი მომიტანეს, მქონდა სამუშაო, რომელიც ჩემგან ბევრ კითხვას და წყაროების შესწავლას მოითხოვდა; და რადგანაც ჩემი სუსტი მხედველობა მაიძულებს კითხვის გარკვეული რეჟიმი დავიცვა, საკმაო დრო გავიდა, სანამ „1984“-ის წაკითხვა შევძელი.

ვეთანხმები ყველაფერს, რაც კრიტიკოსებმა თქვენი წიგნის შესახებ დაწერეს, აღარ არის საჭირო იმის გამეორება, თუ რა მშვენიერი და ღრმად მნიშვნელოვანია თქვენი ნაწარმოები. ამის ნაცვლად, ნება მომეცით ვისაუბრო იმ საკითხზე, რომელსაც წიგნი ეხება – საბოლოო რევოლუციაზე.

პირველ მინიშნებებს საბოლოო რევოლუციის ფილოსოფიაზე – რევოლუციაზე, რომელიც სცდება პოლიტიკას და ეკონომიკას, და რომლის მთავარ მიზანს ცალკეული ადამიანის სრული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მორჩილება წარმოადგენს – მარკიზ დე სადთან ვხვდებით, რომელიც საკუთარ თავს რობესპიერის და ბაბეფის იდეოლოგიის გამგრძელებლად და დამასრულებლად მიიჩნევდა. „1984“-ში აღწერილი მმართველი უმცირესობის ფილოსოფიას სადიზმი წარმოადგენს, რომელიც თავის ლოგიკურ შედეგს სექსის სრული აკრძალვით და უარყოფით აღწევს.

რეალობაში ასეთი ველური პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელება საეჭვოა.

მე ვფიქრობ, რომ მმართველი ოლიგარქია იპოვის უფრო მსუბუქ და ქმედით საშუალებებს ძალაუფლებისადმი მისი დაუძლეველი ლტოლვის დასაკმაყოფილებლად, და ეს საშუალებები ჩემს მიერ „საოცარ ახალ სამყაროში“ აღწერილ საშუალებებს დაემსგავსება…

ვფიქრობ, რომ მომდევნო თაობების მსოფლიო მმართველები აღმოაჩენენ, რომ ჩვილების წვრთნა-ფორმირება და ნარკოიპნოზი უფრო ეფექტური იარაღია ხელისუფლების ხელში, ვიდრე ხელკეტები და ციხეები, და რომ ძალაუფლებისადმი ლტოლვა სრულყოფილად შეიძლება დაკმაყოფილდეს როგორც ადამიანებისთვის საკუთარი მონობის სიყვარულის შთაგონებით, ისე მათი დამორჩილებით ფიზიკური ძალადობის გზით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მგონია, რომ „1984“-ის კოშმარი საბოლოოდ იმ სამყაროს კოშმარს დაემსგავსება, რომელიც „საოცარ ახალ სამყაროში“ წარმოვიდგინე

…ამასობაში, რა თქმა უნდა, არსებობს დიდი მასშტაბის ბიოლოგიური ან ატომური ომის შესაძლებლობა – და ამ შემთხვევაში წინ სხვა, ძნელად წარმოსადგენი კოშმარები გველის.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა წიგნისთვის.

პატივისცემით,

ოლდოს ჰაქსლი

 

წერილის ბოლო აბზაცში ჰაქსლი ბიოლოგიური ან ატომური ომის შესაძლებლობაზე ლაპარაკობს. თუ გავიხსენებთ, რომ „საოცარი ახალი სამყარო“ 1932 წელს გამოვიდა, ადვილი გასაგები იქნება ის სინანული და ერთგვარი თვითგვემის და თავის მართლების მცდელობა, რომელიც ჰაქსლის რომანის მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში გვხვდება. ჰაქსლი ლაფსუსს უწოდებს იმას, რომ 1931 წელს დაწერილ რომან-წინასწარმეტყველებაში ატომბირთვის დაყოფა არ მოიხსენია (მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის გადმოსახედიდან ეს სინანული საფუძველს მოკლებული არ იყო), და ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ „საოცარი ახალი სამყაროს“ თემა არის არა სამეცნიერო პროგრესი, არამედ მისი ზემოქმედება ადამიანის პიროვნებაზე. ის ამბობს, რომ “ატომური ენერგიის განთავისუფლება ნიშნავს უდიდეს რევოლუციას კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ არა საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვან რევოლუციას“ და დასძენს, რომ „ჭეშმარიტად რევოლუციური რევოლუციის მოხდენა არა გარე სამყაროში, არამედ მხოლოდ ადამიანის სულსა და სხეულშია შესაძლებელი“.

„საოცარ ახალი სამყაროში“ სწორედ ასეთი, „რევოლუციურად“ გარდაქმნილი ადამიანები ცხოვრობენ.

პირველი, ვინც ჰაქსლის და ორუელის შედევრების შედარებისას მახსენდება, XX საუკუნის II ნახევრის ცნობილი ამერიკელი მედია-თეორეტიკოსის და კულტუროლოგი ნილ პოსტმენია[i], რომელმაც ეს შედარება თავის 1985 წელს გამოცემული წიგნის Amusing Ourselves to Death წინასიტყვაობაში გააკეთა. პოსტმენი ამბობს, რომ 1984 წლის რეალობა ორუელის წინასწარმეტყველებას არ დაემთხვა. რომ ორუელის ბნელი წარმოსახვის გარდა, არსებობდა ოლდოს ჰაქსლის უფრო ძველი, შედარებით ნაკლებად ცნობილი და ისეთივე სისხლის გამყინავი „საოცარი ახალი სამყარო“, რომელის მიხედვით „დიდი ძმა“ არ არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებს თავისუფლება, ზრდასრული ადამიანის აზროვნება და ისტორია წაართვა. ჰაქსლი წინასწარმეტყველებდა, რომ ამის მიღწევა ადამიანისთვის საკუთარი „მაკონტროლებლების“ და ტექნოლოგიების სიყვარულით გახდებოდა შესაძლებელი. ორუელის და ჰაქსლის პოსტმენისეული შედარება იმდენად პოპულარულია, რომ ის კომიქსების სახითაც კი დევს ინტერნეტში.

პოსტმენი წერდა:

ორუელს მათი ეშინოდა, ვინც წიგნებს აკრძალავდა; ჰაქსლის იმის ეშინოდა, რომ წიგნების აკრძალვის მიზეზი აღარ იქნებოდა, რადგან აღარც წიგნის კითხვის მსურველი იქნებოდა ვინმე.

ორუელს მათი ეშინოდა, ვინც ინფორმაციის მიღებას აგვიკრძალავდა. ჰაქსლის მათი ეშინოდა, ვინც იმდენს მოგვცემდა, რომ პასიურობამდე და ეგოიზმამდე დავკნინდებოდით.

ორუელი შიშობდა, რომ ჭეშმარიტებას დაგვიმალავდნენ. ჰაქსლი შიშობდა, რომ ჭეშმარიტება ადამიანებისთვის უსარგებლო და აზრს მოკლებული იქნებოდა.

ორუელი შიშობდა, რომ მონურ კულტურად ჩამოვყალიბდებოდით. ჰაქსლი შიშობდა, რომ ჩამოვყალიბდებოდით ტრივიალურ კულტურად, რომელიც მთლიანად რეკრეაციულ სექსსა და უაზრო გართობაში იქნებოდა ჩაფლული.

„1984“-ში, ამბობდა ჰაქსლი, ადამიანებს ტკივილის მიყენებით მართავენ. „საოცარ ახალ სამყაროში“ მათ მართავენ სიამოვნების მინიჭებით. მოკლედ, ორუელი შიშობდა, რომ ჩვენ ჩვენი შიშები მოგვსპობდა. ჰაქსლი შიშობდა, რომ მოგვსპობდა ჩვენივე სურვილები.

 

პოსტმენი თვლიდა, რომ ჰაქსლის წინასწარმეტყველება სამყაროს მომავლის შესახებ უფრო ზუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ორუელის.

ამავე აზრს იზიარებს ამერიკელი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა[ii] თავის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ წიგნში „ჩვენი ადამიანის შემდგომი მომავალი: ბიოტექნოლოგიური რევოლუცის შდეგები“ (2002). წიგნის პირველი ნაწილის პირველ თავში, რომლის სათაურია „ორი დისტოპიის ამბავი“, ფუკუიამა ჰყვება, რომ მასავით მეოცე საუკუნის შუა წლებში დაბადებული ბავშვებისთვის მომავალს და მის შემაძრწუნებელ პერსპექტივებს განსაზღვრავდა ორი წიგნი – ჯორჯ ორუელის „1984“ (1949) და ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“ (1932). ამ ორ წიგნში გამოთქმული ორი სხვადასხვა წინასწარმეტყველების მნიშვნელობას მაშინ ვერავინ აცნობიერებდა, რადგან ამ რომანებში დახატული ტოტალიტარული რეჟიმების ფონზე მწერლებმა აღწერეს მომავლის ორი განსხვავებული ტექნოლოგია, რომლებმაც სულ რაღაც ორი თაობის განმავლობაში სამყარო რადიკალურად შეცვალა. ფუკუიამა ორუელის „ტელეეკრანის“ ძალიან ორიგინალურ ინტერპრეტაციას აკეთებს და წერს, რომ ორუელმა აღწერა ის, რასაც დღეს ჩვენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს ვუწოდებთ; ორუელის “ტელეეკრანი“, ფაქტიურად ინტერნეტთან შეერთებული თანამედროვე პერსონალური კომპიუტერი იყო და ეს ტექნოლოგია უდიდესი ტოტალიტარული იმპერიის წარმატებას განსაზღვრავდა. ჰაქსლიმ კი სხვა სახის დიდი ტექნოლოგიური რევოლუცია იწინასწარმეტყველა. ეს იყო ბიოტექნოლოგიური რევოლუცია – გენური ინჟინერიის, ადამიანის in-vitro „წარმოების“, ნეიროფარმაკოლოგიის განვითარება, რამაც „1984“-ში აღწერილისგან დიამეტრალურად განსხვავებული ტოტალიტარული სახელმწიფოს არსებობა და სტაბილურობა განაპირობა.

ფუკუიამა აღნიშნავს, რომ ორუელის პოლიტიკური პროგნოზი არ გამართლდა. 1984 წლიდან სულ რაღაც 5 წლის შემდეგ ბერლინის კედლის დანგრევა მსოფლიოს უდიდესი ტოტალიტარული სახელმწიფოს დაშლის სიმბოლო გახდა. ორუელის საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროგნოზი კი უკუღმა გამართლდა: 1980-იანი წლების დასაწყისში გამოსულმა IBM-ის პერსონალურმა კომპიუტერმა (იმასაც აღნიშნავდნენ, რომ ტოტალიტარული იმპერიების ნგრევა და პერსონალური კომპიუტერის და სხვა იაფი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოგონება ერთმანეთთან გარკვეულ კავშირშიც კი იყო) თანამედროვე ადამიანს თავად მისცა „დიდ ძმაზე“ დაკვირვების საშუალება, მოახდინა ინფორმაციის დემოკრატიზაცია, და „ტელეეკრანისგან“ განსხვავებით, რომელიც ცენტრალიზაციის და ტირანიის ინსტრუმენტი იყო, საფუძველი გამოუთხარა ინფორმაციის მონოპოლიაზე დამყარებული ტოტალიტარიზმის იდეას.

რაც შეეხება ჰაქსლის წინასწარმეტყველებას, მისი ბიოტექნოლოგიური პროგნოზები – in-virto განაყოფიერება, სუროგატული დედობა, ფსიქოტროპული მედიკამენტები და გენური ინჟინერია ბავშვების “საწარმოებლად” უკვე რეალობას წარმოადგენს, მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია – წინ კიდევ უფრო სერიოზული ცვლილებები გველის. და რადგან ინფორმაციის დემოკრატიზაციის გამო თანამედროვე სამყაროს კლასიკური ტირანია აღარ ემუქრება, ჰაქსლის მიერ ნაჩვენები „რბილი, ფაქიზი“ ტოტალიტარიზმი ფუკუიამას მიერ ბევრად უფრო მძაფრად არის აღქმული. „საოცარ ახალ სამყაროში“ ეშმაკი შენიღბულია, რადგან ფიზიკურად არავინ ზიანდება; ეს არის სამყარო, სადაც ყველა იღებს ყველაფერ იმას, რაც სურს. ადამიანები ამ საზოგადოებაში ცხოვრობენ არა იძულებით, არამედ ცდუნებით. აქ არ არსებობს დაავადება და სოციალური კონფლიქტი, არ არსებობს, დეპრესია, სულით ავადმყოფობა, მარტოობა ან ემოციური განცდა, აქ სექსი შეუზღუდავია. აქ სამინისტროც კი არსებობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დრო სურვილსა და მის ასრულებას შორის მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. რელიგიას სერიოზულად აღარავინ აღიქვამს, არავინ არის ინტროვერტი, ბიოლოგიური ოჯახი აღარ არსებობს, შექსპირს აღარავინ კითხულობს, და წიგნის მთავარი გმირის, ველური ჯონის გარდა, აქ არავის ახსოვს რწმენის, იმედის, შიშის და ბრძოლის მნიშვნელობა.

ფუკუიამასთვის სწორედ ეს დეჰუმანიზაციაა ყველაზე უარესი შედეგი, რაც ბიოტექნოლოგიურ რევოლუციას შეიძლება მოჰყვეს. ის ეთანხმება ჰაქსლის და თვლის, რომ ადამიანური ბუნება არსებობს, რომ ის უაღრესად მნიშვნელოვანია; რომ მან ჩვენი, როგორც სახეობის სტაბილური უწყვეტობა განაპირობა და საუკუნეების განმავლობაში რელიგიასთან ერთად განსაზღვრავდა ფუნდამენტურ ადამიანურ ღირებულებებს. და რადგან ბიოტექნოლოგია სულ უფრო მეტად აძლევს ადამიანს საკუთრი ევოლუციის კონტროლის საშუალებას, მას ასევე შეუძლია ადამიანს მისცეს ადამიანური ბუნების, ადამიანობის არსის შეცვლის საშუალება, და ამით რისკის ქვეშ დააყენოს ადამიანებს შორის თანასწორობის და ლიბერალური დემოკრატიის მომავალი.

ერთი მხრივ, ადამიანს შეუძლია სიფრთხილე და ზომიერება გამოიჩინოს ტექნოლოგიების – მაგალითად, ატომური იარაღის, ნანოტექნოლოგიების, და თუნდაც ბიოტექნოლოგიების – გამოყენებისას და თავის კონტროლს დაუქვემდებაროს ამ ტექნოლოგიებით გამოწვეული აშკარა საფრთხეები. მაგრამ მეორე მხრივ, ბიოტექნოლოგიებს ახასიათებს ისეთ ტიპური საფრთხეები, რომლებიც ასე კარგად აღწერა ჰაქსლიმ თავს რომანში. როგორც ფუკუიამა აღნიშნავს, ბიოტექნოლოგიების, ანუ ფარმაკოლოგიის, გენური ინჟინერიის, ღეროვანი უჯრედების და რეპროდუქციული ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებას, რაც ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭებაში, მისი სიცოცხლის გახანგრძლივებასა და გენეტიკის გაუმჯობესებაში გამოიხატება, თან ყოველთვის ახლავს გვერდითი ეფექტები, და სწორედ ამ გვერდით ეფექტების გამო ადამიანისგან ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს – ყველაფერ ამას ადამიანის სული ეწირება.

„საოცარი ახალი სამყაროს“ მეორე გამოცემისთვის დაწერილ წინასიტყვაობაში ჰაქსლი წერდა, რომ წიგნი რომ ხელმეორედ დაეწერა, ველურ ჯონს ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებას შესთავაზებდა, სადაც „…მეცნიერება და ტექნიკა გამოყენებული იქნებოდა პრინციპით „შაბათი ადამიანისთვის და არა ადამიანი შაბათისთვის“, ანუ მორგებული იქნებოდა ადამიანზე, და ადამიანი აღარ იქნებოდა მეცნიერებისა და ტექნიკის მონა, ისე როგორც დღევანდელ, და მით უფრო საოცარ ახალ სამყაროშია…“

ეს აზრი ლეიტმოტივად მიყვება ფუკუიამას წიგნს, რომლის დასკვნითი პარაგრაფები ისევ ფუნდამენტური, ბუნებრივი ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას ეძღვნება. ფუკუიამა გამოთქვამს შიშს, რომ ადამიანის შემდგომ, პოსტ-ჰუმანურ ეტაპზე, რომელის ზღურბლზეც ჩვენი ვიმყოფებით, ადამიანს უდიდესი სიფხიზლის გამოჩენა მართებს იმისათვის, რომ არ აღიაროს და არ მიიღოს სამყაროს ისეთი ფორმები, რომლებიც ყალბ თავისუფლებას გვპირდება, „თუნდაც შეუზღუდავი რეპროდუქციული უფლებების ან შეუზღუდავი სამეცნიერო კვლევის სახით. ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ თავი გარდაუვალი ტექნოლოგიური პროგრესის მონებად, როდესაც ის პროგრესი ჰუმანიზმის მიზნებს არ ემსახურება. ჭეშმარიტი თავისუფლება ნიშნავს პოლიტიკური საზოგადოებების მიერ მათი ყველაზე ძვირფასი ღირებულებების დაცვას, და ეს სწორედ ის თავისუფლებაა, რომელიც დღეს უნდა განსაზღვრავდეს ჩვენს დამოკიდებულებას ბიოტექნოლოგიური რევოლუციის მიმართ“.

21-ე საუკუნის მხატვრული ლიტერატურიდან ჰაქსლისთან და მის რომანთან დაკავშირებით განსაკუთრებით საინტერესო მიშელ უელბეკის[iii] „ელემენტარული ნაწილაკებია“. ამ რომანის შესწავლა ჰაქსლის რომანთან კავშირში კომპარატიული ლიტერატურის არაერთი მკვლევრის ინტერესის თემას წარმოადგენს დასავლეთში. „ელემენტარულ ნაწილაკებს“ მოკლედ შევეხები, რადგან „1984“ მასში ნახსენები არ არის. რაც შეეხება „საოცარ ახალ სამყაროს“, უელბეკის რომანზე ოლდოს ჰაქსლის და მისი ძმის, ევგენიკის მიმდევარი გენეტიკოსის და იუნესკოს პირველი დირექტორის, ჯულიან ჰაქსლის გავლენა ეჭვს არ იწვევს: რომანის ერთ-ერთი თავის სათაურია „ჯულიანი და ოლდოსი“, ჰაქსლი და მისი სამყარო არაერთხელ არის ციტირებული „ელემენტარული ნაწილაკების“ ხანგრძლივ ფილოსოფიურ დისკუსიებში, ხოლო რომანის უტოპიურ ეპილოგში აღწერილი სამყარო ჰაქსლის სამყაროს ერთგვარი ანალოგიაა.

„საოცარ ახალი სამყაროს“ (1932) და „ელემენტარულ ნაწილაკებს“ (1998) ერთმანეთს სამოცდაექვსი წელი აშორებს. ორივე რომანი იდეების რომანია და ორივე – უმწვავესი სატირის არაჩვეულებრივი მაგალითი. ორივე რომანი – ერთი მომავლის ლონდონში და მეორე თანამედროვე საფრანგეთში მიმდინარე – მსოფლიოს ევროპული პერსპექტივიდან განიხილავს და ნეგატიური განვითარების წყაროდ ამერიკას სახავს. ჰაქსლიმ საკუთარი მოსაზრება თანამედროვე საზოგადოების შესახებ მომავალი გლობალური სახელმწიფოს სატირული ფუტურისტული პორტრეტით გადმოსცა. უელბეკი კი „უტოპიური“ წყობის მხოლოდ გაელვებას გვთავაზობს რომანის ეპილოგში და ძირითადად თანამედროვე დასავლეთის დაცემას აღწერს საფრანგეთის მაგალითზე, სადაც (ნილ პოსტმენს თუ გავიხსენებთ) რბილი, ფაქიზი ტოტალიტარიზმის, ანუ საბაზრო ეკონომიკის პირობებში მცხოვრები ადამიანი უკვე პასიურობამდე და ეგოიზმამდეა დაკნინებული.

სექსი, როგორც ფართო მოხმარების საქონელი და მისგან რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოშორება, ნუკლეარული ოჯახის რღვევა, ნარკოტიკების რეკრეაციული გამოყენება, სულიერი დეგრადაცია და ადამიანებს შორის კომუნიკაციის ფუნქციის მოშლა, სილამაზის კულტი, ანუ კოსმეტიკური ქირურგია – უელბეკის თვალით დანახული თანამედროვე დასავლეთის დეგრადაცია „საოცარ ახალ სამყაროში“ ასახულ ძირითად საკითხებს ეხმიანება. საუკუნეების მანძილზე მიმდინარე ზნეობრივი კრახი, გაუცხოება, ტანჯვა და სასოწარკვეთილება კაცობრიობის გარდაუვალი თვითდესტრუქციით მთავრდება: 2029 წელს სამყაროს ევლინება ადამიანის მიერ ევგენიკის საფუძველზე გენეტიკურად „ხატად თავისად“ შექმნილი არსება, 2079 წლისთვის კი ამ კლონებისგან უკვე ჩამოყალიბებულია იდენტურად ბედნიერი, ასექსუალური „ღმერთების“ საზოგადოება, რომელზეც „თავის დროზე, ადამიანები ასეთი გატაცებით ოცნებობდნენ“, სადაც აღარ ელტვიან ჭეშმარიტებასა და მშვენიერებას, სადაც კონფლიქტი აღარ არსებობს, და სადაც მალე ძველი ადამიანური რასის რამდენიმე შემორჩენილი წარმომადგენელიც აღარ იარსებებს.

და ყველაფრის მიუხედავად, „ეს წიგნი ადამიანს ეძღვნება“ – ამ სიტყვებით მთავრდება უელბეკის რომანი, და ამით ყველაფერია ნათქვამი.

 

ბოლოსიტყვაობის მაგიერ:

2016 წლის სექტემბერში ევროპის ერთი ძალიან ცნობილი უნივერსიტეტის პირველკურსელთა „სტუდენტებად კურთხევის“ საზეიმო ცერემონიალს დავესწარი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო მსოფლიოს ერთი-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (Massachusetts Institute of Technology) ღია სწავლების განყოფილების ვიცეპრეზიდენტი სანჯაი სარმა. მომავალი სტუდენტებისადმი მისი არაჩვეულებრივი მიმართვის ძირითადი თემა იყო არა თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი სწავლება უნივერსიტეტებში, არამედ ადამიანური ღირებულებების შენარჩუნების გადამწყვეტი მნიშვნელობა და ჰუმანისტური იდეალებისადმი ერთგულება ტექნოლოგიების არნახული აღმავლობის ეპოქაში. პირველკურსელების რეაქციამ მიმახვედრა, რომ სანჯაი სარმას „მესიჯი“ მიზანში მოხვდა.

2016 წლის ნოემბერში ერთ ახალგაზრდა კაცს შევხვდი სანკტ-პეტერბურგიდან. პუტინის პოლიტიკის მიმართ სიმპათიით რომ არ იყო განწყობილი, ცხადი იყო, მაგრამ ის, რაც საუბრისას მითხრა, ჩემთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა: მას ახალი  წაკითხული ჰქონდა ორუელის „1984“ და განცვიფრებული იყო წიგნში აღწერილი მოვლენების მსგავსებით დღევანდელ რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან!

საინტერესოა, რას იტყოდნენ ამის თაობაზე – განსაკუთრებით მსოფლიოში და კერძოდ აშშ-ში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე – პოსტმენი, ფუკუიამა, უელბეკი, და რაც მთავარია, თვითონ ჰაქსლი?


[i] ნილ პოსტმენი (1931 –2003) – ამერიკელი მწერალი, განმანათლებელი, მედია-თეორეტიკოსი და კულტუროლოგი; ცნობილია თავისი ჩვიდმეტი წიგნით, მათ შორის „Amusing Ourselves to Death“ (1985) და სხვ.

[ii] იოსიჰირო ფრენსის ფუკუიამა (1952) – იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტეკონომისტი და მწერალი. მოღვაწეობს ჯორჯ მეისონისჯონს ჰოპკინსისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. ცნობილია თავისი წიგნებით „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ (1992), „ჩვენი ადამიანისშემდგომი მომავალი: ბიოტექნოლოგიური რევოლუციის შედეგები“ (2002), „პოლიტიკური წყობა და პოლიტიკური ხრწნა: ინდუსტრიული რევოლუციიდან დემოკრატიის გლობალიზაციამდე“ (2014).

[iii] მიშელ უელბეკი (1956) – ფრანგი მწერალი, პოეტი, პრემია „ნოემბრის“ ლაურეატი რომანისთვის „ელემენტარული ნაწილაკები“ (1998) და გონკურის პრემიის ლაურეატი რომანისთვის „რუკა და ტერიტორია“ (2010). უელბეკის 2015 წელს გამოცემულ ანტიუტოპიურ რომანს „მორჩილება“ ორუელის „1984“-ს ადარებენ.

© არილი

Facebook Comments Box