პროზა (თარგმანი)

ფარიბა ვაფი – ქალი, რომელსაც ქმარი ჰყავდა

kali romelsac qmari

სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ

ქალმა, რომელსაც ქმარი ჰყავდა, ქალს, რომელსაც ქმარი არ ჰყავდა, უთხრა, რომ მისი ქმარი ერთი უგუნური კაცია. უგუნური და ეგოისტი. ქალმა, რომელსაც ქმარი არ ჰყავდა, გულგრილად მოუსმინა. ასეთი სიტყვები მისთვის ამინდის ბიუროს ცნობებივით ჩვეულებრივი იყო. ქმრიანი მეგობრები დროდადრო მოდიოდნენ მასთან და ქმრებს ლანძღავდნენ. მერე  მის ჭკუა-გონებას ასხამდნენ ხოტბას იმის გამო, რომ მათსავით დილეგში არ ჩაიგდო თავი.

სიგარეტს მოუკიდა და სამზარეულოში გავიდა. მდუმარედ დაასხა ჩაი, მაცივრიდან ნამცხვრის ნარჩენი გამოიღო, მაგიდაზე დადო და დაელოდა, სანამ მეგობარი ყველაფერს უამბობდა.

ქალმა, რომელსაც ქმარი ჰყავდა, ამბავი მეგობარს დაწვრილებით უამბო. ეს წვრილმანები, მისი აზრით, საუხერხულო იყო, მაგრამ გრძნობდა, რომ მათ გარეშე მონათხრობი გასაგები ვერ იქნებოდა. შემდეგ უხმოდ ატირდა.

მისმა მეგობარმა ჩაის სმა შეწყვიტა და ქალის სხეულზე მუშტის კვალს ზიზღით მიაშტერდა. ქალის კანზე ლურჯი ლაქა გართხმულიყო, მწვანე არშიითა და კოწახურისფერი წერტილებით. მზერა ლაქას მოაშორა, ჭიქაში გაციებულ ჩაის მიაშტერა და, რაც სალანძღავი და უწმაწური იცოდა, კაცების მისამართით გაუშვა. მაგრამ უცბად აზრი შეიცვალა და ქალს მიუბრუნდა:

–  ის რა შუაშია, შენ ხარ უნიათო, თავის დაცვა რომ არ შეგიძლია.

ქალს, რომელსაც ქმარი ჰყავდა, არაფერი უთქვამს, მაგრამ მეგობრის მკენწლავი სიტყვა გულზე ლახვრად დაესო. მის უბედურებას ეს დანაშაულის გრძნობაღა აკლდა, მაშინვე რომ უხილავი ტვირთივით ჩამოაწვა მხრებზე და თითქოს წელშიც მოხარა. მეგობარი მისმა უკმაყოფილო დუმილმა შეაკრთო. გაიფიქრა, რომ ძალიან მკაცრად მოუვიდა და ისეთი რამ წამოაყვედრა, რაც ქალს ბევრჯერ მასზე ღრმად და მწარედ განუცდია.

გაუღიმა და ისევ მოლბა:

–  რამდენ ხანსაც გენდომება, ჩემთან დარჩი.

სავარძლის ბალიში ჩაიხუტა და კვლავ დასერიოზულდა:

–  შენს ადგილას, მეტად იქ აღარ დავბრუნდებოდი.

ქალი, რომელსაც ქმარი ჰყავდა, წამოდგა და ბოლთის ცემას მოჰყვა. კედლებზე სურათები მოათვალიერა. ოთახის კუთხეში პატარა ბიბლიოთეკიდან წიგნი აიღო და გადაფურცლა. თაროზე მომცრო ქანდაკებას ხელი შეავლო. გაიფიქრა, რა კარგი იქნებოდა, მასაც ჰქონოდა ასეთი ლამაზი და კოპწია სახლი. ამაზე პატარა ადგილზეც თანახმა იქნებოდა. მთელი სიცოცხლე იქ დარჩებოდა… მისი სახლი ძალიან ხალხმრავალი იყო და მთელი დღე მანქანასავით მუშაობდა, რომ ნივთები ადგილებზე დარჩენილიყვნენ. სახლი მხოლოდ რამდენიმე წუთს იყო დალაგებული. ქმრისა და ბავშვების გამოჩენისთანავე არეულობა იწყებოდა. ხანდახან უნდოდა, ისინიც საოჯახო  ნივთებივით გაეშეშებინა, რომ ცხოვრება ისევ ისეთი ყოფილიყო, როგორისთვისაც ამდენი იწვალა და როგორც მოაწყო. მაგრამ სად იყო სიმშვიდისა და სიწყნარის ნატამალი!

მისი მეგობარი ვაი-ვიშსა და წუწუნს ვერ იტანდა.

–  მე გარეშე პირი ვარ, ბატონო, შემეშვი. შენთვის მოძებნე გამოსავალი.

მერე იმაზე ალაპარაკდა, როგორ შეეძლო ამ საქმის მოგვარება:

–  ერთი ბეწო თავმოყვარეობაა საჭირო და ცოტაც – ნებისყოფა.

ქალს, რომელსაც ქმარი ჰყავდა, მცდელობა არ დაეკლო. მცირე წარმატებისთვისაც მიეღწია. ყველაფერი მოეწესრიგებინა. თავის პატარა სახლში ადამიანის უფლებების განაწესის მსგავსი რამ შემოეღო და ყველა ეიძულებინა, დამორჩილებოდა.  საკუთარი საქმე ყველას თავად უნდა შეესრულებინა და სხვისი უფლებებისთვის პატივი ეცა. რამდენიმე თვის მანძილზე ეს განაწესი სიმშვიდეს ანიჭებდა.

თუმცა მისი სიმშვიდე ამ სახლის სიმშვიდისგან განსხვავდებოდა. როგორ შეეძლო, ეს მეგობრისთვის ეთქვა? თვითონაც ვერ გარკვეულიყო, რა იყო და როგორ. ეგ იყო მხოლოდ, რომ ძლიერად შეიგრძნობდა ამ განსხვავებას. მისი სიმშვიდე ერთგვარი შეჩერება იყო, თანაც – უსარგებლო. დროის ამ მონაკვეთში ვერაფერს გააკეთებდი. მყისიერი იყო. დღეს იყო და ხვალ აღარ იყო. ადვილად სხლტებოდა ხელიდან. წარმავალობას ებმოდა. როგორც მატარებლის სადგურზე შეჩერება. გზაში ხომ, გაჩერებებზე, ვერაფერს გააკეთებ, ნამაზის შესრულების ან საპირფარეშოში წასვლის გარდა. შეიძლება, წერილი დაწერო ან გადაწყვეტილება მიიღო, ისწავლო თუ არ ისწავლო? რაღაც საქმე შეასრულო თუ არ შეასრულო, როცა იცი, რომ რამდენიმე წუთში მატარებელი დაიძვრება? შეიძლება, ვიღაცას ისე დაუმეგობრდე, რომ გული გადაუშალო? შეიძლება, რაღაც შეცვალო?

ქალს, რომელსაც ქმარი ჰყავდა, ბავშვებზე სიტყვა არ დაუძრავს. მისი მეგობრის აზრით, ისინი ბავშვები არ იყვნენ. მიზეზები იყვნენ. ქმარიც მიზეზი იყო. სხვაც ყველაფერი მიზეზი იყო. მიზეზი შიშის და სიზარმაცის მისაჩქმალად. დივანზე მიწვა და იქვე ჩაეძინა.

მის მეგობარს არ დაუძინია. ჩვეულებრივ, გვიანობამდე არ ეძინა და წიგნს კითხულობდა ხოლმე. იმ ღამით წიგნი არ წაუკითხავს. სავარძელში უფრო ღრმად ჩაეფლო და მეგობარს გახედა. ფიქრით მის სახლსა და ცხოვრებაში შეიჭვრიტა. შეეცადა, იქიდან ისეთი რაღაცები გამოექექა, სიბრაზეშერეულ გრძნობებს რომ გაუწონასწორებდა. სიამოვნების წუთები, სიხარულის საათები; რაღაცები, რომელთა განცდა სხვაგან, ოჯახის გარდა, შეუძლებელი იყო. ერთგვარი სავარჯიშო იყო, რომელსაც წლების განმავლობაში ასრულებდა, რომ მხოლოდ ის ნაგლეჯი არ დაენახა, რომელსაც მისი მეგობარი არჩევდა და აჩვენებდა. ეს შემპარავი ქმედება სინამდვილესთან შეხვედრისთვის იყო.

შემდეგ გაიფიქრა, რატომ არ აძლევდა ქალს უფლებას, მისი ცხოვრების სინამდვილეც დაენახა? ნებას რთავდა,  მისი სახლის სიმშვიდეზე ლეგენდები შეეთხზა და მასზე ეოცნება! რატომ არ ეუბნებოდა, რომ უსულო საგნები ვერც ერთი ადამიანის ადგილს ვერ ავსებენ და რომ სახლის ბერწი სიწყნარე და სიჩუმე ხშირად გუნებას უწამლავს?! გაახსენდა, ზოგჯერ, ღამღამობით, შუქს რომ ჩააქრობდა, როგორ ნატრობდა, რომ ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, სხვა ადგილისთვის და გრძნობებისთვის ენაცვალებინა.

მისმა მეგობარმა ამოიკვნესა და შეირხა. ძილშიც მოღუშული იყო.

რამდენიმე დღეში ქალმა, რომელსაც ქმარი ჰყავდა, მასპინძელს აუწყა, რომ სახლში ბრუნდება. მეგობარმა შეხედა:

–  ბავშვებს რამე დაემართათ?

ქალი ყოველ დილას, ქმრის მოსვლამდე, ბავშვებს მალულად ნახულობდა. მათთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი წასვლა-მოსვლის თაობაზე მამისთვის არაფერი ეთქვათ.  მაგრამ იმ დილით, სახლში რომ მივიდა, კაციც უნახავს. კაცს უთხოვია, რომ ქალი  სახლს და ოჯახს დაბრუნებოდა.

მისმა მეგობარმა სიგარეტს მოუკიდა.

–  შენც გინდა დაბრუნება?

ქალი, რომელსაც ქმარი ჰყავდა,  უხმოდ დააშტერდა იატაკს.

–  თითქოს გეჩქარება დაბრუნება.

ქალი, რომელსაც ქმარი ჰყავდა, სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა.

–  სულაც არ მეჩქარება.

ცოტა უხერხულად მოუბოდიშა, რომ პატარა და სულელური უსიამოვნების გამო  რამდენიმე დღით შეაწუხა. ქალმა, რომელსაც ქმარი არ ჰყავდა, ნაფასი დაარტყა. თითები უცახცახებდა.

–  ყოველთვის, როცა პატარა და სულელი გახდები, თავისუფლად შეგიძლია თქვა: ,,პატარა და სულელური“.

ადგა და სამზარეულოში გავიდა. ძველი, მწარე ჩაი დაისხა, შემობრუნდა და იყვირა:

–  შენ პატარა ხარ? უღირსი ხარ? სულელი ხარ?

ხმა უკანკალებდა. ქალს მიუახლოვდა და მიაშტერდა.

ქალი, რომელსაც ქმარი ჰყავდა, ნებას რთავდა, ეყვირა მისთვის, მაგრამ მაინც უნდა წასულიყო.

–  არ მესმის, როგორ შეგიძლია მაგ კაცთან დაბრუნება.

ქალმა, რომელსაც ქმარი ჰყავდა, გააწყვეტინა:

–  ნანობს.

–  თვითონ გითხრა?

–  არა.

ქალი, რომელსაც ქმარი არ ჰყავდა, გაოგნდა. მერამდენედ ხედავდა ცხოვრებაში, რომ სისტემური და ლოგიკური ცოდნა ასეთი მარტივი რაღაცების გაგებაში ვერაფერს შველოდა. მისი მეგობარი საკუთარი ფეხით ბრუნდებოდა სატანჯველში, ის კი ვერ ხვდებოდა, რატომ.

ქალმა, რომელსაც ქმარი ჰყავდა, არ იცოდა, როგორ ეთქვა, რომ წლების თანაცხოვრების შემდეგ ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ერთმანეთში ვეღარ საუბრობენ, როგორც წლების წინ. სიტყვებიც შეეცვალათ. ხანდახან სიტყვებიც აღარ აქვთ. სიტყვები არ სჭირდებათ და მათი გადაყრა დაუნანებლად შეიძლება. მის ქმარს არ უთქვამს, რომ ნანობს. არ შეეძლო ამის თქმა. ამის სათქმელად ენას ვერ მოიბრუნებდა. როგორც ადამიანი, რომელიც იძულებულია, უცხო ენაზე ილაპარაკოს და არა – მშობლიურზე.

კაცს მაცივარი გაეხეხა. მასზე ბევრად უკეთ გაეკეთებინა ეს საქმე. ყინული გამოეღო და ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში ჩაეყარა. მაცივრიდან ყველაფერი გამოელაგებინა: კარაქი, ყველი, კვერცხი და რამდენიმე დღის წინანდელი საჭმლის ნარჩენები. მერე  მაცივრის წინ დამჯდარიყო და გულმოდგინედ გამოეწმინდა.

როგორ შეეძლო, ეს ყველაფერი ეთქვა ქალისთვის, რომელსაც ქმარი არ ჰყავდა?! ის ვერ იცხოვრებდა კაცთან, რომელმაც მასზე ხელი აწია. ვერა, ერთი წუთითაც ვერა. მაგრამ ის კაცი არ ჰგავდა ამ კაცს, მაცივართან რომ დამჯდარიყო და ისე გაეხეხა, თითქოს განეზრახა, ახალივით ექცია.

ქალი, რომელსაც ქმარი ჰყავდა, წავიდა, მეორე ქალმა კი სიგარეტი გააბოლა და მაცივარს მიაშტერდა. შუაღამისას იგრძნო, ფიქრმა დაღალა. ფანტაზია ჩართო: იქნებ ის დამსხლტარი და შორეული აზრი მოეხელთებინა. გამთენიისას ჩაეძინა.

© არილი

Facebook Comments Box