პოეზია

კატო ჯავახიშვილი – ამბავი ჩვენზე, კიბეებზე, მოაჯირებსა და ხურჯინებზე

kato 78 javaxishvili copy

თუ ჩვენი დაბადება არავის უნდოდა,

გარდა შვილებისა, გარდა ჩვენი საკუთარი შვილებისა,
რომლებიც მდინარეებივით მოედინებოდნენ ჩვენი მეხსიერების
მომავლის ხეივნებში,
მაშინ, როცა ამ ხეივნების ქვეშ,
მორყეული მოაჯირების ქვეყანაში
ნაქურდალი სიყვარულებით გულში
ვისხედით ჩვენ,
ჩვენ, ვინც უკვე დავბრუნდით საკუთარი გამოცდილებებიდან
და მარტოობებიდან
და სიყვარულებიდან
და ვერაფრით ვისწავლეთ,
ლოცვა-დარიგებებით არ ამოგვევსო მათი ცხოვრება,
მათი, ვინც მარადიული მოწყენილობისთვის გავიმეტეთ
და არც კი გვიფიქრია, რომ მოწყენილი ადამიანების ცხოვრება
ხშირად სინამდვილიდან გაქცევას გავს,
სინამდვილიდან, რომელიც ჩვენვე მოვიგონეთ,
რადგან ზოგჯერ ერთი ღამე იმსიმძიმე იყო
ჭიანჭველებივით პურის ერთ ნამცეცს მთელი მარტოობა ვეზიდებოდით
საჩვენო ყოფიერების მონაცვლეობისაკენ
და ამ მარტოობით ვავსებდით სიცარიელის ორმოს,
სადაც ერთი პური იმდენი იყო
მთელი კაცობრიობის შიმშილი მის ერთ ნაჭერზე ეტეოდა
და ისეთი ხმელი, –
უსახლო ქალაქების სინანული ვერაფრით ალბობდა.

ჰოდა, ჩვენც ყბაჩაცვენილი მოლოდინები
ნაკლულთვალიანი მონატრებები
ცხრაგულა მზეები
მორყეული მოაჯირების ქვეყანაში უხმოდ ვიდექით და
ხმელ სიტყვებს მორჩილად ვლოღნიდით,
რომ ერთხელ, პირამდე გატიკნულებს
ბოლომდე მაძღრად მყოფებს
ერთი მაგრად ამოგვეხავლა:

ეს კიბეებია.
კიბეები, რომლებზეც ვეცემით.
კიბეები, რომლებიც მარტოობის პროსპექტებსა და
ყინულის მოედნებს ერთმანეთისგან აშორებენ.
კიბეები, რომლის იქითაც სწორი გზაა, მაგრამ ვერაფრით მივაღწიეთ.
კიბეები, რომლებზეც ერთმანეთის შეცდომები გავითვალეთ.
კიბეები, რომლებმაც დაგვღალეს.
კიბეები, სადაც ბნელა,
სადაც შეიძლება ერთმანეთს ხელი ვკრათ,
თუნდაც იმიტომ, რომ ბანკომატთან პირველები მივიდეთ,
თუნდაც იმიტომ, რომ სიტყვა „სამშობლო“ პირველებმა ამოვიღმუვლოთ,
თუნდაც იმიტომ, რომ ყინულის მოედანზე სრიალი უფრო ადვილია,
ვიდრე გზა, რომელსაც გავდივართ.
ეს კიბეებია.
კიბეები, სადაც გვიყვარს.
სადაც შეგვიძლია მოაჯირს დავეყრდნოთ და ერთმანეთს თოვლი შევაორთქლოთ.
კიბეები, სადაც არ ვუყვარვართ.
სადაც შეგვიძლია დავიმალოთ და უშუქო სადარბაზოებში ნაფეხურები დავატოლოთ.
ეს კიბეებია.
კიბეები, სადაც ჩვენი დაუბადებელი შვილები მომავალში გველოდებიან.
კიბეები,სადაც ერთხელაც დავბრუნდებით და გაგვახსენდება,
რომ:
ცხრა კიბის იქით გვიყვარდა.
ცხრა კიბის იქით გვენატრებოდა.
ცხრა კიბის იქით ვეხმარებოდით.
ცხრა კიბის იქით ვცდებოდით.
ცხრა კიბის იქით ვიბადებოდით.

კიბის თავზე კი სხვისი კატა გაუთავებლად კნაოდა.

ეს მოაჯირებია.
მოაჯირები, რომლებიც დაგვჭირდა.
მოაჯირები, რომლებსაც დავჭირდით.
მოაჯირები, რომლებიც მდინარეების სიმღერაზე მიაბიჯებენ.
მოაჯირები, საიდანაც შეცდომების გამოსწორება იოლია.
მოაჯირები, რომლებიც გვყოფენ ჩვენ, გმირებად და გმირობის გამომგონებლებად.
მოაჯირები, რომლებზეც უსაქმური თოვლი დასეირნობს
და შეუძლია ნაფეხურების გარეშე დადნეს.
მოაჯირები, საიდანაც სინანულის ჩიხი ახლოსაა და
თავისუფლება კი ძალიან შორს.
მოაჯირები, რომლებსაც ვებღაუჭებით, როცა სიცოცხლე
ერთი სარეცხის გარეცხვაღა რჩება.
მოაჯირები, საიდანაც ჩანან ჩვენი გულამოცლილი დედები,
მიტოვებული სიზმრებიდან თვალებამოწეულები
და მონატრების სარეცხს რეცხავენ.
ცხრა მოაჯირის აქეთ გვიყვარდა.
ცხრა მოაჯირის აქეთ გვენატრებოდა.
ცხრა მოაჯირის აქეთ ვეხმარებოდით.
ცხრა მოაჯირის აქეთ ვცდებოდით.

ცხრა მოაჯირის ქვეშ კი  ჩვენი ცხოვრება ჩვენს გარეშე მისეირნობდა.

ეს ხურჯინებია.
ხურჯინები, რომლებიც აგვკიდეს.
ხურჯინები, რომლებიც სხვებს შევაჩეჩეთ.
ხურჯინები, რომლებიც მოდიდან გადავიდა.
ხურჯინები, რომლებშიც ვერაფრით მოვთავსდით.
ხურჯინები, რომლის იქითაც სხვისი შვილები
მეზობლის ყანიდან სიმინდს იპარავენ.
ხურჯინები, რომლის გამოც ერთმანეთი თანდათანობით გაგვისხვისდა.
ხურჯინები, საიდანაც მოპარული სახლის სახურავები ბოლავს
და მეზობლები ზედმეტი ჟანგბადისგან იხრჩობიან.
ხურჯინები, რომლებშიც პეპლების მაგივრად ბუზები ვაგროვეთ.
ხურჯინები, სადაც რიყის ქვები მდინარეებივით ჩხრიალებენ.
ხურჯინები, რომელშიც ადამიანური პოვნები გადავმალეთ.
ცხრა ხურჯინის შიგნით გვიყვარდა.
ცხრა ხურჯინის შიგნით გვენატრებოდა.
ცხრა ხურჯინის შიგნით ვეხმარებოდით.
ცხრა ხურჯინის შიგნით ვცდებოდით.

ცხრავე ხურჯინი ჩვენი ცხოვრებიდან დავბერტყეთ და გზას გავუძნელდით.

ჰოდა, ჩვენც ყბაჩაცვენილი მოლოდინები,
ერთხელ,როცა მივუბრუნდებით ჩვენს ცხოვრებებს
და იქ ფეხის მოსანაცვლებელი ადგილიც აღარ დაგვხვდება
როცა თითის წვერებზე ავიწელებით და
უხერხულად გადაგრეხილ კისრებს ერთმანეთის ზურგებში შევმალავთ
როცა ენიდან რიგრიგობით დაგვცვივდება სხვების ცხოვრების ამბები
ამბები, რომლებშიც ჩვენ ვიცხოვრეთ, დავიღალეთ
და მოჭმუჭნულსახეებიანებს სიბერე დაგვავიწყდა
სიბერე, რომელიც უფრო მეტი ცხოვრებისეული სიკეთეა
ვიდრე ქრონიკული ახალგაზრდობა
და ამ უმწიფარი ახალგაზრდობის შემთხვევითობაში გადარჩენილებს
ერთხელაც გაგვახსენდება
რომ ვიცხოვრეთ მარადიულ აბსურდში
და ეს მარადიულობა
მხოლოდ სხვების ნაცვლად სიყვარულს, სიძულვილს
კარის გახსნას და დახურვას კი არ გულისხმობდა
არამედ გულისხმობდა ძვალგამოცლილ საკუთარ თავს
რომელშიც ვერაფრით მოვთავსდით ისე
რომ ჩვენ-ჩვენ „ოთახებში“დავრჩენილიყავით
და ერთხელ, უცებ, ამ მარადიულ სისულელეში
გავხდებით ისეთი გასაოცრად ჭკვიანები
და მრავალჭირგამოვლილები
რომ საკუთარი გამძლეობა თვალების ბუდეებიდან გადმოვარდნამდე გაგვაოცებს
და ფეხისმოუნაცვლებლად
საკუთარ ცხოვრებაზე გადაბიჯებით ვიტყვით:

არსებობენ: კიბეები. მოაჯირები და ხურჯინები.
არსებობენ მორყეული მოაჯირების ქვეყნები და ამბები.
არსებობენ დაბადებული და დაუბადებელი შვილები.
არსებობენ დაბადებული და დაუბადებელი საკუთარი თავებიც.
კიბეების, მოაჯირების და ხურჯინების მოლოდინები.
კიბეების, მოაჯირების და ხურჯინების მონაცვლეობები.
კიბეების, მოაჯირების და ხურჯინების ცხოვრებები,
სადაც მთელი კაცობრიობის შიმშილი პურის ერთ ნაჭერზე ეტევა
და სადაც ვდგავართ ჩვენ,

ყბაჩაცვენილი მოლოდინები,
ჩვენ, ვისი დაბადებაც არავის უნდოდა,
გარდა შვილებისა,
გარდა ჩვენი საკუთარი შვილებისა,
რომლებიც მდინარეებივით მოედინებოდნენ
ჩვენი მეხსიერების მომავლის ხეივნებში
ისიც იმიტომ,
რომ მერე, ბევრი წლისა და მარტოობის შემდეგ,

თავად დაბადებულიყვნენ.

© არილი

Facebook Comments Box