25 მაისს მწერლების ბარში გაიმართა ირლანდიური პოეზიის ორენოვანი ანთოლოგიის პრეზენტაცია. ანთოლოგია ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მწერალთა სახლის ორგანიზებით 2021 წელს გამოიცა და მიეძღვნა საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.
წიგნში შევიდა ცამეტი ირლანდიელი პოეტის ლექსები: ლილანდ ბარდუელი, ფრანსის ჰარვი, მაიკლ დ. ჰიგინსი, ევა ბორკი, პადი ბუში, ჯერი მერფი, თიო დორგანი, პაულა მიჰანი, ჯონ ო’დონელი, ქათრინ ან ქოლენი, პატ ბორანი, დირან ნი გრიოფა, ჯესიკა ტრეინორი (მთარგმნელები: დავით ახალაძე, დალილა გოგია, ანა კოპალიანი, ზაზა კოშკაძე, მანანა მათიაშვილი, ლელა სამნიაშვილი, პაატა შამუგია).
„მწერალთა სახლს მოგვმართა ირლანდიაში საქართველოს საელჩომ. როგორც ვიცით, ელჩის ინიციატივა იყო და სიხარულით დავთანხმდით. ამ ეტაპზე მხოლოდ ორგანიზებაში დავეხმარეთ, მოვიძიეთ რედაქტორი და მთარგმნელები. პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყო ჩართული, ირლანდიის პრეზიდენტი პოეტია და მისი პოეზიაც შესულია ამ ანთოლოგიაში. ზოგადად, ეს კრებული მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო მეტ უცხოელ ავტორს გაიცნობს ქართველი მკითხველი, მით უკეთესი ჩვენთვის. გარდა ამისა, მეორე ეტაპიც აქვს ამ პროექტს. ახლა მზადდება ანთოლოგია ქართველი ავტორების, რომელთა ტექსტები ითარგმნება ინგლისურად. მწერალთა სახლიც იქნება ამაში ჩართული და კრებული გამოიცემა ირლანდიაში“ – აღნიშნა ნატა ლომოურმა პრეზენტაციის დაწყებამდე, არილთან საუბრისას.
პრეზენტაციაზე მთარგმნელებმა ირლანდიურ პოეზიაზე ილაპარაკეს და თავიანთი თარგმანებიც წაიკითხეს.
ანა კოპალიანის თქმით, ირლანდიელი ავტორებისთვის თანამედროვე სამყაროშიც კი მთავარი თემა ირლანდიაა და თავიანთი ქვეყნის განსაკუთრებული სიყვარული მათ ტექსტებში ხშირად ჩანს. მანანა მათიაშვილის აზრით კი, კრებულში ძალიან ღირებული პოეტური ტექსტებია შესული, ნაწარმოებები, რომლებშიც იგრძნობა ტრადიციაც და ინოვაციაც.
„მივესალმები იმ ფაქტს, რომ კრებულში შეტანილი ლექსების დიდი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს პატარა მომენტებზე, თვითნებურ წაჩურჩულებებზე, ყოველდღიურ წვრილმანებზე, რომლებიც ისეთ შორეულ ალაგას გადაგვისვრის, საიდანაც შეგვიძლია უკეთესად აღვიქვათ თანამედროვე წამი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ორივე ეროვნების მკითხველები, ქართველებიცა და ირლანდიელებიც, იცნობენ ამ ალაგს, სადაც თავს იყრის ადამიანურ გრძნობათა გამოძახილი, გაოცება, სიხარული და დაუცველობა, სადაც შესაძლებელია ახალი და ხშირად შემაცბუნებელი რეალობის აღმოჩენა და მისით ტკბობა.
უდიდეს პატივად მივიჩნევ, რომ ჩემი რამდენიმე ნამუშევარიც არის შეტანილი ამ კრებულში, პოეზიის დიდებული ენის მეშვეობით რომ განამტკიცებს საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკის მეგობრობას, რომლის მარადიულობის დიდი იმედი მაქვს“ – ვკითხულობთ წიგნის წინასიტყვაობაში ირლანდიის პრეზიდენტისა და პოეტის, მაიკლ დ. ჰიგინსის სიტყვებს.
ირლანდიური პოეზიის ნიმუშები კრებულისთვის შეარჩიეს შინეიდ მაკ ეიმ და პატ ბორანმა:
„ვაცნობიერებდით რა, რომ ამ წიგნის მკითხველი ირლანდიაში „მოგზაურობას“ დაისახავდა მიზნად, კრებულში თავი მოვუყარეთ ლექსებს, რომელთა უმეტესობაც ქვეყნის კონკრეტული თავისებურების, მოგონებისა თუ გამოცდილების გაელვებით იწყება, რაც პოეზიით მოგზაურობის შეგრძნებას ბადებს. მართლაც, უბრალო ამბის ანდა მცირე ნაკვესის მოყოლა დიდი (და პირქუში) სიმართლისკენ მიმავალი ჭეშმარიტად ირლანდიური გზაა და იგი გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე რთული ფილოსოფიური წიაღსვლები. უმეტეს შემთხვევაში ირლანდიური პოეზიის მთხრობლის ხმის უშუალობაა ის, რაც ყველაზე მეტად გვიზიდავს. […] ამ კრებულში შეტანილი ლექსები მეტწილად თვითკმარია. მათ გასაგებად არ არის საჭირო ირლანდიის ისტორიის გულდასმით შესწავლა ანდა კონტექსტის ამხსნელი ვრცელი კომენტარების დართვა. ინტერნეტის ეპოქაში ამგვარი განმარტება მხოლოდ გააღიზიანებს საქმეში ჩახედულ მკითხველს, ხოლო ახალბედას კი დიდად არც არაფერში გამოადგება. მიუხედავად ამისა, ირლანდიის ცხოვრების კონკრეტული ასპექტები – ენა, კულტურა, რელიგია, პოლიტიკა – დიდწილად ქმნის და ასაზრდოებს ამ ლექსების ენერგიას. მათი შეფასებების უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამა თუ იმ პოეტის შინაგან მონოლოგს კი არ ვისმენთ, არამედ ის ჩვენ, თავის მკითხველს, მოგვმართავს. აკი ვთქვით, რომ ირლანდიაში პოეზიას „აუდიტორია“ ჰყავს, მაშასადამე, თანამედროვე ირლანდიური პოეზია არის კიდეც ცოცხალი დიალოგი მკითხველთან და ამით განსხვავდება ზოგიერთ სხვა სივრცეში გაბატონებული უფრო ფილოსოფიური, უფრო „ჩაღრმავებული“ თხრობის მანერისგან. კრებულში შეტანილი ლექსების ყველაზე არსებითი მახასიათებელი, შესაძლოა, იყოს იუმორის მსუბუქი გაკვესება, ტონალობისა და განწყობის მცირეოდენი ცვალებადობა – მოკლედ, ნიუანსები, რომლებიც ქმნიან მას – ირლანდიური ინგლისურისა და ირლანდიური ამინდის მსგავსად დასამახსოვრებელსა და განუმეორებელს – ირლანდიურ პოეზიას.“
წიგნს თან ახლავს რედაქტორის, შოთა იათაშვილის წინასიტყვაობაც:
„აქ ისმის ამერგინის ხმა, მითიური ირლანდიელის, რომელმაც გადმოცემით პირველი ლექსი შეთხზა ირლანდიურ ენაზე (ფადი ბუში). ბევრგან ისმის ზღვის ხმა და ჩანს „ზურმუხტის კუნძულის“ ველური ლანდშაფტები, იმდენად, რომ ერთ-ერთი პოეტისთვის ეს თვითკმარიც კია პოეტიკის შესაქმნელად (ფრენსის ჰარვი). ირლანდიის პასტორალური, თუმცა კი არცთუ ბედნიერი სურათები თუ გსურთ იხილოთ, ქვეყნის პრეზიდენტის, მაიკ დ ჰიგინსის ლექსებში უნდა ჩაიხედოთ. დაბალი სოციალური ფენა, მუშები, მათი ყოფა თუ უფლებებისთვის ბრძოლა სულ ჩანს ამ ანთოლოგიაში (თიო დორგანი, ქათრინ ან ქოლენი, ჯესიკა ტრეინორი). ეგ კი არადა, არც ფეხბურთი თუ გოლფი და ის სპორტული გარემო რჩება აღწერის გარეშე, რასთანაც ირლანდიელებს განსაკუთრებული ემოციური ბმა აქვთ (ჯონ ო’დონელი, ჯესიკა ტრეინორი). ამ ყველაფერში კი ისმის ისტორიის ხმაც, თუმცა ეს ხმა ნატიფი ყურითაა გამოსაჭერი, ვინაიდან ამ ლექსებში ხმლებს არ იქნევენ, აქ არაა ომები და ბრძოლები, არაა გმირების ხოტბა-დიდება, არაა ეგრეთ წოდებული პატრიოტული პოეზია – ასეთ რამეს თქვენ ამ წიგნში ვერ იპოვით. […] კარგ მკითხველს ალბათ ბევრ ასოციაციას გაუჩენს ეს 13 ავტორი, გაახსენებს სხვადასხვა პოეტურ სკოლას თუ მიმდინარეობას.“
© არილი