თვალები მაცივრის თავზე ჩამწკრივებული ჭიქების უცაბედად გაღებულმა ხმამ გამახელინა – წკრიალ-წკრიალით მაუწყებდნენ ახალი ერის დასაწყისს: შუქი მოსულიყო. ორი იანვრის დილით წასულს ახლაღა შემოეხედა დაუნდობლად გამოცარიელებულ ბინაში, რომლის პატრონებსაც მხოლოდ აუცილებელზე აუცილებელი ნივთები დაეტოვებინათ. ეს მაცივარს არ ეხებოდა. მისი აქ ყოფნის საიდუმლოს ამოსახსნელად იმ დამაფეთებელი გუგუნისა და დგანდგარის გათვალისწინება იყო საჭირო, ზედ შემოწყობილი ჭიქები წვრილი ხმით ნათქვამ საჩივარს რომ უმატებდნენ. უკმაყოფილების მიზეზს რა დალევს! მე და დედაჩემმა ისინი მეზობელთან გასატანად გამზადებული ყუთიდან ამოვალაგეთ, ფრთხილად გამოვათავისუფლეთ ძველი გაზეთების მოსაწყენი ამბებისა და იმ ფოტოებისაგან, თვალის შევლებადაც რომ აღარ ღირდა. თავის დროზე დიდი ქვეყნის დიდ ქალაქში ეყიდათ _ ოქროსფერზოლიანები, ამ ზოლის ქვეშ ვითომდა სახელდახელოდ მოხაზული ფიგურებით _ ოქროსფერივე მსხლებითა და ვაშლებით. წვენის ჭიქები. ღვინის ჭიქებსაც შეეძლოთ თავიანთი ამბების მოყოლა და ალბათ ჰყვებოდნენ კიდეც სწორედ ახლა, მოულოდნელად გაჩახჩახებულ სამზარეულოში.
წამოდგომას აზრი არ ექნებოდა. ბედნიერების გახანგრძლივებას ვერა მოკვდავი ვერ მოახერხებდა საგარეუბნო ცხოვრების უსიხარულო უდაბნოში. ელექტროგამათბობლის გაწყვეტილი სპირალის გადაბმა ძნელი საქმე არ იყო _ წიგნების კითხვას ნაჩვევი ოცი წლის ქალიშვილიც თავს გაართმევდა, მაგრამ რისთვის? რისთვის უნდა გადამება? სითბოს საწოლშიც ვგრძნობდი _ ორი საბნისა და შალის სქელი გადასაფარებლის ქვეშ, შუქი კი რამდენიმე წუთში ისევ ჩაქრებოდა, ხანმოკლე შეყოვნების შემდეგ აუცილებლად გააგრძელებდა დიდ მოგზაურობას _ სახლიდან სახლში, უბნიდან უბანში, ქალაქიდან ქალაქში.
*********
ქარი გამეტებით ეხლებოდა იმ ცხრასართულიანი კორპუსის კუთხეს, რომელსაც უკმაყოფილების გამოხატვა თავზარდამცემი ხმებით სჩვეოდა: ისე ზრიალებდა კარგა ხნის გაუწმენდავი შუშები, ისეთი სასოწარმკვეთი გმინვა და ხრიალი ისმოდა, თითქოს შენობა სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა. ყველაფერი უნდა გაეზვიადებინა _ ზაფხულის სულის შემხუთველი დღეების მომთენთავი უხალისობაც და ნაახალწლევს დაწყებული ყინვების შიშიც. შენ კი ხელიდან დასხლტომაზე ვერც იფიქრებდი. სად წაუხვიდოდი ან ერთს, ან მეორეს? იმდღევანდელ ქარში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ლოგინის ორლეიბიან, ორსაბნიან თავშესაფარში დარჩენა და წვრილყვავილებიანი ბალიშიდან თავის აუღებლობა იქნებოდა. ყვითელი ყვავილების გადათვლაც შეიძლებოდა _ ისევ იმდენი იყო თუ არა? კორპუსის დამზაფვრელ მოთქმას მაგრად თუ არ დაუდგებოდი, თან გადაგიყოლებდა: ერთიანად წამოგიშლიდა ძველ, დალაქავებულ სურათებსა და იმ ვეება რუკის ნაფლეთებს, რომელზეც ოდესღაც ის ადგილები აღნიშნე, სადაც გული ძალიან გატკინეს. არა, არ უნდა აჰყოლოდი სამყაროს აღსასრულის მანუგეშებელ წინათგრძნობას. ასე მარტივად, ასეთ ყურისწამღებ ღრიანცელში ვერაფრით გაერთიანდებოდა თავი და ბოლო, დილა და საღამო, ფანჯრის მიღმა მოტორტმანე ქვეყნიერება და ბალიშის ქვეშ შემალული, ყდაშემოცვეთილი წიგნი.
– გაბო! გაბო!
ამ ამინდში ვიღაც ორ ფეხზე დგომასაც ახერხებდა და ძალაც ჰყოფნიდა საიმისოდ, რომ ყოველდღე თავის ბოლომდე გამეტებით ეყვირა. ხმა ახალგაზრდა კაცისა ჰქონდა, მისი შეუპოვრობაც მხოლოდ და მხოლოდ მომავლის უპირობო რწმენაზე მიანიშნებდა. ვერაფრით ვაიძულე თავი, რომ ეზოში ერთხელ მაინც გადამეხედა და დამენახა ის, ვისაც არც ქარის მძვინვარება აფრთხობდა და არც უპასუხოდ დარჩენილი ძახილი, კანფეტის ქაღალდივით რომ დაფარფატებდა ცივ ჰაერში.
*********
შავი რკინის კარი, მრავალსაკეტიანი, ორი სამყაროს მიჯნაზე მდუმარე დარაჯად დაყენებული. როდესაც დედას ვაცილებდი, ცალი ხელი მის ცივ სახელურზე მედო. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ძველ ეშმაკობას არ გაიხსენებდა და პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, რკინის კუნთების საჩვენებლად რომელიმე საკეტს არ გააჩხაკუნებდა? გასაღებები რომ ჯიბეში მდებოდა, მაშინ შემაშფოთებელი არც არაფერი იქნებოდა, მაგრამ ისინი იატაკზე სვეტად აღმართული წიგნების თავზე ეწყო. მინდოდა, დედას გავყოლოდი, გავტირებოდი, კიბის ორი საფეხური მაინც ჩამევლო. თითქოს ამის უფლება მქონდა. თითქოს ოცი წლისა კი არა, ისევ ოთხისა, ხუთისა ვიყავი და, თვლემამორეული, მის სხეულზე ხალებისა და ხორცმეტების დათვლით ვერთობოდი. აი, ახლაც, წასვლამდე, წვრილი, ჩამუქებული თვალებით რომ გამომხედა, გამახსენდა, როგორ ვეფერებოდი ხოლმე მძინარეს, ზურგშექცეულს _ თითებს ფრთხილად ვუსვამდი კისრის ქვემოთ, სადაც სხვადასხვა ფერის თანავარსკვლავედები იყო: შოკოლადისფერი, ბაცი ყავისფერი, კანისფერზე ცოტა მუქი… ხაზებს ვავლებდი ერთი გალოკილი ადგილიდან მეორემდე, ისე ვეწებებოდი ცხელ ზურგზე, ვერა ძალა ვერ დაგვაცალკევებდა. სულ ორი დღით მიდის-მეთქი, გამეცინა ოთახში შემობრუნებულს. საკუთარ მგრძნობელობასა და გულს შემოწოლილ დარდს დავცინე: ქვეყანა ბოლომდე დაიქცა, ფაქტობრივად, გვამია _ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ემჩნევა, მაგრამ ერთი ქალაქიდან მეორეში გამგზავრება, ამ უსიცოცხლო სხეულის გადათელვა _ რა დიდი საფრთხე უნდა იყოს-მეთქი. სიტყვას სიტყვაზე ანგარიშმიუცემლად ვაწებებდი. ბოდვა მამშვიდებდა და მშველოდა.
*********
გაზით მომარაგება შობის დღესასწაულის გასვლისთანავე შეგვიწყვიტეს. არ გამიკვირდებოდა, საძინებელსა და სამზარეულოში იგივე ატმოსფერული მოვლენები რომ შემენიშნა, რასაც შპიცბერგენზე ხედავდნენ, უზარმაზარი მაცივარი კი დამშეულ თეთრ დათვად გადაქცეულიყო და ჩემკენ გამოეწია _ მუცლის ამოსაყორავად, დიახაც, გამოსადეგი არსებისკენ.
გაზის შეწყვეტიდან ორ დღეში წყლის გრაფიკიც საბოლოოდ აირია: დილა-საღამოს საათი-საათ-ნახევრით გამომეტებული წყალი ზღაპრად იქცა _ სინამდვილიდან ისე მარტივად გადაინაცვლა საზღვარდაუდებელ სამყაროში, თითქოს მისი ამქვეყნიური არსებობა იყო შეცდომა, კანონზომიერების დროებითი დარღვევა. მარაგის შევსების ერთადერთი გზა კორპუსის ეზოში ჩასვლა და მოუთმენლად მომლოდინეთა რიგში ჩადგომა იყო. საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილი, ძველი, დაჟანგებული ონკანიდან წყალი გულისგამაწვრილებლად მოწანწკარებდა _ წვრილზე წვრილ ძაფად, რომელიც შეიძლებოდა ნებისმიერ წამს გაწყვეტილიყო და დაქანცულ მაყურებელთა თვალწინ გამქრალიყო. შეიძლებოდა, ღამით გაყინულიყო კიდეც და გამთენიისას ჩასულ პირველ მწყურვალს წვეთიც ვერ ჩაეშვა გამომშრალ პირში.
*********
ორი დღე. ხომ ვთქვი, ორი დღით წავიდა-მეთქი. წერილობითი ნებართვის ასაღებად და ალბათ იმისთვისაც, რომ დამშეული თვალისთვის დედაქალაქის მღვრიე წყალი დაელევინებინა. ღამეს დეიდაჩემთან გაათევდა, რომელიც ჩემზე ცოტა უფროს ქალიშვილსა და სიძესთან ერთად საბურთალოს ბაზართან ცხოვრობდა. რომ აღარ გამოჩნდა, მშვიდად წარმოვიდგინე, როგორ იჯდა ხელში ჩაის ფინჯნით და წვრილად ჰყვებოდა ბოლო თვეების ამბებს: ბინა დავცალეთ, მყიდველის გამოჩენას ველოდებით, ირინა ისეთი უხასიათო გახდა, ირინას სახეზე გამოაყარა და გარეთ აღარ გადის…
ძალიან მომინდა იქ ყოფნა, მონატრებული ხმების მოსმენა _ მშიერს, ხელებგათოშილს. მაინც რატომ არ დარეკა-მეთქი, გავიფიქრე. თუ ამდენ ხანს დარჩებოდა, ხომ უნდა გავეფრთხილებინე, რომ კიბის მხრიდან გაგონილ მცირე ხმაურზე გულისცემა არ ამჩქარებოდა-მეთქი. ისე, როგორც დიდი ხნის წინ: რას ჩამომიტანდა? რა ედებოდა ერთ ჩანთაში და მეორეში, რომელსაც შეუმჩნევლად დატოვებდა შავ კართან?
წერილობითი ნებართვა კი იმისა უნდა ყოფილიყო, რომ სავალდებულო ერთთვიანი პედაგოგიური პრაქტიკა მშობლიური ქალაქის რომელიმე სკოლაში გამევლო და არა დედაქალაქის სასწავლო დაწესებულებაში, სადაც სხვა სტუდენტები ივლიდნენ. გარემოებებისდა გამო. ცხადზე ცხადი გარემოებებისა და იმ ყველაფრის გამო, რამაც მთელი ქვეყანა ნაგავსაყრელად აქცია.
*********
წავიდა და თითქოს დროც თან გაიყოლა. თავი ისევ ყვითლად მოჩითულ ბალიშზე მედო. თავში აზრები ერთს გაიბრწყინებდნენ და დაუყოვნებლივ იძირებოდნენ ყოვლისმომცველ სიბნელეში. შიმშილმა ძალა გამომაცალა, მაგრამ ეს ჩემი უმიზნო, უხალისო არსებობა, როგორღაც, უფრო ასატანიც გახადა. დასუსტებულსა და გაბრუებულს ძილი მანუგეშებელ შესაძლებლობად მესახებოდა. ადვილად ვიძინებდი _ უწინდელივით არ ვწვალობდი, არ ვწრიალებდი.
პირს ჯერ კიდევ ვიბანდი. ხისფერი საპნის გალეული ნატეხიც ჯერ კიდევ იდო პირსაბანის მარცხენა მხარეს. ოღონდ რამდენად ხშირად ვიმეორებდი ოდესღაც ნასწავლ მოძრაობებს _ ძნელი სათქმელია. ცოტაც და, მივხვდებოდი, რომ თავის შეწუხება არ ღირდა. წყვდიადი, რომლის ნაწილიც ვხდებოდი, წირპლიანსაც გულში ჩამიკრავდა, კბილებჩაყვითლებულსაც და აუტანლად აყროლებულსაც.
თმაგაქონილსაც.
ფრჩხილებდაუჭრელსაც.
ფეხებგაუპარსავსაც.
ვინ-იცის-როდის-გამოცვლილ-საცვლებიანსაც.
უბინძურეს ტანსაცმელში გამოხვეულსაც.
საშიშაზრებიანსაც.
საზიზღრად გაღიმებულსაც.
***
გაბო! გაბო! _ იმდენი იძახეს ეზოში, რომ ბოლოს დამესიზმრა. მეტროს ვაგონში ვიდექით და მატარებლის დაძვრას ველოდით. მგზავრებს ზამთრის ტანსაცმელი ეცვათ. ხელით ნაქსოვი ქუდები. დაძველებული, დაძენძილი ხელთათმანები. სითბო იყო იმ ვაგონში. სინათლეც. გაბოს შავი ქუდი თვალებზე ჩამოეფხატა, ბეწვიანი საყელო ყურებამდე აეწია და სახე ძლივსღა მოუჩანდა. ვითომ კარგად ვიცნობდი. ვითომ დიდი ხნის მეგობრებიც ვიყავით _ უხმოდ გვესმოდა ერთმანეთის, სიტყვის ზედმეტად დახარჯვის სურვილი არ გვქონდა. ვიდექით იმ სითბოში, სინათლეში, უცხოების მზერის ქვეშ, და ჯიუტად ველოდით იმას, რასაც ყველა ელოდა.
არაფერი მეცვა. საერთოდ არაფერი და ამას ოდნავაც არ განვიცდიდი. ხარბი თვალებით არავინ მომჩერებოდა. ხანმოკლე, ხმადაბალი საუბრების საგნადაც რაღაც სხვა უნდა ჰქონოდათ _ უფრო საინტერესო, უფრო მეტი მნიშვნელობისა. მიყურებდნენ და უცნაურს ვერაფერს ხედავდნენ იმაში, რომ მეტროს ვაგონში შიშველი შემოვედი და ასევე ვაპირებდი ამოსვლას რომელიღაც მოუვლელ, ხელმიშვებულ სადგურზე _ ზამთრის ბინდბუნდში, დანარჩენებივით ჩაფუთნულ ახალგაზრდა კაცთან ერთად.
***
ყურმილი ხელიდან გამივარდა და როცა ასაღებად დავიხარე, მივხვდი, რომ დარეკვის განწყობა აღარ მქონდა. დარწმუნებული ვიყავი, დედაჩემს სხვა ქალაქის ხმები და ხედები მოსწყინდებოდა, გასარკვევსაც გაარკვევდა და ისიც გაახსენდებოდა, ბევრი რომ არაფერი დამიტოვა თავის გასატანად.
წერილობითი ნებართვა ალბათ უკვე ჩანთაში ედო, ხელმოწერილი, ოთხად გაკეცილი.
ყურმილი მაინც მივიდე გაყინულ ყურზე. სიჩუმეს სრულყოფილებამდე არაფერი აკლდა. სადღაც რაღაც გამწყდარიყო. როგორც უნდა მომენდომებინა, ხმას ვეღარავის მივაწვდენდი და ვერც სამყაროს მეორე ბოლოდან გამოწვდილი ხელი შეძლებდა ჩემს გამოცოცხლებას. რა დამრჩენოდა _ ისევ საბნების ქვეშ უნდა შევმალულიყავი…
საწოლთან ნახევრად ცარიელი შუშის ქილა მედგა, შიგ ჩარჩენილი ჩაის კოვზით. ჩვენს საკონსერვო ქარხანაში დამზადებული ვაშლის ხილფაფა იყო _ ვინ იცის, რამდენი ხნის წინ ვადაგასული, ჩამუქებული. ეტიკეტის წვრილი, გადღაბნილი, რუსულ-ქართული წარწერების წაკითხვა ადვილი საქმე არ იქნებოდა და თავიც არ შემიწუხებია _ შიმშილის მოსაკლავად გამოსადეგს სხვას მაინც ვერაფერს ვნახავდი, როგორი გულმოდგინებითაც უნდა გადამეჩხრიკა მთელი სახლი.
გაზი, შუქი, წყალი, ტელეფონი…
ვაშლის ხილფაფიანი ქილა ერთადერთი სიხარული იყო.
***
ჯერ ცალი ხელი გავუწოდე წყვდიადს, მერე მეორეც გამოვყავი და რაღაცას ნელა წავეპოტინე. მწყუროდა. წყლის ამოტანის დრო დამდგარიყო. ცივ ღამეში რიგის გამაგრების მოყვარული ბევრი არ იქნებოდა მათ შორის, ვისი გვარ-სახელებიც მახსენდებოდა და მავიწყდებოდა, მახსენდებოდა და მავიწყდებოდა. წამოდგომის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადავსინჯე გონებაში. ჯერ არა, ჯერ არა, _ მემუდარებოდნენ მუხლები, საბნისქვეშა სითბო რომ არ ეთმობოდათ. თვალწინ ვერაფერს ვხედავდი. კარი მარცხნივ უნდა ყოფილიყო, საწოლიდან ხუთ ნაბიჯში. სანამ იქამდე მივიდოდი, ფანჯრის რაფიდან სათვალე უნდა ამეღო და გუმანით დაორთქლილი შუშები სახელოთი გამეწმინდა. სათვალითაც ვერაფერს დავინახავდი, მაგრამ ასე თითქოს უფრო დავემსგავსებოდი საკუთარ თავს _ იმას, ვინც გონებაში წარმომიდგებოდა ხოლმე. საბნები ბოლომდე გადავიხადე და შუაღამის ცივი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. რაღა დარჩა-მეთქი, გავიფიქრე. რაც უფრო სწრაფად მოვიტან წყალს, წყურვილს მოვიკლავ და ლოგინის სითბოს დავუბრუნდები, მით უკეთესი იქნება-მეთქი.
არც მიფიქრია, რომ წყალი გაიყინებოდა, რომ ონკანის ჟანგმოდებული პირიდან წვეთიც კი არ გადმოვარდებოდა.
არც ის მახსოვდა, რომ სათვალე საწოლის ფეხთან ეგდო. ტკაცუნის სუსტმა ხმამ გამახსენა.
***
ნახევრად დამწვარი სანთელი და ნავთით სავსე ლიმონათის ბოთლი, ზედ მიხატული გულაბი მსხლებით; ბაზარში ნაყიდი პატარა პური; სამი კარტოფილის ღვეზელი, რომლების შეწვისასაც ზეთი დაეზოგათ და ცხელი ტაფიდანაც ნაადრევად ამოეღოთ; წვრილი, მოყვითალო ვაშლები _ მოტკბო, გემრიელი; ორიოდე ხახვი და კიდევ, დაფნის ფოთლები, რომლებიც ვერაფერში გამოვიყენე _ აი, ეს დამიტოვა დედაჩემმა. დედაქალაქში დიდხანს დარჩენა თუ მოუწევდა, დღე დღეს თუ მიჰყვებოდა და მისი ხმის გაგონება სანატრელი გამიხდებოდა, გამოსავლის ძებნაზე ხელს თუ ავიღებდი და საბნებში გამოხვეული დაველოდებოდი ბოლო წუთების დადგომას _ რა წარმომადგენინებდა… ჩემი ოცი წელი მხოლოდ ქარისგან აფრიალებული ქაღალდის ნახევი იყო. ოცი წლისას თავის გადარჩენაზე ზრუნვა დიდ უაზრობად მეჩვენებოდა. ცხადია, შემეძლო რომელიმე მეზობელს შევკედლებოდი _ წყალწყალა წვნიანის ულუფას არავინ დამამადლიდა, ვისაც დედაჩემის წლებისწინანდელი სიკეთე ახსოვდა, მაგრამ რატომ უნდა მეცოცხლა? რატომ უნდა გადავრჩენილიყავი იმ ქვეყანაში, სადაც ნელ-ნელა ყველაფრის დათმობა მომიწევდა, რაც კი გულს ძვირფასად მიაჩნდა?
***
დრომ და უსაქმურობამ იმდენად ცხადად წარმომადგენინა გაბოს სახის ყოველი ნაკვთი, რომ აქ, ამ წვრილყვავილებიან ბალიშზე თავმიდებულს, თითქოს გახშირებული სუნთქვის ხმაც კი შემომესმა. ჩემი ხელის ქვეშ გული არათანაბრად უცემდა. ერთი არასწორი მოძრაობა და მაშინვე გაუჩინარდებოდა, ოთახში მობორიალე აჩრდილების გუნდს შეუერთდებოდა. გაუნძრევლად უნდა ვწოლილიყავი და ერთმანეთის მიყოლებით გაჩენილი კითხვებით არ შემეწუხებინა. ისევ გიყვარვარ? სულ გეყვარები? უფრო მაგრად მიმიკრა მკერდზე _ პასუხების გაცემისგან თავის დაღწევის შესაძლებლობაზე არც კი ეფიქრა. ისევ ჩემი იყო, ჩემი თმის ღერებს იხვევდა საჩვენებელ თითზე. სახლისკენ დიდხანს მოვდიოდით, მწარე ქარი დაუნდობლად გვისწორდებოდა, ერთიანად აეწყვიტა და როგორც ყველა გამვლელ-გამომვლელს, ჩვენც ცრემლებს გვაყრევინებდა. თითები გვეწვოდა. ყურებიც და ცხვირის წვერიც. თუმცა მაინც წინ მივიწევდით, თხელი პარკებით ცოტა ხნის წინ ნაყიდ ფორთოხალსა და მანდარინსაც მივაქანავებდით. სახლში სიბნელე, სიცივე, მოჩვენებების მთელი გუნდი დაგვხვდებოდა, მაგრამ ჩვენ პალტოებსა და ფეხსაცმელებს გავიხდიდით, შემოსასვლელში მივყრიდით და მაშინვე საბან-ლეიბის უსაფრთხო თავშესაფრისკენ გავიქცეოდით. ლოგინში გაუხდელად ჩაწოლილები ერთმანეთს ხელებს შემოვხვევდით და მარტივად შესაგრძნობი სითბოც დატრიალდებოდა. ცოტა გათბი, არა? მანდარინის ნაფცქვენები სად წავიღოთ?
წარმოვიდგინე, როგორ მკოცნიდა, გამთბარი და შუაზე გაყოფილი, ქარგამოტარებული ნაყოფით დანაყრებული.
***
ისე გამიხეთქა გული ტელეფონის მჭექარე ხმამ, ვერაფრით მივხვდი, რა უნდა მექნა _ რას ელოდა სიბნელის რომელიღაც კუნჭულში შემალული ცხოველი. საბნების ქვეშიდან ხელი ამოვყავი და ფრთხილად გავაქნიე _ რაღაც ისეთის მოშორება მინდოდა, რაც საპასუხო ქმედების მოფიქრებას მიძნელებდა. ვინ უნდა ყოფილიყო? დედა? თუ ვიღაცის გაცნობის სურვილით ანთებული მეათე-მეთერთმეტეკლასელი ბიჭები? ამდენი ხნით გაწყვეტილი კავშირი ნებისმიერ ახლობელ-ნათესავს ააღებინებდა ხელს ნომრის ხელახლა აკრეფაზე. ალბათ უბის წიგნაკებშიც კი გადახაზეს. ალბათ ყველამ საბოლოოდ დაგვივიწყა მე და ჩემი სიბნელე. უცებ გამახსენდა, რომ ამასწინათაც რეკავდა _ სამი დღის წინ? ერთი კვირის წინ? _ და ხმა ვერავინ გამაგონა. იქნებ მე ვიდექი ენაჩავარდნილი, საწოლიდან გადმოთრეულ საბანში სანახევროდ გახვეული, აბლაბუდებიანი ჭერის, მოსაგველ-მოსაწმენდი იატაკის, ოთხივე კედლის არსებობაში დაეჭვებული და სუნთქვაშეკრული… მაშინ ტელეფონის აპარატამდე მისვლა მაინც მოვახერხე. ახლა კი იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ხმა მხოლოდ ჩემს თავში არ ისმოდა, რაღაც საგანგაშოს გამო აწრიალებულ-აფორიაქებული წარმოსახვის ნაყოფი არ იყო. ყველაზე გონივრული იქნებოდა, თავი დამემშვიდებინა, ერთიმეორის მიყოლებით გაჩენილ სურათებზე საყვარელი ადამიანების ძებნა არ დამეწყო. შეწყდებოდა, აუცილებლად შეწყდებოდა ეს გაჭიანურებული კივილი არსაიდან. წყვდიადს ჭრილობა წამებში შეუხორცდებოდა.
***
როცა ახლად გამოღვიძებულს თავზე დამადგა და გრძელ, დაუბანელ თმაზე თითები ჩამომისვა, ცხრამთაგადმოვლილი, მხრებდათოვლილი მოჩვენება მეგონა. თავშალი უკვე მოეხსნა და გასაშრობად იმ სკამზე გადაეფინა, რომელიც ავეჯის დიდი ნაწილის მაგივრობას სწევდა გასაყიდად გამეტებულ, ტანჯვით დაკლული შინაური ფრინველივით გამოშიგნულ სახლში. ჩემკენ მეორე ხელიც გამოიწვდინა, მე კი, გამოუფხიზლებელმა, თავი მაშინვე შევაბრუნე _ რაღაცას გავხედე, რისი დანახვაც სხვას არავის შეეძლო და მისი არსებობით დაიმედებულმა კინაღამ ისევ სიზმრის ხასხასა ჯუნგლებში შევაბიჯე. ახსნის მოთხოვნის, კითხვების დასმის დროც დადგებოდა, მაგრამ მანამდე კიდევ ერთი ნატეხი შაქარი უნდა გამეკვნიტა მაღალ ბალახში მოულოდნელად გაჩენილი თავმობმული ჯამიდან. რაღაცას მეუბნებოდნენ _ ყურს ნაცნობი ხმა მოსწვდა, მაგრამ ნათქვამს მნიშვნელობა ერთიანად გამოსცლოდა. ახლა უფრო უადგილო ვერაფერი იქნებოდა, ვერაფერი გამანადგურებდა ისე სრულყოფილად, როგორც დედაჩემის მშვიდი გამოხედვა, აუჩქარებლად მოძრავი, აუხსნელი მიზეზით დამძიმებული მარცხენა ხელი, წერტილის ნაჩქარევად დასმისა და ყველაფრის თავიდან დაწყების თითქმის უმართავი სურვილი. რა თქმა უნდა, ამჯერადაც მართალი აღმოჩნდებოდა _ მომხდარს ისე შეაბრუნებდა, ისეთ დამაჯერებელ ვერსიას შეთხზავდა, რომ წყენისა და უნდობლობის მსხვილ-მსხვილი, საავდრო ღრუბლებში წარმოქმნილი მარცვლებიდან ერთსაც ვეღარ გადაარჩენდი.
***
რადგან აქ იყო, ეს დაწყევლილი ბინაც გაიყიდებოდა და აწმყოს ვიწრო, აყროლებული საკნიდანაც გავაღწევდით _ ცოტა უკეთეს დღეებსა და ღამეებში გადავინაცვლებდით, სადაც ქარების გამუდმებულ თარეშს რაღაც ისეთი დაუპირისპირდებოდა, რაზეც ახლა წარმოდგენა ვერ გვექნებოდა. მერე ხელახლა ვისწავლიდი ორ ფეხზე სიარულს, პირის დაბანასა და კბილების გახეხვას, ნაფიქრის ხმამაღლა გამოთქმას, ყოველდღიური ურთიერთობების სასარგებლო წესებს. წუთით დამავიწყდა, როგორ აღარ მინდოდა ლოგინის სიმშვიდისა და დიდი ხნის გაურეცხავი თეთრეულის სუნისაგან თავის დაღწევა. სულ რა დრო გასულიყო მას შემდეგ, რაც ფიქრებში სამუდამოდ გამოვემშვიდობე ყველას, ვისი გახსენებაც მოვახერხე: ძველ შეყვარებულებს, ძველ და ახალ მეგობრებს, სკოლის, უნივერსიტეტის მასწავლებლებს, თვალის ექიმს, კბილის ექიმსა და დანარჩენებს, ვისთანაც იქნებ ბევრიც არაფერი მაკავშირებდა, მაგრამ ვინც განუწყვეტლივ არბოდნენ და ჩარბოდნენ ჩემი სამყაროს ხვეულ კიბეებზე _ ხან სად დამიკრავდნენ თავს და ხან სად.
_ კალმები მიყიდე? _ მეორეკლასელივით ვკითხე.
სიტყვა შუაზე გაუწყდა. შეკითხვა ვერაფრით დაუკავშირა ამბის იმ მონაკვეთს, სადაც მოყინულ ბილიკს სვენებ-სვენებით, დიდი სიფრთხილით მიუყვებოდა _ ძველი ჩექმები წინა დღის წყალს დაემძიმებინა, ფეხის თითებს ვეღარ გრძნობდა წყვილ სველ წინდაში. ბოლოს თქვა, მერე ინათლა კიდეც და ხიდზეც შევდექითო, მაგრამ ვინმეს ადარდებდა მისი და უცხო თანამგზავრების ბედი? აღარც კი სწამდათ, დღის შუქს ისევ თუ ნახავდნენ, თვალს ისევ თუ გაუსწორებდნენ ზამთრის უძალო მზეს, ქვეყნიერებაზე მომაკვდავი მოხუცივით გულაყრილსა და გაურკვეველი დარდით სახეგაფითრებულს.
***
კვირის თავზე დავბრუნდიო, გამაგონა და წარმოსახვით დაფაზე მათემატიკის მასწავლებელივით გაავლო ხაზი. მერე ცარცის ნატეხით ნიშნულების გაკეთებას შეუდგა. ორშაბათი, სამშაბათი… ყველაფერი თვალსაჩინო, ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული უნდა ყოფილიყო. ცხოვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდებოდა, თუ მთავარზე შეთანხმებას მოვახერხებდით, ცარცით გასვრილ ჩვარს კი დაფის კუთხეში მივაგდებდით. ვინ გაამრავლებდა წყვდიადს სამნიშნა ციფრზე? ვინ გაყოფდა სასოწარკვეთას იმდენ ნაწილად, რომ განმცდელს მანუგეშებელი ოპერაციის შედეგად მცირე შვება მაინც ეგრძნო? ყველაფერს საწყენად მიმარტივებდნენ, პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად არასწორ მიმართულებებზე მითითებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ოცი წლისას ხელის განძრევა შემეძლო _ ახლობლებისგან ცოტა ფულის სესხება, პურისა და ნავთის ყიდვა, სახეზე ყინულიანი წყლის შესხმა, მეტი ამტანობის გამოჩენა, მეტი ადამიანობის გამოვლენა. არავის მივუტოვებივარ, არავინ წასულა ჩემგან სამუდამოდ. ჰოდა, რა გამართლება უნდა ჰქონოდა განწირულების იმ განცდას, რომელიც საბნების ქვეშ გაშეშებას მაიძულებდა და ძილ-ღვიძილის მიჯნაზე გულისცემას სახიფათოდ მიჩერებდა? რატომ დავიჯერე, რომ ფსკერზე გაწოლილი უკვე ბოლო სურათს ვხედავდი, სურათს, რომელზეც აღარაფერი ჩანდა?
***
დღის შუქი კლებას იწყებდა. ფანჯარას გავხედე და გაცრეცილი ცის ნაგლეჯმა მაშინვე უიმედობის განცდა დამიბრუნა. განა გუშინაც ასეთივე ამინდი არ იდგა? ვერაფრის შეცვლასაც ვერ შეძლებდა ეს ქალი, ისევ პალტოში გახვეული რომ იჯდა საწოლის კიდეზე და წვრილი, წყალჩამდგარი თვალებით შემომყურებდა.
_ აქ ვინმეს გაბო ჰქვია? _ ხმადაბლა ვკითხე.
_ აქ?
_ ჩვენს კორპუსში.
_ არა, ჩვენს კორპუსში გაბო არავის ჰქვია.
_ ვიღაც ყოველდღე მოდის და უძახის.
_ არ მახსენდება… ისე, იქნებ იყოს კიდეც. ვინმემ ცოტა ხნით თუ შეიფარა ლტოლვილი…
კარგა ხანს ხმა აღარ გაუღია, პურის ქერქს ღრღნიდა, სანამ ხველა არ აუტყდა.
_ ისევ მშია, _ ვუთხარი.
წუწუნი არ დამიწყია. არც მისი დარწმუნება მიცდია _ სახიფათოდ დიდხანს დამტოვე მარტო ამ მორყეულ, ნაგავსაყრელზე წასაღებ საწოლთან-მეთქი. რა მოხდებოდა, შინ დაბრუნებულს მხოლოდ ცარიელი ოთახები და გაცივებული ლოგინი რომ დახვედროდა? გადაიტანდა კიდევ ერთ დარტყმას? უკვე იმდენისთვის გაეძლო, ვინ იცის, იქნებ მის გულს ძველებურადვე გაეგრძელებინა ფეთქვა, იმ აბლაბუდის ქსოვა, რომლის ერთ ბოლოსაც ყოველთვის რაღაც მყარს გამოაბამდა ხოლმე…
შიმშილის შემაწუხებელი შეგრძნება ვერა და ვერ მოვიშორე. ისევ მეგონა, ცოტაც და გონებას დავკარგავ-მეთქი, არადა, საფრთხეს აშკარად გადაევლო _ დეიდაჩემის ხელგაშლილობის წყალობით, დედაჩემის საზრიანობისა და მოხერხებულობის წყალობით, ყველაფერი ნახევარ ფასად რომ ეყიდა. მრცხვენოდა, კიდევ მეთხოვა რამე _ პური, სტაფილო, ხილის კანფეტი… სულერთია, რა. შევაშინებდი ამ გაუმაძღრობით, შეშლილის მოძრაობებით, გამოხედვით. ისიც მახსოვდა, რომ ნაშიმშილარი მცირე ულუფებით უნდა დავკმაყოფილებულიყავი, საკვებს ნელ-ნელა უნდა შევჩვეოდი.
***
ღამით ისევ ერთად დავიძინებდით, რადგან სახლში სხვა საწოლი არ იდგა. ხანდახან რაღაც წამომივლიდა და უხმოდ ვეხვეწებოდი ხოლმე, არ გავყიდოთ, არ გავყიდოთ-მეთქი. ხმამაღლა რომ მეთქვა, ისიც უნდა ამეხსნა, სწავლის გაგრძელებაზე უარის თქმა რას გადაეწყვეტინებინა და თუ უარს არ ვამბობდი, სწრაფად გასავლელ რა გზას ვხედავდი? ამ ოთახებში დარჩენილებსაც როგორ უნდა გვეცხოვრა _ საბოლოოდაც რომ ჩამექნია ხელი ყველაფერზე და სასიცოცხლოდ აუცილებელი სიხარული მხოლოდ კალმების ცვლასა და მოკლე-მოკლე ჩანაწერებით რვეულების შევსებაში დამენახა? ჩიხში ვიყავით. დიდი ხანი იყო, მყრალ ჩიხში ვიყავით და საითაც უნდა გაგვეხედა, მხოლოდ ნაგავს, ნანგრევებს, გაუბედურებულ ადამიანებს, დარდით გულგასივებულ ადამიანებს, თავის მოტყუებას ნაჩვევ ადამიანებს დავინახავდით. ყველა რაღაცას ყიდდა _ რაც ხელში მოხვედროდა და რის გარეშე იოლად გასვლაც შესაძლებლად მოსჩვენებოდა, რაც წინაპრებისგან დარჩენოდა, რაც თავად შეეძინა წინდაწინ შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და კიდევ იმათი შვილებისთვის. სამკაულები, სავარძლები, მიწის ნაკვეთები. თუ გაგიმართლებდა და მყიდველისთვის თავბრუს დახვევას მოახერხებდი, ცხელი ჩაით, ცხელი წვნიანით ერთხანს მაინც გათბებოდით შენ და შენი ახლობლები _ დანარჩენებივით დამშეულები, ცივი და ბნელი დღეებით დაშინებულები. მაგრამ ეს მყიდველებიც სადღა იყვნენ? უმეტესად ცარიელი სიტყვა ისმოდა. კითხვას სვამდნენ და პასუხის მოსმენა აღარ უნდოდათ. დიდ უთავბოლობაში, გასაოცარ გაუგებრობაში ბედი ვიღაცას მაინც გაუღიმებდა ხოლმე და სწორედ ეს უღვიძებდა იმედს მრავალჯერ ხელმოცარულებს, ზეციური სამართლის არსებობას აჯერებდა, ახალი ნაბიჯის გადასადგმელად აქეზებდა.
არა, არ უნდა ამომეღო ხმა.
***
_ გაბო არ ჰქვია. წყლის რიგში მითხრეს.
წიგნების სვეტთან დაყრილ გაურეცხავ ტანსაცმელზე ვიჯექი და კედელზე დახატულ პაწაწინა ცხენს მოჯადოებულივით შევყურებდი. ჩახლართული ამბავი იყო. გული მიგრძნობდა, უსინდისოდ უნდა მოეტყუებინათ ის, ვისაც გრიგალში გარეთ დგომა, უპასუხო ძახილით დროის გაჩერება შეეძლო.
ცხენი თვითონ დავხატე შავი კალმით. სხვა ცხოვრებაში.
_ და რა ჰქვია?
_ რაღაც სხვა… არ მახსოვს, _ მიპასუხა დედაჩემმა და ქუდის ქსოვა გააგრძელა. ნარღვევი ძაფით, ძველი ჩხირებით.
ვინ უნდა ყოფილიყო? რა ზნისა და ხელობისა?
_ მეცხრეზე რომ ცარიელი ოროთახიანია, იქიდან იხედებოდა და ვიკითხე. იყიდა, იქირავა, რა ქნა _ არავინ იცის.
მეტი არაფერი უთქვამს და აღარც მე ჩავცივებივარ. თითქოს რაღაც მქონდა დასამალი და სიფრთხილე უნდა გამომეჩინა, რომ დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვას, ცნობისმოყვარეობის უცნაურად გამოვლენას არ გავეყიდე. ვცდილობდი, დაძაბულობა არ დამტყობოდა, არც ოთახის იმ კუთხისკენ გამქცეოდა თვალი, სადაც ჩრდილი დავლანდე _ ვიღაც მაღლის, შუბლზე ქუდჩამოფხატულის.
***
_ რა უნდა მექნა? _ მძიმედ ამოისუნთქა. _ მატარებელი გაჩერდა და… მეოთხედ თუ მეხუთედ გიყვები ახლა…
რამდენჯერაც უნდა მოეყოლა, ყურს ვერ დავუგდებდი, ვერანაირი ახსნა ვერ მომეჩვენებოდა დამაჯერებლად. გვერდით ვუჯექი და თავს ისე ვუქნევდი, თითქოს ცოტათი მომბეზრებოდა კიდეც ერთი და იმავე ისტორიის მოსმენა. აზრგამოცლილი წინადადებები. ზამთრისპირს დანთებულ ბუხარში შესაყრელი, ბოლომდე გამომშრალი, გამომხმარი წინადადებები.
_ მერე ფეხით წამოვედით… სხვა საშველი აღარ იყო…
ცეცხლს თვალს ვერ ვწყვეტდი.
_ ერთ სოფელში წყალი ვითხოვეთ.
ცეცხლში შორისდებულებიც ლამაზად იწვოდა: ოჰ, უჰ…
_ გზაზე რომ გამოვედით, შუაღამე იდგა.
სახე მიხურდა. სადაც იყო, ალი წვივებზე შემაცოცდებოდა.
_ კარგი, დედა, _ ვუთხარი და საკოცნელად გადავიხარე.
_ ხელი, ხელი გამოშალე, _ თქვა მოულოდნელად.
რა უნდა გვეთამაშა? ხბო წითელია, ძროხა ჭრელია?
უბიდან შუშის მძივი ამოიღო. ნაირფერი მარცვლები ისე მიეწყოთ ერთმანეთზე, რომ წამითაც არ დაფიქრებულიყვნენ თითოეულის საეჭვო მშვენიერებაზე. თანმიმდევრობაც შემთხვევითი უნდა ყოფილიყო: რა ფერის შუშაც თითებში მოხვედროდათ, ის მიებათ წინასათვის _ დროის დაუკარგავად, გადაწყვეტილების სისწორეზე ფიქრით თავის შეუწუხებლად. რაღაც მარტივი, იაფფასიანი უნდა შეექმნათ _ სამყაროს შემოქმედთან გატოლებას კი არ აპირებდნენ; და ალბათ ეპატიებოდათ კიდეც უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ნივთებისა და იმ უცნობების მიმართ, რომელთა მკერდიც მეტროს ამოსასვლელში შეძენილ მძივებს უნდა დაემძიმებინა. ბაცი ლიმონისფერი, ჭაობის წყლისფერი, თითებს შერჩენილი მელნის ლაქების ფერი, შავი, შავი…
***
_ მეტროს ამოსასვლელთან ვიყიდე.
…
_ მომეწონა. და დარჩენილი ფული რომ დავთვალე…
…
_ გახსოვს, დაბადების დღეზე, ოქტომბერში გითხარი…
…
_ ოცი წლის ერთხელ ხდები ცხოვრებაში და… შეინახე, ახლა სად გაიკეთებ?! ზაფხულს, ზაფხულის კაბას მოუხდება.
…
_ მანამდე გავყიდით ამ ბინას, ეგეთი დაწყევლილებიც კი არა ვართ. გამოჩნდებიან მყიდველები _ გუშინ გამდიდრებულები.
…
_ ნუ მიყურებ მაგ თვალებით. როგორ არ უნდა მეყიდა? ის ვეღარ წარმოვიდგინე, ავტობუსის ბილეთს თუ გააძვირებდნენ.
…
_ ამიტომ წამოვედი მატარებლით… და რა სიმყრალე, რა სივიწროვე… მაგრამ არავის უკითხავს, ბილეთი მქონდა თუ არა.
…
_ მატარებელზე უკვე მოგიყევი. გაჩერდა და… მერე, უცხო ხალხს რომ გამოვყევი, სიბნელეში გზის გამოგნებას რომ ვცდილობდით, გულში ვამბობდი: ვინ იცის, იქნებ სულაც დამიწუნოს საჩუქარი-მეთქი.
…
_ ახალგაზრდას თვალი საით გაექცევა, რას გაიგებ-მეთქი.
***
_ მოგწონს?
თავი დავუქნიე. რა თქმა უნდა, ამ მძივს არასდროს გავიკეთებდი _ ქუჩაში ასე ვერ გავივლიდი, ფეხადგმული საფრთხობელა ვერ გავხდებოდი. წარმოვიდგინე, როგორ დამამახინჯებდა, ტანჯვასა და სიკვდილს მომიტანდა. ღამეების გაუთენებლობაც მისი ბრალი უნდა ყოფილიყო, დღის საათების უცაბედი გაქრობაც, ცარიელ ქილაზე კოვზის კაკუნისას გაჩენილი ბზარიც. შიმშილის მიზეზი ხომ უნდა გამომერკვია, ხელში რაღაც მყარი, ადვილად სახელდასარქმევი ხომ უნდა მომექცია. მძივიანად ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი, მის სათრევად ძალა არ მეყოფოდა. გულდამძიმებულს, მაჯებდაბორკილს, ფეხებდაბორკილს გადარჩენის იმედი საბოლოოდ გადამეწურებოდა. წარმოსახვაშიც ვერ გავუძელი ორ წუთზე მეტს, სასწრაფოდ წინ მოვიქციე ბაცი ოქროსფერი შესაკრავი, ფერი რომ ძალიან მალე გადაუვიდოდა, და აკანკალებული ხელებით გავხსენი _ საკუთარი თავისთვის მიცემული პირობით, რომ პირველად და უკანასკნელად მეკეთა, მჩუქებლის წინაშე ვალის მოსახდელად. საჩუქარი კი უნდა შემენახა და დამევიწყებინა. ისეთ ადგილას უნდა შემენახა, ხშირად არ გადავწყდომოდი, მაგრამ რა სამალავისთვის უნდა მიმეგნო გამოშიგნულ-გამოცარიელებულ ოთახებში, სადაც თვალი ყველაფერს სწვდებოდა, ყველგან ძვრებოდა და ნანახს მესაკუთრის სიხარბით იმახსოვრებდა? რა თქმა უნდა, უჩუმრად გადაგდებაც შეიძლებოდა _ წუთით გამოღებული ფანჯრიდან, ანდა ქაღალდის ნაგლეჯში გახვევა და პირთამდე გავსებულ ნაგვის ყუთში ცალი ხელით ფრთხილად ჩაცურება…
_ მადლობა, დედა, _ ვთქვი და კარისკენ გავიხედე.
© არილი