ახალი ამბები

მარია კოდამა გარდაიცვალა

მარია კოდამა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ მისი ადვოკატი ადასტურებს. „ახლა შენ შეხვალ დიდებულ ზღვაში შენს საყვარელ ბორხესთან. მშვიდად განისვენე, მარია“ – წერს ფერნანდო სოტო სოციალურ ქსელში.

მარია კოდამა ხორხე ლუის ბორხესის ქვრივი იყო. არგენტინაში მათი გაცნობის ისტორია ყველამ კარგად იცის. ერთმანეთს 1953 წელს ბუენოს-აირესის წიგნების მაღაზიაში შეხვდნენ:

“უკაცრავად. პატარა რომ ვიყავი, თქვენი ლექცია მოვისმინე.”

“მართლა? და ახლა უკვე დიდი ხართ, არა?”

“არა, სკოლის მოსწავლე ვარ, დამამთავრებელ კლასში.”

კოდამა 16 წლის იყო, ბორხესი – 54-ს.  მწერალი თვალის ჩინს ნელ-ნელა კარგავდა.

“მხოლოდ შუქსა და ჩრდილებსღა ხედავდა. მაგრამ ჩემმა ხმამ მიანიშნა, ძალიან ახალგაზრდა რომ ვიყავი”.

ბორხესმა გოგონას თავის ანგლო-საქსური ლიტერატურის სასწავლო ჯგუფში გაწევრიანება შესთავაზა. 1986 წელს, ბორხესის გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე, წყვილმა იქორწინა. ბორხესის სიკვდილის შემდეგ კი მის საქმეებზე პასუხისმგებლობა მთლიანად მარიამ აიღო საკუთარ თავზე, ბორხესმა იგი ერთადერთ მემკვიდრედ დაასახელა.

1988 წელს კოდამამ ბორხესის საერთაშორისო ფონდი შექმნა, რომლის პრეზიდენტიც იყო სიკვდილამდე.

© არილი

Facebook Comments Box