ახალი ამბები,  ინტერვიუ

ინტერვიუ ხათუნა ცხადაძესთან – „ერთი ავტორი ერთ ნომინაციაში პრემიას უნდა იღებდეს ერთხელ”

ესაუბრა თაკო წულაია

მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე საბას საიუბილეო წელს ჟიურის წევრთა შორის იყო. ინტერვიუ სწორედ ამ გამოცდილებასა და მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხება: როგორ შეარჩიეს გამარჯვებული წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში, რით გამოირჩევა კატია ვოლტერსის მიერ თარგმნილი „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ და, ზოგადად, რა კრიტერიუმებით ფასდება თარგმანები. გარდა ამისა, ხათუნა ცხადაძე გვიზიარებს თავის აზრს იმის შესახებაც, რატომ რჩებიან მოკლე სიის მიღმა კონკრეტული ავტორები, რომლებიც სხვა კონკურსებში იმარჯვებენ და უნდა იღებდეს თუ არა ერთი ავტორი ერთ ნომინაციაში პრემიას რამდენჯერმე.

 

გასულ წელს წლის საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციაში ორმა ავტორმა გაიმარჯვა. როგორც ჟიურის წევრმა, დავით გაბუნიამ განმარტა, ორგანიზატორებს სთხოვეს, რომ ცალკე პრემია დაემატებინათ ამ ნომინაციისთვის. რაკი ასეთი პრაქტიკა არსებობს, წელსაც ხომ არ გქონიათ მსგავსი ინიციატივა? ორგანიზატორების თანხმობის შემთხვევაში, გაყოფდით თუ არა წლევანდელ პრემიას?

თარგმანში, ტრადიციულად, ძნელია გადაწყვეტილების მიღება და თითქმის ყოველთვის არის წინაპირობები პრემიის გაყოფისთვის, თუმცა წლევანდელ მოკლე სიაში ისეთი ნამუშევრები იყო, რომ არ იქნება ჩემგან კორექტული და სამართლიანი რომელიმეს გამოყოფა. გადაწყვეტილებას ჟიური ერთად იღებს. რადგან მეკითხებით, პირადად ჩემს აზრს გეტყვით, სახელების მითითების გარეშე (და ხაზს ვუსვამ, ეს ჟიურის ყველა წევრის აზრი არ არის): რამდენიმე თარგმანი იყო ისეთი, რომლებსაც სიამოვნებით გავუყოფდი პრემიას, თუმცა ზოგადად არ ვარ გაყოფის მომხრე.

რაც შეეხება კრიტერიუმებს თარგმანის ნომინაციაში: როგორც იცით, მთარგმნელის ნამუშევართან ერთად ჟიური ყოველთვის ითვალისწინებს თავად ავტორისა და წიგნის მნიშვნელობასა და ტექსტის კომპლექსურობას. ვფიქრობ, არავის ეწყინება, თუ დალი იაშვილის თარგმანს ვახსენებ ამ თვალსაზრისით. პრუსტის თარგმნის სირთულეებს განმარტება არავისთვის სჭირდება. საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ არ გაგვეყო პრემია, თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ გაყოფის შემთხვევაში ჟიურის წევრებს სხვადასხვა მოსაზრება ექნებოდათ. მოკლედ, ადვილი არც გამარჯვებულის გამოვლენა იყო და არც პრემიის გაყოფა იქნებოდა. პრემიის დამატების შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ გვქონდა, თორემ, რა თქმა უნდა, შესანიშნავი იქნებოდა. თუმცა, ისეთი ნაშრომები იყო წლევანდელ მოკლე სიაში, ორი პრემიის გაცემის შემთხვევაშიც კი გვექნებოდა უკმარისობის გრძნობა.

თუ უფლებას მომცემთ, აქვე დავამატებდი ერთ განმარტებას, რადგან ჟიურიში შვეიცარიელი მთარგმნელისა და ლიტერატორის, რახელ გრაცფელდის ყოფნამ გარკვეული კითხვები გააჩინა (უფრო მათთვის, ვინც რახელს არ იცნობს): რახელი თარგმანის შეფასებაში არ მონაწილეობდა და გადაწყვეტილება ჟიურის ოთხმა წევრმა მიიღო.

როგორ შეარჩიეთ გამარჯვებული თარგმანი? რატომ კატია ვოლტერსი და ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“? დაჯილდოების ცერემონიისას აღნიშნეთ, რომ ამ რომანს რთული და საინტერესო ენობრივი ქსოვილი აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია და მთარგმნელის კოლოსალური შრომაც აშკარაა. გარდა ამისა, კიდევ რა გამოარჩევს მას სხვა ნომინანტებისგან, რატომ მიანიჭეთ უპირატესობა?

როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე ვთქვი და ნაწილობრივ წინა კითხვაზე პასუხშიც დავაზუსტე, ჟიურის წევრებმა გაითვალისწინეს ავტორისა და წიგნის მნიშვნელობა, მთარგმნელის ოსტატობა და შრომის მასშტაბი. თავად ახსენეთ კოლოსალური შრომა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ პრუსტის, ფილდინგის, შნიცლერის ან მოკლე სიაში მყოფი სხვა ავტორების თარგმნა ნაკლებ შრომას მოითხოვს. ენობრივ ქსოვილზე და მის კომპლექსურობაზე იგივე შემიძლია გითხრათ, რაც დაჯილდოების ცერემონიაზე ვთქვი: „წიგნები იაკობისა“ არის თემატურად მრავალფეროვანი და ენობრივად არაერთგვაროვანი, მრავალშრიანი რომანი, რომლის კითხვასაც კი დიდი გულისყური, დაკვირვება, ცოდნა და მოთმინება სჭირდება, არათუ თარგმნას. დარწმუნებული ვარ, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, რაც არ უნდა გული სწყდებოდეს ჟიურის გადაწყვეტილებაზე, რადგან რომელიმე სხვა თარგმანს გულშემატკივრობდა, იმას ვერ იტყვის, რომ ჟიური უსამართლო იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავად ვგულშემატკივრობდი რამდენიმე თარგმანს ერთნაირად, თუმცა ეს კოლექტიური გადაწყვეტილებაა და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ნამდვილად სამართლიანი.

პრემიაზე კატია ვოლტერსის სხვა თარგმანიც იყო წარდგენილი, ოლგა ტოკარჩუკის „შოტლანდიური თვე“. ტოკარჩუკის ერთ-ერთი ტექსტი თეონა მჭედლიშვილმაც თარგმნა. რას იტყვით ამ თარგმანებზე, რომლებიც მოკლე სიაში ვერ მოხვდა?

ძალიან მიჭირს მოკლე სიის მიღმა დარჩენილი წიგნების შეფასება. ბევრი კარგი თარგმანი ვერ მოხვდა მოკლე სიაში, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. რაც არ უნდა სამართლიანად მიმაჩნდეს ჟიურის წლევანდელი არჩევანი, ვაღიარებ, რომ ოთხი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისთავად სუბიექტურია. ეს გადაწყვეტილება მსჯელობით, განხილვით, დასაბუთებით, კამათით მიიღება, მაგრამ მაინც მხოლოდ ოთხი ადამიანის მოსაზრებაზე, გემოვნებაზე, მგრძნობელობაზეა დამოკიდებული. ყოველთვის, ყველანაირი პრემიის შემთხვევაში ასე ხდება და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

სავარაუდოდ, საუკეთესო თარგმანის ვრცელი „მოკლე სიიდან“ სხვა ფავორიტებიც გყავდათ. მოგვიყევით მათ შესახებ… ვის გამოარჩევდით? რომელმა ტექსტმა მიიქცია განსაკუთრებით თქვენი ყურადღება?

ფავორიტებზე ვერაფერს გეტყვით, არც კონკურსანტების მიმართ იქნება კორექტული და არც ჟიურის წევრების მიმართ – კოლეგიალური, რომ ჩემს ფავორიტებზე და გულისწყვეტებზე ვილაპარაკო.

როცა გადაწყვეტილებას ადამიანთა ჯგუფი იღებს, გარკვეული კომპრომისები აუცილებელია. თქვენც ხომ არ გქონიათ ასეთი კომპრომისები წელს? რომელიმე ნომინაციაში საერთო არჩევანს ხომ არ შეცვლიდით, მხოლოდ თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული?

როცა ჟიურის წევრობას თანხმდები, იცი, რომ გადაწყვეტილება კოლექტიური იქნება და უნდა გაიზიარო უმრავლესობის აზრი, თუნდაც არ ეთანხმებოდე მას. წელს დიდი უთანხმოება არც გვქონია, განვიხილეთ რამდენიმე კატეგორიაში პრემიის გაყოფის ვერსიები, თუმცა საბოლოოდ ეს მხოლოდ ორ ნომინაციაში მოხდა. არჩევანს არცერთ კატეგორიაში არ შევცვლიდი.

კატია ვოლტერსმა „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ პოლონურიდან თარგმნა, ჟიურის წევრებს შორის კი პოლონური ენის სპეციალისტი არ ყოფილა. ზოგადად, როგორ აფასებთ ასეთ დროს დედანთან შესაბამისობას? მხოლოდ იმით ხელმძღვანელობთ, ქართულ ენაზე როგორაა თარგმანი შესრულებული?

დედანთან შესაბამისობას არ ვაფასებთ. მეცინება კიდეც, ამ კითხვას რომ სვამენ ლიტერატურული პრემიების კონტექსტში. მაგრამ რადგან ხშირად მესმის ეს, ვეცდები, უფრო დეტალურად გიპასუხოთ: თარგმანის დედანთან შედარება კვლევითი საქმიანობაა და ეს ჟიურის მოვალეობა არ არის. კიდევ უფრო დავაზუსტებ მათთვის, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რა მასშტაბის შრომაა თარგმანის ეკვივალენტობის შეფასება. მაგალითად, იტალიური ენიდან თარგმანები რომ შევადარო დედანს, უნდა დავჯდე და თავიდან ბოლომდე გავიარო დედნები და თარგმანები, პარალელურად. წარმოგიდგენიათ, რა დრო სჭირდება ამას? თუ მხოლოდ ოციოდე გვერდს შევადარებ, როგორ  ვიქნები დარწმუნებული, რომ სწორედ იმ ნაწილში არაა უზუსტობა, თანაც უპატიებელი, რომელიც დედანთან არ შემიდარებია?

უნდა გვესმოდეს, რა არის შესაძლებელი ლიტერატურული პრემიის ფარგლებში, რა არის პრიორიტეტი და რა ევალება ჟიურის.„საბაზე“ ყოველწლიურად ას ორმოცდაათიდან ორასამდე თარგმანი შემოდის, მათი დედნებთან შედარებისთვის ენის სპეციალისტთა არმია უნდა აიყვანოს „საბამ“? და, რაც მთავარია, რომც აიყვანოს, ვინ გაარკვევს, რომ ენების ეს სპეციალისტები, მინიმუმ, იმ მთარგმნელებზე კარგად ფლობენ ენას, რომლებსაც აფასებენ? სად ვიპოვო პოლონურის სპეციალისტი, რომელსაც კატია ვოლტერსის კომპეტენტურობის შეფასებას მივანდობთ და თან დარწმუნებულები ვიქნებით, რომ პოლონურიც ძალიან კარგად იცის და  მხატვრული თარგმანიც ესმის? შემფასებლის ცოდნა და კომპეტენცია ვიღას შევაფასებინოთ? ან ვინ დავიქირაოთ, მაგალითად, გიორგი ლობჟანიძის თარგმანების შესამოწმებლად? ეს იდეა მხოლოდ მიამიტური არ არის, სრულიად კომიკურია. ვისაც არ ესმის, ვთხოვ (მას შემდეგ, როცა შემფასებელთა არმიის კომპეტენტურობაში ბოლომდე დარწმუნდება),  აიღოს კალკულატორი და დათვალოს, რა დრო და რესურსი სჭირდება ორასამდე (თითო – საშუალოდ ხუთასგვერდიანი) წიგნის დედანთან შედარებას. მერე დავილაპარაკოთ.

აქვე დავამატებ: როცა ჟიურის რომელიმე  წევრმა კარგად იცის ესა თუ ის უცხო ენა და შეუძლია ამ ენიდან თარგმნილი წიგნების დედანთან შედარება, ადარებს კიდეც (ცხადია, მხოლოდ ნაწილობრივ). ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ უფრო პირადი და პროფესიული ცნობისმოყვარეობის საქმეა და ამის მოლოდინი და მოთხოვნა ჟიურის წევრებისაგან უბრალოდ უაზრობაა.  თარგმანების ეკვივალენტობის საკითხების რკვევა მეცნიერული საქმიანობის სფეროა, მკვლევართა კომპეტენციაა და იმედია, მხატვრული თარგმანის სფეროში მომუშავე სპეციალისტები სულ უფრო მეტს დაწერენ ამაზე. მართლა კომპეტენტურ მოსაზრებებს, თეორიულ ნაშრომებს ვგულისხმობ და არა სოციალური ქსელის მასშტაბის „მომეწონა-არ მომეწონას“. ერთი წიგნისა და მისი თარგმანის შედარებითი ანალიზი ერთი სადოქტორო დისერტაციის თემა შეიძლება იყოს. ცხადია, უამრავ ნაქებ თარგმანში მოიძებნება სხვადასხვა სახის უზუსტობა თუ საკამათო გადაწყვეტილება, ეს ყველამ კარგად იცის, ვისაც მხატვრულ თარგმანზე ერთი-ორი სტატია მაინც წაუკითხავს. მაგრამ ვიმეორებ: ეს სულ სხვა სივრცეა.

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის მოკლე სიაში ვერ მოხვდა ვალერი ოთხოზორია, რომელმაც მარკიზ დე სადის „ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი“ თარგმნა. ამ ამბავს ლექსო დორეული გამოეხმაურა და დაწერა, რომ ვალერი ოთხოზორიამ „ამ საქმეს თავი არანორმალურად კარგად გაართვა. ისე ჟღერს სადის ეს საკმაოდ მდიდარი და მხატვრულად რთული ენა ქართულად, თითქოს ამ ენაზე დაიწერაო. უდიდესი შრომა აქვს გაწეული. არ ვიცი, რანაირად მოახერხეთ, რომ შორთ ლისტის მიღმა დარჩა ეს წიგნი“. აღსანიშნავია, რომ ვალერი ოთხოზორიას ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გადაეცა საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანების კონკურსში, რომლის ჟიურის წევრთა შორის მანანა ღარიბაშვილიც იყო. მათი პოზიცია გიორგი ლობჟანიძემაც გაიზიარა. რით აიხსნება ის, რომ კომპეტენტური ჟიური ერთ შემთხვევაში წიგნს გამარჯვებულად ასახელებს, მეორე შემთხვევაში კი მოკლე სიაშიც ვერ ხვდება?

რატომ ახსენებთ მხოლოდ ლექსოს გულისწყვეტას, რადგან „არილის“ გუნდშია? გულისწყვეტა ბევრ ადამიანს და ბევრ წიგნთან დაკავშირებით ექნებოდა, ეჭვი არ მეპარება, ყოველთვის ასეა. არა მგონია, რომ ვინმეს გულისწყვეტას ან აღშფოთებას ინდივიდუალურად უნდა გამოვეხმაურო, თუმცა, რადგან მეკითხებით და რადგან სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებები აყალიბებს ბოლო წლებში საქართველოში საზოგადოებრივ აზრს, უპასუხოდ არ დაგტოვებთ:შევამჩნიე და ძალიან მომეწონა ვალერი ოთხოზორიას თარგმანი. არაერთგან და არაერთხელ აღვნიშნე კიდეც ეს, მათ შორის, სოციალურ ქსელში. ვფიქრობ, რომ ვალერი ოთხოზორია ძალიან ნიჭიერი მთარგმნელია და კიდევ ბევრჯერ შეგვახსენებს თავს. წარმატებები მინდა, ვუსურვო მას.

რაც შეეხება „კომპეტენტურ ჟიურის“ (ამბობთ „კომპეტენტურს“ და გულისხმობთ „არაკომპეტენტურს“, გასაგებია), რომელიც სხვა პრემიაში გამარჯვებულ  წიგნს მოკლე სიაშიც არ ახვედრებს: დიახ, ასე ხშირად ხდება, ამაში არაფერია უცნაური. როგორ ფიქრობთ, ყველა პრემიას ერთი და იგივე მოკლე სია, ერთი და იგივე გამარჯვებულები შეიძლება, ჰყავდეს? უკვე ვთქვი, რომ თითოეული პრემიის ჟიური სხვადასხვანაირი ლიტერატურული გემოვნებისა და მგრძნობელობის ადამიანებისაგან შედგება და 4-5 ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერც უნივერსალურად ობიექტური იქნება და ვერც ყველასათვის მოსაწონი. ამას კონკურსის მონაწილე იმთავითვე აღიარებს, სხვაგვარად კონკურსში მონაწილეობას არც გადაწყვეტდა. არაერთხელ გაუმარჯვია „საბაშიც“ და სხვა ლიტერატურულ კონკურსებშიც ტექსტებს, რომლებსაც, ჩემი აზრით, არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნდა ან ისეთი ტექსტი დარჩენილა პრემიის გარეშე, რომელიც მე მომწონდა. მაგრამ ასეთ დროს საკუთარ თავს პირველ რიგში იმას შევახსენებ, რომ ჩემი ფავორიტის დასაცავად და ჟიურის გასაკრიტიკებლად, მინიმუმ, კონკურსის მონაწილე ყველა სხვა ტექსტიც უნდა მქონდეს წაკითხული, ეს კი იშვიათად ხდება. შეიძლება გამიკვირდეს, როცა ჟიურის არჩევანი ჩემსას არ ემთხვევა, მაგრამ ამის გამო აღშფოთება, მინიმუმ, გულუბრყვილობაა.

ლექსო დორეულს დავუბრუნდები: ლექსო „არილის“ გუნდის წევრია და ცხადია, ზემოთ თქმული მას არ ეხება, იმედი მაქვს, მოკლე სიების მიღმა დარჩენილი სხვა ტექსტებიც წაკითხული აქვს. უფრო ქართული სოციალური ქსელის ზოგად დინამიკაზე მინდოდა კომენტარის გაკეთება. და, კიდევ ერთხელ, ჩემი გულწრფელი პატივისცემა და უდიდესი სიმპათია ვალერი ოთხოზორიას.

ახდენს თუ არა გავლენას ჟიურის გადაწყვეტილებაზე მეტალიტერატურული ფაქტორები? მაგალითად, გიორგი ლობჟანიძეს გამარჯვების შანსს ხომ არ ართმევდა ის ფაქტი, რომ გასულ წელს აიღო „საბა“ თარგმანის ნომინაციაში? თუ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ესთეტიკური ფაქტორებით ხელმძღვანელობთ?

ამ საკითხზე არაერთხელ გამომითქვამს აზრი და კიდევ გავიმეორებ: მე ვფიქრობ, რომ ერთი ავტორი ერთ ნომინაციაში პრემიას უნდა იღებდეს ერთხელ. ვიცი, რომ ეს საკამათო თემაა, თავად მაქვს „საბა“ ორჯერ მიღებული და რა თქმა უნდა, პრემია ყველას ძალიან გვიხარია, მერამდენედაც არ უნდა მივიღოთ. ახლაც მახსოვს ჩემი გაოგნება და სიხარული, უმბერტო ეკო რომ გავიგე სცენიდან. გამახსენდა ჩემი უმძიმესი ერთწლიანი შრომა, სახლიდან შორს, ფსიქოლოგიური, მატერიალური, ჯანმრთელობის პრობლემებისა და სხვა შრომითი ვალდებულებების პარალელურად ნათარგმნი 850 გვერდი, უზარმაზარი და ურთულესი ტექსტი, რომელიც ასე მიყვარს და რომელიც ისედაც მცირერიცხოვანი ქართველი მკითხველის უმრავლესობას წაკითხული არ აქვს (და სავარაუდოდ, არც წაიკითხავს). ამას ვფიქრობდი, წლევანდელი მოკლე სიის თარგმანებს რომ ვკითხულობდი და იმიტომ ვამბობ ამას, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორო „საბას“ დაჯილდოებაზე ნათქვამი: ზუსტად ვიცი, საკუთარი შრომასავით ვხედავ და ვგრძნობ მთარგმნელების შრომას და მინდა, ყველას, ვინც ნიჭიერია, ღირსეულია, მიეცეს დაფასებისა და აღიარების ეს შანსი, თუნდაც ერთხელ.

მესმის, რომ ამაზე შეთანხმება ადვილი არაა, ზოგ ნომინაციაში ხანდახან არ არის ისეთი არჩევანი, რომ ახალი ავტორის დაჯილდოების საშუალებას იძლეოდეს და მაშ, რატომ არ დავაჯილდოოთ ავტორი, რომელსაც უკვე აქვს ეს პრემია, მაგრამ კიდევ ერთხელ შესანიშნავი წიგნი დაწერა ან შესანიშნავი თარგმანი შეასრულა? ცხადია, ეს საგულისხმო არგუმენტია. მოდით, სხვა კატეგორიებზე ახლა არაფერს ვიტყვი, თარგმანის ნომინაციას კი ეს პრობლემა არ აქვს: ბოლო წლების დინამიკა გვაჩვენებს, რომ ყოველთვის, ყოველ წელს იქნება ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებულ აღნიშვნას დაიმსახურებს. როგორ ფიქრობთ, საინტერესო იქნება პრემია, სადაც მუდამ ერთი და იგივე ხალხი გაიმარჯვებს? გიორგი ლობჟანიძე (რადგან გიორგიზე მკითხეთ, თორემ კიდევ გვყავს ასეთი კლასის რამდენიმე მთარგმნელი. სულ რამდენიმე, ხაზს გავუსვამ) ისეთი რანგის მთარგმნელია, რომ ყოველთვის დაიმსახურებს ყველა მოკლე სიაში ყოფნას და ხშირად – გამარჯვებასაც. წლევანდელ მოკლე სიაში იყო თარგმანები, რომლებიც მთარგმნელის ოსტატობითა თუ ავტორისა და ნაწარმოების მნიშვნელობით, ტექსტის კომპლექსურობით არაფრით ჩამოუვარდებოდა გიორგი ლობჟანიძისა თუ „საბას“ სხვა ლაურეატების მიერ შესრულებულ თარგმანებს. ასე რომ არ ყოფილიყო და არჩევანი არ გვქონოდა, ცხადია, მივცემდი ხმას ისეთ მთარგმნელს, რომელსაც უკვე აქვს ეს პრემია მიღებული. ხაზს ვუსვამ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია, ამ პოზიციას ბევრი სულაც არ იზიარებს (მათ შორის წლევანდელ ჟიურიშიც).

რომელ ნომინაციაში შეარჩიეთ გამარჯვებული ყველაზე „უმტკივნეულოდ“? არის მათ შორის ისეთი წიგნი, რომლის აშკარა უპირატესობებზეც იმთავითვე შეთანხმდით?

ისეთ საკითხებზე ლაპარაკი, რაც ჟიურის ყველა წევრს ეხება, კორექტულად არ მიმაჩნია. როცა ჟიურის წევრობას თანხმდები, აღიარებ იმას, რომ კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებაში იღებ მონაწილეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არ გამოვყოფ, რომელ კატეგორიაში იყო ადვილი გადაწყვეტილების მიღება და რომელში – ძნელი. ცხადია, სადღაც უფრო მარტივად იკვეთება რჩეული, სადღაც – დიდი კამათის, განხილვის, დასაბუთების შედეგად. საბოლოო ჯამში, წელს ჟიურიმ საკმაოდ უმტკივნეულოდ, აზრთა არსებითი განსხვავებების გარეშე იმუშავა.

პირველად „საბას“ ისტორიაში, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული ჟურნალი დაჯილდოვდა. უპირველეს ყოვლისა, მადლობა ასეთი არჩევანისთვის. რამდენად ერთსულოვანი იყო ჟიური ამ გადაწყვეტილების მიღებისას? ეს ერთადერთი ნომინაციაა, სადაც არანაირი სია არ არის მოცემული წინასწარ, შესაბამისად, გადაწყვეტილება მთლიანად თქვენს ინიციატივაზე იყო დამოკიდებული. ვის გაუჩნდა პირველად იდეა, რომ ჯილდო არილისთვის გადაგეცათ?

აი, „არილთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება მართლა აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო. ბევრი სხვა ვარიანტი განვიხილეთ და შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ კონკრეტული ადამიანის ნაცვლად დაჯილდოებულიყო ლიტერატურული ინსტიტუცია, გნებავთ – ინიციატივა. „საბას“ წესდება იძლევა ამის საშუალებას და მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე არილი, როგორც ლიტერატურული ფენომენი, ერთგულად, პრაქტიკულად უწყვეტად, მაღალ პროფესიულ დონეზე წარმოაჩენდა თანამედროვე ქართული ლიტერატურის, ესეისტიკის, კრიტიკის, თარგმანის ტენდენციებს. გულით გილოცავთ: თუ ამ ჯილდოს „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ ჰქვია, ის ნამდვილად „არილისაა“.

© არილი

Facebook Comments Box