Alma Mater
მაინც რას სწავლობენ ადამიანები?
წაკითხულია მოხსენებად ტარტუს უნივერსიტეტის რუსული გიმნაზიის გახსნის დღეს (1990 წ.)
თარგმნა მათე კრავეიშვილმა
უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის დაწყება და ის ფაქტი, რომ თქვენ უკვე უნივერსიტეტის კედლებში იმყოფებით.
საუნივერსიტეტო განათლება, როგორც ნებისმიერი უმაღლესი განათლება, განსხვავებული საფეხურია საშუალო სკოლასთან შედარებით. და ამ საფეხურის ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისება იმაში მდგომარეობს, რომ აქ უკვე აღარ არსებობს ზემოთ და ქვემოთ – მასწავლებლები და მოსწავლეები – აქ ყველა კოლეგაა, ანუ ადამიანები, რომლებიც ერთად მუშაობენ. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მუშაობა ხომ თანამშრომლობას გულისხმობს, ანუ ერთ ნაწილს სწავლა სურს, მეორე მხარე კი ამაში ეხმარება მათ. დაძალება – აუცილებელი, “იძულებითი” კონტროლი განათლების დაბალ საფეხურზე დარჩა. მასწავლებელთა დამოკიდებულება თქვენს მიმართ სრულიად განსხვავებული იქნება, რომელიც კოლეგისა და უმცროსი კოლეგის ნაყოფიერ თანამშრომლობას გულისხმობს.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გაიოლდება; პირიქით, თქვენ უფრო რთული ამოცანის წინაშე დადგებით. და საერთოდაც, შეუძლებელია კარგი საქმე იოლი იყოს. ეს რთული საქმე იქნება, რადგანაც თავად ადამიანზე უფრო მკაცრი ზედამხედველი არ არსებობს და მის გარეშე უმაღლეს განათლებასაც აზრი ეკარგება. თუმცა კი ვერაფერი გვაიძულებს, საბოლოოდ გავწყვიტოთ კავშირი ბავშვობასთან, სიყმაწვილესთან… და საშუალო სკოლისა და ბავშვობის ელემენტებიც ხშირად იჭრებიან უნივერსიტეტში: არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ზოგიერთი სტუდენტი კარნახობს ერთმანეთს და გარკვეულ სპორტულ ინტერესს ხედავს იმაში, რომ ნაკლები ისწავლოს და უკეთესი ნიშანი მიიღოს. ეს სასკოლო მიდგომაა და მას თავისი დრო აქვს.
დღეს თქვენთვის ახალი ასაკი იწყება. ასაკი თქვენს მიერ განვლილი დღეების რაოდენობა როდია, არამედ საქციელი, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ.
მაგრამ მოდით, ვიფიქროთ! მე შემთხვევით არ ვამბობ ამ სიტყვებს, მისი გამეორება უყვარდა ფილოსოფოს სოკრატეს. თავის მოსწავლეებს სოკრატე არასდროს ასწავლიდა იმას, თუ რა იყო სწორი, მათ კითხვებზე არასდროს პასუხობდა “ასე და ასე მოიქეცითო”. იგი ამბობდა, “მოდით, ვიფიქროთ!”. და რას ნიშნავს “ვიფიქროთ?” – თქვენ არ იცით, როგორ მოიქცეთ და მეც არ ვიცი ეს. თქვენ მოხვედით არა როგორც სკოლის მოსწავლეები, სწორი პასუხის მოსასმენად, არამედ როგორც კოლეგები, რჩევის მისაღებად, რათა მასთან ერთად იფიქროთ. არადა, ერთად ფიქრი გაცილებით უკეთესია. სწორედ აზრთა სხვადასხვაობით მივიწევთ ჭეშმარიტებისკენ.
შეხედეთ, ვინ ვართ ჩვენ? შეიძლება ითქვას, ჩვენ ძალიან ჭკვიანი და კარგი მანქანები ვართ. შეგვიძლია ბევრი სხვადასხვა რამის კეთება. მაგრამ რა თავისებურება აქვს თითოეულ მანქანას? – ყველა მათგანს განსხვავებული სახე აქვს. რატომ? საჭიროა, რომ ყველას სხვადასხვა სახე ჰქონდეს, განსხვავებული ხასიათები, გამოცდილება, ერთი სიტყვით, საჭიროა სხვადასხვანაირები ვიყოთ.
ფილოსოფოსმა რუსომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გულახდილი წიგნი დაწერა, სადაც უბრალოდ კი არ მოგვითხრო საკუთარი თავის დადებითი და უარყოფითი თვისებების შესახებ, არამედ მან თავისი სამარცხვინო საქციელი გვანახა, მთლიანად გაიხსნა. ამ წიგნში მან დაწერა: მე ისეთივე ვარ, როგორც ყველა და ამასთანავე, არავის ვგავარ. ეს ძალზე ღრმა შენიშვნაა: ადამიანი, უპირველეს ყოვლისა ისეთია, როგორიც ყველა და მეორე მხრივ, იგი ინდივიდუალურია. ამიტომაც მას შეუძლია თქვას რაღაც ისეთი, რაც სხვებმა არ იციან. და ამიტომაც, მთელი ჩვენი ცხოვრება, მთელი ჩვენი სწავლა-განათლება ორ გზას ადგება. ერთზე ჩვენ ვცდილობთ სხვებს მივბაძოთ იმისთვის, რათა გავიგოთ მათი და მათ კი ჩვენი. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვა ვერ გაიგებს ჩემსას.
…აი, მოძრაობის წესები ყველას ერთნაირად გვესმის, მათ გარდა, ვინც არ იცის ეს წესები ან ცუდად არის ინფორმირებული. პუშკინი ყველას ერთნაირად გვესმის? – არა, ყველა სხვადასხვანაირად აღვიქვამთ ამ პოეტს. და ნუ ვიტყვით, რომ ერთ ნაწილს იგი სწორად ესმის, მეორეს კი არასწორად. პუშკინი ყველაზე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მან ახლა და სწორედ მისთვის, ამ მკითხველისთვის დაწერა ესა თუ ის სიტყვა და თქვენ ყოველთვის გაქვთ საშუალება ესაუბროთ გენიალურ ადამიანს, რომელსაც თავად სურს რაღაც გაუწყოთ. მთავარია, სასმენელნი მიაპყროთ, მთავარია, ყურადღებით იყოთ! ჩვენი საუკუნის მთავარი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თვალდახუჭულები ვართ და არაფერი გვესმის. თქვენი განათლების მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ “მზერის” გამომუშავებას დაეთმობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაინახოთ, გაიგონოთ, მაგალითად, გოგოლის ხმა, ამას მხოლოდ გულგრილი თვალები ვერ ხედავენ…
და აქ ჩვენ მივადექით საკითხს, რომელიც თქვენთვის არც ისე ლიტერატურული, მაგრამ ყველასთვის გასაგები სიტყვის წყალობითაა ცნობილი – ესაა “ფეხებზე დაკიდება”: “ფეხებზე მკიდია!” ადამიანის კულტურა ერთი ნიშან-თვისებით შეიძლება განისაზღვროს: რა ჰკიდია მას ფეხებზე და რა არა.
ყოველი ადამიანი ერთგვარ იზოლირებულ წრეში ცხოვრობს. უბრალოდ, ზოგიერთის წრე უფრო ფართოა, ზოგისა კი შედარებით ვიწრო. თქვენი წრე მრავალი ნიშან-თვისებით იზომება: რა გაინტერესებთ, რა იცით, და – კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი – რაზე შეგტკივათ გული? ერთს, მაგალითად მაშინ ტკივა, როცა ურტყამენ, მეორე კი ამაზე იტყვის: დამარტყან რა! მთავარია, არ მომკლან. წრე უფრო ფართო იყო, როცა ადამიანი შეურაცხყოფაზე დუელით პასუხობდა და ამბობდა, შეურაცხყოფა სიკვდილზე უარესიაო: სიკვდილი ვერ დაამცირებს ადამიანს, შეურაცხყოფას კი ვერ მოვინელებ. სხვა იტყვის, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებო: ჩემს შვილებს, დედას, არავის დავაჩაგვრინებო, მაგრამ უცხოს… როცა უცხო ადამიანის ტკივილი გტკივა – ესაა ყველაზე ფართო წრე, წრე კულტურული ადამიანისა.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია ასე, გაიღვიძო დილით, მოინდომო კულტურულ ადამიანად გახდომა და განსაკუთრებული თანაგრძნობით მოეკიდო დამცირებულებსა და შეურაცხყოფილებს. ასე არ ხდება და ყველაზე კეთილი განზრახვები აქ ვერაფერს გახდება. სული უნდა გამოვიმუშაოთ.
ბევრი თვისება განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან. იმას არ ვგულისხმობ, რომ ადამიანი გონიერი არსებაა, ცხოველი კი ბრიყვი. ცხოველი სულაც არაა ბრიყვი, იგი განსაკუთრებული ჭკუითაა დაჯილდოებული, ოღონდ ეს ჭკუა ყოველთვის გარკვეულ სიტუაციას უკავშირდება. ადამიანი კი მუდამ გაუთვალისწინებელ სიტუაციაშია მოქცეული. აქ მას მხოლოდ ორი ფეხი აქვს: ინტელექტი და სინდისი. როგორც სინდისია ბრმა განვითარებული ინტელექტის გარეშე – თუმცა არა სახიფათო – ასევეა სახიფათო ინტელექტი სინდისის გარეშე.
ჩვენ ძალზე საინტერესო დროში ვცხოვრობთ, და თუმცა უინტერესო დროები არ არსებობს, ზოგჯერ ისტორიკოსები მაინც ტოვებენ ხოლმე სუფთა ფურცლებს იმის აღსანიშნავად, რომ ამ წლებში არაფერი მომხდარა. “გავსებული ფურცლების” ეპოქები კი ადამიანებს განსაკუთრებული გამოცდის წინაშე აყენებენ. იგი აღარაა ჭანჭიკი, ჩნდება აუარება სიტუაცია, როცა მან არჩევანი უნდა გააკეთოს და ეს არჩევანი ყოველთვის მის სინდისზეა დამოკიდებული. ხშირად ამბობენ ხოლმე, “მე ასეთ მდგომარეობაში ვიყავი, არაფერი ცუდი არ მიფიქრია, უბრალოდ, ისეთი ვითარება იყო, რომ მე სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი”… ეს ტყუილია! არ არებობს ვითარება, რომელიც არ გაძლევს სხვაგვარად მოქცევის შანსს და თუკი თქვენ მაინც ჩავარდით ამგვარ სიტუაციაში, ე.ი. უსინდისო ყოფილხართ. სინდისი ყოველთვის გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ, როცა არჩევანი გვაქვს; არჩევანი კი ყოველთვის გვაქვს… რა თქმა უნდა, ძნელია არჩევანის გაკეთება, ამიტომაც თავის მოგიჟიანება ყოველთვის უფრო ადვილია, სულელს არაფერს მოჰკითხავენ: “მიბრძანეს, რა უნდა მექნა?”
პუშკინის მეგობრის, დეკაბრისტ პუშჩინის სიტყვებს შეგახსენებთ, რომელიც მან მეფეს უთხრა. ხელფეხშეკრულმა ადამიანმა ნიკოლოზის კითხვაზე: “როგორ გაბედე ეს?” – უპასუხა: “სხვაგვარად ნაძირალა ვიქნებოდი”-ო. ამით მან თქვა: მე სინდისი მაქვს და შესაბამისად, მაქვს არჩევანიო: ან ბორკილებით უნდა ვიყო ხელფეხშეკრული, ან კიდევ ნაძირალაო.
ისტორიამ გვაჩვენა, რომ ეს ადამიანები სწორედ მაღალმა ზნეობამ გადაარჩინა, გადაატანინა ყველაზე მძიმე განსაცდელი, რომელიც კი მათ ხვდათ წილად ციმბირში. ფიზიკურადაც, გადასახლებულები უფრო ძლიერები დარჩნენ, ვიდრე ისინი, ვინც იმავე ნიკოლოზის ეპოქაში მეგობრებს უღალატეს და შემდეგ კარიერა გაიკეთეს…
და მაინც, რას სწავლობენ ადამიანები? ადამიანები ცოდნის გაკვეთილებს გადიან, მეხსიერებას, სინდისს ეწაფებიან. ესაა სამი საგანი, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ნებისმიერ სკოლაში და რომელმაც თავისთავში ხელოვნებაც მოიცვა. ეს ხელოვნება კი თავისი არსით მეხსიერებისა და სინდისის წიგნია. მთავარია, ამ წიგნის კითხვა ვისწავლოთ.
იმედი მაქვს, სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ.
© “არილი”