გერმანულიდან თარგმნა დავით წერედიანმა
ს ა მ უ შ ა ო ო თ ა ხ ი
(ფაუსტი, მეფისტოფელი)
ფაუსტი
შემოდი, ვინ ხარ! – გამაბეზრეს…
მეფისტოფელი
მე ვარ.
ფაუსტი
შემოდი!
მეფისტოფელი
წესია, უნდა სამჯერ წართქვა.
ფაუსტი
შემოდი, კარგი!
მეფისტოფელი
ვეღარ გავჩერდი, ვნახავ-მეთქი, წუხს უჩემობით!
ვინძლო შევჯერდეთ და კიდევაც გამოვკრათ ბარგი.
ვატყობ, სულ უკეთ შევეწყობით, რაც ხანი გავა,
უნდა ჩმახები გამოგბერტყო, გავსხა ნაღველი.
აქ სეფეწულად მოკაზმული მაგიტომ ვდგავარ,
ჰა, შემომხედე! თქვი, როგორი ვარ სანახველი!
ან რა წითელი მოსასხამი, დიბა რჩეული,
ან რა ქათიბი, ოქრომკედით ამოხვეული!
ქუდი, რა ქუდი, შემკობილი, მამლის ფრთიანი!
ბალთა-ყაწიმზე გრძელი დაშნა ზარნიშიანი!
რაღას უზიხარ, ადექ, მომბაძე,
შენც გამოეწყვე ჩემს კვალობაზე,
გავბოლთ-გავმეცნოთ სხვა სამეცარი,
ვნახოთ, ცხოვრება რა რამეც არი!
ფაუსტი
ეგ შენი დიბა-ატლასები, ფიქრობ, უშველის,
აღარ მემძიმოს კაცის ყოფა წელგაუშლელი?
მე ბებერი ვარ საიმისოდ, ავყვე თამაშებს,
მაგრამ არც ისე, სურვილები აღარ გამაჩნდეს.
“დათმე, ითმინე”! ჩაგვძახიან, მაგრამ რითიმე
წაადგა ვინმეს ეგ უცვლელი “დათმე-ითმინე”?
ეს ხმაგაბმული, ხმაგაბზარული,
გულისთვის ურგი, სმენისთვის მქისე
ათასწლოვანი ყალბი ჟღარუნი,
ყურს რომ გვიხედნის ისევ და ისევ!
დილას ვიღვიძებ სასოწარკვეთით,
ყელს მობჯენილი სიმწრის ცრემლებით,
ეს დღეც ჩაივლის ჩემი არცერთი,
არცერთი ნების არამხდენელი!
სურვილშიგნითვე კირკიტებს ეჭვი,
იმედის ბოლო ნატამალს მაცლის,
უსახურ ლანდებს ამოშლის ღმეჭით,
იშრომე, ბრიყვო, გასწიე ღვაწლი!
ღამე დავწვები, სიზმრები მზარავს,
და ისევ დილის მოველი მოსვლას,
შეშინებული ვზი ძილის კარად,
არ ვიცი, საით გავასწრო კოშმარს.
ჩემშია ღმერთი, აქ სუფევს, შიგნით,
ჩემს ყველა ძალას ემეუფება,
მაგრამ ჩემს გარეთ უქმია იგი,
გარეთ არ აღწევს მისი სუფევა.
სხვა გზა, სხვა ღონე ვერ მიპოვნია,
ვეძახი სიკვდილს! მსურს აღსასრული!
მეფისტოფელი
მაგრამ სიკვდილი, არა მგონია,
სტუმარი გახლდეს ეგზომ სასური.
ფაუსტი
მშურს, ვისი შუბლიც გამარჯვების ბრძოლამ ფიცხელმა
სამარის კარზე სისხლიანით შეამკო დაფნით,
ან სატრფოს მკერდზე ვინც იპოვა თავდავიწყება,
სიკვდილთან ერთად სიხარული იგემა მძაფრი.
რისთვის დამინდო დიდმა სულმა მის წინ გართხმული,
რა ნეტარებით მოვკვდებოდი, შვებით ართქმულით!
მეფისტოფელი
მაგრამ ვიღაცამ – როგორ იყო? – ვეღარ იკისრა,
იმ სითხის შესმა შუაღამით, იმ ჟანგისფრისა.
ფაუსტი
ჩანს, ეგ ხელობაც გემარჯვება, თვალთვალი სხვისი!
მეფისტოფელი
არა ვარ თუმცა ყოვლისმცოდნე, ბევრი რამ ვიცი.
ფაუსტი
რეკდნენ ზარები, გალობდა გუნდი,
გულზე მომეთბო და გადამძალა,
ბავშვობის ხმათა სიტკბოთი ვცთუნდი,
გამოუცლელი დამრჩა სამსალა.
კრულ იყოს ყველა მაცთური ხიბლი,
ყალბი ხილვებით გვეხშობა ხედვა,
თვალს გვაფარია გრძნეული ლიბრი
და ვაებათა ქვაბულში ვსხედვართ!
კრულ იყოს გონის თავდაჯერება,
ცთომათა კემსით ამობლანდული,
და შეგრძნებებზე რიოშ ფერებად
ფუჭ მოვლენათა ვლენა ლანდური!
კრულ იყოს ტკბობა სახელ-დიდებით,
ცრუ უკვდავების ზმანებით წბილით,
თუ მონაგარით, გულს მიმჭიდებით,
ყმით და მამულით, ცოლით და შვილით!
კრულ იყოს ვერცხლი, მამონა ხარბი,
კაცის გულ-გვამში გამჯდარი წყევად,
გვჭამს, სულერთია, სახვეჭად გავრბით,
თუ ბალიშებზე განცხრომით ვწევართ!
კრულ იყოს ყველა შვება და ლხენა,
ისიც, ის წვენიც, ნაჟური ვაზის!
ვწყევლი სიყვარულს, იმედს და რწმენას,
და რასაც თმენის ბეჭედი აზის!
სულების გუნდი, უჩინრად
ეს რა ქნა, რა გვწია
მსახვრალი ხელით!
პარტახად აქცია
ქვეყანა მთელი!
ნახევარღმერთია,
დალეწა ერთიან,
მოთხარა, აღუფხვრა ძირი!
რა საქმეს შევებით,
გაგვაქვს ნანგრევები,
გარდასულ მშვენებას ვტირით!
ძეო კაცისაო, ჰყავ,
აღშენდეს, აღმშვენდეს კვლავ!
გულშიგნით ააგე,
ლამაზი ათასწილ,
გასწი და გააგენ,
სხვა სივრცეს გადასწვდი!
ახალი განგების
განაღე ტაძარი,
მაღალი ჰანგები
გულდაგულ დაძარი!
მეფისტოფელი
ჩემი ბარტყებია,
უკან დამყვებიან.
ღლაპთა კვალობაზე
ბრძნული გალობა თქვეს.
გირჩევენ: დატოვე
ეს ბნელი დილეგი,
დათმე სიმარტოვე,
სიკვდილის ჩრდილები.
ვეღარ დახსნიხარ წუხილთან ლაციცს,
გფლეთს, როგორც ძერა, გაალმასებით!
ჯობს, კაცთა შორის ცხოვრობდეს კაცი,
ბრბოში ჩამდგარიც იგრძნობ სავსებით.
ბრბო სიტყვად ითქვა, ვინ გკადრებს მაგას,
შენთვის სარბიელს გადავშლით სხვაგვარს.
ვთქვა, დიდთაგანი ვარ-მეთქი, არ ვარ,
მაგრამ, რაცა ვარ, გზად გავიგები,
არ გაგაყოლებ არაფერს ჯავრად,
თუკი გარიგდა გასარიგები.
ქვეყანას ერთად მივივლ-მოვივლით,
თვით გიმეგზურო, მაქვს განზრახული,
გსურს, გამოგყვები გვერდზე ტოლივით,
გსურს, შევიქმნები ყმა და მსახური.
ფაუსტი
სამაგიეროდ რას მოითხოვ, რა მავალია?
მეფისტოფელი
დრო ჯერ ბევრია, ჯერ იქამდე გრძლად სავალია.
ფაუსტი
არა, ეშმაკი რა თავკერძა რამ არის, ვიცით!
ღვთის გულისათვის შემოუდგეს საქმეს ჯერიანს,
მადლის სათესად ამოგიტყვრეს უეცრივ მიწით!
ზუსტი მითხარი, საზღაურად რა მაწერია,
ვინც ასეთ მსახურს მიენდობა, თავის მტერია.
მეფისტოფელი
შენს ყველა სურვილს შევასრულებ აქ, ამა ქვეყნად,
რასაც მიბრძანებ, არ დავზოგავ თავსა და ძალას,
მაგრამ იქ, სადაც ბოლო ჯერზე მოგვიწევს შეყრა,
უნდა იმავე სამსახურით მომაგო ღალა.
ფაუსტი
იქ რა მოხდება, ჩემი ჯავრიც ეგა ყოფილა!
ჯერ ეს ქვეყანა, რაც არ ებრძვი, არ დამხობილა,
დაემხობა და ნურც მდებია ახალში წილი!
ამ მიწაზეა, რაც მილხინს და მევალალება,
ეს მზე დანათის ჩემს ამიერ ტანჯვა-წვალებას
და არად მიჩანს არაფერი, მათუკან ქმნილი.
იქაურ ამბებს, აკი ხედავ, არც გეკითხები,
სძულთ, უყვართ რამე, განერჩევათ ზენა და ქვენა,
თუ ერთხელ მაინც მომიბრუნდა მაგაზე ენა?
რა არის ჩემთვის იქაობა? ფუჭი სიტყვები!
მეფისტოფელი
მაშ, დაბრკოლებაც არ გვქონია, შევკრათ კავშირი!
უზღვავ-უწყველი სიმდიდრეა შენს წინ გაშლილი.
ნახავ, თვითონვე დარწმუნდები, რა ხელუხვი ვარ,
ისეთს გაგიჩენ, ძეხორციელს რომ არ უხილავს.
ფაუსტი
რისი მოცემა შეგიძლია ეშმაკს საცოდავს?
მაგ შენი ადლით ვერ გასწვდები კაცის კაცობას,
სულის სიმაღლეს, დაუცხრომელ მისეულ სწრაფვას!
მაინც რითი გსურს მიმიბირო, რას დადებ, რა ფასს?
რა გაგაჩნია მისანდობი და სანდომელი?
საზრდო, რომელიც არ ანაყრებს? ოქრო, რომელიც
ვერცხლისწყალივით თითებშუა ბზრიალით მიდენს?
სახელ-დიდება, ის, რომელიც მიწა-მტვერია?
ქალი, რომელიც თავს კეკლუცად ჩემს მკერდზე მიდებს,
თვალი კი, თურმე ნუ იტყვი და, სხვაზე სჭერია?
თამაში, სადაც მოსაგები არაფერია?
სხვა? კიდევ? კიდევ? ზედ ყუნწზევე მიმპალი ხილი?
თუ ვარჯის ახლად ამწვანება ყოველი დილით?
მეფისტოფელი
ეს განძი თავზე საყარია, არ მეზოგება,
მაგრამ ეგენი, მაგნაირი წაგებ-მოგება,
ჩვენ ვერ მოგვხიბლავს, იმთავითვე ეს იყო ცხადი,
ჩვენ დრო გვიჩვენებს, რითი გავწევთ უკეთეს ნადიმს.
ფაუსტი
არა, დღეს ითქვას, აქვე და აწვე,
თუ მცონარების ბუმბულში ჩავწვე,
ანდა გავბრუვდე სიამით მწველით,
ან კიდევ ნახო, დავყევ შენს ლიქნას
და თავი მომწონს, განწირულ ვიქმნა,
იმსაუკუნო დამეცეს ბნელი!
ნაძლევი!
მეფისტოფელი
მზად ვარ!
ფაუსტი
მომეცი ხელი!
თუ წამს მიმავალს როდისმე ვეტყვი:
“შეყოვნდი, წამო, ხარ მშვენიერი”!
დამდე ბორკილი, დამეც შენს ფერხთით,
ჩამასვე ჭანგი ქვესკნელიერი!
განთავისუფლდე იმავ წამიდან,
რა მსახურებაც გაქვს ნაკისრები,
შედგეს საათი – ჟამი წავიდა! –
ძირს ჩამოცვივდეს მისი ისრები.
მეფისტოფელი
კარგად მოზომე! შენს ყოველ სიტყვას
დავიმახსოვრებთ.
ფაუსტი
სწორიც იქნები.
ნუ გეგონება, რაც ახლა ითქვა,
ტრაბახით ითქვა, დაუფიქრებლივ.
რაწამს მიხილავ ჩაგუბებულს, არსაით მავალს,
შენი თუ ვისიც, არ ვკითხულობ, მარადი ყმა ვარ.
მეფისტოფელი
დოქტორულ ნადიმს ვემსახუროთ, დამდგარა ჟამი,
გარდავისახოთ, დრო მოსულა, ერთგულ მსახურად,
მაგრამ ჯერ, სანამ საბოლოოდ გარდავსახულვარ,
უნდა სტრიქონი წამიფხაჭნო ორი თუ სამი.
ფაუსტი
პედანტი ნახე! თამასუქს ითხოვს!
სურს ხელწერილის ახლავ დადება!
ზეპირ ნათქვამი სხვა იყოს თითქოს,
თუ დავწერთ, აღარ ეღალატება!
ლპება ეტრატი, იწვის ფურცელი,
კაცური სიტყვა რჩება უცვლელი.
ეს ერთგულება, რა გესმის უბირს,
კაცის სულსა და გულში წერია,
მსხვერპლსაც გაიღებს, მაგადაც უღირს,
აღასრულებს და ბედნიერია.
პერგამენტი კი რა არის? ჩრდილი!
და ჩრდილთა ჩრდილი, რაც აბარია!
კალმის წვერზევე სიტყვა მკვდარია,
დგას მეუფება ტყავის და ცვილის.
კარგი, დავწეროთ, ბნელო სულო, არ გაცილობლებ.
არადა, რაზე? რითი რაზე? რას დასჯერდები?
ქაღალდზე? ტყავზე? ბრინჯაოზე? მარმარილოზე?
კალმად – კალამი? თუ გრიფელი? თუ საჭრეთელი?
მეფისტოფელი
ცხარობ, რიტორო, ძალზე ცხარობ, შორს გაიჭერი,
ეს რამოდენა ქვა-ლოდები მოჯერ-მიჯერი.
საკმარისია სულ უბრალო ფურცლის ნახევი,
ზედ ოღონდ სისხლით მიაწერე შენი სახელი.
ფაუსტი
გნებავს და იყოს! ესეც ასე! რას გეზრახები…
ხუმრობთ, ეტყობა. ვიშ, წესები დაგიდგენიათ!
მეფისტოფელი
ო, არა, სისხლი სხვა რამეა, სულ სხვა წვენია.
ფაუსტი
ტყუილად ფიქრობ, რომ აღთქმას გავტეხ,
ეგ ვარ, მაგასღა ველი და ველტვი,
რისი პირობაც აქ ახლა დავდე,
სულ ეგ ვარ, ხელიც ავაპყრო ცამდე,
შენი ფარდი ვარ, არაფრით მეტი.
ზიზღით უარმყო სულმა მაღალმა,
ბუნებამ ცხვირწინ დამიხშო კარი.
ცნობადის მძებნი, მორჩა, აღარ ვარ,
მომძაგდა ცოდნა, ურგი და მკვდარი.
აწ მთელი სიღრმით ვეძლევი გრძნობადს,
ვნებებს, ცეცხლოვან წადილთა ცხრობას.
ხდომილებათა მივყვები ღვართქაფს,
სადაც დრო მისრბის, ცხოვრება ღელავს.
ჯადო-გრძნებები იხმიე, რაც გაქვს,
დე, სასწაული მზად იყოს ყველა!
ქვეყნის ტრიალში ერთმანეთს ებას
ძლევა და მარცხი, შვება და ვება,
სიტკბო-სიმწარე ყველა ნაჯერთა, –
ვერ ცხრება კაცი, რასამ დაჯერდა!
მეფისტოფელი
მერედა, მისდექ, ვინ გივლებს ზღუდეს,
ახარე გული რამდენიც გსურდეს!
ტრიალ-ბზრიალში წყვიტე და კრიფე,
რაც ხელში მოგყვეს, მკვახე თუ მწიფე,
სწვდი, არ დაზოგო, მიიხვენი მთელი მარაგი!
ფაუსტი
მიხვდი, არ არის სიხარულზე აქ ლაპარაკი.
ტკივილეული ნეტარება, რაც მეშურნება,
თრობა, მძულვარე სიყვარული, მარცხით კურნება.
ცნობადზე ბორგვის მძიმე სენით ნაავადარი
ყოველგვარ ტკივილს გადაეხსნას, გული მზად არი!
მინდა ვიცხოვრო მარტოოდენ ჩემად კი არა,
სხვებადაც, კაცთა ყველა ხვედრის თანაზიარად.
ყველა სიღრმემდე ჩავაღწიო სულით განხმულით,
ყველა იდუმალ შეგრძნებამდე, ყველა ზრახვამდე,
სრულად, სავსებით, ყველა არსში ვიქმნა დანთქმული,
ყველა “ნეტარ” და ყველა “ვაჰმე” გულზე დახვავდეს.
მოვისიამო ყველაფერი და მივიგვემო,
ბოლოს დავიმსხვრე კაცის წესზე, ეგეც ვიგემო.
მეფისტოფელი
ენდე, ლოღნიდა ვინც ათასწლობით
ყოფიერების გამომხმარ ყუას,
რომ ვერა კაცი, მუცლით ნაშობი,
ვერ გამოცოხნის, იმედი ნუ აქვს.
ნათელი მხოლოდ ღმერთისთვის ქმნილა,
იქ დაიმკვიდრა ზესთა ზეობა,
ჩვენ უკუნეთი გვარგუნა წილად,
თქვენ – დღედაღამის მონაცვლეობა.
ფაუსტი
თუკი მწადია!
მეფისტოფელი
თავს ვუხრი წადილს.
ხამს, გამოიღოს ეშმაკმა ხელი!
ერთი მაფიქრებს, – სიმცირე ვადის:
ხანი მოკლეა, ამბავი გრძელი.
ჯობია, მგოსანს შეზრახდი ვისმე,
თავს დაგაბერტყოს ყველა სიქველე!
არ გაზოზინებს, აგიხდენს მყისვე,
რასაც კი ნატვრად ამოიხველებ.
დაგენათლება მწყობრი სიტყვებით
ლომისამც გული, ირმისამც რება,
თან სამხრეთული სისხლი ფიცხელი,
თან ჩრდილოური უტეხი ნება;
ბუნება სათნო, ნირი მზაკვრული,
მიამიტობა ღრმად ეშმაკური;
სახმილებად და ტრფობის ალებად
გამოგეგმილი აბრიალება.
მოკლედ, იმგვარად მიგმოს-მოგმოსავს,
გიხილავთ ბატონ მიკროკოსმოსად.
ფაუსტი
თუ ვერ ვეწიე გვირგვინს მიწიერს,
ერთ აწვდენაზეც ვერ ავიწიე,
თქვი, რა ვარ მაშინ?
მეფისტოფელი
რაცა ხარ, ის ხარ.
პარიკზე რაგინდ კულული ისხა,
ქუსლებზე შედგე, რაგინდ მაღალზე,
რაცა ხარ, ის ხარ, თავს ვერ აღაზევ.
ფაუსტი
კაცობრიული ცოდნის საუნჯე
ამაოდ მოვჩხიბ-მოვიბღაუჭე.
რასაც არ ავწვდი, ქვემომისხლიტა,
ვერ მივეახლე უზღვრელს და ქმედითს,
არა ვარ ახლოს ერთი მისხლითაც,
თმის ერთი ბეწვით არა ვარ მეტი.
მეფისტოფელი
ჩემო კეთილო, შენც იმას იბრძვი,
რაზეც დაცურდნენ სხვანი და სხვანი.
მიმოვიცხოვროთ იოლი სიბრძნით,
სანამ წასულა იშტა და ჯანი.
შენი ტან-ფეხი, თავიც და ტ—იც,
გერგო და, ბასტა, ზედ გამშვენია,
მაგრამ ასედაც შევხედოთ საკითხს, –
რაც თავად ვირგეთ, ნაკლებ ჩვენია?
თუ ექვსი ცხენის ვზღე საფასური,
ძალ-ღონეც ვირგე სწორედ იმხელა,
კოფოზე ვზივარ კაცი კაცური
და ოცდაოთხი ფლოქვით მივგელავ.
ჰოდა, აზრებით ნუ თავი გიხურს,
შიგ ცხოვრებაში შევგელდეთ ჯიქურ.
ვინც განყენებულ საკითხებს წვალავს,
ჯოგივით ხელობს დაუმცხრალივით,
წრეზე რომ დარბის ბღავილ-ბღავილით,
გარს კი ხასხასი გაუდის ბალახს.
ფაუსტი
რითი დავიწყოთ?
მეფისტოფელი
წავიდეთ ფიცხლავ!
ამ სატანჯველში გულს ნუღარ იწყლავ.
რა ცხოვრებაა, მოწყენა გჭამდეს,
უმწიფარ ბალღებს უცრიდე ქატოს,
გადააბარე, ნუ ფიქრობ ამდენს,
მეზობელს შენსას, ბაღლინჯო-ბატონს.
ცოდნასაც მისწვდე, მაღალს ათასჯერ,
რა ჭკუით გინდა ღლაპებს გადასცე!
ერთი მათგანი, ხსენებაზე, ტკეპნის მანდ პარმაღს.
ფაუსტი
არ შემიძლია, მაგის თავი აქ ახლა არ მაქვს.
მეფისტოფელი
საწყალი ბიჭი, რა ხანია, ყურყუტებს კარზე,
ცოდოა, ისე გავისტუმროთ, ნუგეში არ ვცეთ.
მოდი, მე მომეც შენი ფლასები,
ცოტა ხნით სწავლულს დავემსგავსები.
რჩევები გავცე შეუსადარი!
მოირგებს ფაუსტის ქუდსა და მოსასხამს.
ათიოდ წუთი კმარა სავსებით,
ამასობაში შენც დაიჭერ გზისთვის თადარიგს.
ფაუსტი გადის.
მეფისტოფელი, ფაუსტად გადაცმული
ჰო, დაგმე, დაგმე გონებაც და ყოველი ცოდნაც,
რაც გააჩნია კაცის მოდგმას უზენაესი,
წვდომას, განჭვრეტას საჩხიბავთა არჩიე ფხოტნა,
ყველა სატყუარს გული მიეც, ისე დაეცი!
სიცრუის სულთა შემოიწან ყელზე ხლართები
და, აღსრულდება, სამუდამოდ მე ჩამბარდები.
წინ მოსწრაფეა! ვეღარ იცლის ვერა სხვათათვის!
ყველა მიწიერ სიხარულზე ოთხით გადადის.
ჩავითრევ, სადაც მღელვარეა ცხოვრების დენა,
ფუჭ წვრილმანებში, უსარგებლო გნიასში ჩავრთავ,
ამიფართხალდეს, გამირეტდეს, დაძალოს ქვენამ,
ხშირ-ხშირად ვეღარ განმარტოვდეს საკუთარ თავთან.
წყურვილით დამსკდარ ბაგეებთან მივუტან სასმელს,
მაგრამ ვერ შესვამს! დარწყულება არ ეღირსება!
თავად ეშმასაც არ აეღო უფლება მასზე,
ქვესკნელის კერძი იქნებოდა ალბათ ისედაც.
შემოდის მოწაფე.
მოწაფე
აქ ახალი ვარ, შორით მოსული,
მაღალ მოძღვართან სწავლის მოსური.
ყველგან, სად ვისაც მივეახელი,
კრძალვით ითქმოდა თქვენი სახელი.
მეფისტოფელი
გშვენით ზრდილობა. საქებარია.
გარნა ჩემდარნი ბევრნი არიან.
იცით, რას ეძებთ, მიახლოებით?
მოწაფე
დამდეთ ამაგი, გთხოვთ სასოებით!
მცირე რამ თანხა მომყვება შინით,
სიყრმე და კიდევ განსწავლის ჟინი.
არ ვეთმობოდი დედას ადვილად,
მაგრამ დამძლია ცოდნის წადილმა.
მეფისტოფელი
ჰოდა, მოსულხართ, საცა გწყუროდათ.
მოწაფე
ცოტა კი მაფრთხობს აქაურობა,
ეს ჩახუთული ყრუ სენაკები,
რუხი კედლები, მძიმედ ნაგები…
არც ხეა სადმე, ბუჩქი თუ მოლი,
არსად სიმწვანის პატარა ზოლი.
შავი მერხები… მწკრივი და მწკრივი…
თვალთ მიბნელდება, ყურები ჟივის…
მეფისტოფლი
ეგ ნუ შეგაკრთობთ, ასეა მუდამ.
ჩვევის საქმეა, არც ღირს სათქმელად.
დედის ძუძუსაც მიჩვევა უნდა,
ხანი სჭირდება, სანამ გატკბება.
სიბრძნის ძუძუთა რა ნახავთ გემოს,
მენდეთ, შეიტკბობთ დედის რძესავით.
მოწაფე
მაგისთვის გეძებთ, ბატონო ჩემო,
ვერ მივდგომივარ, საქმეც ეს არის.
მეფისტოფელი
ჯერ შევათანხმოთ, რას ვყაბულდებით.
რა დარგი გნებავთ, რა ფაკულტეტი?
მოსწავლე
მსურს ბრძენი გავხდე მეც თქვენოდენა,
ვინც ყველაფერი უკლებლივ იცის,
ცის სიმაღლენი, სიღრმენი მიწის…
შემეცნება თუ, რაც ეწოდება…
მეფისტოფელი
ოღონდ ჯერ თავსაც თუ მოსდებთ ლაგამს.
გული არ უნდა გარბოდეს სხვაგან.
მოწაფე
მეც, დიახ, დიახ, ეგ მაქვს ჩათქმული…
მაგრამ გართობაც… უკეთ სწავლისთვის…
არდადეგები თუნდაც ზაფხულის,
ჟამი სილაღის და სიხალისის…
მეფისტოფელი
უნდა ისწავლოთ დროის მოგება,
თუ წესრიგია, დროც იზოგება.
ამიტომ გონის საწვრთნელ-საწრთობად,
ჯერ “კოლეგიუმ ლოგიკუმს” გირჩევთ,
ვეღარ იფიქროს აზრმა გასხლტომა,
არ იფარფატოს ძველებურ ნირზე.
მარწუხში ჩავსვათ, გეზს და კალაპოტს
რომ ვერა წამით ვერ უღალატოს.
რაც თავისთავად გამოგდიოდათ,
დღიური საქმე, ვთქვათ, სმა და ჭამა,
უნდა განმსჯელდეს, იქცეს ტრიადად,
მწყობრ სილოგიზმთა ნაწევრად სამად.
თუ შემთხვევიხართ ფეიქრის დაზგას,
აზრთა ფაბრიკაც სავსებით მას ჰგავს.
ბიძგი და, უცებ, დგიმზე გაბმული
ამოძრავდება ათასი ძაფი,
მიმორბის მასრა, ბრუნავს საბრუნი,
ირწყმიან თვლები უჩინრად სწრაფი.
აქ – ნოტა ბენე – შემოდის მყისვე,
ფილოსოფოსი და იწყებს ახსნას,
პირველი ასე, მეორე ისე,
მესამე წყებას მეოთხე მისდევს, –
ჩამონუსხავს და პუნქტებად დასხამს.
ანუ ოსტატის გონება ბასრი
საგანს დაშლის და აშენებს საზრისს.
შეგირდნი თუმცა აქებენ ხოროდ,
მაგრამ დაშლილი ვეღარ იწყობა,
რამეთუ კარგავს კავშირს თვითმყოფადს,
ხელთ ნაწილები გვიპყრია მხოლოდ,
სიცოცხლის არ ჩანს არც ნატამალი,
ხოლო ქიმია ამგვარ ანალიზს,
თითქოს დასცინის საკუთარ საქმეს,
“ენხეირეზინ ნატურეს” არქმევს.
მოწაფე
უნდა გამოვტყდე, მიჭირს გაგება.
მეფისტოფელი
შეჯერდეს, რას რაც ესადაგება,
რედუცირდეს და შემდგომ ამისა
კლასიფიცირდეს შესაბამისად.
მოწაფე
ვატყობ, სულ ვკარგავ მიხვედრის უნარს,
თავში წისქვილის დოლაბი ბრუნავს.
მეფისტოფელი
თანდთანობით ვართულებთ სქემებს,
მეტაფიზიკას დავუთმობთ სემესტრს
ანუ ღრმა განსჯის საგნად იქცევა,
რაც კაცის ტვინში არ შეიღწევა.
მაგრამ რას ვაქნევთ, შევა-ვერშევა,
მანდ სახელს უნდა რიხით შერჩევა,
ფილოსოფოსის უსაზმნო ბუქნა
ხამს გადაფაროს ტერმინთა ბუქმა.
ოღონდ ჯერ უნდა შევერწყათ რეჟიმს,
თავს, წამი რაა, წამს არ ვპარავდეთ.
განრიგი – ხუთი საათი დღეში,
დასწრება – სრული, ზარით ზარამდე.
ყველა გაკვეთილს მოიტანთ ნასწავლს,
ძნელ პარაგრაფებს გაივლით ზუთხვით,
თორემ, იქ, წიგნში ნათქვამის ნაცვლად,
რას ემგვნება, ზღაპარი თუ თქვით.
თან ისე უნდა ხმარობდეთ კალამს,
ჰგავდეს, გკარნახობთ ზეგარდმო ძალა.
მოწაფე
ეგ უკეთესი, მეტს რასაც დავწერთ
და თვალი ნახავს ნაშრომ-ნაღვაწარს.
როცა თან მიგაქვს ფურცლები სავსე,
შინ, ესე იგი, მიგაქვს რაღაცა.
მეფისტოფელი
მოკლედ, რას ვირჩევთ? სამართალზე რა აზრისა ხართ?
მოწაფე
ვეჭვობ, შევეწყო… მთავარ საქმედ ნუ დავისახავთ…
მეფისტოფელი
ვერ გაგამტყუნებთ, მე თვითონვე ცერად ვუცქერი.
კანონ-წესები, ის, რომელიც გვაქვს დღესდღეობით,
ავადმყოფობას მოგვაგონებს მემკვიდრეობითს,
მოდგმით მოდგმაზე რომ გადადის ნირშეუცვლელი.
არადა, ყველგან სხვადასხვაა, ჭრიან ზოდებად,
რაგინდრა ჩხრიკო, ვერ უნახავ საერთო ფუძეს:
რაც აქ მადლია, იქ წყევლაა და შეცოდება,
რაც აქ სიბრძნეა, იქ სასტიკი სასჯელი უწევს.
ბრმად განაგრძობენ თაობები კანონქვეშ ფართხალს,
საყოველთაო უფლებებზე საკითხიც არ დგას.
მოწაფე
თუ ცოტა ეჭვი კიდევ მქონდა, გაქრა სრულებით.
ბედნიერია, ვისაც მოძღვრად თქვენ ეგულებით!
თეოლოგიით შემოვფარგლავ, ალბათ, არჩევანს…
მეფისტოფელი
ვშიშობ, მოცდებით, შრომა უქმად დაიხარჯება!
ეს გახლავთ ბნელში სიარულის მეცნიერება,
ისეთი ღრეა, ზოგჯერ კვალი მეც კი მერევა.
შიგ ბევრი შხამი იფარება, არ გვავნოს ლესვამ,
ნაცვლად წამლისა, ერთიც ვნახოთ, საწამლავს შესვამ.
შეყრილა ყველა ბნელმეტყველი, თავისას ხლართავს,
უნდა ერთს მიჰყვე რომელიმეს, რომ არ გაცეტდე,
გამოუცხადო სრული ნდობა მის ტყუილ-მართალს
და ტვინი ბევრიც არ იჭყლიტო ისეთ-ასეთზე.
მანდ სიტყვას უნდა შეეფარო, მჟღერსა და ლიტონს.
მოწაფე
D
მაგრამ სიტყვაში რაღაც აზრიც ხომ უნდა იდოს!
მეფისტოფელი
ანუ თქვენ ბრძანებთ, არ გავთიშოთ სიტყვა და ცნება.
უცნებო სიტყვა არ გვსმენია? რამდენიც გნებავთ!
იქ, სადაც აზრი არ ჭიატებს, სიტყვები გვშველის,
შიშველი სიტყვით სისტემები იქმნება მთელი.
ვუსმენთ და რწმენა გვეუფლება, ციდან ცვიოდა,
უნდა გაფრთხილდე, არ გაგისხლტეს ერთი იოტაც.
მოწაფე
თუ გაგაბეზრეთ, დიდ ბოდიშს გიხდით,
მაგრამ დასკვნისაც ჭირს გამოტანა.
იქნებ მაგ ბასრი, ტევადი სიტყვით
მედიცინაზეც მითხრათ ცოტა რამ.
ირგვლივ სამკალი გაშლილა ვრცელი,
დრო კი მცირეა, სამიოდ წელი,
კაცმა უაზროდ არ ნაყოს წყალი,
გეზი სჭირდება, ოსტატის ხელი.
მეფისტოფელი, თავისთვის
მომბეზრდა ტონი დუნე და მშრალი,
დროა, ეშმაკმაც გამოყოს ბრჭყალი.
ხმამაღლა.
მანდ ადვილია არსის გაგება,
გზა ნურც ძალიან გეზიგზაგებათ,
ჯერ მიკრო წრეში, ხვალ მაკრო წრეში
უნდა მოსინჯოთ ალღო და გეში.
ვისაც მანდ ცოდნით თავი უქია,
ნუ გჯერათ, სრული ბაქიბუქია.
იმას ისწავლით, რაც ისწავლება,
მეტს ვერა, გინდაც თავზემოთ ახტით.
თუ მარჯვედ შეძლებთ წამის ჩავლებას,
მედიცინაში კაცი ხართ ნაღდი.
კეთილაღნაგი სიმრთელე გშვენით,
ჩანს, გაბედულიც მოგდევთ ბუნება,
თქვენივე თავის აღივსეთ რწმენით
და უსათუოდ სხვაც გერწმუნებათ.
ნიშნად სიბრძნისა, მეტისგან მეტის,
სახელს შეიმკობთ ტიტულატურით,
და, სადაც ყველა კრძალულად შედის,
ამაყად შეხვალთ, კაცი ნატრული.
თან, რასაც მართლა ოქროს ფასი აქვს,
მიესადაგეთ ქალის ხასიათს,
მათ გამუდმებულ “ოხებს” და “ახებს”.
როგორც იქნება, სწორად თუ ბრუნდად,
ერთი პუნქტიდან განკურნოთ უნდა,
ეს კლიტე ყველა საკლიტურს აღებს.
პულსს გავუსინჯავთ, თვალებს ავაზევთ,
ვითომ ყოყმანით აზრს რასამ ვიქმნით,
და, ხომ არ უჭერს თეძო-გავაზე,
ხელს შევაცურებთ კორსეტის შიგნით…
მოწაფე
ჩინებულს ამბობთ… მაგრამ ცოდნა, გნებავთ, წყურვილი…
რა როგორ არის, საით მიდის, რა იყო ძველად…
მეფისტოფელი
თეორიები, ჩემო კარგო, ფშუტეა ყველა,
მწვანედ ხასხასებს ცხოვრების ხე ოქროცურვილი.
მოწაფე
D
ასე მგონია, ბურანში ვარ… დაგეთხოვებით…
აზრი მერევა… თუ დაგტოვებთ, მხოლოდ დროებით…
მალევე მოვალ, მაღალ სიბრძნეს რომ დამაწაფოთ.
მეფისტოფელი
როგორც გენებოთ, არაფერი გახლავთ სასწრაფო.
მოწაფე
D
მაგრამ წასვლამდე აქ, ამ წიგნში, რჩევისდა გვარად,
გთხოვთ, ორი სიტყვა ჩამიწეროთ…
მეფისტოფელი
რატომაც არა.
უწერს.
მოწაფე, კითხულობს
Eritis sicut Deus, scientes bonum et malum.
იყვნეთ, ვითარცა ღმერთი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა.
კრძალვით ხურავს წიგნს და თავისდაკვრით გადის.
მეფისტოფელი
მიჰყევ მაგ მცნებას, გველმა გარქვათ, პაპიდაჩემმა.
ვინძლო დაწყევლო უფლის ხატად შენი გაჩენა.
შემოდის ფაუსტი.
ფაუსტი
საით მივდივართ?
მეფისტოფელი
რა მხარესაც გული გაგვიწევს,
ჯერ დაბალ წრეში, ხვალ მაღალში, მთელ გასაგისზე.
რა სწავლის კურსი გელოდება, რა-რა დარგები!
ხალისით სავსე და სულისთვის რაზომ სარგები!
ფაუსტი
არადა, ჩემი გრძელი წვერებით
მაგ თამაშს ცუდად შევეფერები.
გასვლა-გამოსვლას, ხალხში ყოფნას არ ვარ ჩვეული,
შენმა წვრთნამ, დიდად მეეჭვება, რამე მიშველოს,
უცხოთა შორის ყმაწვილივით ვარ დაბნეული,
თავი მგონია პატარა და სულ უმნიშვნელო.
მეფისტოფელი
უსაგნო ეჭვებს შეუპყრიხარ, ჩემო კეთილო,
ყველაფერს უცებ აითვისებ, უგაკვეთილოდ.
ფაუსტი
რითი ვიმგზავრებთ? ნუთუ ფეხით ვაპირებთ ჩანჩალს?
არც ეტლი გვიცდის, შეკაზმული ცხენებიც არ ჩანს.
მეფისტოფელი
ეს მოსასხამი რისთვის არის, მიწაზე გავშლით
და გავფრინდებით! საცა ვეტყვით, გაგვაჩენს წამში!
დიდი ხელბარგით, იმედია, არ დამძიმდები,
მსუბუქად წავალთ, წასაღებიც რა გვაქვს იმდენი.
ცოტა რამ ალი, ცოტაც ზექარი
ამოქშინდება და სულ ეგ არი.
თან გზასაც მოვილევთ, თან თვალიც გაძღება.
გილოცავ ახალი ცხოვრების დაწყებას!
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”
One Comment
weinen - damon
auuu damexmaret raaa :S sruli versia sad vnaxo? mirchet vinmem :S an es saidan dadet?