ინტერვიუ,  პორტრეტი

კატია ვოლტერსი — ჩემი ცხოვრების წიგნები

კითხვის პირველი მოგონება

კითხვა საკმაოდ ადრეულ ასაკში ვისწავლე. პირველად და სრულიად დამოუკიდებლად წავიკითხე წიგნი, რომელიც გამომცემლობა „ნაკადულის“ თხელყდიანი, ულამაზესად დასურათებული წიგნების დასტიდან ამოვირჩიე. ეს გახლდათ მიხეილ ჯავახიშვილის „პაპა დიმო“. დღემდე ცხადად მახსოვს განცდების მთელი ის სპექტრი, რომელიც მაშინ დამეუფლა: გაოცება (მე თვითონ ვკითხულობ!), ეჭვი (ვკითხულობ კი? მე ხომ ეს წიგნი ზეპირად ვიცი. ნუთუ სხვასაც წავიკითხავ?), სიამაყე (ახლა შემიძლია, სხვასაც წავუკითხო) და სევდა, სევდა, რომელიც კიდევ ერთხელ მომგვარა მასში მოთხრობილმა ამბავმა.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

ბევრი, შეიძლება ითქვას – ყველა. თითოეული მათგანი იმდენჯერ მაქვს წაკითხული, დღესაც ზეპირად მახსოვს. ჩვენ, მართალია, არ გვქონდა საბავშვო წიგნების დღევანდელი, უმდიდრესი არჩევანი, სამაგიეროდ, საბავშვო ლიტერატურის ნამდვილ მარგალიტებზე მიგვიწვდებოდა ხელი. თუნდაც მსოფლიო ხალხთა ზღაპრების საუცხოო სერია რად ღირდა,  ან ჯეიმს გრინვუდის „პატარა მაწანწალა“, ერიხ კესტნერის “ტყუპთა ოინები“, ედუარდ ნიზიურსკის „მარეკ პეგუსის თავგადასავალი“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“, ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე აღარაფერს ვიტყვი. ნიკო ლომოურის „პატარა მეგობრები“ რამ უნდა დამავიწყოს?! თუ მხოლოდ ერთ წიგნზე  უნდა შევჯერდე, ეს, ალბათ, მერი მეიპს დოჯის „ჰანს ბრინკერი ანუ ვერცხლის ციგურები“ იქნება. ამ წიგნმა მართლაც რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, უპირველეს ყოვლისა, მისი უმაგალითო ჰუმანურობითა და შემეცნებითი ღირებულებებით. 

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

ნიცშე, „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ და აქვე დავძენ, რომ ეს ცვლილება უკეთესობისკენ არ მომხდარა. მე ეს წიგნი სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში და, რამდენადაც ის ჩემი მოზარდობის წლებში „აკრძალული ხილი“ გახლდათ, ცხადია, დაუყოვნებლივ შევუდექი კითხვას. დაუყოვნებლივ, და რაც მთავარია, უფროსების უჩუმრად. მგონი, თხრობის გაგრძელება საჭირო აღარ არის. მაინც ვიტყვი, რომ მოხდა ის, რაც უდავოდ უნდა მომხდარიყო: ძალიან მოვიხიბლე ამ უაღრესად სიმბოლური წიგნით, თუნდაც იმიტომ, რომ ის დიდ თემებს ეხებოდა: თავისუფლებას, ინდივიდუალობას, მორალს, რელიგიას, მე კი, როგორც ყველა მოზარდი, თვითგამორკვევის პროცესში ვიმყოფებოდი.  მაგრამ, რადგანაც ფილოსოფიური კონტექსტის ცოდნით მაშინ, ცხადია, ვერ დავიკვეხნიდი, ამ წიგნში განხილული ბევრი საკვანძო საკითხი მცდარად და ძალიან ზედაპირულად განვმარტე, რამაც საკმაოდ გამირთულა ცხოვრება. საბედნიეროდ, მსოფლიო ლიტერატურაშიც ანტიდოტიც ბლომად მოგვეძევება და, რადგან ძიება არასოდეს შემიწყვეტია, ეს ანტიდოტიც მალე ვიპოვე. 

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

ეს უდავოდ პოლონელი ნობელის პრემიის ლაურეატი ოლგა ტოკარჩუკი გახლდათ. მისმა ნაწარმოებებმა არა მარტო შეხედულებები, არამედ თვით ხედვა, გარემომცველი სამყაროს აღქმის უნარი შემიცვალა. მათი კითხვით თითქოს დამატებით განზომილებაში ხედვის საშუალება მომეცა და დაბეჯითებით ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ჩემი შეგრძნება არ არის. როგორც მის მთარგმნელს, მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს მწერალი მკითხველს სწორედ იმას უჩვენებს, რაც ჩვენს დღევანდელ შფოთიან, მზარდი პრიმიტიულობისა და ზედაპირულობის ყოფაში უხილავი და შეუმჩნეველი რჩება.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

წერის სურვილი, სიმართლე ვთქვა, არასდროს გამჩენია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი გამოქვეყნებული რომანის ავტორი მეც გახლავართ. სამაგიეროდ, ძალიან დიდი ხნის წინ გამიჩნდა თარგმნის, როგორც წაკითხულის პირველაღმომჩენის სიხარულით სხვებისთვის გაზიარების სურვილი. ერთხელ მკითხეს, იქნებ მთარგმნელები უბრალოდ ხელმოცარული მწერლები ხდებიანო. მაშინ, მგონი, ამ კითხვას სხვანაირად ვუპასუხე. დღეს კი ვფიქრობ, რომ არსებობს ადამიანების ერთი კატეგორია, რომელთაც, წერის ნიჭთან ერთად, აქვთ თავიანთი განცდილისა და ნააზრევის ფართო აუდიტორიისთვის გაზიარების დაუოკებელი სურვილი და ამისათვის აუცილებელი სითამამე. არსებობენ სხვებიც, რომლებიც თავიანთ ნიჭსა და უნარებს ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების სხვა ენაზე თხრობას და მისი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიამდე მიტანას ახმარენ, რაც წერაზე არანაკლებ მნიშვნელოვან და მხატვრულ საქმიანობად მიმაჩნია.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

ბიბლია, გნებავთ, თანახი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, გამუდმებით მიწევს ძველი აღთქმის კითხვა. ძალიან რთულსა და მრავალშრიან ებრაულ ლიტერატურაში რელიგიური კონტექსტის გარეშე, შეიძლება ითქვას, ერთი ნაწარმოებიც კი არ მოიძებნება. და, ვისაც მისი ჯეროვნად თარგმნა უნდა, ცხადია, მის სათავეს ზედმიწევნით კარგად უნდა იცნობდეს.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

აქაც აურაცხელი წიგნის დასახელება შემიძლია, რომელთაგან თითოეულმა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ძალიან მომხიბლა და დიდი სამსახურიც გამიწია, მაგრამ დროის გამოცდას ვერ გაუძლო. ბევრი მათგანი დღემდე იმდენად ცოცხალია ჩემში, რომ მათთან დაბრუნება საჭირო აღარაა. გარდა ამისა, დღეს იმდენი საოცარი და აუცილებლად წასაკითხი წიგნია ხელმისაწვდომი, რომ ძველებთან დაბრუნება იშვიათად მინდება.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინეთ

ფერნანდო პესოა, კერძოდ კი მისი „შფოთვათა წიგნი“, რომელიც სულ ორიოდე წლის წინ აღმოვაჩინე და დღემდე ვერ გამიგია, როგორ მოხდა, რომ ასე გვიან მივედი მასთან.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

ვიტყოდი, რომ ყოველ კარგ წიგნში ვპოულობდი მონათესავე სულს, მიუხედავად იმისა, გმირი ქალი იყო, თუ მამაკაცი. ეს თვისება, ალბათ, ყველა ლიტერატურით გატაცებულ ადამიანს ახასიათებს.

მაგრამ ნინო ხარატიშვილმა თავის რომანში „უკმარი სინათლე“ ჩემს ბავშვობას, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე,  უნებლიეთ ძეგლი დაუდგა. გმირში, რომელიც სულ ცოტა ხნით კრთება ამ  სქელტანიანი რომანის ფურცლებზე, მე ჩემი თავი ამოვიცანი. აი, ახლაც, ვწერ და მეღიმება: „სახელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ წარუშლელად ჩამებეჭდა მეხსიერებაში მისი სახე. ახლავე დავხატავდი, შეუცდომლად გადავიტანდი ქაღალდზე მისი სახის ნაკვთებსა და სუსტ ტანს. მახსოვს ჭრელი ჯემპრი, სულ რომ ეცვა და მისი წრიპინა ხმა. (…) ბაბუდა ერთის ძველი მოსწავლე იყო და პატარაობიდან დადიოდა გერმანულზე. (…) ჩემთვის გადამეტებულად ფრიადოსანი იყო და ხანდახან უხეშად ვექცეოდი. (…) გოეთეს და შილერს იზუთხავდა და სხვა არაფერი აინტერესებდა. რვა წლისამ უკვე იცოდა, რომ გერმანისტიკაზე ჩააბარებდა, იენაში ან ლაიფციგში წავიდოდა სასწავლებლად და ჰიოლდერლინზე დაიცავდა დისერტაციას. მიუხედავად ასაკისა, ძალიან სერიოზული იყო. გეგონებოდა, ცოდნით დამძიმებული მოევლინა ამ ქვეყანას და ახლაც მძიმე ტვირთად აწევსო. ოცი წლის რომ გახდებოდა, ან სამოცის მაშინაც არ შეეცვლებოდა გამომეტყველება – ოდნავ განცვიფრებული და თან ყოვლისმჭვრეტი, თითქოს ერთი ცხოვრება უკვე მოათავაო.“

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

არავინ მახსენდება, გარდა გეორგი გოსპოდინოვის „დროსაფარისა“, თუმცა კატეგორიულად ვერ ვიტყვი – არ მიყვარს-მეთქი.  შესაძლოა, ჯერ ვერ “მოვირგე“.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

ასეთი წიგნიც ძალიან ბევრია. ბევრი მათგანი, თუნდაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თავისით მოდის ჩემთან. უმრავლესობას ვერ და არ ვკითხულობ. დღეს უკვე ვაძლევ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ წიგნი, რომელიც პირველივე გვერდებიდანვე არ მომწონს, გვერდზე გადავდო და არ წავიკითხო.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

გერმანელი სლავისტებისა და პოლიტიკური ჟურნალისტების გეზინე დორბლიუთის და თომას ფრანკის “ბრძოლა თავისუფლებისთვის. საქართველო და კრემლის უჩინარი ბერკეტი“, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა გერმანიაში.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

ლუდვიგ ვიტგენშტაინის „განაზრებანი მუსიკაზე“.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

ეს სიაც ძალიან გრძელია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ალბათ,  ამოს ოზის „იუდას“ დავასახელებდი – ჩემი აზრით მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უძლიერეს და უაღრესად აქტუალურ რომანს.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

ვფიქრობ, ჟურნალ „არილის“ მკითხველი ჩემ დაუხმარებლადაც აირჩევს მისთვის საჭირო და საინტერესო წიგნს.  მე მას მხოლოდ იმ თავისუფალ დროს, სიმყუდროვესა და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ, რომლებიც კარგი წიგნის წაკითხვას სჭირდება.

© არილი

Facebook Comments Box