თარგმანი,  ინტერვიუ,  პოეზია (თარგმანი)

ის, რაც ენაში არ ეტევა – ინტერვიუ ვიოლეტ გრიგორიანთან

ესაუბრა და შესავალი დაურთო დიანა ანფიმიადმა

ვიოლეტ გრიგორიანი თანამედროვე სომხური პოეზიის ერთ-ერთი მთავარი, შეიძლება ითქვას, ვარსკვლავური სახეა, მრავალი პრემიის ლაურეატი, მკითხველის საყვარელი პოეტი, ერთგვარად, თაობის სახე. მის შესახებ ბევრს წერს სომხური ლიტერატურული პრესა:

 „მისი ლიტერატურული ენა ჰარმონიულად მოიცავს სხვადასხვა ლექსიკურ ფენებს: სამეცნიერო, სასაუბრო და თუნდაც ჟარგონს. მის პოეზიაში იჭრება რამდენიმე არაპოეტური სტილი: კრების დღის წესრიგი, სატელევიზიო განცხადება, სიგარეტის კოლოფის წარწერა და ა.შ. ვიოლეტ გრიგორიანი ამ ენობრივი „რეალიზმით“ ადასტურებს თავის პოეტურ პიროვნებას. „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას ვამბობ“ კრებულის ავტორი სომხური პოეზიის მრავალწლიანი ისტორიის ღირსეული მემკვიდრეა“.

რამდენიმე წლის წინ, როცა ასია დარბინიანმა ლიტერატურული რედაქტირებისა თუ „გალექსებისთვის“ ვიოლეტ გრიგორიანის ლექსის პწკარედი გამომიგზავნა, ვიფიქრე, რომ ამ ტექსტის „მოქართულება“ ძალიან რთული საქმე იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა, ეს იყო რთული და, ამავე დროს, ძალიან საინტერესო პროცესი.

ვიოლეტ გრიგორიანი ძალიან საინტერესო პოეტია, ენობრივად რთული და მრავალფეროვანი. მისი ტექსტებისათვის დამახასიათებელია ურთულესი ლექსიკა, ძველი და ახალი სომხური ენის წესებით თამაში, სრულიად განსაკუთრებული, უნიკალური სიტყვათწარმოება, ახალი სიტყვაფორმები, რისთვისაც ქართულ თარგმანში ახალი სიტყვა-კომპოზიტების მოფიქრება დაგვჭირდა, სხვადასხვა დროის ენის გამოსახატავად გამოვიყენეთ ქართული ლიტერატურული თარგმანის სხვადასხვა ეტაპი, ძველი და ახალი ქართულის სინტაქსი.

გრიგორიანის პოეზიის ენისთვის დამახასიათებელია სომხური ენის სხვადასხვა პერიოდის ფორმების გამოყენება. ქართულ ვერსიაში ამ ენობრივი თამაშისთვის გამოდგა თანამედროვე პოეზიის, ჟარგონის, კლასიკური ხანის პოეზიის (ბესიკი) და მეცხრამეტე საუკუნის თარგმანის ენისა (მაჩაბლის შექსპირი) და ენობრივი მეტაფორები, მთაწმინდელების ნათარგმნი ბიბლია, საღვთო წერილის ზურაბ კიკნაძისეული ვერსია და სხვა.

ვიოლეტ გრიგორიანის პოეზიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სიტყვაშემოქმედებაა, ის, გარდა იმისა, რომ საინტერესო კომპოზიტებს ქმნის, ახალ სიტყვებსაც იგონებს, დერივაციული მარკერების საშუალებით გამოხატავს ლინგვისტურ, მეტალინგვისტურ და პარალინგვისტურ ნიუანსებს. სიტყვაქმნადობა ქართულშიც შევინარჩუნეთ, მივიღეთ ფორმები: „ვილერწამსალამურებ“, „ლერწმულს არ ვფლობ“, „თავფეხშიშველი“, “ნახევარსტრიქონი“ „მეგობარიკო“, „მთხრობელიკო ლერწამი“ „ლერწამვიოლეტი“, ასევე, ფონეტიკური, ხმაბაძვით ჩანართები „თხკ-თხკ (კოდალას ხმა), ზგნ ზგნ ( ზარი).

სინტაქსური თავისებურება, ფონეტიკური თამაშები, ერთგვარი ენობრივი „გახსნილობა“, ღიაობა თუ სითამამე, მრავალშრიანი მეტაფორა და უნიკალური ენობრივი ქსოვილი ვიოლეტ გრიგორიანს თანამედროვე სომხური პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ, საინტერესო და მკვეთრ სახედ აქცევს.

„არილის“ პუბლიკაციისთვის ვიოლეტს რამდენიმე კითხვა დავუსვით. ინტერვიუს წარმოგიდგენთ მისი პოემის, „სიყვარულის“ ერთ-ერთი თავის თარგმანთან ერთად.

დიანა ანფიმიადი

ყველაზე მარტივი და რთული კითხვა მინდა დაგისვა, როგორი პოეზია გიყვარს?

– ჰმ, ამ კითხვაზე ჩემს თავსაც კი არ ვპასუხობ, რადგან სხვადასხვანაირი პოეზია მომწონს. შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს მნიშვნელოვანი პოეზია. საბედნიეროდ, ძალიან გამიმართლა და ხშირად მიწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებაზე და ხშირად შემინიშნავს, რომ პოეზია თითქოს ვიწრო პროფესიულ პრაქტიკაში გადაიზარდა. ადამიანთა ერთი ჯგუფი წერს, ერთი ჯგუფი კი სპეციალურად განსაზღვრულ გარემოში – უნივერსიტეტებსა და ლიტერატურულ ღონისძიებებზე კითხულობს. ეს პოეზია კარგი პოეზიაა, მაგრამ ეს კარგი ჩემს თვალში ცუდია, არ მომწონს. ლექსი, რომელშიც ყველაფრის „სწორი“ დოზაა, რომელიც თითქოს წიგნის რეცეპტის მიხედვითაა დაწერილი (მაგალითად, 200 გრამი ლიტერატურული ტექნიკა და უნარი, 250 გრამი ნატიფი და ღრმა გრძნობები, 150 გრამი იუმორი და ერუდიცია, 150 გრამი დრამა, 250 გრამი კარგ-კარგი აზრები, ნახევარი კილოგრამი ჰუმანიზმი, 125 გრამი თანამედროვე ცხოვრების ნიშნები და ტერმინები, 200 გრამი ექსკლუზიური აღიარება), მაგრამ „გამომცხვარი“ არა როგორც სასიცოცხლო საკვები, არამედ სადილის შემდეგ მისართმევი დესერტი. ის ჩემთვის მხოლოდ სუროგატია საშუალო კლასის კულტურული მადისთვის, სოციალურ ქსელებში რომ დაწეროს: დღეს 5 ლექსი წავიკითხე, კარგი იყო.

ჩემთვის პოეზია და ლიტერატურა პროფესია არ არის, ეს არის ადამიანის ინტელექტუალური და ეთიკური საქმიანობის ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ცხოვრების გზების, რეალობის, სამყაროების შექმნას. და ეს უნდა იყოს ფასეული, მნიშვნელოვანი. მით უმეტეს ახლა, როცა მსოფლიო ყოველდღიურად იცვლება. ჩემთვის პოეზიის შესახებ ყველაზე აქტუალური კითხვა არის, თუ როგორი შეიძლება იყოს ის დღეს, საყოველთაო სტიქიების, ომებისა და დანაკარგების პირობებში. და თუ მას მხოლოდ რაღაც ჰუმანისტური სწრაფვა აქვს, მიზნად კი რაღაც ფსიქოლოგიური, თერაპიული როლის მორგება, მხიარული ენობრივი თამაშები… მაშინ ის დამარცხებულია, რადგან ამ ყველაფრისთვის ბევრი სხვა და უფრო ეფექტური საშუალება არსებობს. კიდევ შემიძლია დავამატო, რომ სტიქიაში მცხოვრები ადამიანისთვის ფარსი, სიცრუე უფრო აუტანელი ხდება, ფიზიკურ ზიზღს ვგრძნობ თუ ამას პოეზიაში ვხედავ.

რას ნიშნავს სომხურ ენაზე წერა? ვგულისხმობ იმ მოცემულობას თუ გამოწვევას, რომელსაც ის ენა გვთავაზობს, რომელზეც ვწერთ. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ სრულიად სხვა პოეტი ვიქნებოდი, რომელიმე უფრო მარტივი სინტაქსის ენაზე რომ ვწერდე. შენ როგორ ფიქრობ?

– ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელიც თითქოს გვიჩვენებს, რომ ჩვენ არ ვწერთ ლექსს, არამედ ლექსი თავისთავად იწერება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენა ლექსის საშუალებით ხსნის თავის ფარულ შესაძლებლობებს, მწერალი კი უბრალოდ მისი გამოვლინების საშუალებაა, ლაბორატორია. განსხვავებულობა უნიკალური შესაძლებლობაა, თავი დააღწიო საკუთარ თავს, შენს ჩარჩოებს. ყველა ენა გვთავაზობს ამ შესაძლებლობას, უბრალოდ, ხშირად ამისთვის ბევრი, ზოგჯერ ყველაფრის გაღება გიწევს. ყველას არ აქვს იმის გამბედაობა, უცნობი და გაურკვეველი სიახლის გამო დაკარგოს ის, რაც აქვს.

ვინაიდან სხვადასხვა ენობრივი ექსპერიმენტებით ვწერ სხვადასხვა ტიპის ლექსებს, სომხურს სინტაქსის „გალიად“ არ აღვიქვამ. ეს არის ჩემი წყალი, სადაც იმდენს ვცურავ, სანამ არ დავიხრჩობი. გამოწვევები იზიდავს ენის დაშლისა და ხელახლა შეკრების ცდუნებას, მაგრამ ეს არ არის თვითგამიზნული თამაში, არამედ ფორმების ისეთი აღმოჩენა, რომელიც თავისთავად ქმნის შინაარსს. მე თავს სხვა „გალიაში“ ვგრძნობ, რაც სომხურია, ზოგადად, როგორც რამდენიმე მოლაპარაკის ენა მილიარდობით სხვა ენაზე მოლაპარაკე სამყაროში. ოღონდ წარუმატებლობად არ მიმაჩნია, პირიქით, მათავისუფლებს არაცნობიერი სურვილისგან, რომ ვასიამოვნო ბევრ მკითხველს. ცნობილმა დიასპორელმა სომეხმა ინტელექტუალმა, მარკ ნშანიანმა, რომელმაც წლების წინ დაწერა სტატია ჩემს ლექსებზე, ერთხელ მითხრა: შენ განწირული ხარ, სხვა ენაზე მკითხველთათვის წაუკითხავად დარჩენისთვის, შესაძლოა ასი წლის შემდეგ კარგი მთარგმნელი გამოჩნდეს, რომელიც შენს ლექსებს სხვა ენაზე აალაპარაკებს, შეიძლება არც კი გამოჩნდეს. მიხარია, რომ, ქართველი მკითხველის დამოკიდებულებით თუ ვიმსჯელებთ, შენი და ასიას თანამშრომლობით ჩემი ლექსების თარგმანებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

შენს პოეზიაში ბევრი გამოგონილი, შექმნილი სიტყვაა, ერთგვარი ვიოლექტიზმები დავარქვი, რატომ დაგჭირდა სიტყვების გამოგონება? არსებული ენის ლექსიკონი არაა საკმარისი?

– ყველა ადამიანი იგონებს სიტყვებს, განსაკუთრებით ბავშვებთან, საყვარელ ადამიანებთან, ცხოველებთან, მტრებთან საუბრისას. მე უბრალოდ ვწერ ჩემს გამოგონილ სიტყვებს. როგორ შეიძლება ლექსიკონის სიტყვებით, რომლებიც ყველას კუთვნილებაა, უთხრა შენი განსაკუთრებული, უნიკალური, ყველაზე პირადი და საიდუმლო სიტყვა შენს გამორჩეულ, უნიკალურ, საყვარელ ფისოს, კაცს, ქალს? როგორ შეიძლება დაწყევლო შენი საძულველი მტერი იმ სიტყვებით, რომლებსაც ყველა იყენებს? ისინი იმსახურებენ საგანგებოდ მათთვის შეთხზულ სიყვარულისა და სიძულვილის სიტყვებს.

რა არის ის მთავარი ნიშანი, რითაც სომხურ და კონკრეტულად, თანამედროვე სომხურ პოეზიას დაახასიათებ? როგორია სომხური პოეზიის მთავარი ხაზი? ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ქართული ლიტერატურის ძირითადი, მთავარი ფორმა პოეზიაა, როგორაა სომხურის შემთხვევაში?

– ჩვენც ხშირად მივიჩნევთ პოეზიას სომხური ლიტერატურის ძრავად, თუმცა, როგორც მთელ მსოფლიოში, ახლა უფრო მეტ პროზას ვკითხულობთ. მიჭირს მთავარი ხაზის აღნიშვნა, ასეთი განზოგადებისთვის საჭიროა კვლევა, რომელმაც, პირიქით, შეიძლება გამოავლინოს მეტი რღვევა, ბევრი შიშველი ფეხი, რომელთაც ერთი და იგივე საბანი ვერ მალავს. მაგრამ თუ ემოციურ დონეზე ვიტყვი, სომხური პოეზია თითქოს უზარმაზარ მარტოობაშია დატყვევებული და ამ მარტოობიდან იბადება მისი დიდი სიყვარულის მოთხოვნილება. შემიყვარეთო, ამბობს თანამედროვე სომხური პოეზია, მე ვარ, თუმცა თქვენ ვერ მხედავთო.

მთავარი ნიშანი თუ განსხვავება, რაც სომეხი პოეტი ქალების პოეზიაში შევამჩნიე, მაგალითად, თანამედროვე ქართველი ქალი პოეტებისგან განსხვავებით, ერთგვარი გახსნილობა, შეიძლება მეტისმეტი ღიაობაცაა, სხეულს, სექსუალობას ვგულისხმობ. როგორ ფიქრობ, რატომ შეიძლება ასეთი განსხვავება იყოს?

– საინტერესო დაკვირვებაა, არ ვიცოდი ასეთი სხვაობის შესახებ.

არ განვაზოგადებდი სომეხ მწერალ ქალთა მახასიათებელს, რომელიც ერთი და იმავე ტენდენციის ნიშნად ახსენეთ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ნიშნავს აჯანყებას ტრადიციული სომეხი ქალის სტერეოტიპის წინააღმდეგ (ასეთი აჯანყებისკენ მისწრაფება, სამწუხაროდ, მიუთითებს იმაზე, რომ მე-20-ე საუკუნის დასაწყისის დიდი ემანსიპაციის მოძრაობების შემდეგ მოხდა პრემოდერნისადმი გარკვეული დაბრუნება), სხვა შემთხვევებში, ბუნებრივი გამოხატულება. ისე, თუ მამრობითი, მამაკაცური არსებობს პოეზიაში, ქალის სექსუალობის არარსებობა ნიშნავს ადამიანთა დიდი ჯგუფის არარსებობას. ზოგიერთ შემთხვევაში, ასე წარმომიდგენია ლიბერალური ფემინისტური პრინციპებისადმი ერთგულება, რომელიც შეიძლება იყოს წარმატებული, თუ ის ხელოვნური კი არ იქნება, ცხოვრებისეული გამოცდილებით, კულტურის ცოდნით და პოეზიის შეცნობით ისაზრდოებს.

სწორი იქნება ჩემს ნაწერებზე თუ ვილაპარაკებ: სექსუალობა ჩემს ლექსებში პოლიტიკურია ამ სიტყვის ფართო გაგებით. ის ყოველთვის თამაშდება კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში, აერთიანებს სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ თემებს.

მაგალითად, ჩემს ლექსში „ჰარემის ვარდი“ ქალის სექსუალობა განასახიერებს ჩადრში დამალული მუსლიმი ტერორისტი ქალის სტერეოტიპს, როგორც თეთრი დასავლელი კაცის ფობიას, რომელიც აღმოსავლეთს ქალის მსგავს გაუგებარ საიდუმლოდ აღიქვამს: რას მალავს ჩადრის ქვეშ, საშოს თუ ბომბს? მისთვის გაუგებარია, მაგრამ ორივე ერთნაირად აშინებს.

ვისთვის წერ? მკითხველზე ფიქრობ წერისას? მკითხველის რომელიმე ტიპი წარმოგიდგენია?

– უკვე რამდენიმე წელია მკითხველზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე და სომხური ენა ვართ, რომ ვეფერებით ერთმანეთს და ვცემთ, სანამ ორივე არ დავიღლებით ან ძალა არ გამოგველევა. გარკვეული მომენტის შემდეგ შენ აღარ წერ, თუ, რა თქმა უნდა, შეგიძლია აღარ წერო. უნდა შეძლო საკუთარი თავის, ეგოს მოთოკვა, თავისთავად რომ დაიწეროს, რადგან ხელოვნების ყველა ნაწარმოები სუბიექტურად იწყება, მაგრამ უნდა შეძლო მისი ობიექტურად დასრულება, როგორც რაღაც, რაც შენ გარეთ, შენგან დამოუკიდებელი კანონებითა და წესებით არსებობს.

ვიოლეტ გრიგორიანი

თარგმნეს ასია დარბინიანმა და დიანა ანფიმიადმა

ა.

(ნაწყვეტი პოემიდან)

ეს არის სხეული, რომელიც სიყვარულს ჩაბარდა.

ეს არის სისხლი, რომელიც აჩქარებულ ძარღვებში დახტის,

ჩემს სიხარულს არ აქვს საზღვარი,

ამაღამ დღესასწაულია,

ჩემი სხეულის კვირას ვზეიმობ,

უძვირფასესი სტუმრისათვის გადანახული

ჩემი ქალობა შეყვარებულს გადავუშალე.

მოდი, მობრძანდი და ინებე,

აჰა, მიირთვი,

ხაჩიკის გოგო გიმასპინძლდება:

– მაკოცე და…                                          

აღარ დაბერდები,

მაკოცე და…

ავად არ გახდები,

მაკოცე და

აღარ დამთავრდები.

სასიყვარულო სარეცელი ამთელებს სნეულს,

ბრმას ეხილება თვალი ვნების დასანახავად,

ამეტყველდება მუნჯი, გულის დაფდაფით ფეთქავს.

კოჭლი დგება და მიუყვება ტანის გზა-შარას,

მზეთუნახავის სიკვდილის ძილს აღვიძებს კოცნა

მეც მაკოცე და…

არ მოვკვდები აღარასოდეს.

ნახე, ჩრჩილმა და ჟანგმა გადაძოვა ჩემი საუნჯე,

ჩემი ლამაზი ტანსაცმელი, სამკაული, ბრძენი წიგნები,

ქურდმა კედელი გამოჩიჩქნა, მთელი ჩემი ფული წაიღო,

მაგრამ შენს კოცნას დაჟანგება არ ემუქრება

და ჩემი ნაღვლის ჩინურ კედელს ეგ კოცნა გახვრეტს.

ჯერ ტუჩებთან და მერე კიდევ ტუჩებში მყავხარ,

ენის ცეცებით მოვიარე შენი სხეული

და თაფლის სკასაც მივაგენი.

ოჰ, რა ტკბილი და ფაფუკია სატრფოს ტუჩები,

თავნება ენამ ვირტუოზი პიანისტივით

ჩემს კბილებზე გადაირბინა.

რა ვქნა, დედა?

მივიღო მისი სიყვარულის მალული აღთქმა?

მისი თითების თბილ ბალიშებს მოვეალერსო?

ენის ნოტიო ხიჭვუკათი მოვუღიტინო,

მოველამუნო აღერილ ზროს?

ვუმასპინძლო ტრფობის ბანაკში?..

მუქთად მივიღე,

მუქთად გავცემ

სხეულის ჯილდოს,

ადვილად მერგო

არაამქვეყნიურ ლატარიაში

(აფცხი! თანხმობის ნიშანია)

მაშ, შუა თითით დააკაკუნე ჩემი დახშული სალაროს კარზე

მე გაგხდი სიტყვის საჭურველს და სიტყვის მუზარადს,

მოდი, შიშველმა შემოცურე ჩემს ცხოვრებაში.

ჩემს ყურეში ისროლე ღუზა,

დაგტბორავ შიდა დინებებით,

გახურებული საშოს მირონით

გაგნათლავ, ჩემო მიმდევარო,

ჩემო მოციქულო, ოღონდ მინებე.

მელთა ხვრელი აქვთ და ფრინველთა ცის საყოფელი,

ჩემი ტანია ფრინველის ბუდე, მელიის სორო,

დასახლდი ჩემში, საყვარელო,

შეგიძლია სულ აქ იცხოვრო.

რა მსუბუქია შენი ტვირთი,

რა ტკბილია შენი უღელი.

ამოემართე ამბიონზე ჩემი სარეცლის,

და იქადაგე მაგ სხეულით,

დამარცვლით,

სხეულის ბრუნვით,

სხეულის სიტყვით

და სხეულის წინადადებით,

ტრფობის და ვნების ლაშქრობათა მარქვი ამბები,

ითხოვდი და მოგეცეს,

ირეკდი და განგეღოს,

გზისა და კარის სივიწროვემ

არ შეგაჩეროს –

დამძახებლის ხმა

გესმოდეს და გახსოვდეს.

გზა მოგიმზადე,

ბილიკები გაგითანაბრე,

მართე ეგ ეტლი დაკუნთული,

ტყავწნული, ნაზი მათრახით მმართე,

ვნების დამფრთხალმა მდინარებამ არ გადაგჩეხოს,

მენჯებზე ზოლად აღმიბეჭდე კვალი საშენო,

ააფრიალე შენი დროშა!

მე ველური წყალი ვარ,

ყურძნის დიდრონი მტევანი ვარ,

მყიფე ჰაერის კალაპოტი ვარ,

ჩემში დაგმალავ,

ჩამისუნთქე და ამომისუნთქე,

ჩამისუნთქე, ამომისუნთქე,

ღრმად ჩამისუნთქე,

ოჰ, ამომისუნთქე,

აჰ, კიდევ ერთხელ…

რა საამოა შენთან შერთვა,

სიყვარულის მასწავლებელო,

ჩემო ბალიშის თანაზიარო,

ქალთა შორის ბადალი არ გყავს…

და ნეტარ არს მუცელი ჩემი, რომელიც შენი ენის შეხებისას დაიბურძგლა,

და ნეტარ არიან ძუძუნი ჩემნი, რომელნიც აიკვირტნენ შენი ენის შეხებისას,

ნეტარ ვარ მე-ბატონის მოახლე, რამეთუ კურთხეულ ვარ ქალთა შორის…

დე, ნუ ბრაზობ,

ნახე, რა ჯანმრთელი ვარ,

ნახე, როგორ დავხელოვნდი სიყვარულის გაკვეთილებში,

ნახე, ჩემი გული გახარებულია, ენა-მხიარული

და სხეული იმედით ცხოვრობს,

სიყვარულია ჩემი ადგილი.

ვისაც თვალნი აქვს სახილველად, დაე, იხილოს      

რა მომნუსხველი სურათია           

შედუღებული წყვილი სხეული –

სპეტაკ ზეწარზე გაბნეული –   

სურნელოვანი ყვავილწნული,

დიდი შროშანი

ხამანწკის გახსნა და დახურვა

და მოქანავე საქანელა,

დაარწიე ჩემი ნავი,

ცქვიტო ნიავო,

ჩემო მკვირცხლო შეყვარებულო,

დაარწიე ჩემი ნავი,

საუკეთესო ნიჩბოსანო,

შლეგო მეკობრევ,

დამარწიე, სანამ მთლიანად დავიხარჯები,

გამითავდება ჩემივე თავი,

გამიყუჩდება ჩემივე თავი,

მარწიე, სანამ არ მივაღწევ იქ ანუ არსად –

ნეტარების სანაპიროზე.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ,

ასე სიტყვა-სიტყვით,                                        

ასე მისხალ-მისხალ

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ,                         

ჩემი სხეულის ჯურღმულებში

მჭიდროდ შემომყევ!

 ასე კოცნა-კოცნით,

ასე რწევა-რწევით,                                

ასე კოცნა-კოცნით,

ასე ბგერა-ბგერით,

ასე დაღლა-დაღლით,

ჩემი სხეულის ზღურბლს გადამცდარს

სიხარულის მანახე ბინა,

და აი, კიდევ ერთი ბიჯი,

და აი, კიდევ ერთი რხევა,

და თეთრი ზეწრის თეთრ ფურცელზე

ორწევრიანი სინტაქსით ვაწერთ:

იქმნა ნათელი!

© არილი

Facebook Comments Box