თარგმანი,  ინტერვიუ

„იქნებ ჩვენი დღევანდელი ცხოვრებაც მომავლის ჩრდილში მიმდინარეობს?“  — ინტერვიუ მიკოლაი ლოზინკისთან

ესაუბრა და შესავალი დაურთო თამარ მღებრიშვილმა

პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

მიკოლაი ლოზინსკი თანამედროვე პოლონელი მწერალია, რომლის რომანიც – „სტრამერი“–  2019 წელს გამოქვეყნდა.  რომანის გამოცემისთანავე უამრავი ინტერვიუ ჩაიწერა ავტორთან, დაიწერა არაერთი რეცენზია თუ კრიტიკული წერილი, როგორც პოლონეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ წიგნის  შექმნის ისტორია რთული და მრავალშრიანია. სანამ ტექსტი საბოლოო სახეს მიიღებდა, ავტორმა იმოგზაურა კრაკოვში, ლვოვსა და პარიზში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში გაეცნო მრავალ დოკუმენტს, მოწმობასა და პერიოდულ გამოცემას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომსა და ტარნოვში მცხოვრები პოლონელი ებრაელების ცხოვრებას ეხებოდა. ნაწარმოების საფუძველი რეალურ ისტორიებსა და ადამიანებს ეყრდნობა — ერთ-ერთი პერსონაჟი თავად ავტორის ბაბუის პროტოტიპია, ხოლო ყველა გმირი იმავე სივრცესა და საზოგადოებაში ცხოვრობდა, სადაც ამბავი ვითარდება.

სამწუხაროდ, ჩვენი ინტერვიუსთვის დიდი დრო არ გვქონია,  რადგან ამ პერიოდში ავტორი „სტრამერის“ მიხედვით შექმნილი გზამკვლევის პრეზენტაციაში მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, საუბარში გამოიკვეთა ყველაზე არსებითი საკითხები — სად გადის ზღვარი ფიქციასა და დოკუმენტურ მასალას შორის და რა იყო ის მთავარი მოტივი, რომელმაც მწერალს სტრამერების ოჯახის, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ყოველდღიურობის აღწერა გადააწყვეტინა. ლოზინსკისთვის სწორედ ასეთი „ჩვეულებრივი“ ისტორიებია ფასეული, რადგან მათში ყველაზე მკაფიოდ იკვეთება ისტორიის გავლენა ადამიანთა ცხოვრებაზე.

თამარ მღებრიშვილი: თქვენს რომანს – „სტრამერი“ – მალე ქართველი მკითხველიც გაიცნობს.  როგორც ნობელიანტმა მწერალმა ოლგა ტოკარჩუკმა აღნიშნა, ეს არის „ადამიანების ჩვეულებრივი ისტორია, რომელიც ისეთივე მომხიბვლელია, როგორც სენსაციური ამბავი“. ამ შეფასებაში, თითქოს, ზუსტად იკვეთება თქვენი პროზის პარადოქსი,  ყოველდღიურობის დრამატურგიული პოტენციალი. ჩემთვის ცნობილია, რომ რომანში წარმოდგენილი პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან,  მათ შორის სალეკ სტრამერი — თქვენი ბაბუის პროტოტიპი, რომელიც ამავე სახელითა და გვარით ჩნდება ტექსტში. სტრამერი თქვენი რეალური გვარიცაა, რაც წიგნს დამატებით ავტობიოგრაფიულ ინტონაციას ანიჭებს და მკითხველს აყენებს საზღვარზე  დოკუმენტსა და ფიქციას შორის. მოგვიყვებით, რა პროცესები უძღოდა წინ ამ ტექსტის შექმნას?  როგორ ხდება, რომ სრულიად რეალური ადამიანები და ფაქტები ლიტერატურული ტექსტის ორგანულ ნაწილად იქცევა? სად გადის ზღვარი დოკუმენტურ სინამდვილესა და მხატვრულ კონსტრუქციას შორის?

მიკოლაი ლოზინსკი:  ჩემი ბაბუა, მამაჩემის მამა, ტარნოვიდან იყო, გვარად სტრამერი.თავიდან მინდოდა, ჩემი გმირებისთვის სხვა გვარი მიმეცა, რადგან თვითონ რომანი ლიტერატურული ფიქციაა, რომელიც ბაბუისა და მისი და-ძმების ბედითაა შთაგონებული, მაგრამ 2012 წელს მე და ჩემმა უფროსმა ძმამ, პაველმა, „ნიუსვიკს“ ინტერვიუ მივეცით იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო პოლონეთში ებრაული წარმოშობის. ეს ინტერვიუ მერე რომელიღაც ნაციონალისტურ ვებგვერდებზე გადააკოპირეს. მის ქვეშ დაახლოებით 500 კომენტარი წავიკითხე, რომელიც, ძირითადად, ორ ჯგუფად იყოფოდა: პირველი – წადით ისრაელში! მეორე: გაამხილეთ თქვენი ნამდვილი გვარები! მე ამ მეორე მოთხოვნამ შთამაგონა. ვიფიქრე, რატომაც არა? მიუხედავად იმისა, რომ ეს რომანია, ანუ ლიტერატურული ფიქცია, მასში ასახულ ოჯახს ბაბუის ნამდვილ გვარს მივცემ. სტრამერი ნიშნავს ჯანსაღს, ძლიერს. ეს გვარი ყოველთვის ძალიან მომწონდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის პოლონეთიდან თითქმის მთელ ებრაულ სამყაროსთან ერთად გაქრა. ასე კი სტრამერი დაგვიბრუნდება და წიგნის მეშვეობით მაინც დარჩება ჩვენთან. ასე რომ, ანტისემიტებმაც ითამაშეს დადებითი როლი ამ წიგნის დაბადებაში.

ომამდელ ტარნოვში მცხოვრები ექვსი და-ძმის ამბავი დიდი ხანი დამდევდა თან, მაგრამ ამ ამბის მოსაყოლად მზადყოფნა მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როცა მე თვითონ შემეძინა შვილები. თავიდან მხოლოდ ბოლო სცენა მქონდა წარმოდგენილი, რომელიც სანაპიროზე ხდება. იქამდე მისასვლელად კი თითქმის რვა წელი დამჭირდა.

ორი წლით არქივში ჩავიკეტე. „სტრამერი“ იწყება XX საუკუნის დასაწყისში და გრძელდება მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებამდე. როგორმე უნდა შემეღწია ომამდელ სამყაროში, რათა მისი ჩემეული აღწერა შემძლებოდა. დავდიოდი ტარნოვში, კრაკოვში, ლვოვსა და პარიზში, საათობით ვიჯექი ამ ქალაქების ბიბლიოთეკებში და ვკითხულობდი ძველ გაზეთებს, წიგნებს, საბუთებს. რაც უფრო დიდხანს ვკითხულობდი წარსულზე, მით უფრო მეტ ფერსა და ნიუანსს იძენდა ის. ომამდელი პოლონელი ებრაელებიც უკვე აღარ იყვნენ შავ-თეთრ ფოტოებზე შემორჩენილი ადამიანები. შევეცადე, „სტრამერი“ რაც შეიძლებოდა ფერადი ყოფილიყო, შეძლებისდაგვარად ხატოვნად აღმეწერა ჩვეულებრივი ოჯახის ყოველდღიურობა, ჩემი პერსონაჟები სიცოცხლით სავსეები და მრავალწახნაგოვნები ყოფილიყვნენ – მათი სურვილებით, ოცნებებით, სამომავლო გეგმებითა და იუმორის გრძნობით.

რაც შეეხება საზღვრებს სიმართლესა და ფიქციას შორის, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რა უფრო დამაჯერებელია და არა ის, მოხდა თუ არა ესა თუ ის ფაქტი სინამდვილეში. რადგან სიმართლე ზოგჯერ იმდენად დაუჯერებელია, რომ მკითხველებსაც გაუჭირდებოდათ მისი მიღება და იტყოდნენ: ეს რა მოუგონია!

თ.მ.: რომანში მოქმედება პოლონეთის ქალაქ ტარნოვში ვითარდება ომთაშორის პერიოდში — 1930-იანი წლებიდან მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებამდე. ეს არის დრო, რომელიც მოსალოდნელი კატასტროფის წინათგრძნობითაა სავსე, თუმცა ტექსტში იგი უპირველესად ადამიანების ყოფით, ინტიმურ და ოჯახურ ცხოვრებაში იკითხება. ტრაგედია ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მისი ჩრდილი რომანს პირველივე გვერდებიდან თან სდევს.  თანამედროვე პოლონურ ლიტერატურაში რამდენად ცენტრალურია პოლონურ-ებრაული თანაცხოვრების თემა? რომელ თანამედროვე პოლონელ ავტორებს დაასახელებდით, რომლებმაც პოლონურ-ებრაული ურთიერთობის საკითხი არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ეთიკურად და ესთეტიკურადაც  გაიაზრეს და საკუთარი შემოქმედების ნაწილად აქციეს?

მ.ლ.: მიუხედავად იმისა, რომ „სტრამერი“ რთულ დროზე მოგვითხრობს, ეს, ალბათ, ჩემი ყველაზე მხიარული წიგნია: ბავშვების ზრდის პროცესი, და-ძმებს შორის პატარა დაპირისპირებები, ფეხბურთის თამაში, ეზოს ცხოვრება, სკოლის პრობლემები. ვცდილობდი იმ წლებისთვის ომის სათვალით არ შემეხედა. მე ხომ ომამდელ სამყაროს აღვწერდი. ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ მკითხველი შესულიყო ჩემი გმირების ცხოვრებაში, უბრალოდ დამეგობრებოდა მათ და დავიწყებოდა, თუ რა ელოდათ წინ. ეს არის რომანი, რომელშიც უმთავრესი ოჯახური ურთიერთობები და ყოველდღიურობაა. საიდან უნდა სცოდნოდათ სტრამერებს, რომ იმ მნიშვნელოვანი მოვლენების ჩრდილში ცხოვრობდნენ, რომლებიც წინ ელოდათ? ვინ იცის, იქნებ ჩვენი დღევანდელი ცხოვრებაც მომავლის ჩრდილში მიმდინარეობს? ჩვენ ხომ ყველანი ჩვენი ყოველდღიურობით ვცხოვრობთ.

ვთვლი, რომ პოლონურ-ებრაული ურთიერთობები პოლონურ ლიტერატურაში რთული და მნიშვნელოვანი თემაა. მას სიღრმისეულად აანალიზებს თავის წიგნებში ანა ბიკონტი, ისევე, როგორც მაჩეი ზარემბა-ბიელავსკი მის შესანიშნავ წიგნში „სახლი ორი კოშკით“, რომელიც, რაც საინტერესო ფაქტია, შვედურად არის დაწერილი, რადგან ავტორი დიდი ხანია შვედეთში ცხოვრობს. 

თ.მ.: წიგნი 2019 წელს გამოიცა, ამ პერიოდში პოლონეთს მემარჯვენე, კონსერვატიული პარტია PiS მართავდა, 2018 წელს მიღებულმა კანონმა, რომელიც კრძალავდა პოლონეთის დადანაშაულებას ჰოლოკოსტში,  საერთაშორისო უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის ისრაელის მხრიდან. ამ ყველაფრის ფონზე, როგორ მიიღეს თქვენი წიგნი პოლონეთში, ხომ არ ყოფილა თქვენ მიმართ ანტისემიტური თავდასხმები?

მ.ლ.: გამოცემამდე მეშინოდა, რომ ომამდელ ტარნოვში მცხოვრები ღარიბი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ამბით არავინ დაინტერესდებოდა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, კრიტიკოსებმა ეს წიგნი ძალიან კარგად მიიღეს და ძალიან მალე ბესტსელერადაც იქცა. თითქმის მთელი პოლონეთის შემოვლა მომიწია მკითხველთან შესახვედრად და, მზად ვიყავი, ფსიქოლოგიურად მაინც, ანტისემიტური თავდასხმებისათვის, მაგრამ, საბედნიეროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა. ან იქნებ „ჰეითერები“ ლიტერატურულ შეხვედრებზე არ დადიან  და მხოლოდ ინტერნეტში სხედან.

ძალიან მიხარია, რომ ტარნოვში უკვე წლებია, იმართება ექსკურსიები ჩემი გმირების კვალდაკვალ. ტარნოველები ამაყობენ, რომ წიგნი, რომელშიც მოქმედება მათ ქალაქში ვითარდება, უკვე 20 ენაზეა თარგმნილი. ახლახან კი გამოვიდა მშვენივრად გამოცემული გზამკვლევიც: „ტარნოვი – სტრამერების კვალდაკვალ.“

თ.მ.: სანამ სტრამერების შვილები გაიზრდებიან და საკუთარ ოჯახებს შექმნიან, რომანში მოქმედი პერსონაჟების წრე რვის ნაცვლად ცხრას მოიცავს. მეცხრე ფიგურა ბენია – ნათანის ძმა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ნათანი მას აღარ შეხვედრია და არც მათი ოჯახები იცნობენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, სწორედ ბენია ის, ვინც ირიბად, მაგრამ მაინც,  სტრამერების ყოველდღიურობასა თუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს. ბენი არყოფნაში მოქმედი ფიგურაა. მისი გარდაცვალება ტექსტში არა მხოლოდ პირადი დანაკარგის, არამედ უფრო მასშტაბური, თითქოს ისტორიული ტრაგედიის წინაპირობა ხდება. საბოლოოდ რის სიმბოლოს წარმოადგენს ბენი მთელ ამ ნარატივში? ის ემიგრაციის იდეის განსახიერებაა, დასავლური წარმატების მითია, თუ ალტერნატიული რეალობის სახე?

მ.ლ.: ბენი უბრალოდ უფროსი ძმაა, რომელიც ოკეანის გაღმიდან ნათანს და მის ოჯახს დოლარებს უგზავნის. ეს მათ თავის გატანაში ეხმარებათ, რადგან ნათანი საქმეში ბენზე ნაკლებად იღბლიანია. ნათანი გამუდმებით ადარებს თავს უფროს ძმას, გონებაში ეკამათება და ცდილობს, თუ ვერ გაუტოლდება, შთაბეჭდილება მაინც მოახდინოს მასზე.

თ.მ.: „ომი წარმატებით გკურნავს წესიერებისგან“, – ეს სიტყვები სტრამერის ერთ-ერთ ყველაზე სახასიათო პერსონაჟს, რუდეკს ეკუთვნის. სამწუხაროდ, დღესაც კი, თანამედროვე სამყარო ომს გვერდს ვერ უვლის,  ეს დაუსრულებელი წრეა, იცვლებიან მოქმედი ფიგურები, მაგრამ ნებისმიერ ომს ერთი და იგივე, გამანადგურებელი შედეგი აქვს. თქვენ როგორ აღიქვამთ, ომს ნამდვილად შეუძლია წესიერი ადამიანიც კი ღირებულებისგან დაცალოს? როგორ შეიძლება აღიწეროს ომი, როგორც ცნობიერების საგანგებო მდგომარეობა? ომის აღწერა მოითხოვს თუ არა მწერლისგან ახალი, სპეციალური ენის შექმნას?

მ.ლ.: ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რთული კითხვებია, რომლებზეც, რა თქმა უნდა, მზა პასუხები არ მაქვს. მაგრამ მე ისინი საკუთარი თავისთვისაც დამისვამს და ვცდილობდი, მათთვის თვალი გამესწორებინა, განსაკუთრებით „სტრამერის“ მეორე ტომზე „სტრამერებზე“ მუშაობისას, რომელიც უკვე და-ძმების ომისდროინდელ ბედზე მოგვითხრობს.  

თ.მ.: თქვენ საქართველოში ნამყოფი ხართ, ლიტერატურული ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე იყავით,  უშუალოდ  გქონდათ შეხება ჩვენი ქვეყნის კულტურულ-ლიტერატურულ სივრცესთან. მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ, როგორ აღწერდით საქართველოს, როგორი შთაბეჭდილებები დაგიტოვათ აქ გატარებულმა დღეებმა? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ თქვენი, როგორც „უცხოს“ თვალით დანახული ჩვენი თავი.

მ.ლ.: მოვიხიბლე საქართველოთი, რომელსაც მანამდე მხოლოდ ოთარ იოსელიანის ფილმებიდან ვიცნობდი. მახსოვს ლიტერატურული შეხვედრები მწერალთა სახლის მშვენიერ ეზოში. საღამოს საუბრები ღვინოსთან ერთად. ყველა სტუმარი ერთნაირად იყო აღფრთოვანებული ქართული გულთბილობით, სტუმართმოყვარეობით, სამზარეულოთი და ბუნებით. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეროვნულმა მუზეუმმაც, სადაც ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისის ულამაზესი სამკაულები დავათვალიერე და მივხვდი, რამდენად მდიდარი და ძველი კულტურა გაქვთ, თუნდაც პოლონურთან შედარებით. ასევე დამამახსოვრდა ქუჩაში მოძრავი მანქანები: ან უკიდურესად ძვირადღირებული, ან ნახევრად დანგრეული – ზოგს  არც წინა და არც უკანა „ბამპერი“ არ ჰქონდა, და ტაქსის მძღოლის სიტყვები, რომელმაც გორში, სტალინის მუზეუმში მიგვიყვანა: „ნამდვილი კაცი საქართველოში ასი კილოდან იწყება.“

ეს ათი წლის წინ იყო. მას შემდეგ მეგობრებსა და ნაცნობებს სულ ვურჩევ, აუცილებლად მოინახულონ თქვენი ქვეყანა და ახალ ამბებსაც ვეცნობი საქართველოდან. რა თქმა უნდა, ბოლოს დროს მიმდინარე დრამატულ პროტესტსაც ინტერესით ვადევნებ თვალყურს. 

თ.მ.:  საკუთარი ენისა და ხმის პოვნა თანამედროვე ავტორისთვის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, (ვფიქრობ, თქვენ ეს უკვე მოახერხეთ),  „სტრამერი“ სავსეა იუმორით, სასაცილო ეპიზოდებით, სკაბრეზული ლექსებით, სიმღერებითა თუ ანეკდოტებით,  ამავდროულად, ეს იუმორი ორგანულად ერწყმის ტრაგიკულ ისტორიულ ფონს. როდის ჩნდება და რა ფუნქცია აქვს იუმორს თქვენს ტექსტებში?

მ.ლ.: ამ წიგნში, მგონი, წერის ჩემეული წესების უმრავლესობა დავარღვიე. ყოველთვის მეგონა, რომ მოკლედ უნდა მეწერა – რაც შეიძლება ნაკლები სიტყვა, რაც შეიძლება ნაკლები პერსონაჟი – როგორც ჩემს წინა რომანებში „Reisefieber“/(წინა)სამოგზაურო ციებ-ცხელება, „Książka“/წიგნი. თავიდან „სტრამერსაც“ ამ სტილში ვწერდი, მაგრამ არ გამოვიდა, არ უხდებოდა, ხელოვნურად ჟღერდა. თვეები გადიოდა, ჩემთან კი ერთ წარუმატებელ დასაწყისს მეორე ემატებოდა. რომანი მოულოდნელად მაშინ დაიძრა, როცა განსხვავებული სტილით დავიწყე წერა – უფრო ვრცელი წინადადებებითა და გაცილებით მეტი – პირველ-, მეორე- და მესამეხარისხოვანი პერსონაჟით.

თ.მ.: სტრამერი ორი ნაწილისგან შედგება, ხომ არ აპირებთ ტრილოგიის შექმნას და გაქვთ თუ არა წინასწარი კონცეპტუალური მონახაზი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება და განვითარდება ამ პერსონაჟების ცხოვრება?

მ.ლ.: მინდა, მესამე ნაწილიც დავწერო, რომელიც ამ ამბავს დაასრულებს, მაგრამ არ ვიცი, გამომივა თუ არა. ომისშემდგომი პერიოდი ყველაზე რთულად აღსაწერი და გასაგები მეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომსა თუ ომამდელ პერიოდზე ნაკლებად შორეულია.

თ.მ.:  თქვენი წიგნი ქართულად კატია ვოლტერსმა თარგმნა, როგორი იყო მასთან მუშაობის გამოცდილება?

მ.ლ.: შესანიშნავი გამოცდილებაა. კატიას წყალობით „სტრამერი“ ქართულად გამოიცემა. მიხარია, რომ მალე პირადად გავიცნობთ ერთმანეთს, რადგან აქამდე მხოლოდ მიმოწერით ვურთიერთობდით. 

© არილი

Facebook Comments Box