* * *
ის ყოველთვის დიდი მოსდის ხოლმე ცხოვრებას
განიერი კაბასავით,
არ ერგება
და უხერხულ ნაოჭებად
დაჰყრია წელზე,
ფშუტე ფრთებივით
უფარფატებს სახელოები,
კაბის ბოლოც
არ უფრიალებს
როგორც ქარში,
როგორც სიზმარში.
ამიტომ
უნდა ჩაიკეროს,
ჩავიწროვდეს
გათვლების და გაცემების
მიღების და დაბრუნების
ბასრი გვირისტით,
უნდა მოერგოს
ცხადს სიზმარი
ოცნება – დილას,
სადაც ტუჩებში აღარ კოცნიან
და მის სახელს არ ახსენებენ.
უნდა მოერგოს
სახლის კიბეს –
შეშინებულ გამოპარებას,
ჭუჭყიან ლიფტს,
ერთმანეთის ჩამობანვას
გაყრისთანავე,
ღამეებსაც უნდა მოერგოს –
საკუთარი სინოტივის შეშრობას და
თითების ჩუმ ხმას…
რომ გადარჩეს სიყვარული
რომ იცოცხლოს,
მარტო იყოს,
თავის თავთან,
თავის თავში,
თავის ცაზე!
სიკვდილი ლიმონათის ქარხანაში
ბოთლებს ვრეცხავდით,
ყინულიან წყალში ვავლებდით,
ბოტები გვეცვა
და ფეხები გვისველდებოდა,
დედაჩემის ხნისები იყვნენ,
მე – ცხრამეტის,
იმ ბოთლების რახარუხში,
წყლის თქრიალში
ვპირდებოდი საკუთარ თავს
აქ არ დაგტოვებ!
არ დაგტოვებ!
შესვენებაზე
მოვიხსნიდით სველ წინსაფრებს,
სასადილოს გრძელ მაგიდას მივუსხდებოდით,
ან ეხუმრათ,
ან დაეჩივლათ,
წვნიან კერძს რომ მარილი აკლდა,
ან შვილებზე ელაპარაკათ,
მოეყოლათ ბოთლისპირზე შეჭრილ თითებზე.
აქ არ დარჩები!
არ დარჩები!
ვიმეორებდი.
სასადილოს მაგიდაზე მაწვენდა ხოლმე
ქარხნის უფროსი –
მელოტი და ღიპიანი.
მის ტკბილ ბოთლებს ჯაგრისებით ვწვდებოდი ფსკერზე –
ის ჯაგრისივით ენას ჩემში ატრიალებდა…
არ დაგტოვებ,
აქ!
ვჩურჩულებდი.
გაფიცვაში დაგვეხმარა პროფკავშირები,
ჩვენ მოვითხოვდით:
მენეჯმენტის ცვლილებას
და უსაფრთხო შრომას,
გაცდენილი დღეების სარგოს,
დენი დევიტოს გადაყენებას…
მუხლებამდე წყალში დგომა მძიმე ბოტებით,
ჩუმად ყოფნა,
დამუნჯება,
ყოფნა არა
სიკვდილი იყო
უფანჯრებო,
ტკბილსუნიან
ლიმონათის
ქარხანაში.
* * *
იყავნ ნება შენი
ვთქვი და ენაზე შენი სუნი ამივიდა,
იყავნ ნება შენი
თითები ტუჩებზე გადავიტარე,
იყავნ ნება შენი
ვთქვი და უეცრად გაყვავილებული ძუძუები შარფში დავმალე,
იყავნ ნება შენი
ვთქვი და მუხლებს, რომლებიც ხელისგულებში გიფეთქავდნენ
ძარღვები ჩაეშალათ.
იყავნ ნება შენი
იყავნ ნება შენი
იყავნ ნება შენი
ღმერთო!
მიეცი ეს კაცი სხვა ქალს
ჩემზე ლამაზს
ან ულამაზოს,
ჩემზე სუსტს
ან ჭკვიანს
სულერთია
რანაირი მუცელი აქვს,
რამდენჯერ ნამშობიარევი საშო,
როგორი ფეხები…
მიეცი ეს კაცი
ვისაც ჩემზე მეტად სჭირდება,
თუკი ჩემზე მეტად სჭირდება
სახის ხელისგულებში მოქცევა
მუხლების ხელისგულებში ჩატევა,
თუ ვინმე დაბადებიდან
ჩემსავით მორჩილად
ელოდა თავის ჯერს,
არაფერი უთხოვია,
არაფერი მიუტაცია,
თავისთვის იდგა და ელოდა
ზურგზე მიკვრას,
მიხუტებას,
შემოსვლას – ერთ სხეულად გადაქცევას,
ერთ სულად შრიალს.
© არილი