თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა
სატოკოს ახალგაზრდა ქმარი სულ დაკავებულია. კი, გუშინ საღამოს, ვითომ შინ იყო, ათ საათამდე არსად წასულა, მაგრამ მერე ისევ საჭეს მიუჯდა, ცოლს ღამე მშვიდობისა უსურვა და მანქანა მორიგი შეხვედრისაკენ გააქროლა.
სატოკოს ქმარი კინომსახიობია. უნდა თუ არ უნდა, სატოკო იძულებულია, მოითმინოს ამგვარი ღამეული შეხვედრები, ქმარს რომ არასოდეს ხლებია, არასოდეს წაუყვანია. უკვე მიეჩვია – დაიჭერს ტაქსს და შინ, უსიგომოს კვარტალში მარტო დაბრუნდება. სახლში პატარა ბიჭუნა – ორი წლის შვილი ელოდება…
და აი ამ საღამოს უცებ ფეხით გასეირნება გადაწყვიტა.
გუშინდელის გამო ერთი აზრი აეკვიატა, რამდენი არ ვხეხეთ და სასტუმრო ოთახს სისხლის კვალი ვერ მოვაშორეთო – ამ ღამეს შინ მარტო შესვლის ეშინია…
გუშინ საღამოს, როგორც იქნა, მორჩნენ იმ ენით აუწერელი ამბით ატეხილ ფაციფუცს. იმედი ჰქონდა, დღეს, როცა ორივეს ასე ესაჭიროებოდა ნერვების დაწყნარება, ქმარი საღამოს მის გვერდით გაატარებდა, მაგრამ გვიან ღამით პროდიუსერმა რომ დარეკა და მაჯიანის სათამაშოდ მიიპატიჟა, ქალი მიხვდა, ამაღამ ქმარს ტყუილად დაელოდებოდა.
სატოკო ლამაზი ქალიშვილი იყო. მომცრო ტანისა და მეტისმეტად აღგზნებადი, მგრძნობიარე ხასიათის გამო ზედმეტ სახელად სკოლაში “ტერიერი” შეარქვეს. ყოველ წვრილმანზე გადმუდმებულმა ნერვიულობამ და განცდებმა საშუალება არ მისცა სხვებივით გასქელებულიყო, ტანი დაესრულებინა. მამამისი კინოკომპანიის დირექტორი გახლდათ. მოხდა ისე, რომ მის ქალიშვილს კინომსახიობი შეუყვარდა და მათი სიყვარული ქორწინებით დამთავრდა.
ჩვეულებრივი თავშესაქცევების ნაცვლად, სატოკოს ნამდვილი გატაცება გაჭირვებაში მყოფის თანაგრძნობა იყო. ნაზი შინაგანი ბუნება ისე აისახებოდა მის სუსტ სხეულსა და სახის ნატიფ ნაკვთებში, თითქოს კალმით მიახატესო.
იმის გახსენებაზე, ღამის კლუბში მეუღლე თავის მეგობარ ცოლ-ქმარს როგორი აზარტით და დაწვრილებით უყვებოდა მომხდარის შესახებ, მთელი საღამო მოშხამული ჰქონდა.
ბუნებისგან სატოკო მდიდარი წარმოსახვის უნარით იყო დაჯილდოებული, მისი მეუღლე კი, ამერიკული ყაიდის კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა ლამაზი მამაკაცი, ამ უნარს მოკლებული გახლდათ. როგორც ჩანს, წარმოსახვა მსახიობის პროფესიისათვის შეიძლება აუცილებელიცაა, სხვა შემთხვევაში კი საჭირო სრულიადაც არ არის.
– რა უნდა მოგიყვეთ, ზედგამოჭრილი იდიოტური ამბავია! – ამბობდა მისი ლამაზი ქმარი და თავისი ხმით ორკესტრის ხმის დაფარვას ცდილობდა, – ორი თვის წინ ჩვენს პატარას ძიძა შეუცვალეს, ყოფილი ძიძის მაგივრად ერთ დღესაც, ვხედავ, ქალი გამოგვეცხადა აი ასეთი ღიპით. აბა წარმოიდგინეთ, ფაშვი ასე რომ ამოივსო, რა ფულის პატრონი უნდა იყო! ესო მუცლის კანის მოშვებულობისგანააო, – გვეუბნება…
და აი, გუშინწინ ვწევართ მე და სატოკო სასტუმრო ოთახში და გვძინავს. შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, რომ უცებ ბავშვის ოთახიდან კვნესა და არაადამიანური კივილი შემოგვესმა… მაშინვე წამოვხტით და გავცვივდით. რას ვხედავთ! – იმ ჩვენს ძიძას ორივე ხელი მუცელზე დაუდვია და რაც ძალი და ღონე აქვს, ღრიალებს. ჩვენი პატარაც მის გვერდით დგას და ისიც სლუკუნებს. რა მოხდა-მეთქი, – ვეკითხები, ის კი – მგონი, ვაჩენო, – აკანკალებული ხმით მპასუხობს.
შევშინდი და რა შევშინდი! მანამდე დარწმუნებული ვიყავი, ეს უშველებელი მუცელი ნამდვილად მოშვებულობისაგან აქვს-მეთქი. ჰოდა, კარგიც დაგვემართა ასეთი დოყლაპიობის გამო.
მოკლედ, როგორც იქნა, წამოვაყენეთ, ჩავჭიდეთ აქეთ-იქიდან ხელი და დიდი გაჭირვებით სასტუმრო ოთახში გავიყვანეთ.
იქ კი სინათლეზე ერთი შევხედე და თავზარი დამეცა – თეთრი წინსაფარი ერთიანად წაბლისფრად ჰქონდა შეღებილი!
იატაკზე დაგებული ფარდაგი ავკეცე, რაღაც ძველი საბანი დავუგე და დავაწვინე. ქალი თავით ფეხამდე ოფლშია გახვითქული, შუბლის ძარღვები ლამის დასკდომაზე აქვს… ამ ფაციფუცში ვიდრე ექიმის გამოძახებას მოვასწრებდით, იმან უკვე გააჩინა კიდეც. სასტუმრო ოთახი სისხლით ისე იყო მოსვრილი, გეგონებოდა, საშინელი ავტოკატასტროფა მოხდაო.
– ჰო, კაი ასპიტი კი შეგიკედლებიათ! – ჩაურთო სიტყვა მეგობარმა.
– ყველაფერი წინასწარ ჰქონია გათვლილი! ისიც, რომ ერთი ბავშვი უკვე იყო ოჯახში და, ცხადია, ბავშვის სახვევებიც ბლომად გვექნებოდა. ისიც, რომ ამგვარი სისაძაგლე, უმჯობესი იყო, რაც შეიძლება პრესტიჟულ სახლში ჩაედინა… მოკლედ, ყველაფერი მანამდე ჰქონდა გათვლილი, ვიდრე ჩვენსას შემოაბიჯებდა. რომ იტყვიან, ნამდვილი მელაკუდა ბრძანდება! მაშინაც კი, მთავარი ძიძა რომ მოვიდა და გამოკითხვა დაუწყო, ბოდიშის მოხდა აზრად არ მოსვლია, იჯდა შუბლგამოკოხილი და ხმას არ იღებდა. გუშინ, როგორც იქნა, დავაწვინეთ საავადმყოფოში. სხვა პატრონი არა ყავს, ან ვის რა იმად ენდომება მაგისთანა ბატისტვინა…
– ახალშობილს რაღა მოუვიდა?
– რა უნდა მოსვლოდა? ჯანმრთელი და საღ-სალამათი დაიბადა!.. სანამ ჩვენთან იყო, დედამისს ლამის ლოყები ასკდებოდა! ბიჭიც მაგარი და ჯანიანი გაჩნდა!.. აი მე და სატოკო კი, გუშინდელი ღამის შემდეგ, ჩათვალე, რომ სანახევროდ ნევრასთენიკები გავხდით…
– კიდევ კარგი, მკვდარი არ დაიბადა.
– ეჰ, რა ვიცი, იმ ქალისთვის იქნებ ჯობდა კიდევაც, მკვდარი დაბადებულიყო…
სატოკოს არ უკვირს ის დაუდევრობა და სიმჩატე, რა სიმჩატითა და დაუდევრობითაც მისი ქმარი ამ საშინელ ამბავს ჰყვება. თითქოს ყველაფერი გუშინწინ მის საკუთარ სახლში მომხდარი კი არა, შემთხვევით ყურმოკრული ჭორია. და წუთით სატოკო თვალებს ხუჭავს – დიდი ხნით თუ ვერა, წამით ხომ მაინც მოიშორებს მშობიარობის შემზარავ სურათს! მაგრამ, პარკეტის იატაკზე დასტა-დასტა დაყრილი გაზეთები, სისხლით დასვრილ გაზეთში გახვეული ახალშობილი გონებიდან არ ცილდება.
იმის გამო, რომ ექიმს გულს ურევს დედა, რომელმაც უქმროდ, ამგვარ არანორმალურ პირობებში გააჩინა შვილი, ახალშობილსაც სრულიად შეგნებულად უსულგულოდ ეკიდება. სიტყვის უთქმელად, ნიკაპით იმ ადგილზე მიანიშნებს, სადაც ძველი გაზეთები ალაგია. ექიმის დამხმარე ერთ გაზეთს იღებს, ბავშვს ახვევს და პირდაპირ იატაკზე დებს… გულში თითქოს დანა გაუყარესო მაშინ სატოკოს. გაბრაზება აზრადაც არ მოსვლია, ფლანელის ნაჭერი მოიტანა, ბავშვს გაზეთები გამოაცალა, შეფუთნა და ჩუმად, ისე რომ არავის დაენახა, სავარძელზე დააწვინა.
ამ ქვეყნად სატოკოს ყველაზე ნაკლებ ის უნდოდა, თუნდაც ცოტათი დაემძიმებინა გული ქმრისათვის, ამიტომაც გადაწყვიტა, არაფერი ეთქვა ამ თავის განწყობაზე, ერთი სიტყვითაც არ ეხსენებინა გულში ღრმად ჩარჩენილი და ახლაც ცნობიერების ზედაპირზე მოტივტივე ზმანების შესახებ. მთელი ის ღამე წამდაუწუმ იღიმებოდა, სულითა და გულით ცდილობდა, გათავისუფლებულიყო შიშისა და წუხილის ამ გაურკვეველი გრძნობისაგან.
“იატაკზე დადებული, ხორცის გასახვევ ქაღალდში გამოკრული ჩვილი… სისხლში ამოსვრილი გაზეთის ფურცლები… პატარა, საბრალო, ღარიბი ობოლი!”
იმ საცოდავი ძიძის მიმართ არავითარ ბრაზსა და სიძულვილს არ გრძნობს სატოკო. მხოლოდ მწარე სინანულს მოუცავს, ასე ჰგონია, ახლა სწორედ თვითონ არის ის საბრალო, ბედუკუღმართი ჩვილი, თუმცა, თავის სიყმაწვილეში კარგის მეტი არაფერი ახსოვს.
“კაცმა რომ თქვას, მხოლოდ მე ვარ იმ სცენის შემსწრე, მხოლოდ მე დავინახე სისხლიან გაზეთში გახვეული ახალშობილი. ვთქვათ, დედამაც… ვთქვათ, თვითონ ბავშვმაც იგრძნო ყველაფერი. მიუხედავად ამისა, ჩვენ სამთაგან მხოლოდ მე მომიწევს მისი საშინელი დაბადების საიდუმლოს ზიდვა. ვინ იცის, გაიზრდება და ხალხმა იქნებ უამბოს კიდევაც, როგორ დაიბადა, როგორი საშინელი შესახედავი იყო ის ყველაფერი… წარმოდგენილი მაქვს, რა კოშმარი დაუტრიალდება თავში!.. არა, ეს შეუძლებელია!.. არა, ყველაფერი კარგად უნდა იყოს! მე ხომ არასდროს გავამხელ ამ საიდუმლოს, საიდუმლოს, რომელიც მხოლოდ ჩემთვისაა ცნობილი. ბოლოსა და ბოლოს, ასეა თუ ისე, ხომ სიკეთე ჩავიდინე, ფლანელის სახვევში გავახვიე, იატაკიდან სავარძელში გადავაწვინე”.
სატოკო ფიქრებშია ჩაძირული.
ღამის კლუბის ჭიშკართან ქმარი მძღოლს სიტყვას გადაუგდებს:
– უსიგოში! – მერე სატოკოს მანქანაში ჩასვამს და კარს გარედან მიუხურავს. მინის გარეთ წამით ქმრის ღიმილი გაკრთება, თეთრი, ჯანსაღი კბილების ორი მწკრივი გაიელვებს.
“არა, ჩემსა და შენს ცხოვრებაში შიშსა და მწუხარებას ადგილი არასოდეს ექნება!..” ამ აზრმა ქანცი გააცალა სატოკოს, სკამის ზურგს მიალურსმა. ფანჯრისაკენ შებრუნდა და ქმარს გახედა. კაცმა თავისი “ნეშისაკენ” ისე თავაუღებლად გასწია, უკან არც კი მოუხედავს. მალე თვალს მიეფარა მისი ღია ფერის კოსტიუმი, თანდათან ხალხის ტალღას შეერია. მით უფრო, ის ხომ ერთ ადგილზე დგომას ვერასოდეს იტანს, ირგვლივ ჯგლეთა და რია-რია თუა.
თეატრში ეს-ესაა სპექტაკლი დამთავრდა. ნელა, მწყობრად, ერთმანეთის მიყოლებით ქრება ნეონის რეკლამის ნათურები. მაყურებელი გასასვლელში ჩაწოლილ ბინდს აწყდება. თეატრის წინ რამდენიმე ალუბლის ხე თეთრად არის გაპენტილი. მათ დანახვაზე სატოკო უცებ იღუშება, შუბლს ისე იკრავს ტოტებზე გამოფეთქილი ეს სითეთრე, თითქოს ქათქათა ყვავილები კი არა, გაზეთის ჭუჭყიანი ნაგლეჯები იყოს.
“ისევ… ისევ ის ბავშვი”…
კვლავ მოგონებებმა შეიპყრეს სატოკო.
“როგორც არ უნდა ეცადო, არაფერი სასიკეთო გამოვა იმ ადამიანისაგან, ვინც არა იცის რა თავისი დაბადების შესახებ. ჭუჭყიანი გაზეთის სახვევი შეიძლება მთელი მისი ცხოვრების სიმბოლოდაც იქცეს… მაგრამ რატომ ვნერვიულობ ასე ვიღაც უცხო ყრმის ცხოვრებაზე? იმიტომ ხომ არა, რომ ჩემი საკუთარი შვილის მომავალი მაშინებს?.. აი, გაივლის ოცი წელი. გაიზრდება ჩემი პატარა ბიჭი, ნორმალური ადამიანი დადგება. ერთიც ვნახოთ, ავმა ბედისწერამ ის უბედური ბავშვი, მაშინ უკვე ოცი წლის ჭაბუკი, ჩემ ვაჟს შეახვედროს და რაღაც დაუშავოს?!”
მართალია აპრილის თბილი, ღრუბლიანი საღამო იყო, მაგრამ ამის გაფიქრებაზე სატოკოს კეფა ყინულივით გაუხდა.
“ბევრი რამ შეიცვლება ოც წელიწადში… ოცი წლის შემდეგ მეც ორმოცის ვიქნები… მართებულიცაა და უბრალოდ, ვალდებულიც ვარ, ყველაფერი მოვუყვე იმ საბრალოს. მოვუყვე, ჭუჭყიანი გაზეთი ფლანელის რბილი სახვევით როგორ შევუცვალე”…
ბაღს შემოვლებული თხრილის გვერდაქცევით ტაქსი ფართო გზაზე მიქროდა. ფანჯარაში მარჯვნივ ბირუ-გაის ცათამბჯენების სინათლეები ციმციმებდნენ.
“…მაგრამ ეს საბრალო ბიჭი მთელ იმ ოც წელიწადს საშინელი ცხოვრებით იცხოვრებს. დღეებს თაგვივით უშინაარსოდ, უფულოდ, სურვილების გარეშე გაატარებს. წლიდან წლამდე თავადვე გაინადგურებს ახალგაზრდა ორგანიზმს. ასე დაბადებულ ბავშვს სასიკეთო არაფერი ელის. მამისაგან დაწყევლილი, დედისაგან მიტოვებული, მთელი სიცოცხლე ეული და მარტოსული იქნება”…
ჩანს, ეს შავბნელი აზრები სატოკოს სულის რომელიღაც შორეულ სიმს მტკივნეულად შეეხო. აბა, “ის ბიჭი” რატომ ჩაეჭედა ასე გონებაში, რატომ უხატავს ასე დეტალურად იმის მომავალს საკუთარი წარმოსახვა?..
ტაქსიმ ჰან-გომონის სადგურს ჩაუარა, ინგლისის საელჩოს შენობას მიადგა და სატოკოს თვალწინ აყვავებული საკურას მშვენიერი ხეივანი გადაეშალა. და აი, უცებ გადაწყვიტა, ცოტაოდენი უცნაურობის უფლება მიეცა თავისათვის – ამ ღამით მარტოდმარტო ესეირნა, აყვავებული ალუბლების ცქერით დამტკბარიყო, ტაქსი გაეშვა და მშვიდად ეყურებინა თეთრად აფეთქებული ყვავილებისათვის, მერე კი ისევ ტაქსი აეყვანა და შინ იმ ტაქსით დაბრუნებულიყო.
მართალია, ისეთი მორიდებული და მშიშარა ქალის პირობაზე, როგორიც სატოკოა, ყოველივე ეს საკმაოდ სერიოზულ ავანტიურად გამოიყურებოდა, მაგრამ, იმის გამო, რომ მღელვარების მომგვრელმა ჩვენებებმა ისევ იმდღევანდელი ძალით იფეთქა მის გულსა და გონებაში, სხვა დღეებისაგან განსხვავებით, დღეს მარტო შინ დაბრუნება უჭირდა.
ტანმომცრო ახალგაზრდა ქალი ტაქსიდან გადმოვიდა და ქუჩას გაუყვა. მართალია, მისი სული ჯერ ისევ თრთოდა გაურკვეველი წინათგრძნობისაგან, მაგრამ თავისუფლების უცნაურმა შეგრძნებამ პირთამდე აავსო, გზა ისე სულმოუთქმელად გადაჭრა, თითქოს ღამეში გაფრენილი მანქანების ჯაჭვი საკუთარი სხეულით გაჭოლა და ქუჩის მეორე მხარეს, ღრმა თხრილის პირზე გაყოლებული ტყისაკენ წავიდა.
ეს ტყე, სენტგაუფის პარკი – “ჩიტების მორევი” იყო.
პარკის კორომში თეთრად დაეთრთვილა ალუბლის ხის ტოტები ქათქათა ყვავილებს.
შესასვლელში ქაღალდის ფანარი ჩაქრა, მაგრამ ტოტებს ქვემოდან კვლავ წითლად, ყვითლად, მწვანედ ჟიკჟიკებდნენ ელექტრონათურები. რა ხანია გადასცდა ათ საათს. სასეირნოდ გამოსულ საკურვას მოყვარულებს სულ უფრო იშვიათად, თითოოროლას თუ გადაეყრებოდა დროდადრო. ფეხებში წარამარა ქაღალდის ნაგლეჯები ებლანდებოდა. ზოგჯერ ბაღში გამეფებულ მდუმარებას ქაღალდის შრიალი ან თუნუქის ქილის გაგორების ხმა არღვევდა, კანტიკუნტად ვინმე თუ ჩაივლიდა სიჩუმეში.
“ქაღალდი… გასისხლიანებული გაზეთის ფურცელი… უბედური, ბედკრული ადამიანის დაბადება… ამგვარ სურათს ვინმე შემთხვევით რომ შეესწროს, მერე კი უცებ მიხვდეს, ჩემი ხვედრიც ასეთი ყოფილაო, ეჭვი არ არის, იმ დღიდან მთელი ცხოვრება თავდაყირა დაუდგება. ამიტომაც, მე, ანუ ის სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც შემთხვევით გახდა ამგვარი საიდუმლოს მოწმე და მნახველი, ვალდებული ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე გაუმხელლად ვატარო”…
მაგრამ გაცხოველებულმა ფანტაზიამ წინა დღეს განცდილი შიში და გულისხეთქვა დაავიწყა. ირგვლივ მოყვარული წყვილები დასეირნობდნენ და, ალბათ, აზრადაც არავის მოუვიდოდა, აკიდებოდა, ანდა რაიმე უსიამოვნება მიეყენებინა. ერთ წყვილს ეტყობა მობეზრდა ყვავილების ყურება, ისხდნენ ქვის მერხზე ხრამის პირას და შავად პირდაღებულ უფსკრულს, იქ, სადაც წყლის ზედაპირს მძიმე, გაუვალი ჩრდილი დასწოლოდა, ჩუმად ჩასცქეროდნენ. ზემოთ, ნაყარს იქით, იმპერატორის სასახლის ტყე იყო კედელივით აღმართული. ლარივით სწორი, შავად ჩაბნელებული ჰორიზონტალი ხეთა კენწეროებს ღრუბლით დაფარული ცისაგან თიშავდა.
სატოკო ნელა მიაბიჯებდა დაბურულ ხეივანში, თეთრად აფეთქებული ხეების ტოტებქვეშ. თავზევით გადმოფენილი ყვავილები უცნაურ, დამთრგუნველ გრძნობებს ბადებდა…
ანაზდად წყვდიადში ჩაძირულ ქვის მერხზე რაღაც თეთრი მოეჩვენა. ეს “რაღაც” ბღუჯა-ბღუჯა ჩამოცვენილი ყვავილები არ იყო, არ იყო არც ქვის ჩამონათალი. სატოკო მერხს მიუახლოვდა.
ბნელში ჩაძირულ ქვის მერხზე კაცი იწვა და ეძინა.
კაცი მთვრალს არ ჰგავდა – სატოკო ამას მაშინვე მიხვდა, როგორც კი შეხედა, მძინარეს გაზეთები რა გულმოდგინებით ჰქონდა ქვეშ ამოფენილი. ყავისფერჯემპრიანი კაცი სქლად დაგებულ გაზეთებზე სკამის საზურგისკენ ზურგშექცევით იწვა და ეძინა. ჩანს, გაზაფხულის მოსვლამ მას აქ ბინა აპოვნინა.
სკამის წინ სატოკო როგორღაც ცნობადაკარგულივით შედგა. ძველ გაზეთებზე გაწოლილმა კაცმა მისდაუნებურად უცებ გაზეთში გახვეული და იატაკზე დაგორებული ახალშობილი გაახსენა.
თვალში დიდი ხნის დაუვარცხნელი, ჭუჭყისაგან გაზინთული თმა მოხვდა. სიბნელეში ჩანდა, იმის მიხედვით, ჩაისუნთქავდა თუ ამოისუნთქავდა, ყავისფერი ჯემპრი მკერდზე როგორ აუდ-ჩაუდიოდა.
სატოკოს მგრძნობიარე გულში ტანჯვით დაბადებულმა შიშმა და მღელვარებამ კიდევ უფრო მეტი სიცხადით იძალა. კაცის ნაოჭებით დაქსელილ ახალგაზრდა სახეზე, რომელიც ძლივს ირჩეოდა სიბნელეში, ხელმოკლეობასა და სიღატაკეში გატარებული წლების კვალი ამოიკითხა. ხაკისფერი შარვლის ტოტები საგულდაგულოდ აეკეცა, შიშველ ფეხებზე ამოცმულ სპორტულ ფეხსაცმელს ეტყობოდა, პირი კარგა ხანია დაღებული ჰქონდა.
სატოკოს უცებ მოუნდა, ყურადღებით დაეთვალიერებინა კაცის სახე, დაიხარა და ხელისგულქვეშ მოქცეულ ადგილს დააცქერდა. სახე მოულოდნელად ძალზე ახალგაზრდა აღმოჩნდა – ხშირი, ლამაზად მოხაზული წარბები… სწორი ცხვირი…
როცა კიდევ უფრო დაიხარა, უცნობის ქვეშ ლეიბად დაფენილ გაზეთებს წამოედო და ქაღალდის მოულოდნელად მკვეთრმა შრიალმა შავად ჩამოწოლილი მდუმარება გაკაწრა…
კაცს გაეღვიძა, თვალის გუგებმა თეთრად იელვა სიბნელეში და… უზარმაზარი ტორი ქალს მაჯას სალტესავით შემოეჭდო…
სატოკოს შიში არ უგრძვნია, არც კი განძრეულა, ხელის გაშვებინებაც არ უცდია, მხოლოდ ეს გაიფიქრა გონების განათების რომელიღაც წამს: “ესეც ასე… ესე იგი, ის ოცი წელიწადი უკვე გავიდა!”
იმპერატორის სასახლის შავად დაბურული ტყე სამარისებურ სიჩუმეში ჩაიძირა.
© ”არილი”