რეცენზია (თარგმანი)

კარლოს ფუენტესის არტემიო კრუსის სიკვდილი

მილდრედ ადამსი

ცხოვრების გზა გადაჭიმულია უმოქმედობასა და ბობოქრობას შორის

კარლოს ფუენტესის “არტემიო კრუსის სიკვდილი”

მექსიკელები ტერმინ “რევოლუციას” ორი მნიშვნელობით აღიქვამენ: ხანდაზმული ადამიანებისთვის ეს სიტყვა ასოცირდება 1911 წლის მრისხანე მოვლენებთან, როდესაც, პორფირიო დიასის რეჟიმის დამხობის შემდეგ, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წყობა. ამ კატასტროფის შედეგები მრავალი წლის განმავლობაში ზემოქმედებდა მექსიკის ცხოვრებაზე. მოხუცები სიძულვილით ან, პირიქით, მოწიწებით იხსენებენ 1911 წლის ამბებს, იმისდა მიხედვით, როგორ აისახა ის მათ ბედ-იღბალზე, მაგრამ მათთვის რევოლუცია უკვე წარსულს ჩაბარდა. ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა ინტელექტუალები, ამ რევოლუციას უარყოფითად აფასებენ, რადგან მან იმედები გაუცრუა მის მონაწილეებს. ახალგაზრდა მექსიკელებს რევოლუცია წარმოუდგებათ სამერმისო მიზნის, ერთგვარი ოცნების სახით, რომელიც მეტ-ნაკლებად მარქსისტული შეფერილობისაა.
მექსიკელი რომანისტი და ბრწყინვალე პოლემისტი კარლოს ფუენტესი მეორე ჯგუფს მიეკუთვნება. თავის უჩვეულო რომანში ფუენტესი გვამცნობს არა მარტო იმას, რომ 1911 წლის რევოლუცია უშედეგოდ დამთავრდა, არამედ იმასაც (რაც გაცილებით მნიშვნელოვანია), რომ მარქსისტული გადაწყვეტილებებიც იმავე ჩიხს აწყდება. მწერალი გვთავაზობს ეგზისტენციალისტურ გამოსავალს, მაგრამ თვით ფუენტესის გაბედულება აღემატება ეგზისტენციალისტურ მორჩილებას საკუთარი ხვედრისადმი.
რომანის მთავარი გმირი, არტემიო, ნაწარმოების დასაწყისში ფიზიკურად დაძაბუნებულია. ის ეძლევა მოგონებებს და, მათი დასრულებისას, კვდება. ამასთან, ფუენტესს სწამს, რომ ამგვარი “არტემიოები” ყოველთვის იქნებიან. დიასის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების დროს არტემიო გახლდათ ახალგაზრდა მეამბოხე ლეიტენანტი, შემდგომ კი იქცა დამარცხებული არისტოკრატებისა და გლეხების უმოწყალო ექსპლუატატორად. ერთ სოფელში, რომელიც აიღო მისმა რაზმმა, არტემიოს სატრფო მოძალადეობრივი სიკვდილით დაიღუპა. გმირი წლების განმავლობაში ცდილობდა, დაევიწყებინა ქალი უამრავი სასიყვარულო თავგადასავლის მეოხებით, რამაც სულაც არ შეუწყო ხელი არტემიოს ურთიერთობას კატალინასთან, მემამულის ასულთან. საბოლოოდ კრუსი ცოლად ირთავს კატალინას და ხელთ იგდებს სიმამრის მთელ ქონებას.
რომანის ღირსებათა საფუძველს წარმოადგენს არა ინტრიგა ან დამაბნეველი მხატვრული ხერხები, არამედ – ადამიანური დრამის მასშტაბები, მძაფრი სატირა და დაძაბული დიალოგები, რაც ზოგჯერ შესანიშნავი ოსტატობით ხორციელდება. ამ ნაწარმოების კითხვა სულიერ სიმშვიდეს როდი მოგანიჭებთ. ფუენტესი “გაბრაზებული ახალგაზრდა მწერალია” – იმდენად გაბრაზებული, რომ დროდადრო არათანმიმდევრულობასაც იჩენს. თუ გზას გაიკვალავთ დროის შუალედების დომხალში, აიტანთ ტლანქ გამოთქმებსა და სანტიმენტალურ კონტრაპუნქტს, მაშინ ამ ქმნილებაში იპოვით იმ პროტესტის მგზნებარე გამოძახილს, რომლის ზეგავლენით ახალგაზრდა მექსიკელმა ინტელექტუალებმა აითვალწუნეს (ყოველ შემთხვევაში, თეორიულად) მატერიალური კეთილდღეობა და დაიწყეს ღირსეული მიზნების ძიება. მოხუცებული არტემიო ამგვარად განმარტავს მათი უკმაყოფილების მიზეზს: “ზოგჯერ მეჩვენება, რომ სისხლისღვრისა და მკვლელობათა გარეშე უიმედობა მოგვიცავს. ენერგია გვეძალება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანას დამსჯელი რაზმები აჩანაგებენ”.
ამჟამად, როდესაც გაცამტვერებულია ძველი იდეალები, უახლოეს ამოცანას წარმოადგენს ახალი მიზნების განსაზღვრა. ყოველმა თაობამ, ამბობს ფუენტესი, საკუთარი გამოცდილებით უნდა გაიგოს, რა არის იმედების გაცრუება და უნდა შეეგუოს ამას. “თქვენ გაუძლებთ… ცხოვრების გზა გადაჭიმულია უმოქმედობასა და ბობოქრობას შორის”. მაგრამ ლათინური ამერიკის ლიტერატურა მეტყველებს, რომ პასიური შეგუება ადამიანის ხვედრთან ძნელად მისაღწევია, ეს ხვედრი კი, ფუენტესის რომანის მიხედვით, სრულიად აუტანელია. ამასთან, იმდენი რამ წავიკითხეთ ომების, სისხლისღვრის, სისასტიკის შესახებ, რომ მდაბიოთა ტლანქი გამოთქმები ჩვენზე არავითარ ზემოქმედებას არ ახდენს. მით უფრო დაუშვებელია სტილის თვითმიზნური გაჯერება უშვერი სიტყვებით, რასაც ფუენტესი ხშირად მიმართავს (ეს, საერთოდ, ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი სენია). მწერალიც და მექსიკაც უფრო ფაქიზ დამოკიდებულებას იმსახურებენ ერთიმეორის მიმართ.
ფუენტესი (ყოველ შემთხვევაში, მექსიკაში) მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ლიტერატურული ავტორიტეტით სარგებლობს. მისი ახალგაზრდა მკითხველები სამყაროს ფუენტესის წარმოდგენათა საფუძველზე აღიქვამენ. მწერალს ძალუძს, შთააგონოს ისინი ან გადაისროლოს სასოწარკვეთილების უფსკრულში. ამასთან, ახალგაზრდებს არ აკმაყოფილებთ შეგონებები იმის შესახებ, რომ სამყარო ბოროტებითაა აღსავსე, და რომ ისინი უნდა შეურიგდნენ ამ ფაქტს, თუმცა ვარსკვლავები მაინც კაშკაშებენ. ისმის კითხვა, ნუთუ ეს ყველაფერია, რისი თქმაც ფუენტესს ხელეწიფება, ან იქნებ მწერალს, მისი მდიდარი წარმოსახვისა და უდიდესი ოსტატობის წყალობით, შეუძლია დასახოს მიზნები, რომლებიც, მისივე თქმით, “სულიერ სიმხნევეს მიანიჭებენ მთელ კაცობრიობას”?

The New York Times Book Review
1964, 24 მაისი


ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box